You are on page 1of 4

მე-8 გაკვეთლი- პანკრეასი

1. რომელი ჩანასახოვანი ქსოვილისგან ვითარდება კუჭქვეშა ჯირკვალი?


კუჭქვეშა ჯირკვალი, ისევე როგორც თიმუსი, ფარისებრი და ფარისებრახლო ჯირკვლები, ენდოდერმისგან ანუ
შიგნითა ჩანასახოვანი ქსოვილისგან ვითარდება.
2. რა ქმნის პანკრეასის ენდოკრინულ ნაწილს?
პანკრეასის ენდოკრინულ ნაწილს ქმნის ლანგერჰანსის კუნძულები, რომლებშიც ჰორმონები სინთეზდება. ამ
კუნძულებს ლანგერჰანსისა იმიტომ ეწოდა, რომ ის 22 წლის გერმანელმა სტუდენტმა- პაულ ლანგერჰანსმა-
აღმოაჩინა თავისი ახალი მიკროსკოპით, როდესაც კუჭქვეშა ჯირკვალს ათვალიერებდა. თავის დისერტაციულ
ნაშრომში მან ეს კუნძულები ასე აღწერა: „ პატარა უჯრედები თითქმის ერთგვაროვანი შემადგენლობით,
მრავალკუთხა ფორმით, მრგვალი ბირთვებით ბირთვაკების გარეშე, ძირითადად ერთად განლაგებული წყვილებად
ან მცირე ზომის ჯგუფებად“.
3. კუჭქვეშა ჯირკვლის მოცულობის რა ნაწილს იჭერს ლანგერჰანსის კუნძულები?
4,5%-ს (ლანგერჰანსის 3 მილიონი კუნძულია პანკრეასში და ყველა ერთად 2 გრამს იწონის).
4. რა და რა ტიპის უჯრედებით არის წარმოდგენილი ლანგერჰანსის კუნძული და რომელი უჯრედი რომელ ჰორმონს
წარმოქმნის?
თითოეული კუნძულის 15% წარმოქმნილია ალფა-უჯრედებით (წარმოქმნის გლუკაგონს), 65-85%- ბეტა-
უჯრედებით (წარმოქმნის ინსულინს), 3-10%- დელტა-უჯრედებით (წარმოქმნის სომატოსტატინს), 3-5%- გამა-
უჯრედებით (წარმოქმნის პანკრეასულ პოლიპეპტიდს) და 1%-ზე ნაკლები- ეპსილონ უჯრედებით (წარმოქმნის
გრელინს, შიმშილის ჰორმონს).
5. როგორ სინთზედება ინსულინი პანკრეასის ბეტა-უჯრედებში?
ი-რნმ-ის ტრანსლაციისას ენდოპლაზმურ ბადეზე არსებულ რიბოსომებზე წარმოიქმნება არააქტიური
პრეპროინსულინი, რომელსაც აქვს სასიგნალო მოლეკულა და ამ მოლეკულის მიხედვით მოხვდება ენდოპლაზმურ
ბადეში. აქ პრეპროინსულინი პროინსულინად გარდაიქმნება (უჩნდება დისულფიდური ბმები) და
ტრანსპორტირდება გოლჯის აპარატში. გა-ში პროინსულინი ვეზიკულებში განთავსდება და თან გარდაიქმნება
ინსულინად (პროინსულინისგან C პეპტიდის ჩამოშორებით).
6. აღწერეთ ინსულინის მოლეკულა.
ინსულინის მოლეკულა 2 ჯაჭვისგან შედგება: A და B. A ჯაჭვში 21 ამინომჟავაა, B ჯაჭვში- 30. ინსულინში სულ 51
ამინომჟავაა. ინსულინის მოლეკულაში 3 დისულფიდური ბმაა, აქედან A და B ჯაჭვებს ერთმანეთთან 2
დისულფიდური ბმა აკავშირებს (მე-3 დისულფიდური ბმა A ჯაჭვში წარმოიქმნება). დისულფიდური ბმების
წარმოქმნა ამინომჟავა ცისტეინის მოლეკულებს შორის ხდება (ინსულინში სულ 6 მოლეკულა ცისტეინია, ამიტომაც
დისულფიდური ბმების რაოდენობა არის 3).
7. რომელი სტრუქტურის პეპტიდია ინსულინი?
ინსულინს, ისევე როგორც ჰემოგლობინს, ანტისხეულებსა და იონურ არხებს, აქვს მეოთხეული სტრუქტურა.
• მეოთხეული სტრუქტურა ყალიბდება მაშინ, როდესაც რამდენიმე პოლიპეპტიდური ჯაჭვი ერთიანდება. ინსულინი
რადგან ორი ჯაჭვისგან შედგება, ამიტომაც არის მეოთხეული სტრუქტურის მქონე.
8. როგორ გამოიყოფა ინსულინი ბეტა-უჯრედებიდან?
ინსულინი უჯრედებში ვეზიკულებშია განთავსებული და როგორც კი სისხლში გლუკოზის დონე აიწევს, ეს
ვეზიკულები შეერწყმის პლაზმურ მემბრანას და ინსულინი ეგზოციტოზის გზით სისხლში გამოთავისუფლდება.
9. რა აძლიერებს და რა თრგუნავს ინსულინის სეკრეციას?
ინსულინის სეკრეციის (გამოყოფის) ყველაზე ძლიერი მასტიმულირებელი ფაქტორი არის სისხლში გლუკოზის
დონის მომატება (საკვების მიღებისას). ინსულინის გამოყოფას ასევე აძლიერებს ამინომჟავებიც (განსაკუთრებით
ლეიცინი და არგინინი). ინსულინის სეკრეცია იზრდება კალიუმის ან კალციუმის დონის მომატებისას და
ესტროგენის გავლენით. ინსულინის გამოყოფას ამცირებს გლუკაგონი და ადრენალინი.
10. რა გავლენა აქვს სიმპათიკურ და პარასიმპათიკურ ნერვულ სისტემებს ინსულინის სეკრეციაზე?

