You are on page 1of 5

მაღალი რენესანსი: ხელოსნობიდან ჭეშმარიტ ხელოვანობამდე

ნიცშეს ზარატუსტრა შემოქმედის გზაზე შემდგარს შემდეგ კითხვებს უსვამს: ,,ხარ


ახალი ძალა და ახალი უფლება? პირველი ძვრა? ბორბალი თვით ძრული?
შესძლებ ვარსკვლავნი აიძულო შენს ირგვლივ ბრუნვად? .... თავს თავისუფალს
უწოდებ? მსურს მოვისმინო შენი უფალი აზრი და არა ის, რომ უღელი
მოგიშორებია. ხარ კი მათგან, რომელთ უფლება აქვთ უღლის მოშორებისა?
ვიეთთ დაუკარგავთ უკანასკნელი ღირებულება, ოდეს მორჩილება დაუკარგავთ “.
რენესანსი მსოფლიო ხელოვნების ისტორიის მწვერვალია. იგი სამი ეტაპისგან
შედგება ტრეჩენტო, კვატროჩენტო და ჩიკვეჩენტო. ტერმინი ,,რენესანსი“
ხელმეორედ დაბადებას, აღორძინებას ნიშნავს. მის ფარგლებში ხელმეორედ
დაიბადა ანტიკური კულტურა, რომლის ცენტრში ადამიანი და მიწიერი ცხოვრება
დგას, თუმცა დაიბადა ,,ახალ ძალად და ახალ უფლებად“. ჩიკვეჩენტო, რენესანსის
დამაგვირგვინებელი ეტაპი, მეთექვსმეტე საუკუნიდან იწყება და მაღალი
რენესანსის სახელით არის ცნობილი.
ამ პერიოდში ხელოვანი უკვე აღარ არის ხელოსანი, რომელიც დამკვეთზეა
დამოკიდებული. იგი ოსტატია, რომელსაც ცოდნის ფართო თვალსაწიერი აქვს,
იცის მათემატიკა, ანატომია და სამყაროს კანონების მკვლევარია. სახელოვანი
ოსტატის დასაქმებისთვის სხვადასხვა ცენტრები ერთმანეთს ებრძვიან , რაც მას
საშუალებას აძლევს როლები შეცვალოს - თავად აირჩიოს სასურველი შეკვეთა და
შემკვეთის ჭკუაზე აღარ იაროს. გომბრიხი თავის ,,ხელოვნების ამბავში“ წერს, რომ
რთული სათქმელია, თუ რამდენად სასიკეთო იყო ხელოვანებისთვის ამგვარი
ძალმოსილება, თუმცა იმასაც აღიარებს, რომ ამას ,,უზარმაზარი, აქამდე
დაფარული ენერგიის ამოქმედება მოჰყვა“. შესაძლოა, სწორედ ეს ენერგიაა
პასუხი კითხვაზე, როგორ შეიძლება რომ ამდენი გენიოსი ერთ ეპოქაში გაჩნდეს .
მათ თავისუფლება მოიპოვეს და იქნებ სწორედ თავისუფლების მოპოვებაა ის , რაც
შობს ქაოსს, რომელშიც, ისევ ნიცშეს სიტყვებით რომ ვთქვათ, უნდა დაიბადოს
,,მოცეკვავე ვარსკვლავი“. ,,ძალაუფლების ნება“, ,,მქმედობა“, რომლითაც
ჩიკვიჩენტოს პერიოდის შემოქმედები გამოირჩევიან, ნამდვილად აქცევს მათ
იმად, ,,რომელთაც აქვთ უღლის მოშორების უფლება“.
თავისუფლება, რომელმაც ხელოსნები ჭეშმარიტ ხელოვანებად გარდაქმნა ,
ყველაზე უკეთ არქიტექტურაში გამოიკვეთა. ამ პერიოდის არქიტექტორებს დიდად
არ ანაღვლებდათ შენობის პრაქტიკული დანიშნულება, კლასიკური ,,ორდერის
წესები“ და ტრადიციები. ჭეშმარიტად ხელოვანთათვის მთავარი მიზანი
პროპორციების სილამაზე, თანაბარზომიერება, სრული სიმეტრია იყო და
წარმართულ ტაძრებსა და ტრიუმფალურ თაღებში პოულობდნენ შთაგონებას.
ამის პირველი და ყველაზე კარგი მაგალითი დონატო ბრამანტეა, რომელმაც
რომის პაპის სახით წმინდა პეტრეს ტაძრის ახლებურად აგებისთვის დამკვეთი
იშოვა. ბრამანტეს შემორჩენილი ძეგლებიდან ერთ-ერთია მონტორიოს წმინდა
პიეტროს ეკლესია, რომელსაც ტემპიეტო უწოდა.
