You are on page 1of 4

ეგვიპტე მუჰამად ალის ალის მემკვიდრეების დროს.

სუეცის არხის გახსნა

აბას ფაშა (1849-1854). აბას ფაშა იყო მუჰამად ალის შვილიშვილი, რომელმაც
მმართველობა მიიღო ჯერ კიდევ 1848 წლის დეკემბერში, მუჰამად ალის
სიცოცხლეში. ის იყო რეაქციონერი და შეეცადა გაენადგურებინა რეფორმების
ძირითადი შედეგები. მან მოსპო მუჰამად ალის მიერ დაარსებული მანუფაქტურები,
შეწყვიტა დიდი ნილოსის კაშხლის მშენებლობა და რაც აშენებული იყო, დაანგრია.
დახურა სკოლები, შეამცირა არმია, რომელიც გადააქცია პირად გვარდიად და
ძირითადად დაკომპლექტებული იყო უცხო ძალით _ ალბანელებით და
მამლუქებით. მის სოციალურ დასაყრდენს წარმოადგენდნენ მსხვილი ფეოდალები _
ალბანელები, ჩერქეზები, თურქი ფაშები, რომლებმაც მუჰამად ალის დროს შეიძინეს
დიდი ოდენობით მიწის ნაკვეთები. აბასი გულუხვად აჯილდოვებდა მათ ახალი
მიწის ნაკვეთებით. თვითონ აბასი იყო პირველი მემამულე, რომელიც ძარცვავდა
ფელაჰებს. მუჰამად ალი და იბრაჰიმი ოცნებობდნენ ეგვიპტის სრულ
დამოუკიდებლობაზე, მაგრამ ეს ოცნება უცხო იყო აბასისათვის. პირიქით, ის
ყოველთვის ხაზს უსვამდა თავის ვასალურ დამოკიდებულებას თურქეთის
სულტნისადმი. ის გმობდა დასავლურ კულტურას და სძულდა ევროპელები, რაც არ
უშლიდა მას ხელს დამორჩილებოდა ინგლისის დირექტივებს.
1851 წელს მან მისცა ინგლისელებს კონცესია სარკინიგზო ხაზის
მშენებლობისათვის ალექსანდრიიდან კაიროში და სუეცში. ამ გზას
პირველხარისხოვანი სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა. ის აერთებდა ინგლისს
ინდოეთთან. ეგვიპტის ორი უმნიშვნელოვანესი პორტი იყო ალექსანდრია და სუეცი.
მათ შორის იყო საქარავნო მიმოსვლა. რკინიგზის ხაზი _ ალექსანდრია-კაირო-სუეცი
აშენდა 1853-1857 წლებში. ეს იყო უმოკლესი გზა ინდოეთისაკენ, რომელსაც
აქტიურად იყენებდა ინგლისი.
ფრანგი კაპიტალისტები, რომლებსაც გადამწყვეტი ხმა ჰქონდათ მუჰამად ალის
და იბრაჰიმის დროს, ახლა უკანა პლანზე აღმოჩნდნენ. ინგლისის გეგმას სარკინიგზო
ხაზის შესახებ, მათ დაუპირისპირეს არხის პროექტი, რომელიც შეაერთებდა
ხმელთაშუა ზღვას და წითელ ზღვას.
ჯერ კიდევ XIX საუკუნის დასაწყისში, ნაპოლეონმა დაავალა ერთ-ერთ თავის
ინჟინერს _ ლეპერს _ შეემუშავებინა არხის პროექტი. მან შეცდომა დაუშვა ამ
ადგილების გამოკვლევისას და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ არხის გათხრა
ტექნიკურად შეუძლებელია. ეს შეცდომა მალე გაირკვა, მაგრამ მუჰამად ალი იცავდა
ეგვიპტის დამოუკიდებლობის ინტერესებს. ინგლისიც წინააღმდეგი იყო არხის
მშენებლობის იქამდე, ვიდრე ეგვიპტეში ჭარბობდა ფრანგული გავლენა.
