You are on page 1of 5

ბოლო დამუშავება: 24 მაისი, 2016

მუხლი 942. ხელშეკრულების ფორმა

სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება უნდა დაიდოს წერილობით. უძრავი ქონების


გადაცემის შემთხვევაში ხელშეკრულება უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით.

I. ზოგადი დებულებები ................................................................................................................................ 1


1. მიზანი ....................................................................................................................................................... 1
2. ნორმის კავშირი სხვა სამართლებრივ ინსტიტუტებთან ................................................................. 2
II. გამოყენების წინაპირობები ....................................................................................................................... 2
1. სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების სავალდებულო ფორმა.................................................... 2
2. სარჩენის მიერ მარჩენალისათვის რჩენის სანაცვლოდ უძრავი ქონების გადაცემა .................... 3
3. ხელშეკრულების ფორმის დაუცველობით გამოწვეული სამართლებრივი შედეგები .............. 4
III. ნორმის მნიშვნელობა საპროცესო სამართალში .................................................................................... 5

I. ზოგადი დებულებები

1. მიზანი
გარიგების ფორმასთან დაკავშირებით საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ზოგადი 1
ნაწილით დადგენილი წესები ხელშეკრულების ფორმაზეც ვრცელდება.1 ფორმა ნების
გამოვლენის განცხადების საშუალებაა.2

როგორც წესი, ხელშეკრულების ნამდვილობისათვის რაიმე განსაკუთრებული ფორმის 2


დაცვა საჭირო არაა.3 ხელშეკრულება ძალაში მას შემდეგ შედის, როდესაც მხარეები
ყველა არსებით პირობებზე თუნდაც ზეპირი მოლაპარაკებების გზით შეთანხმდებიან.
ხელშეკრულების ფორმასთან დაკავშირებით ზოგადად მოქმედებს სახელშეკრულებო
ფორმის თავისუფლების პრინციპი.4 თუმცა, აღნიშნული პრინციპი შეუზღუდავი არ
არის. ცალკეულ შემთხვევებში კანონი ადგენს ფორმას, რომლის დაცვაც კონკრეტული
ტიპის ხელშეკრულებების ნამდვილობისათვის აუცილებელია.5

კანონმდებელი ხელშეკრულების ფორმასთან დაკავშირებით გარკვეულ დანაწესებს 3


ისეთ შემთხვევებში განსაზღვრავს, როდესაც ეს საჭიროა თავად სახელშეკრულებო
სამართლებრივი ურთიერთობის სტაბილურობის უზრუნველსაყოფად და ფორმის
დაწესებას შესაბამისი მიზანი გააჩნია.6 ერთ-ერთ საქმეზე სასამართლომ განმარტა, რომ
„სამოქალაქო კოდექსის 942-ე მუხლის დანაწესით გათვალისწინებული უძრავი

1 ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 344.


2 კერესელიძე, უზოგადესი ცნებები, 2009, გვ. 281.
3 Faust, BGB AT, 3. Aufl., 2013, S. 145.

4 Saenger, in BGB HK, 7. Aufl., § 518, S. 746.

5 Tonner, Schuldrecht, 3. Aufl., 2013, § 14, S. 130.

6 Kötz, Vertragsrecht, 2009, S. 70.

1
ზურაბ ძლიერიშვილი
ბოლო დამუშავება: 24 მაისი, 2016

ქონების გადაცემა უნდა განიმარტოს, როგორც სანივთო უფლების საკუთრების


გადაცემა, რაც ამავე სახელშეკრულებო ურთიერთობის თავისებურებიდან გამომდინარე
გარკვეულ უფლებრივ შეზღუდვას ექვემდებარება, მაგრამ ამ უფლების გადაცემა
იურიდიული ძალის მქონეა მხოლოდ მაშინ, როდესაც უფლების წარმოშობისათვის
დადგენილი წინაპირობები არსებობს.“7

