You are on page 1of 5

საკუთრებისა და სახელმწიფოს საკითხი ჟან ჟაკ რუსოსა და ჯონ ლოკის

მიხედვით

დაჩი ხონელიძე

შუალედური

ფილოსოფიის საბაკალვრო პროგრამა

თავისუფლების იდეა გერმანულ იდეალიზმში

კურსის ხელმძღვანელი: ნინო როდონაია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

თბილისი, 2023
ჟან-ჟაკ რუსო და ჯონ ლოკი იკვლევენ სახელმწიფოს საწყისებს, ეძებენ მისი
საჭიროებისა და ლეგიტიმაციის წყაროებს. მათი წარმოდგენები ერთმანეთს შორდება
საკუთრების საკითხთან დაკავშირებით, კონკრეტულად, უსწრებს თუ არა წინ
საკუთრება სახელმწიფოს. ლოკისთვის საკუთრების უფლება უფრო პირველადია
ვიდრე სახელმწიფო, რადგან ის წარმოადგენს ბუნებითი სამართლის ნაწილს, ხოლო
რუსოსთვის საზოგადოებრივი ხელშეკრულება წარმოადგენს აუცილებელ
პრედიკატს საკუთრების უფლების არსებობისა და ლეგიტიმაციისთვის. ერთი
შეხედვით მცირედი განსხვავება იწვევს უზარმაზარ სხვაობას რუსოს ზოგად ნებასა
და ლოკის უზენაეს ძალას შორის. მათთან სახელმწიფოს არსობრივი მიზანი
საბოლოოდ სხვადასხვა სახეს იღებს: რუსოსთვის ესაა საზოგადოებრივი
თანასწორობის ჩამოყალიბება, ხოლო ლოკისთვის - ბუნებრივი უთანასწორობის
შენარჩუნება.

ლოკის თანახმად, კერძო საკუთრება წინ უსწრებს სახელმწიფოს, რამდენადაც


საკუთრების უფლება არაა შექმნილი კონტრაქტით, ის არის ბუნებრივი უფლება.
ლოკისთვის საკუთრების უფლების საფუძველია ადამიანის უდაო უფლება თავის
სხეულზე: „ყველა ადამიანს აქვს საკუთრება თავის თავში“ (Locke 1993, 134).
ლოკისეული თეორია საკუთრების შესახებ საფუძვლად სწორედ ამ მიმართებას
იყენებს.

შრომის საშუალებით ადამიანი შეურევს თავის თავდაპირველ საკუთრებას, ფიზიკურ


სხეულს და ბუნებრივ რესურსებს, ნედლეულს, რომელიც თავდაპირველად საერთოა.
ამ შერევის საშუალებით შრომის ობიექტი სცილდება თავის ბუნებრივ
მდგომარეობას, რადგან ადამიანი დებს მასში რაღაცას, რაც უდაოდ თავისი
საკუთრებაა და საერთოდან ხდება ექსკლუზიური, სხვა ადამიანებს ჩამოერთმევათ
უფლება მასზე. აღსანიშნავია, რომ ეს გარდაქმნა ხდება ვინმესთან შეთანხმების
გარეშე (Locke 1993, 136).

1
ლოკისეული საკუთრების უფლება აქსიომად იღებს კონცეფციას, რომ ადამიანს
თავის სხეულზე უდაო საკუთრების უფლება აქვს. სხეულის ფიზიკური გამოყენებით
ის ავრცელებს საკუთრების უფლებას მისგან გარეგან ობიექტებზე. ლოკისთვის
კოლექტიური თანხმობა არ არის საჭირო კერძო საკუთრების შესაქმნელად. შრომა
თავისთავად ლეგიტიმურად აქცევს საკუთრებას.

მეორე მხრივ, რუსო კერძო საკუთრებას ბუნებით უფლებად არ მიიჩნევს.


საკუთრების უფლება ვერ იარსებებს კონტრაქტამდე, რადგან ის არ წარმოადგენს
ბუნებითი სამართლის პროდუქტს, არამედ „ყველაზე კარგად მოფიქრებულ პროექტს,
რომელიც გაჩენილა ადამიანის გონებაში“, განხორციელებულს რამდენიმე
ამბიციური ადამიანის მიერ საკუთარი სარგებლისათვის (Rousseau 2019, 20).
რუსოსთვის საკუთრება წარმოადგენს „მოხერხებულ უზურპაციას“, რომელმაც
მიიღო ლეგიტიმაცია სახელმწიფოსგან და გარდაიქმნა „შეუქცევად უფლებად“
(Rousseau 2019, 21). მიუხედავად იმისა, რომ რუსოსთვის ნაცნობია, საიდან ჩნდება
საკუთრების იდეა მიწის დამუშავებიდან მის დანაწილებამდე - ის არ ანიჭებს ამ
უფლებას რაიმე ლეგიტიმაციას.

