You are on page 1of 5

ხუთი მთავარი საფრთხე, რომელიც საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებას

ემუქრება

საქართველოს, ისევე როგორც ყველა სახელმწიფოს, საკუთარი გამოწვევები


და პრობლემები აქვს, რომელთა გამკლავებაც ყოველდღიურად უწევს.
მიუხედავად უამრავი დაბრკოლებისა, არსებობს საფრთხეები, რომლებიც
განსაკუთრებით საშიშია საქართველოსთვის, იმდენად რომ შესაძლოა ეროვნული
დონის საფრთხედაც იქნას აღქმული. რა თქმა უნდა, ყველა საფრთხე არ
განეკუთვნება ზემოთხსენებულ კატეგორიას და იმისათვის რომ აყვანილ იქნას
ეროვნული უსაფრთხოების ხარისხში, იგი უნდა ემუქრებოდეს ერთ-ერთს მაინც
იმ ოთხი ფუნდამენტური საფუძვლიდან, რომელიც სრულფასოვანი სახელმწიფოს
არსებობისთვისაა აუცილებელი. ტერიტორია, მოსახლეობა, მთავრობა და
სუვერენიტეტი წარმოადგენენ ამ ოთხ ქვაკუთხედს სახელმწიფოებრიობისა.
მათგან ერთ-ერთ საბაზისო პირობას, ტერიოტრიას, შესაძლოა დაემუქროს ისეთი
გარეშე საფრთხეები როგორიცაა სამხედრო აგრესია, ოკუპაცია, სეპარატიზმი და
ამის ნათელი მაგალითი მრავლად მოიძებნება მსოფლიოში: რუსული ოკუპაცია
პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, მის მიერვე გაღვივებული სეპარატიზმი, რომელიც
რუსული ფაქტორისგან დამოუკიდებლად ევროპის ისეთ ქვეყნებსაც კი
დაემუქრა, როგორიც ესპანეთი(კატალონიის საკითხი, ორგანიზაცია „ეტა“) და
ირლანდიაა(ჩრდილოეთ ირლანდიის საკითხი, დაჯგუფება „ირა“). გარდა ამისა,
ტერიტორიას, შესაძლოა ისეთი ეკოლოგიური საფრთხეებიც დაემუქროს,
როგორიც სტიქიური მოვლენები, ტექტონიკური საფრთხეები და გაუდაბნოებაა.
რაც შეეხება საშიშროებებს, რომლებიც მოსახლეობას ემუქრება, უნდა აღინიშნოს,
რომ ეს უკანასკნელნი ხშირად მჭიდრო კავშირში არიან ტერიტორიულ
საფრთხეებთან. ისტორიაში მარვლადაა ომის შემდგომ პერიოდში შიმშილით,
ეპიდემიით დაღუპვის შემთხვევები. ეთნიკური წმენდა, გენოციდი, საკუთრივ
ომის მიმდინარეობისას. სახელმწიფოს სუვერენიტეტს კი შეიძლება დაემუქროს
აგრესორი ქვეყნის მიერ დაპყრობა, ანექსირება, ასევე მეორე ქვეყანასთან შეზრდა -
კულტურული ასიმილირება. შესაძლოა ქვეყანამ გარკვეულწილად დათმოს და
სუვერენიტეტი გადასცეს საერთაშორისო სამთავრობო ორგანიზაციასაც, ამას გარე
სუვერენიტეტი ეწოდება. ქვეყნის მთავრობისათვის ერთ-ერთ უმთავრეს
საშიშროებას კი ლეგიტიმურობის, მოქალაქეთა უმრავლესობის ნდობის დაკარგვა
წარმოადგენს, რაც შესაძლოა გადატრიალებით დასრულდეს.
იმ საშიშროებათაგან, რომელიც დღესდღეობით ქართული სახელმწიფოს
ეროვნულ უსაფრთხოებას ემუქრება, ტერიტორიული ოკუპაცია უპირველესად
მიიჩნევა არსებული რეალობიდან გამომდინარე. საქართველოს რესპუბლიკის
ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაში პირველი ადგილი ეროვნულ
ინტერესთაგან სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას უკავია.
საქართველო მუდამ განიცდიდა ჩრდილოეთიდან მომავალ ოკუპაციას.
