You are on page 1of 7

რეფორმაციის შვეიცარული მიმდინარეობები

შვეიცარია რეფორმაციის წინა ეპოქაში. მაღალი (ანუ განვითარებული) შუა


საუკუნეების და გვიანდელის დადგომისათვის, შვეიცარია, როგორც ერთიანი
სახელმწიფო, ჯერ კიდევ არ არსებობდა. მისი სახელმწიფოებრივი ჩამოყალიბების
პროცესი საკმაოდ გაიწელა. მომავალი შვეიცარიის სახელმწიფოს ტერიტორიებს,
ვერდენის ხელშეკრულების შემდეგ (843 წ.), ხან საფრანგეთის მეფეები ფლობდნენ, ხან
საღვთო რომის იმპერიის გვირგვინოსნები, ხან ბურგუნდიის ან სავოის ჰერცოგები.
შვეიცარული ოლქების (ანუ კანტონების) ურთიერთდაახლოებისა და
კონსოლიდაციისაკენ პირველი სერიოზული ნაბიჯი XIII ს-ის ბოლოს გადაიდგა. 1291
წელს, სამმა კანტონმა ურმა, შვიცმა და უნტერვალდენმა ურთიერთშეთანხმება დადეს,
რომელსაც მოგვიანებით სხვა ოლქებიც შეუერთდნენ, მათ შორის ცუგი, ციურიხი,
გლარუსი, ლუცერნი, ბერნი და სხვ. აღნიშნული შეთანხმება ანუ „მარადიული ზავი“
მიმართული იყო ჰაბსბურგთა პრეტენზიების წინააღმდეგ, რომლებიც ცდილობდნენ
სრული კონტროლი დაეწესებინათ ცენტრალური ევროპიდან იტალიაში მიმავალ
ალპურ გადასასვლელებზე. შვეიცარიის ოლქების შემჭიდროება-დაახლოება XIV-XV
საუკუნეებში უფრო ინტენსიური გახდა. 1499 წელს, კანტონთა გაერთიანებულმა
ძალებმა სასტიკად დაამარცხეს გერმანელ მთავართა ჯარები და სამუდამოდ აიძულეს
გერმანიის იმპერატორი, ეცნო შვეიცარიის კანტონების იმპერიისაგან დამოუკიდებლობა
(1511 წ.). ამ დროისთვის, ფაქტობრივად გამოიკვეთა მომავალი შვეიცარიის ერთიანი
სახელმწიფოს ტერიტორიული სახეც. ის აერთიანებდა 13 ოლქს და რამდენიმე ე.წ.
„საფოგტოს“ (ანუ მათზე დამოკიდებულ მცირე ტერიტორიულ ერთეულებს).
რელიეფიდან და სამეურნეო საქმიანობიდან გამომდინარე, შვეიცარიის ოლქები ორ
ნაწილად იყოფოდნენ, მთისა და ბარის ოლქებად. მთის კანტონები ტრადიციული,
პატრიარქალური წესით ცხოვრობდნენ, მოსახლეობის ძირითადი საქმიანობა ალპური
მესაქონლეობა და მასთან დაკავშირებული დარგები იყო. ხოლო ბარის (ან ხეობათა)
კანტონების მოსახლეობა უფრო ქალაქებში ცხოვრობდა, ვაჭრობა-ხელოსნობას და
მასთან დაკავშირებულ საქმიანობას ეწეოდა. ბარის კანტონები და ქალაქები
ხელსაყრელი სავაჭრო-სატრანზიტო მდებარეობის გამო, სწრაფად მდიდრდებოდნენ და
XV-XVI საუკუნეებში ევროპის ეკონომიკაში სერიოზულ როლს თამაშობდნენ.
ეკონომიკურ-პოლიტიკური თუ რელიგიური სიახლეები აქ უფრო ჩქარა ინერგებოდა.
მთის (ანუ ტყის) კანტონების ცხოვრება უფრო მდორედ, არქაულად მიედინებოდა.
ბარის კანტონების ქალაქთა მმართველობა უფრო დემოკრატიულიც იყო. ზოგან
პატრიციები ბატონობდნენ (მაგ. ბერნი, შაფჰაუზენი და სხვ.), სხვაგან უფრო შეძლებულ
ვაჭარ-ხელოსანთა და ფინანსისტ-მანუფაქტურისტთა ფენა ბატონობდა (ციურიხი,
მოგვიანებით ჟენევა და სხვ.).