ბიოლოგიის რეპეტიტორი
გიორგი ღოღობერიძე
პარასიმპათიკური ნერვული სისტემა (აცეტილქოლინი) აძლიერებს ინსულინის გამოყოფას, სიმპათიკური ნერვული
სისტემა (ნორადრენალინი)- ამცირებას ინსულინის სეკრეციას.
11. რა არის გლიკოგენეზი, გლიკოგენოლიზი, გლუკონეოგენეზი და გლიკოლიზი?
გლუკონეოგენეზი არის გლუკოზისგან გლიკოგენის წარმოქმნა; გლიკოგენოლიზი არის გლიკოგენის დაშლა
გლუკოზად; გლუკონეოგენეზი არის სხვადასხვა ორგანული ნივთიერებისგან გლუკოზის წარმოქმნა; გლიკოლიზი
არის გლუკოზის დაშლა.
12. ჩამოთვალეთ ინსულინის ფუნქციები.
1. კუნთოვან და ცხიმოვან უჯრედებში გლუკოზის ათვისების გაძლიერება;
2. ღვიძლსა და კუნთებში გლუკოზისგან გლიკოგენის სინთეზი და დამარაგება;
3. გლიკოლიზის (ანაერობული სუნთქვის) ფერმენტების გააქტიურება და გლუკოზის დაშლა ციტოპლაზმაში;
4. ცხიმოვან უჯრედებში ლიპიდების სინთეზის გაძლიერება სისხლიდან ცხიმების ათვისებითა და
დამარაგებით;

როგორც ხედავთ, ინსულინს აქვს როგორც ანაბოლური ფუნქცია (აძლიერებს პოლისაქარიდების, ცილების, ცხიმების
სინთეზს), ასევე ანტიკატაბოლური აქტივობაც (ამცირებს ცილების, ცხიმების, პოლისაქარიდების დაშლას).

13. რა და რა გზებით ამცირებს ინსულინი გლუკოზის შემცველობას უჯრედში?


