You are on page 1of 9

ექსკრეტორული სისტემა (საშარდე სისტემა)

1. რა არის ექსკრეცია?
ნივთიერებათა ცვლის საბოლოო პროდუქტების და ორგანიზმისთვის უცხო ნივთიერებების გარეთ გამოყოფას
ექსკრეცია ეწოდება. ექსკრეტორული ორგანოები (თირკმლები, კანი, ფილტვები და მსხვილი ნაწლავი) შინაგანი
გარემოს მუდმივობას (ჰომეოსტაზს) ინარჩუნებს.
2. რა მიეკუთვნება ექსკრეტორულ ორგანოებს?
ექსკრეტორულ ორგანოებს მიეკუთვნება:
1) თირკმლები- გამოყოფს აზოტის შემცველ ნაერთებს (ამიაკი, შარდოვანა, შარდის მჟავა, კრეატინინი და ა.შ.);
2) საოფლე ჯირკვლები- გამოყოფს აზოტშემცველ ორგანულ ნივთიერებებს;
3) ფილტვები- გამოყოფს აორთქლებად ტოქსიკურ ნივთიერებებს (მაგალითად, ეთანოლს);
4) მსხვილი ნაწლავი- გამოყოფს მძიმე მეტალებს (მაგალითად, ტყვიას, ვერცხლისწყალს და ა.შ.).
3. რა არის ორგანული ნივთიერებების დაშლის საბოლოო პროდუქტები?
1) ცილები იშლება აზოტშემცველ ამიაკად, რომელიც ძალიან ტოქსიკურია და ამის გამო ამიაკი ღვიძლში
შარდოვანად გარდაიქმნება. შარდოვანა შემდგომში თირკმლებითა და საოფლე ჯირკვლებით გამოიყოფა
ორგანიზმიდან. გარდა ამიაკისა და შარდოვანისა, ცილების დაშლისას ასევე გამოიყოფა ნახშირორჟანგი (CO2)
და წყალი (გამოიყოფა ფილტვებით).
2) ნუკლეინის მჟავები (დნმ, რნმ) იშლება აზოტშემცველ ნივთიერებად- შარდის მჟავად, რომელიც თირკმლების
საშუალებით ტოვებს ორგანიზმს. ნუკლეინის მჟავების დაშლისას ასევე გამოიყოფა ნახშირორჟანგი, წყალი და
ფოსფორის შემცველი ნაერთები.
3) ცხიმები და ნახშირწყლები იშლება ნახშირორჟანგად და წყლად, რომლებიც ფილტვების მიერ გამოიყოფა.

შარდოვანა შარდის მჟავა ნახშირორჟანგი წყალი


ცილები + - + +
ნუკლეინის მჟავები - + + +
ცხიმები - - + +
ნახშირწყლები - - + +
4. რომელი უფრო ტოქსიკურია: შარდოვანა თუ შარდის მჟავა?
შარდოვანა ბევრად ტოქსიკურია, ვიდრე- შარდის მჟავა. სწორედ ამიტომ შარდოვანას ორგანიზმიდან გამოდევნას
უფრო მეტი წყალი სჭირდება, ვიდრე- შარდის მჟავის გამოდევნას.
5. რა განსხვავებაა შარდის წარმომქმნელ და შარდის გამომყოფ ორგანოებს შორის?
შარდის წარმომქმნელი ორგანო არის თირკმლები, შარდგამომყოფი კი არის- თირკმლის მენჯი, შარდსაწვეთები,
შარდის ბუშტი და შარდსადინარი.
6. სად მდებარეობს თირკმლები და როგორია მათი აგებულება?
თირკმლები მუცლის ღრუს უკანა კედლის ზედა ნაწილში მდებარეობს, წელის პირველ-მეორე მალების დონეზე,
ხერხემლის მარცხნივ და მარჯვნივ. ამასთან მარჯვენა თირკმელი 2-3 სმ-ით უფრო დაბლაა (ღვიძლის ზომის გამო),
ხოლო მარცხენა თირკმელი- შედარებით მაღლა. თითოეული თირკმლის მასა საშუალოდ 150 გრამია (120-200 გრ),
სიგრძე კი 12 სმ. ფორმით ლობიოს მარცვალს ჰგავს და მორუხო-მოწითალო ფერისაა. თირკმელს შუაში აქვს
ჩანადრეკი, რომელსაც თირკმლის კარი ეწოდება. აქედან თირკმელში შედის თირკმლის არტერია და ნერვები, ხოლო
გამოდის თირკმლის ვენა, ლიფმური სადინრები და შარდსაწვეთი. თირკმლების ზედა პოლუსებზე თირკმელზედა
ჯირკვლები მდებარეობს. თირკმლების უკანა ზედაპირზე ცხიმოვანი ქსოვილია, რომელიც თირკმელს აფიქსირებს.
დასუსტებისა და ძლიერი გახდომის დროს ეს ცხიმოვანი ქსოვილი შეიძლება გაქრეს და თირკმელი მოძრავი გახდეს,
უფრო დაიწიოს.
7. აღწერეთ თირკმლების სისხლმომარაგება.
თირკმლები სისხლს აორტიდან იღებს თირკმლის არტერიებით, ხოლო „გაწმენდილ“ სისხლს თირკმლის ვენებით
ქვედა ღრუ ვენაში აბრუნებს.
აორტა- თირკმლის არტერია- თირკმლის ვენა- ქვედა ღრუ ვენა
8. როგორია ჟანგბადის, საკვები ნივთიერებებისა და ტოქსიკური ნივთიერებების შემცველობა თირკმლის
სისხლძარღვებში?
1) თირკმლის არტერიაში ბევრი საკვები ნივთიერება, ბევრი ჟანგბადი და ბევრი ტოქსიკური ნაერთია;
2) თირკმლის ვენაში ცოტა საკვები ნივთიერება, ცოტა ჟანგბადი და ცოტა ტოქსიკური ნაერთია.
აქ ყურადღება გაამახვილეთ იმ ფაქტზე, რომ ბევრი სხვა ორგანოსგან განსხვავებით, თირკმლის ვენაში
არსებული სისხლი უფრო „სუფთაა“ და უფრო ნაკლებ მავნე ნივთიერებას შეიცავს, ვიდრე- არტერია.
9. აღწერეთ თირკმლის აგებულება სურათის მიხედვით.
