You are on page 1of 8

პროლოგი და ეპილოგი

ვეფხისტყაოსნის პროლოგი და ეპილოგი გარკვეულ ცნობებს იძლევა პოემის


ისტრიულ-ლიტერატურული საკითხებისა და თავად ავტორის შეხედულებების შესახებ .
ზოგიერთი მოსაზრებით პროლოგი ეპილოგთან ერთად გვიანი ხანის დამატებაა და არ
ეკუთვნის პოემის ძირითადი ნაწილის ავტორს; სხვა მოსაზრებით კი პროლოგსა და
ეპილოგში მხოლოდ რამდენიმე სტროფია შემდეგ დამატებული, ძირითადი ნაწილი კი
შოთა რუსთაველს ეკუთვნის. ამ უკანასკნელ მოსაზრებას იცავს რუსთველოლოგი
ალექსანდრე სარაჯიშვილი, რომელიც ყალბად აცხადებს პროლოგის რიგ სტროფებს ,
თუმცა იქვე აღნიშნავს, რომ პროლოგი ვეფხისტყაოსნის ღირსებაა და მასში შოთა
რუსთაველმა მოკლედ გადმოსცა პოემის მთავარი სათქმელი[1]:

„ ცხადად ჩანს, რომ რუსთაველს სწადდა ამ წინასიტყვაობით გამოეთქვა პოემის


დასაბამი და დედააზრი, თავისი სულის ვითარება და მდგომარეობა პოემის შეთხზვის
ჟამისა, თავისი შეხედულება და ურთიერთობა პოემის გმირებთან; სწადდა გამოეხატა
თავისი იდეალი, რომელიც ყოველს პოეტს ასულდგმულებს და მის უძვირფასეს განძს
შეადგენს — მიჯნურობა და პოეზია. „წინასიტყვაობა“ არა თუ სხვის მიკერებული
აპოკრიფი არ არის, არამედ პოემის მოუწყვეტელი ნაწილია, მისი ახსნაა და კლიტე -
გასაღები. “

ალექსანდრე სარაჯიშვილის მსგავსი მოსაზრება შედარებით ადრე გამოთქმული აქვს


ასევე ალექსანდრე ნანეიშვილსაც[2]. საპირისპიროს ამტკიცებდა რუსთველოლოგი
დავით კარიჭაშვილი. მისი აზრით, ვეფხისტყაოსნის პროლოგიცა და ეპილოგიც
გაყალბებულია და არანაირი საერთო არა აქვთ პოემის მთავარ ნაწილთან . დავით
კარიჭაშვილის მოსაზრებით, ეს ორი ნაწილი ცალ-ცალკეც ერთიანს არაფერს
წარმოადგენენ და მათი ცალკეული ტაეპები სხვადასხვა დროს სხვადასხვა
პირთაგანაა დაწერილი[3]. დავით კარიჭაშვილის ეს მოსაზრება მკაცრად გააკრიტიკა
ნიკოლოზ მარმა თავის რუსთველოლოგიურ ნაშრომში[4]. დავით კარიჭაშვილმა,
მიუხედავად ნიკოლოზ მარის კრიტიკისა, საკუთარი მოსაზრებანი უცვლელად
გაიმეორა სპეციალურ ნარკვევში „ვეფხისტყაოსნის შემადგენლობა “[5]. ეს
მოსაზრებები გაიზიარა და კიდევ უფრო განავითარა რუსთველოლოგმა ალექსანდრე
სვანიძემ[6]. დავით კარიჭაშვილს ერთი პერიოდი მხარს უჭერდა კორნელი
კეკელიძეც[7]. ეს მოსაზრება პროლოგ-ეპილოგის სიყალბის შესახებ მოგვიანებით
გააკრიტიკა ალექსანდრე ბარამიძემ. მისი თქმით პროლოგი და ეპილოგი გარკვეულ
ტრადიციულ პრინციპებს ეფუძნება. კომპოზიციური თვალსაზრისით პროლოგის
ტექსტი ძირითად ნაწილთან სრულ წესრიგშია, პოემა სამივე ნაწილით
თანმიმდევრული და სანიმუშოა[8]. ვეფხისტყაოსნის თანმიმდევრულობისა და
სანიმუშოობის შესახებ ამგვარადვე ფიქრობდა ვაჟა-ფშაველაც [9].

