You are on page 1of 8

ირაკლი ქასრაშვილი

მონა
„ახლო უთქს მონა თორმეტი, უმხნესი სხვათა მხნეთასა“
რუსთაველი
მე მონა ვარ. ოღონდა არა ვიღაც სოვდაგრის ან თუნდაც მხედართმთავრის, მეფის. სულ
თორმეტნი ვართ ასეთები – უშიშარი, თავდადებული მებრძოლები და რაც მთავარია ,
ერთგულნი. მეფის პირადი დაცვა. გვერდით მივყვებით ნადირობისას, მორიგეობით
ვდარაჯობთ მის ძილს სასახლესა თუ ლაშქრობაში, ვიგერიებთ აბეზარ მთხოვნელებს ,
ვიცავთ უცაბედი თავდასხმებისაგან. ყოველი დიდებული, უცხო ქვეყნის ელჩი თუ უბრალო
მოგზაური ჩვენ გვაბარებს იარაღს, ვიდრე მას მიუახლოვდებოდეს. მათ კარგად იციან ,
რომ აუდენციისას თვალს არ ვაშორებთ და ნებისმიერი სახიფათო მოძრაობისთანავე
ძირს დავცემთ. ყოველ წამს მზად ვართ მეფისთვის სიცოცხლის შესაწირად. სწორედ
ამისათვის გვამზადებდნენ და გვწვრთნიდნენ ბავშვობიდანვე . დედ –მამა არცერთს არ
გვახსოვს. მეფეა ჩვენი მბრძანებელიც, მშობელიც და თვითონ სამშობლოც. ზოგჯერ თავის
შვილებს გვიწოდებს. სასახლეში ხმები დადის, თითქოს თორმეტივე ძმები ვართ – მეფის
ვაჟები, რომლებიც მხევლებისაგან შეეძინა. ნეტავ მართლა ხელმწიფის გვარის ვიყო და
არა ვიღაც უგვანო და უჯიშო გლეხისა. მინდვრებში ხშირად გვხვდებიან ისინი –
ჭუჭყიანები, ჩამოგლეჯილი ტანისამოსით, ფეხშიშველნი. ქუდის ნაცვლად რაღაც ნაჭერი
მოუგდიათ თავზე. ხელად მოიგლეჯენ ხოლმე და წელში ოთხად იკაკვებიან, გვერდით თუ
ჩავუქროლებთ. ზურგები მხვდება თვალში – მოხრილი და ოფლით გაწებილი. ერთი–
ორჯერ მათრახიც გადამიჭერია, რათა გზიდან ჩამომცლოდნენ. აი, სახეები კი არ მახსოვს.
პირი სულ მიწისაკენ აქვთ მიქცეული. ალბათ მიწასავით ჭუჭყიანი და ოღრო–ჩოღრო
ექნებათ სახეც. მათი საქმე დღედაღამ შრომაა, რათა ჩვენ – მეომრებს საჭმელი არ
შემოგვაკლდეს. ვინც ამ საქმეს თავს ართმევს, დაე იარსებოს, ვინც არა და – მისთვის
ზედამხედველი და ჯოხი არსებობს.
მეფე უკვე ასაკში შევიდა. ადრე არ იმჩნევდა, მაგრამ ახლა მგონი უკვე გრძნობს
სიბერის მოახლოებას. ცოტა თვალთ დააკლდა, ზოგჯერ მეხსიერებაც ღალატობს. ამას
წინათ, მის საძინებელთან ვდარაჯობდი. მთელი ღამე წინ და უკან დადიოდა . მერე ოთახში
მიხმო, რაღაცის თქმა უნდოდა, ჩემი სახელი კი დაავიწყდა. რა თქმა უნდა, არაფერი
შევიმჩნიე, მაგრამ თვითონ ხომ მიხვდა, რაც მოუვიდა. ვერც გავბედე შემეხსენებინა , რა
მერქვა. ვიდექი ასე, გაჭიმული. მან კი მიყურა, მიყურა, მერე ხელი ჩაიქნია და მანიშნა ,
გადიო. არ გამიკვირდებოდა, გათენებისთანავე თავი რომ მოეკვეთათ ჩემთვის, მზადაც კი
ვიყავი ამისათვის. ჩვეულებრივ, მბრძანებლებს გულზე არ ეხატებათ მათი სისუსტის
მოწმეები, მაგრამ მეფე კარგად ხედავს ჩემს ერთგულებას და ასე უბრალოდ არ გამწირა.
სწორედ ამიტომ მიყვარს ამქვეყნად ყველაზე მეტად. არადა, ვინ დაძრახავდა ? ჩემი
სიცოცხლე ხომ მთლიანად მას ეკუთვნის. ოჯახის ყოლის უფლებაც კი არა გვაქვს.
საბედნიეროდ, მთლად ქალების გარეშეც არ გვტოვებენ. ჩვენ ხომ ბერები არა ვართ ან
რომელიმე ორდენის წევრები. კვირაში ორჯერ ქალაქის განაპირას, საროსკიპოში
დავდივართ. იმ შენობაში, როცა ჩვენ ვერთობით, ფეხს სხვა ვერავინ შემოდგამს.