ძალიან მნიშვნელოვანია თირკმლის აგებულების ცოდნა და
სტრუქტურების სურათზე გარჩევა, ამიტომ ყურადღებით
დაიმახსოვრეთ. 1-თირკმლის პარენქიმა; 2- თირკმლის ქერქი;
3- თირკმლის ტვინოვანი ნივთიერება; 4- თირკმლის გარშემო
არსებული ცხიმოვანი ქსოვილი; 5- თირკმლის კაპსულა; 6-
შარდასწვეთი; 7-თირკმლის მენჯი; 8- თირკმლის არტერია და
ვენა; 9- თირკმლის კარი; 10- თირკმლის ფიალა.
10. რა ფუნქციები აქვს თირკმელს?
(1) თირკმელი ფილტრავს მთელ სისხლს (დღეში 360-ჯერ) და
გამოაქვს სისხლის პლაზმიდან მავნე აზოტშემცველი
ნივთიერებები (მაგ., ცილების დაშლის პროდუქტები- ამიაკი
და შარდოვანა, ნუკლეინის მჟავების დაშლის პროდუქტი-
შარდის მჟავა) და ჭარბი ელემენტები (მაგ., კალიუმი), ანუ
ისეთი ნივთიერებები, რომელთა განმეორებითი გამოყენებაც ორგანიზმს არ შეუძლია; (2) თირკმლებს გამოაქვს
სისხლის პლაზმიდან (შესაბამისად, ორგანიზმიდან) ჭარბი წყალი ან პირიქით, აღარ გამოაქვს და ხელს უწყობს
სისხლის მოცულობისა და წყლის ორგანიზმში შენარჩუნებას, ანუ მონაწილეობს ორგანიზმში წყლის ბალანსის
რეგულაციაში; (3) თირკმლები მონაწილეობს იონების (ელექტროლიტების) კონცენტრაციის
შენარჩუნებასა და მჟავა-ტუტოვანი წონასწორობის დაცვაში; (4) თირკმლები წარმოქმნის ჰორმონებს-
კალციტრიოლსა და ერითროპოეტინს. აქედან კალციტრიოლით კალციუმის ცვლაში მონაწილეობს
ანუ პარათჰორმონთან ერთად ზრდის სისხლში კალციუმის შემცველობას; ერითროპოეტინი კი
ზრდის სისხლის წითელი უჯრედების (ერითროციტების) წარმოქმნას. (5) თირკმლისთვის
სისხლის მიწოდების შემცირებისას (როდესაც არტერიული წნევა მცირდება), თირკმელი გამოყოფს ფერმენტ- რენინს,
რომელიც სხვა ნივთიერებებზე ზემოქმედებით ავიწროვებს სისხლძარღვებს და ზრდის არტერიულ წნევას.
11. ძირითადად რომელი ემბრიონული ქსოვილისგან ვითარდება საშარდე სისტემა?
თირკმლები, შარდსაწვეთები, შარდის ბუშტი და შარდსადენი
ძირითადად მეზოდერმისგან (შუა ჩანასახოვანი ფურცლისგან)
ვითარდება. აქედან შარდის ბუშტი ნაწილობრივ
ენდოდერმისგანაც ვითარდება.
12. რომელი პროცესების ხარჯზე წარმოიქმნება შარდი თირკმლებში?
შარდი თირკმლებში წარმოიქმნება სამი პროცესის ხარჯზე. ეს
პროცესებია:
1) ფილტრაცია- პროცესი, რომლის დროსაც კაპილარულ
გორგალში არსებული მაღალი წნევის გამო სისხლის
პლაზმიდან იჟონება მცირე ზომის ორგანული
მოლეკულები- გლუკოზა, ამინომჟავა, ვიტამინები,
წყალი, შარდოვანა, შარდის მჟავა და სხვა ნივთიერებები
(მაგრამ არა სისხლის ფორმიანი ელემენტები და ცილები).
ფილტრაციის შედეგად წარმოიქმნება პირველადი შარდი
ანუ ფილტრატი;
2) რეაბსორბცია ანუ უკუშეწოვა- პროცესი, რომლის დროსაც
თირკმლის მილაკების მიერ პირველად შარდში
არსებული მცირე ზომის სასარგებლო და საჭირო ორგანული მოლეკულები (გლუკოზა, ამინომჟავები, ასევე
წყლის დიდი ნაწლი) უკუშეიწოვება. უკუშეწოვა აქტიური ტრანსპორტის გზით ხდება და ამ დროს დიდი
რაოდენობით იხარჯება ატფ.
3) სეკრეცია- პროცესი, რომლის დროსაც შარდს კვლავ დაემატება ორგანიზმისთვის არასაჭირო ზოგიერთი
ნივთიერება. მაგალითად, ჭარბი კალიუმი (K+), წყალბადის ჭარბი იონები (H+) ან ამიაკის ჭარბი იონები (NH4+).
სეკრეციას თირკმლის მილაკები უზრუნველყოფს. მართალია, სისხლს სუსტი ტუტე რეაქცია (pH 7,2) აქვს და
შარდი სისხლის პლაზმისგან წარმოიქმნება, მაგრამ უშუალოდ შარდს სუსტი მჟავა რეაქცია (pH=6) აქვს. ამის
მიზეზი სწორედ დისტალურ ანუ მეორეულ კლაკნილ მილაკებში წარმართული სეკრეციის პროცესია,
რომლის დროსაც შარდს წყალბადის იონები ემატება.
ფილტრაცია რეაბსორბცია სეკრეცია
წარმოიქმნება პირველადი შარდი წარმოიქმნება მეორეული შარდი წარმოიქმნება მეორეული შარდი
კაპილარულ გორგალში მილაკებში მილაკებში
წარიმართება ჰიდროსტატიკური წარიმართება აქტიური წარიმართება პასიური ან აქტიური
წნევის ხარჯზე ტრანსპორტის გზით,ატფ-ის ტრანსპორტის გზით
ხარჯვით

13. აღწერეთ ნეფრონის აგებულება.