XIX ს-ის 50-იან წლებში ფრანგმა კაპიტალისტებმა კვლავ წამოწიეს სუეცის
არხის პროექტი. მისი შეურიგებელი დამცველი გახდა ფრანგი დიპლომატი
ფერდინანდ ლესეპსი. პროექტის წინააღმდეგი იყო აბას ფაშა და ინგლისიც. აბასი
ხელს უშლიდა არა მარტო არხის გახსნას, არამედ ეგვიპტის ეკონომიკურ
განვითარებას. საფრანგეთის ინტერესები მოითხოვდა აბას ფაშას ჩამოცილებას. 1854
წლის ივლისში აბასი მოკლეს თავისმა მცველებმა. ვინ იდგა მკვლელების უკან,
არავინ იცის. თუმცა ამით, უპირველეს ყოვლისა, მოიგო საფრანგეთმა.
1854 წლის 14 ივლისს ეგვიპტის მმართველი გახდა _ მუჰამად ალის უმცროსი
შვილი _ საიდ ფაშა (1854-1863) _ ლიბერალი, დასავლური ორიენტაციის, ფერდინანდ
დე ლესეპსის უახლოესი მეგობარი. როგორც კი გახდა მმართველი, 1854 წლის 30
ნოემბერს მან მისცა ლესეპსს კონცესია სუეცის არხის მშენებლობაზე. ამან გააძლიერა
ქვეყნის დამოკიდებულება ევროპის სახელმწიფოებზე და დააჩქარა მისი გადაქცევა
კოლონიად. 1855 წელს ლესეპსმა ჩაატარა დამატებითი კვლევა და 1856 წელს მიაღწია
ახალ ფირმანს, რომელიც აზუსტებდა კონცესიის პირობებს. ეგვიპტის მთავრობა
უსასყიდლოდ აძლევდა სუეცის არხის კომპანიებს საჭირო მიწის ფართობებს,
აძლევდა მათ თავის ქვის სამტვრევებს. ვალდებულებას იღებდა უდაბნოზე გაეყვანა
მტკნარი წყლის არხი ნილოსიდან, რათა მოემარაგებინა სამშენებლო ზონა სასმელი
წყლით, ათავისუფლებდა კომპანიას ბაჟის გადახდისაგან და რაც მთავარია უფასოდ
უნდა მიეცა მუშები საერთო რაოდენობის 4/5. კონცესიის ვადა განისაზღვრა 99 წლით
გახსნიდან. სააქციო კაპიტალი _ 200 მლნ ფრანკი.
სუეცის არხის მშენებლობა დაიწყო 1859 წელს. საიდ ფაშამ შეასრულა თავისი
ვალდებულებები. მან ათასობით ფელაჰი მოიყვანა სამუშაოებზე. ისინი მთელი დღე
მუშაობდნენ ანაზღაურების გარეშე. მშენებლობაზე დაიღუპა დაახლ. 20 ათასი,
რომელთაც ვერ გაუძლეს კატორღულ სამუშაოებს. ამან ფელაჰებს გაუღვივა ზიზღი
უცხოელების მიმართ და ეგვიპტეში დაიწყო საპროტესო ტალღა. ამით უპირველეს
ყოვლისა, ისარგებლა ინგლისმა, რომელმაც დაიწყო ბრძოლა არხის მშენებლობის
წინააღმდეგ. ინგლისის ზეწოლით, პორტამ განაცხადა, რომ ეგვიპტის ფაშას უფლება
არ ჰქონდა გაეცა კონცესია და მოითხოვა მისი ანულირება. მაგრამ საიდ ფაშა
გარდაიცვალა 1863 წლის 18 იანვარს და მისი მემკვიდრე გახდა ისმაილ-ფაშა (1863-
1879). მან საიდის მსგავსად, განათლება საფრანგეთში მიიღო, მას სურდა გაეხადა
ეგვიპტე ევროპის ნაწილი და გააგრძელა რეფორმები. ის არ გამოვიდა არხის
მშენებლობის წინააღმდეგ, მაგრამ თვლიდა, რომ ლესეპსის პრივილეგიები
მეტისმეტი იყო და დამამძიმებელი ეგვიპტისათვის.
1863 წლის 30 იანვარს ისმაილ-ფაშამ გამოსცა ფირმანი, რითაც აკრძალა
იძულებითი სამუშაოები სუეცის არხის მშენებლობაზე. მას მხარი დაუჭირა პორტამ,
რომლის ზურგს უკან ინგლისი იდგა, პორტამ ორი ნოტა გაუგზავნა საფრანგეთს,
წინააღმდეგ შემთხვევაში სამუშაოების შეწყვეტით ემუქრებოდა. ლესეპსმა
გააპროტესტა ეს. კონცესიის ახალი პირობებით, ისმაილს უნდა გაეყვანა სასმელი
წყლის არხი მშენებლობისათვის და ეს არხი გადადიოდა ეგვიპტის საკუთრებაში.