ჩამოამწკრივებენ ოცდაათ ქალს, ერთი მეორეზე უკეთესებს. დაადე ხელი და აირჩიე ,
რომელიც გინდა, რამდენიც გინდა. ოთახები მეორე სართულზე აქვთ, ფართო
ფანჯრებითა და კიდევ უფრო ფართო საწოლებით. შედი და ისიამოვნე . ამას წინათ
საროსკიპოში ერთი გაბღენძილი ყმაწვილი შემოეხეტა. პირველი ვეზირის გადამწერია
თურმე. დარაჯი შიგნით არ უშვებდა და როგორ მიბედავო, რკინის ჯოხით თავი გაუტეხა იმ
საწყალს. დარაჯმა ღრიალი მორთო. გამოვვარდით გარეთ ნიფხვების ამარა და ხელში
ხმლებით, ვტაცეთ ხელი იმ გადამწერს, გავაშიშვლეთ, დიდ ოთახში ფეხებით დავკიდეთ
და იმ თავისი ჯოხით ზურგი ავუჭრელეთ. ყველაზე გამეტებით სწორედ დარაჯი ურტყამდა .
მერე მეორე სართულზე ავედით და ერთმანეთს ვეჯიბრებოდით, ვინ უფრო ზუსტად
მიაშარდავდა დასისხლიანებულ ზურგზე. ქალები სიცილით დაიხოცნენ. ჩვენს წასვლამდე
ასე ეკიდა. მერე ცოცხალ–მკვდარი წაუღიათ სახლში. სულელი. მთელი ცხოვრება კალმის
მეტი არაფერი გჭერია ხელში, ხმლის მოქნევაც არ იცი წესიერად, პირფერობით გიშოვნია
ორიოდე გროში და რას მოგაქვს თავი პირველი რაინდივით. მთელმა ქალაქმა შეიტყო ეს
ამბავი. ორ თვეს ასულიერებდნენ იმ უბედურს. ვეზირმა ჩვენი დასჯა მოითხოვა , მაგრამ
ვერ მიართვეს. მეფემ ყურადღებაც არ მიაქცია მის ბუზღუნს. ასე უთქვამს : „თავის თავს
დააბრალოს, მე კი მცველებს მცირე გართობას ვერ დავუშლიო“.
გართობას მართლაც არ გვიშლიან, მაგრამ თუკი ამან მოვალეობის შესრულებაში
შეგვიშალა ხელი, მაშინ...
შარშან ერთ–ერთ ჩვენთაგანს მეფის ასულის მესაწოლე ქალი შუყვარდა . თურმე ,
ფარულად ხვდებოდნენ ერთმანეთს ხან სასახლეში და ხან ქალაქში. ჰოდა , როგორც
ხდება ხოლმე ამ დროს, ქალი დაორსულებულა. ეს რა თქმა უნდა, არ იყო
გამოუსწორებელი დანაშაული, მაგრამ კაცმა ერთ სისულელეს მეორე მოაყოლა –
გადაწყვიტა, ცოლად შეერთო თავის სატრფო. თუმცა, ამ აზრს გულში ფარულად ინახავდა
და არავის ანდობდა. შესაფერის დროს ელოდა, რომ მეფეს მუხლებში ჩავარდნოდა და
ნებართვა ეთხოვა. თან მისი რისხვისაც ეშინოდა. სასახლეში კი რა დაიმალება და სანამ
მცველი ორჭოფობდა, მეფეს და მის ასულსაც უკვე მოახსენეს, რა ხდებოდა მათ ზურგს
უკან. ჰოდა, სულ მალე მეფის მცველი საკუთარ ხმალზე წამოგებული იპოვეს, ხოლო
მესაწოლე ქალი სამუდამოდ გაქრა სასახლიდან. რა მოხდა, იცოდა მხოლოდ მეფემ და
ჩვენ, მისმა მცველებმა. ჩვენ კი საიდუმლოს არასოდეს გავთქვამთ.
იმ საღამოს, ჩვეულებრივ, მეფის საძინებელთან ვდარაჯობდით. შეყვარებული მცველიც
იქ იყო. უეცრად, მეფე გამოდის, მიდის მასთან და რაღაცას ეკითხება. ისიც პასუხობს და
ორივე საუბრით მიუყვება დერეფანს. ჩვენც უკან მივყვებით. მეფეს აინტერესებდა ,
გაიშალა თუ არა ბაღში შავი ტიტა. მონამ, ეს რასაკვირველია არ იცოდა და მეფეც თითქოს
ამ ყვავილის სანახავად გაემართა მასთან ერთად. მე სულ სამ ნაბიჯში მივყვებოდი .
ხმადაბლა ლაპარაკობდნენ, განსაკუთრებით მეფე, მაგრამ მაინც მივხვდი , რა ხდებოდა .
