You are on page 1of 5

გამოქვაბულის იგავი პლატონის მიხედვით

წარმოიდგინე რომ ხედავ ადამიანებს, რომლებიც ჩაკეტილნი არიან მიწისქვეშა


გამოქვაბულში. ამ ადამიანებს სიყრმიდანვე კისერსა და ხელ-ფეხზე ბორკილები
ადევთ. მათ არც განძრევა შეუძლიათ და არც უკან მიხედვა. ამიტომაც მხოლოდ წინ
იყურებიან და ხედავენ მხოლოს მას, რაც მათ წინაა. ისინი ზურგშექცევით სხედან
კედლისკენ, საიდანაც შემოდის სინათლე, რომლებსაც შორს, მაღლა, მოგიზგიზე
ცეცხლი ასხივებს. ცეცხლსა და ადამიანებს შორის მაღლობზე გადის გზა, რომელიც
გამოქვაბულის შესავალია. ამ გზაზე ადამიანები მოძრაობენ, რომლებსაც ხელში
ნაირ-ნაირი საგნები, ქანდაკებები, ფიგურები უჭირავთ. ცეცხლის ანარეკლი ეცემა ამ
ფიგურებს, და კედელზე ჩანს მათი აჩრდილები. გამოქვაბულში მყოფნი მათ უკან
მოძრავ ადამიანებს ვერ ხედავენ. ისინი მხოლოდ გამოქვაბულის კედელზე მოძრავ
ფიგურების აჩრდილებს ხედავენ. ადამიანები დაბადებიდან ასე აღიქვამენ მთელ
სინამდვილეს, და ისე მიეჩვივნენ რომ სამყაროში არაფერი ეგულებათ ამ
აჩრდილების გარდა. მათთვის იგია ჭეშმარიტება.

წარმოიდგინე, თუ რა მოუვა ერთ-ერთ მკვიდრს, რომელსაც ბორკილებს


აუხსნიან და უბრძანებენ უკან შებრუნდეს და აიძულებენ სინათლის მხარეს
გაიხედოს. ეს ნამდვილი ტანჯვა იქნება მისთვის. თვალისმომჭრელი სინათლე
საგნების გარჩევის საშუალებას არ მისცემს. ვინმემ რომ უთხრას – აქამდე მხოლოდ
უბადრუკ ლანდებს ხედავდი, ახლა კი, ჭეშმარიტ, ნამდვილ საგნებს ხედავო, -
საგონებელში ჩავარდება. შეიძლება ისიც კი ეფიქროს, რომ გაცილებით უფრო
ნამდვილი იყო ის, რასაც მანამდე ხედავდა, ვიდრე ის, რასაც ახლა უჩვენებენ. ხოლო
თუ ძალით გამოათრევენ გარეთ, რომ მზის სინათლე აჩვენონ, მზის სიკაშკაშით
თვალდავსილი ერთსაც ვერ გაარჩევდა იმ საგნებს შორის, რომლებზედაც დაჟინებით
ჩასჩიჩინებენ, ნამდვილი საგნები თუ გნებავს, სწორედ ესენი არიანო.

ამ დროს საჭიროა მიჩვევა, და არა ძალმომრეობა. თვალის მისაჩვევად, ადამიანი


თავდაპირველად ლანდებისკენ მიმართავს მზერას, ტბებსა და გუბეებში
ადამიანებისა თუ სხვადასხვა საგანთა ანარეკლებს ხედავს. ის ნელ-ნელა,
თანდათანობით ხვდება, რომ აქამდე აჩრდილებს როგორც სინამდვილეს ისე
აღიქვამდა. ბოლოს თვით მზესაც კი გაუსწორებს მზერას და დააკვირდება მის
თვისებებს. თავისი დაკვირვების შედეგად იგი დაასკვნის, რომ სწორედ მზე
განსაზღვრავს წელიწადის დროთა მონაცვლეობას და დროის დინებას, რომ ამ
ხილულ სამყაროში მზე წარმართავს ყველაფერს და, გარკვეული აზრით, იგივე მზეა
ყოველივე იმის მიზეზიც, რაც მღვიმეში აჩრდილებად ჩანდა. ამრიგად,
გაუნათლებელ სულს არა ძალმომრეობით, იძულებით კი არ უნდა ჩავუნერგოთ
განათლება, როგორც უსინათლო თვალს – ხედვის უნარი. განათლებას ადამიანი
თვითწვრთნის წყალობით შეიძენს.

