Professional Documents
Culture Documents
საერთაშორისო კერძო სამართლის ცნება და წყაროები
საერთაშორისო კერძო სამართლის ცნება და წყაროები
უკვე დიდი ხანია, არავითარ დავას არ იწვევს, რომ ქცევის რეგულირების გარეშე არცერთი
საზოგადოება არ არსებობდა და რომ ბევრი ცივილიზაციის დაცემა და გადაგვარება,
საკუთარი ქცევის წესებისა და ნორმების დარღვევითა და იგნორირებით იყო გამოწვეული.
ადამიანის ქცევის რეგულირება გარკვეული ნორმების საფუძველზე ხდებოდა და ხდება .
ნორმები, რომლებიც არეგულირებენ ადამიანთა შორის ურთიერთობას, წარმოადგეს
სოციალურ ნორმებს, როგორებიცაა, მაგალითად, მორალური ნორმები, ტრადიციები, ზნე-
ჩვეულებები, სამართლებრივი ნორმები და ა. შ.
ამ სოციალურ ნორმებს შორის სამართალი საზოგადოებრივი ურთიერთობის რეგულირების
ერთ-ერთი მთავარი და პრაქტიკული მიზნებისათვის ყველაზე ხელმისაწვდომი საშუალებაა :
სახელმწიფოს, თუ იგი ამის საჭიროებას და აუცილებლობას ხედავს, ყოველთვის შეუძლია
შეიმუშაოს და მიიღოს სამართლის ნორმა ადამიანის ამა თუ იმ სფეროს მოსაწესიგებლად ,
აღჭურვოს ეს ნორმა შესრულების უზრუნველყოფის შესაფერისი ღონისძიებებით მაშინ,
როდესაც
სხვა სოციალური ნორმების შემუშავებასა და დანერგვას სჭირდება წლები და ზოგჯერ
საუკუნეებიც.
სამართლის წარმოშობას სახელმწიფოს წარმოშობას უკავშირებენ, რომელიც არამარტო
ქმნის სამართლის ნორმებს, არამედ უზრუნველყოფს მათ შესრულებას იძულებითი ძალის
გამოყენებით.
ამასთან ერთად, თითოეულ სახელმწიფოს აქვს თავისი სამართალი, რომელიც ამ
სახელმწიფოს ფიზიკურ პირთა და იურიდიულ პირთა (სამართლის სუბიექტთა) ქცევის წესებს
არეგულირებს.
სამართლის ნორმები, რომლებიც ერთი სახელმწიფოს საზღვრებს შიგნით წარმოშობილ
კერძო თუ საჯარო სამართლებრივ ურთიერთობებს არეგულირებენ, ერთობლიობაში ქმნიან
ეროვნულ (ნაციონალურ) სამართალს.
ეროვნული სამართალი ყოველთვის გულისხმობდა და გულისხმობს ერთ ეროვნულ
სახელმწიფოდ ორგანიზებული ქვეყნის შიგნით წარმოშობილ კერძო სამართლებრივ თუ
საჯარო სამართლებრივ ურთიერთობათა მოწესრიგებას. ეროვნული სამართალი
მთლიანად მოწოდებულია, მოაწესრიგოს სხვადასხვა ხასიათისა და შინაარსის
ურთიერთობები მოქალაქეებს შორის, მოქალაქეებსა და იურიდიულ პირებს შორის,
იურიდიულ პირებს შორის და ა. შ.
აღნიშნული სხვადასხვა ხასიათის და შინაარსის ურთიერთობები არ შემოიფარგლება
მხოლოდ და მხოლოდ ამა თუ იმ სახელმწიფოს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა
სამართლებრივი ურთიერთობებით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ქვეყნის შიდაეროვნულ
კერძო
სამართლის სუბიექტებს შორის მრავალმხრივი ურთიერთობები, რეგულირდება გარკვეული
სამართლებრივი ნორმების საფუძველზე, რომლებიც მოქმედებენ მხოლოდ ამ
სახელმწიფოს ტერიტორიაზე, ანუ ეროვნული სამართალი მოქმედებს მხოლოდ ამ
სახელმწიფოს ტერიტორიაზე და ყველა ფიზიკურ პირს (იურიდიულ პირს), რომელიც
იმყოფება ქვეყნის ტერიტორიაზე, გააჩნია მისი მოქალაქეობა და ისინი ამყარებენ
სამართლებრივ ურთიერთობებს მხოლოდ ამ ქვეყნის ფარგლებში, მის ტერიტორიაზე.
მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის. თანამედროვე პირობებში, ქვეყნებს შორის
ეკონომიკური, სავაჭრო, კულტურული თუ სხვა სახის თანამშრომლობა აისახება როგორც
უშუალოდ სახელმწიფოებსა ან მათ მიერ შექმნილ სამართლის სუბიექტებს შორის
ურთიერთობით, ასევე მათ მოქალაქეებსა (ფიზიკურ პირებსა) და იურიდიულ პირებს შორის
კერძო სამართლებრივი ურთიერთობებით.
აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ, პირველ რიგში, თავად სახელმწიფოს არ შეუძლია
არსებობდეს იზოლირებულად. მის წინაშე ყოველთვის წამოიჭრება იმის აუცილებლობა,
რომ იქონიოს ურთიერთობები სხვა სახელმწიფოებთან, მეორეც, თვითონ ამ სახელმწიფოს
ფიზიკური და იურიდიული პირების წინაშე წამოიჭრება იმის აუცილებლობა, რომ დაამყარონ
ურთიერთობები სხვა ქვეყნის ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან. ასეთი აუცილებლობა
არსებობდა მუდამ, რომელიც სისტემატურად ფართოვდებოდა, რასაც ხელს უწყობდა
მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესი, ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების ,
ტრანსპორტის განვითარება.
შეგვიძლია დავასკვნათ, რომ საქმე გვაქვს ორი სახის ძირითად სამართლებრივ
სისტემასთან. ერთი – ეს არის შიდასახელმწიფოებრივი, ანუ ნაციონალური სამართლებრივი
სისტემა, რომელიც მოქმედებს ერთი ქვეყნის ტერიტორიაზე მხოლოდ მისი იურისდიქციის
ფარგლებში. მეორე – ეს არის საერთაშორისო საჯარო სამართალი, რომელიც მოქმედებს
სახელმწიფოებსა და მათ მიერ წარმოქმნილ სამართლის სუბიექტებს შორის
ურთიერთობებში. მაგ. საქართველო დებს ორმხრივ (მრავალმხრივ) ხელშეკრულებას
რომელიმე სხვა ქვეყანასთან (ქვეყნებთან). ასეთი სახის ურთიერთობები, სადაც ძირითად
სუბიექტებს ქვეყნები წარმოადგენენ, რეგულირდება
საერთაშორისო საჯარო სამართლით.
სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების საკითხები, ე.ი. ისეთი ურთიერთობების საკითხები,
რომლებშიც ძირითად სუბიექტებად გამოდიან სახელწიფოები, როგორც სუვენერული
პოლიტიკური ერთეულები, აგრეთვე სახელწიფოების მიერ შექმნილი საერთაშორისო
სამთავრობათაშორისი ორგანიზაციები – წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის , ანუ
როგორც მას ზოგჯერ უწოდებენ, საერთაშორისო საჯარო სამართლის სფეროს .
საერთაშორისო საჯარო
სამართლის წყაროებია სახელმწიფოთაშორისი შეთანხმებების შედეგად ჩამოყალიბებული
ნორმები, როგორებიცაა საერთაშორისო ხელშეკრულებები და საერთშორისო ჩვეულებები .
აქედან გამომდინარე ცხადია, რომ საერთაშორისო საჯარო სამართლის ნორმებს ქმნის არა
რაიმე ზესახელმწიფოებრივი საკანონმდებლო ორგანო, არამედ თვით საერთაშორისო
სამართლის სუ-
ბიექტები. ეს სუბიექტები, თავის მხრივ, კისრულობენ მათივე მიერ მოწონებული და
მიღებული ნორმების შესრულებას.
ამრიგად, „იმ ნორმებს, ანუ ქცევის წესებს, რომლებიც სახელმწიფოთა, სხვა სუბიექტების
ურთიერთშეთანხმების საფუძველზეც იქმნებიან და რომელთა შესრულების უზრუნველყოფა
თვით სახელმწიფოების, სხვა სუბიექტების მიერ ინდივიდუალურად ან კოლექტიურად ხდება,
ეწოდება საერთაშორისო სამართალი“.
ამასთან ერთად, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ერთმანეთთან თანამშრომლობენ არამარტო
სხვადასხვა სახელწიფოები, არამედ სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები (ფიზიკური პირები )
და საწარმო-დაწესებულებები (იურიდიული პირები). აგრეთვე ორგანიზაციები, რომლებიც
თვითონ უშუალოდ არ არიან იურიდიული პირები, მაგრამ შეუძლიათ გამოვიდნენ
იურიდიული პირის სახელით (მაგ. სამინისტრო სახელმწიფოს სახელით), ან კანონით
გათვალისწინებულ შემთხვევებში – დამოუკიდებლად.