4 სკ-ის 942-ე მუხლზე დაყრდნობით საკასაციო პალატამ განმარტა, რომ სამისდღეშიო


რჩენის ხელშეკრულების სპეციფიკურობა გამოიხატება იმაში, რომ მარჩენალი, სარჩენის
მიერ მისთვის ხელშეკრულებით გადაცემული ქონების მესაკუთრე ხდება სარჩენის
გარდაცვალების მომენტიდან, ანდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული რჩენის
დამთავრების მომენტიდან. ამასთან, უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემისათვის
აუცილებელია სანოტარო წესით დადებული გარიგება, ხოლო სარჩენის
გარდაცვალებამდე ამ ხელშეკრულების საჯარო რეესტრში რეგისტრაცია კანონით
გათვალისწინებულ სავალდებულო წესს არ წარმოადგენს.8

2. ნორმის კავშირი სხვა სამართლებრივ ინსტიტუტებთან


5 განსახილველ ნორმას მჭიდრო კავშირი აქვს სამოქალაქო სამართლის ისეთ
ინსტიტუტებთან, როგორიცაა: 68-ე მუხლი (ფორმის მნიშვნელობა გარიგების
ნამდვილობისათვის); 69-ე მუხლი (გარიგების ფორმა); 70-ე მუხლი (ხელის მოწერის
გადანდობა სხვა პირისათვის); 71-ე მუხლი (გარიგების დადება რამდენიმე დოკუმენტის
შედგენით); 59-ე მუხლი (ფორმის დაუცველად დადებული გარიგება); 147-ე მუხლი
(ქონება); 149-ე მუხლი(უძრავი ნივთის ცნება); 152-ე მუხლი (არამატერიალური
ქონებრივი სიკეთის ცნება); 183-ე მუხლი (უძრავ ნივთზე საკუთრების შეძენა გარიგების
საფუძველზე); 186-ე მუხლი (მოძრავ ნივთზე საკუთრების შეძენის საფუძვლები); 198-
202 (საკუთრების შეძენა უფლებებზე და მოხოვნებზე); 323-ე მუხლი (უძრავი ნივთის
გასხვისების წესი); 328-ე მუხლი (ხელშეკრულების ფორმა).

II. გამოყენების წინაპირობები

1. სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების სავალდებულო ფორმა


6 კერძოსამართლებრივი ურთიერთობის ობიექტი შეიძლება იყოს ქონებრივი ან
არაქონებრივი ღირებულების მატერიალური და არამატერიალური სიკეთე, რომელიც
კანონით დადგენილი წესით ბრუნვიდან არ არის ამოღებული. ქონება არის ნივთი,
მატერიალური (სხეულებრივი) და ამავე დროს, ადამიანის ნებას დამორჩილებადი

7 საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 19 ივნისის № ას-185-
178-2012 განჩინება.
8 საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 19 ივნისის № ას-185-

178-2012 განჩინება.
2
ზურაბ ძლიერიშვილი
ბოლო დამუშავება: 24 მაისი, 2016

საგანი.9 ნივთები პიროვნებულობას მოკლებული, პირთა ბატონობას


დაქვემდებარებული და ნატურით გამიჯნული საგნებია.10 საქართველოს სამოქალაქო
კოდექსი მხოლოდ უძრავი ნივთის ცნებას იცნობს და ამით დუმილით გვამცნობს, რომ
მოძრავად უნდა ჩაითვალოს ყველა ის ნივთი, რომელიც არ ითვლება უძრავად. უძრავ
ნივთზე საკუთრების წარმოშობის წესი განსხვავებულია მოძრავ ნივთზე საკუთრების
წარმოშობის წესისაგან.

942 მუხლის პირველი წინადადების თანახმად, სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება 7


უნდა დაიდოს წერილობით. გადაცემულ ქონებაზე მარჩენალის საკუთრების უფლების
წარმოშობისათვის დაცული უნდა იქნეს 186-ე მუხლის მოთხოვნებიც. მაშასადამე,
სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება მიეკუთვნება ფორმასავალდებულო
ხელშეკრულებათა რიცხვს. ანალოგიურადაა ეს საკითხი გადაწყვეტილი გერმანულ
სამართალშიც.11