ნეფრონი თირკმლის მორფოლოგიური და ფუნქციური ერთეულია და თითოეულ თირკმელში მილიონზე მეტი
ნეფრონია (1-2 მლნ). ნეფრონი შედგება ორი ძირითადი ნაწილისგან: კაპილარული გორგლისა (გლომერულისა) და
მილაკებისგან. კაპილარულ გორგალს ბოუმანის ანუ ნეფრონის კაფსულა აკრავს გარსს. კაპილარულ გორგალსა და
ბოუმანის კაფსულას ერთად თირკმლის სხეულაკი ეწოდება. თირკმლის სხეულაკები ქერქოვან ნივთიერებაში
მდებარეობს და ეპითელური უჯრედების 2 შრისგან შედგება. კაპსულის 2 შრეს შორის არის სივრცე, რომელიც
შემდეგში თირკმლის მილაკების სანათურს ქმნის შემდეგი თანმიმდევრობით: ბოუმანის კაფსულა→ პროქსიმალური
მილაკი → ჰენლეს მარყუჟი (ჯერ დაღმავალი ტოტი, შემდეგ აღმავალი) → დისტალური მილაკი → შემკრები მილაკი.
მილაკები ეპითელური უჯრედების 1 შრისგან შედგება და მათი საერთო სიგრძე 100 კმ-ია. როგორც ხედავთ, ნეფრონი
მილაკია, რომლის ერთი ბოლო დახშულია (ბოუმანის კაფსულის მხარე), მეორე ბოლო კი- ღიაა (შემკრები მილაკის
მხარე). ნეფრონის ძირითადი მასა თირკმლის ქერქში მდებარეობს. მიუხედავად იმისა, რომ თირკმელში საშუალოდ 1
მლნ ნეფრონია, აქედან ერთდროულად მუშაობს მხოლოდ 1/3, ხოლო დარჩენილი 2/3 ასრულებს რეზერვის როლს. აი,
რატომ შეუძლია ადამიანს ერთი თირკმლით ცხოვრებაც (თუ ერთ თირკმელს ამოვუღებთ, მეორე თირკმელი
სარეზერვო ნეფრონებს გამოიყენებს).
14. დაასახელეთ ნეფრონის სტრუქტურები სურათის მიხედვით.
ძალიან მნიშვნელოვანია ნეფრონის სტრუქტურების ცოდნა. ამიტომ
ყურადღებით დაიმახსოვრეთ: 1- კაპილარული გორგალი ანუ
გლომერულა (აქ ყველაზე მაღალია წნევა და მიმდინარეობს
ფილტრაცია); 2- თირკმლის არტერია; 3- დისტალური მილაკი ანუ
მეორე რიგის კლაკნილი მილაკი (მიმდინარეობს სეკრეცია); 4-
ჰენლეს მარყუჟი; 5- აფერენტული არტერიოლა; 6- ბოუმანის
კაფსულა; 7- პროქსიმალური მილაკი ანუ პირველი რიგის
კლაკნილი მილაკი (რეაბსორბცია ძირითადად აქ ხდება); 8-
შემკრები მილაკი.
15. აღწერეთ კაპილარული გორგალი ანუ გლომერულა და თირკმლის
სისხლის მიმოქცევის თავისებურება.
კაპილარულ გორგალს ქმნის აფერენტული (მომტანი) არტერიოლა,
რომელიც თირკმლის არტერიის ტოტია. ეს არტერია ბოუმანის
კაფსულაში შესვლისას ქმნის გორგალს ანუ პირველ კაპილარულ
ქსელს. კაპილარული გორგალი ბოუმანის კაფსულიდან გამოსვლის შემდეგ ეფერენტულ (წამღებ) არტერიოლას ქმნის.
შემდეგ ეფერენტული არტერიოლა კიდევ ერთ ანუ მეორე კაპილარულ ქსელს ქმნის. ამჟამად მილაკების გარშემო და
მას მილაკების გარშემო არსებული (პერიტუბულური) კაპილარები ეწოდება. როგორც ხედავთ, თირკმელში ორმაგი
კაპილარული ქსელია (ერთი ბოუმანის კაფსულაში, მეორე- მილაკების გარშემო). ანუ კაპილარები პირდაპირ ვენაში
არ გადადის. ჯერ მეორე კაპილარულ ქსელს ქმნის და ამის შემდეგ გადადის თირკმლის ვენაში.
16. რა ქმნის დიდ წნევას კაპილარულ გორგალში ანუ გლომერულაში?
დიდი წნევის მიზეზი არის ის, რომ ეფერენტული არტერიოლის სანათური (დიამეტრი) უფრო მცირეა, ვიდრე-
აფერენტული არტერიოლისა. სწორედ ამიტომ წნევის სიდიდე თირკმლის კაპილარებში 60-70 მმ. ვრცხ. წყ. სვ.-ის,
ხოლო სხვა ორგანოების კაპილარებში 30 მმ. ვრცხ. წყ. სვ. სხვა სიტყვებით, თირკმლის კაპილარებში წნევა 2-ჯერ
მეტია, ვიდრე- სხვა ორგანოების კაპილარებში.
17. აღწერეთ ბოუმანის კაპსულა.
ბოუმანის კაფსულა ნეფრონის საწყისი ნაწილია და აქ წნევა ყველაზე მაღალია, ამიტომაც სისხლი გამუდმებით
იფილტრება და პირველადი შარდი წარმოიქმნება. ორივე თირკმლის ფილტრაციული ზედაპირი დაახლოებით 6-9 მ2-
ია. ბოუმანის კაფსულები თირკმლის ქერქში მდებარეობს. ბოუმანის კაფსულას ორი პოლუსი აქვს: სისხლძარღვოვანი
(საიდანაც არტერიოლები შედის და გამოდის) და მილაკოვანი (საიდანაც იქმნება პროქსიმალური მილაკი). კაფსულას
ეპითელური უჯრედების ორი შრე აქვს: გარეთა (რომელიც არ ასრულებს რაიმე ფუნქციას) და შიგნითა (რომელიც
მონაწილეობს ფილტრაციაში). ფილტრაციის სიჩქარე 125 მლ სისხლია წუთში. ბოუმანის კაფსულის შიგნით
მდებარეობს კაპილარული გორგალი ანუ გლომერულა.
18. აღწერეთ ნეფრონის პროქსიმალური მილაკი.
