You are on page 1of 20

შინაარსი

„ქართველ უფალთა მეგვარტომობის იგავი“


ყოვლის მყრობელო და გამგებელო ღმერთო, არსთა მეუფევ, რომელმაც მიჯნურებს
სიყვარულის ძალა უბოძე, ხოლო მჭევრმეტყველთ გულიდან ამოსული და ღრმად
სიბრძნისეული ლექსი, გთხოვ ამისრულე საწადელი, რომელშიც ცუდი არაფერია და
ტყუილად არ მომაცდინო.
დავითს უჭირს ქრისტეს სახელის ხსენება და გული ეწვის, როცა იხსენებს, თუ როგორ
მოევლინა ქვეყნიერებას უფალი, „სოფელმა“ კი მრუდედ მიიჩნია იგი, არ იცნო, არ
აღიარა, შემდეგ კი ცუდი განიზრახა - გაყიდა, ტანჯა და მოკლა. მიუხედავად იმისა, რომ
საზღაურიც მიეზღოთ ამისთვის.
პოეტი ადიდებს და ხოტბას უძღვნის უფალს, რომელიც არის ყოველთა საფუძველი და
დასაბამი, ბრწყინვალე, მიუწვდომელი, გამოუთქმელი, ყოვლის მპყრობელი, აბელის
(ბიბლიური პერსონაჟი) მსხვერპლის კეთილად შემწირველი, რომლის მსგავსი ქვეყნად
აღარ დაიბადება.
მას სურს სიტყვებით გამოთქვას ბრძენთაგან ბრძნულად თხრობილი, უფლის სულის
მიერ შეგრძნობილი და ხოტბას უძღვნის მაღალ ღმერთს, რომელიც არის ზეციდან
ქვეყნის გამგებელი, ქართული სპა-ჯარის (ლაშქრის) და ყველა ერის მსაჯული.
უფალი, რომელიც არის უსწავლელთა მასწავლებელი, უსჯულოთა მომაქცეველი,
დაცემულთა შემწე და განდიდებულთა გარდაქმცეველი - უნდა ადიდოს ყველამ,
მიუხედავად გონებრივი შესაძლებლობებისა და იმოწმებს დავით წინასწარმეტყველის
სიტყვებს, რომ გლახაკმა თუ მდიდარმა, ყველამ თაყვანი უნდა სცეს ღმერთს.
პოეტი არ დადუმდება და იმჭევრმეტყველებს, რადგან თვლის, რომ მიუხედავად
გულუხვი შესაწირისა, მდიდარი შესაძლოა ძნელად ცხონდეს, ხოლო სულ მცირედი
შესაწირით შეიძლება მხეველმა ედემი იხილოს; მცირედმა სარწმუნოებამ კი შეიძლება
მთაც კი შეძრას. იგი ქებით ამკობს უფალს, ზეციდან ქვეყანაზე დიდებით მოსილს, ვინც
ცხოველმყოფელი ხის მსგავსად დარგო, წყალი დაუსხა და ფოთოლსაც მრავლად
დაუსხამს. მას მიაჩნია, რომ ამ ხის რტოები ჩვენს საჩრდილობლად არიან ამოსულნი.
დავითი ნერგად მიიიჩნევს მას, ვინც იესეს ძირიდან არის აღმოცენებული (იგულისხმება
იესე, ბიბლიური პერსონაჟი, ებრაელთა მეფის დავით წინასწარმეტყველის მამა),
რომელმაც თავისი ნათქვამებით (ფსალმუნებით) ისე გამოიღო ნაყოფი, როგორც ხემ და
ღვთის რჩეულმა დავითმა შურდულით სძლია თავის მოწინააღმდეგე - გოლიათს.
სწორედ ამ ნერგისგან აღმოცენდნენ რტოები - „ბმულ ჩანან ფესვით ქართველთ
უფალნი”, რომლებიც მასთან არიან დაკავშირებულნი ფესვებით და რომლისგან
წარმოსდგებიან დავითის მოდგმის ქართველთა მეფეები (იგულისხმება ბაგრატიონთა
დინასტიის მეფეები).
პოეტი პირობას დებს, რომ საკუთარი სიბრძნის შესაბამისად არ დადუმდება და
გადმოსცემს იმას, რისი შეცნობისა და შეგრძნობის უნარიც ღმერთმა მიანიჭა. იგი
იმედოვნებს, რომ უფალი მწირისგან მცირე ქებასაც კი დიდად მიიჩნევს, ხოლო თავად -
საკუთარი ცნობიერებით და ხელთ არსებული ცოდნით შეძლებს შეიცნოს ჯერაც
შეუცნობელი.
დავითის შეშფოთებულია და დარდობს, რომ მომგონებელი არ რჩება და არავინ
ისურვებს მისი ცოდვებით დამძიმებული გულის მოსალბუნებას. ამიტომ ფიქრობს, რომ
თუ არ შეკრებს ლექსებს და საკუთარ შემოქმედებას ყმაწვილებს არ მიუძღვნის,
ცოცხალი არავის ახსოვს და მკვდარი ვისღა მოაგონდება?
გურამიშვილი აღნიშნავს, რომ ფრინველად იწოდება შევარდენიც და ძერაც, არავინ
ასხვავებს ყვავთა ჩხავილს და ბულბულთა ტკბილად გალობას, ფარშევანგის
სიმშვენიერეს თუ ბუკიოტთა ბღვერას, ამიტომ სულაც არ არის გასაკვირი, რომ პოეტად
არავინ მოიხსენიოს.
კარგი საქმის მიბაძვა სულაც არ არის დასაძრახი. მოსმენა, სიტყვის თქმა და სწავლის
ძიება მსურველთაგან სრულიად ბუნებრივი და საქებარია, ხოლო ცუდისა და ტყუილის
გადმომცემი, სიცრუის წარმომთქმელი, სწავლაზე გაურჩებული და უარისმთქმელი კი
თვალით დანახვის ღირსიც კი არ არის.
„კარგ საქმეზედა მიბაძვა არა რა დასაძრახია!
სმენა, თქმა, სწავლის ძიება მოძებართაგან ახია.
ცუდის, ტყუილის მოზღაპრე სიცრუის კანანახია,
სწავლაზე ურჩი და მორცხვი თვალით არ დასანახია.“
პოეტს სურს უწვრთნელსა და უცოდინარს მისი სიტყვა მაშინ გაახსენდეს, როცა
ძილგატეხილსა და უძინარს ღამე გაუგრძელდეს, ეძიებდეს და უკეთეს საქმეს ვერ
პოულობდეს, მშობლების მიმართ საგინებელ სიტყვებს ამბობდეს და თავს იწყევლიდეს.
როცა უფლის სადიდებელს ვერ გალობდეს და „ხართა ლალას“ (ხარების გასარეკი
სიმღერა) მღეროდეს. როცა სწუხდეს, სჯავრობდეს მშობლებზე და ლანძღავდეს
საკუთარ გამზრდელს იმის გამო, რომ იგი არ გაამათრახეს, როცა სწავლას თავს
არიდებდა.
დავითი მიიჩნევს, რომ არ შეიძლება უსწავლელობისთვის წკეპლით ნაცემი ზარმაცი
ყრმის შებრალება, რადგან მისი წყლულები წამლის გარეშეც იოლად მოშუშდება, ხოლო
როცა ყმაწვილი გაიზრდება, მომწიფდება და „მამლურად დაიწყებს ყივილს“,
სიფრთხილეა საჭიროა, რათა მისგან წყენა დასაჩივლი არ გახდეს.
პოეტი შედარებას აკეთებს უსწავლელ ყრმასა და უწვრთნელ ძაღლს შორის და
აღნიშნავს, რომ უწვრთნელი ძაღლის ხვედრი უსახლკარობა და გარეთ სიცივით
კანკალია, მას არავინ მისცემს საჭმელს და წანწალში გალევს დღეებს, მაშინ როცა
გაწვრთნილი ძაღლი განცხრომით წამოწვება რბილ ლეიბზე, ამიტომ, უწვრთნელი
ძაღლის ყოლა უმჯობესია, ვიდრე უწვრთნელი შვილის ყოლა:
„სჯობს ყოლა უწვრთის ძაღლისა, უწვრთელის შვილის ყოლასა.“
განა უწვრთნელმა ძაღლმა პატრონს ისეთი რა უნდა დაუშაოს, როგორც ბრიყვმა და
უვიცმა შვილმა?, რომელიც დედ-მამას ბოლოს მოუღებს და უცოდინრობით ჩადენილი
ცუდი საქმეებით სირცხვილს აჭმევს და თავს მოსჭრის საკუთარ გვარსა და ნათესავებს.
უწვრთნელმა ძაღლმა შესაძლოა პატრონს პური ან ხორცი მოსტაცოს, ან წყალი
ამოუსვლიპოს, უწვრთნელი შვილი კი მშობელს არასოდეს მისცემს ლხენას და
მოსვენებას, შეარცხვენს და სულით ხორცამდე წარწყმედს. უწვრთნელი ძაღლი გარეთ,
კარში ჰყეფს და ირგვლივ ყველაფერს აყრუებს, რითაც ნადირს აფრთხობს, ქურდებს
აშინებს და ძნელია ვინმემ რამე მოპაროს. ბრიყვი კაცი კი ისე წამოწვება, რომ ღამით
კარსაც არ მიხურავს!
დავითი თვლის, რომ სასაცილოდ ასაგდები თავად ის იქნება, ვინც ამ სწავლებას
არაფრად ჩააგდებს და დაუწუნებს. ყმაწვილი ისე დამშვიდდება სწავლაში, როგორც
რკინა გარბილდება ცეცხლში, ხოლო უსწავლელი ყრმა სიბერეში გაწბილდება, რიკ-
ტაფელას თამაშის დროს ჯოხს კარგად ვეღარ მოიქნევს და მიზანს ააცდენს. ამიტომ,
უმჯობესია თავში გაწვალდეს და სიმწარე ნახოს, რათა ბოლო სასურველი შედეგით
დააგვირგვინოს და სიტკბო იგემოს.
"ყრმა სწავლაში მომშვიდდების, რკინა ცეცხლში გარბილდების,
უსწავლელი ვაჟიკაცი სიბერის დროს გაწბილდების,
რიკ-ფაინის დრო გარდუა, ვეღარ გაჰკრავს, ჩაჰბილდების,
სწავლის ძირი მწარე არის კენწეროში გატკბილდების“!