დღესდღეობით, განსაკუთრებით 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ,
ეს განგრძობადი პროცესი, რომელმაც განახლებული სახე მცოცავ ოკუპაციაში,
ბორდერიზაციაში ჰპოვა, სხვა მრავალი საშიშროების გარდა, კვლავაც არ აძლევს
ქვეყანას გასქანს და უფერხებს სვლას ევროატლანტიკური ინტეგრაციისაკენ
მიმავალ გზაზე. მას შემდეგ რაც რუსულმა მხარემ დაარღვია პირობა ომის
შემდგომ სამხრეთ ოსეთიდან სამხედრო ტექნიკის გაყვანაზე, იგი აქტიურად
განაგრძობს აფხაზეთის და სამაჩაბლოს მილიტარიზაციას და არსებული VII და IV
ბაზების გაძლიერებას. აგრესორის მთავარი ბერკეტი, რომელსაც ის
მარიონეტული რეჟიმების სამართავად იყენებს, მათი მჭიდრო დამოკიდებულებაა
რუსეთზე, სოციო-ეკონომიკური კუთხით. უკანონო მცოცავ ბორდერიზაციასა და
მავთულხლართების გავლებას თან ერთვის სეპარატისტების მიერ საქართველოს
მოქალაქეების გატაცება, მკვლელობა და უკანონო პატიმრობაში დატოვება.
მსგავსი მაგალითები მრავლადაა ბოლო პერიოდის განმავლობაში: გიგა
ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეები, ვაჟა
გაფრინდაშვილის და აწ უკვე ზაზა გახელაძის კანონგარეშედ დაპატიმრება და ა.შ.
თვით საზღვრის მიღმა დარჩენილი ქართული მოსახლეობაც, როგორც გალში
ასევე ცხინვალში უკიდურესად დაუცველი და მოწყვლადია რეჟიმის მიმართ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომელიც ყოველწლიურად აქვეყნებს
წლიურ შემაჯამებელ მოხსენებას, უკანასკნელ ანგარიშში კვლავ ხაზგასმით
აღნიშნავს ეთნიკური ქართველების კრიტიკულ უფლებრივ მდგომარეობას,
განსაკუთრებით გალში. მათი მდგომარეობა პირდაპირაა დაკავშირებული მათ
მიერვე ეთნიკური კუთვნილების „შეცვლასთან“. დე ფაქტო რეჟიმი აქტიურად
იყენებს „სამურზაყანოელი აფხაზის“ გამოგონილ ცნებას და მისი დამკვიდრების
მიზნით შექმნილ ე.წ. ორგანიზაციებს. რეჟიმი ასევე ცდილობს ოკუპირებულ
ტერიტორიებზე ქართული კვალის და ცნობიერების წაშლას, რაც გამოიხატება
დევნილი ქართველების მიტოვებული სახლების ნგრევაში, სასწვალო პროცესიდან
ქართული ენის ამოღებაში და ა.შ.
კიდევ ერთი საფრთხე, რომელიც საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების
არაერთ ასპექტს ემუქრება, რუსეთიდან მომავალი ჰიბრიდული ომის საფრთხეა.
ვალერი გერასიმოვის დოქტრინად წოდებული ეს ფენომენი, რომელიც მოიცავს
არაკონვენციური გზებით სახელმწიფოსთან ბრძოლას, დღის წესრიგში 2008 წლის
ომის შემდგომ, განსაკუთრებით კი ყირიმის ანექსიამდე დადგა. შენიშნა რა
რუსეთმა, რომ პირდაპირ ხისტ ძალას ეფექტური შედეგი არ ჰქონდა, მიმართა
ზემოთხსენებულ ხერხს. მან დაიწყო დიპლომატიური, კულტურული,
ეკონომიკური, დეზინფორმაციული მეთოდებით საქართველოს წინააღმდეგ
აქტიური მოქმედებები. სუს-ის კონტრდაზვერვითი საქმიანობის განხილვაში
ნათქვამია, რომ 2018 წელს გარეშე ქვეყნების სპეცსამსახურები აქტიურად
იყენებდნენ ჰიბრიდული ომის მეთოდებს მიზნების მისაღწევად. ისინი
იყენებდნენ სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებს, სოციალურ ქსელს,
დეზინფორმაციის და პროპაგანდის გასავრცელებლად. თესავდნენ შიშს და
საზოგადოებრივ აზრზე მანიპულირებით მნიშვნელოვან პროცესებზე ახდენდნენ
გავლენას. სახელმწიფოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე შემოგზავნილი
პირების მეშვეობით ანხორციელებდნენ საზოგადოების პოლარიზაციას ეთნიკურ,
რელიგიურ ნიადაგზე. დეზინფორმაციის მეშვეობით რუსული სპეცსამსახურები
ცდილობდნენ მოსახლოებოის მოწყვლად ფენაში ანტიდასავლური და