შეყვარებულმა მცველმა ალბათ იფიქრა, ჩემი დროც დადგაო და თავისი გულისნადები
გაუმხილა მბრძანებელს. თან მუხლებზე მოეხვია და იძულებული გავხდით,
გავჩერებულიყავით. მცველი, რომელიც იფიცებოდა, ფეხს არ მოვიცვლი აქედან, ვიდრე
თანხმობას არ მივიღებ ქორწინებაზეო, მეფემ მაინც წამოაყენა და გზა განაგრძეს . მეფემ
უსაყვედურა, რატომ დამიმალე შენი ამბავიო. მცველი თავს იმართლებდა, მაგრამ მეფე
უყურადღებოდ უსმენდა, რადგან უკვე ბაღში გავიდნენ და გაშლილ ტიტას
ათვალიერებდა. მერე მიუბრუნდა და ჯიქურ ჰკითხა: „შენ ხომ აკრძალული გაქვს
დაქორწინება და მით უმეტეს, შვილის ყოლა?“ მონა ისევ მოჰყვა თავის მართლებას და
თავისი სიყვარულის სიძლიერეზე დაიწყო ლაპარაკი, მაგრამ მეფემ გააწყვეტინა : „არ იცი ,
რამდენი მტერი მყავს? მარტო შარშან სამი შეთქმულება გამოვააშკარავეთ . ერთხელ შენ
შეაჩერე იმ კაცის ხელი, ზურგიდან რომ მიპირებდა მახვილის ჩაცემას ლაშქრობისას ,
გახსოვს?“ მცველი თავჩაქინდრული დუმდა. „ახლა წარმოიდგინე, რომ იმ შეთქმულის
ძმობილებს შენი ცოლი რომ ჰყოლოდათ დატყვევებული, ან შვილის მოკვლით
დაგმუქრებოდნენ. განა ასეთივე სწრაფი იქნებოდა შენი ხელი და შეუდრეკელი შენი
გული, როდესაც თავდამსხმელი ცხენიდან გადმოისროლე? იქნებ ოჯახზე ფიქრს
შეეყოვნებინე ან კიდევ უარესი, შეთქმულთა ბრძანებები შეგესრულებინა ?“ მცველმა თავი
ასწია. „მეფეო, თუ ჩემს ერთგულებაში ეჭვი გეპარებათ, ამ წამსვე მზად ვარ , მოვკვდე .“
მეფე ნელა აცლიდა ფურცლებს შავ ტიტას. „მე შენი სიკვდილი არ მსურს. მინდა
მომავალშიც ისევე არ გქონდეს სისუსტეები, როგორც ახლა არ გაქვს. ან იქნებ, უკვე
გაქვს?“ „მბრძანებელო, მე თქვენ არასოდეს გიღალატებთ.“ „მაშასადამე, საცოლესა და
ჯერ დაუბადებელ შვილზე მეტად გიყვარვარ?“ „რა თქმა უნდა, ჩემო მბრძანებელო“ მეფე
ყვავილებს შორის ბილიკს გაჰყვა ბაღის ბოლოსაკენ. „და მათ სიცოცხლეს უყოყმანოდ
ანაცვალებდი ჩემსას?“ „დიახ, მბრძანებელო“. ამასობაში თეთრი მარმარილოთი ნაგებ
აბანოსთან მივედით. მეფე აბანოში შევიდა. უკან მივყევით. შიგნით ბნელოდა . უცბათ ვერ
გავარჩიეთ, რა ხდებოდა იქ, მაგრამ კვნეს–ჩურჩულმა აუზისკენ მიგვატრიალა . რამდენიმე
ნაბიჯში, მის პირას შიშველი ქალი და კაცი დავლანდეთ. კაცი იმწამსვე ვიცანი . მეფის
მექისე ჰასანა იყო. მსუქანი სხეულის ქვეშ მოქცეული ქალი თითქმის დაეფარა. მეფე
შეჩერდა. სიბნელეშიც კი შევამჩნიე, როგორ გაფითრდა შეყვარებული მცველი და მიხვდი ,
ვინც იქნებოდა ეს ქალი. მცველმა მახვილზე იტაცა ხელი. წამიც და მასა და მბრძანებელს
შორის გავჩნდი. იარაღი რომ ეშიშვლა, შუაზე გავაპობდი, მაგრამ მეფის ერთმა ცივად
ნასროლმა ფრაზამ: „წავედით აქედან“, ადგილზე გაყინა. ამ დროს ქალის შეკივლება
გავიგონეთ. კივილმა დაბინდული ჰაერი გაკვეთა და შენობაში დატრიალდა უამრავ
გამოძახილად, მაგრამ ამისთვის ყურადღება აღარ მიგვიქცევია. უკან დაბუნებისას მეფე
მარტო მიდიოდა წინ. უიღბლო საქმრო კი ყველაზე უკან მიჩანჩალებდა . თითქოს არც
ესმოდა, რა ხდებოდა გარშემო. სასახლეში შესულს, სანამ მეფემ სამჯერ არ გაუმეორა ,
დღეს თავისუფალი ხარო, ვერ მიხვდა, რას ეუბნებოდნენ. მისი წასვლის შემდეგ მეფემ
გვითხრა: „იცოდეთ, ვინც სისუსტეს ვერ დაძლევს, ის მოღალატე ხდება. ღალატს კი
არცერთს არ გაპატიებთ“.
თუმცა მე არ მეშინია, რომ იმ მცველის ბედი მელის, თავი რომ მოიკლა. ვერცერთი ქალი
ჩემს შეცდენას ვერ მოახერხებს და არც არანაირ სისუსტეს გამოვიჩენ არასდროს.
ღმერთმა დიდი ხნის სიცოცხლე მისცეს ჩვენს მბრძანებელს, თორემ მისი სიკვდილის
შემდეგ რა მელის, ვინ იცის. მემკვიდრე ვაჟი არა ჰყავს და დედოფალი ალბათ ქალების
გარემოცვას ამჯობინებს მამაკაცებისას. არა, დაცვა მასაც დასჭირდება , მაგრამ ისე ახლოს
მაინც ვერ მიგვიშვებს, როგორც ამას მამამისი აკეთებს. რასაკვირველია , ბოლოს და
ბოლოს, შემიძლია მოლაშქრე გავხდე, მაგრამ სად გამუდმებული ხმლის ტრიალი
ბრალიან თუ უბრალო შეტაკებებში და სად მეფის დაცვა. საბედნიეროდ , მეფე ბევრ
ახალგაზრდას ახალაც სჯობია ჯანით. თუმცა ამ ბოლო დროს ღამით სულ აღარ სძინავს.
