მორის ფოცხიშვილი - ლექსები

You might also like

You are on page 1of 43

ლექსები

მორის ფოცხიშვილი

მატარებელი წვიმაში

ჩვენ მოვდიოდით იმ ღამეს წყვილად


და იდუმალი მოგვქონდა სითბო.
წამოგვეწია გრაკალთან წვიმა,
წამოგვეწია სიმღერა თითქოს.

დარაჯებს ჰგვანდნენ მრუმეში ხენი,


მთვარე უძინარ მორიგეს ჰგავდა...
არვის ესმოდა ჩურჩული ჩვენი
ჩვენივე ცხელი გულების გარდა.

ელნათურები ელავდნენ შორით,


ვეღარ ვარჩევდით სადგურებს თვალით
და ვრცელდებოდა ჩვენს ირგვლივ ჭორი
როგორც თუთუნის მსუბუქი კვამლი.

ჩვენ მოვდიოდით იმ ღამეს წყვილად


და იდუმალი მოგვქონდა სითბო.
რაღაცას წერდა მინაზე წვიმა,
წერდა და შლიდა სტრიქონებს თვითონ.

დაწყობილი ცხოვრება

ნამეტანი დაწყობილი ცხოვრება


არც არავის არ არგია, ტიტე, -
ჩემი ოქროს მტევნები
ჩემივ დარდის საწნეხელში
სულ ფეხებით ვჭყლიტე...
არ ინატრო გვირგვინი და დიდება,
არც რა ტაში, ზარზეიმი, ტიტე, -
ჩვენ პატარა პალიტრა და ასპარეზი გვჭირდება,
ცარგვალივით ვარსკვლავებს რომ იტევს.
ნამეტანი დაწყობილი ცხოვრება
არც არავის უნატრია, ტიტე!

ლევილის მწუხრში

ლევილის მწუხრში დავრჩით მარტონი,


ხილვა იყო თუ გამოღვიძება, -
ქრისტეს პერანგში
მერაბ ბატონო
იდგა ღვთის წინ და
პირჯვარს იწერდა.

არც რას ამბობდა,


არც რას იტყოდა,
ცა ეღვრებოდა სულში იოდად,
ყრმას ცხრა აპრილის ყველა ჭრილობა
გულში სჭირდა და
გული სტკიოდა.

ქართულ ნაღვერდალს სიტყვა ქართული,


აქეთ მაწვდიდა სანთელ-საკმეველს,
მრევლში საფრენად ფრთებშემართული.
შავ ცხენზე იჯდა წმინდა გიორგი,
წინ წამებულის დიდი გზა იყო,
მკლავკურთხეულის ყველა გმირობის
ხმალი ვადაში გადამტყდარიყო.

ხტოდა, ცმუკავდა კერპთა კავშირი,


იყო სპექტაკლი, როგორც მკვლელობა,
სდუმდა ქაქუცა ჩოლოყაშვილი
და ვალმოხდილ ძმას,
ვით ძმას ელოდა...
გუნდი გალობდა-

„შენ ხარ ვენახი!“


და იყო რაღაც ენით ართქმული...
და მთაწმინდიდან
მამრის შეძახილს
ექოდ ერწყმოდაგენი ქართული.
მზე ჩადიოდა...

ვწუხდით მარტონი,
მაგრამ კვლავ დუღდა სისხლი იბერთა, -
ქრისტეს პერანგში
მერაბ ბატონი
იდგა ღვთის წინ და
პირჯვარს იწერდა.

გაკვეთილიდან გაკვეთილამდე

ყრმობის გალიაში
ჩიტივით ჩაკეტილი
ყრმობას ვეთხოვები თითქოსდა თავიდან, -
დედამ ჩამიტარა სიკეთის გაკვეთილი,
შუბლზე მაკოცა და... წავიდა...

ძველი გლობუსივით ორად გაკვეთილი


ეზოში ტრიალებდა ძველი მაგიდა, -
ქარმა ჩამიტარა ცეკვის გაკვეთილი,
თავი დამიკრა და... წავიდა...

ზეცა ჩამომექცა დარდის დარად,


არადა, შეცოდება არ მინდა,
სიმღერის გაკვეთილი წვიმამ ჩამიტარა,
გაშალა ქოლგა და... წავიდა...

ტირიფი იყო მორებად დაჩეხილი,


რეკდა მწუხარების ზარი და
ტირიფმა ჩამიტარა ტირილის გაკვეთილი,
თვალი ჩამიკრა და... წავიდა...

იყო სიტყვა შენი წუთით აღკვეთილი,


მაინც მამხნევებდნენ მაღლიდან, -
სიცოცხლემ ჩამიტარა
სიკვდილის გაკვეთილი,
გული მატკინა და... წავიდა...

გულს ვიფიცებ

გულს ვიფიცებ, ლექსს არ დავწერ უგულოდ,


ჩემს მღვიმეში, ბგორგავ, როგორც მწირი, -
მე რა მიჭირს, სიყვარულით ვსულდგმულობ,
მე რა მეთქმის, ჩემი ცრემლით ვტირი.

ჩემი გზა მაქვს, ჩემი სამოგზაურო,


ჩემი ძმა მყავს და მყავს ჩემი მტერი, -
მე რა მიჭირს, ჩემს ენაზე ვსაუბრობ,
მე რა მეთქმის, ჩემს სიმღერას ვმღერი.

თეთრი სევდით გათლილი მაქვს ფანქრები,


და ჩემს ცაზე გაშლილი მაქვს ფრთები, -
მე რა მიჭირს, ჩემს მიწა-წყალს ვაკვდები,
მე რა მეთქმის, ყვავილებში ვჭკნები.

სულო ჩემო, ცისკრით გარემოცულო,


დღეებივით გათვლილი გვაქვს წლები, -
მე რა მიჭირს, ჩემს ტაძარში ვლოცულობ,
მე რა მეთქმის, ჩემს თბილისში ვრჩები.

გოგლაურა

რაც გვინახავს, ვეღარ ვნახავთ,


უფსკრულებზე გვმართებს ხიდის გადება, -
„ავდგეთ ფეხზე, ვადღეგრძელოთ სწორედ ახლა,
ახლა ვინც იბადება!“

სიჭაბუკე აღმაფრენის წრიაპს იკრავს,


მწუხრი მთებზე დაშვებულა ფარდებად, -
„ავდგეთ ფეხზე, თაყვანი სცეთ ისეთ ცისკარს,
ახლა რომ ცისკარდება!“

კარგად ვიცით, რა გვქონდა და რასაც ვკარგავთ,


მზე ამოდის, ვენაცვალე ღვთის ნებას, -
„ავდგეთ ფეხზე და ავეკრათ ისეთ ცარგვალს,
ჩვენთვის რომ გაიხსნება!“
ცდება ალბათ, ვინც თითს გვიქნევს,
ახლა გვმართებს ერთმანეთის ფერება, -
„გაუმარჯოს სწორედ იმ ლექსს,
ახლა რომ იწერება!“

სისხლი ტვინში შუქად მიდუღს,


მეც არ ვიცი, ღამდება თუ თენდება,
„ავდგეთ ფეხზე, ვუგალობოთ სწორედ იმ გულს,
ახლა რომ აფეთქდება!“

ლექსთან ერთად ფრენას ვიწყებთ,


ვინ რას იტყვის, ლხინია თუ გოდება, -
„ავდგეთ ფეხზე, თაყვანი ვცეთ სწორედ იმ ერთს,
ჩვენ რომ გვიახლოვდება!“

არის

წყაროში არის სხვა წყაროც,


რასაც ვერ ხედავს თვალი,
არის ხილული სამყარო
და უხილავიც არის.

