You are on page 1of 3

ნაპოლეონ ბონაპარტის ლაშქრობა ეგვიპტეში

და მისი შედეგები

საფრანგეთმა, რომელმაც XVIII ს-ში დაკარგა თავისი კოლონიები ინდოეთსა და დასავლეთ


ნახევარსფეროში (მათ ინგლისი დაეუფლა), ცდილობდა აენაზღაურებინა დანაკარგები
აქტიური პოლიტიკით ხმელთაშუაზღვის აღმოსავლეთ ნაწილში. დირექტორიის მთავრობამ
გადაწყვიტა მოემზადებინა სამხედრო ექსპედიცია ინდოეთში - ინგლისის უმდიდრესი
სამფლობელოს დასაპყრობად. ვინაიდან ინდოეთისკენ გზა გადიოდა არაბულ ქვეყნებზე,
ამოცანად იქნა დასახული ეგვიპტის ხელში ჩაგდება. ნაპოლეონ ბონაპარტეს სამხედრო
ექსპედიცია ეგვიპტეში (1798-1801) იყო ცდა ამ პოლიტიკის სამხედრო ძალით
განხორციელებისა. ეგვიპტის დაპყრობას ხელი უნდა შეეწყო აღმოსავლეთთან ფრანგული
ვაჭრობისათვის და მიეცა ახალი ბაზრები ფრანგული საქონლისათვის. ნაპოლეონის დროსვე
იქნა შემუშავებული სუეცის არხის პროექტი, რომელიც ვერ განხორციელდა.
საგარეო საქმეთა მინისტრმა ტალეირანმა და ნაპოლეონმა დაარწმუნეს მმართველი
დირექტორია, რომ ეგვიპტის ხელში ჩაგდება აუცილებელი იყო რესპუბლიკის მთავარი
მეტოქის ინგლისის დასამარცხებლად. 1798 წლის 5 მარტს დირექტორიამ მიიღო
გადაწყვეტილება ეგვიპტეში სამხედრო ექსპედიციის დაწყების შესახებ და მთავარსარდლად
ნაპოლეონი დანიშნა. ახალგაზრდა, მაგრამ უკვე პოპულარული გენერალი პირადად ჩაუდგა
სათავეში არმიის აღჭურვას, თვალყურს ადევნებდა სურსათ-სანოვაგით მის მომარაგებას და
არჩევდა გამოცდილ ოფიცრებს, რომელთა საშუალო ასაკი არ აღემატებოდა 39 წელს. მათ
შორის ყველაზე ახალგაზრდა იყო თვითონ ნაპოლეონი (29 წლისა).
1798 წლის 19 მაისს ნაპოლეონის არმია გავიდა ტულონიდან. 30 ივნისს ესკადრა
ალექსანდრიის ნავსადგურში შევიდა, ხოლო 2 ივლისს ქალაქი მთლიანად ფრანგების ხელში
გადავიდა. ნაპოლეონი რამდენიმე დღე დარჩა ალექსანდრიაში, მის გუბერნატორად დანიშნა
გენერალი კლებერი და თავისი სამდინარო ფლოტის მხარდაჭერით ნილოსის სანაპიროს
გავლით კაიროსაკენ დაიძრა. 1798 წლის 21 ივლისს სოფელ იმბაბასთან მოხდა გადამწყვეტი
შეტაკება ფრანგებსა და მამლუქებს შორის, რომელიც ისტორიაში შევიდა, როგორც ,,ბრძოლა
პირამიდებთან.“ ნაპოლეონის ბურჟუაზიული არმიის უპირატესობა მამლუქთა
სახელგანთქმულ, მაგრამ შუა საუკუნეების ტრადიციებზე აგებულ მხედრობაზე ამ
ბრძოლაში ნათლად გამოჩნდა: მძიმე მარცხის შემდეგ მამლუქთა მეთაურები გაიქცნენ,
მურად ბეგი ზემო ეგვიპტეში, იბრაჰიმი კი სირიაში. მეორე დღეს ნაპოლეონი ეგვიპტის
დედაქალაქში შევიდა.
,,მანიფესტში,“ რომელიც ნაპოლეონის უშუალო მონაწილეობით იქნა შედგენილი, ნათქვამი
იყო, რომ ფრანგები სულთნისა და ისლამის მეგობრები იყვნენ და მიზნად ისახავდნენ
ეგვიპტელი ხალხის გათავისუფლებას ქართველი და კავკასიელი მონების რეჟიმისგან.
როგორც ჩანს, ფრანგების მთავარსარდალს ჰქონდა ინფორმაცია იმ ანტაგონიზმის შესახებ,
რომელიც არსებობდა ეგვიპტის მოსახლეობასა და მამლუქთა სამხედრო ოლიგარქიას შორის.