ეკონომიკურად მდიდარი, მაგრამ პოლიტიკურად სუსტი შვეიცარიის კანტონთა
გაერთიანება ხშირად ხდებოდა ძლიერი, მტაცებელი მეზობლების ძარცვის ობიექტი.
მაგრამ ამ დროს ყველაზე დიდი ტრაგედია შვეიცარიის კანტონებისათვის, მაინც
მოქირავნეობა იყო. შვეიცარიის მთის (ტყის) კანტონების ჯანმრთელი ბუნების შვილნი,
მამაცნი, შესანიშნავი მეურნენი და მეომრები, ამავე დროს უერთგულესი კათოლიკენი
იყვნენ. სწორედ მთის კანტონების მოსახლეობის ახალგაზრდები ხდებოდნენ ევროპელი
მონარქებისა თუ რომის პაპების, ჰერცოგთა და გრაფთა სასახლეების მცველები თუ
პირადი გვარდიის დამკვრელი ძალები. შვეიცარიელი დაქირავებულები ყველაზე
ერთგულ და საიმედო სამხედრო ნაწილებად ითვლებოდნენ. შვეიცარიელი

1
ერთგულების ფიცს არასოდეს გატეხდა. ხშირი იყო შემთხვევა, როცა ძმები ან ახლო
ნათესავები როგორც სხვადასხვა კარზე დაქირავებული სამხედროები, ისევე
გულმოდგინედ ხოცავდნენ ერთმანეთს, რა ერთგულებითაც ემსახურებოდნენ
დამქირავებელს. მოქირავნეობა ფრიად სარფიანი საქმიანობა გახლდათ და მასში
აქტიურად იყვნენ ჩაბმული ბარის კანტონები, განსაკუთრებით ქალაქების გავლენიანი
პატრიციები და კათოლიკე სასულიერო პირები. მოქირავნეობაში ისინი
დამქირავებელსა და დაქირავებულს შორის შუამავლობდნენ და სოლიდური
შემოსავალიც ჰქონდათ. ამ მოვლენამ XV-XVI საუკუნეების მიჯნიდან იმდენად
მასშტაბური ხასიათი მიიღო, რომ ქვეყნის პატრიოტული, მოწინავე ადამიანები
სერიოზულად შეშფოთდნენ. ეს სამარცხვინო პროცესი კიდევ უფრო შემაშფოთებელი
იმიტომაც იყო, რომ მას ეკლესიის მხრიდანაც ეძლეოდა კურთხევა.
ულრიხ ცვინგლის რეფორმაცია. შვეიცარიის მოწინავე ადამიანები ოცნებობდნენ
მტკიცედ შეკრულ, ერთიან, აღორძინებულ შვეიცარიაზე. ამ მიზნის მიღწევის ერთ-ერთ
საშუალებად ახალი, პროტესტანტული რელიგიაც მიაჩნდათ. შვეიცარიის
რეფორმაციისა და სახელმწიფოს ნამდვილი ბელადი იყო ულრიხ (ჰულდრაიხ)
ცვინგლი. ის დაიბადა 1484 წელს მთის კანტონის სოფლის ამანის (მამასახლისი)
ოჯახში. დაწყებითი განათლება ადგილობრივ სკოლაში მიიღო, ბავშვობიდანვე
გამოამჟღავნა შესანიშნავი ნიჭი, შრომისმოყვარეობა, ბუნებამ დააჯილდოვა შესანიშნავი
მუსიკალური ხმითაც (ვოკალი). გავლენიანი ნათესავების, საეკლესიო პირების,
ხელშეწყობით დაასრულა ვენის უნივერსიტეტის თეოლოგიის ფაკულტეტი,
სრულყოფილად შეისწავლა კლასიკური ენები, დაეუფლა ჰუმანისტურ ლიტერატურას,
მეგობრობდა ერაზმ როტერდამელთან. 1518 წელს ციურიხის ტაძარში იგი მღვდლად
ეკურთხა.
ღრმა განათლება, ქვეყანაში შექმნილი ვითარების რეალობა, ჰუმანისტების მიერ
კათოლიკობის მანკიერებათა მხილება და ეკლესიისადმი საკუთარი კრიტიკული
დამოკიდებულება ცვინგლის რეფორმაციის პოზიციაზე გადასვლის საფუძველი გახდა.
1519 წელს, ციურიხის საქალაქო ხელისუფლებამ ცვინგლის რჩევით, კატეგორიულად
აკრძალა ინდულგენციებით ვაჭრობა. აქ ლუთერის გავლენაც არის
გასათვალისწინებელი, მაგრამ, როგორც თავად ცვინგლი მოგვიანებით წერდა,
„ეკლესიის განწმენდისა“ და ინდულგენციების წინააღმდეგ ჯერ კიდევ 1516 წელს
გამოდიოდა, როცა ლუთერის სახელი ჯერ არავის გაეგონაო“.