სტარტში - ტრასა და ფინიში,


ზარში - ზრიალი ზარის, -
არის სიცილი ტირილში
და სიხარულიც არის.

არის... ოცნებას ვინ გაშლის,


ქარში სისინებს ქარი, -
არის სიცოცხლე სიკვდილში
და უკვდავებაც არის!

იარა

ჩემივე მოდგმის შემრცხვა,


გულზე რომ გადამიარა
ადამიანმა - მხეცმა
და მხეცმა - ადამიანმა.

მაინც მიშველა ერთმა,


როს მომიშუშა იარა,
ადამიანმა - ღმერთმა
და ღმერთმა - ადამიანმა.

თუ ხარ კაცი და თუ ხარ ქართველი

შენ აქ რა გინდა,
ჩემს სასთუმალთან,
ხალხს გააგონე შენი სიმღერა,
იქ განეცხადე
შენს მრევლს სულმნათად,
სადაც ქართული სისხლი იღვრება.

შენ აქ რა გინდა,
ჩემს სასთუმალთან?!

იქ უნდა იყო, სადაც სხვა არი,


სადაც ზღვა არი
ძმათა მრავალთა, -
იქ უნდა შეკრბეს ქართვლის ლაშქარი,
იქ უნდა სჭედდე
შენ შენს სამართალს...

თუ ხარ კაცი და
თუ ხარ ქართველი,
თუ ერი შენი ისევ მგოსნად გთვლის,
იქ უნდა ენთო, როგორც სანთელი
ხატად შერაცხულ სამშობლოსათვის...
თუ ხარ კაცი და
თუ ხარ ქართველი!

აწ იქ თუ შეგძრავს
ვით შუქს გენია,
ექო „ლაშქრულის“ და „ლილეოსი“,
იქ უნდა მოკვდე,
სადაც კვდებიან
თავისუფალი საქართველოსთვის!
თუ ხარ კაცი და
თუ ხარ ქართველი!

რძით მშობლიურით, ჯვარზე ოცნებით,


დედამ ქართველმა თუკი გაგზარდა,
ადრე თუ გვიან, როგორც მლოცველი,
უნდა მიხვიდე ქართულ ტაძართან!
იქ უნდა მოკვდე
როგორც ქართველი!

იქ უნდა შესძრა შენი სამარე,


იქ უნდა ჰპოვო შვება შვებისა,
იქ უნდა აღსდგე,
როგორც ლაზარე,
სულის ქართულის განახლების ჟამს!
შენ აქ რა გინდა,
ჩემს სასთუმალთან!

ჩუმად

მზე ამოვიდა ჩუმად, ჩუმად ჩავიდა მზე,


ჩუმად, ჩუმად და ჩუმად
თოვლი აცვივა გზებს...
ფიქრი თევზივით ცურავს,
სიჩუმე ნაპირს ხრავს,
ქარი არის და სულაც,
სულაც არ იღებს ხმას.

ნაკადულები სდუმან... და შორს, ძალიან შორს,


ჩუმად, ჩუმად და ჩუმად
ვიღაც გვირგვინებს ქსოვს.
დღე იკარგება წყნარად, -
დუმს, ყველაფერი დუმს
და გული ყვირის, მაგრამ
ვინ რას გაუგებს გულს?!

ნადირობა

ჭალაში ბალანაშლილი
თეთრი სეტერი ქრის...
მწყერი ბალახში წრიალებს,
აფრინდება და...
ფრრი...
სანამდე არ აფრინდება,
არავინ ერჩის მწყერს,
ვაიმე, ჩემი სიცოცხლეც
იქნებ ასეა დღეს.
ვიდრე მიწაზე დავდივარ,
ყველას სიამეს ვგვრი,
ავფრინდები და...ვაიმე! -
ავფრინდები და...
ფრრი...
ტყვიაც იწივლებს შურისა,
მთლად მიმიმსხვრევენ ფრთებს, -
სანამდე არ აფრინდება,
არავინ ერჩის მწყერს.
შავი საფანტი ირევა...
თეთრი სეტერი ქრის...
მე მაინც უნდა ავფრინდე,
ავფრინდები და...
ფრრი...
სარკეში სარკე

შენთან ჩურჩული კვლავაც ტკბილია,


მე ვამსხვრევ ჩემი დუმილის კოლოფს, -
ამ ხიდზე მე ჯერ არ გამივლია,
მე ავაშენე ეს ხიდი მხოლოდ.

შენ რომ ყოველთვის გვერდით მყოლოდი,


ასე თუ ისე, იგრძნობდი ბოლოს,
ამ ეპოქაში მე არ ვცხოვრობდი,
ამ ეპოქაში ვიბრძოდი მხოლოდ.

ალბათ სიმღერაც ბრდღვნა და ომია,


ვდგავარ შენს წინ და წარსულს ვიხსენებ, -
აქ მოსვენება მე არ მქონია,
ცხადია, ვერც იქ ვერ მოვისვენებ.

აქედან იქეთ, იქედან აქეთ,


მისვლა და მოსვლა, წამად თუ წუთად, -
მთვარეში მთვარე, სარკეში სარკე,
წვეთში წვეთი და სუნთქვაში სუნთქვა!

სიცხიანი უფლისწული

ფრთებზე გემბორები,
ფრთები ეხლა თითქოს შენი აფრებია, -
შენს სულს ეს მთაგორები
კოტოშებად აფენია.
სიცხე შენი გზნებისა
დრომ ვით გამოგინელოს,
საქართველოვ, ფასკუნჯივით
ლაჟვარდებში ატყორცნილო ფრინველო!
იქნებ მე ვარ შენი ხემსი,
მადლი ჰქმენ და
მიმსახურე ამ ორ დღეს, -
სისხლნაკლული ჩემი ლექსი
ნეტამც ხვალ-ზეგ
შენს საწვავად გამოდგეს!
სხვა რა გკადრო, რა ვიგიჟო,
იქნებ ჯაყვით გამოვიჭრა ყანყრატო,
იქნებ ხორცი დავიგლიჯო
და გზადაგზა ლუკმა-ლუკმად გაყლაპო.
ნუგეშო და ლეშხო ჩემო,
რა გრიგალი, რა სიო,-
სული უნდა მოვიპეშვო
და წყალივით მხოლოდ შენ ერთს გასმიო!
ნუ დამინდობ, სულაც ვინ ვარ,
სიმი ვარ თუ ხმაჩამწყდარი ვოკალი, -
ერთ აფრენად არა ვღირვარ,
გევედრები, შენს მიწაზე მომკალი!
სიცხე შენი გზნებისა
დრომ ვით გამოგინელოს,
საქართველოვ,
უკვდავებად
ლაჟვარდებში ატყორცნილო ფრინველო!

სსუ!!!