„სწავლა მოსწავლეთა“
დ. გურამიშვილის შემოქმედებაში, მშობლიური ხალხისა და ქვეყნის სიყვარული
იმდენად ამაღლებულ ხასიათს ატარებს, რომ თავისუფლებისმოყვარულ ყოველ
ადამიანში აღძრავს სამშობლოსათვის თავდადებისა და მისი უანგაროდ მსახურების
კეთილშობილურ გრძნობებს.
ამ დიდმა სიყვარულმა განაპირობა ის ფაქტორი, რომ მისი პოეზია განმსჭვალულია
ყრმების, ახალგაზრდობის განსწავლისა და ცოდნით აღჭურვის, მათი ზნეობრივი
გასპეტაკების მაღალი იდეებით.
თანმიმდევრული თვალთახედვით ჩამოყალბებულმა ამ იდეებმა მკაფიო პოეტური
გამოხატულება ჰპოვა ავტორის ბრწყინვალე ნაწარმოებში - „სწავლა მოსწავლეთა“ და
მთლიანად - „დავითიანი“ - რომელსაც უაღრესად პრაქტიკულ-დიდაქტიკური ხასიათი
აქვს.
პოეტის უმთავრესი მიზანი იყო ახალგაზრდობას ესწავლა სწორი გზით სიარული,
გაეთვალისწინებინა მამებისა და პაპების მწარე გაკვეთილები, ერთმანეთისგან გაერჩია
ავი და კარგი.
„ისმინე, სწავლის მძებნელო! მოჰყევ დავითის მცნებასა,
ჯერ მწარე ჭამე, კვლავ ტკბილი, თუ ეძებ გემოვნებასა;
თავს სინანული სჯობია ბოლოჟამ დანანებასა, -
ჭირს მყოფი ლხინში შესული, შვებად მიითვლი ვნებასა“.
ლექსის ამ შესანიშნავ ნაწილში გადმოცემულია სწავლის ძირითადი პრინციპი - რომ
სწავლა რთული პროცესია, მაგრამ მისი შედეგი ადამიანის კეთილდღეობის
საფუძველია.
პოეტი უშუალო და დამაჯერებელი მსჯელობით არწმუნებს ახალგაზრდებს, რომ
შესაძლოა სწავლის პროცესი არ იყოს სასიამოვნო და ბევრ სიმწარესთანაც იყოს
დაკავშირებული, მაგრამ მისი ნაყოფი ყველაფერს გადაწონის, რამეთუ ტკბილია ის
სიხარული, რასაც იძლევა მიღებული ცოდნის ნაყოფი.
„სწავლის ძირი მწარე არის, კენწეროში გატკბილდების“ - დავითის ეს სიტყვები
ჭეშმარიტების ნამდვილი ნიმუშია. ავტორი სწავლის სიძნელეს ვენახის მოვლას
ადარებს, რომელიც ასევე რთული და შრომატევადი პროცესია, თუმცა სასიხარულო და
აღმაფრთოვანებელია მისი შედეგი, როცა მწიფე მტევნების აღების დრო მოვა.
კიდევ ერთი შესანიშნავი შედარება, რომელიც პოეტს მოჰყავს არის ის, თუ როგორი
მძიმე და მტკივნეულია ბავშვის გაჩენის მომენტი დედისთვის, თუმცა რა უდიდესი
ბედნიერებაა, როცა ყოველგვარ ტანჯვას გადაფარავს შვილის დაბადებით განცდილი
სიხარული.
ყველა მძიმე საქმის შესრულებას ბოლოს შესვენება მოსდევს, ასევე დაისვენებს ბეჯითი
მოსწავლეც სწავლის ბოლოს, რადგან მან ცოდნის სახით შეიძინა ისეთი საუნჯე,
რომელსაც ქვეყნად ვერავინ შეეცილება.
აქვე ავტორი პარალელს ავლებს და იმასაც აღნიშნავს, თუ რაოდენ სავალალო და
სახიფათოა, როცა ადამიანი უსწავლელია. პოეტი თვლის, რომ ამ შემთხვევაში მის
ცხოვრება უიმედო და ტანჯვით აღსავსე იქნება.
„სწავლა სიკვდიმდე შენია, მუდამ შენთანა მყოფელი;
მას გეცილების ვერავინ, არ არის გასაყოფელი.
სხვას ყველას მახე უგია, თავისა გასაყოფელი;
თუ კაცსა ცოდნა არა აქვს, გასტანჯავს წუთისოფელი.“
ავტორს შედარება მოჰყავს უწვრთნელ ძაღლსა და უცოდინარ შვილს შორის.
უწვრთნელი ძაღლი პატრონს ისეთს ვერაფერს დაუშავებს, როგორც უცოდინარი შვილი
საკუთარ მშობლებს. შვილმა საკუთარი სიბრიყვით შესაძლოა ისეთი ავი საქმე
ჩაიდინოს, რომ მშობლებსაც ავნოს და ნათესავებსაც თავი მოსჭრას.
გაუწვრთნელმა ძაღლმა შესაძლოა პატრონს შეუღრინოს, საჭმელი მოპაროს და წყალი
წაუბილწოს, თუმცა მისგან სარგებელიც არის - იგი ყეფს, ნადირს და ქურდს აფრთხობს
და ძნელია მას რამე მოჰპარო.
ბრიყვი შვილი კი ღამით ისე წამოწვება და დაიძინებს, შეიძლება სახლის კარებიც ღია
დატოვოს.
„უწვრთელი ძაღლი მიხვდების გარეთ სიცივით თრთოლასა,
საჭმლითაც არვინ განაძღებს, პილწად დაიწყებს წრწოლასა;
გასწავლებული პატივით შტაქუნზე შეიქს წოლასა,
სჯობს ყოლა უწვრთის ძაღლისა, უწვრთელის შვილის ყოლასა.“
რა არსებითი უპირატესობა აქვს სწავლა-განათლებას? დ. გურამიშვილი ამ კითხვაზე
პრაქტიკული ხასიათის ახსნა-განმარტებას იძლევა:
ყრმა სწავლის პროცესში ისე მშვიდდება, როგორც რკინა რბილდება ცეცხლში, ხოლო -
„უსწავლელი ვაჟიკაცი სიბერის დროს გაწბილდების" - ამბობს იგი და მიიჩნევს, რომ
რაოდენ ბევრი არ უნდა ეძებოს ადამიანმა, სწავლაზე უკეთესი მცნება არ არსებობს.
ბრძენი და განათლებული კაცი თავისუფალი და თავისი თავის ბატონ-პატრონია - სადაც
მოესურვება იქ წავა, როგორც მოესურვება ისე იცხოვრებს და თავად განაგებს საკუთარ
ბედს.
პოეტი მიიჩნევს, რომ ცოდნა მცოდნელს ყველგან თან დასდევს. მას ვერც ცხადად
მოიპარავს ვინმე და ვერც მალულად. იგი როგორც გაუხუნარი საუნჯე მუდამ თან
წაჰყვება მას და არავის მოეხვევა ლუკმა პურისთვის მუხლებზე. ისე, როგორც თავად
ავტორი (პოეტი კრიტიკულია საკუთარი თავის მიმართ).
დავითი კიდევ ერთ აზრს ავითარებს სწავლა-განათლების შესახებ. იგი მიიჩნევს, რომ
მხოლოდ ცოდნა საკმარისი არ არის წარმატების მისაღწევად. მთავარი მისი სწორად
მოხმარება და ჭკვიანურად გამოყენებაა.
მხოლოდ ჭკუა ბრიყვთათვის უსარგებლოა, ხოლო ბრძენთათვის ცოდნით მოიხმარება. -
„ჭკუა უხმარ არს ბრიყვთათვის, ჭკვა ცოდნით მოიხმარების!“
პოეტი თავისი ცოდნის სიმცირესაც უსვამს ხაზს და ამბობს, რომ უვიცი კაცი
უხორთუმო სპილოს ჰგავს, რომელსაც კარგი და ცუდი ცხვირწინ უდევს და
ერთმანეთისაგან ვერ გაურჩევია.
„ჩემის უცებით შევატყევ, ბრიყვთათვის რაც შემიტყვია.
ავი და კარგი გარჩევით, ვხედავ, რომ ახლოს მიწყვია.
მინდა და სწავლის სიმოკლით ცალ-ცალკე ვერ გამიყვია.
ჰგავს უხორთუმოს სპილოსა ჭკვიანი კაცი ბრიყვია!“
პოეტი ერთმანეთისგან მიჯნავს ჭკუასა და ცოდნას და თვლის, რომ ცოდნის გარეშე
ჭკუის ცხოვრებაში გამოყენება შეუძლებელია. შესაძლებელია კაცი ჭკვიანი იყოს, მაგრამ
ცოდნის გარეშე იგი მას ვერ გამოიყენებს, რადგან ასეთი ადამიანი უფრო ბრიყვია,
ვიდრე ჭკვიანი.
ჭკვიანი, მაგრამ უწვრთნელი კაცი ჰგავს ომში უსაჭურვლოდ წასულ მამაც მეომარს და
უკლანჭებოდ მებრძოლ მრისხანე ვეფხვს, რომელსაც ცხოვრებაში რა უნდა - ვერ გაუგია.
პოეტი აღნიშნავს თუ როგორია სხვადასხვა პროფესიის ადამიანების ყოფა-ცხოვრება და
რაოდენ აუცილებელია ცოდნა ნებისმიერი საქმის არჩევის დროს. წინააღმდეგ
შემთხვევაში, შესაძლოა ადამიანი უმძიმეს პირობებში ჩავარდეს და ისე დაბეჩავდეს,
რომ კარი-კარ მოწყალების სათხოვნელადაც კი გაუხდეს საქმე.
„ბრძენი სიტყვითა დარჩების, ოსტატი თავის ხელითა,
ხუცესი წირვით, ვაჭარი შორს წასვლით-მოსვლით ძნელითა,
მოლაშქრე სისხლის ქცევითა, მხვნელი ოფლითა ცხელითა,
გლახა კარის-კარ თხოვნითა, - შენა გწადს აწ რომელითა?“
დავითი მიიჩნევს, რომ ყველა საქმე, რასაც ადამიანი ხელს მოკიდებს, მნიშვნელოვანია
და ყველა შემთხვევაში ცოდნას და განსწავლულობას მოითხოვს:
დაწყებული მეფიდან - რომელიც უნდა იყოს ბრძენი, უხვი და გულმოწყალე, ბრძენი
უნდა ფასობდეს სიტყვითა და მოქმედებით, ხუცესი - ლოცვით, ოსტატი - ხელობით,
მეომარი - სამხედრო საქმეში დახელოვნებით და გულოვნებით, ვაჭარი - აღებ-მიცემობის
კარგი ცოდნით, მწყემსი - პირუტყვის მიმართ მზრუნველობით, გლახაკი - სიმდაბლით,
ტკბილმოუბრობით და ჭირის ამტანობით.
პოეტი თვლის რომ კარგი მიჯნურიც კი განსაწვლული უნდა იყოს, რათა უყვარდეს
წრფელად, ალალად და მუდამ, უკანასკნელ ამოსუნთქვამდე გვერდით ედგეს თავის
რჩეულს.
დ. გურამიშვილს არ ავიწყდება აღნიშნოს, რომ სწავლის შეძენა აუცილებლად ყრმობაში
უნდა მოხდეს და შესანიშნავი შედარება მოჰყავს: - როგორც „წნორი ბერფუყი
დაიგრიხების წნელადა“ ისე ძნელია უკვე მცხოვანის განსწავლა, ხოლო ჭაბუკის
გაწვრთნა ისევე ადვილია, როგორც ნორჩი ვაზის გაფურჩნვა.
მოხდენილი, თუმცა დღევანდელობისთვის მიუღებელი ხერხის გამოყენებით ავითარებს
პოეტი მოსაზრებას ცოდნის ყრმობაში შეძენის აუცილებლობის და ცოდნის ათვისების
მიღწევის მეთოდების შესახებ.
„ნუ გენაღვლების სწავლაზე ყრმის წკეპლის ცემით კივილი,
მალ გამთელდების უწამლოდ მისი წყლულების ტკივილი
რა მოიზარდოს, მოყვინჩლდეს, მამლურებ შექნას ყივილი, -
უფრთხილდი, მისგან წყენითა არაზე შექნა ჩივილი.“
დავითს ამ სტრიქონებით იმის თქმა სურს, რომ ძალდატანება და იძულებითი ხერხების
გამოყენება არ არის დანაშაული (რა თქმა უნდა არ არის აუცილებელი,
იგულისხმებოდეს მხოლოდ ცემა), თუ ამით მიზნის მიღწევა და ყრმის სწავლისადმი
განწყობაზე მოყვანა ან მისი იძულებაა შესაძლებელი.
წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა უცოდინარმა ჭაბუკმა, მოწიფულობაში, მიხვდება
რა, რომ სწავლის გარეშე ძალიან გაუჭირდება და ვერაფერს მიაღწევს, პირიქით
უსაყვედუროს მშობლებს, თუ რატომ არ მიიღეს თუნდაც რადიკალური მეთოდები მისი
იძულების მიზნით:
„ძვირს უხსენებდეს მშობელთა, ლანძღავდეს თავის ლალასა,
რომ არ ვსწავლობდი, რად არა მცემდიან ტაჯგანალასა.“
გაწკეპლვის მიმართ წყენა და თუნდაც ფიზიკური ტკივილი მალე გაივლის, წყლულების
მოშუშდება და დავიწყებას მიეცემა - თვლის პოეტი, უსწავლელობის და მისი შედეგის
გამოსწორება კი ძალიან ძნელი და პრაქტიკულად შეუძლებელიც.
„თუ ცურვასა არ ისწავლით, ვერ გაუხვალთ წყალთა ღრმათა,
წკეპლის ცემით დაშუშხვა სჯობს საუკუნოდ ცეცხლში ბმათა!“
დავით გურამიშვილის აზრით სწავლა მოსწავლეს საკუთარი თავის შეცნობაში ეხმარება
- ვინ არის, საიდან მოვიდა, რისთვის და სად უნდა წავიდეს. მან საკუთარი მისიის
შესრულებით საზღაური უნდა მიაგოს შემოქმედს და ულაგამო და უსაბელო ცხენივით
ორმოში არ უნდა ჩავარდეს.
„სწავლა მოსწავლეთა“-ს გარდა, სწავლა-განათლების საკითხს დ. გურამიშვილი
საგანგებოდ იხილავს ორ სხვა ნაწარმოებში: „ქართველთ უფალთა მეგვარტომობის
იგავი“ და „საქონელთა შეკრებისათვის“, რომლებშიც ავტორი აღრმავებს „სწავლა-
მასწავლეთაში“ გამოთქმულ აზრს.
დავითი დაუნდობლად კიცხავს ზარმაც და ურჩ ყრმას, რადგან იცის, თუ რა სიმწარე
მოელის მას ცხოვრებაში.
ამასთან, სჩანს, რომ პოეტი მხოლოდ მაშინ არის ახალგაზრდის განსწავლისა და
გაწვრთნის მომხრე, თუ იგი უაზროდ არ გამოიყენებს საკუთარ უნარს, ქვეყნის
ინტერესებს მოემსახურება და ცოდნით დამშვენებული ჭკუა დაფარულ საუნჯეს არ
დაემსგავსება.
სინათლისა და ცოდნისადმი მისწრაფება ძველი ქართული მწერლობის ერთ-ერთი
მთავარი მიზანი იყო. ამ მხრივ, დ. გურამიშვილს ჰყავს თავისი წინაპრები: არჩილი,
სულხან-საბა. ვახტანგ VI.
დ. გურამიშვილის წინაშე იდგა ქართველი ხალხის განსწავლისა და განათლების
ამოცანა, საერთო-სახალხო ინტერესებისთვის ბრძოლა, რაც უდიდეს აქტუალობას
ანიჭებდა პოეტის აზრს ცოდნისა და სიბრძნის დაუფლების შესახებ.
პოეტის მიდგომა სწავლა-განათლების მიმართ, გამოხატვის ნიჭი და ორიგინალურობა,
აგრეთვე ქართველთა განსწავლულობის გულწრფელი სურვილი დღემდე სამაგალითოდ
მიიჩნევა ქართულ ლიტერატურაში.