1
პირამიდებთან განცდილი მარცხის შემდეგაც მამლუქები კვლავ რჩებოდნენ სამხედრო
ძალად, რომელსაც შეეძლო საფრთხე შეექმნა საოკუპაციო რეჟიმისთვის.
საფრანგეთის საოკუპციო რეჟიმის დამყარებისთანავე გარკვეული ცვლილებები განიცადა
ქვეყნის ადმინისტრაციულმა სისტემამ: პროვინციების რაოდენობა იცვლებოდა 14-დან 18-
დე. ცალკეული პროვინციების სათავეში იდგნენ ფრანგი გენერალ-გუბერნატორები.
1798 წლის 1 აგვისტოს აბუკირთან ბრიტანეთის ესკადრამ ადმირალ ნელსონის
მეთაურობით გაანადგურა საფრანგეთის ფლოტი. ამას დაემთხვა ურთიერთობის გამწვავება
ოსმალეთთან, რასაც მოჰყვა სულთან სელიმ III-ის მიერ საფრანგეთისთვის ომის
გამოცხადება. თავისი ქვეყნისგან მოწყვეტილი ნაპოლეონი არმიის შესანახად იძულებული
გახდა გაეტარებინა მოსახლეობისთვის მძიმე ფისკალური პოლიტიკა, რაც ხშირად აშკარა
ძალადობის ხასიათს იღებდა. ასეთ პირობებში აქტუალური გახდა რელიგიური ფაქტორიც,
რადგანაც საოკუპაციო რაჟიმის ყოველგვარ უსამართლობას ან შეცდომას მოსახლეობა
,,ურწმუნო ოკუპანტების“ მიერ მოტანილ ბოროტებად აღიქვამდა. 1798 წლის ოქტომბერში
კაიროში დაიწყო დიდი მღელვარება, რომელიც გამოიწვია დივანის ახალმა დადგენილებამ
გადასახადებთან დაკავშირებით. მოსახლეობა, განსაკუთრებით ღარიბი ფენები, გამოვიდა
საოკუპაციო რეჟიმის წინააღმდეგ შეძახილებით ,,ალლაჰიმც მოუტანს გამარჯვებას ისლამს“!
აჯანყებულთა შორის აღმოჩნდნენ რელიგიის წარმომადგენლებიც, მაგრამ ,,ალ-აზჰარის“
შეიხების დიდი ნაწილი, არ შეუერთდა მათ.
1799 წლის ადრე გაზაფხულზე ფრანგების საექსპედიციო ძალების მნიშვნელოვანი ნაწილი
შეიჭრა სამხრეთ სირიაში და შემოეწყო აკას ციხე-სიმაგრეს. ორთვიანი წარუმატებელი ალყის