პროქსიმალური მილაკი ანუ პირველი რიგის კლაკნილი მილაკი ნეფრონის ყველაზე გრძელი (14 მმ) და მსხვილი
ნაწილია (60 ნმ). ის აგებულია ეპითელური უჯრედების ერთი შრით, რომელთაც ზედაპირზე აქვთ მიკროხაოები
(ზედაპირის ფართობის გასაზრდელად). ეს უჯრედები ძალიან დიდი რაოდენობით შეიცავს მიტოქონდრიებს,
რადგან აქ ნივთიერებათა აქტიური ტრანსპორტი მიმდინარეობს და ამისთვის ბევრი ენერგიაა საჭირო. პირველადი
შარდის 80% სწორედ პროქსიმალური მილაკებით უკუშეიწოვება (რეაბსორბირდება) ჯერ ქსოვილოვან სითხეში,
შემდეგ კი სისხლში (მილაკებს უხვად აკრავს კაპილარები, რომელთაც პერიტუბულური ანუ მილაკებსგარშემო
არსებული კაპილარები ეწოდებათ). პროქსიმალურ მილაკებში პირველადი შარდიდან რეაბსორბირდება: ყველა
გლუკოზა, ყველა ამინომჟავა და იონების 85%. აქედან გლუკოზის, ამინომჟავების, Na-ის და Cl-ის რეაბსორბცია
აქტიური ტრანსპორტით ხდება უჯრედთაშორის სივრცეში და შემდეგ კი აქედან პასიური დიფუზიით გადავა
სისხლში. პროქსიმალურ მილაკებში ოსმოსის გზით უკუშეიწოვება წყლის 85%-იც.
19. აღწერეთ ჰენლეს მარყუჟი.
ჰენლეს მარყუჟი ნეფრონის ის ნაწილია, რომელიც პროქსიმალურ და დისტალურ მილაკებს შორის მდებარეობს. მას
აქვს დაღმავალი და აღმავალი ნაწილები. ჰენლეს მარყუჟის ძირითადი ფუნქცია წყლის უკუშეწოვა და შარდის
კონცენტრირებაა! კონცენტრირებული შარდის წარმოქმნა მხოლოდ ძუძუმწოვრებს და ფრინველებს შეუძლიათ,
რადგან მხოლოდ მათ აქვთ ჰენლეს მარყუჟი.
• ცხოველებს რომლებიც უწყლო გარემოში ცხოვრობენ, ჰენლეს მარყუჟი განსაკუთრებით გრძელი აქვთ, რომ
წყლის დიდი მასა უკუშეიწოვონ შარდიდან.
20. აღწერეთ დისტალური მილაკები.
დისტალურ მილაკებში ანუ მეორე რიგის კლაკნილ მილაკებში სისხლის ზოგიერთი ნივთიერება აქტიურად
ტრანსპორტირდება შარდში და ამ პროცესს სეკრეცია ეწოდება. დისტალური მილაკები შედარებით მოკლეა სიგრძით
და აქვს მიკროხაოები. მიკროხაოები ზრდის ზედაპირს და შეიცავს უამრავ ტუმბოს აქტიური ტრანსპორტისთვის.
საკვანძო არის ის, რომ ნეფრონის ეს უბანი ჰორმონებით რეგულირდება და თირკმლის ჰომეოსტაზური ნაწილია.
ნივთიერებები, რომელთა სეკრეციაც ხდება, არის: H+ (pH-ის დონის სარეგულაციოდ ანუ ჰომეოსტაზისთვის), K+
(იონების ჰომეოსტაზისთვის), ეთანოლი და ტოქსინები.
21. ჩამოთვალეთ ნეფრონის სხვადასხვა სეგმენტის ძირითადი ფუნქციები.
ბოუმანის კაფსულა- ფილტრაცია, პროქსიმალური მილაკი- რეაბსორბცია, ჰენლეს მარყუჟი- გრადიენტის ანუ
ჰიპერტონური გარემოს შემქნა თირკმლის ტვინოვან ნივთიერებაში, დისტალური მილაკი- სისხლის ჰომეოსტაზი და
სეკრეცია, შემკრები მილაკი- შარდის კონცენტრირება.
22. რა და რა ნივთიერებებისგან შედგება თირკმელი და რა მდებარეობს თითოეულში?
თირკმელი შედგება ქერქოვანი (შედარებით მუქი) და ტვინოვანი (შედარებით ღია) ნივთიერებებისგან. ქერქოვანი
ნივთიერება თირკმლის კაპსულასა და ტვინოვან ნივთიერებას შორის მდებარეობს. თირკმლის ქერქოვანი
ნივთიერება ტვინოვანზე უფრო მუქი იმიტომ არის, რომ უფრო ძლიერი სისხლმომარაგება აქვს და აქ მოდის
თირკმლის სისხლძარღვების 90%. თირკმლის ქერქოვან ნივთიერებაში არის ბოუმანის კაფსულა და გლომერულა
(კაპილარული გორგალი). ასევე სისხლძარღვები და თირკმლის პროქსიმალური და დისტალური მილაკები (აქ არ
არის ჰენლეს მარყუჟის ძირითადი ნაწილი). თირკმლის ქერქში მიმდინარეობს ფილტრაცია და ერითროპოეტინის
წარმოქმნა, ასევე ფერმენტ რენინის გამოყოფაც. თირკმლის ტვინოვანი ნივთიერება კი 10-18 პირამიდით არის
შექმნილი. ამ პირამიდებს თირკმლის პირამიდები ან მალპიგის პირამიდები ეწოდებათ. ეს პირამიდები ფუძით
თირკმლის ქერქს ეხება, მწვერვალით კი მცირე ფიალებში იხსნება. 2-3 პირამიდის მწვერვალის გაერთიანება ქმნის
დვრილს (დვრილს მცირე ფიალა აკრავს. 2-3 მცირე ფიალა დიდ ფიალას ქმნის, რომელიც თირკმლის მენჯში იხსნება,
ეს კი შარდსაწვეთში გადადის). თირკმლის ტვინოვან ნივთიერებაში მდებარეობს ჰენლეს მარყუჟი. ტვინოვანი
ნივთიერების უჯრედშორისი სითხე ძალიან ჰიპერტონურია, ზღვის წყალზე უფრო ძლიერადაც.
23. სურათზე ნაჩვენებია ნეფრონის გამარტივებული აგებულება. რომელ უბანზე არ
მიმდინარეობს უკუშეწოვა?
უკუშეწოვა არ წარიმართება A უბანზე ანუ ბოუმანის კაფსულაში. B, C და D
უბნებზე მიმდინარეობს რეაბსორბცია ანუ უკუშეწოვა.