2. სარჩენის მიერ მარჩენალისათვის რჩენის სანაცვლოდ უძრავი ქონების გადაცემა


თუ სარჩენი მარჩენალს გადასცემს უძრავ ქონებას, ასეთ შემთხვევაში სამისდღეშიო 8
რჩენის ხელშეკრულება უნდა დაიდოს წერილობითი ფორმით და დამოწმდეს
სანოტარო წესით. უძრავი ნივთის ცნება და სახეები განსაზღვრულია 149-ე მუხლში.
სამოქალაქო კოდექსის 942-ე მუხლით გათვალისწინებული უძრავი ქონების
საკუთრებაში გადაცემა ამავე კოდექსის 183-ე მუხლით გათვალისწინებული წესებთან
ერთობლიობაში უნდა განხორციელდეს და უძრავი ქონების გადაცემისათვის
ხელშეკრულების სანოტარო წესით გაფორმება საკმარისი არ არის. 12

2007 წლის 15 მარტამდე სამოქალაქო კოდექსი ითვალისწინებდა, რომ უძრავ 9


ქონებასთან დაკავშირებული საკუთრების შეძენის ყველა ტიპის გარიგებისათვის
სავალდებულო იყო სანოტარო წერილობითი ფორმით დადებული ხელშეკრულება.
ამჟამად, 69-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, წერილობითი ფორმის არსებობისას,
კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ან მხარეთა შეთანხმებით გარიგება ან
გარიგების მონაწილი მხარეთა ხელმოწერის ნამდვილობა უნდა დაამოწმოს
ნოტარიუსმა ან კანონით გათვალისწინებულმა სხვა პირმა. 69-ე მუხლის 5-ე ნაწილში
მითითებული დებულება „კანონით გათვალისწინებული შემთხვევა“ გვხვდება სწორედ

9 Larenz/Wolf, AT des bürg. Rechts, 2004, § 20, Rn.10.


10 ზოიძე, ქართული სანივთო სამართალი, 2003, გვ. 27.
11 Terlau, in Erman BGB Kommentar, 12. Aufl., 2008, Titel 18, § 761, Rn. 1.

12საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 19 ივნისის № ას-185-
178-2012 განჩინება.
3
ზურაბ ძლიერიშვილი
ბოლო დამუშავება: 24 მაისი, 2016

სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულებასთან მიმართებაში, როცა სარჩენი რჩენის


სანაცვლოდ მარჩენალს გადასცემს უძრავ ქონებას.13

10 ერთ-ერთ საქმეზე სასამართლომ განმარტა, რომ „საჯარო რეესტრში რეგისტრაციის


ვადას კანონი მართალია არ ადგენს, თუმცა ამავდროულად, უფლების წარმომშობი
აქტის (მოცემულ შემთხვევაში ხელშეკრულების) რეგისტრაცია სხვის უფლებას არ უნდა
ეწინააღმდეგებოდეს, ანუ კერძო სამართლის სუბიექტმა ეს უფლება გონივრულ ვადაში
თუ არ განახორციელა (რჩენის ხელშეკრულების საჯარო რეესტრში
დაურეგისტრირებლობამ), შედეგად შეიძლება სხვა სუბიექტის მიერ ამავე ნივთზე
მოგვიანებით წარმოშობილმა უფლებამ (მოცემულ შემთხვევაში მემკვიდრეობამ)
გადაწონოს“.14

3.
ხელშეკრულების ფორმის დაუცველობით გამოწვეული სამართლებრივი
შედეგები
11 რადგან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებები
სახელშეკრულებო სამართლებრივ ურთიერთობებზედაც ვრცელდება, სამისდღეშიო
რჩენის ხელშეკრულების ფორმასთან დაკავშირებულ საკითხებზე მსჯელობისას,
მნიშვნელოვანია 59 I მუხლის დანაწესი, კერძოდ, ბათილია კანონით ან
ხელშეკრულებით გათვალისწინებული აუცილებელი ფორმის დაუცველად დადებული
გარიგება, ასევე ნებართვის გარეშე დადებული გარიგება, თუ ამ გარიგებისთვის
საჭიროა ნებართვა. ზოგადად, ხელშეკრულების ფორმისთვის მინიჭებული
სამართლებრივი მნიშვნელობიდან გამომდინარე, ფორმის დაუცველობის შედეგი –
ხელშეკრულების ბათილობა15 შეიძლება განპირობებული იყოს როგორც მარტივი, ასევე
რთული წერილობითი ფორმის დაუცველობით.16 აღნიშნულ ნორმას იმპერატიული
ხასიათი აქვს. ამიტომ, მხარეებს მისგან გადახვევა, არ შეუძლიათ.17

