You are on page 1of 2

ბოლო დამუშავება: 2 თებერვალი 2016

მუხლი 161. კეთილსინდისიერი მფლობელის მიერ უკანონო ხელშეშლის აღკვეთის


მოთხოვნა
თუ კეთილსინდისიერ მფლობელს არ ჩამოერთმევა ნივთი, მაგრამ სხვაგვარად
შეეშლება ხელი მისი მფლობელობის განხორციელებაში, მაშინ მას, მსგავსად
მესაკუთრისა, შეუძლია მოითხოვოს ხელის შეშლის აღკვეთა. ამასთანავე, მას შეუძლია
მოითხოვოს მფლობელობის ხელყოფით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ზიანის
ანაზღაურების ეს წესი გამოიყენება მაშინაც, როცა შეუძლებელია ხელის შეშლის
აღკვეთის მოთხოვნა.

I. ზოგადი დებულებები

161-ე მუხლიც, ისევე როგორც 160-ე მუხლი, წარმოადგენს ნივთის მფლობელის 1


პოსესორულ მოთხოვნას, რომელიც არა მფლობელობის ჩამორთმევაში, არამედ მისი
სხვაგვარად ხელშეშლაში გამოიხატება. ნორმის მიზანია, რომ ნივთის
კეთილსინდისიერ მფლობელს მესაკუთრის მსგავსად ჰქონდეს ხელშეშლის აღკვეთის
სამართლებრივი საფუძველი. კეთილსინდისიერი მფლობელი, 159-ე მუხლის
შესაბამისად, უპირველეს ყოვლისა, არის ის პირი, რომელიც ნივთს სამართლებრივი
საფუძვლით ფლობს. მაგალითად, დამქირავებელი, მოიჯარე ან მონათხოვრე.

II. ნორმის წინაპირობები

1. მფლობელობის ხელშეშლა

ნორმის წინაპირობას წარმოადგენს მფლობელობის ხელშეშლა, რომელიც არ 2


გამოიხატება მფლობელობის ჩამორთმევაში. ხელშეშლა, ამ მუხლის თანახმად, უნდა
გრძელდებოდეს და მას უნდა ჰქონდეს უწყვეტი ხასიათი. თუ საკუთრების ხელშეშლას
ადგილი ჰქონდა წარსულში და იგი დამთავრებულია, ამ შემთხვევაში, მოთხოვნის
უფლება არ არსებობს.

2. ხელშეშლის უკანონობა

ხელშეშლის ქმედება განხორციელებული უნდა იყოს უკანონოდ. მაშასადამე, 3


მოცემული უნდა იყოს ქმედების მართლწინააღმდეგობა. მართლსაწინააღმდეგოა
ქმედება, თუ მოცემული არ არის მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი
გარემოებები, როგორიცაა, აუცილებელი მოგერიება, უკიდურესი აუცილებლობა,
თვითდახმარება და სხვა. ქმედება შეიძლება გამოიხატებოდეს როგორც მოქმედებაში,
ისე უმოქმედობაში.

3. მოთხოვნის უფლების მფლობელი

მოთხოვნის უფლების მფლობელია კეთილსინდისიერი მფლობელი, მაგალითად, 4


დამქირავებელი. შესაძლებელია მოთხოვნის უფლების დათმობა მესამე პირისათვის,
მაგრამ ვინაიდან იგი, როგორც პოსესორული მოთხოვნა, ნივთის მფლობელობასთან

1
ლევან თოთლაძე
ბოლო დამუშავება: 2 თებერვალი 2016

განუყრელად არის დაკავშირებული, მოთხოვნის დათმობას თან უნდა სდევდეს მესამე


პირზე მფლობელობის გადაცემაც.

4. მოთხოვნის უფლების მოვალე

5 მოთხოვნის უფლების მოვალე არის პირი, რომელიც უშუალოდ ახორციელებს


ხელშეშლის ქმედებას. მოთხოვნის უფლების პოსესორული ბუნებიდან გამომდინარე,
იგი შესაძლებელია მიმართული იყოს მესაკუთრის წინააღმდეგაც.

III. მოთხოვნის უფლების შინაარსი

6 კეთილსინდისიერ მფლობელს შეუძლია მოითხოვოს ხელშეშლის აღკვეთა. მოვალე


ვალდებულია, საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს ხელშეშლის აღკვეთა. მოთხოვნის
უფლების მფლობელს შეუძლია მოითხოვოს ხელშეშლის შედეგად წარმოშობილი
ზიანის ანაზღაურება ზოგადი წესების თანახმად. ზიანის ანაზღაურება შეუძლია მას
მოითხოვოს იმ შემთხვევაშიც, როცა ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნა შეუძლებელია.

IV. მტკიცების ტვირთი

7 მოსარჩელეს, კეთილსინდისიერ მფლობელს, ეკისრება მტკიცების ტვირთი, რომ


მოვალის მიერ განხორციელებულია მისი მფლობელობის ხელშეშლა.

2
ლევან თოთლაძე

You might also like