Professional Documents
Culture Documents
2. მითოსური დრო
2. მითოსური დრო
ადამიანმა აღმოაჩინა სამყაროს ოთხი მხარე, თითეოულს თავისი მნიშვნელობა მიანიჭა, გამოსახა
იგი ორი ურთიერთგადამკვეთი წრფით, თავისი თავი კი ამ გადაკვეთათა ცენტრში მოათავსა.
სივრცე დაჰყო სამგანზომილებიან თანაბარ მონაკვეთებად და ამ დაყოფის დროსაც თავისი თავი
ისევ ცენტრში მოაქცია; ქვესკნელი – დედამიწა (ე.ი. ადამიანი) _ ზესკნელი. ამ სივრცობრივ
ზონებს დროითი პარამეტრები შეუსაბამა: წარსული, აწმყო და მომავალი, რასაც ხალხის
გენეალოგიაც დაუკავშირა _ წინაპრები, დღევანდელნი და მომავალნი. შეიძლება ითქვას, რომ ეს
სამყაროს იდეალურად მოწესრიგებული ფორმაა, რომლის მხატვრულ სახეს წარმოადგენს
კოსმიური ხე, ქართულ სინამდვილეში არსებული დედაბოძი და მასთან დაკავშირებული
პრაქტიკული, მხატვრული და მითოლოგიურ-რელიგიური ტრადიციული ცერემონიები _
საქორწინო, მიცვალებულის კულტთან და ნაყოფიერებასთან დაკავშირებული და ა.შ.
დედაბოძი შედგება ორი სიტყვისაგან: "დედა" და "ბოძი". "დედა" მშობელია, დასაწყისია რაღაც
ახლის. "ბოძი" სულხან-საბასთან განმარტებულია, როგორც მონაცემი, საბოძვარი, ბოძებული,
მონიჭებული, მცირე სვეტი. ბოძიდან წარმოებული სიტყვები თავისი მნიშვნელობით რაღაცის
ბოძებას, ჩუქებას, მინიჭებას ნიშნავს: საბოძვარი - "უადრესთაგან მისაცემელი", ბოძებული და ა.შ.
საინტერესოდაა განმარტებული “დრო”: “დრო” ესე არს ჟამთა კეთილავობისა სახელი, ვინათგან
ვიტყვით: იმა მეფისა ჟამსა კეთილ დრო მაქვნდა და ან დრო არს ანუ უდროო და ეგევითარნი”.
ერთ შემთხვევაში დროს აქვს მსაზღვრელი, შემდეგ მსაზღვრელის გარეშე იხმარება, მაგრამ
იმავეს (კეთილ დროს) გულისხმობს. ამით “დროს” შინაარსი ფართოვდება. “ჟამი ნაწილი არს
დღისანი, ხოლო დრონი უხნიერესნი ჟამთანი, რამეთუ ერთსა დროსა შინა მრავალნი ჟამნი
წარხდებიან.” ჟამი დროში შედის, მაგრამ დროს მარადიულობის მნიშვნელობაც შეიძლება
მიენიჭოს, მთავარია, რომ “დრო” სიკეთესთან ზიარებას გულისხმობს, უდროობა სიკეთის
მოკლებას. დრო _ სიკეთე, ან დრო _ ბოროტება, შეიძლება სივრცესაც გულისხმობდეს და
შიძლება ერთგვარი ქრონოტოპიული გააზრება ვიგულისხმოთ, ამის კარგი მაგალითია _
“წუთისოფელი”. წუთი დროის ძალზე მცირე მონაკვეთია “ერთი წამი სამეოც წუთია _ დღე,
საწუთო, საწუთრო”. საწუთოსა და საწუთროზე ამბობს: “გინა ე[ს] სოფელი”. სოფელს კი ასე
განმარტავს საბა: “სამ სახედ ითქმის: საუკუნო იგი სოფელი და წუთისოფელი და კაცის ბუნებაც
სოფლად ითქმის”. ისტორიულ წყაროებსა და დოკუმენტებში “სოფელი” მრავალი
მნიშვნელობითაა ნახმარი: სოფელი, როგორც მთელი მსოფლიო, სამყარო, როგორც სააქაო და
საიქიო ცხოვრების აღმნიშვნელი: “აცხოვნე ყოველი სოფელი...” “..სადაცა იქადაგოს სახარება ესე..
მუნცა ითქმოდის ყოველსა სოფელსა”, “..გრწმენიან იესო ქრისტე.. ცხოვრებისათვის ყოვლისა
სოფლისა ხორცითა მოსრული..”, "...თვით უნდა ხსნა სოფლისა...”, “...რა(მეთუ) მრავალნი
წყალობანი ჰყუნა ჩემ ზ[ედ]ა სოფელსა ამასა შინა...”, “...დღეთა შ(ინ)ა სიკუდილისა და სოფლით
განსვლისა მისითა...”.
სოფელი, როგორც ქვეყანა, მხარე, დაბა: “ ..იყვნენ სოფლისა მის კაცნი ცეცხლისა და წყლის
მსახურ...”. “...არავინ იპოვა სხუა, მსგავსი მისი, იონთა სოფელსა შინა..”, “...რომელთა დაიპყრეს
სოფელი...”, “...რომლისა სოფლისანი ხართ...”, “...ივლტოდა ყოველი კაცი ქალაქად და
სოფლად...”, “...რომელი სოფელსა შუა აღაშენა...”, “...რათა დაუტევონ სოფლები და ქალაქები...”,
“...ვთხოვე [ლ]ნ ოთხნი სოფელნი...”, “...და მონასტ[ე]რნი და ს[ო]ფ[ე]ლნი, რომელ მე მომიგიან...”.