You are on page 1of 3

სოფო ყოჩიაშვილი

პლატონი
პლატონი არის ძველი ბერძნული სამყაროსა და თანამედროვე აზროვნების
ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პერსონა. ის დაიბადა ძვ.წ. 427 წელს,
პერიკლეს ათენის ოქროს ხანის ბოლო წლებში, არისტოკრატიულ ოჯახში. ის
ახალგზრდობაში ეუფლებოდა ფილოსოფიას, პოეზიას, ტანვარჯიშს გამოჩენილ
ათენელ მასწავლებლებთან, რომელთა შორისაც განსაკუთრებული ადგილი უჭირავს
სოკრატეს, რომელიც იმდენად მნიშვნელოვანია პლატონისთვის, რომ ის არის მისი
ტექსტების მთავარი გმირი, მათ შორის „სახელმწიფოსიც“.

„სახელმწიფო“ პლატონის ერთ-ერთი გამორჩეული ტექსტია, რომელიც მის სხვა


მნიშვნელოვანი ნაშრომების მსგავსად დაწერილია დიალოგის სახით, რაც იმის ნიშნად
შეგვიძლია მივიღოთ, რომ პლატონისთვის სწორედ დიალოგია ჭერმარიტებამდე
მიღწევის ერთადერთი საშუალება, არა საკუთარ თავთან საუბარი, არამედ დავა,
შეკითხვების დასმა, კრიტიკა, მსჯელობა. „სახელმწიფო“ მრავლისმომცველი
ნაწარმოებია, რომელშიც ავტორი საუბრობს სხვადასხვა სახელმწიფოებრივ
ფორმებზე, ფილოსოფოს-მეფესა და მისი ამორჩევისა და აღზრდის მეთოდებზე.
თუმცა ამ სოციოლურ-პოლიტიკური საკითხების გარდა პლატონი სიკეთის იდეაზეც
ამახვილებს ყურადღებას.

პლატონის ფილოსოფიის ძირითადი ნაწილია იდეების თეორია. მას სჯერა, რომ ყველა
საგანს აქვს იდეა, განსაზღვრება, დანიშნულება. ეს იდეები ეკუთვნიან სრულყოფილ
იდეათა სამყაროს, ხოლო მათი არასრულყოფილ, მატერიალურ სამყაროში გადმოტანა
შეუძლებელია მათ დაუმახინჯებლად. ამიტომაც პლატონისთვის იდეა ბევრად უფრო
მნიშვნელოვანია, ვიდრე თავად საგანი. ხოლო იდეებს შორის უმთავრესია სიკეთის
იდეა.

პლატონი მიიჩნევს, რომ სიკეთე არის ის, რასაც ყველა ადამიანი მიელტვის და რაც,
არის მისი დანიშნულება და ყველა ქმედების საფუძველი, ადამიანი გრძნობს მის
არსებობას, თუმცა არ იცის, რას ნიშნავს ის კონკრეტულად. თავად პლატონისთვისაც
კი რთულია სიკეთის არსის გადმოცემა. „ ...რადგან ის ჩემი წარმოდგენით, მეტისმეტად
მაღალია საიმისოდ, რომ ჩვენი ძალისხმევით მივწვდეთ...“ (პლატონი, 2019, 35).
ამიტომაც ის სიკეთის იდეის გადმოსცემს მზისა და წრფის შედარებებითა და მღვიმის
ალეგორიით.

მზე სამყაროში არის სინათლის წყარო. ადამიანს, როგორი კარგი მხედველობაც არ


უნდა ჰქონდეს, ვერ შეძლებს ვერაფრის დანახვას სინათლის გარეშე. სწორედ მსგავსი
დანიშნულება აქვს სიკეთეს იდეების სამყაროში. ის გონებას აძლევს საშუალებას,
იაზროვნოს და შეიმეცნოს საკითხები, რომელთა აღქმასაც გონების თვალი სჭირდება.
სიკეთე აძლევს ყოველ საგანს დანიშნულებას. სხვა ყველაფერიც, რომ იცოდე, ის
უვარგისი იქნება სიკეთის იდეის გარეშე. „ეს იმას ჰგავს, რაიმე ნივთს იძენდე და არც
კი იცოდე, რაში გამოგადგება იგი“ (პლატონი, 2019, 33). ღამით, როდესაც დედამიწას
მზე არ ანათებს, ადამიანს ურთულდება საგნების აღქმა, თითქოს დაბრმავდაო,
თუმცაღა მხედველობა წესრიგში აქვს. ასევეა გონებაც, სიკეთის გარეშე გონება
თითქოს კარგავს თავის დანიშნულება, ადამიანის სული ექცევა სულიერ სიბნელეში.