ინსულინი ამცირებს გლუკოზის რაოდენობას: ან მისი გახარჯვით (გლიკოლიზის, ანაერობული სუნთქვის
სტიმულირებით), ან გლიკოგენად გარდაქმნით (გლიკოგენეზის სტიმულირებით), ან გლიკოგენისგან გლუკოზის
წარმოქმნის შეფერხებით (გლიკოგენოლიზის დათრგუნვით), ან გლუკოზის ახალი მოლეკულების სინთეზის
(გლუკონეოგენეზის) დათრგუნვით. საბოლოო ჯამში, მცირდება გლუკოზის დონე (იმატებს გლიკოგენი).
14. საბოლოოდ, როგორია ინსულინის ეფექტი ნახშირწყლებზე?
ინსულინი ინტრაცელულურად ზრდის ნახშირწყლების შემცველობას (მაგ., ზრდის გლიკოგენის შემცველობას
ღვიძლსა და კუნთებში), ხოლო ექსტრაცელულურად (სისხლში გლუკოზის დონეს)- ამცირებს.
• შეჯამება: ინსულინი უჯრედების შიგნით ზრდის ნახშირწყლების შემცველობას, ხოლო უჯრედებს გარეთ- ამცირებს.
15. უჯრედის რომელ ნაწილში არის განლაგებული ინსულინის მიმართ მგრძნობიარე რეცეპტორები?
უჯრედის პლაზმურ მემბრანზე.
16. რას ნიშნავს ინსულინ-დამოკიდებული?
კუნთებს (ჩონჩხის, გულის) და ცხიმოვან ქსოვილს, რომელთა უჯრედებიც ორგანიზმის 75%-ს ქმნის, აუცილებლად
სჭირდება ინსულინის არსებობა, რომ სისხლში არსებული გლუკოზა აითვისოს.
17. რას ნიშნავს კონტრინსულინური ჰორმონები (ინსულინის ანტაგონისტები)?
ინსულინი ამცირებს სისხლსა და უჯრედებში თავისუფალი გლუკოზის რაოდენობას. ჰორმონები, რომლებიც,
პირიქით, ზრდის გლუკოზის კონცენტრაციას სისხლში, არის კონტრინსულინურები ანუ ინსულინის ანტაგონისტები.
ასეთებია:
1. გლუკაგონი (პანკრეასის ლანგერჰანსის კუნძულებიდან);
2. ადრენალინი (თირკმელზედა ჯირკვლის ტვინოვანი ნაწილიდან);
3. კორტიზოლი (თირკმელზედა ჯირკვლის ქერქოვანი ნაწილიდან);
4. ზრდის ჰორმონი ანუ სომატოტროპული ჰორმონი (ჰიპოფიზის წინა წილიდან).
18. პანკრეასის დაზიანებისას რომელი ტიპის შაქრიანი დიაბეტი ვითარდება და კუნძულში არსებული რომელი
უჯრედების დაშლით არის ეს გამოწვეული?
პანკრესის ლანგერჰანსის კუნძულების ბეტა-უჯრედების დაზიანება (სადაც ინსულინი წარმოიქმნება) შაქრიანი
დიაბეტის პირველი ტიპის განვითარებას იწვევს (ხასიათდება ინსულინის არარსებობით ან კრიტიკული
შემცირებით). მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტის დროს ბეტა-უჯრედები არ არის დაზიანებული, მაგრამ პერიფერიაზე
(ორგანოებში) არსებული ინსულინის რეცეპტორების ინსულინზე პასუხი არის შემცირებული (თავად ინსულინი
სისხლში არის ამ დროს, მაგრამ ნორმაზე მეტი რაოდენობაა საჭირო, რომ რეცეპტორები ჩართოს).
19. რა სხვაობაა შაქრიანი დიაბეტის პირველ და მეორე ტიპებს შორის?

ბიოლოგიის რეპეტიტორი
გიორგი ღოღობერიძე
I. პირველი ტიპის შაქრიანი დიაბეტის დროს ლანგერჰანსის კუნძულების ბეტა-უჯრედები არის დაზიანებული და
ინსულინის გამომუშავება მკვეთრად მცირდება (სისხლში თითქმის არ არის ინსულინი).
II. მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტის დროს ლანგერჰანსის კუნძულების ბეტა-უჯრედები დაზიანებული არ არის,
ჩვეულებრივად წარმოქმნის ინსულინს, მაგრამ ქსოვილების მგრძნობელობა ინსულინის მიმართ
დაქვეითებულია (ინსულინი არის სისხლში, მაგრამ ქსოვილებზე სათანადოდ ვერ მოქმედებს).

სხვა სიტყვებით, I ტიპის შაქრიანი დიაბეტის დროს ინსულინის აბსოლუტური უკმარისობაა, II ტიპის დროს-
შეფარდებითი; ამიტომაც ჰქვია პირველი ტიპის დიაბეტს ინსულინდამოკიდებული, მეორე ტიპს კი-
ინსულინდამოუკიდებელი.

20. ვის უფრო ემართება I ტიპის დიაბეტი და ვის- II ტიპისა? რომელი უფრო ხშირია?
პირველი ტიპის დიაბეტი 10%-ში გვხვდება და უფრო ახალგაზრდებს ან ბავშვებს ემართებათ (ხშირად გამხდრები
არიან, 30 წლამდე ასაკის). II ტიპის დიაბეტი 90%-ში გვხვდება და უფრო ზრდასრულ ან ხანშიშესულ ადამიანებს
ემართებათ (ხშირად ჭარბწონიანები არიან, 40 წელს გადაცილებულები).
21. რა სიმპტომებით ხასიათდება შაქრიანი დიაბეტი (არანამკურნალები)?
დიაბეტი ხასიათდება სამი ცნობილი ნიშნით: პოლიურია, პოლიდიპსია და პოლიფაგიით. კერძოდ:
1. დღე-ღამეში 3 ლიტრზე მეტი შარდის გამოყოფით (პოლიურია);
2. გაძლიერებული წყურვილი და სითხის ჭარბად მიღებით (პოლიდიპსია);
3. მადის გაძლიერებითა და საკვების უხვად მიღებით (პოლიფაგია).