ანტიდემოკრატიული იდეების გაღვივებას. რუსეთის მიერ საქართველოს მიმართ
წარმოებული ჰიბრიდული ომის ნათელი გამოვლინებაა კიბერ შეტევები, რომლის
ერთ-ერთი პირველი მაგალითი 2008 წლის ომში კონვენციური მეთოდების
პარალელურად განხორციელებული შეტევაა. შეტევა რომელმაც გამოიწვია
სამთავრობო საიტების მწყობრიდან გამოყვანა, დაკიდება, მათი რეალური ფორმის
დამახინჯება, საბანკო სერვისების შეფერხება და ა.შ. უნდა ითქვას, რომ იმ
დროისთვის განხორციელებულ კიბერ თავდასხმას არ ჰქონია სავალალო შედეგი,
რაც ქვეყნის კრიტიკული ინფრასტრუქტურის ციფრულ სისტემაზე ნაკლებმა
დამოკიდებულებამ და მოსახლეობის „კომპიუტერიზაციის“ დონის ნაკლებობამ
გამოიწვია. მას შემდეგ კი მრავალჯერ განხორციელდა საბანკო სექტორსა თუ
ტელემაუწყებლებზე კიბერშეტევები და ამ უკანასკნელთან მიმართებაში
თავდასხმა ინფორმაციის უკანონოდ მოპოვებას ისახავდა მიზნად. საქართველო
კვლავაც უკიდურესად მოწყვლადია მსგავსი საფრთხეების მიმართ და
მასშტაბური სახის კიბერ ოპერაციამ შესაძლოა მეტად საზიანო შედეგებიც
გამოიწვიოს. სამწუხაროდ ამ ყოველივეს ფონზე, საქართველოს კვლავაც არ
მიუღია კიბერ უსაფრთხოების სტრატეგია, რომელიც 2016 წლიდან დგას დღის
წესრიგში.
ტერორიზმი და მასთან ბრძოლა, რომელიც აქტიურად განიხილება
მრავალი სახელმწიფოს მიერ, წარმოადგენს კიდევ ერთ გამოწვევას საქართველოს
ეროვნული უსაფრთხოებისათვის. საქართველო საკუთარი გეოპოლიტიკური
მდებარეობიდან გამომდინარე, უძველესი დროიდან წარმოადგენდა
გზაჯვარედინს, ერთგვარ გასაყარს აღმოსავლური და დასავლური სამყაროსი. იგი
სატრანზიტო ქვეყანა იყო და გარკვეულწილად დღესაც ინარჩუნებს ამ ფუნქციას.
მრავალ უპირატესობასთან ერთად, რომელიც მსგავს მდებარეობას მოაქვს
ქვეყანაში კრიტიკული ინფრასტრუქტურის: ნავთობსადენების, რკინიგზის,
პორტების არსებობით, ეს ყოველივე სერიოზულ უსიამოვნებათა მომტანიც
შეიძლება გახდეს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ამ ყველაფერს შიდა კლიმატიც
უწყობს ხელს. საქართველო არის ერთ-ერთი უმთავრესი დამაკავშირებელი
ჩრდილოეთ კავკასიასა და ახლო აღმოსავლეთს შორის. ჩრდილოეთ კავკასიაში
მცხოვრები ხალხები, განსაკუთრებით კი მუსლიმი ჩეჩნები, რომლებიც ხშირად
ისლამის რადიკალური გამოვლინებების გავლენათა სფეროს ქვეშ ექცევიან,
იყენებენ საქართველოს სირიასა და სხვა ახლო აღმოსავლურ ქვეყნებში
გასამგზავრებლად. მსგავსი მსოფმხედველობის მქონე რადიკალების დროებითი
არსებობაც კი შესაძლოა დიდი საფრთხის შემცველი იყოს ქვეყნის
სუვერენიტეტის, კეთილდღეობისა და მოსახლეობისთვის. მსგავს პირებთან
მიმართებაში ქვეყნის სპეცსამსახურებს განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ
და მათ კონტრდაზვერვის საშუალებით მჭიდრო კავშირი უნდა იქონიონ
სასაზღვრო დეპარტამენტთან, რათა მაქსიმალურად აცილებულ იქნას
გაუთვალისწინებელი შემთხვევები. ქვეყნისთვის ძირითად გამოწვევას
წარმოადგენს ისეთი ტერორისტული ორგანიზაცია და მასთან დაკავშირებული
ჯგუფები, როგორიც „ისლამური სახელმწიფო“, „დაეში“-ა. აღსანიშნავია, რომ
საქართველოსა და შემდგომ თურქეთის გავლით სირიაში არამარტო ჩეჩნეთიდან
გადმოსული პირები, არამედ ადგილობრივი პანკისელებიც მიდიან. მათი
აბსოლუტური უმრავლესობა მუსლიმია და ხშირად ექცევიან მისი რადიკალური
გამოვლინების ქვეშ. ამ ყველაფერს ხელს მათი სამოქალაქო საზოგადოებაში
ნაკლებად ინტეგრირებულობაც უწყობს. პანკისელი ახალგაზრდები
არასახარბიელო პირობებიდან გამომდინარე შეზღუდულნი არიან არჩევანში.