შემდეგ პლატონი იყენებს წრფის შედარებას. წრფის ორ ნაწილად გაყოფით მივიღებთ


ორ სამყაროს, ხილულსა და გონით საწვდომს. შემდეგ კი მიღებული მონაკვეთების
კიდევ ორ ნაწილად გაყოფით მივიღებთ მატერიალური სამყაროს ორ ნაწილს:
ხატებასა (ჩრდილებსა და ანარეკლებს) და რეალურ საგნებს. ხოლო გონით საწვდომი
სამყაროს ორი განაყოფი იქნება: მათემატიკური ობიექტები და იდეები. პლატონი
თვლის, რომ არამატერიალური სამყაროს მეორე განაყოფი არის ის, რასაც გონება
დიალექტიკის მეშვეობით აღწევს.

მესამე და ყველაზე საინტერესო შედარება, რომლითაც პლატონი ცდილობს სიკეთის


იდეის გადმოცემას არის მღვიმის ალეგორია. ის წარმოიდგენს ადამიანებს, რომლებიც
მთელი ცხოვრებაა მიწისქვეშა დილეგში არიან გამომწყვდეულნი,
ბორკილებდადებულნი, ისე რომ განძრევა არ შეუძლიათ. ისინი სხედან ზურგით
კედლისკენ, საიდანაც შემოდის სინათლე, რომელსაც შორს მოგიზგიზე ცეცხლი
აფრქვევს. ამ ცეცხლსა და ტუსაღებს შორის გზაზე ადამიანები გადაადგილდებიან,
რომელთაც ხელში მაღლა აწეული თოჯინები უჭირავთ. თუმცა პატიმრები ამ
ადამიანებს ვერ ხედავენ, მათ მხოლოდ მაღლა აწეული სათამაშოების ჩრდილების
დანახვა შეუძლიათ, რომლებსაც ადამიანებისა და ცხოველების ფორმა აქვთ.
ტუსაღებისთვის ეს ლანდები რეალურ საგნებს წარმოადგენენ. ეს პატიმრები
განასახიერებენ გაუნათლებელ ადამიანებს. თუ ერთ-ერთ ტუსაღს
გავათავისუფლებდით ბორკილებისგან, მითვის გამოძრავება და სინათლისთვის
თვალის გასწორება უდიდესი ტანჯვა იქნებოდა. რაც იმას ნიშნავს, რომ განათლების
მიღება, აზროვნება, გონით საწვდომი სამყაროს შესწავლა ძალიან რთული პროცესია,
განსაკუთრებით, ისეთი ადამიანისთვის, რომელსაც მთელი ცხოვრება სულიერ
სიბნელეში უცხოვრია. ამიტომაც საჭიროა ეს პროცესი ნელა და თანმიმდევრულად
მოხდეს, რათა ადამიანი შეძრწუნეული არ დაუბრუნდეს თავის ჩვეულ ყოფას. ის ჯერ
ჩრდილებს დააკვირდება, შემდეგ ანარეკლებს, ბოლოს კი რეალურ საგნებსაც
გაუსწორებს თვალს. საბოლოოდ კი ის მზის დანახვასაც შეძლებს, რომელიც
მატერიალურ სამყაროში სიცოცხლის საწყისი და ყველა ცოცხალის მასაზრდოებელია,
ის სიკეთის იდეის მეტაფორაა. პლატონი ამით იმასაც წარმოაჩენს, რომ სიკეთის იდეის
შეცნობის ერთადაერთი გზა არის განათლების მიღება. სიკეთის იდეის შეცნობის
შემდეგ, ტუსაღი, სიბრალულს იგრძნობს იმ პატიმრების მიმართ, რომელთან ერთადაც
მღვიმეში ცხოვრობდა და დაუბრუნდება მათ, რათა მათაც გააგებინოს ის ყველაფერი,
რაც უსწავლია. სიკეთის იდეა ადამიანს ავალდებულებს, რომ გააზრებული
ჭეშმარიტება გაუზიაროს სხვა ადამიანებსაც. თუმცა ტუსაღებისთვის მისი მონაყოლი
სასაცილო აღმოჩნდება, ისევე როგორც, ადამიანების უმეტესობისთვის არის
შეუცნობელი, ძალიან რთულად აღსაქმელი, სასაცილოც კი - სიკეთის იდეა.

„სწორედ სიკეთის იდეაა ყოველივე ჭეშმარიტისა და მშვენიერის მიზეზი“ (პლატონი,


2019, 43). ადამიანი, რომელიც ამას გაიაზრებს, ვეღარ შეძლებს დაუბრუნდეს
ადამიანების ჩვეულებრივ საქმიანობას, რადგანაც მისი არსება მიილტვის რაღაც უფრო
დიდებულისკენ.

გამოყენებული ლიტერატურა
1. პლატონი. „სახელმწიფო.“ წიგნში შესავალი თანამედროვე აზროვნებაში 1, 33,
35, 43. თბილისი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2019.

You might also like