24. იხელმძღვანელეთ იმავე სურათით და დაასახელეთ მათგან რომელი უბნები
მდებარეობს თირკმლის ტვინოვან ნივთიერებაში?
თირკმლის ტვინოვან ნივთიერებაში მდებარეობს C და D უბნები ანუ ჰენლეს
მარყუჟი (C) და შემკრები მილაკი (D).
25. აღწერეთ და შეადარეთ აფერენტული და ეფერენტული არტერიოლები.
აფერენტული არის არტერიოლები, რომელთაც თირკმლის არტერიიდან
გლომერულების კაპილარებში შეაქვს არტერიული სისხლი (გასაფილტრად). ეფერენტულ არტერიოლებს კი
გლომერულებიდან გამოაქვთ სისხლი და მიაქვთ მილაკების გარშემო (პერიტუბულური) არსებული კაპილარული
ქსელისკენ. სხვა სიტყვებით, აფერენტული არტერიოლა გლომერულების კაპილარებად იტოტება, ეფერენტული
არტერიოლა კი- მილაკების გარშემო არსებულ კაპილარებად. სწორედ ამიტომაც აქვს თირკმლებს ორმაგი
კაპილარული ქსელი.
26. როგორ იცვლება წნევა თირკმლის კაპილარებში აფერენტული და ეფერენტული არტერიოლების შეკუმშვისას?
თუ აფერენტული არტერიოლა შეიკუმშება, თირკმლის კაპილარებში- როგორც გლომერულურ, ასევე მილაკების
გარშემო არსებულ კაპილარებსა და ეფერენტულ არტერიოლაში წნევა დაეცემა. თუ ეფერენტული არტერიოლა
შეიკუმშება, წნევა გლომერულურ კაპილარებში გაიზრდება, მილაკების გარშემო არსებულ კაპილარებში კი-
შემცირდება.
27. როგორ ცვლის შარდის წარმოქმნის სიჩქარეს სიმპათიკური და პარასიმპათიკური ნერვული სისტემები?
• სიმპათიკური ნერვული სისტემა ავიწროებს თირკმლის არტერიას, ამის გამო კაპილარულ გორგალში
ნაკლები სისხლი შედის, ნაკლები პლაზმა იფილტრება და ნაკლები შარდი წარმოიქმნება;
• პარასიმპათიკური ნერვული სისტემა აფართოებს თირკმლის არტერიას, ამის გამო კაპილარულ გორგალში
მეტი სისხლი შედის, მეტი პლაზმა იფილტრება და მეტი შარდი წარმოიქმნება.
სიმპათიკური ნერვული სისტემა პარასიმპათიკური ნერვული სისტემა
ვიწროვდება თირკმლის არტერიის სანათური ფართოვდება
მცირდება თირკმლის სისხლმომარაგება იზრდება
მცირდება პლაზმის ფილტრაციის სიჩქარე იმატებს
მცირდება შარდის წარმოქმნა იმატებს
28. ნეფრონის რომელი ნაწილი შეიცავს უფრო მეტ მიტოქონდრიას და ხარჯავს უფრო მეტ ატფ-ს?
მიტოქონდრიების შემცველობა ყველაზე მეტია მილაკებში, კერძოდ- პროქსიმალურ მილაკებში. დიდი რაოდენობით
მიტოქონდრიების არსებობა იმისთვისაა საჭირო, რომ საკმარისი რაოდენობით ატფ წარმოიქმნას რეაბსორბციის
წარსამართად. რეაბსორბციისას ნივთიერებები აქტიური ტრანსპორტით გადაიტანება მილაკების სანათურიდან
მილაკების გარშემო არსებულ კაპილარულ ქსელში.
29. რა პროცესების შედეგად წარმოიქმნება შარდი?
შარდი წარმოიქმნება სამი პროცესის შედეგად: გლომერულური ფილტრაციისას (მიიღება პირველადი შარდი ანუ
ფილტრატი), რეაბსორბციისა და მილაკოვანი სეკრეციისას (მიიღება საბოლოო ანუ მეორეული შარდი).
30. თირკმლის რომელ ნივთიერებაში წარმოიქმნება შარდი?
შარდის წარმოქმნა ძირითადად თირკმლის ქერქოვან ნივთიერებაში ხდება, რადგან აქ არის ნეფრონის ძირითადი
ნაწილი განთავსებული (ბოუმანის კაფსულა და მილაკები, გარდა ჰენლეს მარყუჟის დიდი ნაწილისა).
31. რა განსხვავებაა პლაზმასა და პირველად შარდს შორის?
შემადგენლობითა და ნივთიერებათა კონცენტრაციის მხრივ პლაზმა და პირველადი შარდი (ანუ ფილტრატი)
თითქმის იდენტურია და ორივე უჯრედშორისი სითხის მსგავსია. სამივეგან ერთნაირი რაოდენობითაა გლუკოზა
(0,1%), ამინომჟავები, ვიტამინები, ნატრიუმი (0,3%), ქლორი (0,37%), კალიუმი (0,02%), შარდოვანა (0,03%) და შარდის
მჟავა (0,004%). მაგრამ პლაზმისგან განსხვავებით, პირველად შარდში თითქმის არ არის დიდი ცილები (ალბუმინი,
ანტისხეულები) და ცხიმები, ასევე არ არის სისხლის ფორმიანი ელემენტები: ლეიკოციტები, ერითროციტები,
თრომბოციტები. პირველად შარდში შეიძლება აღმოჩნდეს ძალიან მცირე ზომის ჰორმონები: ადრენალინი,
თიროქსინი, ოქსიტოცინი, ვაზოპრესინი. რადგან პირველადი შარდი თითქმის იდენტურია პლაზმისა, ამიტომ
საჭირო ხდება მისი რეაბსორბცია, რომ ორგანიზმმა არ დაკარგოს მნიშვნელოვანი ნივთიერებები.
32. რა განსხვავებაა პლაზმას / პირველად შარდსა და მეორეულ შარდს შორის?
განსხვავებით პლაზმისა და პირველადი შარდისა, მეორეულ შარდში არ არის ამინომჟავები და გლუკოზა, რადგან
რეაბსორბციისას თითქმის სრულად უკუშეიწოვება თირკმლის მილაკებიდან. ელექტროლიტები კი უფრო მეტი
შემცველობითაა ანუ შარდი უფრო კონცენტრირებულია. მეორეულ შარდში: ნატრიუმი 0,4%-ია ნაცვლად 0,3%-სა,
ქლორი 0,7% ნაცვლად 0,37%, კალიუმი 0,15% ნაცვლად 0,02%-სა, შარდოვანა 1,8% ნაცვლად 0,03%-სა და შარდის მჟავა
0,2% ნაცვლად 0,004%-სა.