ძირითადი ნაწილი

ვეფხისტყაოსნის ძირითადი ნაწილი წარმოადგენს შედარებით მარტივ ფაბულურ


ამბავს, რომელიც სიუჟეტური წყობითაა გართულებული. ძირითად ნაწილში ორი
ამბავია მოთხრობილი, არაბეთისა და ინდოეთისა. ეს ორი ამბავი ერთმანეთთან
მჭიდროდაა დაკავშირებული და გადახლართული, იმგვარად, რომ სიუჟეტურად
ვეფხისტყაოსანი მაინც ერთიანი ნაწარმოებია. პოემის ძირითადი სიუჟეტური ამბავი
გამდიდრებულია შემავალი ეპიზოდებით; ასეთებია , მაგალითად , ნადირობა ,
ფრიდონის ამბავი, ფატმანის ამბავი. ეს შემავალი ეპიზოდები თავის მხრივ მცირედ
დასრულებული, სიუჟეტური ამბებია[10]. გარდა ამ ამბებისა, ვეფხისტყაოსნის ძირითად
ნაწილში ხშირია ე. წ. სტატიკური ელემენტები, როგორიცაა ანდერძები , ეპისტოლეები ,
დიალოგები, აღწერილობები, ლირიკული გადახვევები, აფორიზმები და სხვა [11].

რუსთაველი ამბავს სწრაფი ტემპით ავითარებს, მოკლედ და დახვეწილად, როგორც


ზოგიერთი რუსთველოლოგი აღნიშნავს, ზოგავს დროსა და ენერგიას[12].
აღსანიშნავია, რომ რუსთაველისათვის დამახასიათებელია თავისი მოსაზრების
დამადასტურებლად პერსონაჟების მოწმობის მოყვანა[13][14]. სიუჟეტით
ვეფხისტყაოსანი, მეცნიერების თქმით, დღემდე მიმზიდველი წასაკითხია .
ვეფხისტყაოსნის ესპანურად მთარგმნელის, გუსტავო დე ლა ტორეს სიტყვით ,
რუსთაველის პოემის „კითხვა მომხიბლავია“[15]. ქართველი რუსთველოლოგი
ალექსანდრე ბარამიძე აღნიშნავს, რომ სიუჟეტური ხლართები ვეფხისტყაოსანში
იშვიათი ხელოვნებითაა შეკრული და გახსნილი, სიტუაციები თანდათანობით
რთულდება და მძაფრდება, რაც ძაბავს მკითხველის ყურადღებას და აღძრავს
ინტერესს[16].

პოემის ძირითადი ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე , ტრადიციული


თვალსაზრისით ვეფხისტყაოსნის მთავარ თემად მიჩნეული იყო სიყვარული. ეს
მოსაზრება საკამათო გახადა ნიკოლოზ მარმა, რომელმაც გამოთქვა აზრი, რომ
მთავარი თემა პოემაში არის არა სიყვარული, არამედ ძმობა და მეგობრობა [17]. ნიკო
მარს დაეთანხმა ივანე ჯავახიშვილი და აღნიშნა, რომ სწორედ ხალხთა მეგობრობისა
და ძმობის იდეაა მთავარი რუსთაველის პოემაში[18]. ზურაბ ავალიშვილი თვლის, რომ
სიყვარულსა და მეგობრობას შორის ვეფხისტყაოსანში არჩევანის გაკეთება რთულია
და მათ თანაბარმნიშვნელოვან თემებად მიიჩნევს პოემაში [19]. აკადემიკოსი ვ.
შიშმარიოვი მიიჩნევს, რომ ვეფხისტყაოსანი სიყვარულის პოემაა და ამაში დაეჭვება
შეუძლებელია[20]. ინგლისელი ლიტერატურათმცოდნე მორის ბაურას მოსაზრებითაც
ვეფხისტყაოსანში უპირატესია სიყვარულის იდეა და არა მეგობრობისა [21]. ამავეს
ამბობს ამერიკელი ქართველოლოგი ლუის სოლანოც[22]. სიყვარული მიიჩნია
ვეფხისტყაოსნის მთავარ თემად ქართველმა რუსთველოლოგმა ალექსანდრე
ბარამიძემაც[23].

