You are on page 1of 2

ბოლო დამუშავება: 21 დეკემბერი, 2015

მუხლი 294. იპოთეკით დატვირთული ნივთის მოვლის მოვალეობა


1. მესაკუთრე ვალდებულია, ისე განახორციელოს ნივთის მოვლა-პატრონობა, რომ
იპოთეკის მიზანს არ შეექმნას საფრთხე. საფრთხის შემთხვევაში კრედიტორს შეუძლია,
მესაკუთრეს განუსაზღვროს შესაბამისი ვადა ამ საფრთხის თავიდან ასაცილებლად. თუ
იპოთეკით დატვირთულ ნივთს ფლობს კრედიტორი, ნივთის მოვლა-პატრონობის
მოვალეობა მასვე ეკისრება.
2. თუ ნივთი დაზღვეულია, მზღვეველს სადაზღვევო თანხის გადახდა
დამზღვევისათვის ვითარების გაუარესების შემდეგ მხოლოდ მაშინ შეუძლია, როდესაც
ზიანის მიყენების ფაქტის შესახებ კრედიტორს უკვე ეცნობა. კრედიტორს შეუძლია წინ
აღუდგეს თანხის გადახდას, თუ იგი შიშობს, რომ თანხა არ იქნება გამოყენებული
ნივთის აღსადგენად.
3. თუ ირკვევა, რომ მესაკუთრე ვერ ასრულებს ნივთის მოვლის მოვალეობას,
კრედიტორს უფლება აქვს, მოითხოვოს მისთვის ნივთის სამართავად გადაცემა.
გადაწყვეტილებას ასეთი მოთხოვნის შესახებ იღებს სასამართლო.
4. თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, შეთანხმება, რომლითაც
მესაკუთრე კრედიტორის წინაშე იღებს ვალდებულებას, არ გაასხვისოს, არ ისარგებლოს
ან სხვანაირად არ დატვირთოს უძრავი ნივთი, ბათილია. ასეთი გარიგებების
ნამდვილობა მესამე პირთათვის არ შეიძლება დამოკიდებული იყოს კრედიტორების
თანხმობაზე.
5. იპოთეკის ხელშეკრულებით მესაკუთრემ კრედიტორის წინაშე შეიძლება აიღოს
ვალდებულება, რომ მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს არ დატვირთავს
აღნაგობის უფლებით.

I. ზოგადი დებულებები

1. მუხლის ნორმების მიზანი და რეგულირების საგანი


მუხლის ნორმები ადგენს იპოთეკის საგნის მოვლა-პატრონობის, აგრეთვე, იპოთეკის 1
საგნით სარგებლობისა და მისი განკარგვის წესებს; ნორმების მიზანია იპოთეკის
ხელშეკრულების ორივე მხარის ინტერესების დაცვა როგორც, ერთი მხრივ, იპოთეკის
საგნის შენარჩუნების, ისე, მეორე მხრივ, იპოთეკის საგნით სარგებლობისა და მისი
განკარგვის თავისუფლების დაშვებით.

2. ნორმის შექმნისა და განვითარების ისტორია


მუხლის თავდაპირველი რედაქცია არაერთხელ შეიცვალა. პირველად იგი შეიცვალა 2
2007 წლის 29 ივნისის №5127 კანონით. ამ კანონით ძირითადად შეიცვალა მხოლოდ
მუხლის 1-ლი ნაწილი. შემდგომში 2011 წლის 1 ივლისის №5017 კანონით მუხლს
დაემატა მე-5 ნაწილი.

1
ზურაბ ჭეჭელაშვილი
ბოლო დამუშავება: 21 დეკემბერი, 2015

II. იპოთეკის საგნის მოვლა-პატრონობა

3 როგორც წესი, იპოთეკის საგანი რჩება მესაკუთრის მფლობელობაში; შესაბამისად, ამ


უკანასკნელს ეკისრება იპოთეკის საგნის მოვლა-პატრონობა, რათა იპოთეკის მიზანს არ
შეექმნას საფრთხე. საფრთხის შემთხვევაში იპოთეკარს შეუძლია, მესაკუთრეს
განუსაზღვროს შესაბამისი ვადა ამ საფრთხის თავიდან ასაცილებლად. თუ მესაკუთრე
ჯეროვნად ვერ ასრულებს იპოთეკის საგნის მოვლა-პატრონობის ვალდებულებას,
იპოთეკარს უფლება აქვს, მოითხოვოს მისთვის იპოთეკის საგნის სამართავად გადაცემა.
გადაწყვეტილებას ასეთი მოთხოვნის შესახებ იღებს სასამართლო. იპოთეკის
ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ შეთანხმდნენ იპოთეკის საგნის დაზღვევის
შესახებ. ამ შემთხვევაში მზღვეველს სადაზღვევო თანხის გადახდა დამზღვევისათვის
შეუძლია მხოლოდ იმ პირობით, რომ ზიანის მიყენების ფაქტის შესახებ იპოთეკარს
ეცნობება. იპოთეკარს შეუძლია წინ აღუდგეს თანხის გადახდას, თუ იგი შიშობს, რომ
თანხა არ იქნება გამოყენებული იპოთეკის საგნის აღსადგენად.

III. იპოთეკის საგნით სარგებლობისა და მისი განკარგვის თავისუფლება

4 ზოგადი წესით, დაუშვებელია იპოთეკის საგნის მესაკუთრის უფლების შეზღუდვა,


თავისი შეხედულებით გაასხვისოს, უფლებრივად დატვირთოს იპოთეკის საგანი,
აგრეთვე, თავისუფლად ისარგებლოს ამ ნივთით. უფრო მეტიც, იპოთეკის
ხელშეკრულების მხარეები რომც შეთანხმდნენ აღნიშნულ შეზღუდვაზე ან აკრძალვაზე,
ასეთი შეთანხმება ბათილად მიიჩნევა როგორც კანონსაწინააღმდეგო
(მართლსაწინააღმდეგო) გარიგება (54). თუმცა, ამ ზოგადი წესიდან კანონით შეიძლება
გათვალისწინებულ იქნეს გამონაკლისებიც. სწორედ ერთ-ერთ ასეთ კანონისმიერ
გამონაკლისად მუხლის მე-5 ნაწილის ნორმა ასახელებს მხარეთა შეთანხმებას იპოთეკის
საგნის აღნაგობის უფლებით დატვირთვის აკრძალვის შესახებ; კანონის მხრიდან ასეთი
შეთანხმების დაშვების მოტივი მდგომარეობს აღნაგობის უფლების საჯარო რეესტრში
რეგისტრაციის სპეციფიკაში, სხვა დანარჩენ შეზღუდულ სანივთო უფლებებთან
შედარებით, ყოველთვის დაიკავოს მხოლოდ პირველი რიგი, რომელიც არ შეიძლება
შემდგომში შეიცვალოს (237). შესაბამისად, აუცილებელი გახდა იპოთეკარის
ინტერესების დაცვა იპოთეკის საგნის მესაკუთრის არაკეთილსინდისიერი
მოქმედებისაგან, რაც გამოიხატება კუთვნილ უძრავ ნივთზე იპოთეკის უფლების
რეგისტრაციის შემდეგ მისი აღნაგობით დატვირთვის შედეგად იპოთეკარისათვის
პირველი რიგის წართმევაში.

2
ზურაბ ჭეჭელაშვილი

You might also like