ამისათვის 14 მლნ ფრანკი გადაუხადა. ისმაილ-ფაშამ სესხები მიიღო კაბალური
პირობებით. ეგვიპტე ვალებში აღმოჩნდა, საიდანაც თავის დაღწევა ვეღარ შეძლო.
1869 წლის 17 ნოემბერს შედგა სუეცის არხის საზეიმო გახსნა. ასობით პოლიტიკური
მოღვაწე ჩამოვიდა. ისმაილის დაკვეთით, კომპოზიტორმა ვერდიმ, სპეციალურად
არხის გახსნისათვის დაწერა ოპერა „აიდა“. სტუმრებისათვის აშენდა მდიდრული
სასახლეები და იახტები. ზეიმი რამდენიმე კვირას გაგრძელდა ეგვიპტის ხაზინის
ხარჯზე. ეგვიპტეს სუეცის არხის მშენებლობა აქციების და დანახარჯების ჩათვლით,
დაუჯდა 400 მლნ ფრანკი. 6 წლის შემდეგ, ეგვიპტის მთავრობამ გაყიდა კუთვნილი
აქციები 100 მლნ ფრანკად, დანაკარგმა შეადგინა 300 მლნ ფრანკი, ცოცხალი ძალის
და პოლიტიკური დანაკარგის გარდა.
ეგვიპტის ეკონომიკური განვითარება XIXს-ის შუა წლებში. XIX ს-ის 50-იან და
განსაკუთრებით 60-იან წლებში, ეგვიპტეს ჰქონდა ეკონომიკური აღმავლობის
პერიოდი. ის, უპირველეს ყოვლისა, გამოწვეული იყო ეგვიპტის ბამბაზე
მოთხოვნილების ზრდით. ამ პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა ბამბის ნათესი
ფართობები. ამას ხელი შეუწყო ახალმა საირიგაციო არხებმა. ბამბის ძირითადი
ნაწილი გაჰქონდათ საზღვარგარეთ. ისმაილ ფაშამ დაიწყო შაქრის ჭარხლის
მოშენება. 1843-1872 წლებში ეგვიპტის საგარეო ვაჭრობის მოცულობა გაიზარდა 5-
2
ჯერ. 1872 წლიდან ალექსანდრია გახდა ერთ-ერთი მსხვილი მსოფლიო პორტი.
ეგვიპტეს ჰყავდა თავისი სავაჭრო ფლოტი. გემების ძირითადი ნაწილი ეკუთვნოდა
ისმაილ ფაშას. ამასთანავე, ეგვიპტის ფლოტი იყო ტექნიკურად სრულყოფილი. ამავე
პერიოდში ეგვიპტეში გაიხსნა სარკინიგზო ხაზები, რომლებიც სახელმწიფოს
საკუთრებაში იყო. სარკინიგზო ხაზებით ეგვიპტემ გაასწრო მოწინავე
კაპიტალისტურ ქვეყნებს. ქვეყანაში იყო კავშირის თანამედროვე საშუალებები.
მნიშვნელოვნად გაიზარდა სატელეგრაფო ხაზების სიგრძე. დაიწყო ქალაქების
მშენებლობა. კაიროში იყო 350 ათასი მცხოვრები. კაიროში გაიყვანეს წყალკანალი,
კანალიზაცია, გაზი.
ეგვიპტეში მნიშვნელოვნად გაიზარდა მრეწველობა. ეგვიპტეში დაარსდა
აგრეთვე კერძო სამრეწველო საწარმოები, მათ შორის ტექსტილის ფაბრიკები,
სარემონტო სახელოსნოები, ტყავის, ზეთსახდელი, ბამბისსაწმენდი,
ხისგადამამუშავებელი ქარხნები, წისქვილები. თუმცა ეგვიპტის საწარმოების
ტექნიკური დონე ევროპულზე დაბალი იყო. ეს ნაწარმი ადგილობრივი
ვაჭრობისათვის იყო განკუთვნილი. მას მსოფლიო ბაზარზე გაჰქონდა უფრო და
უფრო მეტი ბამბა და შემოჰქონდა სამრეწველო საქონელი. საგარეო ვაჭრობის
ზრდასთან ერთად იზრდებოდა ეგვიპტის ეკონომიკური დამოკიდებულება ევროპის
ქვეყნებზე. 1840 წელს ეგვიპტეში იყო 6150 ევროპელი, 1871 წელს _ 80 ათასი, მათ
შორის 34 ათასი ბერძენი, რომლებიც ძირითადად მევახშეობით იყვნენ დაკავებული.