აღსანიშნავია, რომ ვეფხისტყაოსნის ძირითადი ნაწილის ყველა სტროფი , ზოგიერთი


მკვლევარის აზრით, არ უნდა ეკუთვნოდეს შოთა რუსთაველს. არსებობს მოსაზრება,
რომ ინდო-ხატაელთა ამბავი ვეფხისტყაოსანში მოგვიანებითაა დამატებული ; გარდა
ამ თავისა, საეჭვოა ზოგიერთი ცალკეული სტროფის წარმომავლობაც[24] (უფრო
ვრცლად ამის შესახებ იხილეთ ამავე სტატიის სექცია ავტორი, ვეფხისტყაოსნის
გამგრძელებლები).

შინაარსი

პროლოგისა და ეპილოგის შინაარსი

თინათინის გამეფების სცენა წერეთლისეული ვეფხისტყაოსნიდან

უცხო მოყმის ნახვის სცენა თავაქალაშვილისეული ვეფხისტყაოსნიდან

ავთანდილისა და ტარიელის შეხვედრა, მიხაი ზიჩის ილუსტრაცია

ნესტან-დარეჯანის გაგზავნა ქაჯეთში, მინიატიურა წერეთლისეული ვეფხისტყაოსნიდან

ვეფხისტყაოსნის პროლოგი და ეპილოგი შინაარსობრივად გარკვეულ ტრადიციულ


პრინციპზეა აგებული. პროლოგის დასაწყისში ავტორი ქებითა და ლოცვით მიმართავს
სამყაროს შემოქმედს (1. და 2. სტროფები)[25]. ღვთისადმი მიმართვის შემდეგ
რუსთაველი ქებას უძღვნის ამქვეყნიურ მეფეებს (3-5 სტროფები), სადაც იგი აღნიშნავს,
რომ არ იცის, როგორ შეჰკადროს ხოტბის შესხმა თამარ მეფის „ლომს“. სიტყვა
„ლომი“ პოემის მესამე სტროფში ნახმარია მეტაფორული მნიშვნელობით და
აღნიშნავს თამარ მეფის მეუღლეს. ეპილოგში იგი უკვე საკუთარი სახელით —
დავითითაა მოხსენიებული[26]. მეოთხე სტროფი საგანგებოდ საკუთრივ თამარ მეფეს
ეძღვნება[27]:

„ თამარს ვაქებდეთ მეფესა, სისხლისა ცრემლ-დათხეული... “

ღვთისა და საქართველოს სამეფოს მმართველთა ქების შემდეგ პოემის ავტორი


პროლოგში საკუთარ თავზე და შემოქმედებაზე საუბრობს. მე-6 და მე-7 სტროფებში
უკვე პოემის მთავარი გმირის, ტარიელის სახელია ნახსენები[28]. იმავე მე-7 და შემდეგ
სტროფებში კი ავტორი ორჯერ იხსენიებს საკუთარ თავს რუსთველის სახელით[29]:

„ დავჯე, რუსთველმან გავლექსე, მისთვის გულლახვარსობილი...