ჩამობნელდება თუ არა, სანთლებს აანთებინებს მესაწოლეს და გამთენიამდე ბოლთას
სცემს საძინებელში. ვიცი, რაც აშფოთებდა. ჩვენ ყველაფერი ვიცით. ქალიშვილის
თანამოსაყდრედ დასმა გადაწყვიტა და ფიქრობდა, საუკეთესოდ როგორ მოეწყო ეს
ამბავი. არა, უარის თქმას ვინ გაუბედავდა. გამიგონია, რომაელთა იმპერატორმა
სენატორად ცხენი დასვაო და ისიც სად – რომში, მსოფლიოს დედაქალაქში! ჩვენ კი
მაჰმადიანურ ქვეყნებს შორის ჩაკარგული ერთი პატარა არაბული ქრისტიანული სამეფო
ვართ. ალბათ სწორედ ამიტომაა საჭირო ყველაფრის აწონ–დაწონა . ყოველდღე
მსტოვართუხუცესს ებაასებოდა მეფე. წინასწარ დაყარეს ხმა ქალის გამეფების შესახებ და
აინტერესებდა, რას ფიქრობდნენ დიდებულები, როგორი განწყობა ჰქონდა ხალხს ... ჰმ ,
ხალხი. ის, რაღა თქმა უნდა, საბოძვარს ელოდა. რაც მეტი საჭურჭლე გაიცემოდა, მით
უფრო ჩაუვარდებოდათ გულში ახალი დედოფალი. რაც თინათინის გამეფების დღეს
ძვირფასეულობა და ოქრო–ვერცხლი დარიგდა... უბირი ხალხი თავ–პირს ამტვრევდა
ერთიმეორეს, ყოველ გროშზე ხელჩართული ბრძოლა იმართებოდა. ან საიდან
გამოტყვრა ამდენი ხეიბარი, ჩამოგლეჯილ–ჩამოტრეტილი. ქვრივ–ობლებს ხომ ნუღარ
იკითხავთ. ლამის ყოველი შემხვედრი ქალი ქვრივი ვარო, გაჰკიოდა, ბავშვებმა კი
დაივიწყეს, მშობლები ცოცხლები რომ ჰყავდათ (ალბათ, მათივე შეგონებით ) და
ობლობისათვის იკლავდნენ თავს. მათრახს შეუჩერებლივ ვატრიალებდი, რათა მეფის
ტახტრევნისათვის გზა რომ გამეკვალა ბრბოში. კიდევ კარგი, მოლაშქრეთა ასეული
მოგვახმარეს, თორემ გადაგვთელავდა გადარეული ხალხი. ჩემს თვალწინ ერთმა შავებში
ჩაცმულმა დედაკაცმა, მეტი რომ ვერაფერი მოახერხა, ყური მოაჭამა კაცს, ოქროს
მონეტის აღება რომ დაასწრო. ამის შემხედვარეს, გიხარია, რომ მათი მსგავსი არა ხარ და
ფულზე მეტად სიმამაცეს და ერთგულებას აფასებ. მეფემ ჩვენც გვიბოძა თითო ნარჩევი
ცხენი, აბა საჩუქრების გარეშე ხომ არ დატოვებდა უერთგულეს მონებს. რამდენი სიბრძნე ,
მოთმინება და სიმკაცრეა საჭირო, ეს უჭკუო ხალხი რომ მართო, აიძულო, კანონებს
დაემორჩილონ. მბრძანებლად მართლაც უნდა დაიბადო. რა აუღელვებელი იყო მეფე !
იცის, როგორ მოეპყროს ხალხს და ხალხსაც უყვარს იგი, ამიტომ ემორჩილებიან
ხალისით. სულ სხვაა დიდებულები. ზოგი მათგანი ცდილობდა გადაეფიქრებინა მისთვის
თინათინის თანამოსაყდრედ დასმა. „რა დროს თქვენი სიბერეაო“ – ეუბნებოდნენ , –
„თქვენი თათბირი ავიცა სხვისა კარგისა მჯობიაო“. თვალთმაქცობაში გამობრძმედილებს
სიტყვებს რა დაულევთ. მეფე კი უსმენდა და მათ თვალებში კითხულობდა , რა ედოთ
გულში. მათი რჩევების ყურისგდება მეფის მოვალეობაა, ხოლო უარყოფა – მით უმეტეს...
