Professional Documents
Culture Documents
მიწის პირი ერთბ მოვლო, მაგრამ იმ მოყმის ამბის მსმენელსაც ვერავის მიაგნო.
ამასობაში სამი წელი სამ თვედ მიიწურა. ბოლოს სადღაც მწირსა და უდაბურ
ადგილას მოხვედრილიყო, მთელ თვეს ძეხორციელი არ ენახა. დიდი გასაჭირი
ადგა, ისეთი, თვით ვისსა და რამინსაც რომ არ დასდგომიათ. დღე და ღამე
სატრფოს მოგონებაში იყო. მასზე ფიქრითღა სულდგმულობდა.
დიდი და მაღალი მთის წვერზე დაისადგურა. იქიდან თვალწინ გადაეშალა
ვრცელი მინდორი, მთელი კვირის სავალი იქნებოდა. მთის ძირას პატარა
მდინარე დიოდა, უხიდოდაც იოლად გადასასვლელი. მდინარეს მიადგა, ვერც
წინ წასვლა გადაეწყვიტა, ვერც უკან დაბრუნება. დრო რომ გამოთვალა, ვადამდე
ორი თვეღა დარჩენოდა, ამაზედ ოხრავდა და კვნესოდა. ცალკე იმას შიშობდა,
ვაითუ საიდუმლო გამიმჟღავნდეს და ყველაფერი ცუდად დატრიალდესო.
საგონებელში ჩავარდნილიყო, აღარ იცოდა რა ექნა:
უკან დავბრუნდე, ჩემს მნათობს რაღა პასუხი მივუტანო, ამდენი ხანი რომ
ფუჭად გამილევია? რა ვუთხრა იმისი, ვის საძებნელადაც წამოვსულვარ, ჭორიც
რომ ვერა გამიგია რა? არ დავბრუნდე და კვალავაც ვეძებო, შევიტყობ კი მის
ამბავს? ამასობაში დათქმული დრო გავა, შერმადინი იმედს გადაიწყვეტს და
ღაწვებზე ცრემლის ღვარი ამაოდ დაედინება. მეფესაც ეახლება და როგორც
თვითონვე დავავედრე, ჩემს სიკვდილს აუწყებს. სასახლეში მწარე გლოვას
მიეცემიან და... „მერემე მივიდე ცოცხალი, სადმე სხვაგან მე რებული!“
ამას ფიქრობდა მტირალი, ეს უშფოთებდა გონებას, ამიტომ შეჰღაღადებდა
ღმერთს საყვედურით: „სამართალნი შენი ჩემთვის რად ამრუდენ“, ამდენი
სიარული წყალში რად ჩამიყარე, სიხარული რად წამართვი და ნაცვლად ჭირი
რად დამიბუდე გულში, მთელი ჩემი დღე და მოსწრება ცრემლსა და ვაებაში რომ
მიდისო.
ისევ და ისევ ცდილობდა თავი გაემხნევებინა - კმარა, დღეის იქით ნუ
მოვკვდებიო, გული გაემაგრებინა - დარდით ნუღარ დადნებიო. რა გაეწყობა,
ასეთი ყოფილა ჩემი ხვედრი: „ავსა კარგად ვერვინ შესცვლის, თავსა ახლად
ვერვინ იშობს“. თუ ღვთის ნება და შეწევნა არ იქნა, სულერთია, ვერაფერს
გავხდები, ცრემლს ამაოდ ვღვრიო.
მთიდან ძირს დაეშვა მდინარის გასწვრივ ტყისპირა შამბნარს გაუყვა. გაოცებული
იყო: ქვეყანაზე უნახავი არავინ გამიშვია და იმ მოყმის ამბავი როგორ ვერ
გავიგეო?! უეჭველად მართალი ყოფილან, ქაჯად რომ თქვესო, და თუ ასეა, რაღა
მაქვს სატირალი, ტყუილად ცრემლს რაღად ვღვრიო?
ავთანდილმა მდინარე გადალახა, ტყე გაიარა და გაიმინდვრა. ტაიჭი
აუჩქარებლად მიჰყავდა და თითქოს მიირხეოდა. სევდას და ბოღმას დაეპყრო: