You are on page 1of 4

ანანურთან, ტიციან ტაბიძე, 1927

ანანური – ფეოდალური ხანის ციხესიმაგრე (XVI-XVII სს.) დუშეთის რაიონში.


ანანურის ანსამბლში თავმოყრილია საერო, სამხედრო და საკულტო
ნაგებობანი. ციხესიმაგრე არაგვის ერისთავთა რეზიდენცია იყო. იგი კეტავდა
ჩრდილოეთიდან დარიალის ხეობით მომავალ გზას. 1743 წ-ს კახეთის მეფე
თეიმურაზ II-მ გააუქმა არაგვის საერისთავო და ციხესიმაგრე სამეფო
ხელისუფლებას  დაუქვემდებარა. თამუნია წერეთელი – პოეტის მუზა, აკაკი
წერეთლის მეგობრის შვილი, აკაკის ნათლული. თავის დროზე წარჩინებული
ოჯახის შვილი XX ს-ის 20-იან წლებში ულუკმაპუროდ დარჩა. ამ დროს
თბილისში ერთ-ერთმა მეცენატმა და კომერსანტმა (ქებაძემ) გახსნა
მინერალური წყლების პავილიონი, სადაც თამუნიამ წყლის გამყიდველად
დაიწყო მუშაობა. მთელი ქალაქი მის უჩვეულო სილამაზეზე ალაპარაკდა.
ტიციანი გაცნობისთანავე მოიხიბლა თამუნიას მშვენებით და მრავალი ლექსი
უძღვნა ამ ულამაზეს ასულს. ტიციანის გრძნობა არ განელებულა თამუნიას
გათხოვების შემდეგაც, ხოლო ქალის ტრაგედიამ (სამშობიარო ტრავმის
შედეგად ფეხი მოჰკვეთეს) შეძრა პოეტი და ეს ტკივილი მის ლექსებშიც
აისახა. თეთრი და შავი არაგვი – მდინარეები, რომლებიც ანანურთან
ერთმანეთს ერთვიან.

ანანურთან

თამუნია წერეთელს

შენ აქ რა გინდა, მაგრამ ყოველთვის


მომაგონდები ამ ანანურთან.
შავი არაგვი თეთრ არაგვს ერთვის,
ჩვენი გათიშვა კი ყველას სურდა.
არც კი გიცნობდი, არც კი მენახე,
ისე გხატავდა თამარს ვრუბელი.
ხარ დანგრეული შენ „მოდი-ნახე“,
ფეხ-მოტეხილი შენ ხარ ღრუბელი.

ისე ნაზია ეს მოგონება,


როგორც დემონის ფრთების შეხება,
სჯობს გაიხარონ სხვა გოგოებმა,
მოიბან შენი ირმის ფეხები.

დე! გაიხარონ იმათ მგოსნებმაც,


მათი ცხოვრება ხვალე იწყება,
ჩვენ მგლოვიარე, მწუხარ ოცნებას
დაფარავს მიწა და დავიწყება.

გარჩენილი ვარ ქვებზე კალმახი


და ახეული მაქვს ლაყუჩები,
შემართულია ფეხზე ჩახმახი
და უსიკვდილოდ ვერ გადვურჩები.

ასე კვდებოდა ალბათ ათასი


და მოწმედ ჰყავდათ ეს ანანური,
ეს არის ჩემი მგოსნობის ფასი
და თვითმკვლელობის იავნანური.