„მოთქმა ხმითა თავ-ბოლო ერთი“


(ყოველი სტროფი ერთნაირად იწყება და მთავრდება)
ესეთი კარგი საუნჯე, ავად როგორ მიგიჩნიეს? შურით დაბრმავებულებმა ბოროტისაგან
კეთილი ვერ გაარჩიეს. მათი მხსნელი და მაცხოვნებელი დამღუპველად მიგიჩნიეს.
ღვთის საიდუმლო გატეხეს, გულში ვერ დაგიტიეს, ოცდაათ ვერცხლად გაგყიდეს და
ისიც კი დააბნიეს.
მათი მხსნელი შეგიპყრეს, თოკი მოგახვიეს, ხელები მაგრად შეგიკრეს, ანგარიში არ
გაგიწიეს და არ დაგინდეს.
ავაზაკზე გაგცვალეს და ბარაბა გამჯობინეს, აუგი სიტყვები შეგკადრეს, გლანძღეს და
გათრიეს.
ფრჩხილებში ლერწმის ჯოხები გაგიყარეს, ნუნები აგატკიეს. სახეში გაგარტყეს და
დაცინვით გკითხეს: „თქვი ვინ გცემა?!“
დანაშაული ვერ გიპოვეს, პილატეს მიჰგვარეს შენი თავი. შენი სისხლი ყოველი
მათგანის თაობებზე გადავიდა.
ხელდაბანილებმა შოლტით გცემეს, მსხვერპლის სისხლი შეურიეს, ეკლის გვირგვინი
დაგადგეს, გოლგოთის მთაზე წაგიყვანეს.
სამოსელი გაგხადეს და ქლამინდში გაგახვიეს. ჯვარზე გაგაკრეს და ხელ-ფეხი
ლურსმნებით მიგიჭედეს.
წყალი ითხოვე, მათ კი ძმარში არეული ნაღველი მოგიტანეს. შენს წმინდა გვერდს შუბი
დასცეს.
უდანაშაულო სისხლის დაღვრით ქვეყანა შეძრეს. მზეც დააბნელეს, მთვარეც და
ვარსკვლავებიც. ტაძრის კრეტსაბმელი გახიეს.
ჯვარიდან გადმოგხსნეს, ტილოში გაგახვიეს, დაგმარხეს, მკვდარსაც არ გენდნენ და
მცველები მოგიჩინეს; რა დიდი სულგრძელობა გამოიჩინე, რამდენი დაითმინე ჩვენს
გამო.
ავი რა შეგამჩნიეს უფალს? რატომ არ დაგინდეს? მკვდარი გააცოცხლე, კეთროვნები და
წყალმანკით დაავადებულები განკურნე, ბრმას თვალები აუხილე, ეშმაკეული
დათრგუნე და დაამარცხე.
მუნჯს ლაპარაკის უნარი მიეცი, ხეიბარს - სიარულის, ყრუს - გააგონე, მცირე პური
ბევრად აქციე და წყალი - ღვინოდ.
ადამიანებს ურთიერთ სიყვარულისკენ, გლახაკთა განკითხვისაკენ და დაპურებისკენ
მოუწოდე, სიკეთის სამაგიეროდ კი უფლის თანადგომა აღუთქვი. ცხოვრების ორივე გზა
- ხორციელი და სულიერი გზები წინ დაუდე. ამის სამაგიეროდ კი სიკვდილი
მოგისაჯეს.
დავითი ადიდებს იესოს სულგრძელობასა, მოთმინებას და მისი სადიდებლით
ასრულებს:
„ჰქმენ სულგრძელობა მათზედა და დასთმე შენ ჩვენთვის ესო,
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!“