წმინდა პეტრეს ახალ ტაძარს, უნდა დაერღვია ათასწლოვანი ტრადიცია, რომლის
მიხედვითაც ეკლესიას წაგრძელებული ფორმა უნდა ჰქონოდა და მლოცველს
აღმოსავლეთისკენ ეცქირა. მან ჩაიფიქრა კვადრატული ეკლესია, ჯვრული
დარბაზის გარშემო სიმეტრიულად ოთხკუთხივ განლაგებული სამლოცველოებით ,
რომელსაც უზარმაზარ თაღებზე დაყრდნობილი გუმბათი დაეყრდნობოდა. ამ
გზით ერთმანეთს შეერწყმებოდა კოლისეუმისა და პანთეონის მხატვრული
ეფექტები. ეს ამბიციური პროექტი კიდევ უფრო ამბიციურ ფულად რესურსს
საჭიროებდა, რამაც ინდულიგენციებით ვაჭრობის იდეა გააჩინა და ბევრი
მოწინააღმდეგე გაუჩინა პროექტს. ბრამანტეს გეგმის აღსრულება შეუძლებელი
ჩანდა და იგი დავიწყებას მიეცა, თუმცა მხოლოდ დროებით, რადგან ეპოქაში,
რომელმაც ლეონარდო და ვინჩი, მიქელანჯელო და რაფაელი შვა, ყველაფერი
შესაძლებელი გახდა.
ლეონარდო და ვინჩი ცნობილი ოსტატის ანდრეა დელ ვეროკიოს შეგირდი იყო,
რომელმაც ბევრი ნიჭიერი ხელოვანი აღზარდა, თუმცა ლეონარდო არ იყო
უბრალოდ ნიჭიერი ოსტატი. მხატვრის, არქიტექტორის და მოქანდაკის გარდა, ის
იყო მკვლევარი, გამომგონებელი, მათემატიკოსი, ბოტანიკოსი, ინჟინერი,
ანატომი, მუსიკოსი, მწერალი... მოკლედ, დიდი ექსპერიმენტატორი... ამ
ყველაფრის სინთეზმა ხელოვნებაში შექმნა სიმაღლე, რომელზე მაღლაც
აღარაფერია. მისი გამონათქვამი - ,,ხელოვნების ნიმუში შეუძლებელია
დაასრულო, ის უნდა მიატოვო“, სრულყოფილების ამ ხარისხთან მიახლოებას
გულისხმობს ალბათ. ოსტატი ხშირად არ ასრულებდა დაკვეთას ბოლომდე და
ამტკიცებდა, რომ მხოლოდ თვითონ აქვს უფლება გადაწყვიტოს მისი ქმნილება
დასრულებულია თუ არა.
ლეონარდოს ნამუშევრებიდან ჩვენამდე ძალიან ცოტამ მოაღწია. ერთ-ერთი
ყველაზე ცნობილი მილანის სანტა მარია დე ლა გრაციეს კედელზე დახატული
საიდუმლო სერობაა. იგი მთელ კედელს ფარავს ისე, რომ სიღრმეში თითქოს
ახალი დარბაზი კეთდება და, მიუხედავად დაზიანებისა, ისე გნუსხავს, რომ
ფიქრობ, ალბათ თავდაპირველად იმდენად რეალური იქნებოდა, თან ისე ახლოს,
მოგეჩვენებოდა, შესვლა და ამ საბედისწერო ვახშამზე დასწრება შემიძლიაო.
გარდა იმისა, რომ ლეონარდო ამ სცენის დახატვის ყველა სტანდარტს არღვევს,
ქრისტეს წინასწარმეტყველებით გამოწვეული ქაოსი, დრამატიზმი, მღელვარება,
იმგვარადაა გადმოცემული, რომ წარმოუდგენელი ჰარმონია სუფევს. ხაზოვანი
კომპოზიციისა და რეალიზმის შერწყმა, რომლის მიღწევასაც ათასგვარი
საშუალებით ცდილობდნენ აქამდე მხატვრები, ლეონარდომ მარტივად მოახერხა
- სწორი ნახატი და დაკვირვების სიზუსტე დათმო და სინამდვილე გააცოცხლდა.