ნათელი მაგალითი მსგავსი შემთხვევისა, „ომარ ალ შიშანიდ“ წოდებული თარხან
ბათირაშვილია, რომელიც 2008 წლის ომში ქართული მხარის სადაზვერვო
ქვედანაყოფის შემადგენლობაში ირიცხებოდა კიდეც, თუმცა წლების შემდგომ,
როდესაც ვერ მოახერხა საზოგადოებაში ინტეგრირება და ციხეშიც კი მოხვდა,
გადაწყვიტა სირიაში საბრძოლველად წასვლა, სადაც ერთ-ერთ შეტაკებას შეეწირა
კიდეც, როგროც ამას საინფორამციო წყაროები იუწყებიან. ნავარაუდევია, რომ
დღესდღეობით სირიაში, „დაეშის“ და სხვა ტერორისტული დაჯგუფებების
შემადგენლობაში 30-მდე საქართველოს მოქალაქე იბრძვის. ტერორისტული
საფრთხის აშკარა და სახიფათო გამოვლინება იყო შემთხვევა, რომელიც ბერი
გაბრიელ სალოსის გამზირზე მოხდა და სპეცოპერაციის შედეგად
ლიკვიდირებულ იქნა ტერორისტთა ჯგუფი. ამ ოპერაციას ქართველი
სპეცდანიშნულების რაზმის წევრიც შეეწირა, რაც აშკარა გამოვლინებაა
ტერორიზმის პრობლემის სიმწვავისა. შეიძლება ითქვას, რომ ეს ფაქტი ცალსახად
მიანიშნებს ქართული სპეცსამსახურების და სასაზღვრო კონტროლის კონკრეტულ
არაეფექტურ მოქმედებაზე. რაც შეეხება ზემოთთქმულ მებრძოლთა გადინებას
აღმოსავლეთში, როგორც სუს-ი აღნიშნავს 2018 წლის შემდგომ მსგავსი შემთხვევა
არ ყოფილა, თუმცა ტერორიზმი კვლავ პრობლემად რჩება საქართველოს მსგავსი
ქვეყნისთვის.
დაუდგენელი საზღვრები მეზობლებთან არის კიდევ ერთი პრობლემა,
როემლიც ეროვნულ უსაფრთხოებას, კონკრეტულად კი ტერიტორიულ
მთლიანობას ემუქრება. საქართველოს ჯერ კიდევ არ აქვს საზღვრების
დემარკაციის პრობლემა მოგვარებული სომხეთსა და აზერბაიჯანთან. ამან თავი
აქტიურად იჩინა დავით-გარეჯის საკითხთან დაკავშირებით. არაჯანსაღმა
საგარეო პოლიტიკამ, საჯარო მოხელეების არაპროფეზიონალიზმმა, შესაბამისი
შედეგიც გამოიღო და აზერბაიჯანული მხარე წააქეზა. გარეჯის სამონასტრო
კომპლექსის გარკვეული ნაწილზე დავა გამძაფრდა და აზერბაიჯანელმა
მესაზღვრეებმა საქართველოსკენ გადმოიწიეს. არსებობს ვარაუდები, რომ
დესტაბილიზაციის პროცესში რუსეთის ხელიც ურევია, რადგან როგორც წესი
დანაწევრებული კავკასია მისთვის სასურველია. ბოლო პერიოდში რუსეთმა
საინგილოს ეკლესიის რუსული ეპარქიის დაქვემდებარებაში გადაყვანაც კი
მოინდომა. შეიძლება ითქვას, რომ ოკუპაციის პრობლემასთან ერთად
ზემოთხსენებული ფაქტორი უდიდეს საფრთხეს უქმნის საქართველოს
ტერიტორიულ მთლიანობას.