„ქართველთან და კახთაგან თავიანთ უფალთად შეორგულება“


დავითი მიიჩნევს, რომ მისი ორთავე უფალი ერთი წარმომავლობისაა. მართალია მათი
ძირი სხვადასხვაა, მაგრამ საერთო შტო აქვთ. ერთი დავითის ძეთ თქმული მაცხოვარია,
რომელიც ჯვარს ეცვა, ხოლო მეორე ქართლის მეფე დავით მეექვსე.
ვახტანგი იყო ღვთისმეტყველი და მეფსალმუნე მეფე, გლახაკთა ნუგეშისმცემელი,
საკუთარი ძირიდან ნაყოფიერი შტოს გამომცემელი, ცხვრების დამცველი და
მგლებისგან მათი დამხსნელი.
ქართლელები წესისამებრ ემორჩილებოდნენ ვახტანგ მეფეს და მის გარეშე ჭირად
მიაჩნდათ ეს ცხოვრება, მაგრამ შეცდნენ, ცოდვის მორევში ჩაცვივდნენ, ცოდვის
ბურუსით დანისლულებმა მადლის ფონი ვერ იპოვეს და გზა ვერ გაიკვლიეს.
შეიქნენ გულ-მანკიერნი, სამსახურს უკლეს, დაივიწყეს მეფის ურიცხვი მოწყალება,
ზოგიერთებს ეშმაკიც კი შეუჯდათ და სულ დალეწეს საკუთარი მამის - დავითის
საგალობელ ფსალმუნთა ქნარები.
მეფეს ლაშქარი და ხარკის გადამხდელი ერი გაუორგულდა. ისინი პირში ტკბილ
სიტყვას ეუბნებოდნენ, გული კი მზაკვრობით ჰქონდათ სავსე. მათ უარყვეს უფლის
მცნება, ეშმაკს დაუჯერეს და ბოლოს ის მოიმკეს, რაც დათესეს.
მეფის რჩეულნი ასწავლიდნენ და მოუწოდებდნენ ერს, რომ დუხჭირ ჟამს, როცა დიდი
სიძვირე შეიქნა და სიიაფის დრო წავიდა, გადასახადები ეხადათ და მეფის ნების
აღმსრულებლები ყოფილიყვნენ.
ღვთისმობელმაც მოუწოდა ერს - ეწამათ ის, ვინც მამის გარეშე არწია ქალწულმა, ვინც
პაპად და ბებიად იოაკიმე და ანა ირჩია და ვინც „ციდან გვაწვიმა მანანა“, მაგრამ არ
დაიჯერეს - „არა ქნეს სარწმუნო დასაჯერები“, დაყრუვდნენ, დაბრმავდნენ და
გასაშტერებელი საქმე ჩაიდინეს.
ვერაფერი გააწყვეს ხუცეს-ბერებმაც, ერში ზნეობის მორყევა გაგრძელდა. მადლით
მოყვრები დამცირდნენ და მტრები ცოდვით გამრავლდნენ.
გულით მამაცნი და წინათ ძლიერ მტერთა მძლეველი ქართლელები გალაჩრდნენ და
მტერს უბრძოლველად დანებდნენ. ციხის კარები გაუღეს და შიგ შეუშვეს მოძალადე,
ამაოხრებელი მტერი - ფუძე-საძირკვლის მომშლელი და სატრფოთა განმაშორებელი.
ქართლელებს ხელობა გაუცვდათ, შეშინდნენ, გული ვერ გაიმაგრეს და მტერს ვერ
სძლიეს. ახალ მოყვარეს დაუმოყვრდნენ, მკვიდრსა და მშობლიურს კი მტრობა დაუწყეს.
მტერს მედგრად ვერ დაუხვდნენ და ვერ გაუმაგრდნენ. წინააღმდეგობის გაწევა არავინ
ისურვა და მათ ნებას დაჰყვნენ. ცოდვის მორევში გადაეშვნენ - ქორწინების გვირგვინით
დაკავშირებულ ცოლებს დაშორდნენ და ხარჭებთან დაიწყეს სირბილი. ქრისტეს ზურგი
აქციეს და მაჰმადს დაემონენ.
დაიწყო დიდი მტრობა, ერთმანეთზე ავის თქმა, უსირცხვილოდ პირობის გატეხა,
გამეფდა ამპარტავნობა, შური და მაბეზღარობა, ავაზაკობა და ქურდობა, ძარცვა,
დატყვევება, კვლა, ქვრივ-ობოლთა და უთვისტომოთა გატაცება.
და მაშინ უფალმა ბრძანა:
“მან ბრძენთა ბრძენმან რა ეს სცნა, ბრძანა აღება ხელისა,
რისხვით გაშვება მის თემთა, გარდახდა საფარველისა.
მიუგო: რჯულთა გამრყვნელნო ახალისა და ძველისა!
თქვენცა იხილოთ ამიერ მოსპოლვა საფუძველისა!”

