You are on page 1of 4

ოსმალეთის იმპერიის აღსასრული

დღევანდელი თურქეთის რესპუბლიკის წინამორბედი სახელმწიფო იყო ოსმალეთი,


რომლის სახელი წარმოდგა მისი მმართველი დინასტიის სახელისაგან – ოსმანლი (ევროპულ
ენებში გამოითქმოდა, როგორ ოტტომან). ოსმალეთმა იარსება XIII საუკუნიდან 1923 წლამდე.
ის იყო მრავალეროვანი იმპერია, რომელიც დაპყრობების გზით დაეუფლა დიდ ტერიტორიას
ევროპაში – მთელ ბალკანეთის ნახევარკუნძულს, უნგრეთის ნახევარს (ბუდაში, დღევანდელი
ბუდაპეშტის ნაწილში, ოსმალები საუკუნე-ნახევარი ისხდნენ), დასავლეთ აზიას და
ჩრდილოეთ აფრიკას. მაგრამ ოსმალეთის იმპერია თანდათან ჩამორჩა სოციალურ-
ეკონომიკურად წინწასულ ევროპას, რომელმაც ოსმალეთი ეკონომიკურადაც დაიქვემდებარა,
მათ შორის „კაპიტულაციების რეჟიმით“: ამ რეჟიმის თანახმად, ევროპის ბევრი ქვეყნის
ქვეშევრდომს ოსმალეთში დიდი ეკონომიკური და იურიდიული პრივილეგიები ჰქონდა.
XVIII-XX საუკუნეების ომებში ოსმალეთმა დაკარგა დაპყრობილი ტერიტორიების უდიდესი
ნაწილი. I მსოფლიო ომის წინ ის პრაქტიკულად გამოდევნეს ევროპიდან, სადაც მას მცირე
ტერიტორია დარჩა სტამბოლის ირგვლივ.
ოსმალეთის მმართველი წრეების, კერძოდ, ნაციონალისტური პარტია „ერთიანობა და
პროგრესისა“ და მისი ხელმძღვანელობის, რომელთაც „ახალგაზრდა თურქებს“ უწოდებდნენ,
პოლიტიკური შეცდომა აღმოჩნდა I მსოფლიო ომში გერმანიის მხარეს ჩაბმა. ამ ომში
ოსმალეთი დამარცხდა, მას ჩამოშორდა აზიაში დაპყრობილი ტერიტორიები და
დანაწევრების საფრთხე დაემუქრა მის ბირთვს, მცირე აზიის ნახევარკუნძულს ანუ
ანატოლიას. 1919 წელს დასავლეთ ანატოლიაში შევიდა საბერძნეთის არმია.

თურქეთის რესპუბლიკის შექმნა

მაგრამ კაპიტულაციას არ აპირებდნენ გენერალ მუსტაფა ქემალის მეთაურობით


დარაზმული თურქი ოფიცრები (ქემალისტები). თურქეთის დიდმა ეროვნულმა კრებამ,
რომელშიც შევიდნენ პატრიოტულად განწყობილი დეპუტატები, ბინა დაიდო ანატოლიის
პატარა ქალაქ ანკარაში. იქ დაიწყეს სიტყვა „თურქეთის“ გამოყენება სახელმწიფოს სახელად
და იქვე 1923 წლის 23 ოქტომბერს გამოცხადდა თურქეთის რესპუბლიკის შექმნა. ანკარა
რესპუბლიკის ახალი დედაქალაქი გახდა. მუსლიმთა სულიერი ხელმძღვანელი – ხალიფა –
(1922 წლამდე ის ერთდროულად ოსმალეთის სულთანიც იყო), 1924 წელს ქვეყნიდან გააძევეს.
ამას წინ უძღოდა მძიმე ომები ანატოლიაში. ქემალისტებმა მოახერხეს დაშლილი არმიის
აღდგენა და მოქნილი დიპლომატიით ოსმალეთის ყოფილი მტრების, დიდი ბრიტანეთისა და
საფრანგეთის რიგებში უთანხმოების შეტანა: მაშინ, როცა დიდი ბრიტანეთი მხარს უჭერდა
ბერძნების ბრძოლას თურქების წინააღმდეგ, საფრანგეთმა, ქემალისტებთან რამდენიმე
შეტაკების შემდეგ, ხელშეკრულება დადო მათთან, სცნო ანკარის მთავრობის კანონიერება და
იარაღიც კი გადასცა მას.
ქემალისტები გაურიგდნენ ოსმალეთის იმპერიის დაუძინებელ მტერს – რუსეთის იმპერიის
ნანგრევებზე წარმოქმნილ ბოლშევიკურ რუსეთს და მისგანაც მიიღეს დათმობები და