ლექსი ეძღვნება თამუნია წერეთელს. თამუნიას პოეტი ანანურთან


ახსენებს. შავი და თეთრი არაგვის შეერთების ადგილას მისი გახსენება,
კონტრასტის მხატვრული ხერხის მეშვეობით, შეიძლება აიხსნას იმით, რომ
ბუნებაშიც, ისევე, როგორც ადამიანთა ცხოვრებაში, ბოროტი და კეთილი
ძალების მუდმივი ბრძოლაა. ბედნიერი თამუნიაც 20-იანი წლების
რეალობამ უბედურად აქცია.
ვრუბელი ცნობილი რუსი მხატვარი. მან ლერმონტოვის პოემა
„დემონისთვის“ შექმნა შეუდარებელი ილუსტრაციები. ვრუბელის დემონი
არის სიმბოლო, რომელშიც შერწყმულია ოცნება და სილამაზე, სევდა
ადამიანის ბედნიერებაზე, რომლის პოვნა დედამიწაზე შეუძლებელია.
ტიციანის ლექსში ვრუბელის მიერ შექმნილ თამარში იგულისხმება
ლერმონტოვის პოემა „დემონის“ გმირი თამარი.
მოდი-ნახეს (საჩხერის რაიონში მდებარე ციხის) ნანგრევებთან
სიმბოლურად ფეხმოჭრილი თამუნია ასოცირდება. თამუნია
„ფეხმოტეხილი ღრუბელია“, რადგან ფეხმოტეხილი თამუნიას ოცნებებს
რეალობამ ნიადაგი გამოაცალა.
ლექსის მესამე სტროფში ლერმონტოვის პოემა „დემონის“
რემინისცენციაა (პოეტური გახსენება) მოცემული. ამ სტროფის ბოლო ორი
ტაეპი გამოხატავს პოზიტიურ განწყობილებას - სიკეთის გამარჯვებას
ბოროტებაზე - თამუნიას ოცნებები სხვა ქართველმა გოგონებმა უნდა
აასრულონ.
მე-4 სტროფი გამოხატავს პოეტის ტრაგიკულ წინათგრძნობას. პოეტი
თავს ადარებს ლაყუჩებახეულ კალმახს, ორივეს უჭირს სუნთქვა, ყოფნა
არსებული გაუსაძლის, მკაცრ რეალობაში. პოეტი, კალმახის მსგავსად,
დინების საწინააღმდეგოდ მიცურავდა. ბედისწერის ტრაგიზმი ამსგავსებს
20-იანი წლების ნამდვილ ქართველ პოეტს ლაყუჩებახეულ კალმახს.
პოეტი ვეღარ სუნთქავს მისთვის არასასურველ გარემოში. პოეტს სჯერა
საკუთარი ტრაგიკული სიკვდილის გარდაუვალობისა. ლოგიკურად ეს
მოსალოდნელი იყო „ცისფერი ყანწების“ დაშლის შემდეგ. წინათგრძობით
პოეტი შეუმცდარად ხატავდა მის მოსაკლავად გამზადებულ იარაღს.
პოეტი საკუთარ თავს უთანაბრებს სამშობლოსთვის დაღუპულ უამრავ
ქართველს. „თვითმკვლელობის იავნანური“ ასე აიხსნება: პოეტი საკუთარი
ლექსებით რჩება შთამომავლობის ხსოვნაში. სიკვდილის წინ საკუთარ თავს
უმღერის ანტიიავნანას - „იავნანურს“ - იავნანას მსგავსს, სიკვდილ-
სიცოცხლის სიმღერას. ჭეშმარიტებისთვის თავგანწირული პოეტი
მშობლიური, სასიკვდილო ჰანგის - „იავნანურის“ ფონზე ემზადება
აღსასრულისთვის და ხელახლა დაბადებისთვისაც.
საინტერესო რითმული წყვილია ანანური-იავნანური. ანანური
მელოდიური, ჟღერადი სიტყვაა. ანანური თავისუფლებისთვის
მებრძოლთა, თავგანწირულთა სიმბოლოა - დასაბამია ახალი გმირებისა,
ახალი ლექსებისა. პოეტი ფიზიკური სიკვდილის შემდეგ თავისი
ლექსებით განაგრძობს სიცოცხლეს, კვლავ დაიბადება.
ლექსი „ანანურთან“ ტიციან ტაბიძის შემოქმედების ერთ-ერთი
მოვარდნილი მეწყერია, რომელიც თავის მუზას, ეპოქის ულამაზეს
ქალბატონ თამუნია წერეთელს მიუძღვნა.
ბედისწერამ თამუნიას ფეხი მოჰკვეთა და „დანგრეულ მოდინახედ“
გადააქცია, ფეხმოტეხილ ღრუბლად იქცა მზეთუნახავი, მაგრამ, ამ
ტრაგედიისა და თამუნიას სილამაზის დაკარგვის მიუხედავად, ტიციანი არ
წყვეტდა მის მიმართ ტრფობასა და ამის პოეზიით გადმოცემას.
ტიციანი იყო სულით რაინდი, წმინდა გულის პოეტი, თუმცა ბედისწერა
არც პოეტისთვის, ყოფილა ნაკლებად ტრაგიკული. „შემართულია ფეხზე
ჩახმახი და უსიკვდილოდ ვერ გადვურჩები“, ამბობდა პოეტი, რადგან
გრძნობდა თავის მოახლოებულ უბედურებასა და ტრაგიკულ დასასრულს.
ტიციანი ლექსში ამბობს „ჩვენს მგლოვიარე, მწუხარ ოცნებას დაფარავს
მიწა და დავიწყება.“ ის ამით გულისხმობს, რომ ყველაფერი წარმავალია და
ადრე თუ გვიან ყველაფერს ბოლო მოეღება, ისე, რომ აუხდენელი დარჩება.
ასეც მოხდა, მისი ცხოვრების დასასრული მართლაც ტრაგიკული იყო,
იმდენად ტრაგიკული, რომ თავად პოეტმა მას თვითმკვლელობა უწოდა,
თუმცაღა მისი ყოველი ლექსი გრძნობის ფასად დატოვა.

You might also like