You are on page 1of 2

ღვიძლი და ნაღვლის ბუშტი

1. რომელი ჩანასახოვანი ქსოვილისგან ვითარდება ღვიძლი?


ღვიძლი ვითარდება შიგნითა ჩანასახოვანი ქსოვილისგან ანუ ენდოდერმისგან.
2. ჩამოთვალეთ ღვიძლის ფუნქციები.
(1) გლუკოზის დამარაგება გლიკოგენის სახით (ინსულინის ზეგავლენით); (2) სისხლში გლუკოზის ნორმალური
დონის შენარჩუნება საკვების მიღებამდე არსებულ შუალედებში; (3) სისხლის წითელ უჯრედებში არსებული
ჰემოგლობინის ჰემის დაშლა; (4) სისხლის პლაზმის პროტეინების (მაგ., ალბუმინის, ფიბრინოგენის) სინთეზი; (5)
ჰიპოფიზის მიერ წარმოქმნილი ზრდის ჰორმონის გააქტიურება; (6) ორგანიზმში მოხვედრილი შხამების, ალკოჰოლის
და მედიკამენტების გაუვნებელყოფა (დეტოქსიკაცია ხდება გლუვ ენდოპლაზმურ ბადეზე); (7) სისხლში ანაერობული
გლიკოლიზის დროს დაგროვებული რძის მჟავის მოშორება (გლუკოზის ახალი მოლეკულების წარმოსაქმნელად
გამოყენება); (8) გლუკოზის სინთეზი (გლუკონეოგენეზი); (9) არაესენციური ამინომჟავების სინთეზი (ამინოგენეზი);
(10) სისხლის შედედებაში მონაწილე ფაქტორების სინთეზი (ფიბრინოგენი, პროთრომბინი); (11) თრომბოპოეტინის
წარმოქმნა, რითიც აძლიერებს ძვლის ტვინში თრომბოციტების პროდუქციას; (12) მუცლადყოფნის 32-ე კვირამდე
სისხლის წითელი უჯრედების (ერითროციტების) წარმოქმნა (ზრდასრულ ორგანიზმში არ მონაწილეობს
ერითროციტების წარმოქმნაში); (13) ქოლესტეროლის სინთეზი; (14) ნაღვლის წარმოქმნა და ცხიმების დაშლა-შეწოვის
გაადვილება ნაწლავებში; (15) ინსულინისა და სხვა ჰორმონების დაშლა, როცა ისინი საჭირო აღარ არის; (16)
დამარაგება: ვიტამინ A-ს (1-2 წლით), ვიტამინ D-ს (1-4 თვით), ვიტამინ B12-ის (1-3 წლით), ვიტამინ K-ს. (17)
დამარაგება რკინისა და სპილენძის; (18) სისხლის წნევის რეგულაციაში მონაწილეობა (წარმოქმნის
ანგიოტენზინოგენს, რომლის დაშლის პროდუქტიც სისხლის წნევას ზრდის). (19) თანდაყოლილ იმუნურ პასუხში
მონაწილე ცილების (კომპლემენტის სისტემის) წარმოქმნა; (20) ნაწლავებიდან კარის ვენაში მოხვედრილი მიკრობების
განადგურება საკუთარი მაკროფაგებით; (21) სისხლის დეპო ფუნქცია; (22) სითბოს წარმოქმნა. ზოგადად, ღვიძლს 500-
ზე მეტი ფუნქცია აქვს.
3. რამდენ წილად იყოფა ღვიძლი?
ყველაზე მეტად გავრცელებულია ღვიძლის 2 წილად დაყოფა: მარჯვენა (დიდ) და მარცხენა (მცირე) წილებად.
მაგრამ უკანა ზედაპირიდან დათვალიერებისას ღვიძლზე კიდევ 2 წილი ჩანს: კუდიანი და კვადრატული. ასე რომ,
ღვიძლში სულ 4 წილია (მარჯვენა, მარცხენა, კუდიანი და კვადრატული).
4. აღწერეთ ღვიძლის სისხლმომარაგების თავისებურება.