ეკოლოგიური კატასტროფები შეიძლება მივიჩნიოთ კიდევ ერთ შესაძლო
საფრთხედ ქვეყნის ტერიტორიისა და მოსახლეობისთვის. საქართველოში
მრავლად არის მეწყერსაშიში და სეისმურად აქტიური ზონები. ეკოლოგიური
კატასტროფის პრობლემა კი აქტიურად დადგა დღის წესრიგში მას შემდეგ, რაც
საქართველოში მასიურად დაიწყო დიდი ჰესების მშენებლობის კამპანია
ენერგოდამოუკიდებლობის კონტექსტის ფარგლებში. ცალკე განხილვის თემაა
რამდენად ამოძრავებს მთავრობას წმინდად სახელმწიფოებრივი ინტერესები,
თუმცა მსგავსი პროექტები უამისოდაც ბევრ პრობლემას ქმნის. ჰესების
მშენებლობას დამატებით ელექტორენერგიასთან ერთად დიდი ზიანი მოაქვს:
იტბორება სოფლები, იცვლება კლიმატი. დამატებით არსებობს საფრთხეც,
რომელიც შესაძლოა მასიური კატასტროფის მიზეზი გახდეს. ისეთი პროექტები
როგორიც არის „ნამოხვანჰესი“, „ხუდონჰესი“ წარმოადგენენ საფრთხეს
ქვეყნისთვის. ვინაიდან რაჭა-ლეჩხუმ ქვემოსვანეთის რეგიონი, სადაც ჰესი უნდა
აშენდეს ეკუთვნის მეწყერსაშიშ და სეისმურად აქტიურ ზონას, დიდი არის
ალბათობა იმისა, რომ უბედური შემთხვევისას, კაშხლიდან
გამოთავისუფლებულმა წყლის მასამ ქალაქ ქუთაისამდე დაახლოებით 17 წუთში
ჩააღწიოს. მოსალოდნელი შედეგები კი ნამდვილად რთულად წარმოსადგენია.
გარდა ამ უმთავრესი პრობლემისა, „ნამოხვანჰესი“ რადიკალურად შეცლის
უნიკალურ კლიმატს, რომელიც ლეჩხუმისთვისაა დამახასიათებელი და
სრულიად გააუფასურებს იმ ძვირფას ენდემურ ვაზის ჯიშებს, რომელიც
რეგიონში ხარობს და ადგილობრივი მოსახლეობის მთავარ შემოსავლის წყაროს
წარმოადგენს მეღვინეობის სახით. ერთი ხელით მთავრობა თითქოს ეხმარება
ადგილობრივ მაცხოვრებლებს ფულადი გრანტებით, მეორე ხელით კი უსპობს
საცხოვრებელ პირობებს. მსგავსი პრობლემის წინაშე დგას გურიის რეგიონის
ცნობილი კურორტი ბახმარო და მაღალმთიანი აჭარა. საფუძვლიანია ეჭვი, რომ
მთავრობა პირდაპირ ფინანსურ სარგებელს ნახულობს ინვესტორისგან და არა
ქვეყნის ენერგო-დამოუკიდებლობაზე ზრუნავს, წინააღმდეგ შემთხვევაში
მასობრივად უნდა ხდებოდეს უკვე არსებული ჰესების მოდერნიზაცია და მათი
ენერგო რესურსის მაქსიმალურად ათვისება. ამ რეალური საფრთხეების თავიდან
ასარიდებლად ადგილობრივი მოსახლეობა მიმართავს პროტესტის რადიკალურ
ფორმებს და მოუწოდებს სახელმწიფოს რეაგირებისკენ. რადმენიმე შემთხვევა
დაპირისპირებისა მოსახლეობასა და პოლიციას შორის უკვე მოხდა და ამ
ყველაფერმა შესაძლოა სერიოუზული დესტაბილიზაციაც გამოიწვიოს
ყველაფერთან ერთად, რაც დამატებითი პრობლემა და გამოწვევა იქნება
ქვეყნისთვის. ქვეყნისთვის, რომელიც საკმაოდ რთულ სოციო-ეკონომიკურ და
პოლიტიკურ მდგომარეობაშია კორონა ვირუსის პანდემიიდან გამომდინარე და
მოსახლეობის უკმაყოფილება დღითიდღე მზარდია. შესაძლოა პროცესების
მსგავსამა გამწვავებამ და თავმოყრამ ერთბაშად იფეთქოს, რაც კარგს არაფერს
უქადის სახელმწიფოს, სულ მცირე მოკლევადიან პერსპექტივაში.

You might also like