33. რა შემთხვევაში შეიძლება აღმოჩნდეს შარდში გლუკოზა?
დიდი რაოდენობით ნახშირწყლების მიღებისას და მძიმე ფიზიკური მუშაობის შემდეგ. დაავადებებიდან- შაქრიანი
დიაბეტისას (უშაქრო დიაბეტის დროს- არა).
34. რა თანაფარდობით წარმოიქმნება პირველადი და მეორეული შარდი?
დღე-ღამეში საშუალოდ 140-180 ლ პირველადი შარდი და საშუალოდ 1,4 ლ მეორეული შარდი წარმოიქმნება.
35. არის თუ არა შარდის წარმოქმნა ენერგოდამოკიდებული პროცესი?
კი, შარდის წარმოქმნა დიდ ენერგეტიკულ ხარჯებს საჭიროებს და მასზე ორგანიზმის მთელი ენერგიის 10%
იხარჯება. როგორც გახსოვთ, თავის ტვინი ორგანიზმის საერთო ენერგიის 20%-ს ხარჯავს.
36. პირველადი შარდიდან რომელი ნივთიერებები შეიწოვება აქტიური ტრანსპორტის გზით?
პირველადი შარდიდან ნეფრონის პროქსიმალური მილაკების ეპითელური უჯრედებით აქტიური ტრანსპორტის
გზით შეიწოვება გლუკოზა, ამინომჟავები, C ვიტამინი, კალიუმის, ნატრიუმისა და ქლორის იონები. აქედან
გლუკოზა, ამინომჟავები და C ვიტამინი ნუტრიენტებია და ორგანიზმს აუცილებლად სჭირდება. იონები კი (Na+, K-,
Cl-) საჭიროა სისხლის ოსმოლარობის მაღალ დონეზე შესანარჩუნებლად, რომ წყალი პირველადი შარდიდან სისხლში
გადავიდეს.
37. რა გავლენა აქვს მიღებულ საკვებს შარდის pH-ზე?
უპირატესად ცხოველური საკვების მიღება შარდის მჟავიანობას ზრდის (pH-ს ამცირებს), ხოლო უპირატესად
მცენარეული საკვების მიღება შარდის ტუტიანობას ზრდის (pH-ს ზრდის).
38. მავნე ნივთიერებების მხრივ როგორ განსხვავდება თირკმლის არტერია და თირკმლის ვენა?
დაიმახსოვრეთ, რომ თირკმლის ვენაში, განსხვავებით სხვა ბევრი ვენისგან, „გაწმენდელი“ სისხლი მოძრაობს, თუმცა
ამ სისხლში ჟანგბადის შემცველობა მცირეა. თირკმლის არტერიაში კი სისხლი ჟანგბადით მდიდარია, მაგრამ
„გასაწმენდია“ და თირკმლებმა უნდა გაფილტროს.
39. აღწერეთ შარდოვანასა და გლუკოზის (ან ამინომჟავების) შემცველობა თირკმლის სხვადასხვა უბანზე.
გლუკოზა (ამინომჟავები) ორგანიზმს ძალიან სჭირდება და მას შარდის გზით ვერ დაკარგავს, ამიტომაც გლუკოზა
აქტიურად უკუშეიწოვება პროქსიმალურ მილაკებში. სწორედ ამიტომ გლუკოზის კონცენტრაცია თირკმლის
არტერიაში, აფერენტულ არტერიოლაში, ბოუმანის კაფსულასა და პირველად შარდში თანაბარია. ეფერენტულ
არტერიოლაში გლუკოზა ცოტაა, მეორეულ შარდში კი თითქმის არ არის. რადგან გლუკოზა პროქსიმალური
მილაკებით უკუშეიწოვება სრულად, ამიტომ გლუკოზის კონცენტრაცია ისევ მაქსიმუმს აღწევს მილაკების გარშემო
არსებულ კაპილარებსა და თირკმლის ვენაში. ანუ გლუკოზის კონცენტრაცია თირკმლის არტერიასა და თირკმლის
ვენაში თითქმის თანაბარია (თუმცა ვენაში შედარებით ცოტაა, რადგან თირკმელმაც გამოიყენა საკვებად).
შარდოვანას (ან შარდის მჟავის) ხელახლა გამოყენება ორგანიზმს არ შეუძლია, ამიტომ თირკმლის არტერიაში
არსებული შარდოვანას კონცენტრაციის 50% შარდის გზით დატოვებს ორგანიზმს, დარჩენილი 50% კი რჩება.
ამიტომაც შარდოვანას კონცენტრაცია თირკმლის არტერიაში, აფერენტულ არტერიოლაში, ბოუმანის კაფსულასა და
პირველად შარდში თანაბარია. მეორეულ შარდში უფრო მეტია, მილაკების გარშემო არსებულ კაპილარებსა და
თირკმლის ვენაში კი უფრო ნაკლებია.
40. რა რაოდენობით შარდს წარმოქმნის ორგანიზმი დღე-ღამეში?
დღე-ღამეში თირკმლებში 1700 ლ სისხლი იფილტრება და 170 ლ პირველადი შარდი წარმოიქმნება (საათში 7
ლიტრი). როგორც ხედავთ, ყოველი 10 ლ სისხლისგან 1 ლ პირველადი შარდი მიიღება. 170 ლ პირველადი შარდიდან
დიდი ნაწილი უკუშეიწოვება და მხოლოდ 600-2600 მლ (0,6-2,6 ლ) ხდება მეორეული ანუ საბოლოო შარდი.
საშუალოდ, მეორეული შარდის მოცულობა 1,4 ლ-ია. როგორც ჭარბი შარდი, ასევე შარდის სიმცირე სერიოზულ
დაავადებებზე შეიძლება მიანიშნებდეს. მაგ., 24 საათში 2,5 ლ-ზე მეტი შარდი შეიძლება მეტყველებდეს შაქრიან ან
უშაქრო დიაბეტზე, ხოლო 400 მლ-ზე ნაკლები შარდი- ორგანიზმის გაუწყლოებაზე ძლიერი ფაღარათის ან ხშირი
ღებინების გამო, ასევე- თირკმლების უკმარისობაზე, როდესაც თირკმლები აღარ მუშაობს. ცნობისთვის,
სპეციალისტებმა გამოთვალეს, რომ მამაკაცები მთელი ცხოვრების განმავლობაში საშუალოდ 39 ათას ლიტრ შარდს
გამოყოფდნენ, ქალებო კი- 49 ათას ლიტრს.