ღვიძლს ორმაგი სისხლმომარაგება აქვს (იღებს როგორც არტერიულ- 25%, ასევე ვენურ სისხლს-75%). არტერიული
სისხლი ღვიძლში ღვიძლის არტერიით შედის (ფაშვის ღეროდან), ხოლო ვენური სისხლი- კარის ვენით (მუცლის
კენტი ორგანოებიდან- ელენთიდან, კუჭიდან, კუჭქვეშა ჯირკვლიდან, ნაწლავებიდან). ღვიძლიდან ვენური სისხლი
მხოლოდ ღვიძლის ვენას გამოაქვს (ერთვის ქვედა ღრუ ვენას და შემდეგ მარჯვენა წინაგულში ჩაედინება).
5. აქვს თუ არა ღვიძლს რეგენერაციის თვისება?
ღვიძლი გამორჩეულია იმით, რომ განსხვავებით უამრავი სხვა ორგანოსგან, მას შეუძლია რეგენერირება.
ღვიძლისგან მხოლოდ 25% რომ იყოს დარჩენილი, ის აღიდგენს საკუთარ თავს. რეგენერაციას ღვიძლში არსებული
ღეროვანი უჯრედები განაპირობებს. სწორედ რეგენერაციის თვისების გამო ასე აქტიურად დაიწყო ღვიძლის
გადანერგვა (ტრანსპლანტაცია) 1963 წლიდან. ღვიძლის მცირე მასის ერთი ადამიანიდან ამოკვეთით და მეორეში
გადანერგვით, ის მცირე მასა გარკვეულ დროში ფუნქციურ ღვიძლად იქცევა.
6. აღწერეთ ღვიძლის ზომებისა და მასის ასაკობრივი თავისებურება.
სხეულის ზომასთან შედარებით ყველაზე დიდი ზომის ღვიძლი ახალშობილს აქვს (თითქმის მთელ მუცელს იჭერს).
ამ დროს ის 120 გრამს იწონის და სხეულის წონასთან შეფარდებისას 4%-ს ქმნის. ზრდასრულ ადამიანში ღვიძლის
მასა 1400-1600 გრამს აღწევს (1,4-1,6 კგ-ს), მაგრამ სხეულის წონასთან შეფარდებისას მხოლოდ 2,5-3,5%-ს ქმნის.
7. ჩამოთვალეთ ყველა ის ფუნქციები, რომელთაც ნაღველი ასრულებს.
(1) ნაღველი ცხიმის მოლეკულებს მცირე ფრაგმენტებს შლის და ზრდის მათ საერთო ზედაპირს; (2) ზრდის ცხიმის
ჰიდროლიზის პროდუქტების ხსნადობას და ამგვარად აადვილებს მათ შეწოვას; (3) ზრდის პანკრეასისა და ნაწლავის
ფერმენტების აქტიურობას (განსაკუთრებით- ლიპაზების); (4) ანეიტრალებს კუჭიდან თორმეტგოჯაში გადმოსულ
მარილმჟავას; (5) ზრდის ნაწლავების პერისტალტიკურ აქტივობას. (6) ნაღველი ხელს უშლის ბაქტერიების
გამრავლებას; (7) ხელს უწყობს ცხიმში ხსნადი ვიტამინების (A, D, E, K) შეწოვას; (8) ხელს უწყობს კალციუმის
შეწოვას.
8. რა რაოდენობით ნაღველი წარმოიქმნება დღე-ღამეში? ეს წარმოქმნა პერიოდულია თუ განუწყვეტელი?
დღე-ღამეში 500-1 500 მლ ნაღველი წარმოიქმნება. ღვიძლის მიერ ნაღვლის წარმოქმნა განუწყვეტლივ ხდება, მაგრამ
თორმეტგოჯა ნაწლავში ეს ნაღველი პერიოდულად გადადის, და არა-განუწყვეტლივ. ნაღვლის ძირითადი ნაწილი
ნაღვლის ბუშტში გროვდება და საკვების მიღებისას გამოიყოფა.
1. რა მოსდის ნაღველს, რომელიც წვრილ ნაწლავში გამოიყოფა?
ნაწლავებში გამოყოფილი ნაღვლის 85-90% უკუშეიწოვება, ხვდება სისხლში და განმეორებით მიიტანება ღვიძლში.
მხოლოდ 10-15% გამოიყოფა ორგანიზმიდან განავალთან ერთად. სწორედ ამ დანაკარგის შესაბამისი რაოდენობა
სინთეზდება ღვიძლში (დანარჩენი ნაწლავებიდაა შეწოვილი).
9. რა მექანიზმით იწვევს ნაღველი ცხიმების ემულსირებას: ერთ გუნდად შეკრული ცხიმის წვეთის ათასობით ნაწილად
განცალკევებას?