1522 წელს ცვინგლიმ გამოაქვეყნა გახმაურებული ნაშრომი „67 თეზისი“, რომელშიც
გადმოცემულია ახალი, რეფორმირებული ეკლესიის ძირითადი პრინციპები. ამას
მოჰყვა „განმარტებანი 67 თეზისისა“, რომელშიც უფრო პოპულარულად, მასისათვის
გასაგებად იყო გადმოცემული ახალი ეკლესიის მოწყობის საკითხები. 1523 წელს
გაიმართა ცვინგლის ცნობილი ციურიხის დისპუტები კათოლიკეთა წინააღმდეგ.
ცვინგლის მხარდასაჭერად ციურიხის ბიურგერობა გამოდიოდა. ცვინგლი „საღვთო
წერილს“ უფრო რაციონალური პოზიციებიდან განმარტავდა. მისი აზრით, ეკლესიის
უმთავრესი ელემენტებია საღვთო წერილი, მორწმუნეთა თემი და თემისაგან არჩეული
მოძღვარი. ის უარყოფდა საიდუმლოებებს და ტოვებდა მხოლოდ ზიარებასა და
ნათლობას, ამასთან, მათაც კათოლიკეებისაგან განსხვავებულ შინაარსს აძლევდა.
უარყოფდა წმინდა ნაწილების თაყვანისცემას და არსებულ კათოლიკურ იერარქიას
პაპის ჩათვლით.
ცვინგლისეულ მორწმუნეთა თემსა და მთელს საეკლესიო ორგანიზაციაზე
კონტროლი ეკისრებოდა მორწმუნეთა მიერ არჩეულ ქალაქის (კანტონის) საერო
ხელისუფლებას. პრაქტიკული რეალიზაციის შემთხვევაში ცვინგლიანური ეკლესია
2
მიიღებდა მორწმუნეთა მიერ შექმნილ რელიგიურ-პოლიტიკური თემის სახეს, სადაც
ორგანიზაციულად ერთმანეთში იქნებოდა შერწყმული რელიგიური და პოლიტიკური
საწყისები.
1524 წლის შემოდგომაზე ციურიხში ქალაქის მმართველობის არჩევნებში ცვინგლის
მომხრეებმა გაიმარჯვეს. დაიწყო ქალაქის რელიგიური გარდაქმნები. ციურიხის
რელიგიური რეფორმა გაიზიარეს ბერნმა, ბაზელმა, სენტ გალენმა, ბაფჰაუზენმა და სხვ.
კათოლიკობის ერთგულმა ტყის კანტონებმა, რომელებიც აქტიურად იყვნენ
ჩართული მოქირავნეობაში და რომელთა ზურგს უკან პაპი, საფრანგეთის მეფე და
იმპერატორი იდგნენ, კატეგორიულად უარყვეს ახალი სჯული.
რეფორმირებულ, ახლებურად მოწყობილ ბარის კანტონებსა და კათოლიკურ ტყის
კანტონებს შორის დაძაბული ურთიერთობები ომში გადაიზარდა. ეს ომები ისტორიაში
„კაპელანური ომების“ სახელითაა ცნობილი (ციურიხთან ახლოს მდებარე კაპელის
მთის სახელიდან). პირველი ომი (1529წ.) ციურიხისა და ბარის კანტონების
გამარჯვებით დასრულდა. „ტყის“ კანტონებმა იკისრეს სამხედრო დანახარჯების
ანაზღაურება და ხელი აიღეს უცხო სახელმწიფოებთან ცალმხრივი, დამოუკიდებელი
ურთიერთობების დამყარებაზე. მალე ატყდა ახალი ომი, მეორე კაპელანური ომი. ამ
ომებში როგორც მოძღვარი, მონაწილეობდა თავად ულრიხ ცვინგლიც. 1531 წელს, ერთ-
ერთი შეტაკებისას, კაპელის მთაზე, დაიღუპა ცვინგლიც. მეორე ომის შედეგად
გადაისინჯა პირველი ომის შედეგები და ტყის კანტონებმა გარკვეული თავისუფლებები
დაიბრუნეს.