41. რა არის შარდოვანა?
შარდოვანა (კარბამიდი) ორგანული ნაერთია, რომლის ქიმიური ფორმულაც არის CO(NH2)2 ანუ შედგება ორი ამინო-
ჯგუფისა (–NH2) და ერთი კარბონილის ფუნქციური ჯგუფისგან (C=O). შარდოვანა უფერო და უსუნოა. წყალში
ძალიან კარგად იხსნება. მას ღვიძლი წარმოქმნის ამონიუმისა (NH3) და ნახშირბადის დიოქსიდისგან
(CO2). დაიმახსოვრეთ, შარდოვანა ცილების დაშლისას წარმოიქმნება ღვიძლში და აზოტის შემცველია.
42. რა ნივთიერებას გამოყოფს თირკმელი სისხლის არტერიული წნევის სარეგულაციოდ?
როდესაც აფერენტულ (გორგალში სისხლის მომტან) არტერიოლაში წნევა დაეცემა, თირკმლის სპეციალური
უჯრედები სისხლში გამოყოფს ფერმენტ- რენინს. რომელიც მოქმედებს სისხლის სხვა ნივთიერებებზე და მათი
საშუალებით ზრდის სისხლის წნევას. მხოლოდ ინტერესისთვის დაგიწერთ, რომ რენინი მოქმედებს
ანგიოტენზინოგენზე და შლის მას ანგიოტენზინ I-დან. ამ უკანასკნელზე შემდეგში ანგიოტენზინ გარდამქმნელი
ფერმენტი მოქმედებს და გარდაქმნის ანგიოტენზინ II-ად. სწორედ ანგიოტენზინი II ავიწროვებს სისხლძარღვებს და
ზრდის არტერიულ წნევას. სამედიცინო უნივერსიტეტში III კურსზე ამას უფრო ღრმად შეისწავლით.
43. რა არის კალციტრიოლი და რა ეფექტები აქვს მას?
კალციტრიოლი D ვიტამინის ჰორმონულად აქტიური მეტაბოლიტია, რომელიც თირკმელში წარმოიქმნება.
კალციტრიოლი ზრდის სისხლში კალციუმის შემცველობას სამი ძირითადი გზით: 1) კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან
კალციუმის შეწოვის (აბსორბციის) გაძლიერებით; 2) თირკმლის მილაკებიდან კალციუმის უკუშეწოვის
(რეაბსორბციის) გაძლიერებით; 3) ძვლიდან კალციუმის გამოთავისუფლების გაძლიერებით. თირკმლის
კალციტრიოლის მოქმედების ეს სამი მექანიზმი მსგავსია ფარისებრახლო ჯირკვლების პარათჰორმონის მექანიზმის.
გარდა ამისა, პარათჰორმონი თავადაც ასტიმულირებს კალციტრიოლის გამოყოფას. ორივე ეს ჰორმონი ფარისებრი
ჯირკვლის ჰორმონ კალციტონინის ანტაგონისტებია (ანუ აქვთ მისი საპირისპირო ეფექტი).
44. აღწერეთ ანტიდიურეზული ჰორმონის (ვაზოპრესინის) თირკმელზე მოქმედების მექანიზმი.
ანტიდიურეზული ჰორმონი (ვაზოპრესინი ანუ არგიპრესინი) ჰიპოთალამუსში წარმოიქმნება და ნეფრონის
დისტალურ და შემკრებ მილაკებზე ზემოქმედებს, კერძოდ, ამ უბნების ეპითელური უჯრედების მემბრანებში
სპეციალური არხების (აკვაპორინების) წარმოქმნას განაპირობებს. შედეგად ძლიერდება პირველადი შარდიდან
წყლის უკუშეწოვა (რეაბსორბცია), ამიტომ სისხლის პლაზმის მოცულობა იმატებს, პლაზმის ოსმოლარობა ეცემა
(განზავდება), ხოლო თავად შარდი ხდება კონცენტრირებული. ეს პროცესი ამ თანმიმდევრობით ხდება:
სისხლის ოსმოლარობის მატება → ჰიპოთალამუსის ოსმორეცეპტორები → ჰიპოფიზის უკანა წილი → ვაზოპრესინი
→ თირკმლის შემკრები მილაკები → აკვაპორინი
45. რა არის უშაქრო დიაბეტი?
უშაქრო დიაბეტი არის დაავადება, რომლის დროსაც ჰიპოთალამუსი არ წარმოქმნის ვაზოპრესინს. ამის გამო წყლის
უკუშეწოვა შემკრებ და დისტალურ მილაკებში ფერხდება და ადამიანი ბევრს შარდავს. ბევრი შარდვის გამო
გამუდმებით წყურია და ბევრ წყალს სვამს.
46. აღწერეთ შარდის დინება.
ბოუმანის კაფსულა → პროქსიმალური მილაკი → ჰენლეს მარყუჟი → დისტალური მილაკი → შემკრები მილაკი →
დვრილები → მცირე ფიალები → დიდი ფიალები → თირკმლის მენჯი → შარდსაწვეთები → შარდის ბუშტი →
შარდსადინარი.
47. აღწერეთ შარდსაწვეთები.
შარდსაწვეთები გლუვკუნთოვანი მილებია, რომლებიც თირკმლების მენჯს შარდის ბუშტთან აკავშირებს. მისი
სიგრძე ზრდასრულებში 20-25 სმ-ია, დიამეტრი კი 3-4 მმ. აგებულია ეპითელური ქსოვილითა და გლუვკუნთოვანი
უჯრედებით, რომლებიც შარდის პერისტალტიკას უზრუნველყოფს.
48. აღწერეთ შარდის ბუშტის აგებულება.
შარდის ბუშტი გლუვკუნთოვანი ღრუ ორგანოა. შარდის ბუშტის კუნთს დეტრუზორი ჰქვია და 3 შრეს ქმნის.