გამოქვაბულიდან განთავისუფლებული ადამიანი საგნებს ხედავს ისე როგორიც


იგი სინამდვილეშია. მღვიმე ხილული სამყაროა, ხოლო სინათლე, რომელსაც ცეცხლი
ასხივებს, მზის ნათელია. მაღლა ასვლა და ნამდვილი საგნების ჭვრეტა სულის
აღმასვლაა გონით საწვდომ სამყაროსკენ.

გონით საწვდომი სამყაროს ზღვარი სიკეთის იდეაა. სიკეთის იდეა უმაღლესი


ჭეშმარიტებაა. იგი საბოლოო მიზანია, რომელიც ამოძრავებს, აერთიანებს და
აწესრიგებს ყველაფერს. მისკენ საყოველთაო მისწრაფება არის სიყვარული. სწორედ
სიკეთის იდეაა ყოველივე ჭეშმარიტისა და მშვენიერის მიზეზი. ხილულ სამყაროში
სიკეთე ბადებს ნათელს, რომლისგანაც დასაბამს იღებს ჭეშმარიტება და გონიერება;
ამიტომ სწორედ მის ჭვრეტას უნდა ცდილობდეს ყველა. ჩვენი ვალია სიკეთის
წვდომა და მისკენ სწრაფვა.

ვინც ამ სიმაღლეს მიაღწია, უკვე აღარ შეუძლია ხელი მიჰყოს კაცთა


ჩვეულებრივ საქმიანობას, რადგანაც მისი სული გამუდმებით მიელტვის მხოლოდ
სიმაღლეს. და ეს სავსებით ბუნებრივია. თავისი უწინდელი სამყოფლის და თავისი
მეგობარი პატიმრების გახსენებისას ნეტარებად მიიჩნევს ახლანდელ ყოფას და
სიბრალული აღეძვრის დილეგში მყოფთა მიმართ. იგი ყველაფერს აიტანდა იმის
გულისთვის, რომ ძველებურად აღარ ეცხოვრა, ოღონდაც აღარასოდეს მიბრუნებოდა
თავის უწინდელ ყოფას და იმდროინდელ სიბრმავეს.

მაგრამ, ღირსეულნი, ვინც ასეთ სიმაღლეს მიაღწევს, კვლავ უნდა დაუბრუნდნენ


პატიმრებს, რათა, ავად თუ კარგად, მათი ჭირი და ლხინი გაიზიარონ. ისინი უნდა
დაეშვნენ დანარჩენ მოქალაქეთა საერთო საცხოვრისამდე; შეაჩვიონ თვალი იქ
გამეფებულ წყვდიადს, და როცა შეაჩვევენ, ათასჯერ უკეთ გაარჩევენ ყველაფერს,
ვიდრე ბნელეთის მკვიდრნი, და უკეთვე გამოიცნობენ, რას წარმოადგენს თვითეული
ლანდი.

უკან დაბრუნებული ადამიანი ცდილობს დაარწმუნოს გამოქვაბულში მყოფნი,


რომ ჩრდილები რეალური საგნების აჩრდილებია. მაგრამ მღვიმეში მყოფ პატიმრებს
მისი არ სჯერათ. მათთვის გაუგებარია მისი საუბარი, გამოქვაბულის კედელზე
მიუთითებენ და ამბობენ, ჩვენ მხოლოდ მას ვხედავთო. პატიმრები ცხოვრობენ
უტოპიურ, ილუზიურ სამყაროში. უმეცრების გამო მიყვებიან ცხოვრების დინებას,
ადვილად ექცევიან ავტორიტეტების გავლენის ქვეშ. ასეთ ილუზორულ სამყაროში
ყოფნა უმწიფარი ადამიანისათვის კომფორტულია. გამოქვაბულში მჯდომს ეზარება
წელში გამართვა, ფეხზე წამოდგომა და სინათლისათვის თვალის გასწორება.
მისთვის საუკეთესო მდგომარეობა ყოველთვის ხელოვნურ შუქთან და
აჩრდილებთან ყოფნაა. იგი არასოდეს დაინტერესდება საგანთა ნამდვილი
ფორმებით, იგი შეგუებულია აზრს, რომ ჩრდილების სამყარო ერთადერთი
რეალობაა.