მე, რუსთველი, ხელობითა ვიქ საქმესა ამადარი... “

ამ ყველაფრის შემდეგ რუსთაველი პროლოგში ავითარებს ორ თეორიას შაირობისა


და მიჯნურობის შესახებ. შაირობაზე საუბრისას იგი თავიდანვე განსაზღვრავს მის
(პოეზიის) არსს და მის ბუნებას; კერძოდ, პოემის მე-12 სტროფის[30] მიხედვით პოეზია
სიბრძნის დარგადაა მიჩნეული და მისი შემეცნებითი მნიშვნელობაა ხაზგასმული .
პოეტის თქმით, პოეზია „მსმენელისთვის დიდი მარგია“, გარდა ამისა შაირობას
რუსთაველი საღმრთო საქმედ მიიჩნევს, რომელსაც საამქვეყნო დანიშნულებაც
აქვს[31].

პოეზიის ბუნებისა და დანიშნულების განსაზღვრის შემდეგ რუსთაველი მის


სპეციფიკაზე საუბრობს და ამბობს: „გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის, შაირია ამად
კარგი“. მოშაირეს თავის საქმეში ისეთივე გაწაფულობა მოეთხოვება , როგორც
სპორტის ოსტატს (მობურთალს)[32]. ლექსის ყოველი მთხზველი შოთას პოეტად არ
მიაჩნია. იგი მელექსეებს თავიანთი შესაძლებლობების მიხედვით ჰყოფს სამ
კატეგორიად და ამ დახარისხებას იძლევა მე-15, მე-16 და მე-17 სტროფებში[33].
პირველ კატეგორიას რუსთაველი მიაკუთვნებს ერთი-ორი უმსგავსო ლექსის
ავტორებს, რომლებსაც, პოეტის თქმით, „მოშაირე არა ჰქვია“. მეორე კატეგორიაში
შოთა ათავსებს მელექსეებს, რომლებსაც არ შეუძლიათ ძლიერი ემოციური ზეგავლენა
მოახდინონ მკითხველზე. ამგვარ პოეტებს რუსთაველი გაუწაფავ ყმაწვილ მონადირეს
ადარებს, რომელსაც დიდი მხეცის მონადირება არ შეუძლია. მესამე კატეგორიაში კი
პოეტს შეჰყავს მელექსეები, რომელთა ნაწარმოებებიც გასართობად, დროის
მოსაკლავად გამოსადეგია. აქ რუსთაველი არ უარყოფს მსუბუქი ჟანრის წვრილი,
სალაღობო ლექსების მნიშვნელობას[34].

ვეფხისტყაოსნის პროლოგში შაირობის თემას უშუალოდ , ლოგიკურად, აზრობრივად


ებმის მიჯნურობის თემა. რუსთაველის თქმით, კარგი მელექსე თავის შემოქმედებას
ფუჭად კი არ უნდა ფანტავდეს, არამედ ამ ხელოვნებას მიჯნურის საქებად , სიყვარულის
სადიდებლად უნდა იყენებდეს[35]. პოეტი ერთმანეთისაგან მკაცრად ასხვავებს
ნამდვილ მიჯნურობასა და ხორციელ წადილს, სიძვას[36]:

„ მიჯნურობა არის ტურფა, საცოდნელად ძნელი გვარი;

მიჯნურობა სხვა რამეა, არ სიძვისა დასადარი;

იგი სხვაა, სიძვა სხვაა, შუა უზის დიდი ზღვარი,

ნურვინ გარევთ ერთმანეთსა! გესმის ჩემი ნაუბარი?