თუ ჩემი ლექსი
ქვეყანას აქცევს,
თუ გსურს დავდუმდე სულ,
ისეც და ასეც,
ისეც და ასეც,
სსუ?
კი ბატონო, სსუ!!!
ვიცი, უბრალო ჭორიც,
ფაჩუნიც
რომ შეგიშფოთებს სულს, -
ვთქვათ, მე გავჩუმდი,
ვთქვათ, შენ გაჩუმდი,
ვთქვათ, სულ გავჩუმდით,სულ...
სსუ?
კი ბატონო, სსუ!!!
მაგრამ ის ერთი,
კრძალვით თუ რიდით,
დღეს თუ თევზივით სდუმს,
არ ნიშნავს რომ ხვალ
არაფერს იტყვის...
სსუ?
კი ბატონო, სსუ!!!

ანათემა

ცა იყო უღმერთოდ მოღრუბლული,


მატლები გადმობობღდნენ ეშმაკის ფაშვიდან, -
მოდგა ურჩხული და არაყი მოითხოვა,
სისხლი დალია და დამშვიდდა.
დედინაცვალმა რომ დედობა მოინდომა,
წიქარა გამოვიხმე ჯადოსნურ ზღაპრიდან, -
მოდგა სიკვდილი და საჭმელი მოითხოვა,
ფრთები წამგლიჯა და გაფრინდა.
ბარ-ნიჩბით გაგვილახეს გაზაფხული,
ნატვრა აუსრულეს ბატონებს,
დათვებმა გაგვიწიეს დათვური სამსახური,
მიგვყარ-მოგვყარეს და დაგვტორეს.
ლოცვა და გალობა არ გვაცალეს,
ჭკუას არც ვინ სთხოვდა აშარებს,
ქრისტეს სიყვარული ჩაგვამწარეს,
კი არ დაგვამარცხეს, დაგვშალეს.
ფეხით გადაქელეს ფეხმძიმე ქალი,
მხრები ჩამოსხიპეს ყმაწვილებს,
ჰაერი მოგვიწამლეს მამალი შხამით,
სული ამოგვხადეს და დაგვცინეს.
შუბლზე დაგვამსხვრიეს შუბი და კეტი,
ავად გაგვითენეს შავი დღე,
თავი მოიწონეს ქალწულთა ჟლეტით,
„წესრიგი დაამყარეს“ და განგვიდგნენ.
ურცხვთაგან შეწყალებას ვინ მოელის,
რომელი მსაჯული და რა ციხე,
ტანკებით გადაგვიხნეს მინდორ-ველი,
ხნულში ჩაგვყარეს და ჩაგვწიხლეს.
მორჩილებისკენაც მოგვიწოდეს,
ჭკუაც დაგვარიგეს თავიდან,
მერე ნამთვრალევზე ხაში მოითხოვეს,
ცეცხლი დალიეს და... ჰაიდა!
მიდის მიმავალი. მოდის მომავალი.
ქუჩები ყოველ წუთს იცვლიან სახელებს,
ღმერთო, სამართალი რომ არ არი,
სისხლში გათხვრილ სათქმელს ვახველებ.
ერთ წამს გაგვიასდა ცხრა იარა,
მუხლი მოიკვეთა მთაწმინდამ, -
მოდგა აპრილი და ტიტებზე გაიარა,
დარჩა თბილისი და ატირდა.
დედა-ღვთისმშობელი გვიალერსებს,
ფუძის ანგელოსი გვამშვიდებს, -
ყივის დაჭრილი მზე თრიალეთზე,
ბორგავს გონიო და სამშვილდე...
„მუმლი მუხასაო... მუმლი მუხასაო...
გარსა ეხვეოდაო... მარადის
მუმლი წყდებოდაო, მუხა რჩებოდაო...“
გულს მფხანს ქართველების ღაღადი.
ჩანგო, იბერიის პანაშვიდო,
როგორ შეგეხები თითებით,
მე შენ როდის უნდა დაგამშვიდო,
ოდეს თავად ვეღარ ვმშვიდდები?!
ალბათ ღამე უნდა გავათენოთ,
მჯერა, კვლავ ცხელ სანთლებს აღვანთებთ, -
ისე არ მოკვდება საქართველო,
დედა არ უტიროს ჯალათებს!
მორის ფოცხიშვილი

24 აპრილი 1989 წ.

„ვინ გამახარებს”

- ვინ გამახარებს - იტყოდა დედა,


გაშლიდა მკლავებს...
 მიწას ვწყდებოდი...
და როგორც მერცხლის ბუდეს მერცხალი
დედას კისერზე ვეკიდებოდი.
ვინ გამახარებს - იკითხავს მიწა,
გაშლის ბელტებს და იმას მსგავსებით,
ვით ერთ დროს დედას, ამჯერად მიწას
ჩემივ ნიჟარით მივეტმასნები...

ვინ გამახარებს იკითხავს ზეცა.

(*** არის უხილავი მდინარება)

არის უხილავი მდინარება


რაღაც უხილავი ძალის,
რაღაც თითებშუა იპარება,
როგორც უდაბნოში წყალი.

რაღაც ფიქრის ფერფლით იფარება,


რაღაც იქსაქსება გზებად,
რაღაც ტკივილებად კრისტალდება,
რაღაც ნიჟარებად რჩება.

ლღვება იდუმალი მყინვარება


ფარსის, ტრაგედიის, დრამის,
ალბათ გულიც ისე იბზარება,
როგორც გარდასახვის ჟამი.

ის რაც უკვდავებად იკვარება,


მწუხრის ვერცხლისწყალად წვეთავს, -
ვაი, უხილავო მდინარებავ
დღეთა სიცოცხლთა ჩვენთა!

(***ბავშვივითა ვარ ხანდახან)

ბავშვივითა ვარ ხანდახან, -


გაორთქლილ მინაზე
ჩემს სახელს ვწერ...
შორს, თეთრი ეზოს გადაღმა
თეთრი ზამთარი
ლურჯად იღებავს წვერს.
თოვლი ფიქრების დღიურს შლის,
ქარი ქუჩებში მიიკვლევს გზებს,
ცაში, ვით აქვარიუმში,
ოქროს თევზივით
დაცურავს მზე...
ბავშვივითა ვარ ხანდახან, -
გაორთქლილ მინაზე
ჩემს სახელს ვწერ...

(***მზეზე ითბობდა მოხუცი ფირებს)

მზეზე ითბობდა მოხუცი ფირებს,


გაყინულ ფიქრებს,
ითბობდა, რადგან
მას კიდევ
ვიღაც-ვიღაცის სწამდა...
მზეზე ითბობდა მოხუცი ფიქრებს.

(***ნაცნობებს ვკარგავ)

ნაცნობებს ვკარგავ,
ვკარგავ მეგობრებს, -
ფრთებს,
ლიანდაგებს,
დარდებს.
ბედს - უკანასკნელ
იმედს
ბალღივით
წყალში კენჭივით ვაგდებ.

განძარცული ვარ
და ვარ ყარიბი,
გულო, თქვი რაღაც,
გისმენ...
ვაი რომ უკვე 
მეტრიც გამირბის
და შენ ერთს გებრძვი
ისევ.

(***რაც გაჰქრა, გაჰქრა, წავიდა)

რაც გაჰქრა, გაჰქრა, წავიდა,


რაც არ გამქრალა, ქრება,
ქრება, რომ მერე თავიდან
კვლავ მოგვევლინოს ვნებად.

რაც მიდის, მიდის, რაც არა,


რჩება უბრალოდ, რჩება,
რჩება ის, რაც არ დამწვარა,
რაც არ გაშლილა ფრთებად.