საიდ ფაშას და ისმაილ ფაშას რეფორმები. მათ გაატარეს სოციალ-ეკონომიკური
და პოლიტიკური რეფორმები. საიდ ფაშას დროს ეგვიპტეში აიკრძალა მონობა და
მონათვაჭრობა. მონების შემოყვანა აიკრძალა, ხოლო ეგვიპტის ტერიტორიაზე მყოფი
მონები გაანთავისუფლეს. 1858 წელს გამოსცეს მიწის კანონი, რომელიც აძლევდა
გლეხებს თავისუფალი ვაჭრობის უფლებას, მემკვიდრეობით გადაეცათ თავიანთი
მიწები. გატარდა საგადასახადო რეფორმაც. გადასახადების აკრეფა ახლა სოფლის
შაიხების ნაცვლად გადაეცა სპეციალურ მოხელეებს. საიდმა შემოიღო სრული
თავისუფალი ვაჭრობა. 1856 წელს საიდ ფაშამ მიიღო პორტასაგან თანხმობა
ეგვიპტის არმიის გაზრდაზე _ 18 ათასიდან 30 ათასამდე. მუჰამად ალის მსგავსად,
მან გადაწყვიტა არმიისათვის ეროვნული ხასიათი და დაიწყო მისი შევსება
ფელაჰების ხარჯზე. პირველად ეგვიპტის ისტორიაში ეგვიპტელებს შეეძლოთ
გამხდარიყვნენ ოფიცრები. შეეძლოთ მიეღოთ სამხედრო განათლება.
საიდი და ისმაილი ცდილობდნენ მიეღწიათ ეგვიპტის
დამოუკიდებლობისათვის პორტასაგან. ფაქტობრივად ეგვიპტე უკვე სარგებლობდა
სრული შიდა ავტონომიით და გარკვეული შეზღუდვების მიუხედავად, ატარებდა
დამოუკიდებელ საგარეო პოლიტიკას. მას ჰქონდა საკუთარი არმია, მთავრობა და
კანონები. თურქული კანონმდებლობა არ გავრცელდა ეგვიპტეზე. საიდი და ისმაილი
ცდილობდნენ იურიდიულად განემტკიცებინათ ეს მდგომარეობა. 1867 წელს
ისმაილმა მიიღო მემკვიდრეობითი ტიტული _ ხედივი. ეს სიტყვა სპარსულად
ნიშნავს „მბრძანებელს“. ეს ფირმანი ეგვიპტის ფაშას აძლევდა უფლებას დაედო
უცხოურ სახელმწიფოებთან სავაჭრო და სხვა სახის შეთანხმებები, რომლებსაც არ
ჰქონდა პოლიტიკური ხასიათი. 1866 წელს დასავლეთის კონსტიტუციური
სახელმწიფოების მსგავსად, ისმაილმა დააარსა პარლამენტის მსგავსი დაწესებულება
_ წარმომადგენლობითი პალატა, რომელიც ლიტერატურაში უფრო ცნობილი გახდა
როგორც ნოტაბლების პალატა. ის შედგებოდა 75 დეპუტატისაგან, რომლებიც
აირჩეოდა სამი წლის ვადით სოფლის შაიხების მიერ და კაიროს, ალექსანდრიის და
დამიეტას ნოტაბლების მიერ. მას ჰქონდა სათათბირო ფუნქციები და განიხილავდა
3
სახელმწიფო ბიუჯეტს. ის არ თამაშობდა არანაირ როლს ქვეყნის მართვაში. 1873
წელს ხედივ ისმაილმა მიაღწია სულტნისაგან ფირმანის გამოქვეყნებას ეგვიპტის
ფინანსური ავტონომიის შესახებ. ეგვიპტემ მიიღო უფლება პორტას ნებართვის
გარეშე აეღო სესხი.
