You are on page 1of 3

პოლიკარპე კაკაბაძეს შესწევს ძალა, ერთი კონკრეტული აიყვანოს ზოგად ხარისხში

და მოგვცეს არამარტო განსაზღვრული ტიპი, არამედ ამის საშუალებით იქადაგოს


განზოგადებული იდეაც. განვიხილოთ ყვარყვარე თუთაბერის პიროვნება (თუმცა
რთულია, მას პიროვნება უწოდო), რომელიც შემთხვევითი გარემოებების გამო
საზოგადოების ზედაპირზე ამოტივტივებული ცრუ გმირი, მედროვე და ეგოისტია.
„ყვარყვარე თუთაბერი“ პ. კაკაბაძის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული, ოთხი
მოქმედებისგან შემდგარი პიესაა. პირველი მოქმედება სოფლის წისქვილში
ვითარდება. აქ წისქვილს სიმბოლური დატვირთვა აქვს, იგი არის ცვალებადობის,
განახლების სიმბოლო და დროც, ხელისუფლებაც, პიესაში რამდენჯერმე ახლდება.
შუაცეცხლთან ზის ყვარყვარე თუთაბერი, მეტსახელად ნაცარქექია, მაგრამ არა ის
ნაცარქექია, რომელიც დევებს ებრძვის, რომლის სიმხდალესა და ბაქიაობას ფარავს
მისი კეთილი ბუნება, მოხერხების უნარი. პ. კაკაბაძის მიერ დახატული ნაცარქექია
ბოროტი ძალაა - მჩაგვრელი, მძარცველი და ეგოისტი. ამიტომ შეიძლება ვუწოდოთ
მას ცრუნაცარქექია, ანტინაცარქექია. მათ შორის მთავარი განხვავება არის ის, რომ
ხალხური ნაცარქექია ბოროტ ძალას - დევს მოაჯდა კისერზე, ყვარყვარე კი ისედაც
დაბეჩავებულ ხალხს, მშრომლებს ატყუებს და ტყავს აძრობს. აქედან გამომდინარე,
თუკი ხალხური ნაცარქექია ბოროტ ძალას ებრძვის, პ. კაკაბაძის ნაცარქექია თავად
იქცევა ბოროტ ძალად.
მოახერხებდა ამას ყვარყვარე, საზოგადოებას რომ არ მიეცა ამის საშუალება? და ვინ
არიან იმდროინდელი საზოგადოების წევრები? - კაკუტა და ქუჩარა. საწყალი,
გაუნათლებელი, სულმდაბალი ადამიანები; მკვდარს ტანსაცმელი გახადეს და მის
გაყიდვას აპირებენ, მაგრამ იმდენად დაბეჩავებულები არიან, გაიძვერა ყვარყვარე
სტაცებს ტანსაცმელს და შეშის დაჩეხვის სანაცვლოდ აპირებს მის დაბრუნებას. ამას
ეუბნება კაკუტას და ქუჩარას, თორემ სინამდვილეში, რაც ერთხელ დაისაკუთრა,
იმას არ დათმობს ყვარყვარე! კაკუტასა და ქუჩარას საქციელი მთელი პიესის
განმავლობაში სხვა არაფერია, თუ არა ბრძოლა გადარჩენისთვის, ბრძოლა
არსებობისთვის. იციან, როგორია ყვარყვარე, იციან, რატომ იცნობენ მას
ნაცარქექიად, მაგრამ მაინც მის ახლოს ტრიალებენ, მისი ნების ასრულებას
ცდილობენ, რომ მისი საშუალებით ოდნავ მაინც გაიუმჯობესონ თავიანთი ყოფა.
გულთამზე და სევასტი - რევოლუციონერი შეყვარებულები, რომლებიც „დიადი
მიზნისთვის“, უკეთესი ცხოვრებისთვის იბრძვიან, მაგრამ რამდენად გულწრფელია
მათი ბრძოლა? რამდენად დადებითი პერსონაჟები არიან? სცენაზე
ახალგამოჩენილი სევასტი მებრძოლი, თავდადებული პერსონაჟი ჩანს, რომელიც
მზადაა, რევოლუციისთვის თავიც კი გასწიროს და მართლაც, პირველ სცენაში
დაჭრილი შემოჰყავს გულთამზეს. იმავე მოქმედებაში აღმოჩნდება, რომ სევასტი
არც ისეთი მამაცია, როგორიც ერთი შეხედვით ჩანს. მოალერსეებს თავს წაადგება
ყვარყვარე და გამოჩნდება, რომ რევოლუციონერი გმირი არც ისეთი ვაჟკაცია,
როგორადაც თავი მოაქვს - ჯერ დაიმორცხვებს, მერე შეშინდება და ამ უხერხული
სიტუაციიდან გულთამზე გამოიყვანს, საოცრად მოხერხებული აღმოჩნდება და ისე
მოაწყობს, რომ ოფიცრებს სევასტის ნაცვლად ყვარყვარე მიჰყავთ. გულთამზე
უდანაშაულო ადამიანს სწირავს. სამართლიანობის აღდგენის სურვილით
შეპყრობილი ადამიანებისგან ეს საქციელი მოულოდნელია, ეს არის ერთ-ერთი
მთავარი მიზეზი, რის გამოც სევასტი და გულთამზე ვერ ჩაითვლებიან გმირებად.
კურიოზული სიტუაციაა არმიის შტაბში. რამდენიმე მოხელემ წერა-კითხვაც კი არ
იცის. ესენიც მედროვე ადამიანები არიან და როგორც კი რევოლუციის შესახებ
გაიგებენ, სასწრაფოდ გარდაიქმნებიან (აქაც ჩანს წისქვილის სიმბოლური
დატვირთვა). ასე რომ, სასიკვდილოდ განწრულ ყვარყვარეს რევოლუციამ
მოუსწრო და გადაარჩინა კიდეც. „ხალხის მოღალატე“ „ხალხისათვის
თავდადებული“ გმირი ხდება. გაიძვერა და მედროვე ყვარყვარე სწრაფად უღებს
ალღოს ახალ სიტუაციას, უღიმის ახალ ცხოვრებას, რომელიც დიდ სიკეთეს
ჰპირდება. გარკვეული დროის შემდეგ იგი რევკომის თავმჯდომარის მოადგილე
ხდება, სამსახურში იღებს ყაჩაღებს, აწიოკებინებს მათ ხალხს, რათა მეტი და მეტი
ქონება მოიხვეჭოს.