რაც მოდის, მოდის დროულად,


მოდის, მოჰყვება ნამქერს,
მოდის ის, რაც არ მოსულა,
რომ მოვიდეს და გაჰქრეს.

(***ყველა დაკარგულს დაეძებს)

ყველა დაკარგულს დაეძებს


და უნებურად ჰკრგავს
მას, რაც საკუთრად მისია
რითაც არავის არ ჰგავს.

არავინ იცის, სიკვდილი


ვის სად მოუქნევს ნამგალს, -
ყველა საკუთრად მიითვლის
მიწას, სამარეს, სანგარს.

მას, რაც საკუთრად მისია,


რითაც არავის არ ჰგავს, -
ყველა დაკარგულს დაეძებს
და უნებურად ჰკარგავს.

(***„მე ის პატარა ნაკადული ვარ“)

მე ის პატარა ნაკადული ვარ,


შენ რომ ამღვრევ და ასე ათრთოლებ,
შენ რომ ცრემლები წყალს გააყოლე,
მე ის პატარა ნაკადული ვარ!
მე ის პატარა სიყვარული ვარ,
რატომღაც შენ რომ აღარ ახსენებ,
შენ რომ არასდროს არ მოგასვენებს,
მე ის პატარა სიყვარული ვარ!

(***არ მიყვარდა ერთი გოგო )

არ მიყვარდა ერთი გოგო,


არც მომწონდა, არა და...
რა ვიცოდი, ჭირსა შიგან
თუ ის დამიფარავდა.
მეფერა და მეალერსა,
არ მომცილდა წამითაც.
როცა ფეხზე დამაყენა,
სადღაც უხმოდ წავიდა...
ვეძებე და ვერსად ვპოვე,
დავრჩი დარდის დარადა...
აი, ასე დაიწერა
ეს პატარა ბალადა.

ასი წლის ბერიკაცი სიკვდილის წინ

ასი წლის მაძღარს


ეცოტავა
ასივე წელი...
გაჩერდა გული...
არ გაჩერდა
რატომღაც ხელი...

ჰაერში თითქოს
უკანასკნელ
მუდარას წერდა...
ხვეწნით ძარღვები
დაგვწყვიტა ლამის:

„ერთი წუთი მაცოცხლეო,


ღმერთო,
კიდევ ეერრთთიი...
წ..ა..მ...ი...“

ბაბუაწვერა ცირკის მავთულზე

ჩაუყლაპიათ საყვირებს ენა,


ვჩნდები ვით ჭრელი სამიზნე ტირში,
ძირს რჩება ჩემი ნიღაბი - რწმენა,
მავთულზე გადის მარტოდენ შიში...

მავთულზე გადის ბაბუაწვერა,


ვით მელოდია თოვლივით წყნარი,
არ შეკრთე, ეცებ არ ამოაგდო
მაგ წყნარ თვალებში ჩამდგარი ქარი.

ძალზე წვრილია იმედის ძაფი,


მაგრამ ნუ ღელავ, ნუ ღელავ მხოლოდ,
დიდი სიცოცხლეც მალი და სწრაფი
მავთულზე სვლაა ბოლოს და ბოლოს.

ჩვენ კიდევ ვიფრენთ, ჩვენ კიდევ გავძლებთ,


თუმც ისევ გვბორკავს იჭვები სურო,
უკვდავებისკენ გაჭიმულ ძაფზე
მეც შენთან ერთად ვფარფატებ, სულო.
ბანალური ბლუზი

მაგ მაყვალ ტუჩებს


ვერ გადვურჩები,
შენთვის მოვკვდები, ჩემო პატარავ,
ო, მაგრამ მაყვალს
ცხელი ტუჩები
დიდი ხანია, სხვამ შეადარა.

შენს ჩურჩულს,
მე რომ გალობად მესმის,
სიცოცხლეს, კვლავ რომ ასე ტკბილია,
ლექსად დავწერდი,
მაგრამ ეს ლექსიც
უკვე დიდი ხნის დაწერილია!

ბატიბუტი 

ბატიბუტი, ბატიბუტი,
ბატიბუტს ჭამს კატის კნუტი.

დგას წრუწუნა,
ნერწყვი მოსდის,
იატაკს ხვეტს
თაგვი კუდით,
ცოტა თუ არ უწილადეს,
დაიწყება ალბათ ბუნტი.

ბატიბუტი, ბატიბუტი, -
კეფას იფხანს კატის კნუტი.

განთვავისუფლება

რა დილაა, რა დილა,
გავურბივარ ფიქრებს,
თამაშიდან გავდივარ,
დარდს ვემხრობი პირქვე.

რა დილაა, რა დილა,
ცა ზვარაკად მითხოვს,
ვკვდები ისე ადვილად,
ვიბადები თითქოს...

რა დილაა, რა დილა,
შუქით ვავსებ ჭიქებს,
წყვდიადიდან გავდივარ,
ფრთებს ღრუბლებში ვიქნევ.

რა დილაა, რა დილა,
ღმერთს თვალებში ვუმზერ,
ღვთისმშობელი დახრილა
და მირონს მცხებს შუბლზე.

მზე ყვავილად გაშლილა,


ვგრძნობ და ვეღარ ვხედავ,
რა დილაა, რა დილა
გულში მიკრავს დედა.

გარდასახვა

გრიგალმა გადიგრიალა,
აფრებს თამამად შლიან
და გზას ოცნება კი არა
უკვე მიზანი ჰქვია!

შეხორცებულა იარა,
შუქი იცხონის წყვდიადს
და ზეცას ზეცა კი არა
უკვე სიმაღლე ჰქვია!

ცხვარი აუყვა იალაღს,


ხნულში თესლი და მზეა
და მიწას მიწა კი აეა
დედა-სამშობლო ჰქვია!

გახსენება 

„როცა ვიტყვი „ი“


მაშინ გამო...დი!“
ბალღური

თითქოს გუშინ დასრულდა


შინ და გარეთ, შინ,
ჭრელკაბიან ასულთან
თა...მა...ში...

„ენკი, ბენკი, სიკლისა“,


ენკი, ბენკი, და, -
დღენი სიყმაწვილისა
გა...ვი...და.

მოველ შენს ფანჯარასთან


და ვდუდუნებ: „ი“
შენ კი, შენ კი, არა და
არ გა...მოხვე...დი.

როგორ დაგვიწყებია 
„ენკი-ბენკის“ ხმა,
რა ხანია, გძებნი და 
ვერ მი...პოვი...ხარ...

მოდი, მოდი, დამბუგე,


მოდი, როგორც გსურს,
თორემ ვინ რას გაუგებს
გაგი...ჟებულ გულს...

„ენკი, ბენკი, სიკლისა,


ენკი, ბენკი, და...“
არა თქვან:
სიჭაბუკეც
გა...ვი...და...

დაუსრულებელი ლექსი  

- ტყეში მიდის ერთი გოჭი.
- რატომ ერთი?
- მაშ, რამდენი?
- ორი!

- რკოს დაეძებს ორი გოჭი.
- რატომ ორი?
- მაშ, რამდენი?
- სამი!

- სამმა გოჭმა რკო იპოვა.
- რატომ სამმა?
- მაშ, რამდენმა?
- ოთხმა!