ციურიხში დაწყებული რეფორმაცია თანდათან განმტკიცდა ბარის კანტონებში,
მაგრამ ლუთერანობასთან შედარებით რადიკალური და პროგრესული ხასიათის
მიუხედავად, ზემოთაღნიშნული თავისებურებების გამო, ის ვერ გასცდა შვეიცარიის
ფარგლებს. ახალი სჯული, რომელიც შვეიცარიაში იშვა, კალვინიზმი იყო.
რეფორმაცია ჟენევაში, კალვინიზმი. შვეიცარული რეფორმაციის მეორე და უფრო
მნიშვნელოვანი ცენტრი გახდა ქალაქი ჟენევა, ხოლო რეფორმატორი–კალვინი.
ჟან კალვინი წარმოშობთ ფრანგი იყო. ის დაიბადა 1509 წელს, პიკარდიის ქალაქ
ნიონში, ეპისკოპოსის ნოტარიუსის ოჯახში. მამა მას იურისტობისათვის ამზადებდა. ამ
პროფესიას კალვინი ჯერ ბურჟეს, შემდეგ კი პარიზის უნივერსიტეტში ეუფლებოდა.
აქვე საფუძვლიანად შეისწავლა კლასიკური ენები, ჰუმანისტური ლიტერატურა,
კათოლიკური და პროტესტანტული ღვთისმეტყველება. 20-იანი წლების ბოლოს, ის
მტკიცე ლუთერანია. განათლებული და გონებამახვილი ახალგაზრდა მალე გახდა
პოპულარული და მეფის დის, მარგარიტა ნავარელის მიერ ორგანიზებულ სწავლულთა
წრეში აღმოჩნდა. 30-იან წლებში ფრანსუა I, იტალიურ ომებში წარუმატებლობის გამო,
პაპისა და იმპერატორის მოთხოვნით, იძულებული გახდა, რომ საფრანგეთიდან
ლუთერანების განდევნის ბრძანება გაეცა. კალვინი დაპატიმრებას მხოლოდ მარგარიტას
წყალობით გადაურჩა. დაიწყო მისი დევნის წლები. ცხოვრობდა ჯერ სტრასბურგში,
შემდეგ ბაზელში, ბოლოს კი მიიწვიეს ჟენევაში. 1536 წელს ბაზელში გამოქვეყნდა მისი
ყველაზე პოპულარული ნაშრომი „დარიგებანი ქრისტიანულ სარწმუნოებაში“. ამ
ნაშრომში გადმოცემულია არა მარტო ახალი რელიგიის თეორიული საფუძვლები,
არამედ ნაჩვენებია მისი პრაქტიკული სახეც. თავდაპირველად ეს თხზულება ავტორმა
ლათინურ ენაზე დაწერა, მაგრამ სწრაფი პოპულარობისა და მოთხოვნილების გამო, ის
მაშინვე ითარგმნა ჯერ ფრანგულ, ხოლო შემდეგ ბევრ ევროპულ ენაზე. კალვინის
სიცოცხლეში ეს ნაშრომი რვაჯერ გამოიცა და ყოველი მომდევნო გამოცემა უფრო
გავრცობილი და შევსებული იყო. მერვე, 1555 წლის გამოცემა, პირველ გამოცემას
ხუთჯერ აღემატებოდა. თავის მოძღვრებით კალვინი უფრო რადიკალური იყო, ვიდრე
3
ცვინგლი და ბევრად უფრო რადიკალური, ვიდრე ლუთერი.
ისევე, როგორც ლუთერი და ცვინგლი, კალვინიც აღიარებდა, რომ ადამიანის სულის
ხსნა ანუ ცხონება, ჭეშმარიტი რწმენით მოდის. ოღონდ კალვინი უფრო შორს წავიდა.
მან ყოველივეს სათავედ ღვთაებრივი „წინასწარგანზრახულობა“ გამოაცხადა. ცხონება
მთლიანად ღვთის ნებაზეა დამოკიდებული, აცხადებდა იგი. უფლის ნებით, ადამიანთა
ნაწილი, „დასაბამიდანვე“ ცხონებულია, ხოლო ნაწილი, აგრეთვე ღვთის ნებით,
წარწყმედილი. ე. ი. ადამიანები იყოფიან „ცხონებულებად“ და „წარწყმედილებად“,
„რჩეულებად“ და „განწირულებად“. კალვინის მიხედვით ადამიანს არ შეუძლია ამის
შეცვლა, თავიდან აცილება. ღვთაებრივი „განზრახულობა“ ფატალურ გარდუვალობად
გამოცხადდა. ეს დებულება დამახასიათებელი იყო როგორც ადრე ქრისტიანული
შეხედულებებისათვის, ისე სხვა რელიგიებისთვისაც, განსაკუთრებით ისლამისთვის ე.