რევკომის თავმჯდომარე განა თავის თავზე იღებს პასუხისმგებლობას, განა საქმეს


გამოიძიებს! გულთამზესთან საუბრისას ის ცდილობს, საკუთარი თავი იხსნას,
სხვაში იპოვოს დამნაშავე და აკეთებს კიდეც ამას. ისე გამოჰყავს, თითქოს,
ყვარყვარეს შემთხვევით აუყვანია ყაჩაღები სამსახურში, მათ უსარგებლიათ
უფროსის გულუბრყვილობით და ხალხი დაუწიოკებიათ. ამის შემდეგ სცენაზე
ჩნდება სევასტი, რომელიც საბოლოოდ ნათლეს მოჰფენს სიმართლეს: ყვარყვარე
მის ნაცვლად დააკავეს, ისაა ნამდვილი რევოლუციონერი გმირი. ყვარყვარე კი
ტვინნაკლულია და არ არის საშიში ხალხისთვის, ამიტომ თამამად ათავისუფლებს.
დასასრული: გამოცემების მიხედვით სხვადასხვაა პიესის დასასრული. ერთი
ვარიანტის მიხედვით, ჭეშმარიტი რევოლუციის გამარჯვების შემდეგ
ყვარყვარეობისათვის ადგილი აღარ რჩება: „ეჰ, გათავდა შენი ჩალიჩი, ყვარყვარე
თუთაბერო! ამათ ხელში ჩემი ამინდი არ დადგება.“ მეორე ვარიანტში კი ყვარყვარე
ასე აიმედებს საკუთარ თავს: „გული არ გაიტეხო ყვარყვარე, დაიღუპა ის, ვინც
სირცხვილით სოროში ჩაძვრა, მე კიდევ ავცოცდები“. სტვენითა და ხმაურით
აცილებს ხალხი ყვარყვარეს; სწორედ ის ხალხი, რომლის საშუალებითაც
ყვარყვარემ და მისნაირებმა დაწინაურებულ მდგომარეობას მიაღწიეს. გამოდის,
ხალხმა შექმნა ყვარყვარე, ხალხმა მისცა მას ამაღლების საშუალება, მაგრამ
არაფერია მარადიული და მისი მზე იმავე ხალხმა ჩაასვენა.
თითქოს, მთავრდება, მაგრამ ამავე დროს იწყება ახალი ციკლი. ყვარყვარე
ისტორიის სცენიდან მიდის, მაგრამ დარწმუნებულია, რომ კვლავ დაბრუნდება. ეს
მარადიული წრე-ბრუნვაა; „ყვარყვარიზმი“, რომელსაც შესწევს თვითგანახლებისა
და ხელახლა შობის ძალა; რომელიც საზოგადოების განვითარების ნებისმიერ
ეტაპზე კვლავ შეიძლება გამოგვეცხადოს.

You might also like