1
დახმარება. 1921 წლის 16 მარტს თურქეთმა საბჭოთა რუსეთთან დადო „ხელშეკრულება
მეგობრობისა და ძმობის შესახებ“ („მოსკოვის ხელშეკრულება“). ფორმალურად თურქეთსა და
რუსეთს საერთო საზღვარი არ ჰქონდათ: მათ შორის საქართველო იყო, რომლის
დამოუკიდებლობა იქამდე ორივე ქვეყანამ აღიარა. მაგრამ რეალურად საქართველო რუსეთს
უკვე დაპყრობილი ჰქონდა და ამ ხელშეკრულებით (რომლის მუხლები იმავე 1921 წლის 13
ნოემბერს გამეორდა „ყარსის ხელშეკრულებაში“) მან დაადგინა საქართველოს (აგრეთვე –
სომხეთის, რომელიც თურქეთმა 1920 წელს დაამარცხა) საზღვრები თურქეთთან. ამ
უკანასკნელმა შეიერთა იმ ტერიტორიის დიდი ნაწილი, რომელსაც 1878 წლამდე ოსმალეთის
იმპერია ფლობდა (გარდა ბათუმისა და აჭარისა).
1923 წლის 24 ივლისს ქ. ლოზანაში დაიდო ხელშეკრულება ერთ მხარეს თურქეთსა და მეორე
მხარეს – დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთს, იტალიას, იაპონიას, საბერძნეთს, რუმინეთს და
იუგოსლავიას შორის, რომლის ძალითაც თურქეთს დაუმკვიდრდა ის ტერიტორია, რომელიც
ახლაც მის შემადგენლობაშია (1939 წელს მას დამატებით შეუერთდა ალექსანდრეტას
სანჯაყი, იგივე ჰათაის ილი, 4,7 ათასი კვ. კმ ფართობით). ლოზანის ხელშეკრულებით
თურქეთში უქმდებოდა კაპიტულაციების რეჟიმი, ხდებოდა მოსახლეობის გაცვლა
საბერძნეთთან: იქ მცხოვრები 400 ათასი თურქი და თურქეთში მოსახლე 1,3 მილიონი
ბერძენი (სტამბოლში მცხოვრებ ბერძენთა გარდა) იძულებული გახადეს „გაეცვალათ
სამშობლო“.
ჯერ კიდევ ოსმალეთის იმპერიის ხანაში, 1915-1916 წლებში, ნაწილობრივ მას შემდეგაც
აღმოსავლეთ ანატოლიიდან განიდევნა ან მოიკლა ქრისტიანი (სომხური, ასირიული) და
იეზიდი მოსახლეობა. თურქეთის რესპუბლიკა საკმაოდ ჰომოგენური (ერთგვაროვანი) გახდა
ეთნოკულტურული (უფრო რელიგიური, ვიდრე ეთნიკური) თვალსაზრისით. იმპერიის
ადგილი დაიკავა ეროვნულმა სახელმწიფომ.
1936 წლის 20 ივლისს დაიდო დღემდე მოქმედი მონტრიოს კონვენცია, რომელიც
არეგულირებს შავი ზღვის სრუტეების – ბოსფორის, დარდანელის და მათ შორის მდებარე
მარმარილოს ზღვის – სტატუსს. სრუტეები თურქეთის სუვერენიტეტის ქვეშაა, მაგრამ ღიაა
ყველა ქვეყნის სავაჭრო გემებისათვის მშვიდობიან ან საომარ ვითარებაში (თუ თურქეთი არაა
ომის მონაწილე). ისინი ღიაა შავი ზღვის ქვეყნების სამხედრო ფლოტებისთვისაც. უცხო
ქვეყნების სამხედრო ხომალდების შესვლა კი შეზღუდულია ტონაჟითა და დროის
ხანგრძლივობით. საომარ ვითარებაში თურქეთს თავისი სუვერენიტეტის განხორციელება
უფრო მკაცრად შეუძლია.

