You are on page 1of 3

სუდანი

ეგვიპტის გამგებლობა სუდანში. 1820 წელს მუჰამად ალის (1805-1848) არმიამ დაიწყო
სუდანის ტერიტორიის დაპყრობა. ეგვიპტის მმართველმა ეს საპასუხისმგებლო საქმე
დაავალა საკუთარ ვაჟს – ისმაილ ფაშას. ეგვიპტელებისთვის სუდანი წარმოადგენდა
უზარმაზარ ტერიტორიულ შენაძენს, მონების, ოქროს, სპილოს ძვლისა და სხვა
მნიშვნელოვანი რესურსების წყაროს. საწყის ეტაპზე ლაშქრობა წარმატებულად
წარიმართა, თანდათან ეგვიპტელები წინააღმდეგობას წააწყდნენ. ამბოხებულებმა
ისმაილ ფაშაც კი მოკლეს, რასაც სასტიკი რეპრესიები მოჰყვა. სახალხო გამოსვლების
ჩახშობის შემდეგ ეგვიპტელები იწყებენ სუდანის ათვისებას. 1839 წელს სუდანში
ჩავიდა თავად მუჰამმად ‘ალი, რასაც მოჰყვა სამი დიდი სამხედრო ექსპედიცია
სამხრეთ სუდანში. თუმცა, ევროპელები აქტიურად მონაწილეობდნენ ეგვიპტელების
მიერ ოკუპირებული ტერიტორიის ადმინისტრაციულ მოწყობაში. მათ ცოდნას და
გამოცდილებას იყენებდნენ მუჰამმად ‘ალის მემკვიდრეებიც, კერძოდ ისმა‘ილი,
რომელიც სულთანმა ოფიციალურად აღიარა ეგვიპტისა და სუდანის ხედივად. 1880
წლისთვის ეგვიპტელების ხელში აღმოჩნდა მთელი დღევანდელი სუდანი
ჩრდილოეთ სომალისა და ჩადის საზღვრებამდე. წითელი ზღვის სანაპირო
ნავსადგურები ასევე ეგვიპტის ხელში გადავიდა, თუმცა არა მუდმივი
მფლობელობით, არამედ სულთნისგან იჯარით აღებული ტერიტორიის სახით.
სუდანი გახდა ეგვიპტის ეკონომიკური დანამატი, საიდანაც გაჰყავდათ მონები,
ათასობით მსხვილფეხა საქონელი, გაჰქონდათ ხე-ტყის მასალა და ტროპიკული
აფრიკის სხვადასხვა სახის პროდუქტი. ნილოსი, რომელსაც განსაკუთრებული
საირიგაციო და სატრანსპორტო მნიშვნელობა ჰქონდა, ახლა მთლიანად ეგვიპტის
ხელში გადავიდა.
რეგიონში საკუთარი ინტერესები ჰქონდა ინგლისს. იგი სუდანს მომავალ კოლონიად
განიხილავდა და ყველანაირად ცდილობდა აქ დამკვიდრებას. ევროპელთა ფინანსურ
მარწუხებში მოქცეულმა ეგვიპტემ მეორე პლანზე გადაინაცვლა. 1877 წელს
ინგლისელი ჩარლზ გორდონი დაინიშნა სუდანის გენერალ-გუბერნატორად, ხოლო
გუბერნატორების პოსტები გაინაწილეს სხვა ევროპელებმა. ევროპელთა
მმართველობამ კიდევ უფრო გააუარესა სიტუაცია. 1877-1880 წლების მიმდინარე
აჯანყების ჩახშობა ინგლისელებმა დიდი გაჭირვებით შეძლეს.
მაჰდისტები. XIX საუკუნის მიწურულს თანამედროვე სუდანის ტერიტორიაზე
დაიწყო სახალხო აჯანყება, რომელიც მიმართული იყო ოსმალების, ეგვიპტელებისა
და ევროპელების მმართველობის წინააღმდეგ. ამბოხებას სათავეში ჩაუდგა მუსლიმი
მქადაგებელი მუჰამად აჰმადი, რომელმაც თავი „მაჰდიდ“, ანუ მესიად გამოაცხადა.
მაჰდისტური ალ-მაჰდიმ მუსლიმებს მოუწოდა ჯიჰადისკენ „ურწმუნო“ ევროპელთა
1
და „გარეგნულად მორწმუნე“ თურქთა წინააღმდეგ. მან განაცხადა, რომ საჭირო იყო
უცხოელთა მიერ შებღალული ისლამის სიწმინდის აღდგენა, გადასახადებისგან
გათავისუფლება და მუსლიმური ქვეყნის სათავეში მუსლიმების მოსვლა.
1883-1884 წლებში სუდანის ტერიტორიის უდიდესი ნაწილი მაჰდისტებმა დაიკავეს.
მათ კონტროლს მიღმა რჩებოდა მხოლოდ ხარტუმი და მდ. ნილოსის ვიწრო
სანაპირო ზოლი. მაჰდიმ ხარტუმის ალყა დაიწყო. 1885 წლის 23 იანვარს სუდანის
ადმინისტრაციული ცენტრი დაეცა, გენერალ-გუბერნატორი ჯორჯ გორდონი
შტურმის დროს დაიღუპა. ქალაქის აღების დროს და მომდევნო დღეებში
მაჰდისტებმა მოკლეს უამრავი ევროპელი, ეგვიპტელი და სუდანელი, რომლებიც
მათთვის მტერთან ასოცირდებოდა. 1885 წლის 21 აპრილს ინგლისის პარლამენტმა
გადაწყვიტა შეეჩერებინა სამხედო ოპერაცია სუდანში და დაეწყო ბრიტანული
ჯარების ევაკუაცია სუდანის ტერიტორიიდან.
1885 წელს, ფაქტობრივად, წარმოიქმნა მაჰდისტური თეოკრატიული ისლამური
სახელმწიფო. ქვეყნის ახალი მბრძანებლები ეგვიპტის ხედივისა და ოსმალეთის
სულტან-ხალიფას ძალაუფლებას აღარ აღიარებდნენ. დედაქალაქი გახდა
ომდურმანი, რომელსაც ხარტუმისგან მდინარე ნილოსი გამოყოფდა. ელვის
სისწრაფით წარმოქმნილი სახელმწიფოს ფუძემდებელი იყო მუჰამად ალ-
მაჰდი.მაჰდი სუდანელიც საკუთარი სახელმწიფოს დაარსებიდან ძალიან მალე
გარდაიცვალა. მის საპატივცემლოდ ომდურმანში ააგეს დიდებული საფლავი,
რომელიც სუდანელების საპილიგრიმო ადგილი გახდა. მაჰდისტური სახელმწიფოს
ხალიფას ტახტი დაიკავა ალ-მაჰდის უახლოესმა თანამებრძოლმა – აბდალაჰ იბნ
მუჰამადმა.
მაჰდისტთა სახელმწიფოს მოუხდა არსებობა იმ პერიოდში, როდესაც კოლონიების
გადანაწილების პროცესი გადამწყვეტ ფაზაში იყო შესული. აფრიკის კონტინენტზე
ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ევროპის უძლიერესი სახელმწიფოები. სუდანი
წარმოადგენდა სტრატეგიულად უმნიშვნელოვანეს ტერიტორიას, რომლითაც
დაინტერესდნენ ინგლისელები, ფრანგები, იტალიელები და ბელგიელები.
სუდანისთვის ბრძოლაში უპირატესობა ინგლისელებმა მოიპოვეს.
ბრიტანეთის ექსპანსია სუდანში და კონდომინიუმის რეჟიმის წარმოქმნა. XIX
საუკუნის 90-იან წლებში სუდანის გარშემო განვითარდა მოვლენები, რომელთაც
გადაწყვიტეს მაჰდისტების სახელმწიფოს ბედი. გააქტიურდა საფრანგეთი: 1896 წელს
მაიორ მარშანის მეთაურობით ფრანგებმა დაიკავეს ბაჰრ ალ-ღაზალი სამხრეთ
სუდანში და გაუმეზობლდნენ მაჰდისტებს. გარდა ამისა, ფრანგებმა გადაწყვიტეს
რკინიგზის გაყვანა ჯიბუთიდან ადის-აბებას მიმართულებით, რაც დიდი გეგმის
ნაწილი იყო და გულისხმობდა ცენტრალური აფრიკის გავლით ატლანტის ოკეანის