შემდეგ ფრანგები იძულებულნი გახდნენ ეგვიპტეში დაბრუნებულიყნენ. მალე ნაპოლეონმა
დატოვა ეგვიპტე და გაემგზავრა საფრანგეთს. არმიის ხელმძღვანელობა მან გადასცა გენერალ
კლებერს. ცალკეული წარმატებების მიუხედავად, ფრანგების მდგომარეობა ეგვიპტეში
უარესდებოდა. იზრდებოდა სახალხო აღშფოთება ფრანგთა წინააღმდეგ. 1799 წლის ივლისში
ოსმალეთის ჯარი აბუკირის ნახევარკუნძულს მიადგა, მაგრამ ნაპოლეონი 25 ივლისს თავს
დაესხა მას და სასტიკად დაამარცხა. 15 ათასი თურქი ჯარისკაცი ბრძოლის ველზე დაეცა. ამ
გამარჯვებას უნდა განემტკიცებინა ფრანგების პოზიცია ეგვიპტეში, მაგრამ ყველასთვის
მოულოდნელად იმავე წლის 23 აგვისტოს მთავარსარდალმა უმაღლესი უფლებამოსილებანი
გადასცა გენერალ ჟან-ბატისტ კლებერს. ნაპოლეონმა საიდუმლოდ დატოვა ეგვიპტე და
დაბრუნდა საფრანგეთში, სადაც მოსალოდნელი იყო მმართველი დირექტორიის დამხობა და
პოლიტიკური გართულებები. 1800 წლის იანვრის ალ-‘არიშის ხელშეკრულებით, რომელიც
დაიდო საფრანგეთისა და ოსმალეთის წარმომადგენლებს შორის, გადაწყდა ფრანგების
მშვიდობიანი ევაკუაცია ეგვიპტიდან, მაგრამ ინგლისელების პოზიციის გამო კლებერმა უარი
თქვა ეგვიპტიდან წასვლაზე, რამაც ახალი სამხედრო დაპირისპირების საფრთხე წარმოშვა.
კაიროს მეორე, 1800 წლის აჯანყება მჭიდროდ იყო დაკავშირებული ოსმალეთის
ბრძოლასთან ეგვიპტეში დაკარგული პოზიციების დაბრუნებისთვის. ამ დროს, არსებითი
ცვლილებები მოხდა საფრანგეთის ოფიციალურ პოლიტიკაში: თუ მანამდე, ნაპოლეონი
ფორმალურად მაინც აღიარებდა სულთან-ხალიფას ავტორიტეტს, ახლა სირიის ექსპედიციის
შემდეგ საფრანგეთის პროპაგანდამ ეგვიპტეში ანტიოსმალური ხასიათი მიიღო. პირველი