წ. „წმინდა ომების“ (დაპყრობითი ომების) ეპოქაში.
მაგრამ კალვინის მოძღვრებასა და ფატალიზმს შორის არსებითი განსხვავებაა.
კალვინის თანახმად თავად მორწმუნემ არ იცის, ის ცხონებულია თუ წარწყმედილი.
ღვთის ნებით მან უნდა დაამტკიცოს, რომ არის რჩეული, მაგრამ ეს უნდა მოხდეს არა
მხოლოდ ლოცვით, რეალური ცხოვრებიდან განდგომით, ასკეტიზმით, არამედ
შრომით, აქტიურობით, მცდელობით. ამ გზით მიღებული სიმდიდრე, მატერიალური
სიკეთე, „გზა ცოდვისაკენ“ კი არ არის (როგორც ამას შუა საუკუნეების ასკეტიზმი
ამტკიცებდა), არამედ ღვთის წყალობაა, ღვთის ნების გამოვლინებაა და ნიშანია
ადამიანის (მორწმუნის) წარმატებისა, რჩეულობისა. კალვინის
წინასწარგანზრახულობიდან უფრო რადიკალური დასკვნებიც გაკეთდა. კალვინისტები
(განსაკუთრებით ნიდერლანდებში, ინგლისში) აცხადებდნენ, რომ ღვთაებრივი
წინასწარგანზრახულობა პრაქტიკულ ცხოვრებაში, ესაა უფლის მიერ მორწმუნეთათვის
„საერო მოწოდება“, რომლის მიხედვით ადამიანის მთელი პრაქტიკული საქმიანობა
(შრომა, ხელოსნობა, ვაჭრობა, ადამიანის მთელი აქტიური შემოქმედება) არის
„მოწოდება“, „მოვალეობა“ რათა განხორციელდეს „ნება უფლისა“. ამ დებულებებიდან
გამოჰყავდათ კალვინისტებს იმ დროისათვის (კაპიტალის პირვანდელი დაგროვების
ეპოქაში) შესაფერისი, „ახალი ადამიანების“ მორალურ-ზნეობრივი ნორმებიც:
მომჭირნეობა, ყაირათიანობა, თავდაუზოგავი შრომა, დაგროვება, სიმდიდრისკენ
სწრაფვა, დაგროვებულით ადამიანური ვნებების დაკმაყოფილებაზე თავის შეკავება
(„საერო ასკეტიზმი“, „ღვთისგან ბოძებული“ სიკეთე არ უნდა იხარჯებოდეს
ადამიანური, მიწიერი ვნებებისათვის).
კალვინის მიხედვით, ღმერთმა არა მარტო ადამიანებისთვის განსაზღვრა ყოველივე,
არამედ „დასაბამითგან“ სრულიად სამყაროს ყოველგვარ საგანს და მოვლენას,
ყველაფერში განუსაზღვრა წესრიგი, ჰარმონია და ეს იყო ერთადერთი „ღვთაებრივი
სასწაული“. ამის შემდეგ იგი აღარ ერევა სამყაროს და კაცობრიობის ცხოვრებაში.
კალვინის მოძღვრებით მკაცრად განისაზღვრა ახალი ეკლესიის ორგანიზაციული
მხარეც. ასეთი ეკლესიის საფუძველთა საფუძველი იყო მორწმუნეთა თემი, რომელიც
თავისი რიგებიდან ირჩევდა მოძღვარს. მის კანდიდატურას წარმოადგენდა
მორწმუნეთა თემისაგან შექმნილი საეკლესიო საბჭო, იგივე კონსისტორია. არჩეული
მოძღვარი არ იყო საეკლესიო პირი ტრადიციული გაგებით, ის ერისკაცი იყო, რომელსაც
არ ჰქონდა მღვდლის წოდება და მხოლოდ ქადაგებდა მრევლისთვის და ეწეოდა
სასულიერო „სამსახურს“, ის იყო თემის სულიერი მსახური, „მინისტრი“ (აქედანაა
ნაწარმოები თანამედროვე ტერმინი „მინისტრი“–მსახური). თემების მოძღვრები,
მინისტრები, ზოგად საეკლესიო საკითხთა განსახილველად იკრიბებოდნენ ე.წ.
„კონგრეგაციებზე“, ყრილობებზე. ასეთმა კრებებმა, მოგვიანებით, ეროვნული კრებების,
4
სინოდების სახე მიიღეს.