ისმაილმა გაატარა სასამართლო რეფორმაც. მან შეექმნა შერეული
სასამართლოები, რომლებიც შედგებოდა უცხოური და ეგვიპტური
სასამართლოებისაგან. რეფორმის მომზადებას რამდენიმე წელი დასჭირდა. ბოლოს,
1876 წლის 1 თებერვალს ამ სასამართლოების მოქმედება დაიწყო. ისინი
განიხილავდნენ სამოქალაქო კონფლიქტებს ევროპელებსა და ეგვიპტელებს შორის,
სხვადასხვა ეროვნების ევროპელებს შორის და ასევე სისხლის სამართლის საქმეებს,
რომლებიც ეხებოდა ევროპელებს. შერეულმა სასამართლოებმა ვერ შეზღუდა
უცხოელთა პრივილეგიები, არამედ გახდა მათი ბატონობის დამატებითი იარაღი.
საიდმა და ისმაილმა გააგრძელეს კულტურული რეფორმებიც, რომლებიც
დაიწყო მუჰამად ალიმ. საიდის დროს ეგვიპტის ერთადერთი ოფიციალური ენა
გახდა არაბული ენა. განვითარდა სახალხო განათლება, რომელსაც დიდი ყურადღება
ეთმობოდა. აღდგა ძველი სკოლები, რომლებიც დაიხურა აბასის დროს. გაიხსნა
ახლებიც. გაიზარდა საშუალო სკოლების და სპეციალური სასწავლო
დაწესებულებების რიცხვი. დაარსდა ეგვიპტის ეროვნული ბიბლიოთეკა, მუზეუმები,
სამეცნიერო საზოგადოებები, კაიროს ოპერა. გაიზარდა ინტერესი არაბული
ლიტერატურისა და ისტორიისადმი. გაჩნდა თარგმანები და ორიგინალური
ნაწარმოებები ეგვიპტელი პოეტების, მწერლების, დრამატურგების. 1865-1875 წლებში
დაიწყო გამოსვლა მრავალმა არაბულმა და ფრანგულმა გაზეთმა და ჟურნალმა.
ისმაილი იყო ენერგიული, განათლებული მოღვაწე, თავისი ქვეყნის
კაპიტალისტური განვითარების პიონერი. კულტურული თვალსაზრისით ის
ევროპელ დიპლომატებსა და ვაჭრებზე მაღლა იდგა. თუმცა, ისმაილის დროს 94 მლნ
ვალი ჰქონდა ეგვიპტეს. ეგვიპტის აქციები სუეცის არხზე იყიდა ინგლისმა. მეორე
შეცდომა დაუშვა ისმაილმა, როცა ფინანსური კრიზისის დასაძლევად მიმართა
ევროპულ სახელმწიფოებს. 1876 წელს შეიქმნა ეგვიპტის დასახმარებლად
საერთაშორისო ორგანო _ ხედივის ვალის სალარო. მასში შევიდნენ ეგვიპტის
კრედიტორი-ქვეყნების წარმომადგენლები, ინგლისი, საფრანგეთი, იტალია, ავსტრო-
უნგრეთი. ინგლის-საფრანგეთის წინააღმდეგობამ გამოიწვია ამ ორგანოს დაშლა. და
მის ნაცვლად 1876 წლის ნოემბერში დაარსდა ორმაგი კონტროლის ორგანო.
სახელმწიფო გასავლებსა და შემოსავლებზე კონტროლისათვის დაინიშნა ორი
კონტროლიორი _ ინგლისელი და ფრანგი. მათ და ხედივ ისმაილს შორის
კონფლიქტი წარმოიშვა. ეს დავა გადაჭრა საერთაშორისო კომისიამ. ხედივ ისმაილი
ჩამოაშორეს ეგვიპტის მმართველობას. 1878 წლის 28 აგვისტოს მან ქვეყნის
მმართველობა გადასცა ხელახლა ჩამოყალიბებულ მინისტრთა საერთაშორისო
კაბინეტს, რომელმაც ეგვიპტეში მიიღო ევროპული კაბინეტის სახელწოდება.
მთავრობის სათავეში პრემიერ-მინისტრის სახით იდგა ეგვიპტის ყოფილი საგარეო
საქმეთა მინისტრი _ ლონდონში ემიგრირებული, სომეხი –კათოლიკე ნუბარ ფაშა. მან
არ იცოდა არაბული ენა, სძულდა ხედივი და მოითხოვდა ეგვიპტეზე ინგლისის
პროტექტორატის დაუყოვნებლივ დამყარებას. ევროპელებმა დაიკავეს მინისტრთა
კაბინეტში მთავარი პოსტები.

You might also like