Professional Documents
Culture Documents
დისკუსია
დისკუსიის დროს რაიმე საკითხზე ან წინასწარ შეთანხმებულ თემაზე სხვადასხვა მხარეები
მსჯელობენ საკუთარი არგუმენტების მოშველიებით. აზრთა ასეთი გაცვლა–გამოცვლით
თითოეული ცდილობს, რაც შეიძლება დამაჯერებლად და უტყუარად დაასაბუთოს
მოსაზრება და დაარწმუნოს მოკამათე საკუთარ სისწორეში.
დისკუსიებში მოსწავლეებს მოეთხოვებათ:
არგუმენტირებული მსჯელობა;
გადაწყვეტილების მიღება;
დისპუტი
დისპუტი კამათის ისეთი სახეობაა, რომლის დროსაც ერთი მხარე ეპაექრება მეორეს და
ცდილობს თავს მოახვიოს თავისი შეხედულება, ხაზი გაუსვას საკუთარი პოზიციის
უპირატესობას, სისწორესა და უტყუარობას. დისპუტები ხშირად იმართებოდა
შუასაუკუნეებში ევროპულ სქოლასტიკურ წრეებში. სახალისო და სასარგებლო იქნება
საგაკვეთილო პროცესს შუა საუკუნეების დისპუტის სახეც მივცეთ( მით უფრო მაშინ, თუ ამ
ეპოქის თემატიკაა განსახილველი. როლურ თამაშებს ყოველთვის დიდი ხალისით
ასრულებენ მოსწავლეები…)
დებატი
დებატი მოსაზრებათა ურთიერთგაცვლის ისეთი ფორმაა, რომლის დროსაც ორი მხარე
მაყურებლებისა და მსმენელების თანდასწრებით გამოთქვამს საკუთარ მოსაზრებებს და
აგებს მსჯელობას. დებატების მონაწილე მხარეები ერთმანეთთან კონტრარგუმენტაციას
იმიტომ არ მიმართავენ, რომ ერთმანეთი გადაარწმუნონ, მათი მთავარი მიზანი ყოველთვის
მესამე მხარის ( მაყურებლების, მსმენელების, აუდიტორიის) დარწმუნებაა საკუთარ
სიმართლეში. დებატების გამოყენება კარგია ერთი და იმავე მოვლენის შესახებ
დიამეტრულად განსხვავებული თვალსაზრისის მქონე სხვადასხვა წყაროს დამუშავების
პროცესში.
პოლემიკა
პოლემიკა განიმარტება, როგორც კამათი რაიმე მეცნიერული, ლიტერატურული თუ
პოლიტიკური საკითხების განხილვისასა; სიტყვიერი ან წერილობითი პაექრობა, რომლის
პროვოცირებასაც გარკვეული შეხედულება, გაცხადებული პოზიცია უწყობს ხელს. პოლემიკა
კარგი საშუალებაა როგორც ზეპირი, ასევე წერილობითი უნარების გასაუმჯობესებლად.
პოლემიკას შესაძლოა მივცეთ დროში გახანგრძლივებული „ლიტერატურული პაექრობის“
ფორმა. დასმულ საკითხზე მოსწავლეს შეუძლია წერილობით გადმოსცეს საკუთარი
თვალსაზრისი, იმსჯელოს კონკრეტულ საკითხზე სათანადო არგუმენტების
მოხმობით. სურვილისამებრ ნაშრომს გამოეხმაურება სხვა მოსწავლე, რომელიც
კრიტიკულად განიხილავს მოსაზრებებს, არგუმენტებს და შეუპირისპირებს მათ საკუთარ
პოზიციასა და არგუმენტებს.
მსვლელობა
გაკვეთილს შესაძლოა მივანიჭოთ შემაჯამებელი გაკვეთილის ფორმა. სასურველია,
მოსწავლეებს უკვე ჰქონდეთ დამუშავებული რაიმე სადავო საკითხი. შესწავლილი
მასალიდან მასწავლებელი გამოყოფს დებულებას, რომლის ირგვლივაც აზრთა
სხვადასხვაობაა. ის აცნობს მოსწავლეებს აქტივობას და მოიპატიჟებს 4 მოხალისეს დაფასთან.
ამათგან ორი მოცემულ დებულებას უნდა ეთანხმებოდეს ( ადასტურებდეს), ორი კი
წინააღმდეგი უნდა იყოს ( ამ ჯგუფს პირობითად „კონტრჯგუფი ვუწოდოთ). გამოსული
მოსწავლეები განლაგდებიან დაფის მარჯვნივ და მარცხნივ სკამებზე და თანმიმდევრობით
იწყებენ საკუთარი პოზიციის გაცხადებას და დასაბუთებას. მნიშვნელოვანია რიგის დაცვა და
ერთმანეთის მოსმენა.
მასწავლებლის როლი
აქტივობის მსვლელობისას მასწავლებელი მხოლოდ აკონტროლებს მონაწილეთა მიერ
დისკუსიის წესების დაცვას და ინიშნავს მათ პასუხებს, რომ მოგვიანებით შეაჯამოს პროცესი.