ლაბორატორიული ნიშნებით სისხლში გლუკოზის დონე მომატებულია (ჰიპერგლიკემია) და გლუკოზის შემცველობა


გაზრდილია შარდშიც (გლუკოზურია). თუ ადამიანი მკურნალობს, ეს ნიშნები, რა თქმა უნდა, არ ექნება. ხოლო თუ არ
მკურნალობს, მაშინ მოსალოდნელია ისეთი გართულებები, როგორებიცაა:

1. მხედველობის დაქვეითება ან დაკარგვა (ბადურის დაზიანების გამო);


2. შარდით ცილების დაკარგვა (თირკმლების დაზიანების გამო);
3. მტკივნეული შეგრძნებები სხეულის სხვადასხვა ნაწილში, განსაკუთრებით ტერფში (ნეირონების დაზიანების
გამო).
4. დიაბეტის დროს ადამიანი მგრძნობიარე ხდება ინფექციების მიმართ (ხშირად ემართება ბაქტერიული
დაავადებები).
22. რომელი ცხოველის ინსულინი გამოიყენებოდა, სანამ ინსულინის წარმოების თანამედროვე მეთოდები
დაინერგებოდა?
გამოიყენებოდა ღორის ინსულინი, რადგან ის თითქმის იდენტურია ადამიანის ინსულინისა.
23. რას წარმოადგენს გლუკაგონი?
გლუკაგონი პანკრეასის ლანგერჰანსის კუნძულების ალფა-უჯრედებში წარმოქმნილი პეპტიდური ჰორმონია.
ინსულინის ანატაგონისტი.
24. რა ასტიმულირებს გლუკაგონის გამოყოფას?
გლუკაგონის გამოყოფას ასტიმულირებს სისხლში გლუკოზის დონის ზღვარს ქვემოთ დაქვეითება, მაგ., შიმშილის
ან ინსულინის ჭარბი სეკრეციის დროს. ინსულინსა და გლუკაგონს შორის უარყოფითი უკუკავშირის მექანიზმია
(ერთის მიერ გლუკოზის დონის დაწევა, რთავს მეორეს და გლუკოზის დონე იმატებს. ასევე- პირიქით).
25. რა ფუნქციებს ასრულებს გლუკაგონი?
გლუკაგონი აძლიერებს პოლისაქარიდ გლიკოგენის გლუკოზად დაშლას ღვიძლის უჯრედებში (მაგრამ არა
კუნთებში)! გლიკოგენის დაშლისას გლუკოზა სისხლში გამოთავისუფლდება და გლუკოზის დონე მოიმატებს. მაგრამ
ღვიძლში არ არის ბევრი გლიკოგენი (სულ 100-120 გრამია), ამიტომ გლუკაგონი ასტიმულირებს გლუკოზის
სინთეზსაც ღვიძლსა და თირკმლის ქერქის უჯრედებში (ამინომჟავებისგან, რძის მჟავისგან, პირუვატისა და
გლიცეროლისგან). გლუკაგონით სტიმულირდება ცხიმების დაშლასაც, რომ წარმოქმნილი გლიცეროლი (და არა
ცხიმოვანი მჟავები) ღვიძლში გლუკოზის სინთეზისთვის გამოიყენოს.

ბიოლოგიის რეპეტიტორი
გიორგი ღოღობერიძე
26. რომელ ორგანოში დამარაგებული გლიკოგენი გამოიყენება გლუკაგონის მოქმედებით ჰიპოგლიკემიისას?
მხოლოდ ღვიძლში დამარაგებული. ღვიძლში არსებულ გლიკოგენს შლის ადრენალინი და გლუკაგონი და ორივე
სისხლში გამოათავისუფლებს გლუკოზას. რაც შეეხება კუნთებს, აქ დამარაგებული გლიკოგენის დაშლა სისხლში
გლუკოზის დონის გასაზრდელად არ ხდება. შესაბამისად, კუნთებში არსებულ გლიკოგენზე გლუკაგონი არ
მოქმედებს, მხოლოდ ადრენალინი- ისიც იმიტომ, რომ ისევ კუნთის უჯრედებში გაზარდოს გლუკოზის შემცველობა
და ეს გლუკოზა ატფ-ის მისაღებად გამოიყენოს.
27. რა გამოიყენება ღვიძლსა და თირკმლის ქერქში გლუკოზის ახალი მოლეკულების სინთეზისთვის?
ამინომჟავები (მათი დიდი ნაწილი, მაგრამ არა ყველა), პირუვატი და ლაქტატი და ცხიმების დაშლით მიღებული
გლიცეროლი (მაგრამ არა ცხიმოვანი მჟავები).

ბიოლოგიის რეპეტიტორი
გიორგი ღოღობერიძე

You might also like