- ოთხმა გოჭმა რკო შეჭამა.
- რატომ ოთხმა?
- მაშ, რამდენმა?
- ხუთმა!

- მგელმა იხმო ხუთი გოჭი.
- რატომ ხუთი?
- მაშ, რამდენი?
- ექვსი!

- თუ კაცი ხარ,
მომეშვი და
დასრულდება ლექსი! 

დაშვებული ფარდები 
დაშვებული ფარდები,
დაკარგული წლები, -
არა, არ გიჯავრდები,
დედას გეფიცები!
დაბინდული ნისლები,
დამსხვრეული ფრთები, -
არა, არ მესიზმრები,
აღარც მელანდები...
ჩამქრალი კელაპტრები,
ხავსიანი ქვები, -
აღარ მომენატრები,
აღარც მეყვარები.
დასეტყვილი ვენახი,
დაწყვეტილი გზები...
არა, მე არ გეძახი,
დედას გეფიცები!

დედას პური 

ბალზე მიმდის ბაღში თვალი,
როცა დამწიფდება ბალი.

რა ვქნა, შინდზე სული მიმდის,
როცა წითლად ღვივის შინდი.

სხალზე მიყვარს საუბარი,
როცა დაღვინჯდება მსხალი.

ატამს რომ ვჭამ, თითებს ვატან,
აბა, რა სჯობს ნამდვილ ატამს?!

მაგრამ პურს რომ მიცხობს დედა,
ყველაფერი მავიწყდება.

დონკიხოტები
სიზმარ-ცხადის თეთრი დროშით,
თეთრი ნუშის ტოტებით,
ჩვენც დავდივართ საწუთროში,
როგორც დონკიხოტები.

წამით ნისლად ავიშლებით,


გზა ქარივით იწივლებს...
ჩვენც ვაწყდებით გაგიჟებით
ჩვენი ქარის წისქვილებს.

ჰეი, სად არ უცინიათ


ჩემზე, შენზე, სხვისზედაც...
სად ხარ, ჩემო დულცინეა,
რომელ შარაგზაზედა?!

ვიარე და ვიოცნებე
თეთრი ნუშის ტოტებით...
ჩვენც მოვკვდებით, ჩვენც ვიცოცხლებთ,
როგორც დონკიხოტები!

ერთი ლექსი 

ყველა ერთი ლექსით რჩება,


ერთ ლოცვად და გალობად,
რჩება, როცა ცა ეხსნება
ცისფერ გარდუვალობას.
ერთი ლექსით ვებრძვით სიზმარს,
მხოლოდ ერთ ლექსს ვენდობით,
ერთმა ლექსმა უნდა გვიხსნას
თავის ერთადერთობით.
ერთი ლექსით ვუმკლავდებით,
მწუხრს, განგებად განფენილს,
ერთი ლექსის უკვდავებით,
ერთი ლექსის სათქმელით.
ერთი ლექსის სუნთქვა გვესმის,
ერთ ლექსამდე მივედით, -
ერთი ლექსის, ერთი ლექსის,
ერთი ლექსის იმედით!!!

ვინც ამ გოგოს გააცინებს 

 შტოზე ვაშლი გარჩენილა,


ვინც მისწვდება - მისია,
ვინც ამ გოგოს გააცინებს,
გოგოს გული მისია.
ეს ცხოვრება ასე არის,
ის ცხოვრება ისეა.
- ეს მანდილი ვისი არი?
- ეს ჩანგური ვისია?
- ეს ხომ ჩემი დისი არი...
- ეს ხომ ჩემი ძმისია!
ვკისკისებდით მალხაზები,
დარდი გვქონდა რისია?!
თურმე დასასრული იყო,
მე ვთქვი - დასაწყისია.
როგორ გაჰქრა სიყმაწვილე,
ვეღარ ამომიხსნია.
შტოზე ვაშლი გარჩენილა,
ვინ გაიგოს, ვისია?
ბაღში გოგო დაგოგმანებს,
გოგოა თუ ნისლია?!
ვინც გაიგებს, ვინც დაიჭერს,
ვინც აკოცებს - მისია.
ეს ცხოვრება ასე არი,
ის ცხოვრება ისეა

თევზაობა

დრო თევზივით გამირბოდა,


როგორც ბადეს მდინარე,
ხან ძალიან მორჩილი და
ხან ძალიან მძვინვარე.
არ შეეძლო ჩემთვის მოცდა,
ძუნწობდა და ფლიდობდა,
ჯერ არ მომცა, როცა მომცა,
უკვე აღარ მინდოდა...

ნამეტანი სიბრძნითა და 


ნამეტანი ბავშვობით,
მგონი ერთხელ თევზებივით
დღეებს მზეზე ვაშრობდი.

ახლა როცა ნატვრის ბადით


თევზაობას მოვეშვი,
სინანულის ანკესს ვაგდებ
მოგონების მორევში.

სძინავთ თევზებს ტკბილი ძილით,


სძინავთ ჩამქრალ იარებს...
დრო თევზივით კვლავ გამირბის,
როგორც ბადეს მდინარე.

თვითგვემა 

ცხრა მზითაც რომ გვასხივებდნენ,


რა უფლებით ვგრიალებთ და ვჯანმრთელობთ?! –
თუ გრძნობ, ტაოს გამსხვისებელს,
მკლავი ძირში რომ გახმება,
ქ ა რ თ ვ ე ლ ო.

დავას როგორ დაგიწყებენ,


მათქმევინე საუფლოდ და სათემოდ, -
დედაენის დამვიწყებელს,
ხვალ-ზეგ დედა გეტირება,
ქ ა რ თ ვ ე ლ ო.

ვიცი, კვლავაც გააჩუქებ -


სავენახეს,
სამზეოს და
სართველოს...
არის კიდევ სხვა საუნჯე,
ვიდრე შენი საქართველო,
ქ ა რ თ ვ ე ლ ო?!

იქნებ გული აღარ გერჩის,


ნაოხარო,
ნატანჯო და
ნათმენო, -
რატომ გიკვირს, ქართველებში
ქართველი რომ ქართველობდეს,
ქ ა რ თ ვ ე ლ ო?!

თვალებს ვითხრი, თუმც არ მძინავს,


თქვი, უშენოდ
მწუხრი სად გავათენო, -
ერთი დედის შვილები ვართ,
ვაი, ხომ არ გავიწყდება,
ქ ა რ თ ვ ე ლ ო?!

არც რა ტყვიით,
არც რა შხამით,
დუმილითაც შეგიძლია გამთელო, -
ისე მომკალ, რომ სხვამ მაინც
არ გაიგოს,
შენ რომ მომკალ,
ქ ა რ თ ვ ე ლ ო!

თოვლის ბაბუა  

გადმოლახა ზღვები 
და გადმოლახა მთები - 
მოდის თოვლის ბაბუა 
დათოვლილი მხრებით, 
დათოვლილი წარბებით, 
დათოვლილი თმებით. 
მოჰყავს დათუნიები 
მოაქვს საჩუქრები. 
გარეთ ცივი ქარია, 
ათოვს მთებს და ველებს. 
ალბათ სცივა ბაბუას - 
ვინ გაუთბობს ხელებს? 
როცა მოვა, ვიცეკვებთ 
და გულს გავიხარებთ, 
გაზაფხულის მოსვლამდე 
არ გავუშვებთ გარეთ.