ათათურქის რეფორმები

თურქეთის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი 1923 წელს გახდა მუსტაფა ქემალი,


რომელსაც 1935 წელს ეწოდა ათათურქი (თურქთა მამა). გარდაცვალებამდე (1938) ის
ავტოკრატიული მეთოდებით მართავდა ქვეყანას და ატარებდა მრავალ რეფორმას,
რომლებიც მოწოდებული იყო გარეგნულად დაემსგავსებინა თურქეთი ევროპული
სახელმწიფოსთვის, მაგალითად, ის ესწრაფოდა ქალთა უფლებების გაფართოებას, აკრძალა

2
არა მარტო ჩადრის, არამედ მუსლიმი ქალისათვის აუცილებელი თავსაფრის ტარებაც კი.
მაგრამ დასავლური დემოკრატიული ფასეულობების დანერგვა იმდროინდელ თურქულ
საზოგადოებაში ათათურქს არ შეეძლო. ყველაზე რადიკალური მის რეფორმებში იყო
ლაიციზმის (ერომლის მიხედვითაც გაიყო სახელმწიფო და რელიგია) დამკვიდრება, რის
გარანტადაც თურქეთის არმია იქცა. რადგან თურქული ბურჟუაზია მცირერიცხოვანი იყო,
სახელმწიფომ თავის თავზე აიღო ეკონომიკის, ძირითადად მრეწველობისა და
ინფრასტრუქტურის, განვითარება. თურქეთში ჩამოყალიბდა სახელწიფო კაპიტალიზმის
სისტემა.
ათათურქის ლოზუნგი „მშვიდობა ქვეყანაში, მშვიდობა მსოფლიოში“ უპირველესად იმას
ნიშნავდა, რომ თურქეთს თავი უნდა აერიდებინა საგარეო პოლიტიკური
ავანტიურებისათვის. მართლაც, ქვეყანამ მოახერხა, რომ არ მიეღო რაიმე მონაწილეობა II
მსოფლიო ომის საბრძოლო მოქმედებებში და მხოლოდ 1945 წლის 23 თებერვალს
გამოუცხადა ომი პრაქტიკულად დამარცხებულ გერმანიას. ამის გამო ის გამარჯვებული
ქვეყნის სტატუსით გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი
გახდა.

თურქეთი II მსოფლიო ომის შემდეგ

II მსოფლიო ომის შემდეგ თურქეთი გადაურჩა ომს საბჭოთა კავშირთან, რომელსაც სტალინი
გეგმავდა: მისი რეალური მიზანი შავი ზღვის სრუტეების დაუფლება იყო. ასეთი
სერიოზული საფრთხის გამო თურქეთის საგარეო პოლიტიკა ნეიტრალურიდან მკვეთრად
პროდასავლური მიმართულებით შეიცვალა. 1947 წელს ამერიკის პრეზიდენტმა ჰარი
ტრუმენმა გამოუცხადა სრული მხარდაჭერა („ტრუმენის დოქტრინა“) თურქეთს, საბერძნეთს
და ირანს (ორ უკანასკნელსაც ემუქრებოდა საბჭოთა აგრესია). 1952 წელს თურქეთი ნატო-ში
მიიღეს და მის ტერიტორიაზე განლაგდა ამერიკული სამხედრო ბაზები, სადაც 1963 წლამდე
ატომურ იარაღსაც ინახავდნენ. ამერიკული „მარშალის გეგმით“ თურქეთმა სერიოზული
ეკონომიკური დახმარება მიიღო. თურქეთში დასავლური დემოკრატიის დანერგვა დაიწყო,
რაც გამოიხატა 1946 წელს მრავალპარტიულობის შემოღებით, მაშინ როცა იქამდე ქვეყანაში
იყო ერთადერთი მმართველი – სახალხო-რესპუბლიკური პარტია.
1950 წელს პირველად ჩატარდა მრავალპარტიული არჩევნები, რომელიც ოპოზიციური
დემოკრატიული პარტიის გამარჯვებით დამთავრდა. ათი წლის შემდეგ ამ პარტიის
მთავრობა დაამხო თურქეთის არმიამ, რომელმაც მიიჩნია, რომ იგი ღალატობს ათათურქის
სეკულარიზმის პრინციპებს. იმავე საბაბით თურქეთის გენერალიტეტმა კიდევ სამჯერ (1971,
1980 და 1997 წლებ-ში) აიძულა მთავრობა გადამდგარიყო. თუმცა არმია საკმაოდ მალე უკან
აბრუნებდა სამოქალაქო ხელისუფლებას.
1963 წლიდან თურქეთი ევროპის ეკონომიკური გაერთიანების (ამჟამად – ევროპის კავშირის)
ასოცირებული წევრია, ხოლო 1987 წლიდან განაცხადი აქვს შეტანილი ევროპის კავშირის
სრულუფლებიან წევრობაზე, რაც დღემდე დაუკმაყოფილებელი რჩება, რადგან
ევროკავშირის წამყვანი ქვეყნების ხელმძღვანელთა აზრით, თურქეთი ვერ აკმაყოფილებს ამ

