Professional Documents
Culture Documents
გულს
მძიმეზე მძიმე სევდა შემომწოლოდა და ის იყო მკერდში მახვილის დაცემა
კინაღამ დავაპირე, რომ ასმათის მსახური მეახლა.
ამაყსა და ჯან-ღონით სავსეს ვინ რას შემატყობდა, მხნედ დავუხვდი. ბარათი
მომართვა: "ვინ სჩან ალვისა ტანისად, ადრე მოდიო, გიბრძანებს, დაუყოვნებლად
ხანისად”, მწერდა ასმათი.
- შევჯექი და გავეშურე. მასთან მივდიოდი და უზომოდ მიხაროდა. ბაღში
შევედი, კოშკის ძირას ასმათი დამიხვდა, მოუთმენლად მიმელოდა. შევატყვე,
ნამტირალევი იყო, "ცრემლი აჩნდა ღაწვთა წთომით”, უწინდებურად აღარ
გამიღიმა, დაღვრემილი მომეგება, ერთი სიტყვაც არ უთქვამს. მერე კვლავ
ტირილი მოერია და ცრემლი გადმოაწვიმა, "ამით უფრო დამაწყლულა, არა
წყლულთა მიაქიმდა”.
მეტად დავღონდი, მაგრამ არა ვკითხე რა. მე ერთსა ვფიქრობდი და სულ სხვა
რამე კი ჩანდა. ქალმა კოშკში შემიყვანა, ფარდაგიც გადამიწია და, ჩემი მთვარე
რომ დავინახე, ვარამი ერთობ მომექარვა, "გულსა შუქი შემომადგა, მაგრა გული
არ დამიდნა” გავუძელი, გონი აღარ დამიკარგავს.
ბევრიც ვიუარო, ამით არაფერი გამოვა, სხვა რამ უნდა ვიღონო-მეთქი, გავიფიქრე
და მხნეობა მოვიკრიბე, თუმცა "მედვა გული მხეცისაებრ” და ტყე-ველად გაჭრას
ვნატრობდი. რას მიქვიან, "ვისმცა მივეც თავი შენი, შენვე რად მე არ წამგვარო?!”
ამაოდ გარჯილან-მეთქი.
მერე მითხრა: "გონიერი ხამს აროდეს არ აჩქარდეს”, რაცა სჯობია, დინჯად უნდა
მოვაგვაროთ. სასიძო რომ არ მოუშვა, ვაითუ ამან ხელმწიფე გაამწაროს, "შენ და
იგი წაიკიდნეთ, ინდოეთი გარდაქარდეს!” მოუშვებ და შემირთავს, ისინი იშვებენ
და იხარებენ, ჩვენ კი, ერთმანეთს დაშორებულნი, ასკეც სატანჯველს მივეცემით,
ძოწეული ძაძით შეგვეცვლება. არა, ეს მოუთმენელია, რომ სპარსნი
გაგვითავადდნენ, ხვარაზმელთა მონა-მორჩილი გავხდეთო.
- ღმერთმა ნუ ქნას, იმას შენი ქმრობა ეღირსოს-მეთქი, მოვახსენე. ინდოეთში
შემოვლენ თუ არა, ვუჩვენებ, რა მეომარიცა ვარ, ჩემი ძალგულოვნება, აი, მაშინ
ნახონ: ისე დავხოცავ, ხელის გაქნევაც ვერ მოასწრონ-მეთქი.
- რაც გინდა იყოს, ქალი ვარ და ქალური გულჩვილობა მომდევსო, მითხრა: დიდ
სისხლისღვრას ერიდე, ლაშქარს ნუ იახლებ, სასიძო მიპარვით მოკალ, მის რაზმს
კი დაეხსენ, ნუ დახოცავ, კაცმა კაცის სისხლი უბრალოდ რად უნდა იტვირთოსო.
ასე მოიქეც, ჩემო ლომო და გმირთა მძლეველო! ეს იქნებაო ნამდვილი
სამართალი, ხმელ ხესაც რომ სიცოცხლეს ანიჭებს: "ქმნა მართლისა სამართლისა
ხესა შეიქმს ხმელსა ნედლად”.
- რა იგი მოჰკლა, მამაჩემს შეუთვალე, ინდოეთს სპარსთა სათარეშოდ ვერ
გავხდი-თქო: ჩემი სამკვიდრო მამულია და ერთ ციდასაც არავის დავუთმობ,
თავი გამანებე, თორემ ციხე-ქალაქს ერთობ გაგიცამტვერებ, ტრამალად გიქცევ-
თქო. ჩემი ნდომა და სიყვარული არც ახსენო, რომ შენს სამართალს ჩრდილი
ვერავინ მიაყენოსო, ხელმწიფე ქედმოდრეკილი თვითონვე შემოგეხვეწება და
`ხელთა მოგცეს თავი ჩემი, შეგვფეროდეს ერთგან სხდომა”.
- მისი რჩევა მეტად მომეწონა. მტერს ხმლით ავკაფავ-მეთქი, დავიქადე. მერე
წამოსასვლელად რომ წამოვდექი, ისევ დაჯდომა შემომთავაზა. მინდოდა
მოვხვეოდი, მაგრამ ვერ შევბედე.