„საწყაულის მოწყვა ღვთისაგან“


ქართველებმა ღმერთს შესცოდეს, ღმერთმა კი მათ ცოდვებს ასე უპასუხა: ცა რისხვით
შუაზე გაიპო, მიწა იძრა, ლოდის ნახეთქების მსგავსი სეტყვა აწვიმა, ვენახები
გაანადგურა, ყანებს კალიები მიუსია და ცხელმა ქარმა ნათესები გადაახმო.
შეიქმნა დიდი შიმშილობა, პური სანატრელი გახდა, ღვინის ჭურები დაცარიელდა და
არავინ იყო მათი ამვსები, ხვნა-თესვა შემცირდა, საქონელს რძე გაუშრა. უფალი
სასწაულს იქმოდა, მაგრამ კაცი არ იყო ამის დამნახავი.
გახშირდა ელვა-ქუხილი და მეხის დაცემა, ციდან ნამის ჩამოვარდნა სანატრელი გახდა,
გვალვამ სულ გადაახმო ბალახი და ხეხილი. ხალხი ამის გამო ჭმუნვა-საგონებელში
ჩავარდა, მაგრამ ცოდვების მოუნანიებლად წუხილი არაფერს შველოდა. ისინი ისე
ხედავდნენ ყველა ამ ნიშანს, როგორც თვალდახუჭულები - სინათლეს.
უფლის რისხვა ამით არ დასრულებულა: გამრავლდა კაცის ხორცის მჭამელი ცბიერი და
აგრესიული ნადირი, რომელთაც მკვდარი საფლავში არ დააყენეს და ცოცხლებიც ბევრი
დახოცეს. მათ წინააღმდეგ ვერც ხმლით, ვერც ისრით თუ შუბით ვერაფერი გააწყვეს.
ქართველები ვერც ამან გამოასწორა და მაშინ უფალმა მათ სასჯელად უცხო, უმოწყალო
და მომაკვდინებელი სენი მოუვლინა, რომელმაც არ დაინდო არც კაცი, არც პირუტყვი,
არც ფრინველი და სისხლით აღივსო ხევები.
ქრისტეშობიდან ათას შვიდას ოცდაერთ წელს უფალმა მრავლად მიიჩნია მათი ცოდვა
და აღმოსავლეთიდან სპარსეთი აღძრა, სამხრეთიდან კი თურქებს მოუწოდა და
ღმერთმა მტერს მოუვლინოს ის, რაც ქართლსა და კახეთს დამართეს.
ვერავინ დათვლის იმ უბედურებას, რაც ქართლს დაატყდა თავს: - იფქლი (პურის ყანა)
ღვარძლად (სარეველად) იქცა, ერთი მტერი ათს ანადგურებდა, ორი კიდევ უფრო ბევრს.
ღვთისგან ქმნილი ცოტა ადამიანი თუ გადაურჩა ცოდვას.
თურქი, სპარსი, ლეკი, ოსი, ჩერქეზი, ღლიღვი (ინგუში), დიდო (ცეზი), ქისტი - ყველანი
საქართველოს მტრები იყვნენ და უბედურ დღეში მყოფ ქვეყანას თითო მუჯლუგუნი
ყველამ უთავაზა. ამ ყველაფერს დაერთო შინააშლილობა. ძმა ძმას აუშარდა და
გადაემტერა, რითაც საკუთარ თავს ჩასცეს გულში ლახვარი და დააზარალეს.
ისე როგორც მამალი გადაეკიდება სხვა მამალს და დაიწყებენ ძიძგილაობას,
ერთმანეთის კორტნას, ხოლო ძალაგამოცლილებს და ნაცემებს გამვლელი ძაღლი
წაავლებს პირს, ისე ჩავარდა დასუსტებული და ძალღონეგამოცლილი ქართლი და
კახეთი ლეკების, თურქებისა და დიდოების ხელში.
ამ ამბების კიდევ უფრო ნათლად გადმოცემა პოეტმა იმიტომ არ ინება, რომ
ქართველების ბევრი ცუდი გამოჩნდებოდა და ერცხვინებოდა. იგი მტრის გახარებას და
მოყვარის წყენინებას მოერიდა და ფიქრობს, რომ შეიძლება რაც უკვე თქვა, იმის გამოც
გაილანძღოს.
პოეტის აზრით ტყუილის თქმა მის მონათხრობს უვარგისს გახდის, ხოლო სიმართლის
თქმით შიშობს გასაკიცხი და გასაძევებელი არ გახდეს. კაცს, სიკვდილის შემდეგ თან
წასაღები არაფერი აქვს. სულს ხორცის მიერ ჩადენილი სიკარგე - კარგად წაჰყვება, სიავე
კი - ცუდად.
დავითი კითხვებს სვამს - თუ ავი არ აძაგა, კარგი როგორღა შეაქოს? - ავს თუ ავი არ
უწოდა, კარგს სახელად რა უწოდოს? კარგ კაცს სიკეთე და კარგი კაცობა როგორ
დაუკარგოს? იგი აღნიშნავს, რომ ავ კაცს კარგად ვერ მოიხსენიებს - ორმოშიც რომ ჩასვან
და თავზე დაახურონ.
პირფერობა, და ზურგს უკან ლანძღვა რიგიან საქმედ არ მიიჩნევა, ამიტომ პოეტს
ამქვეყნად ტყუილით ცხოვრებას ურჩევნია სასუფეველში სიმართლით გადაბარგდეს.
იგი ვაზის დამრგველთან არ შეაქებს მას, ვინც ეკალი დარგო. ტყუილით სულს არ
წარიწყმედს, სულაც რომ მოკვდეს.
დავითი მხოლოდ სიმართლის თქმას აპირებს და არ სურს მატყუარად გამოჩნდეს. იგი
ამბობს, რომ პირფერობით ვერ შეაქებს ცუდ და უღირს ადამიანებს და ვინც კახაბერს არ
ჰგავს, იმას კახაბერობას ვერ დააბრალებს, თუნდაც ამას სიცოცხლე შესწიროს.
„მართალს ვიტყვი, შევიქნები ტყუილისა მოამბე რად?
ვერას უქებ საძაგელთა, უფერულთა პირ-საფერად.
მე, თუ გინდა, თავიც მომჭრან, ტანი გახდეს გასაბერად,
ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად.“
პოეტი აქებს ისეთ ექიმს, რომელიც შხამის გასანეიტრალებელ საშუალებას მისცემს და
არა მას, ვინც უწამლობით სულს ამოაძრობს. აქებს ისეთ ბატონს, რომელიც ყმებს
გაამრავლებს - ერთს ხუთად აქცევს და არა ისეთს, რომელიც ხუთი ყმიდან არც ერთს
დატოვებს.
გამკიცხველს შეიძლება ძრახვა ცუდად მოუბრუნდეს, მაგრამ სიავის დაფარვა ქვეყანას
კარგს არაფერს მოუტანს. ცუდის მქმნელები და მათი მიმბაძველები დასაგმობ საქმეებს
კვლავ გააკეთებენ.
გასაკიცხი იმისთვის უნდა გაიკიცხოს, რათა ავ ზრახვებს უფრთხილდეს და დასაგმობი
საქმე მომავალშიც აღარ ჩაიდინოს, ხოლო სხვა გაფრთხილდეს და ამის გამო მასავით
ცრემლები არ ღვაროს.
კაცმა თავიდანვე კარგად უნდა წაიყვანოს საქმე, თორემ ბოლოს ცუდი საქმისთვის
გაკიცხვა აბა როგორ აუნდა იცდინოს?
ვინც ზრახვას თაკილობს, გასაკიცხი საქმე არ უნდა ჩაიდინოს. ყველამ საკუთარ თავი
უნდა განსაჯოს და სხვისი საცვლები არ აფრიალოს. კაცის მიერ კაცის განკითხვა
ცოდვად მიიჩნევა. ავზე მაინც ყველა ავს იტყვის და კარგს ტყუილად არავინ გაკიცხავს.
კაცმა როგორც არ უნდა მალოს, ჭირი თავს მაინც არ დამალავს. ვერ გაუძლებს სენს,
რომელიც გულს უკლავს, სჩხვლეტს და ჭვალავს. კაცი თავს არ უფრთხილდება და რად
ემდურის მას, ვინც სხვის მიმართ არ იჩენს სიფრთხილეს? საკუთარ სახეს თავად ვერ
ხედავს, მაგრამ თუ არ უნდა სხვის საჭვრეტად პირს რატომ ილამაზებს?
პოეტს გული ტკივა, განიცდის, შიში იპყრობს და ამბობს, რომ რომც დაფაროს, მისი
სატკივარი ვერ დაიმალება. იგი ვერ მოითმენს, რომ არ დაგმოს აღმა მხვნელი და დაღმა
მბარავი ადამიანი და ცოდვას აკისრებს ამის გამო ამის გამო დამღუპველ-დამაქცევარს.
„მე კი ვჰფარავ, მაგრამ ჩემი სატკივარი არა ჰფარავს;
მეტად მწარედ გული მტკივა, მაჟრჟოლებს და ტანში მზარავს!
ვერ მოვითმენ, რომ არ დავგმო, აღმა მხვნელსა, დაღმა მბარავს,
ჩემი ცოდვამც მისცემია ჩემს ამამთხვრელს, ამამბზარავს!“
პოეტი მოგვითხრობს ორი კაცის ამბავს, რომლებიც ერთმანეთს ხვნა-თესვის დროს ხელს
უშლიდნენ: ერთი უკუღმა ასხამდა ერქვანს (გუთანს) ფრთებს, ხოლო მეორე, მასავით
მრუდე კაბდოს (ფარცხზე გამოსაბმელი მიწიის გასასწორებელი ფიცარი) აკეთებდა.
კითხვაზე, თუ რად იქცეოდნენ ასე, მხვნელმა უპასუხა - „ძალა აღმართს ხნავსო“,
მფარცხველმა კი - „დაღმა ვფარცხავ, აღმა ხნულისთვის ასე უფრო უმჯობესიაო“.
ავტორი ამბობს, რომ ვინც ასე უკუღმართად ხნავს, თესავს და ფარცხავს, იგი მის მირ
მოყვანილი ფქვილით გამომცხვარ პურს არ შეჭამს. ვინც საკუთარი ძმის სისხლში
გაისვრის ხელს, ან მას გაასვრევინებს, სატანამ მისი სული კუპრში უნდა ამოავლოს.
პოეტი სიმართლის თქმას აპირებს და ყველას - შინ თუ გარეთ - შეკრებისკენ და
მამულის დატირებისკენ მოუწოდებს. იმ მამულისა, რომელიც უკვე დაკარგეს გარეშე
მტრების გამოისობით.
კახელების აღმა ნახნავი, ქართლელებმა დაღმა ფარცხეს. უწინდელი გათხვრილი კაბდო
აღარ გარეცხეს. ძამამ ძმას სახრე გადაუჭირა, ერთმანეთთან მოძიძგილავე ძმები კი
მტერმა კომბლით სცემა და ორივენი ძირს დაანარცხა.
უკუღმართმა ხვნა-ფარცხვამ ის ნაყოფი გამოიღო, რომ ქართლ-კახეთი ძირ-ფესვიანად
მოგვითხარა. ფრთიანი გვირგვინებით შემკული დიდგვაროვნები უგვირგვინოდ
დაგვიტოვა.
„დავით გურამიშვილის ლეკთაგან დატყოება“