ვინ არიან ის ადამიანები, რომლებსაც თეჯირის უკან ფიგურები დააქვთ.


თანაც არ უნდა დავივიწყოთ, რომ ის ადამიანებიც, რომლებსაც ფიგურები
დააქვთ, ჩრდილების გარდა ვერაფერს ხედავენ. შეიძლება ვთქვათ, რომ
არსებობს ადამიანთა ჯგუფი, რომელთაც ისევე აწყობთ მასების
გამოქვაბულში ყოფნა, როგორც გამოქვაბულში მყოფთ აწყობთ მათ მაგივრად
მოაზროვნე, მათთვის მისაღები პერსონის არსებობა. ადამიანების
უმწიფარობა, სიცოცხლის ბოლომდე გამოქვაბულში ყოფნა მხოლოდ მათი
ბრალი არ არის. სახელმწიფოს მეთაურისთვის აუცილებელია მარტივად
სამართავი, განუვითარებელი, გამოქვაბულში ჩრდილებს მიჩერებული
საზოგადოება.

გამოქვაბულში მყოფებმა შეიძლება მასხარადაც კი აიგდონ და სიკვდილითაც


კი დაემუქრონ დაბრუნებულ ადამიანს, ისევე როგორც სოკრატე მოკლეს
გამოქვაბულის მკვიდრებმა, რადგან არყევდა მათ პირობითობას და ცდილობდა
დაენახვებინა გზა ჭეშმარიტი ცოდნისაკენ.

მიუხედავად ამისა, გამოქვაბულიდან განთავისუფლებული ადამიანი უნდა


დაბრუნდეს და ასწავლოს იქ მყოფთ. ეს არის ფილოსოფოსის სამოქალაქო როლი. იგი
არ უნდა გაემიჯნოს და მისტიკურ ჭვრეტაში არ უნდა გადავარდეს. ფილოსოფოსი
მოქმედი უნდა იყოს, თავისი ქმედითი როლი უნდა შეიტანოს სამოქალაქო
ცხოვრებაში.

სიკეთის იდეის ჭვრეტა მხოლოდ ფილოსოფოსებს ძალუძთ. ამიტომ, სწორედ


ისინი უნდა მართავდნენ სახელმწიფოს, რათა ის სამართლიანად და ჰარმონიულად
იქნას მოწყობილი. მმართველმა ფილოსოფოსებმა უნდა მართონ საზოგადოების
დანარჩენი სოციალური ფენები, რომ მათ სამართლიანობის პრინციპებს არ
გადაუხვიონ და თავიანთი მდაბალი მიდრეკილებების დაძლევაც შეძლონ.
ფილოსოფოსი მმართველი, არამარტო თავისუფალი ადამიანია, არამედ
განმანთავისუფლებელიცაა. იგი გამოქვაბულში დარჩენილებს აჩვენებს გზას
ყოველდღიური მოჩვენებითი სიცხადიდან ჭეშმარიტი ცოდნისაკენ. ფილოსოფოსებს
ძალუძთ გამოქვაბულში დარჩენილი ადამიანების მზერა არაჭეშმარიტი მოჩვენებითი
ყოფიერებიდან ნამდვილი, ჭეშმარიტი ყოფიერებისაკენ მიმართონ. შედეგად,
გამოქვებულში მყოფი ბორკილდადებული ადამიანები იწყებენ განსხვავებას
მოჩვენებასა და ყოფნას, ანუ ჭეშმარიტსა და არაჭეშმარიტს შორის, ანუ ისინი იწყებენ
განთავისუფლებას, რაც იმას ნიშნავს, რომ თავისუფლება მხოლოდ ფილოსოფოს
მმართველთა ექსკლუზიური უფლება არ არის. ჭეშმარიტება რაიმეს უცებ და
ერთბაშად ფლობა კი არაა, არამედ ჭეშმარიტება განთავისუფლებისთვის მუდმივი
ქმედებაა, რაც თანამოქალაქეთა აღზრდის, განათლების საშუალებით მიიღწევა.

