You are on page 1of 2

ოსმალეთის იმპერია

ოსმალეთის იმპერია სათავეს იღებს შუა აზიაში მობინადრე მომთაბარე ტომთაგან,


რომელთაც „გიოქ თურქებად“, ანუ „ცის თურქებად“ უწოდებდნენ. ეს ტომები
დასავლეთისკენ საძოვრების ნაკლებობის გამო მომთაბარეობდნენ, რადგანაც მათი
ძირითადი სარჩო ცხვარი იყო. შუა საუკუნეებში სელჩუკთა დიდმა დაპყრობებმა
თურქული მოდგმის ხალხები მყარად დაამკვიდრა მცირე აზიაში, სადაც არაერთი
პატარ-პატარა სახელმწიფო შექმნეს, რომელთაც ერთმანეთთან გამუდმებული ქიშპი
ჰქონდათ. ამ სამთავროთაგან ერთ-ერთს ოსმანი ჩაუდგა სათავეში. სწორედ მისი
სახელიდან გამომდინარე ვუწოდებთ ოსმალეთის იმპერიას. ევროპაში მას ოტომანთა
იმპერიის სახელით მოიხსენიებენ, მის მთავრობას კი ბრწყინვალე პორტად. სწორედ
ოსმანი გახდა იმ ძლევამოსილი იმპერიის ფუძემდებელი, რომელმაც 1299-1923
წლებში იარსება. მისი სრული სახელია Devleti Aliyye Osmaniye (ოსმალეთის
ბრწყინვალე სახელმწიფო).
ოსმანის მოღვაწეობის პერიოდშივე ოსმალეთმა შეავიწროვა ბიზანტიის იმპერია.
ფაქტობრივად, ოსმალეთმა თავიდანვე ბიზანტიის იმპერიის განადგურება და
დაპყრობა დაისახა მიზნად. 1301 წელს ოსმალებმა პირველი გამარჯვება მოიპოვეს
ბიზანტიის არმიაზე.
1338 წელს ოსმალებმა უკვე მიაღწიეს ბოსფორის სრუტეს და მალე თვით
ბიზანტიელთა თხოვნით გადალახეს კიდეც. ამ დროს ბიზანტიაში მიმდინარეობდა
სამოქალაქო ომი და ბიზანტია ცდილობდა მოკავშირეთა მოძიებას. ასეთ პირობებში
თურქებმა ადვილად დაიკავეს გალიპოლის ნახევარკუნძული. აქედან კი დაიწყო
ოსმალების ევროპული დაპყრობების პერიოდი.
თავდაპირველად მზერა ოსმალებმა სამხრეთ ევროპას − ბალკანეთის
ნახევარკუნძულს მიაპყრეს. ოსმალთა იმპერიის შემდგომ გაფართოებაში დიდი
როლი შეასრულა კოსოვოს ბრძოლამ 1389 წელს, რომელშიც ოსმალებს
დაუპირისპირდნენ სერბი და ბოსნიელი მეფეები. ბრძოლაში დამარცხების შემდეგ
სერბები ოსმალების ვასალები გახდნენ. ამ დროს სულთანი იყო მურად I, რომელიც
ბრძოლის დასრულების შემდეგ, საკუთარ კარავში მოკლა სერბმა პატრიოტმა მილოშ
ობილიჩმა. ტახტი მურადის ვაჟმა, ბაიეზიდ I ილდირიმმა1 დაიკავა.
ოსმალეთის გაძლიერებას შიშით უყურებდნენ გენუა და ვენეცია, რადგან ისინი
ფიქრობდნენ, რომ საფრთხე დაემუქრებოდა მათ აღმოსავლურ სავაჭრო ცენტრებს.

1
ილდირიმი − ელვა

1
შიშობდნენ სხვა ევროპელი მეფე-მთავრებიც. ისინი ფიქრობდნენ, რომ ოსმალეთი
დასავლეთ ევროპაშიც დაიწყებდა ლაშქრობებს. ამის გამო, 1396 წელს მოეწყო
ლაშქრობა ოსმალეთის წინააღმდეგ. მასში მონაწილეობა მიიღეს უნგრელმა, ჩეხმა,
პოლონელმა, ფრანგმა და სხვა ევროპელმა რაინდებმა. თუმცა, ევროპელ ლიდერებს
შორის არსებულმა დაპირისპირებამ და გაუმართავმა სტრატეგიამ ეს კამპანია
მარცხით დაასრულა. ოსმალთა სულთანმა ბაიეზიდ I-მა ილდირიმმა ქალაქ
ნიკოპოლისთან (თანამედროვე ბულგარეთშია) სასტიკად დაამარცხა
მოწინააღმდეგეები.
ნიკოპოლისთან გამარჯვების შემდეგ ოსმალებმა, ფაქტობრივად, ალყაში მოაქციეს
კონსტანტინოპოლი, 1400 წელს ბაიეზიდ I-მა ალყა შემოატყა ქალაქს და
შტურმისათვის მოემზადა. ჩანდა, რომ ქალაქის დღეები დათვლილი იყო, მაგრამ ამ
დროს ოსმალებს აღმოსავლეთში ახალი მტერი გამოუჩნდათ. სწორედ მაშინ მცირე
აზიაში შეიჭრა თემურ-ლენგის არმია. ბაიეზიდი იძულებული გახდა, ალყა მოეხსნა
და თემურ-ლენგთან სამბრძოლველად მომზადებულიყო.
ბრძოლა თემურ-ლენგსა და ოსმალებს შორის გაიმართა 1402 წელს ანგორასთან
(იგივე ქალაქ ანკარასთან). ოსმალები ამ ბრძოლაში სასტიკად დამარცხდნენ,
ბაიეზიდი კი, ტყვედ ჩავარდა და მომდევნო წელს ტყვეობაში გარდაიცვალა.
ბაიეზიდის გარდაცვალებას ქვეყანაში შიდა არეულობა და ტახტისთვის ბრძოლა
მოჰყვა, რომელიც დიდხანს გაგრძელდა. საბოლოოდ, გამარჯვება მეჰმედ I-ს დარჩა.
მეჰმედმა თავისი მოღვაწეობა დანგრეული ქვეყნის აღდგენას მიუძღვნა. მან
ბიზანტიასთან მშვიდობიანი ურთიერთობა დაამყარა. მეჰმედის შვილმა, მურად II-მ
ისევ განაახლა ბიზანტიასთან ომი. მან 1422 წელს ალყა შემოარტყა
კონსტანტინოპოლს და მხოლოდ მაშინ მოხსნა, როცა ბიზანტიამ აღიარა
ოსმალეთთან ვასალური დამოკიდებულება. მურადის ვაჟი, მეჰმედ II, რომელსაც
მოგვიანებით „ფათიჰი“ ანუ დამპყრობელი უწოდეს, უაღრესად გამორჩეული
ფიგურაა ოსმალეთის ისტორიაში. სწორედ მან მოახერხა კონსტანტინოპოლის
დაპყრობა.
ოსმალეთის იმპერიამ 1923 წლამდე იარსება, როდესაც ამ იმპერიის ნანგრეებზე,
მუსტაფა ქემალის (ათა თურქის) წყალობით თურქეთის რესპუბლიკა ჩამოყალიბდა.

You might also like