ჩემი ნება რომ ყოფილიყო, სასახლიდან გასვლას არ ვაცლიდი, ისე წავაგდებინებდი
რამოდენიმე მათგანს თავს. ეს სხვებსაც ჭკუაზე მოიყვანდა. მაგრამ ჩვენი მბრძანებელი
მოწყალეა. დასაჯა კი არა, დღესასწაულზე მოიწვია ეს ფარული მოშურნეები , მერე ,
ნადიმის დროს კი თავის გვერდით მიუჩინა საპატიო ადგილი. ჩვენ, მეფის ერთგულ
მონებს, დიდი სიფრთხილე გვმართებს. ვდგავართ გაუნძრევლად მეფის უკან და
ამპარტავან დიდებულებს თვალს არ ვაცილებთ. ვინ იცის, რამდენი მათგანი ოცნებობს
ჩუმად მეფის ტახტზე, ხლართავს შეთქმულების ფარულ თუ აშკარა ქსელს! ღმერთმა
დიდხანს აცოცხლოს მეფე, მაგრამ რა ეშველება მის ქვეყანას, როცა თავისი ძლიერი
მკლავით ვეღარ შესძლებს მის დაცვას? თინათინი მაინც ქალია. ქვეყანას კი მეფე
სჭირდება, ჯარს – წინამძღოლი და ქალს – ქმარი. მეფემ ნადიმზე მოიწყინა და საჯაროდ
გამოაცხადა, გულს მიკლავს, ჩემი დარი მეომარი და მონადირე სხვაც რომ არ მოიძებნება
ქვეყანაშიო. ყველა გაჩუმდა. ერთადერთი ავთანდილი იყო, შეჯიბრში რომ გამოიწვია .
თუმცა სხვა ვერც შებედავდა ამას, რადგან უადგილო ამპარტავნობით შეიძლება თავი
წაეგო. ავთანდილს კი მეფე მოწყალე თვალით უყურებდა, შესაძლოა, უკვე თინათინის
მეუღლედაც სახავდა და უცაბედი მოწყენა შუაგულ ლხინში მხოლოდ მისი გამოსაცდელი
ფანდი იყო. ავთანდილის მამა, ამირსპასალარი, გაცხარებული ბრძოლის დროს
მეფისათვის ნასროლ შუბს გადაფარებია და დაღუპულა. მეფემ მისი მცირეწლოვანი
შვილი სასახლეში წამოიყვანა და გაზარდა. მერე სპასპეტობაც უბოძა. ზოგიერთი ბედნიერ
ვარსკვლავზე რომ დაიბადება, მხედართმთავრობას თამაშ–თამაშით აღწევს. კარგ
მეომრად და მონადირედ ითვლებოდა ავთანდილი. შეიძლება, სამეფოში საუკეთესოდაც .
არადა, ერთხელ ნახევრადხუმრობით მოინდომა ჩემთან გაპაექრება და მესამე მოქნევაზე
ხმალი ხელიდან გავაგდებინე. საშინლად გაბრაზდა და კიდევ შემეჯიბრეო , მითხრა . ისევ
ვაჯობე. მაინც არ მომეშვა. მესამედ უკვე დავუთმე. ვითომ, მისი დარტყმა ვერ მოვიგერიე
და მსუბუქად დამჭრა. სისხლმა, მკლავიდან რომ წამომივიდა, ხელად დააცხრო მისი
გააფთრება, ხმალი მოისროლა და ჭრილობა საკუთარი ხელით გადამიხვია. მას შემდეგ
ყოველი შეხვედრისას მომიკითხავს და სულ მეუბნება, ნეტავ როდის გვეღირსება , მტერს
მხარდამხარ დავუხვდეთო. მტრის დახვედრა არა, მაგრამ ერთად ნადირობა კი მოგვიწია .
თუმცა, სადაური ნადირობაა. ჩვენ, მხლებლებს, პირუტყვი უნდა გამოგვერეკა , ისრები
უნდა მიგვეწოდებინა დროულად და დახოცილი უნდა დაგვეთვალა, სროლის უფლება კი
მხოლოდ მეფეს და მის გაზრდილს ჰქონდათ.
დილაადრიან გავედით სასახლიდან. ჩვენ თორმეტნი ვახლდით მეფეს, ავთანდილმა კი
მხოლოდ ერთი მსახური, შერმადინი იახლა. შერმადინმა ხეირიანად მოსალმებაც არ
იკადრა. ზემოდან გვიყურებდა, გეგონება რამეში გვჯობდა. ცხენსაც განცალკევებით
მიაჭენებდა. გადავწყვიტე, ჯერ–ჯერობით არაფერი მეთქვა. მით უმეტეს, სხვა საქმეები
თავზე საყრელად მქონდა. მარეკებს ნადირი ტყის პირას, ფართო ველზე უნდა
გამოერეკათ. ამის მერე მეფე და ავთანდილი წინ გაიჭრებოდნენ და ნადირის ხოცვას
დაიწყებდნენ, ჩვენ კი უკან უნდა მივყოლოდით და ვინ რამდენი მოკლა, დაგვეთვალა, თან
ისრების მიწოდებაც არ უნდა დაგვევგვიანებინა. მეფის ისრები თეთრი ფერის იყო , წვეტზე
ლათინური ღ მონოგრამით. ავთანდილს კი უბრალო შავი ისრები ჰქონდა, ოღონდ
მეფისაზე ორი თითის დადებით უფრო გრძელი. ნადირობისას მეფე მარტო რჩებოდა ,
დაცვის გარეშე. ქურციკი, ირემი და კანჯარი, რა თქმა უნდა, ვერაფერს დააკლებდა ,
მაგრამ ტყეში დათვიც საკმაოდ იყო და ერთი–ორჯერ ჯიქის კვალიც შეუმჩნევიათ . თუმცა
ოთხფეხა მხეცებზე მეტად ორფეხა მხეცები მაღელვებდნენ. რომელიმე მოღალატეს რომ
მოეფიქრებინა და ტყის პირას ჩასაფრებულიყო, სულ იოლად შეეძლო მეფისთვის ისრის
მიწვდენა. სწორედ ამიტომ, ჯერ კიდევ გათენებამდე ექვსნი წავედით და იქაურობა
გადავჩხრიკეთ. ვერაფერი საეჭვო ვერ ვნახეთ, მაგრამ სამი კაცი მაინც ტყესთან დარჩა
სადარაჯოდ. ისინი ნადირობის დაწყების წინ შემოგვიერთდნენ. გადავწყვიტეთ , რაც
შეიძლება სწრაფად გვეთვალა დახოცილი პირუტყვი და ახლოს ვყოფილიყავით
მეფესთან, რათა საჭიროებისას დროულად ამოვდგომოდით მხარში.