კერძო სამართლის ფიზიკური და იურიდიული პირები არ შეიძლება იყვნენ საერთაშორისო
საჯარო სამართლის სუბიექტები. მათი ერთმანეთთან ურთიერთობა წარმოადგენს
საერთაშორისო კერძო სამართლის სფეროს. სხვანაირად რომ ვთქვათ, საერთაშორისო
კერძო სამართლებრივი ურთიერთობები – ეს ისეთი ურთიერთობებია, რომლებიც
სახელმწიფოს შიგნით რომ წარმოშობილიყო მათ ტრადიციულად ვუწოდებდით
სამოქალაქო სამართლებრივ
(ფართო გაგებით) ურთიერთობებს. მაგრამ ამგვარ ურთიერთობებს საერთაშორისო კერძო
სამართლებრივს იმიტომ ვუწოდებთ, რომ ამ ურთიერთობების ერთ-ერთი მონაწილე უცხო
ქვეყნის ფიზიკური ან იურიდიული პირია. ე.ი. საერთაშორისო კერძო სამართალთან
გვაქვს საქმე, როდესაც სახეზეა საერთაშორისო დონეზე არსებული, ფართო გაგებით
სამოქალაქო-სამართლებრივი, ანუ კერძო-სამართლებრივი ურთიერთობები. შეიძლება
მოვიყვანოთ მაგალითი.
კერძოდ, საქართველოს მოქალაქე ქორწინდება საფრანგეთის მოქალაქეზე .
ამავდროულად, ქორწინება უნდა მოხდეს იტალიაში.
ასეთ ვითარებაში აუცილებლად წარმოიშვება საკითხი, რომელი ქვეყნის სამართლით უნდა
განისაზღვროს მეუღლეთა ქორწინების პირობები, რა ფორმით შეიძლება მოხდეს იგი,
მხოლოდ სამოქალაქო, თუ დასაშვებია რელიგიური წესიც? შესაძლებელია თუ არა,
აღნიშნული ქვეყნის ტერიტორიაზე განხორციელებული ქორწინება აღიარებულ იქნეს იმ
სახელმწიფოებში, რომლებსაც განეკუთვნება დასაქორწინებელი პირები? ან/და მეორე მაგ .
საქართველოსა და
გერმანიის სამეწარმეო იურიდიულ პირებს შორის დაიდო ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება,
ასეთ დროს შეიძლება წარმოიშვას საკითხი, რომელი ქვეყნის სამართლით უნდა
განისაზღვროს ხელშეკრულების ნამდვილობა, შესრულების წესი თუ შეუსრულებლობით
გამოწვეული ზიანის ანაზღაურების პირობები? საქართველოს მოქალაქე , რომელზედაც
საკუთრების უფლებით გადავიდა უცხოეთში არსებული სამკვიდრო ქონება, აფორმებს ამ
ქონების ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებას საქართველოს სხვა მოქალაქესთან – რომელი
ქვეყნის სამართლით უნდა მოწესრიგდეს უძრავ ქონებაზე უფლების წარმოშობის საკითხი?
და სხვ. საქართველოს მოქალაქეებსა თუ იურიდიულ პირებს შორის აღნიშნული საკითხები
რომ წარმოშობილიყო, რა თქმა უნდა, ისინი ჩვენი ქვეყნის სამოქალაქო სამართლით
გათვალისწინებული წესებით დარეგულირდებოდა (სამოქალაქო, საკორპორაციო და ა . შ .).
თავისუფლად შეიძლება აღვნიშნოთ, რომ, ზოგადად, საერთაშორისო სამართალი და
საერთაშორისო კერძო სამართალი საერთაშორისო დონეზე ურთიერთობების
განვითარების სამართლებრივ საფუძვლების შექმნისათვის არის მოწოდებული. ორივე
მათგანი
საერთაშორისო დონეზე „საერთაშორისო მართლწესრიგის“ განხორციელებას ემსახურება ,
თუმცა, რა თქმა უნდა, მათ შორის განსხვავებაც არსებობს. აღნიშნული განსხვავება
განსაკუთრებით წარმოჩნდება შემდეგი მიმართულებებით, კერძოდ:
ა) ურთიერთობის სუბიექტები,
ბ) რეგულირების მეთოდები
გ) პასუხისმგებლობა,
დ) რეგულირების საგანი და
ე) სამართლის წყაროები (ბოლო ორს შემდგომ პარაგრაფებში განვიხილავთ).