3
გაერთიანების ეკონომიკური, სოციალური, პოლიტიკური, სამართლებრივი მოთხოვნების
(ე.წ „კოპენჰაგენის კრიტერიუმების“) საგრძნობ ნაწილს. სინამდვილეში კი ევროპის ზოგიერთ
დიდ ქვეყანაში (უპირველესად, გერმანიასა და საფრანგეთში) თურქეთს არ მიიჩნევენ
ევროპის ნაწილად.
1980-იანი წლებიდან თურქეთში ხორციელდება მნიშვნელოვანი სოციალურ-ეკონომიკური
რეფორმები. ქვეყანა ეკონომიკურად გაიხსნა გარე სამყაროსათვის, დაჩქარდა მსოფლიო
ეკონომიკაში მისი ინტეგრაცია. სახელმწიფო კაპიტალიზმზე საბოლოო უარის თქმამ და
საბაზრო ეკონომიკის სტიმულირებამ რამდენიმე ათწლეულში მოიტანა შედეგი
მრავალრიცხოვანი საშუალო კლასის შექმნის სახით, რომელსაც უკვე შეუძლია ქვეყნის
პოლიტიკაზე გავლენის მოხდენა. ქვეყანაში პრაქტიკულად შექმნილია სამოქალაქო
საზოგადოება. მისი ეკონომიკური წინსვლისათვის ძირითადი ფაქტორი აღმოჩნდა სწორი
ეკონომიკური პოლიტიკა, ბიზნესისათვის შექმნილი ხელსაყრელი სამართლებრივი გარემო.
2011 წელს თავისი მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობით თურქეთი მე-16 ადგილზე იყო
მსოფლიოს ქვეყნებს შორის, ევროპაში მე-7, ხოლო აზიაში – მე-5 ადგილზე.
2002 წლიდან ქვეყანას სათავეში უდგას „სამართლიანობისა და განვითარების პარტია“. ის
„ზომიერად ისლამისტურია“ და ეყრდნობა ანატოლიის საშუალო კლასებს, რომლებისთვისაც
ისლამი მამა-პაპათა რელიგიაა; ისინი ქემალისტურ სეკულარიზაციას ადრეც ალმაცერად
უყურებდნენ, თუმცა არც ისლამურ ფუნდამენტალიზმს უჭერენ მხარს.
„ცივი ომის“ დამთავრებამ და უმთავრესი საფრთხის, საბჭოთა კავშირის, პოლიტიკური
რუკიდან გაქრობამ, თურქეთს უნიკალური შანსი მისცა, დაბრუნებოდა რეგიონული
ლიდერის როლს. 1992 წლიდან თურქეთმა დაიწყო თავისი სამომხმარებლო საქონლითა და
სურსათით სამხრეთ კავკასიის, ცენტრალური აზიის, რუსეთისა და უკრაინის ბაზრების
ათვისება. ამის შედეგად, მაგალითად, სწრაფად განვითარდა საქართველოს მიმდებარე, ადრე
პერიფერიული და ჩამორჩენილი, ახლა კი სატრანზიტო ზონად ქცეული აღმოსავლეთ
შავიზღვისპირეთი.
ბოლო პერიოდში ხდება თურქეთის მთელი საგარეო პოლიტიკის გადახალისება, რომლის
მიზანია თავისი საზღვრების პერიმეტრზე „მეგობრული სახელმწიფოების რკალის“ შექმნა.
თურქეთის საგარეო პოლიტიკის ლოზუნგად იქცა „ნულოვანი პრობლემები მეზობლებთან“.
მოხდა ურთიერთობათა ნორმალიზაცია. თურქეთი თანამედროვე სახელმწიფოდ და
საერთაშორისო თანამეგობრობის მნიშვნელოვან წევრად იქცა.

You might also like