ვაი იმ დღის შემსწრეს! სათქმელადაც კი ძნელია ისე უჭირს ადამიანს საკუთარი ცუდი
დაინახოს. ცოდვაში ჩავვარდით, ნათელი ბნელმა დაფარა, ხელთ არსებული სიკეთე
სანთლით საძებარი გაგვიხდა.
ქართველების მადლი ცოდვამ გადაწონა. მათი ღვაწლი დაწუნებული იქნა, თავი ვერავის
მოაწონეს და მოვლენილმა მტერმა ლუკმაპურის გარეშე დატოვა.
წაღმა დაბრუნებული დრო-ჟამი უკუღმა დატრიალდა, ქართლსა და კახეთს ისეთი ფრთა
მოსდო, ძვლები დაამტვრევინა. მამლები ტურამ შეჭამა, უპატრონოდ დარჩენილი
დედლები ყვავ-ყორანმა დააწიოკა.
ბუნებით შემკული ქვეყანა გავერანდა და გაპარტახდა, ხალხი გაიტაცეს, წამლად კაცი არ
დატოვეს. ქართველები ისე იყვნენ შიშისგან დადედლებულები, მამლად აღარავინ
ვარგოდა, ვარგისიანი აღარავინ დარჩა, რომ ქვეყნისთვის ეპატრონა.
კახ-ბატონ კონსტანტინეს ცუდზე უარესი საქმე დაემართა. ყაენის ხალათი დათმო და
ტანთ ხონთქრის ქურქი მოიხურა, ძალით ვერაფერი გააწყო და მტერს ნებით
დამორჩილდა, მიენდო და საკუთარი თავი ჯალათს ჩააბარა.
ეს ყველაფერი ქართველებს ერთმანეთთან ბრძოლამ დამართა. ქართლი ოსმალომ
დაიპყრო, კახეთს ლეკთა მოლამ. მათ მიერ დახოცილი ქართველების სისხლის
ნიაღვარმა ხევები სულ ამოლესა და გვამების სიმყრალემ მთა-ბარი მოიცვა!
პოეტი ამბობს, რომ ერთი ისეთი გორისუბნელი თავადი იყო, განთქმულ ხატობაზე მათი
ქალ-რძალნი კოხტ ჯუბებით რომ იწონებდნენ თავს, მაგრამ წუთისოფელმა არ დაინდო,
შორს გადაისროლა, ყუბანს გადააცილა და ამის გამო მოთქმით იტირებდა ბანის მიმცემი
რომ ვინმე ეგულებოდეს.
ქვეყანაში არეულობის გამო იგი საკუთარ სამოსახლოს განერიდა და სხვის სოფელში,
ქსნის ხეობის სოფელ ლამისყანაში დასახლდა.
ერთხელ ყანის მკას აპირებდნენ და მოყვრის მუშებს თავზე ადგა. დილით, საქმის გამო
ადრე ადგა, ორი კაცი იახლა და ძროხით, ღორითა და ცხვრით მუშებისთვის სადილის
მომზადებას აპირებდა.
მუშებს გრძელი გზა ჰქონდათ გამოსავლელი და ჯერ არ შეყრილიყვნენ, როცა ლეკებმა
დავითი შეამჩნიეს და ირტოზის მთიდან მისკენ გაეშურნენ.
იქვე ახლოს, ხშირი ტყის პირას წყარო მოდიოდა. პოეტმა მისდა სამწუხაროდ თოფი და
ხმალი აიხსნა და ხელ-პირის დაბანას აპირებდა, როცა იქვე ჩასაფრებული თხუთმეტი
ლეკი მიეპარა, შეიპყრო, ხელ-ფეხი შეუკრა და წამოიყვანა.
სასოწარკვეთილს პოეტს ასი მთა და ცხრა იმდენი მინდორი გადაატარეს, თვალთაგან
მდუღარე ცრემლი ადინეს, ცხვრის დუმით და მოხალული მარცვლეულით გამოკვებეს
და ხინკლის წვენი ახვრეპინეს.
დავითი დუმის ჭამას აღარ დაეძებდა და არც ტუჩების გაქონიანებას ინაღვლებდა,
ოღონდაც მაძღრისად ყოფილიყო. მას ძლიერ უმძიმდა, რომ მხარშეკრული მიჰყავდათ
ოსოქოლოში (დასახლება დაღესტანში) და სიკვდილს ნატრულობდა.
მიიყვანეს უღირსებმა და კარგად იმსახურეს. არც ასვეს, არც აჭამეს, არც ჩააცვეს და
დაახურეს. უსასყიდლოდ გატაცებულს სასწრაფოდ გაყიდვა დაუპირეს. ერთხელ
გაპარვა მოახერხა, მაგრამ დაიჭირეს და ამის გამო პანღური უთავაზეს.
დავითი მარტო იყო, ღმერთის გარდა პატრონი არ ჰყავდა და არც შესაფერისი საომარი
აღჭურვილობა გააჩნდა. ამიტომ უფალს მიენდო და მანაც ისმინა მისი ვედრება - როცა
ერთხელ კიდევ ჩაუვარდა შანსი, დრო იხელთა და ხელმეორედ გაიპარა.

„ოდეს დატყოებულმან ურჯულოს ქვეყანასსაყვარლის სახე და სურათი


ვეღარა ნახა, ამისი მოთქმა დავითისაგან“
დავითი მიმართავს იესო ქრისტეს - სახით მშვენიერს, მზის სხივს, მამა ღმერთის
სახებას, რომლის მსგავსიც დედამიწაზე ვერავინ იპოვა და ევედრება მას არ გასწიროს,
ხოლო თუ მოკვდა, მის მხარეს დამარხოს, ჯოჯოხეთში არ ჩააგდოს და სამოთხეში
უწყალობოს ადგილი.
დავითი იესოს იმედს, ტკბილ ცხოვრების წყაროს უწოდებს და დარდობს, ვაი თუ მისი
ხატება ვეღარ იხილოს. იგი თხოვს ისევ შეახვედროს სამყაროსთვის ნათელის მომფენს
და ევედრება - ვინც მას დააშორა, იმის ჯავრიც ამოაყრევინოს.
პოეტი კვლავ მიმართავს იესოს, როგორც შეუდარებელ, უსასყიდლო მარგალიტს. მამა
ღმერთის სახედ მიიჩნევს, შებრალებას სთხოვს და ევედრება, რომ თუ მოკლეს
(ნამგლით თავი მოჭრეს), მისი ამოგლეჯილი სული მიიბაროს.
დავითი ამბობს, რომ სტანჯავენ და ქრისტეს - „უმანკო მტრედისა და გვრიტის“
დათმობას აძულებენ, მას კი არ შეუძლია შარბათი დაღვაროს და ძირმწარას წვენი სვას
და ხვრიპოს.
იგი კვლავ ევედრება უფალს - სიბნელეში მჯდომს სინათლის სხივი დაანახოს, რომ
სიბნელიდან ამოძვრეს, იმ სხივს აჰყვეს და ღმერთის ხილვა შეძლოს.
„იესო, ჩვენო მწყემსო, ჩვენთვის სისხლის დამანთხეველო, ნუ დამკარგავ ისე, ვით
წარწყმედილ ცხვარს (მორწმუნე ქრისტიანს). ხელი ჩამჭიდე, შერისხე და ნუ მოუშვებ
ჩემზედ უხილავ მხეცებს (ეშმაკს). ჯოჯოხეთისთვის განწირულ „თიკანთ“ განმარიდე და
შენს „კრავად“ შემრაცხე!
განსაკურნებელთა მაკურთხებელო, სნეულთა წყლულების მომშუშებელო, სნეულს
მალამო დამადე და განმკურნე, საყვირთა ხმა გამაგონე, ომახიანად დასძახე და ვით
დამარხული ლაზარე, ისე აღმადგინე!
ჩვენი, გზააბნეული ცხვრების მწყემსის კვერთხო, ცხოვრების ხეო, შენი ძალით
შეიმუსრება ყველა ის მახე, რაც ჩემს სულს დაღუპავს და დაამძიმებს.
შენი ჩრდილის ქვეშ მომიჩინე ადგილი, მფარველობა გამიწიე, ავს და მავნებელს
განმაშორე და ცუდს ნურაფერს შემამთხვევ.
"ჩვენ ცხოვართა, წყემსის კვერთხო, ძელო ცხოვრებისა ხეო,
შენზედ ბმულით შეიმუსვრის ჩემი წარწყმენდის მახეო;
შენს ჩრდილთ ქვეშ დავჯდომილვარ, ჩემო სამოთხის დამრხეო,
განმაშორე მავნეთაგან, ავსა ნურას შემამთხვეო!

„ტყვეობითგან გაპარვა დავითისა“

გულზე აღბეჭდილი მქონდა ქრისტეს, საუკუნო ცხოვრების მომნიჭებელის მცნებები.