მარეკებმა გამორეკეს ნადირი, მეფემ და ავთანდილმა გააჭენეს ცხენები , მოიმარჯვეს
მშვილდები, გასტყორცნეს ისრები და ჩვენც უკან გავყევით. ყველა დაცემულ ცხოველთან
მივდიოდით, ისარს ვნახულობდით და ვინიშნავდით , ვისი მოკლული იყო. აცდენილ
ისრებსაც ვეძებდით და ცალკე ვინახავდით. მინდორი სულ გადავთელეთ. ნადირობის
დამთავრებისას სისხლსა და მტვერში ვიყავით ამოსვრილები . შევიკრიბეთ , დავთვალეთ
და აღმოჩნდა, რომ ავთანდილს ოცი ნადირით მეტი ჰყავდა მოკლული. კი ვხვდებოდი ასე
რომ იქნებოდა, რადგან მის აცდენილ ერთი ისარსაც ვერ წავაწყდი , მაგრამ მაინც გული
დამწყდა. არავის არ უნდოდა, მეფისათვის ემცნო დამარცხება . ვიღაცამ ისიც კი თქვა ,
კენჭი ვყაროთო. მეტოქეები კი იდგნენ ტყის პირას და ამბავს ელოდნენ. ამდენ ხანს მეფის
მიტოვება არ გვეპატიებოდა. ბოლოს და ბოლოს, ნადირობაში დამარცხდა, სამეფო ხომ
არ დაუკარგავს. თან ვიღაც გადამთიელმა კი არა, საკუთარმა გაზრდილმა აჯობა. „მე
მოვახსენებ–მეთქი“ – ის–ის იყო ვთქვი, რომ საიდანღაც შერმადინიც გამოტყვრა. სუფთა
ტანისამოსი ეცვა, ერთი ლაქაც არ ემჩნეოდა პერანგზე. მისი ცხენი არც კი გაოფლილიყო.
მთელი ნადირობის განმავლობაში თვალი არ მოგვიკრავს მისთვის. ალბათ, სადმე
ჩრდილში იყო წამოწოლილი, ახლა კი იფიქრა, ჩემი დროც დადგა და პატრონს ვახარებ
გამარჯვებასო. „მოდი აქ“, – დავუძახე. მომიახლოვდა. რიდი არაფრის ჰქონდა. ჰოდა,
ისეთი შემოვკარი ყბაში, თავდაყირა გადმოეშვა ცხენიდან და იმ თავის დაულაქავებელი
ტანსაცმლით პირდაპირ სისხლის გუბეში ჩავარდა. ყურადღება არც მიმიქცევია . მივაბრუნე
ცხენი და გავაჭენე მბრძანებლისაკენ. დანარჩენებიც მომყვნენ.

ავთანდილის გამარჯვების ამბავს მეფე დიდად არ დაუმწუხრებია . როგორც ვფიქრობდი ,


ისე იყო: ეს ნადირობა მემკვიდრის გამოსაცდელად მოაწყო. ახლა გული დაიმშვიდა და
გადაწყვიტა, მცირე ხნით მდინარესთან, ჩრდილში დაესვენათ. მოლაშქრეები , რომლებიც
აქამდე მოშორებით მოგვყვებოდნენ, მოგვიახლოვდნენ და მინდორზე დაბანაკდნენ . ჩვენ
თორმეტნი მეფის შორიახლოს ვიდექით. შერმადინი არსად ჩანდა . ალბათ მარტოდმატო
იკლავდა ბოღმას გულში. მის ბატონს არც მოუკითხია. ან კი ის რა მოსაკითხი იყო.

მდინარე გარს უვლიდა მაღალ, ტყისგან დაბურულ მთებს და მათ ფართო მინდვრისაგან
ჰყოფდა. ირგვლივ მწვანე ბალახისა და მიწის სურნელი ტრიალებდა . შორიახლოს შავ
ცხენს მოვკარით თვალი. ლაგამი და უნაგირი მსხვილი თეთრი წერტილებით, ალბათ
ძვირფასი ქვებით ჰქონდა დაწინწკლული. ჩვენს ცხენებზე მაღალი იყო, გრძელი
ფეხებითა და ფართო ტანით. ასეთ პირუტყვს პატრონიც შესაფერისი ეყოლებოდა .