12 უძრავ ნივთზე დადებული ვალდებულებითი გარიგების ფორმასავალდებულობა


ნათლად წარმოაჩენს კანონმდებლის მიზანს — უძრავი ნივთების სპეციალურ
სამართლებრივ რეჟიმში მოქცევით ხელი შეუწყოს სამოქალაქო ბრუნვის
სტაბილურობას.18 ერთ-ერთ საქმეზე სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო

13 ძლიერიშვილი, ქონების საკუთრებაში გადაცემის ხელშეკრულებების სამართლებრივი ბუნება, 2010, გვ.


435.
14 საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 19 ივნისის № ას-185-

178-2012 განჩინება.
15 კერესელიძე, უზოგადესი ცნებები, 2009, გვ. 301.

16 ზოიძე, სკ-ის კომენტარი, წიგნი I, მუხ. 59, გვ. 193.

17 საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 10 მარტის N ას-1220-

1071-2010 განჩინება.
18 საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 24 ივლისის N ას-221-

213-2012 განჩინება.
4
ზურაბ ძლიერიშვილი
ბოლო დამუშავება: 24 მაისი, 2016

კოდექსის 942-ე მუხლი არ გამორიცხავს ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში


სარჩენის მიერ მარჩენალისათვის უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემას, თუმცა,
უძრავი ქონების გადაცემის შემთხვევაში, ხელშეკრულება უნდა დამოწმდეს სანოტარო
წესით. სადავო ხელშეკრულება სანოტარო წესით დამოწმებული არ არის. სამოქალაქო
კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აუცილებელი ფორმის
დაუცველად დადებული გარიგება ბათილია. შესაბამისად, სადავო გარიგება ბათილია
და არ წარმოშობს გარიგებით გათვალისწინებულ სამართლებრივ შედეგებს.19

იმ შემთხვევაში, თუ სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება ფორმის დაუცველობის გამო 13


ბათილად იქნება ცნობილი, დადგება ორმხრივი რესტიტუციის საჭიროება ანუ
მარჩენალმა უნდა დააბრუნოს გადაცემული ქონება და მოითხოვოს გაწეული ხარჯების
აუნაზრაურება უსაფუძვლო გამდიდრების საფუძველზე.20

III. ნორმის მნიშვნელობა საპროცესო სამართალში


ზოგჯერ სახელშეკრულებო ურთიერთობების თანმდევი პროცესი და შედეგია, რომ 14
ხელშეკრულების მხარეებს შორის იგივე ხელშეკრულებასთან დაკავშირებულ
საკითხებზე წარმოიშვას გარკვეული ხასიათის დავები.

დავის საგანს შესაძლოა ის საკითხიც წარმოადგენდეს, დაიდო თუ არა მხარეთა შორის 15


ხელშეკრულება. ბუნებრივია, ასეთი საკითხების სამტკიცებლად საჭიროა, მხარეებმა
წარმოადგინონ გარკვეული სახის მტკიცებულებები. შესაბამისად, რადგან სამისდღეშიო
რჩენის ხელშეკრულების ნამდვილობისათვის კანონით დადგენილია წერილობითი
ფორმა, იგი მტკიცებულებათა დასაშვებობის პრინციპიდან გამომდინარე ერთადერთ
მტკიცებულებას წარმოადგენს. ერთ-ერთ საქმეზე სასამართლომ განმარტა, რომ,
მოცემულ შემთხვევაში, სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების ბათილობის მტკიცების
ტვირთი ეკისრებოდა მოსარჩელეს, რომელმაც ვერ დაამტკიცა ის გარემოებები, რაც
გახდებოდა სადავო ხელშეკრულების ბათილობის საფუძველი, შესაბამისად, არ
არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლები.21

19 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 11 სექტემბრის №


2ბ/2002-12 გადაწყვეტილება.
20 ძლიერიშვილი, ქონების საკუთრებაში გადაცემის ხელშეკრულებების სამართლებრივი ბუნება, 2010, გვ.

437.
21 საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005

წლის 24 მარტის N ას-1009-1268-04 განჩინება.


5
ზურაბ ძლიერიშვილი

You might also like