ვიტირე და ცრემლი ვღვარე. ღმერთს შევთხოვე ჩემთვის ისეთი წინამძღვარი ეწყალობა,
რომელიც უვნებლად გადამატარებდა ქრისტიანების მტრების საზღვრებს.
ღმერთი ვახსენე და იქეთ გავეშურე, საითაც ხსნას ველოდებოდი. გული ტიროდა,
ცრემლებისგან თვალები მეხუჭებოდა. დასუსტებულს აღარ მეგონა გული თუ
გამიძლებდა; ვამბობდი: - „ვაი, ჩემთვის დაკარგულნო მოყვარენო.“
დღისით წინამძღოლად მზე მყავდა, ღამით მთვარე. ჩრდილოეთის მხარის შვიდ
ვარსკვლავს (დიდი დათვის თანავარსკვლავედი) მივენდე და ღამით შუა დაღესტანში
შიშველ მთას მივადექი. იქ ისეთ რამეს შევესწარი, სიცოცხლე გამიმწარდა.
ამოვარდა ქარი, ატყდა ჭექა-ქუხილი და სეტყვა წამოვიდა. ელვის შიშის გამო წამდაუწუმ
თვალები მეხუჭებოდა. მეტად ვწუხდი, რომ არსად თავშესაფარი არა სჩანდა. ტანს აღარ
დავეძებდი, ამიტომ თავზე სარტყელი შემოვიხვიე და წამოვწექი.
სეტყვის თავში დაცემის შიშით პირქვედამხობილს გულმა მითხრა: „ადექ, იელვებს და
მის შუქზე იპოვნი გამოქვაბულს“. მართლაც ავდექი, იელვა და მივადექი კლდე-ლოდში
გამოჭრილ გამოქვაბულს. შიგ შევძვერი და მადლობა შევწირე უფალს.
იმედი მომეცა, რომ ღმერთი მფარველობდა. ჩემი ხსნა რომ არ სდომოდა, თავშესაფარს
არ მაპოვნინებდა, საშინელი წვიმის, სეტყვისა და ქარისაგან არ დამიცავდა. თუ კაცი
ღმერთს მიენდობა, მისგან მხოლოდ სიკეთეს მიიღებს და არა ავსა და ბოროტს.
მადლიერმა წარმოვთქვი: „ღმერთო, შენა ხარ ჩემებრ ცოდვილთა მფარველი. შენს
გარეშე, წინასწარ შეუცნობელია ადამიანის ბედი. ბნელ ღამეში თვალებდახუჭულსა და
უიმედოს გულით მაცნობე და მაპოვნინე გზა-კვალი.“
სეტყვამ გადაიღო. გამოქვაბულიდან გამოვედი და უფალს მსხვერპლი შევწირე: მისთვის
ზვარაკი არა მყავდა და მხურვალე გულით შევტირე: „არც საღვთო წერილი მაქვს და არც
საკმარისი ცოდნა; ამიტომ - "ღმერთო, დამიხსენ მტერთაგან!" - მისთვის ეს ლოცვა
გავიზეპირე.“
„შველა ღვთისაგან დავითისა. ტყვეობიდან გამოსვლა სარუსეთოში“
დაღამდა. მეორე დღე გათენდა. ჩემი მდევარი არავინ ჩანდა. უძილო და ღამენათევი
დილით ადრე ავდექი და წამოვედი. გზად უფალმა დღიური საზრდოც მიბოძა: ორი
კიტრი და ნახევარი ნაჭერი საზამთრო.
საზამთრო სიცხისგან გაცხელებულიყო. იქვე ახლოს მდინარე ჩამოდიოდა და იქ ჩავედი
მის გასარეცხად. როცა დავიხარე, უბიდან კიტრები ამომიცვივდა. გულზე ცეცხლი
მომედო. რომ მეყიდა კიტრი ას ოქროდ და ათას ვერცხლად მიღირდა.
კიტრები წყალმა წაიღო, დაჭერა ვცადე, მაგრამ ამაოდ; ლამის მეც წყალში გადავვარდი.
ღმერთზე გული დამწყდა, ვუსაყვედურე და ვიტირე: ,,თუ მომეცი, რაღად წამართვი, ასე
რატომ გამწირე?“
ყოველი დაბადებული შენი წყალობით იზრდება; მე რისთვის შევქმნილვარ შენგან
დავიწყებული? თუ ჩემთვის არ გინდოდა, რად მომართვი და შემდეგ კვლავ წამართვი
გამზადებული და უბეში ჩადებული საზრდო?
შემდეგ, როცა გონზე მოვედი, უფალს ვედრება დავუწყე - შეენდო ჩემთვის ეს უმეცარი
დაყვედრება და დავპირდი, რომ რაც არ უნდა ცუდი ექნა ჩემთვის, მის ნებას
დავყვებოდი. თუმცა ასე მშიერს გრძელი გზის გაგრძელება აღარ შემეძლო.
საკუთარი თავი დავგმე და ვუთხარი: შიმშილით რა გული დაგიმონებია? მარხულობა
და სასჯელი გონების განსაწმენდია. ღვინის მოყვარულთათვის მაცდურნი მახეს აგებენ,
ხორცის განებივრება კი სულის წარსაწყმენდია.
მივდიოდი და ვტიროდი; ჩემს ზიანზე მოვთქვამდი; თან ღვთის საბოდიშო, საამებელ
სიტყვებს ვამბობდი. უეცრად ერთ ტურფა, ლამაზ ბაღნარს მივადექი, მსხმოიარე
ატმებითა და ვაზებით.
თავი დავხარე, დაბურულ ვაზნარში შევძვერი და ყურძენით მუცელი ისე ამოვიყორე,
შიმშილი და წყურვილი სულ მოვიკალი; მაგრამ უფლისა კი მრცხვენოდა ცოდვით
პირშერცხვენილს და ვნანობდი რად არ მივენდე მის სურვილს.
ღმერთს მისივე მოძღვნილი კიტრის წართმევა დავაბრალე, შევწუხდი, პირითა და ენით
ვაყვედრე და ვცოდე. მან კი სულგრძელად დამითმო ჩემთვის უმჯობესიც მომაგო.
რით გადავიხადო უფალო შენი ვალი და ურიცხვი წყალობა? უწვრთნელი ვარ და არ
ვიცი დავითის ფსალმუნების გალობა. გთხოვ შემინდო უმეცარს ჩემი ცოდვა და ბრალი!
თურმე წინასწარ ხედავდი ჩემს გზასა და კვალს. შვების წყალობას ანიჭებდი ჩემს
ხორცსა და ძვლებს. მე ვერაფერს ვხედავდი, გცოდავდი, თვალებზე ლიბრი მქონდა
გადაკრული. თუ ხორცმა შეგცოდა, ხორცს მოჰკითხე, სულს ნუ მოსთხოვ ვალებს.
დანაშაული ხორცს ეკუთვნის და არა სულს. სული ღვინოა კეთილი, ხორცი კი მყრალი
ჭურჭელი; ხორცი ამა სოფლის სიამეთა გემოთია მთვრალი, სული კი იმ ქვეყნად
(საიქიოში) დასჯის შიშით სულაც გამქრალია.
ეს სიტყვები ჩემთვის სხვას უთქვამს და მე სხვებს მოვუთხრობ: - მეღვინემ ღვინის
ჭურჭელი კარგად უნდა გაწმინდოს, გამორეცხოს და უწმინდურებისგან
გაანთავისუფლოს. თუ ასეთი ჭურჭლისგან ღვინო წახდეს, თავში კეტი დამეცეს.
ეჰ, ღმერთო, შენ აამღერე ჩემი მოთქმა-ტირილი და საკუთარი თავის ცემა-ტყეპა;
ნაკლოვან ჭურს შენი ძალა დამახმარე და განმწმინდე; გული, გონება და პირი
უწმინდურებისგან განმითავისუფლე; ცოდვის ნამტვრევებით გაჩენილი ბზარები
მადლით ამომილესე და კირით გამიმაგრე.
შეისმინა უფალმა ჩემი ვედრება; დაღონებულს ნუგეში მცა და არა სამგლოვიარო,
არამედ სიმღერის ხმა გამაგონა. საყდარში დარეკეს და ზარების ზრიალის ხმა გავიგონე.
ზარების ხმაზე გული ამიძგერდა, წამოვდექი და მალულად მიმოვიხედე. დავინახე
ტაძრის კარზე პირჯვარს იწერდნენ და ვთქვი - ჩემი ბედისწერაც ნამდვილად აქ უნდა
იყოს მეთქი.
გადაიხადა უფალმა რაც ჩემი ჩემი ვალი ემართა. იმგვარი სიხარული მომანიჭა,
მოულოდნელობისგან ლამის ჭკუიდან შევიშალე. ისე მეამა, პირიდან ლამის ყურძნის
მარცვლები გადმოვყარე. საჩქაროდ წასვლა მომინდა, რადგან დიდი ხანი მოცდა აღარ
შემეძლო.
კიდევ ერთხელ დავაკვირდი, შევისწავლე და გარკვევით დავინახე ყველაფერი.
თავშალშემოხვეული ქალები დევის რქებად გამოვსახე; ვთქვი, იქნებ მაცდურმა რამე
მახე დამიგო-თქო, ამიტომ იქ მისვლა ვეღარ გავბედე და შორს წასვლა განვიზრახე.
იმ ბაღში ხილი დავკრიფე და საგზალი მოვიმზადე. ზოგი უბეში ჩავიწყვე, ზოგი
კალთაში ჩავიდე; ისევ სინდისმა მამცნო, რომ დაბინდებამდე მომეცადა. დღისით
სიარული საშიშია, ვინმემ მახეში არ გაგაბასო.
წავედი და იქ დავწექი, სადაც ყველაზე ხშირი ჩალა იყო; ღმერთმა თქვენს მტერს
შეჰყაროს ის ჭირი, რაც მე იქ თავს დამატყდა. როდესაც ჩალა შევარხიე, კოღოების
ლაშქარი წამოიშალა და სახე რომ არ დამეფარა, დამახრჩობდნენ, ცოცხალი ვერ
გადავრჩებოდი.
მეტისმეტად რომ შემაწუხეს, გამწარებულმა ვთქვი: „ვინც არ უნდა იყოს, მასთან მივალ
სიცოცხლე გამწარებული-თქო“. მეტი აღარ დავაყოვნე, წამოვხტი და სწრაფად დავტოვე
იქაურობა. იქვე, ახლოს, კალოს ლეწავდნენ და დაბარებულივით მათთან მივედი.
მიუცხოვეს და ჩემს დასათვალიერებლად შემოიკრიბნენ. ქალები და კაცები
შემომეხვივნენ გარშემო; მხოლოდ პერანგები ემოსათ და ჯვრები ეკიდათ; მივედი,
ჯვარს ვემთხვიე და პირჯვარი გადავიწერე.
ერთმა მეორეს უთხრა: ,,დაი ხლებაო, ლაზარი“. ,,ხლება“ რა მესმა, სიხარულისაგან
მეცხრე ცას ვეწიე; მუხლები ამიკანკალდა და ტანმა რყევა დამიწყო; ,,ხლება“ რუსულად
რომ პური იყო, მანამდეც მქონდა გაგონილი.
სანამ ,,ხლება“ არ ახსენეს, მაქამდე რუსები არ მეგონენ. პურის სახელი, რომ ახსენეს,
მაშინ ვიგრძენი შვება. ამ დროის მანძილზე დაგროვილი ჯავრის კონა, სიხარულმა
დამიშალა.
იქ ერთმა ყაზახმა ისე მომიარა, მამაჩემს არ მოუვლია ჩემთვის, როცა მყავდა; შევებრალე,
გულზე მიმიკრა, გადამკოცნა და ცრემლები დაღვარა, შემდეგ სასწრაფოდ ერთი
ფხოველი იანვარა მომიყვანა თარჯიმნად.
ნავით მდინარე გადავცურეთ, ეკლესიაში შემიყვანეს, პირჯვარი გადამაწერინეს და
ხატებზე თაყვანი მაცემინეს. შემდეგ სოფლის სამდივნოში წამიყვანეს, მაყვირეს და
მაყაყანეს; ყველაფერი დაწვრილებით გამომკითხეს: ვინ ვიყავი, სად მივდიოდი და
ლამისყანაში რას ვაკეთებდი.
სათქმელს მოკლედ გეტყვით: თერგიდან სოლაღში (სოლაღის ციხე) წავედი, სოლაღიდან
- ასტრახანში, იქიდან მოსკოვში - მეფე ვახტანგს და ბაქარს (შანაოზ-ხანს) ვეახელი და
თაყვანი ვეცი; მიბრძანეს იარაღების საწყობისთვის მეპატრონა;
მათ თანამდებობა მიწყალობეს და ჯაბადარბაშობა მომცეს (იარაღის მესაწყობეთა
უფროსი); ღმერთმა ბევრჯერ გაგითენოთ ხარება და ქრისტეს შობა! აღდგომის
დღესასწაულზე კარგი იყო მეფესთან წვეულება, შაირობა, ჩანგის დაკვნესება, ლექსების
თქმა, სიმღერა და თამაში.
ჯავახიშვილს გამალექსეს, ჩემსავით ცუდ მოშაირეს, სახით გამხდარს და ტანად სუსტს -
მრუდე კოჟრიანის ხის მსგავსს; რაც მე ვუთხარი ნარცეცხლად ედებოდა კუდზე.
ხანდახან ისე იწყენდა, აწუწუნდებოდა, ბუზშემჯდარი ცხოველივით გარბოდა და
გაბრაზებული ძირს დაახეთქებდა ხოლმე ქუდს.