გარდა მოძღვარ-მქადაგებლისა (მინისტრისა), თემის ცხოვრებაში უდიდეს როლს
ასრულებდნენ კონსისტორის ერისკაცი-მამასახლისები ანუ პრესბიტერები. ისინი
ფაქტობრივად გადამწყვეტ როლს ასრულებდნენ თემის საეკლესიო თუ პოლიტიკურ
ცხოვრებაში. ამიტომ კალვინისტურ ეკლესიას ზოგჯერ პრესბიტერანულ ეკლესიასაც
უწოდებენ.
კალვინისტური ეკლესია თავისი თეორიული და ორგანიზაციული შინაარსით
ამკვიდრებდა ახალ წესს, ახალ ზნეობას, ახალ ნორმებს და ახალი წესის დანერგვაზე
კონტროლს აწესებდა საეკლესიო საბჭო, კონსისტორია. ამ წესით ცხოვრება თავად
კალვინმა დანერგა ჟენევაში („ჟენეველი პაპი“). მისი ინიციატივით ქალაქში დადგინდა
უმკაცრესი კონტროლი. გაუქმდა ძველი ეკლესია. აიკრალა ხატების, წმ. ნაწილების და
სხვა კულტის თაყვანისცემა. სინამდვილეში ვიზუალური ეკლესია გაუქმდა.
ღვთისმსახურება გამოიხატებოდა მხოლოდ ფსალმუნებისა გალობასა და ბიბლიის
კითხვაში. საიდუმლოებათაგან დატოვა მხოლოდ ნათლობა და ზიარება („ღმერთთან
სულიერი კავშირი“).
ჟენევაში, სამუშაო დროის დამთავრების შემდეგ, აღარ ისმოდა მხიარული
სიმღერები, ცეკვები, ღრეობა-დროსტარება, აიკრძალა აზარტული თამაშები და სხვ.
სამაგიეროდ, მორწმუნეთათვის მკაცრად სავალდებული გახდა საღამოს ლოცვებზე
დასწრება, გალობა და ბიბლიის კითხვა. ვინც ეჭვს შეიტანდა კალვინის მოძღვრების
ჭეშმარიტებაში, ვინც თავს აარიდებდა მორწმუნეთა შეკრებებს, უმკაცრესად ისჯებოდა.
კალვინი ვერ ურიგდებოდა სხვაგვარად, თავისუფლად მოაზროვნეებსაც. მისი
ბრძანებით, 1553 წელს, ჟენევაში, ცეცხლზე დაწვეს კათოლიკური ეკლესიისა და
ინკვიზიციის მიერ დევნილი ესპანელი სწავლული მიგელ სერვეტი, რომელიც
თანამედროვე მეცნიერული ფიზიოლოგიის ერთ-ერთ ფუძემდებლად ითვლება.
მიუხედავად უმკაცრესი შინაგანი დისციპლინისა და შეურიგებლობისა, კალვინის
მოძღვრება საოცარი სისწრაფით გავრცელდა ევროპაში. განსაკუთრებით იქ, სადაც
ადრეული კაპიტალიზმი მტკიცედ იკიდებდა ფეხს. კალვინიზმი გახდა გაბატონებული
სჯული და ამ დროშით შედგა რევოლუციები ნიდერლანდებში, ინგლისში (ინგლისში
კალვინისტებს პურიტანებს უწოდებენ), საფრანგეთში, სხვადასხვა ფორმით იგი
გავრცელდა შოტლანდიაში, XVI ს-ის საფრანგეთში (ჰუგენოტები), ნაწილობრივ
სკანდინავიაში, ბალტიისპირეთსა და უნგრეთში.
კალვინიზმმა თეორიულად, ბიბლიაზე დაყრდნობით, დაასაბუთა ფეოდალურ-
კათოლიკური რეჟიმის დამხობისა და ახალი, ბურჟუაზიული ურთიერთობების
დამკვიდრების გარდუვალობა.
ამრიგად, ლუთერისაგან განსხვავებით კალვინმა, როგორც განსწავლულმა
იურისტმა, სისტემაში მოიყვანა თავისი საღვთისმეტყველო შეხედულებები. მას ჰქონდა
ორგანიზატორული ნიჭი და ყველგან და ყველაფერში გარკვეულ სისტემას მისდევდა.
ამიტომ არც არის საკვირველი, რომ მისმა ერთ–ერთმა ბიოგრაფმა მას
„რეფორმირებული პროტესტანტიზმის ორგანიზატორი“ უწოდა.
