You are on page 1of 2

დემოკრიტე (470/460 – 370)

დემოკრიტე იყო ქალაქ აბდერადან. მამამისი იმდენად მდიდარი კაცი ყოფილა, რომ მას
სტუმრად სწვევია მეფე ქსერქსე და, კარგი მასპინძლობის სანაცვლოდ, მისთვის მოგვები და
ქალდეველები დაუტოვებია. დემოკრიტეს მათგან უსწავლია ასტროლოგია და თეოლოგია.
დემოკრიტეს, ცოდნის შეძენის მიზნით, უმოგზაურია ინდოეთში, ბაბილონსა და ეთიოპიაში.
გადმოცემის თანახმად, მოგზაურობაში ‘გაუფლანგავს’ (გნებავთ, დაუმღერებია) მამისეული
ქონება. აბდერელების კანონით, ვინც მამისეულ ქონებას გაფლანგავდა, ის ვერ დაიმარხებოდა
მშობლიურ მიწაზე. აბდერაში დაბრუნებულ დემოკრიტეს თავისი თხზულება წაუკითხავს
თანამოქალაქეებისთვის, რომლებიც ისე აღფრთოვანებულან, რომ სასჯელიც მოუხსნეს,
მამისეული ქონებაც აუნაზღაურეს (რაც მერე ძმებისთვის მიუცია დემოკრიტეს) და ძეგლებიც
აუგეს სიცოცხლეშივე.

დემოკრიტეს უწოდებდნენ ‘ბრძენსა’ და ‘მოცინარ ფილოსოფოსს’1. ის განსაკუთრებით


დასცინოდა ადამიანების ზრუნვას წვრილმან საქმეებზე.

დემოკრიტეს ფილოსოფიის მთავარი ცნებებია ‘ატომი’ და ‘სიცარიელე’. ამ უკანასკნელის


დაშვება აუცილებელი პირობაა იმისათვის, რომ აიხსნას სიმრავლისა და მოძრაობის არსებობა.
‘სიცარიელე’ დემოკრიტესთან ერთგვარი არარაა, არარსებობაა, ამიტომ, მხოლოდ ეგ არ
გამოდგება არსებულის, სამყაროს ასახსნელად. ამისათვის დემოკრიტეს შემოაქვს ‘ატომები’.
‘ატომი’ არის განუყოველი ნაწილაკი2. ატომი არის ის, რასაც ნაწილი არ აქვს. მათგანაა
შედგენილი ყველა სხეული. გარდა იმისა, რომ განუყოფელია, ატომის თვისებაა, რომ იგი
განფენილია, რაღაც ადგილი უჭირავს სივრცეში. ასე რომ არ იყოს, ატომებისგან შედგენილი
საგნებიც არ იქნებოდნენ ვრცეულნი. ატომები არსის მიხედვით უცვლელნი არიან (რადგან
მარტივნი, უნაწილონი არიან), ისინი არც წარმოიშვებიან და არც ისპობიან. ისინი მარადიულნი
არიან და მათი რაოდენობა უცვლელია (ისე, უსასრულოდ ბევრი ატომი არსებობს). ატომები
ერთმანეთისაგან განსხვავდებიან სიდიდით, ფორმითა და მდგომარეობით, განლაგებით. ბუნება
არის ერთგვარი წიგნი, რომელიც ატომების ასოებითაა დაწერილი (ერთი და იგივე ასოებით
ტრაგედიის დაწერაც შეიძლება და კომედიისაცო, ამბობდა არისტოტელე).
ატომებს არ გააჩნიათ ფერი, სუნი, გემო (რადგან ეს თვისებები ცვალებადია, ატომი კი
უცვლელია).