მართალაც, მხედარიც იქვე იყო, წყლის პირას იჯდა თავჩაქინდრული. შავ–ყვითელ
ზოლიანი, ვეფხვის ტყავის კაბა ეცვა და ასეთივე ქუდი ეხურა. ჩვენს ქვეყანაში ვერავის
ნახავდით ასე უცნაურად ჩაცმულს. უცხოელს ჰგავდა. მეფე მისი ვინაობით დაინტერესდა
და გამგზავნა, სთხოვე, მოვიდესო. წავედი. ზის ეს დევგმირივით კაცი დაღონებული , ცალ
მხარეს მახვილი ჰკიდია, ჩემსაზე ალბათ ორჯერ გრძელი, მეორე მხარეს კი მაჯის სიმსხო
მათრახი. არც მომისმინა. თავის ფიქრებში იყო წასული. გინდ მასთან გელაპარაკა და
გინდ იქვე ჩამდინარე წყალთან. მხოლოდ ცხენმა დაიჭიხვინა რამდენჯერმე , ეგ იყო და ეგ .
რაღა უნდა მექნა, მოვბრუნდი და წამოვედი. მეფე გაცეცხლდა. მის საბრძანებელში
მოსული ვიღაც სალახანა იმასაც კი არ კადრულობს, ეახლოს და პასუხი გასცეს. „აბჯარი
აისხით და ახლავე მომგვარეთო“ – გვიბრძანა. ახლა უკვე თორმეტივე წავედით. იმ კაცის
შეპყრობა სულ არ მეხალისებოდა. წასულიყო თავის გზით, რას ვერჩოდით. მით უმეტეს,
ყველანი გასავათებული ვიყავით ნადირობის შემდეგ, მაგრამ ბრძანებას ვერ
გადავიდოდით. რომ მივუახლოვდით, ვეფხისტყაოსანი რაინდი ჩვენი აბჯარის და
იარაღის ჩხარუნმა გამოაფხიზლა. მოახტა თავის შავ ცხენს და გააჭენა. თავს ხომ არ
დავანებებდით და დავედევნეთ. ეს რომ დაინახა, შემოაბრუნა ცხენი და თვითონვე
წამოვიდა ჩვენსკენ. მისი გრძელი მახვილი მზეზე რომ ალაპლაპდა, ჩვენც ვიშიშვლეთ
ხმლები. მივუახლოვდით და ნახევარწრეში მოვაქციეთ. ცოცხალი უნდა მიგვეგვარა
მეფისათვის, ამიტომ თავდასხას არ ვჩქარობდით. თავიდან ისიც გვათვალიერებდა ,
თითქოს რაღაცას ელოდა, მერე კი ჩემს წინ მახვილმა იელვა და მარცხენა ლოყა და თმა
სისხლმა დამისველა. წინ გადავიხარე და შევეცადე, ბარძაყში მეტაკებინა ხმალი და ამ
დრის შუბლით თითქოს კედელს შევეჯახე. თავი გამიხურდა, მიწა დატრიალდა ქვეშ და
ცხენიდან გადმოვვარდი. ფოლადის ჟღარუნი, შეძახილები, მათრახის შხუილი და
ცხენების ჭიხვინი ერთ გაბმულ ძახილად გაიბა ჩემს გონებაში და უეცრად გაწყდა
ჩონგურის დაჭიმული სიმივით. დუმილი და წყვდიადი ჩამოწვა.

თვალები რომ გავახილე, ლურჯი, უდაბნოსავით შიშველი ცა დავინახე. ეული ღრუბელი


აქლემივით მიზოზინებდა უსასრულობისაკენ. მეც მივდიოდი სადღაც. უფრო სწორად , ჩემი
სხეული მიჰქონდათ. ზურგი მტეხდა. ალბათ საკაცეზე ვიწექი. ჩუმი საუბარი
დამტრიალებდა თავზე, მაგრამ სიტყვებმა თითქოს მნიშვნელობა დაკარგეს, უაზრო
ბგერებად დაიშალნენ. თავი მიგუგუნებდა. ათასი ჩანჩქერის გრგვინვა ერთდროულად
აწყდებოდა ჩემს გონებას და მზად ვიყავი ყველა ეს ჩანჩქერი შემესვა გამშრალი პირით ,
წყლით გავჟღენთილიყავი, რათა შვება მეგრძნო. მერე ცამ ქანაობა დაიწყო. ის აქლემის
მსგავსი ღრუბელიც სულ უფრო გაიზარდა, გარს შემომეხვია, თითქოს გულში უნდოდა
ჩავეკარი. ხმები მიწყდა, თვალები ისევ დავხუჭე და მაშინ გავახილე , როცა ტუჩებზე რაღაც
სველი შემეხო. მიწაზე ვიწექი და ვიღაც წყალს მასმევდა. ყოველი ყლუპისას ვგრძნობდი ,
როგორ მიგრილდებოდა წამით გახურებული მკერდი და მუცელი. მერე იმ კაცმა სახე
ახლოს მომიტანა და ყურადღებით მაკვირდებოდა. მინდოდა მეკითხა, რა მჭირდა , მაგრამ
გაქვავებული ენა ვეღარ მოვაბრუნე და მხოლოდ ღრმად ამოვიხნეშე. თვალები დავხუჭე
და ისევ დატრიალდა ჩემს თავზე სიტყვები, მაგრამ ახლა უკვე ვარჩევდი მათ:
„გადარჩება?“ „არა მგონია“ და მეორე, უფრო ზუსტი პასუხი: „არა“. „ჰო, ჭრილობა ძალიან