იკაროსები

რომელ ცარგვალზე ოცნებობთ,


ავად დავღავებს ღამე,
ქართველო იკაროსებო,
რად არ უჯერებთ მამებს?!

სად იისფერი გზები და


სად ცვილისფერი ფრთები,
დედათა თქვენთა ცრემლიდან
სანთელ-საკმევლად დნებით.

არ ვიცი, როგორ მოგძებნოთ,


ან როგორ შეგძრათ ფიცით,
ქართველო იკაროსებო,
გიხმობთ, გეძახით, გიცდით.

ცისკრის ვარსკვლავი ელვარებს,


სული მიიწევს მზისკენ, -
თქვენს აუღებელ მწვერვალებს
თქვენ თუ აიღებთ ისევ!

იძინებენ გვირილები 

ძილი ნების! ძილი ნების!


ძილი გულის საყვარელს! -
იძინებენ გვირილები,
ეძინებათ პატარებს.

ცა ვარსკვლავებს აციმციმებს -
მშვიდი ღამე იქნება...
თუკი ადრე დაიძინებ,
ადრე გაგეღვიძება!

კინოკამერა

ბასას

მთებს შორის ლურჯი ცაა გაჩრილი,


კვლავ ვაკვირდები დროს, ვით ბანომეტრს,
ჩემი ბავშვობა გორგოლაჭივით
სოფლის შარაზე მზეს მიაგორებს.

ზღვა მელნისფერ შუქს ლილად გაირევს,


კადრს ცვლის კადრი და ფირი ილევა...
- თქვენც აქ დარბოდით? - ვკითხე ყვავილებს,
- ჩვენც აქ დავრბოდით! - თქვეს ყვავილებმა.

კოსმიური უღლება 

სიცოცხლის ხე ისევ ისხვლება,


ბედს უნდა, ერთმანეთს გაგვყაროს, -
მე ვხმები,
შენ ხმები,
ის ხმება
და მაინც ყვავილობს სამყარო.

ხმელი ტოტებივით ვიმსხვრევით,


ვიწვით და ღუღუნებს კერია, -
მე ვმღერი,
შენ მღერი,
ის მღერის...
თურმე ნაკვერჩხლები მღერიან.

მღერიან... სიმღერით მკვიდრდება


სული და ვიშუშებთ იარებს, -
მქუხარე მსოფლიო მშვიდდება.
და მაინც მსოფლიო ღრიალებს

და მყარი ოცნების ქვიტკირი


ირღვევა... დუღაბი მწირია...
მე ვტირი,
შენ ტირი,
ის ტირის...
თურმე ტრომბონები ტირიან.

ცივდება ვულკანურ ნოტების


ლავა და... მაესტრო ისჯება...
ფესვებით, ტოტებით, ყლორტებით
მე ვრჩები,
შენ რჩები,
ის რჩება...

და როგორც მშიერი ობობა,


ცა იცდის... დიდია ცის ძალა, -
ვიღაცა იცდიდეს ოღონდაც,
მე წავალ,
შენ წახვალ,
ის წავა!

ჩვენ წავალთ... ვარსკვლავებს გავცდებით,


თუმც წასვლა ძალიან ძნელია, - 
მე მელის,
შენ გელის,
მას ელის
დიდი გზა... ღმერთები გველიან!

ლაზიერის გამბიტი 
ჭადრაკის დაფად ქცეულ მიწაზე
არა აქვს დიდი სიცოცხლე პაიკს,
არა აქვს დიდი სიცოცხლე პაიკს,
მაგრამ პაიკი ოცნებობს მაინც.
დამუხტულია კეთილი სიბრძნით,
ემორჩილება დედოფლის კდემას, -
ყველა პაიკი მეფისთვის იბრძვის,
ყველა პაიკი მეფისთვის კვდება.
მაგრამ, ო, მაგრამ, ადრე თუ გვიან
მეფეს და პაიკს ერთ ყუთში ყრიან.
ერთ მცირე ყუთში ერთად თავსდება
აზრი,
ოცნება,
სიმართლე,
ჭორი...
არის უთუოდ რაღაც მსგავსება
ამ ჭადრაკსა და იმ ჭადრაკს შორის,
ჩვენ რომ ვთამაშობთ
ყოველთვის, ყველგან
გულდაჯერებით და გამძაფრებით, -
დაფაზე რჩება პატარა სევდა,
პაიკის სევდა, სხვა არაფერი.

მეზობლის გოგო 

მეზობლის გოგომ ტანი აიყარა,


მოკლედ შეიკრიჭა თმა,
მერე ვიღაც ბიჭმა სადღაც წაიყვანა,
მერე... მიითვისა მთლად...
მეზობლის გოგომ ტანი აიყარა,
მოკლედ შეიკრიჭა თმა...
და რომ ვიღაც ბიჭმა სადღაც წაიყვანა
და რომ... მიითვისა მთლად...
როგორც კარგ მეზობლებს უნდა გვიხაროდეს,
მაყრულს ვყიჟინებდეთ გზად,
მაგრამ, ეს ოხერი, კარგი გოგონები
გულს არ ემეტება მთლად.
მიხეილ ჯავახიშვილს 

უთქმელობა სიტყვას ჟანგავს,


თქმულ სიტყვაში კრისტალდება სისხლი, -
მწუხრი იცის დიდმა დარდმა, მაგრამ
დარდმა შუქის ამოფრქვევაც იცის
იქ, წარსულში ვიღაც გვჩაგრავს,
ცხრაკლიტულში სიმწრის ყვავილს ვიცრით, -
ხალხმა თითქმის ყველაფერი იცის, მაგრამ
ხალხმა თითქოს არაფერი იცის.
ბორგვა მისი ბუზღუნს არ ჰგავს,
მშვიდად ძერწავს თავის გრემს და ყინწვისს, -
იცის თავის გაჩუქება, მაგრამ
საქართველომ თავის ფასიც იცის!
გულმოკლული ზოგჯერ რწმენას ჰკარგავს,
ნაღვერდლებზე ფეხით გადის ციმციმ, -
ღვიძლი შვილის გამეტებაც იცის, მაგრამ
აღდგომა და გულში ჩაკვრაც იცის!
სატკივარზე თვალს დახუჭავს ალბათ,
თუნდ ეშმაკსაც შეეკვრება ფიცით, -
კუჭატნელთა აღზევებაც იცის, მაგრამ
მარაბდელთა ამხედრებაც იცის!
გენი მისი არ დაირტყამს მათრახს,
და სულ გვარზე იხტუნავებს კვიცი, -
იქნებ ჯაყოს სახლში უშვებს, მაგრამ
ჯაყოს გარეთ გაძევებაც იცის!
არ მოიშლის ფარნავაზურ ანბანს
გულთმისანი და ჯიუტად ფიცხი, -
იცის თავის მოტყუებაც, მაგრამ
სამართალმა სიმართლის გზა იცის!
ივერიას გაშლილი აქვს ფრთები,
სისხლი დუღს და სული იწვის მზისებრ
და ალგეთზე ღვთის მადლით და ნებით
მგლის ლეკვები იზრდებიან ისევ!!!
მრავალ-მრავალ ახალ წელს 

ნაძვის ხეზე ჩიტი ჯდება,


ოქროს ნისკარტს მაღლა სწევს,
საქართველოს სადიდებლად
მრავალ, მრავალ ახალ წელს!
ჩემი გული სიხარულით,
რა თქმა უნდა, ახლაც ძგერს,
მშვიდობა და სიყვარული,
მრავალ, მრავალ ახალ წელს!

ნატურმორტი

წუხს მაგიდაზე ცისფერი ბროილ


ვით სამრეკლოზე უენო ზარი,
ყავის ფინჯანზე დამჯდარი ორთქლი
აღარსად მიდის...
არავინ არი...

თეთრი კედელი თითქოს თოვლია


და ყინულივით სცივათ სასმურებს,
აქ ვიღაც მოვა, ასე მგონია,
და სუყველაფერს
აახმაურებს.

ორი გოგონა მიყვარდა 

კაფია

ორი გოგონა მიყვარდა -


ხან ისა მწვავდა,
ხან ესა...
ერთი წყალგაღმა ცხოვრობდა,
ერთი გამოღმა მხარესა.
ერთ დღეს წამწამებს ვფიცავდი,
ერთ დღეს ჟუჟუნა თვალებსა...
ორი გოგონა მიყვარდა -
ხან ისა მწვავდა,
ხან ესა.
რა ესმათ ჩემი ავ-კარგი
და ეშმაკობა რა ესმათ,
ორივე ერთად დავკარგე,
ორივე ერთად გამექცა...
ერთგან შუადღეს ვიარე,
ერთგანაც შუაღამესა,
ორივე უბრად მხვდებოდა -
ხან ის მდუღრავდა,
ხან ესა.
ახლა ცალ-ცალად დავდივართ,
ავდარია თუ დარია -
ორი გოგონა მიყვარდა,
ჰოდა, რა ჩემი ბრალია?!

ოსის გოგო ორღობეში

კაბაჭრელი, თმაგიშარა,
ერთ მშვენიერ დღეს,
ორღობეში მიარხევდა წელს
და თვალები გამიშტერა...
ეს იყო და ეს.

ახლა ალბათ არც ვახსოვარ,


შეხიზვნია მთებს, - 
ქმარიც ჰყავს და ორღობეში
მურა ძაღლიც ჰყეფს...

მე კი ერთხელ, თმაგიშერამ
ერთ მშვენიერ დღეს,
ორივ თვალი გამიშტერა...
ეს იყო და ეს.
პიანო

ლერწმებში ნიავს ეძინა უკვე,


ყანჩა ყიყინით ეძახდა ყანჩას, -
პატარა გოგომ შეხედა ღრუბლებს,
პატარა ბიჭი ნაწყენი დარჩა.

მწუხრში ნისლივით ჩნდებოდა იჭვი,


რწმენა წყალივით ითხოვდა სითბოს, -
ტანზე იხდიდა პატარა ბიჭი,
პატარა გოგოს სცხვენოდა თითქოს.

გული ჩიტივით ბუდეში იჯდა,


და გლეჯდა ლაგამს მშიერი რაში...
პატარა გოგო დნებოდა ბიჭთან
და მზე ფიფქივით ქრებოდა ზღვაში.

როქი

პაიკივით თქვენს წინ ვდგები,


რასაც ვამბობ,
სიმართლეა, მენდეთ, -
მეფისა და ეტლის გადაადგილებით
არაფერი არ იცვლება დღემდე.

პაიკს არვინ უფრთხილდება,


ამ ბოლო დროს სუყველაფერს სწირავთ, -
ო, რას ვხედავ, თუ გჭირდებათ,
დედოფლებსაც სწირავთ ხოლმე ხშირად.

თქვენ თამაშობთ დიდებულად,


ლაჩრებს შორის იხატებით გმირად, -
იჭვმა გაგაუბედურათ,
ახლა ამ იჭვს უკვე რწმენას სწირავთ.

ვიცი, ჩქარა ერთმანეთში აირევით,


ერთი სვლა გაქვთ, ერთი აზრი გზარავთ, -
მეფისა და ეტლის გადაადგილებით
არაფერი არ იცვლება, არა.

საახალწლო 

რაც ძველია, ძველია,


ძველია და მიდის.
დღეს ახალი წელია,
ზეიმია დიდი.
დაფიფქული წარბებით,
დათრთვილული ქუდით
თოვლისპაპა მოვიდა
თოვლი მოაქვს გუდით.
აბა, ჩქარა, ბავშვებო,
გავანძრიოთ ხელი,
თორემ დაგვიძველდება
ეს ახალი წელი.

სიზმარი ვნახე 

სიზმარი ვნახე, ამ დილით


ცას უცინოდა სახე,
ოცნება იყო ნამდვილი
ის, რაც სიზმარში ვნახე.
 
ზურგით მატარა წიქარამ,
მექცა მეგობარ მწყემსად,
იარა, ბევრი იარა
და ნატვრისხეზე შემსვა.
 
გულში მიდუღდა სინათლე,
ჩიტებს შევეკარ ფიცით,
რაც მე იმ ხეზე ვინატრე,
შენ აგიხდება, ვიცი!
 
ჩემო ლამაზო ქვეყანავ,
არ გაგაკარებ ღრუბლებს,
მინდა იებით აგივსო
იაჟუჟუნა უბე.
 
ცხადში ხომ შენზე ვლოცულობ,
სიზმარშიც შენ ერთს გნახავ,
გუშინ სიმღერა იყავი,
სიხარული ხარ ახლა!

სიკვდილი

მზე საათივით უკეთია


ზეცას მაჯაზე,
ტიკტიკებს დრო და
სულს ხავსივით
ერევა რული...

ვაიმე, ვატყობ, არაფერი


აღარ მაბრაზებს,
ვაიმე, ვატყობ,
არაფერზე
არ მომდის გული.
ამოდის მთვარე.
დაჰფენიათ ვერცხლი ძახველებს,
გრიგალმა, როგორც
სიყვარულმა,
გადიგრიალა...

ვაიმე, ვატყობ,
არაფერი აღარ მაღელვებს,
ვაიმე, ვატყობ,
მიხორცდება ყველა იარა.

მზე საათივით უკეთია


ზეცას მაჯაზე.
სიმღერა მზეზე 

მზე ჩემს სიცოცხლეს სინათლით ავსებს,


როცა ქარი ქრის და ავდარია.
ერთად დავდივართ მიწაზე, ცაზე, -
მზე ჩემი კარგი მეგობარია.
მზე ჩემთან ერთად აღვინებს ვაზებს,
როცა ქარი ქრის და ავდარია.
მზე ჩემთან ერთად დაცურავს ზღვაზე, -
მზე ჩემი კარგი მეგობარია.
მე მის ხელებზე ბავშვივით ვწევარ,
როცა ქარი ქრის და ავდარია.
ხშირად მგონია, მზე თავად მე ვარ,
რადგან მზე ჩემი მეგობარია.
სწორედ ამიტომ არ ვკარგავ იმედს,
როცა ქარი ქრის და ავდარია, -
მე ბედნიერი ვიქნები, ვიდრე
მზე ჩემი კარგი მეგობარია.

სინათლის ხმაზე

სინათლის ხმაზე
იღვიძებენ მზესუმზირები.
გზაზე ჭრიალით მიდის ურემი.

დედაო ღვთისა,
რა ძალა შეგწევს,
რომ მთელ ქვეყანას ემსახურები?!