ჩვეულებრივ, დეტრუზორი მოდუნებულია (სიმპათიკური ნერვული სისტემის გავლენით) და როდესაც 150-200 მლ
და მეტი შარდი დაგროვდება, პარასიმპათიკური ნერვული სისტემის გავლენით იკუმშება და შარდს გამოდევნის.
როგორც ხედავთ, შარდის ბუშტი რეზურვუარის როლს ასრულებს და მისი მოცულობა 200-700 მლ-ია, საშუალოდ 350
მლ. შარდის ბუშტი შიგნიდან ეპითელური ქსოვილითაა ამოფენილი და ეს ეპითელური ქსოვილი ლორწოს არ
წარმოქმნის.
49. აღწერეთ შარდის ბუშტის მდებარეობა და განლაგება სხვა ორგანოების მიმართ.
შარდის ბუშტი მცირე მენჯის ღრუში მდებარეობს, ბოქვენის უკან. მამაკაცებში სწორ ნაწლავსა და ბოქვენის ძვლებს
შორისაა განთავსებული, ხოლო ქალებში- საშვილოსნოსა და ბოქვენის ძვლებს შორის. საბოლოოდ, განლაგება
წინიდან უკანა მიმართულებით ამგვარია. მამაკაცებში: ბოქვენი, შარდის ბუშტი, სწორი ნაწლავი და გავის ძვალი.
ქალებში: ბოქვენი, შარდის ბუშტი, საშვილოსნო, სწორი ნაწლავი და გავის ძვალი.
50. აღწერეთ შარდსადენი.
შარდსადენს გამოაქვს შარდი შარდის ბუშტიდან. მამაკაცებში ის შედარებით გრძელი (20 სმ) და ვიწროა, ქალებში კი-
მოკლე (5 სმ) და ფართო. ქალებში შარდსადენი მხოლოდ შარდს ატარებს და საშოს ზემოთ მდებარეობს. მამაკაცებში
კი შარდსადენი ატარებს შარდსაც და სათესლე სითხესაც სქესობრივი აქტის დროს. შარდსადენს ქალებში ერთი
სფინქტერი აქვს, მამაკაცებში კი 2: გარეთა და შიგნითა. მამაკაცების შიგნითა სფინქტერი შარდის ბუშტსა და
შარდსადენს შორის მდებარეობს და გლუვი კუნთებითაა აგებული. მისი შეკუმშა-მოდუნება უნებლიეთ,
ავტონომიურად ხდება. კერძოდ, სიმპათიკური ნერვული სისტემა გამუდმებით კუმშავს და არ აძლევს შარდს შარდის
ბუშტიდან გამოსვლის საშუალებას, ხოლო პარასიმპათიკური ნერვული სისტემა მოშარდვის დროს ადუნებს და
შარდის დინებას უწყობს ხელს. შიგნითა სფინქტერი მამაკაცებში საჭიროა იმ მხრივაც, რომ სათესლე სითხე არ
მოხვდეს შარდის ბუშტში. რაც შეეხება მამაკაცების გარეთა სფინქტერს, ის წინამდებარე ჯირკვლის (პროსტატის) ქვეშ
მდებარეობს, ჩონჩხის განივზოლიანი კუნთებითაა აგებული და ადამიანის ნებას (სომატურ ნერვულ სისტემას)
ემორჩილება. ქალებს მხოლოდ ერთი სფინქტერი აქვთ და ის შარდის ბუშტსა და შარდსადენს შორის მდებარეობს. ეს
სფინქტერი განივზოლიანი კუნთებითაა აგებული და ადამიანის ნებას (სომატურ ნერვულ სისტემას) ემორჩილება.
51. აღწერეთ შარდვის რეგულაცია.
თირკმლებიდან შარდის ბუშტში შარდი გამუდმებით მიედინება, უწყვეტად და როდესაც შარდის ბუშტში 250-300
მლ შარდი დაგროვდება (ზრდასრულებში), ჩნდება მოშარდვის სურვილი. 250-300 მლ შარდის დაგროვება შარდის
ბუშტის გაწელვას იწვევს. გაწელვისას რეცეპტორები აღიგზნება და გზავნის იმპულსებს ზურგის ტვინის გავის
ნაწილში. სწორედ ზურგის ტვინის გავის განყოფილებაში მდებარეობს მოშარდვისთვის საჭირო რეფლექსური
რკალები. აქედან წამომავალი პარასიმპათიკური იმპულსები შარდის ბუშტის გლუვი კუნთის (დეტრუზორის)
შეკუმშვას და სფინქტერის მოდუნებას იწვევს. ასე ხდება ბავშვებში (რეფლექსურად, უნებლიეთ). ზრდასრულებში კი
ამ მექანიზმს დამატებით თავის ტვინის ქერქის შუბლის წილიც არეგულირებს, ანუ მოშარდვა ნებითი პროცესი
ხდება. როგორც ხედავთ, შარდვის პროცესი დასაწყისში უპირობო რეფლექსური
პროცესია, შემდეგ კი პირობით რეფლექსური ხდება.
52. როგორ შეიძლება მოქმედებდეს არტერიული წნევის დამწევი მედიკამენტები?
არტერიული წნევის დამწევი მედიკამენტები აძლიერებენ ფილტრაციას და უფრო
მეტ პლაზმას გარდაქმნიან შარდად, შედეგად სისხლის მოცულობა და შესაბამისად,
წნევაც მცირდება. წნევის დამწევი მედიკამენტების მეორე ნაწილი ამცირებენ
რეაბსორბციას, რითაც ხელს უშლიან შარდის უკუშეწოვას და პლაზმის მოცულობის
ზრდას, რაც, საბოლოო ჯამში, ასევე იწვევს არტერიული წნევის შემცირებას.
53. რა დაავადებაა პოდაგრა და რომელი ნივთიერება გროვდება პოდაგრის მქონე ავადმყოფის სახსრებში?
პოდაგრა არის დაავადება, რომლის დროსაც ორგანიზმში ჭარბად გროვდება შარდის მჟავა. ჭარბი შარდის მჟავა
კრისტალებს წარმოქმნის და სახსრებში ლაგდება, რაც სახსრების ანთებას ანუ ართრიტს იწვევს. ამ დროს
განსაკუთრებით ზიანდება ტერფის პირველი თითის სახსარი, რაც ძალიან მტკივნეულია. შარდის მჟავის კრისტალები
ასევე აზიანებს თირკმლებს და მათში კენჭებს წარმოქმნის.

You might also like