„დავით გურამიშვილისაგან საწუთოს სოფლის სამდურავი“


ნუ მიენდობი ცრუ და უპირო წუთისოფელს. ვერ მოიხელთებ და ხელს ვერ შეავლებ რა
ბრჭყალების პატრონიც არ უნდა იყო; დღეს რომ ლხინს გარგუნებს, ხვალ ჭირს ვერ
გადაურჩები; ამიტომ უმჯობესია ხორციელი ცხოვრება უარყო და საკუთარი
სულისთვის წირვა-ლოცვა აღავლინო.
წუთისოფელში ნათელი და ბინდი ერთმანეთს ცვლის. ერთ წამს რომ მსუბუქ ნიავს
დაუბერავს, მეორე წუთს მის ტალღებზე მოფარფატე ნავს დაამსხვრევს და ქვესკნელში
შთანთქავს. მისი დაუნდობელი ბუნება ყოველ ლხინს, ავს მოადევნებს ხოლმე უკან;
კარგს იტყვი მასზე თუ ცუდს, ყველაფერს გარდაუვალი დასასრული აქვს.
მე ვიცნობდი ამ წუთისოფელს: მიყვარდა, კეთილად მიმაჩნდა, ვცდილობდი კარგს არ
გავქცეოდი. შვება ვიგრძენი და ამ ქვეყანაზე განცხრომასა ვიყავი მიცემული, მაგრამ
ეხლა თქვენც ხედავთ მისი მიზეზით ჩემს დაღვრემილობას და ოხვრა-ვაებით დამწვარ
გულს.
ხანმოკლეა ეს წუთისოფელი, წამი არ შემარჩინა... რაც თავიდან მიბოძა, ბოლოს
ყველაფერი წამართვა. ვერაგულად დამიხლართა რაც კი ვქსოვე და ვთალე. მის გამო
გულზე სევდა ისე შემომენთო, როგორც ცეცხლს შეუკეთებენ შეშას.
ცრუმ, მაცდურმა და წყეულმა მახე დამიგო: პირველად მოყვრად მეჩვენა და
ტკბილსიტყვაობით მომხიბლა; შემდეგ გამეთამაშა, შემაცდინა და საცხოვრებელი
დამაკარგვინა; ბოლოს, როცა გამთელა და გამკიცხა, ნიშნიც მომიგო - „ეს რად ჩაიდინეო“
.
ამის გამო ვემდური წუთისოფელს, თორემ მასთან სხვა სადაო რა მაქვს? სად მყოფი სად
მომიყვანა და კიდევ საით წამიყვანს! ჩემი თავი დედ-მამას და და-ძმას თვალით არ
დაანახა, ძეთა და ასულთა ნატრული გამხადა და მათთვის უღირსად ჩამთვალა.
წუთისოფელმა მიბოძა თუ რამ მებადა. მის დაგებულ ყველა მახეში ამოვყავი თავი.
მტერთაგან ორგზის შემაჩვენა, ტყვედ ჩამაგდო და ხელები საბელებით დამიბორკა.
ამიტომ ვტირი, ცრემლი თვალებს მიბნელებს და დღეები ღამეებად მეჩვენება.
ვერაგმა წუთისოფელმა მშვილდი მოზიდა და ისარი შიგ გულში დამაძგერა. არც ძე
მომცა, არც ასული, მამაც არავინ დამიძახა. შედეგ გონება დამიჩაგრა და მტერი თავზე
დამასვა; დავჯექი და გალექსვა დავიწყე, გადავწყვიტე ჩემი ლექსი მეღიარებინა შვილად.
ამას ვედავები წუთისოფელს, რომელიც ყველას ყელზე თოკგამობმულს, თავის ნებაზე
დაატარებს; მე ერთი შვილი მინდოდა და არ მომცა, ვისაც არ სურდა - ტყუპებით
დააჯილდოვა; ამაზედ ვტირი მწარედ და უბე-კალთა ცრემლებით მაქვს სავსე.
სამ-ოთხ რიგად მუხანათმა წუთისოფელმა გულში მახვილი ჩამცა. მთელი ჩემი დღენი
მატირა და საქმე სამღერლად არასოდეს გამიხადა. უნაყოფო ვაზივით უსარგებლოდ
გამზარდა და ნაყოფი არ გამომაღებინა. თესლი დამიშრიტა, გამახმო და უშვილძიროდ
დამაბერა.
უშტოო და უნაყოფო შემქმნა, როგორც ხმელი ხის გალია. გულზე ნემსკავი დამასო და
სევდის სამსალით დამლახვრა. ცრემლი თვალებს ისე მიწვავს, როგორც თევზის
საწამლავი. ჩემი საცხოვრებელი ისე მიჩანს, როგორც ფრინველს გალია.
ორჭოფი და ცვალებადია წუთისოფელი. ხან ნოტიოა, ხან ყველაფერს გვალვა ახმობს.
დღეს რომ წინ კარგს წაგიმძღვარებს, ხვალ ავს მოგადევნებს უკან. ნუ ენდობი,
მოგატყუებს, ისარს გესვრის, მშვილდს კი გადამალავს. მას შევნატრი, ვინც ამ
წუთისოფელში მართებული სვლით გზას გაიკვალავს.
ორსახოვანია წუთისოფელი. კაცს ერთგვარად არ ამყოფებს. ხან მოაწყენს და აატირებს,
ხანაც მოალხენს და აამღერებს. ისე არავის დააბერებს, რომ ცხოვრება ერთგვარად
გაატარებინოს; ბოლოს, როგორც მიწისგან შეუქმნია, ისევ მიწადვე გარდაქმნის და
მტვრად აქცევს.
წუთისოფელი მოძრავია, ზღვის ქარტეხილებივით ღელავს. დრო და ჟამი მის მიერვე
დაქსელილს ქსოვს და სთელავს. ეს სიკვდილი ცელს რად იქნევს, რად თიბავს და
სცელავს? ამის გამო ვიწუნებ წუთისოფელს, რადგან რაც არ უნდა ელავდეს, ბოლო
მაინც სიბნელე და წყვდიადია.
ამიტომ სულ ვფრთხილობ, როგორც მტრის ბანაკში მყოფი. მისი შიშით ჩემი გული ცემს
და გაჭირვების ოფლს ღვრის. მის გასაგრილებლად მომადლებულ წყლის წვეთს გული
ისე დაუფლეთია, როგორც გალესილ დანას უბრალო ტილოს ქსოვილი.
ჯავრით დღენი ისე შემიმოკლდა, ნაღველი სულ დამელია. თუ რამ ტკბილი ვიგემე,
ყველაფერი გამიმწარდა. ტურა და მელა ჩემი მძორის შესაჭმელად მზად არიან. აწი მეც
თქვენთან წამოვალ, სადაც ძმები მეგულებიან და მომელიან.
თავს მოსვენება როგორ მივცე მე ამაოდ მორბენალმა? სიკვდილი მომახლოებია და
სულის ამოხდას ცდილობს. ამა სოფლად ნუღარა ხარ, იმ სოფლად წამოდიო - მეძახიან.
მე რომ იქ წამიყვანონ, ჩემს ობოლს ვინ გამიზრდის?
მითხარი, უკეთურო - დავითთან უთანხმოებით რა მოიგე? უშვილოს, - „უნაყოფო ხარო“,
რად წამოაყვედრე? ვინც დავითმა იშვილა, იმას შვილად არავინ ჯობს. რაც შევთხზე,
ისვე ვიშვილე და მტერიც იმით მოვიგერიე.
მე რაც შვილად ვცანი, იმას ვჯერდები, თუ უფალმა გამიზარდა; მომღერლად ვზრდი,
თუ ეს სიმღერა მოთქმა-გოდებად არ გადამექცა. გული ზარივით რეკდა და ენაც
გაისარჯა, მაგრამ მეფეთა სამსახურის გამო მეტი ვერ მოვახერხე.

You might also like