სინანული 

მოვიდა წვიმა,
წვიმა წკრიალა,
დასტოვა ცრემლი და ჩაიარა...
მოვარდა ქარი,
ქარი გრიალა,
დასტოვა მტვერი და ჩაიარა...
მზე აშრობს ქვებად
ქცეულ იარებს, -
მოხვედი შენც და...
შენც ჩაიარე...

უკანასკნელი 

ოდეს ხორცი ვერ გაუძლებს ჯვარცმას,


ამ ზარ-ზეიმს და სევდიან კარნავალს,
სიმი ჩემი მიამაგრეთ სხვა ჩანგს,
ლექსი ჩემი ხალხში თვითონ გადავა.
ოდეს გამცრის დრო სილად და ხრეშად
და დაფაზე ავშლი ჩემს თეთრ პაიკებს, -
სიტყვა ჩემი დაუმარცვლეთ ეშმაკს, -
სული ღვთისკენ ბილიკს თვითონ გაიკვლევს.
ოდეს წიგნში სიტყვა ვეღარ გაძლებს
და გულდაგულ ვერ გამიჭრით სამარეს,
ცეცლი ჩემი მიუმატეთ სხვა ცეცხლს,
ფერფლი ჩემი თბილისს გადააყარეთ.

უკანასკნელი „მეფაიტონე“

ბუბა კიკაბიძეს

ძველი თბილისი ისევ მიგონებს,


ნისლივით ჩნდება დარდი, -
ერთ დროს პირველი მეფაიტონე
ქუჩაში ფეხით დადის...
ძნელი ყოფილა თურმე სიბერე,
გულო, გაუძელ ტკივილს, -
წვიმა მოსულა, არვის ეგონოს,
გაყიდულ არღანს ვტირი.
„ფანჯარაში მტრედია...“
მზეზე ვთბები და ხშირად ვისვენებ,
რაღაც მინდოდა მეთქვა...
ვიხსენებ, მაგრამ ვერ გავიხსენე,
რატომ მოვედი თქვენთან...
არც ფაიტონი, აღარც ცხენები,
რატომ არაფერს მეტყვით...
სად მიმაქროლებს ჭენებ-ჭენებით
წუთისოფელის ეტლი?!
„ფანჯარაში მტრედია...“
მივდივარ... ძნელი ყოფილა წასვლა,
მშვიდად ვისტუმრებ ვალებს...
უკანასკნელი სიმღერის ფასად
უკანასკნელად დავლევ...
მივდივარ... მიმაქვს ჩემსავით ძველი
დარდის გუდურა გრილი...
უკანასკნელი ყარაჩოღელი
ემშვიდობება თბილისს.
„ფანჯარაში მტრედია...“

უფლისციხეში ნაპოვნი ლექსი

„მიწა იყავ და
მიწად იქცევი“ -
ასე ჩამძახეს ერთხელ.
არ დავუჯერე
წინასწართქმული
წინასწარმეტყველ ღმერთებს.

წინ დავაბიჯე
კვერთხი რკინისა
გზა საუკვდავო ვძებნე.
ბევრი ვიარე,
სად არ ვიარე,
მთებზე, მინდვრებზე, ზღვებზე...

ვერ გავექეცი
მიწის შავ ფრჩხილებს,
ვერ დავემალე ვერსად,
მიწას ერთხელაც ვერ ავაცილე
გულის მოთქმა და კვნესა.

ბევრი ვიარე,
სად არ ვიარე,
და როს ვიგრძენი დაღლა,
ტკბილად მივწექი
გულცივ მიწაზე,
ჰოდა, მიწა ვარ ახლა.

ქარაგმა 

წიწილა გამოამტვრევს კვერცხს,


როგორც დილეგს
და ფილტვებს აივსებს აისით, -
აისის
კვალდაკვალ
ივლის და
ირბენს
თავისუფლება და ხალისი...
მე კი ვივიწროვებ ოცნების გარსს,
სასთუმლად ვიფენ ბუმბულივით მსუბუქ არაკებს, 
ჭაობის ყანჩა ცალ ფეხზე დგას
და დირიჟორივით
ჰორიზონტს განაგებს.
სიცხის საზომივით გატეხილ ღამეს
ვერცხლისწყლის წვეთებად
ეფანტება ჩემი ფიქრები, -
ისევ ველოდები უებარ წამლებს
და დღეს, როდესაც ერთად ვიქნებით.
იისფერდება ყორანივით შავი კარსანი,
ლილისფერდება მცხეთის მინდვრები...
შენ, სულო ჩემო, წიწილასავით
მწუხრიდან როდის ამოფრინდები?!
- თენდება! - ჩხრიალებს იმედის ღელე
და თავქვე მიდენის ბატებივით
ფარფატა ნისლებს,
მზე ოქროს ნისკარტით მიკენკავს ცრემლებს,
რომ მე გაზაფხული ვინატრო ისევ.

რწმენის ნაჭუჭიდან გავყურებ გზას


ვხსნი იჭვის ძაფებად დახლართულ
ქარაგმებს,
ჭაობის ყანჩა კი ცალ ფეხზე დგას
და დირიჟორივით ჰორიზონტს განაგებს.

ქვაზე ამოკითხული 

ვაი შენ, წუთისოფელო,


დაგცადე ათასფერადა, -
შორით დაგიდექ,
შორიდან
არა, არ ღირდი ცქერადა,
ახლოს მოველ და
დამდაგე,
გამხადე დღეთა წერადა,
გავიქეც, გამომეკიდე,
გზა მომიქციე მტვერადა.

ცეცხლად მეკიდე,
მე კიდევ
დარდი ისედაც მკვერავდა,
ვერ იქნა, გაგსწორებოდი,
ვერ იქნა, აუჰ, ვერა და...
კლდე იყავ,
კენჭიც არ გქონდა
მოსარყევ-მოსამტვრევადა.

ცისფერი ეპიტაფია 

მეც მაშინებდნენ სიკვდილით ერთ დროს,


ო, უნდა მენდო,
ჯვარი გწერია, -
მანდ გეშინოდეს, თორემ აქ ახლა
საშიში სულაც არაფერია!

ცხელი უთო 
 
უთო არის ძალზე ცხელი,
არ დაიწვა, გოგო, ხელი.
გაუსვი და გამოუსვი
მოხდენილად, სწრაფად,
დედოფალას მოუხდება
გატკეცილი კაბა...
დაჭმუჭნული ტანსაცმელით
ხომ ვერ ივლის აბა?!

„ვერის უბნის მელოდიებიდან“

ხმას არ იღებს. გულში ფიქრობს,


ერია თუ ბერია, -
„მაშინ რაღაც მაინც იყო,
ახლა არაფერია!“

ბევრი უხმოდ წრუპავს „სიტროს“ -


„დროს მარილი აკლია“,
„მაშინ ყრუმუნჯობა იყო,
ახლა ლაპარაკია!“

ზოგი ძველ დროს ვერ ელევა,


როგორც კუთვნილ კერიას, -
„ცუდიც ბევრი იყო, მაგრამ
კარგიც ბევრი ერია!“

თავს იზღვევენ ზოგ-ზოგები


და ძველ „მარშებს“ მღერიან, -
„მაშინ ყველაფერი იყო,
ახლაც ყველაფერია!“

იმას ვამბობ, რასაც ვფიქრობ,


ცოტაა თუ ბევრია, -
„მაშინ არაფერი იყო,
ახლაც არაფერია!“

You might also like