ნაღვლის ძირითადი მოქმედი ნივთიერება- ნაღვლის მარილებია. ნაღვლის მარილები ერთი ზედაპირიდან
ჰიდროფილურია (უარყოფითი მუხტით) და წყლისკენაა მიმართული, მეორე ზედაპირით ჰიდროფობურია და ცხიმს
ემაგრება. ნაღვლის მარილები ჰიდროფობური ნაწილით წრიულად ეხვევა ცხიმის თითოეულ წვეთს, ხოლო
ჰიდროფილური ნაწილით ხსნად ზედაპირს ქმნის მათ გარშემო. ცხიმის ასეთი წვეთი უკვე წყალში ნაწილობრივ
ხსნადი ხდება და დისპერსირდება უფრო პატარა მოლეკულებად.
10. რომელი ორი ძირითადი პიგმენტი შედის ნაღვლის შემადგენლობაში?
ბილირუბინი (მოწითალო-მოყვითალოა) და ბილივერდინი (მწვანეა). ნაღველში უმთავრესად ბილირუბინია,
ბილივერდინი ძალიან ცოტაა (ბილირუბინი ბილივერდინისგან წარმოიქმნება).
11. რა არის ნაღვლის პიგმენტების წარმოქმნის მიზეზი?
ნაღვლის პიგმენტების წარმოქმნის მიზეზი სისხლის წითელი უჯრედების (ერითროციტების) ჰემოგლობინის
დაშლაა. რეაქცია: ჰემოგლობინი → ჰემი → ბილივერდინი → ბილირუბინი.
12. რისგან შედგება ნაღველი?
ნაღვლის ბუშტის ნაღვლის მაგალითზე: 97% წყალი; 0,7% ნაღვლის მარილები; 0,2% ბილირუბინი; 0,5% ცხიმები
(ქოლესტეროლი, ცხიმოვანი მჟავები და ლეციტინი); დანარჩენი- არაორგანული მარილები.
13. რა მექანიზმებით ხდება ნაღვლის გამოყოფა?
პირობითი რეფლექსებით (ნაცნობი საკვების დანახვა); უპირობო რეფლექსებით (ენის, კუჭის, თორმეტგოჯას
რეცეპტორების გაღიზიანება); ჰუმორული ფაქტორებით (სისხლში გამოყოფილი აქტიური ნივთიერებებით, მაგ.,
ქოლეცისტოკინინ-პანკრეოზიმინით, რომელიც ნაღვლის ბუშტს კუმშავს).
14. რა აძლიერებს ნაღვლის გამოყოფას?
ნაღვლის გამოყოფას თავად ნაღველი აძლიერებს- რაც მეტი ნაღველი გადადის ნაწლავებში და იქიდან ხვდება კარის
ვენაში, მით მეტი ნაღველი გამოიყოფა ისევ ნაწლავებში. ნაღვლის გამოყოფას აძლიერებს ცხიმიანი საკვები
(განსაკუთრებით კვერცხის გული, ასევე- რძე, ხორცი). ნაღვლის გამოყოფა ძლიერდება ცდომილი ნერვის
(პარასიმპათიკური ნერვული სისტემის, აცეტილქოლინის) გავლენით.
15. ჩამოთვალეთ ყველა ის შესაძლო ვარიანტი, რომელიც ნაღვლის გამოყოფის შეწყვეტას შეიძლება მოყვეს.
შემცირდება და თითქმის აღარ მოხდება ცხიმების დაშლა და ათვისება. ადამიანს ექნება ცხიმიანი განავალი
(სტეატორეა). დიდი რაოდენობით ცხიმის შემცველი განავალი მსხვილ ნაწლავში მოხვედრისას დაარღვევს იქ
არსებულ ბაქტერიულ მიკროფლორას (წესით, მსხვილ ნაწლავში აღარ უნდა იყოს ჭარბი ცხიმი, რადგან მას წვრილი
ნაწლავი იწოვს). შემცირდება და თითქმის აღარ შეიწოვება ცხიმში ხსნადი ვიტამინები- A, D, E, K. შემცირდება
ნაწლავების პერისტალტიკა. შემცირდება კუჭიდან თორმეტგოჯაში მოხვედრილი მარილმჟავის განეიტრალება.
ნაღვლის ბუშტში დიდ ხანს დაყოვნებული ქოლესტეროლი დაიწყებს კენჭების წარმოქმნას.

You might also like