სიცარიელე გაყოფადობის პრინციპია, ის ქმნის სიმრავლეს. ამავდროულად, მოძრაობის


პირობაცაა. ატომი კი განუყოფლობისა და ერთიანობის პრინციპია. მეორე მხრივ, კი სიცარიელე,

1
ჰერაკლიტეს საპირისპიროდ, რომელსაც ‘მოტირალ ფილოსოფოსს’ ეძახდნენ
2
დემოკრიტეს აზრით, უსასრულო დაყოფადობა ‘აქრობს’ სიდიდეს, ამიტომ, აუცილებელია არსებობდეს
ის(ინი) რაც არ იყოფა.
სივრცე განუწყვეტლობაა (ცარიელი სივრცე ერთიანია), ატომები - წყვეტადობა (ერთიანი
სივრცის დანაწევრება ატომებით ხდება);

სიცარიელეს დემოკრიტე უწოდებს არარსს, ატომ(ებ)ს კი - არსს. ამ აზრით, არარსი


არანაკლებად არსებობს, ვიდრე არსი.

როგორ წარმოიქმნება ატომებისაგან საგანი? როგორ ხდება ბუნებაში წარმოშობა-მოსპობა?


(საგნის) წარმოშობა ხდება ატომების შეკავშირებით, მოსპობა კი - შეკავშირებული ატომების
ურთიერთგანცალკევებით. შეკავშირება და დაშლა არის მოძრაობის 2 მთავარი სახე. ატომის
ამოძრავება ხდება ‘დაჯახებით’ (ანუ, მოძრაობა ატომისთვის გარეგანია), ერთი ატომი დაეჯახება
მეორეს და აამოძრავებს. შეკითხვაზე, როგორ დაიწყო მოძრაობა, რამ აამოძრავა ‘პირველი
დამჯახებელი’ ატომი, დემოკრიტე პასუხობს, რომ მოძრაობა დაუსაბამოა3 (არისტოტელე
კიცხავს დემოკრიტეს, რომ მან მოძრაობა ჩათვალა ისეთ რაიმედ, რაც ახსნას არ საჭიროებს.
არისტოტელეს აზრით, აუცილებელია მოძრაობის ახსნა)4. მოკლედ, ატომებისა და სიცარიელის
გარდა, დემოკრიტესთვის მოძრაობაც საწყისი მოცემულობაა. ეს სამი პრინციპი მარადიულია.
რაც მარადიულია, მათ არ აქვთ მიზეზი. სხვა ყველაფერს კი მიზეზი აქვს და ამიტომ,
აუცილებლობას ექვემდებარება. დემოკრიტეს აზრით, არ არსებობს შემთხვევითობა და
თავისუფლება. ყველაფერი დეტერმინიზებულია. შემთხვევითობა და თავისუფლება
სინამდვილეში ილუზიაა, რომელიც მომდინარეობს ჩვენი არცოდნიდან (მიზეზების).

რამდენიმე ფრაგმენტი დემოკრიტეს ნაწერებიდან:

‘რაიმეს მიზეზის აღმოჩენა მირჩევნია მეფის ტახტს’;

‘პატიოსანია თუ არა ადამიანი გამოიცნობა არა მხოლოდ იმით, რას აკეთებს, არამედ იმითაც,
რა სურს’;

‘უდროო სიამოვნებანი უსიამოვნებებს იწვევენ’;

‘ქვეყანა სცენაა, ცხოვრება - მასთან მისასვლელი: მიდი, ნახე, წადი’

3
დემოკრიტე უარყოფს ანაქსაგორასეულ ‘ნუსსა’ და ემპედოკლეს ‘სიყვარულ-სიძულვილს’, როგორც
მოძრაობის ამხსნელ პრინციპებს.
4
სხვათა შორის, არისტოტელეს წიგნში ‘წარმოშობისა და ხრწნის შესახებ’ უწერია: ‘თუ მხედველობაში არ
მივიღებთ ზერელე ცოდნას, დემოკრიტეს გარდა, არავინ არაფერი არ იცოდა. მე მიმაჩნია, რომ
მხოლოდ დემოკრიტე ფიქრობდა და ერკვეოდა ყველაფერში’.

You might also like