ვინ არიან ფილოსოფოსები? "ფილოსოფოსი" ნიშნავს "სიბრძნის, ჭეშმარიტების


მოყვარეს“. მთელი მისი სული მიისწრაფის ჭეშმარიტებისაკენ. ფილოსოფოსებს
შესწევთ მარადიულის წვდომის უნარი. ადამიანი ღირსეული და კეთილი რომ იყოს
ამისათვის უპირველესად საჭიროა მას გააჩნდეს ჭეშმარიტების სიყვარული,
რომელიც ყველგან და ყოველთვის უნდა იყოს თავისი წინამძღვარი. ცოდნის მოყვარე
ადამიანი ბუნებრივად მიელტვის ჭეშმარიტ არსს. იგი განუხრელად მიიწევს წინ და
მანამდის არ დაცხრება, სანამ არ ჩასწვდება თვით საგანთა არსს. ამის შემდეგ იგი
ჭეშმარიტი სიცოცხლით ცოცხლობს, ჭეშმარიტებით საზრდოობს. ასეთ კაცს სძულს
სიცრუე, რადგან შეუძლებელია ერთსა და იმავე კაცს სიბრძნეც უყვარდეს და
სიცრუეც.

ფილოსოფოსებს აქვს ცოდნისადმი ვნებიანი სიყვარული. ისინი ვნებიანად


მიელტვიან ცოდნას. სწორედ ამით შეუძლიათ მათ ჩაწვდნენ მარადიულ არსს. ისინი
თითქოს „შეყვარებულნი“ არიან და ცდილობენ უყურადღებოდ არ დატოვონ
არაფერი, არც დიდი და არც მცირე, არც მეტად თუ ნაკლებად ფასეული. ისინი
თავისი ბუნებისამებრ, სიყვარულით მიელტვიან და პატივს სცემენ ყველაფერს, რაც
მისი სიყვარულის საგნის ახლობელია და მონათესავე“. როცა ადამიანს აქვს ცოდნის
შეძენის სურვილი, ეს სიამოვნებას ანიჭებს მის სულს. ჭეშმარიტ ფილოსოფოსთა სხვა
ბუნებრივი თვისებებია: სიმამაცე, დიდსულოვნება, ცოდნის ადვილად შეთვისების
უნარი (მახვილი მეხსიერება), ზომიერება.

თუ ადამიანი დიდსულოვანია და შეუძლია ერთობლივად მოიცვას მზერით


მთელი დრო და მთელი ყოფიერება, მას დიდ რამედ არ მიაჩნია წარმავალი ცხოვრება
და არც სიკვდილს მიიჩნევს საშინელებად.

ფილოსოფოსი მამაცი უნდა იყოს. მხდალი და მდაბალი ბუნებისათვის


მიუწვდომელია ფილოსოფია. ასევე მას უნდა შესწევდეს სწავლის უნარი, მახვილი
მეხსიერება. ვინც ვერაფერს იმახსოვრებს, ნამდვილად ვერ მივაკუთვნებთ
ფილოსოფოსთა რიცხვს.

სულის უხამსობასა და გაუთლელობას შედეგად მოსდევს ის, რასაც ზომის


უქონლობა ჰქვია. ჭეშმარიტება ზომიერებას უკავშირდება. მაშასადამე, ბევრი სხვა
რამის გარდა, უნდა ვეძებოთ ზომიერება, უშუალოდ რომ ერწყმის გონების ბუნებრივ
დახვეწილობას.

იმის გათვალისწინებით, რომ მხოლოდ ფილოსოფოსებს სხვებთან შედარებით


უყვართ ჭეშმარიტება, მათ შეიძლება ჰქონდეთ ცოდნა, მხოლოდ მათ შეუძლიათ
გაიგონ რა არის კარგი სახელმწიფოსათვის, მათ ყველაზე კარგად შეუძლიათ მართონ
სახელმწიფო.

კითხვები:

რამდენად შესაბამისია ეს ალეგორია ჩვენს დღევანდელ ცხოვრებასთან?

ვცხოვრობთ თუ არა ჩვენ გამოქვაბულში, სადაც რეალობას ქმნის ვიღაც სხვა?

არის თუ არა ეს ალეგორია მარადიული?


შეუძლია თუ არა ინტერნეტს, განათლებას, ადამიანთა გადაადგილებების
საშუალებების გაუმჯობესებას მეტაფორულად მოკლას ფიგურების (თოჯინების)
მარიონეტები?

არის თუ არა ჩვენი სამყარო უფრო გამჭვირვალე ვიდრე მანამდე იყო?

You might also like