მოშაირეების მსგავსად შოთა სიყვარულსაც სამ კატეგორიად ყოფს. „პირველი


მიჯნურობა“ პროლოგის მიხედით „საზეო საქმეა“, ღვთაებრივი მოვლენაა. მეორეა
ამქვეყნიური, მიწიერი, ხორციელი სიყვარული, ადამიანური გრძნობა (რომელსაც
შოთა სიძვისაგან მკაცრად მიჯნავს). მიჯნურობის მესამე სახეს, ხორციელ წადილს ,
სქესობრივი ჟინით გატაცებას პოეტი სიყვარულის ცნებიდან საერთოდ გამორიცხავს
და დაუფარავად აკრიტიკებს[37]:

„ მძულს უგულო სიყვარული, ხვევნა, კოცნა, მტლაშა-მტლუში. “

რუსთაველი უარყოფს მიჯნურობის ორივე უკიდურეს ფორმას — საზეო-საიმქვეყნო


სიყვარულსა და ხორციელ გატაცებას (სიძვას) და პროლოგში ხსნის, რომ მისი პოემა
ამქვეყნიურ, ადამიანურ გრძნობაზე, ნამდვილ სიყვარულზეა დაწერილი. კარგი
მიჯნურისაგან პოეტი მოითხოვს ერთგულებას, სიტურფეს, სიუხვეს, კარგ ენასა და
გონებას, სიძლიერეს და სიმდიდრესაც[38].

პროლოგში პოეტი ამბობს, რომ პოემაში მოთხრობილი ამბავი დასრულდა, პოემის


გმირებმა დაასრულეს ამქვეყნიური ცხოვრება და გარდაიცვალნენ. პროლოგის
პირველ სტროფში კიდევ ერთხელაა მოხსენიებული რუსთაველი (თუმცა, პროლოგის
სტროფების დაწერას ტრადიციულად შოთა რუსთაველს არ მიაწერენ). დასასრულში
პოეტი კიდევ ერთხელ აქებს საქართველოს მმართველებს, თამარ მეფესა და დავით
სოსლანს. უკანასკნელ სტროფში მოხსენიებულია იმ პერიოდის ნაწარმოებები მათი
ავტორებითურთ, მათ შორის დასახელებულია რუსთაველი, ტარიელის მაქებარი .
აღსანიშნავია, რომ აქ რუსთავლი მესამე პირშია დასახელებული, რაც ერთ-ერთი
მიზეზია იმისა, რომ პროლოგის სტროფების ავტორად ზოგჯერ შოთა რუსთაველს არ
მიიჩნევენ[39] (ვრცლად ამის შესახებ იხილეთ ამავე სტატიის ქვეთავი ავტორი,
ვეფხისტყაოსნის გამგრძელებლები).

ძირითადი სიუჟეტი

ვეფხისტყაოსნის ძირითად ნაწილში ორი ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული


ამბავია მოთხრობილი; ერთია არაბეთის ამბავი, ხოლო მეორე ინდოეთისა. პოემა
იწყება არაბეთის (მეფე როსტევანი, თინათინი და ავთანდილი) ამბით. არაბეთის
მეფის, როსტევანის მოხუცებულობის გამო ტახტზე მეფის სურვილით მისი ერთადერთი
ქალიშვილი, თინათინი ადის. თინათინსა და სპასპეტ ავთანდილს ერთმანეთი
უყვარდებათ. ერთხელ, ნადირობისას მეფე და ავთანდილი წყლის პირას მტირალ
უცხო მოყმეს წააწყდებიან, რომელიც ვეფხის ტყავითაა შემოსილი (ვეფხისტყაოსანი ).
მეფემ მისი გაცნობა მოისურვა, თუმცა უცხო მოყმე გაუჩინარდა. მეფე დანაღვლიანდა .
თინათინმა ავთანდილს დაავალა უცხო მოყმის მოძებნა, ავთანდილმა შეასრულა მისი
დავალება, იპოვა მოყმე — ტარიელი, მოისმინა მისგან სიყვარულის ტრაგიკული
ამბავი, დაუძმობილდა და დახმარება აღუთქვა. მართლაც, ავთანდილმა მიაგნო
ტარიელის დაკარგული სატრფოს კვალს და ბოლოს და ბოლოს ძმადნაფიცმა
მოყმეებმა — ავთანდილმა, ტარიელმა და ფრიდონმა — იხსნეს ქაჯების მიერ
შეპყრობილი ნესტანი, ტარიელის სატრფო[10].
მეორე ამბავი არის ის ტრაგიკული ისტორია, რომელიც ტარიელმა ავთანდილს უამბო.
ინდოეთის ამირბარსა და ინდოეთის მეფის ასულს, ტარიელსა და ნესტან-დარეჯანს ,
ერთმანეთი შეუყვარდათ. მშობლები ქალის სხვაზე მითხოვებას აპირებდნენ. ნესტანის
რჩევით ტარიელმა სასიძო მოკლა. მეფესა და ამირბარს შორის კონფლიქტი მოხდა .
ნესტანი უმაგალითოდ დასაჯეს — ზღვის შორეულ სივრცეში გადასაკარგავად გაატანეს
მონა-ზანგებს. ტარიელი უშედეგოდ ეძებდა თავის სატრფოს, თუმცა იმედგაცრუებული
ბოლოს გაშორდა საზოგადოებას და უდაბნოში, გამოქვაბულში დასახლდა ნესტანის
მსახურ ერთგულ ასმათთან ერთად. ეს ისტორია სიუჟეტის თანმიმდევრობაში
ჩართულია იმ ადგილას, სადაც ავთანდილი იპოვნის ტარიელს და ტარიელი მას თავის
ამბავს უამბობს[10].

პერსონაჟები

ვეფხისტყაოსანი საკმაოდ მდიდარი პოემაა პერსონაჟთა წრით. მოქმედება ფართო


გეოგრაფიულ არეზეა გაშლილი და პერსონაჟებიც სხვადასხვა ქვეყნის
წარმომადგენლები არიან, მათ შორის გამოგონილი ქვეყნებისაც (როგორიცაა ,
მაგალითად, მულღაზანზარი). პოემაში არაა გამოყვანილი ეროვნებით ქართველი
პერსონაჟი. ზოგიერთი მკვლევარის აზრით, ვეფხისტყაოსანში დასახელებულ
სამეფოებში იმდროინდელი საქართველოს კუთხეები იგულისხმება . ივანე
ჯავახიშვილის თქმით, შოთა რუსთაველის გმირებში ქართული გული ძგერს და მათ
მაშინდელი საქართველოს საკითხები აღელვებთ[40].