2
აჯანყებისგან განსხვავებით, რომელიც უფრო სტიქიურ ხასიათს ატარებდა, მეორე აჯანყება
ოსმალებისა და მამლუქების გამოკვეთილ ინტერესებს ემსახურებოდა, თუმცა ფრანგების
განდევნაში მოსახლეობაც ასევე იყო დაიტერესებული. საერთო მიზანმა გააერთიანა
ოსმალები, მამლუქები და კაიროს მოსახლეობის დიდი ნაწილი, მაგრამ საოკუპაციო რეჟიმის
პასუხი ისეთივე მკაცრი იყო, როგორც 1798 წელს. 1800 წლის 15-დან 20 აპრილამდე კლებერმა
შეძლო ჩაეხშო აჯანყება და აიძულა მამლუქები და თურქები ქალაქი დაეტოვებინათ.
ფრანგებმა აღადგინეს წესრიგი და სასჯელის სახით კაიროელებს დიდი კონტრიბუცია
შეაწერეს.
1800 წლის 14 ივნისს ოსმალების მიერ სირიიდან შემოგზავნილმა ვინმე სულაიმან ჰალაბიმ
მოკლა გენერალი კლებერი. მკვლელი და მასთან დაკავშირებული რამდენიმე პირი
სიკვდილით დასაჯეს, ხოლო საოკუპაციო რეჟიმს სათავეში ჩაუდგა გენერალი ჟაკ მენუ,
რომელმაც მანამდე მოსახლეობის გულის მოსაგებად ისლამი მიიღო და ცნობილი გახდა ‘აბდ
ალლაჰის სახელით, მაგრამ საფრანგეთის რეჟიმის შესანარჩუნებლად კიდევ უფრო მკაცრი
ზომების მიღების მომხრე იყო. მას შემდეგ, რაც 1801 წლის ზაფხულში ჩრდილოეთიდან
ინგლისელები გამოჩნდნენ, ხოლო აღმოსავლეთიდან ოსმალთა ჯარი დაიძრა, ფრანგების
მდგომარეობა ეგვიპტეში ფაქტობრივად უიმედო გახდა. იმავე წლის ივლისში
ინგლისელების მოთხოვნით ჯერ კაიროდან, შემდეგ კი ალექსანდრიიდან დაიწყო
საფრანგეთის გარნიზონების ევაკუაცია, ხოლო სექტემბერში არმიის დარჩენილი ნაწილიც
გემებით სამშობლოში დაბრუნდა.
ამგვარად, ნაპოლეონ ბონაპარტის სამხედრო ექსპედიცია ეგვიპტეში, რაც შეიძლება
შეფასდეს, როგორც ევროპის პირველი სახელმწიფოს ცდა კოლონიური რეჟიმი დაემყარებინა
ამ არაბულ ქვეყანაში, მარცხით დამთავრდა. საფრანგეთმა დაკარგა არა მარტო ეგვიპტე,
არამედ კ. მალტა, იონიის კუნძულები, და ბოლოს, 1801 წლის 9 ოქტომბერს იძულებული
გახდა ზავი დაედო ოსმალეთთან.
შედეგები: საფრანგეთის ხანმოკლე საოკუპაციო რეჟიმის დროს ეგვიპტე გაეცნო ახალი
ევროპის ზოგიერთ ისეთ მიღწევას, რომელიც უფრო გვიან ამ არაბულ ქვეყანაშიც დაინერგა.
ალექსანდრიაში შესვლის შემდეგ საფლაგმანო გემიდან ფრანგებმა ქალაქში გადაიტანეს
საბეჭდი მოწყობილობა და იქვე გამართეს ტიპოგრაფია. უფრო გვიან ნაპოლეონის
მითითებით ასეთივე სტამბა გაიხსნა კაიროში არმიის შტაბთან. უკვე 1798 წლის 29 ივლისს
გამოვიდა სამხედრო ხელისუფლე-ბის გაზეთი ,,კურიე დ’ეჟიპტ“. სულ დაიბეჭდა გაზეთის
116 ნომერი. ქვეყნის ყოველმხრივი შესწავლის მიზნით 1798 წლის 23 აგვისტოს შეიქმნა ე.წ.
,,ეგვიპტის ინსტიტუტი“. ეგვიპტეში მყოფმა ფრანგმა მეცნიერებმა თავი მოუყარეს მდიდარ
მასალას აფრიკის ამ არაბული ქვეყნის შესახებ. ეს მასალა საფუძვლად დაედო დიდ
სამეცნიერო ნაშრომს — ,,ეგვიპტის აღწერას“, რომელიც გამოქვეყნდა 1809-1828 წლებში.
სწორედ ნაპოლეონის სამხედრო ექსპედიციის შემდეგ ცნობილი ,,როზეტის ქვის“ წარწერის
გაშიფვრით ცნობილმა ფრანგმა მეცნიერმა ჟან ფრანსუა შამპოლიონმა საფუძველი ჩაუყარა
ეგვიპტოლოგიას. რა თქმა უნდა, ომი, უბედური შემთხვევები და ეპიდემია გვერდს არ
აუვლიდნენ მშვიდობიან ფრანგებსაც: ნაპოლეონის ექსპედიციაში მონაწილე 167
მეცნიერიდან ეგვიპტეში დაიღუპა.

You might also like