2
სანაპიროს დაკავშირებას ინდოეთის ოკეანესთან, რა თქმა უნდა, საფრანგეთის
კონტროლის დაწესებით. ასეთ ვითარებაში, ინგლისელებმა, რომლებმაც ამ
დროისთვის უკვე მტკიცედ მოიკიდეს ფეხი ეგვიპტეში, გადაწყვიტეს თავისი
ინტერესების დასაცავად სუდანში გაეგზავნათ ინგლის-ეგვიპტის სამხედრო
ექსპედიცია გენერალ კიტჩენერის სარდლობით. მაჰდისტების წინააღმდეგ გაემართა
არმია, რომელიც ითვლიდა 25 800 კაცს (მათგან 8600 ბრიტანელ ჯარისკაცს), მაშინ,
როცა მის მოწინააღმდეგეს ჰყავდა 60 ათასამდე მებრძოლი. ბრიტანელთა შორის იყო
მომავალი პრემიერ-მინისტრი უინსტონ ჩერჩილი.
1898 წლის 2 სექტემბერს ომდურმანთან მოხდა გადამწყვეტი ბრძოლა მაჰდისტებსა
და ეგვიპტის არმიას შორის. ცუდად შეიარაღებული სუდანელების წინააღმდეგ
ინგლისელებმა გამოიყენეს სამხედრო სიახლე – ტყვიამფრქვევი, რის შედეგადაც
მაჰდისტებმა ათასობით მებრძოლი დაკარგეს და სრული მარცხი განიცადეს.
მაჰდისტების ბანაკი კიტჩენერმა დაიკავა, ხოლო გადარჩენილმა ისლამისტებმა
ხალიფას მეთაურობით კორდოფანს შეაფარეს თავი. ბრიტანელი სარდლის
ბრძანებით მიწასთან გაასწორეს მუჰამმად ალ-მაჰდის მავზოლეუმი, რათა თავიდან
აეცილებინათ ფანატიკოსი მორწმუნეების პილიგრიმობა ქარიზმატული ბელადის
საფლავზე.
1898 წლის სექტემბერში ინგლის-ეგვიპტის არმია შევიდა სამხრეთ სუდანში და
აღმოჩნდა ფრანგებთან პირისპირ ფაშოდასთან, მაგრამ შეტაკებამდე საქმე არ მივიდა:
მაიორმა მარშანმა მიიღო უკან დახევის ბრძანება. კონფლიქტი დამთავრდა 1899
წელს, როცა ინგლისი და საფრანგეთი შეთანხმდნენ აფრიკის ამ რეგიონში სფეროების
განაწილების შესახებ. ამ შეთანხმებით, სუდანის დიდი ნაწილი ინგლისის გავლენის
სფეროდ გამოცხადდა. ბუნებრივია, ამის შემდეგ დადგა ინგლის-ეგვიპტის არმიის
მიერ დაკავებული ტერიტორიის ადმინისტრაციული მოწყობის საკითხი.

You might also like