ვეფხისტყაოსნის პერსონაჟებთან დაკავშირებით ნარკვევები გამოქვეყნებული აქვთ


აკაკი წერეთელსა[41][42][43][44] და ილია ჭავჭავაძეს[45]. აკაკის მოსაზრებით,
ვეფხისტყაოსნის ქვეყნები გადარქმეული საქართველოს სხვადასხვა კუთხეებია ,
შესაბამისად ხალხიც ქართველია. აკაკი პირდაპირ ასახელებს, რომ ტარიელი
წარმოშობით ამერიდანაა (აღმოსავლეთ საქართველოდან), ავთანდილი იმერიდან
(დასავლეთიდან), ხოლო ფრიდონი შავიზღვისპირელი ქართველია — ამ სამი გმირის
ერთობა კი ერთიან, შეკავშირებულ ქართველ ხალხს იძლევა. აკაკიმ ნესტანი
წარმოიდგინა საქართველოს სიმბოლოდ, რომელსაც ქართველი ხალხი მხოლოდ
ერთიანი ძალებით თუ უშველის. ამგვარად აკაკიმ სცადა ქართველთა სუბეთნიკურ
ნიადაგზე ვეფხისტყაოსნის პერსონაჟთა ტიპური ბუნების გარკვევა [46]. აკაკის
მოსაზრებას დაეთანხმა დავით კარიჭაშვილიც, თუმცა მან აღნიშნა, რომ ქართველი
ხალხის ეთნოგრაფიული წარმომადგენლები რუსთაველს განგებ კი არ დაუხატავს ,
არამედ ეს თავისთავად, პოეტის უნებურად მოხდა[47]. ვეფხისტყაოსნის პერსონაჟებზე
აკაკის აზრი მკაცრად გააკრიტიკა ილია ჭავჭავაძემ. მისი თქმით, აკაკიმ „ვიწრო
ფარგლებში მოამწყვდია“ დიდებული ქართული პოემის მნიშვნელობა, ხოლო მისი
ავტორი უბრალო ეთნოგრაფად გამოაჩინა. ილიას აზრით, რუსთაველის პერსონაჟები
არიან „ზოგადი ადამიანების ტიპები“ და არა რომელიმე „ქართლელი, კახელი, პეტრე ,
ივანე“[48].
ვეფხისტყაოსნის პერსონაჟების დახასიათებას უძღვნა ნაშრომი ვლადიმერ
ნორაკიძემ. მისი თქმით, ტარიელი და ავთანდილი, ასევე ფრიდონიც არიან მსგავსი
ხასიათების ადამიანები, თუმცა ისინი მაინც არ კარგავენ საკუთარ
ინდივიდუალობას[49][50][51][52][53]. ამ მხრივ დიამეტრულად განსხვავებული
მოსაზრება აქვს ივანე ჯავახიშვილს. მისი თქმით, პირიქით, ვეფხისტყაოსნის მთავარი
გმირები (ტარიელი და ავთანდილი) იმდროინდელი საქართველოს ორ
აბსოლუტურად განსხვავებულ ტიპს წარმოადგენენ; ჯავახიშვილი ხსნის , რომ
განსხვავება კონკრეტულად ის არის, რომ ტარიელი იბრძვის, არის მამაცი , თუმცა მის
ბრძოლას არ აქვს იდეური ხასიათი, ავთანდილი კი პირიქით, ხმალს მხოლოდ
იმისათვის იშიშვლებს, რომ შეურაცხყოფილებს დაეხმაროს, გაათავისუფლოს
ჩაგრულები[54]. ამ საკითხში ივანე ჯავახიშვილს არ ეთანხმება ალექსანდრე
ბარამიძე[55].

ვეფხისტყაოსნის ძირითადი პერსონაჟები არიან:

ტარიელი — უცხო მოყმე, ვეფხისტყაოსანი, ნესტანის მიჯნური, ავთანდილისა და


ფრიდონის ძმადნაფიცი;

ავთანდილი — არაბეთის სპასპეტი, თინათინის მიჯნური, ტარიელისა და ფრიდონის


ძმადნაფიცი;

ნურადინ-ფრიდონი — მულღაზანზარის მეფე, ტარიელისა და ავთანდილის


ძმადნაფიცი;

ნესტან-დარეჯანი — ტარიელის მიჯნური, ფარსადანის ქალიშვილი;

თინათინი — ავთანდილის მიჯნური, როსტევანის ქალიშვილი და თანამესაყდრე ;

როსტევანი — არაბეთის მეფე;

ფარსადანი — ინდოეთის მეფე;

დავარი — ფარსადანის და, ქაჯეთში გათხოვილი, ნესტან-დარეჯანის გამზრდელი და


მასწავლებელი;

შერმადინი — ავთანდილის ერთგული მსახური;

სოგრატი - როსტევანის ვაზირი;

ასმათი — ნესტან-დარეჯანის მონა-მსახური, ტარიელის მსახური და მეგობარი ;

რამაზი — ხატაეთის მეფე;

უსენი — გულანშაროს მთავარი;

ფატმანი — უსენის ცოლი;


ჭაშნაგირი — ფატმანის საყვარელი;

მელიქ–სურხავი — გულანშაროს მეფე;

უსამი — ვაჭრების მეთაური.

You might also like