ბუნებით მდგომარეობაში ყველას შეუძლია პრეტენზია იქონიოს გარკვეული


ობიექტების ფიზიკურ კონტროლზე, თუმცა, ბუნებითი მდგომარეობის
გათვალისწინებით, ეს პრეტენზია მერყევია. შესაძლებელია ემპირიული ფაქტის
დაფიქსირება კონტროლთან დაკავშირებით, მაგრამ ეს არ არის საკმარისი მიზეზი
ლეგიტიმაციისთვის. საკუთრების უფლების ლეგიტიმაცია ეყრდნობა მხოლოდ
ძალას. შესაბამისად, უფრო დიდ ძალას შეუძლია ამ უფლების „გაუქმება“.
მიუხედავად იმისა, რომ საკუთრების იდეა ინდივიდის შრომიდან და საკუთრების
განუწყვეტელი ფლობიდან იბადება, საკუთრების უფლება მხოლოდ ძალას
ეყრდნობა.

2
ლოკისთვის საკუთრება ბუნებრივი უფლებაა, შესაბამისად, ის წინ უსწრებს
ყოველგვარ კოლექტიურ შეთანხმებას, შესაბამისად, სახელმწიფოს შექმნა ხდება
მოგვიანებით. რუსო ამ იდეას უარყოფს, მისთვის საკუთრება არის მხოლოდ და
მხოლოდ კონვენცია და ადამიანური ინსტიტუცია, შესაბამისად, ის მეორეულია,
ხოლო სახელმწიფო პირველადი. ამ განსხვავებების გამო, სახელმწიფოს მთავარი
ფუნქცია ამ ორი ავტორისთვის სხვადასხვაა - ლოკისთვის სახელმწიფოს ფუნქციაა
უფლებების დაცვა, ხოლო რუსოსთვის უფლებების შექმნა.

ერთი შეხედვით, ლოკისა და რუსოს წარმოდგენილი საზოგადოებებს იდენტური


სტრუქტურა აქვთ და მათ შორის არაერთი ჰომოლოგიის პოვნაა შესაძლებელი.
თუმცა, არსობრივად ესაა ორი სრულიად განსვავებული სისტემა, განსხვავებული
როლებით. ლოკისთვის ადამიანები ერთიანდებიან საზოგადოებაში, რათა დაიცვან
არსებული უფლებები, ეს წარმოადგენს სახელმწიფოს ცენტრალურ ფუნქციას.
უფლებების წყარო სახელმწიფოს მიღმაა და ხელისუფალი შეზღუდულია ამ
უფლებებით.

რუსოსთვის საზოგადო ნების ძალაუფლება შეუზღუდავია: „საზოგადოებრივი


კონტრაქტი აძლევს მას აბსოლუტურ ძალაუფლებას მის ყველა წევრზე“ (Rousseau
2018, 14). ყველა უფლება კონსტრუირებულია საზოგადოების მიერ და გამოდის
მისგან. რადგან რუსოსთვის უფლებები სოციალური კონსტრუქციაა, მისთვის
მისაღებია ამ უფლებების სრული გარდაქმნა ისე, რომ მიღწეულ იქნას
საზოგადოებრივი თანასწორობა. ლოკისთვის მთავარია არსებული უფლებების
შენარჩუნება, რაც დე-ფაქტო ინარჩუნებს ბუნებრივ უთანასწორობას.

3
ბიბლიოგრაფია

Locke, John. 1993. Two Treatises of Government. Edit.: M. Goldie. London: Orion
Publishing Group.
Rousseau, Jean-Jacques. 2019. Discourse on the Origin and the Foundations of Inequality
Among Men or Second Discourse. Trans.: V. Gourevitch. Edit.: V. Gourevitch.
Cambridge: Cambridge University Press
Rousseau, Jean-Jacques. 2018. The Social Contract. Trans.: G.D.H. Cole. Ozymandias Press.

You might also like