ღრმაა“. „რა მოხვდა?“ „მათრახი“. და უცებ დავინახე უცნობი, მდინარის პირას რომ იჯდა
და მისი შავი, მაჯისსიმსხო ტყავის მათრახი. ის აღარ ტიროდა. პირიქით, იცინოდა და
მათრახს ათამაშებდა. ხმალს ხელი ვტაცე. მსურდა თავი წამეგდებინებინა
თავხედისათვის, მაგრამ ჩემი ხმალი ისე დამძიმებულიყო, ვეღარ ავწიე . მაშინ მოვინდომე ,
შიშველი ხელებით ვწვდომოდი ყელში, მაგრამ ფეხებიც ვერ ავამოძრავე და
უმწეობისაგან დავიღრიალე. დავიღრიალე ისე, რომ ტყის ფოთლები აშრიალდნენ და
მდინარე აიქოჩრა. უცნობმა ერთი გადაიხარხარა და მათრახი მომიქნია . მისმა შხუილმა
დამაყრუა და დამაბრმავა. შუბლი ამეწვა და ისევ დავიყვირე, ახლა უკვე გაუსაძლისი
ტკივილისაგან. ჩემი მოწინააღმდეგე გაქრა, ხმებიც მიწყდა. სრულიად მარტო ვეგდე
ტრიალ მინდორში, უპატრონო და მიტოვებული. მერე ისევ გავიგონე სიტყვა , ერთი სიტყვა ,
რომელმაც გამომაცოცხლა, რადგან ის იყო ჩემი იმედი: „მეფე“. ქუთუთოები გავხსენი და
დავინახე. მისი ფიგურა ჰაერში კრთოდა. მე ვიცი, ის მოვა ახლოს, ჩემს ჭრილობას
დახედავს, მომიკითხავს, შემდეგ საუკეთესო დასტაქრებს ჩააბარებს ჩემს თავს . იქნებ ,
გამოვკეთდე კიდეც. ჯერ ხომ ვგრძნობ, ვაზროვნებ, არ მოვმკვდარვარ და სანამ ცოცხალი
ვარ, ყოველთვის არის გადარჩენის იმედი. მეფე ბრძანებს და ამ მტვრიანი მიწიდან
წამომაყენებენ, რბილ ლეიბზე გადამაწვენენ. ბრძანებს და ჭრილობას გამიბანენ ,
მალამოს დამადებენ, რათა ტკივილი დამიამდეს... მეფე მოდის ჩემსკენ და მიახლოვდება
საუბარიც. „გაიქცა“, „ვერ დაეწივნენ“, „მეფემ ბრძანა, ვნახეო მიზეზი ლხინთა ლევისა“. ის
კი მოდის მდუმარედ, მძიმედ, არავის აქცევს ყურადღებას, მოისწრაფის ერთგული ,
თავდადებული მონისაკენ. იცის, როგორ მჭირდება მისი გამხნევება . თუმცა , რა ხდება ?
მეფემ პირი იბრუნა. მე ხომ იმ მხარეს არა ვარ, იქით რა უნდა? აი, შეჩერდა. ახლა ისევ
მობრუნდება. თუმცა არა. თეთრი ცხენი მოჰგვარეს. კი მაგრამ, ასე როგორ
მომიახლოვდება, ხომ შეიძლება გადამთელოს? მეფე ცხენზე შეჯდა. მისი მხლებლებიც
ამხედრდნენ და მათი აჩრდილები ჰაერს შეერია, ქარს გაჰყვა . ისე წავიდა , არც დამხედა ,
არ დაინტერესდა ჩემი ბედით. მინდა წამოვიწიო, დავუძახო , მოვაბრუნო, მაგრამ თავზე
ცეცხლი მიკიდია, სული მეხუთება, ვერ ვინძრევი. ვცდილობ, უფრო ღრმად ვისუნთქო,
მაგრამ ფილტვები აღარ იღებს ჰაერს. თავი უარესად მიხურს. სამყარო ირწევა ჩემს
ირგვლივ, როგორც ირწეოდა დიდი, ძალიან დიდი ხნის წინ და ისევე ხელფეხშეკრული
ვარ, როგორც მაშინ, აკვანში. საიდან მოვიდა ეს მოგონება, ან ის ახალგაზრდა ქალის
სახე, ჩემსკენ რომ დახრილა და მიღიმის? ვიძირები მის ლაჟვარდისფერ თვალებში ,
გამქრალი და გადავიწყებული ბავშვობა მიბრუნდება . ხელებს ვიშვერ ამ უმშვენიერესი
სახისაკენ, სხეულის სიმძიმე ქრება და მივეშურები, მივდივარ , მივფრინავ მისკენ , სულ
მაღლა და მაღლა.

წაიკითხე ირაკლი ქასრაშვილის მოთხრობა „მონა“ , რომელიც „ვეფხისტყაოსნის“


ერთგვარი გამოხმაურებაა . აქ ამბავს როსტევანის მონა გვიყვება . იმსჯელე შემდეგ
საკითხებზე:

1. პოემის შენთვის ნაცნობი რომელი დეტალებია ნახსენები ან არეკლილი


მოთხრობაში და როგორ?
2. დაახასიათე მოთხრობის პერსონაჟები, შეადარე ისინი პოემისას.
3. რატომ აარჩია , შენი აზრით, მთხრობლად ირაკლი ქასრაშვილმა მონა? რის თქმა
უნდა მას ამით?

You might also like