კონტრრეფორმაცია ევროპაში. რეფორმაციის წარმატებები აშკარა იყო. მან
პრაქტიკულად მთელი დასავლეთი ევროპა მოიცვა. მაგრამ ახლის წარმატებები
უკომპრომისო ბრძოლის პირობებში ხდებოდა. კათოლიკური ეკლესია ადვილად
არაფერს თმობდა. რეფორმაციის დაწყებისთანავე დაიწყო კათოლიკური ეკლესიისა და
მთელი კათოლიკური სამყაროს ორგანიზებული ბრძოლა ახალი, რეფორმაციული
მოძრაობის წინააღმდეგ, რაც ზოგადი ტერმინით, კონტრრეფორმაციითაა ცნობილი.
კათოლიკური ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა უაღრესად ძნელი იყო, რეფორმაციის
5
ეპოქაში მას ჯერ კიდევ ჰქონდა ადამიანებზე ზეგავლენის უდიდესი ძალა,
კათოლიკური საეკლესიო იერარქია, პაპის კურიის და მთელი კათოლიკური
მმართველობის სისტემა, ჯერ კიდევ მყარ, კარგად ორგანიზებულ, ერთიან
დაწესებულებას წარმოადგენდა დ ამისი დანგრევა არც ისე ადვილი იყო.
კონტრრეფორმაციის იდეური მეთაური, რასაკვირველია, პაპი კურია გახლდათ, ხოლო
მისი მატერიალური საყრდენი, გარდა საკუთარისა, იყვნენ ისეთი ქვეყნები, სადაც
რეფორმაციულმა იდეებმა, კონკრეტული ისტორიული პირობების გამო, გავრცელება
ვერ ჰპოვეს. მათ შორის ესპანეთი, გრმანიის კათოლიკური სამთავროები, იტალიის
სახელმწიფოები, ავსტრია და სხვები.
რეფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლაში განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა ამ
მოძრაობის იდეური საფუძვლების განადგურებამ. 1559 წლის პაპმა დამტკიცა ე. წ.
„აკრძალულ წიგნთა ინდექსი“ („Index Librorum Prohibitorum”), რომელშიც შეტანილ იქნა
ისეთი წიგნები, რომლებიც “სატანისეული”, ე. ი. რეფორმაციული, ანტიკათოლიკური
შინაარსისანი იყვნენ. მათში იგულისხმებოდა როგორც მხატვრული (მაგ., ბოკაჩო), ისე
რელიგიური და სამეცნიერო (კოპერნიკი, სერვეტი, მოგვიანებით ჯორდანო ბრუნო,
გალილეო გალილეი და სხვ.) ნაშრომები.
1545-63 წლებსი მიმდინარე ტრიდენტის საეკლესიო კრებებმა საბოლოოდ
დაადასტურეს კათოლიკური ეკლესიის საფუძვლების ურყეობა: პაპის უზენაესობა
(საეკლესიო კრებებთან შედარებით), ლათინური ენის საყოველთაო გამოყენება,
ცელიბატის წესი და სხვ. ე.წ. „ტრიდენტის სარწმუნოებრივ აღსარებას“ ხელს აწერდა
ყველა კათოლიკე სასულიერო პირი.
კათოლიკური ეკლესია დროის შესაბამისად თავადაც გადაეწყო, უფრო მოქნილი
გახდა. 1622 წელს შეიქმნა ე. წ. „კონგრეგაციები“–გაერთიანებები, რომლებსაც
ევალებოდათ რეფორმაციული იდეების წინააღმდეგ ბრძოლის ცალკეული სფეროების
ხელმძღვანელობა. მაგ., „სჯულის პროპაგანდის“ კონგრეგაცია მოთავეობდა როგორც
ევროპაში კათოლიკური პროპაგანდის საქმეს, ისე სამისიენორო (განსაკუთრებით
აღმოსავლეთის ქვეყნებში) მოღვაწეობას. მთელს ევროპას შიშის ზარს სცემდა 1542
წელს, პავლე III-ს მიერ დაარსებული ცენტრალური საინკვიზაციო ტრიბუნალი,
რომელსაც მრავალი ასეული სასიკვდილო განაჩენი ჰქონდა გამოტანილი. ამ
ტრიბუნალის პირველი მეთაური რეფორმაციის დაუძინებელი მტერი, ფანატიკოსი
კარდინალი კარაფა იყო (მომავალი პაპი პავლე IV).
რეფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლაში გადამწყვეტი როლი მაინც იეზუიტებმა და
იეზუიტთა ორდენმა შეასრულეს. იეზუიტთა ორდენის ანუ „იესოს საზოგადოების“
დამაარსებელი იყო ესპანელი აზნაური (იდალგო), იგნასიო ლოიოლა. (იხ. თავი III).
იეზუიტები, თავიანთი ორგანიზაციითა და ვიზუალური ცხოვრების წესით, არსებითად
განსხვავდებოდნენ ტრადიციული ბერმონაზვნური ორდენებისაგან. ისინი საერო
ცხოვრებისაგან განდეგილად კი არ იმყოფებოდნენ, პირიქით, შუაგულში
ტრიალებდნენ. მათი წარმომადგენლები საზოგადოების ყველა ფენაში იმყოფებოდნენ,
თუმცა ხშირად არავინ იცოდა, ვინ იყო ის. მათ უნდა სცოდნოდათ ყველაფერი
საზოგადოების შესახებ: ვინ რას ფიქრობდა, როგორი მრწამსისა იყო, რას საქმიანობდა
და ა. შ. ანტიკათოლიკური და ანტიპაპური იდეების ადამიანებს დაუყოვნებლივ
ასმენდნენ საჭირო ადგილას (უშუალო უფროსთან - გენერალთან, საინკვიზიციო
ტრიბუნალში და სხვ.).
იეზუიტებმა შექმნეს იმ დროისათვის გამორჩეული, განსაკუთრებული სკოლები–
„კოლეგიუმები“. მათი პედაგოგიური აღზრდის საფუძველს იეზუიტთა საზოგადოების
მომავალი წევრის მრავალმხრივი მომზადება, კათოლიკური ეკლესიის ფანატიკური
6
ერთგულების საფუძველზე საერო და სასულიერო მეცნიერებების დაუფლება
შეადგენდა. გარდა ამისა, იეზუიტური აღზრდა გულისხმობდა საყოველთაო
თვალთვალის, დასმენის და მკვლელობის ხელოვნების დაუფლებასა და სრულყოფას.
იეზუიტთა აღზრდა და საქმიანობა ეფუძნებოდა უფროსისადმი ქვემდგომის უსიტყვო,
მონურ მორჩილებას. ლოიოლას დარიგებაში ნათქვამი იყო: „ქვეშევრდომი ისევე უნდა
ემორჩილებოდეს უფროსს, ვითარცა გვამი, რომელსაც თავს იქით უზამ, საითაც გინდა;
ვითარცა ჯოხი, რომელსაც შენს ნებაზე ატრიალებ, ვითარცა ცვილის ბურთულა,
რომელსაც შენს ნებაზე გასწევ და გამოსწევ, მისცემ სასურველ ფორმას“.
XVI-XVII საუკუნეებში იეზუიტებმა უდიდესი გავლენა მოიპოვეს როგორც
დასავლეთ ევროპაში, ისე აღმოსავლეთის ქვეყნებში (სამისიონერო საქმეები),
განსაკუთრებით კი ლათინურ ამერიკაში. 1591 წელს პაპმა გრიგოლ IV-მ სპეციალური
აქტით, ორდენს განსაკუთრებული, ფართო უფლებები მიანიჭა. იეზუიტთა ფართო
პროპაგანდისტულმა საქმიანობამ, პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობამ,
მრავალმხრივმა მოღვაწეობამ, თავისი შედეგებიც გამოიღო: ბევრი ადამიანი კვლავ
შემობრუნდა კათოლიკურ სჯულზე; სადაც შერყეული იყო კათოლიკობა, იეზუიტთა
წყალობით განამტკიცდა. ზოგიერთ ქვეყანაში იეზუიტებმა თავიანთი პოლიტიკური
მმართველობაც კი დაამყარეს (იეზუიტთა მმართველობა პარაგვაიში 1610-1768
წლებში).
მიუხედავად ამისა, იეზუიტებს, რასაკვირველია, არ შეეძლოთ შეეჩერებინათ ახალი
აზროვნების დამკვიდრებისა და კათოლიკური ეკლესიის ნგრევის შეუქცევადი
პროცესი. XVIII-XIX საუკუნეებში, იეზუიტთა ორდენის საქმიანობა ევროპის ბევრ
ქვეყანაში აიკრძალა (განსაკუთრებით ნაპოლეონის ეპოქაში). თანამედროვე ეპოქაშიც
არსებობს იეზუიტთა საზოგადოება, მაგრამ უკვე სახეშეცვლილი, ტრანსფორმირებული
და შეცვლილი ცხოვრების წესით.

You might also like