ტექნიკური შესრულებისა და ანატომიის სრულყოფილი ცოდნის გარდა,
საიდუმლო სერობა გვნუსხავს ადამიანის ფსიქოლოგიის, მისი ქცევებისა და
რეაქციების, ხასიათის საიდუმლოებაში წვდომითა და საოცრად რეალური
გადმოცემით, რომელიც ლეონარდოს გენიალურობის კიდევ ერთი მდგენელია.
მონა ლიზა, რომლის ხსენების გარეშე და ვინჩის ვერ ჩავუვლით, იმდენად
პოპულარული გახდა, ძნელად თუ მოიპოვება ადამიანი, ვისაც იმდენჯერ არ
ქონდეს მისი რეპროდუქცია ნანახი, ახალი თვალით შეხედვა არ უჭირდეს. ამან
ნაწარმოები ცოტათი ,,გაცვითა“ და დააზარალა, თუმცა ლუვრში შესულ ადამიანს,
მასთან პირისპირ შეხვედრა დღემდე შიშსაც კი გვრის ხოლმე იმდენად ცოცხალია.
იგი არა მარტო გელაპარაკება, არამედ ყოველ შეხედვაზე სხვადასხვა რამეს
გეუბნება და ბოლომდე მაინც ეჭვი გრჩება სწორად გამოიცანი თუ არა რის თქმა
სურდა - დაგცინის, თანაგიგრძნობს თუ უბრალოდ სევდიანია.
თუკი აქამდე ფიგურის ზუსტად, დეტალ-დეტალ გადმოცემის, პერსპექტივების
აგების მცდელობაში სხვა მხატვრების ნახატები შეშდებოდა და ქანდაკებას
ემსგავსებოდა, გადაშლილი კონტურებითა და გაურკვეველი, თითქოს ჩრდილში
შთანთქმული ფორმებით მონა ლიზამ ნამდვილი და ამავდროულად იდუმალებით
სავსე გამომეტყველება შეიძინა (დავინჩის ეს მიგნება სფუმატოს სახელით არის
ცნობილი). უძველესი დროიდან ადამიანები ფიქრობდნენ, რომ მხატვარს შეეძლო
საკუთარ ნახატში გამოსახული ადამიანის სულის გამოჭერა და შესაძლოა ,
ლეონარდომ ეს მართლაც მოახერხა. ალბათ ამიტომაც არის მისი სახელი და
ქმნილებები ამდენი ლეგენდის და მისტიფიკაციის ობიექტი.
თუკი და ვინჩიმ ტილოებზე სულების გამომწყვდევა მოახერხა, ქვებიდან მათი
გამოთავისუფლების საქმე მიქელანჯელო ბუონაროტიმ აიღო თავის თავზე.
მიქელანჯელოც არ ყოფილა მხოლოდ მოქანდაკე, ფერმწერიც იყო და პოეტიც,
თუმცა უფრო მეტად ქანდაკება იზიდავდა. ცნობილია, რომ თვეების განმავლობაში
დადიოდა კარარას მარმარილოს საბადოში და მხოლოდ იმ ქვებს ეძებდა,
რომელშიც თავის მომავალ ქმნილებას დაინახავდა. 30 წლისას უკვე შექმნილი
ჰქონდა ,,პიეტა“, ,,დავითი“და მასზე 23 წლით უფროს ლეონარდოსთანაც კი იყო
გაპაექრებული საბჭოს დარბაზის კედლების მოხატვაში.
მიქელანჯელო იმდენად იყო ქანდაკებებით გატაცებული, ძალიან გაბრაზდა , როცა
პაპმა გეგმები შეცვალა და აკლდამის აგების ნაცვლად სიქსტეს კაპელას კამერის
მოხატვა დაავალა. თავიდან უარს ამბობდა, რადგან იმასაც კი ფიქრობდა,
მტრების დამსახურებით მიიღო ეს არახელსაყრელი შეკვეთა. საბოლოოდ,
გამოწვევას დასთანხმდა, კაპელაში გამოიკეტა ოთხი წლით და მარტომ, ჰაერში
გამოკიდებულმა და ზურგზე მწოლიარემ მსოფლიოს ახალ საოცრებებს შორის,
ერთ-ერთი საოცრება შექმნა. ეს არის ძველი აღთქმის წინასწარმეტყველთა
გამოსახულებები, რომლებიც ქრისტეს მოსვლას იუწყებიან, წიგნებსა თუ თავის
თავში ჩაღრმავებული სიბილები, ბიბლიაში ჩამოთვლილი ქრისტეს წინაპრები,
ქალების, მამაკაცების, ბავშვების მრავალფეროვანი ფიგურები, რომელსაც
შესაქმისა და ნოეს სცენები აგვირგვინებს. ცენტრში ადამის შექმნაა გამოსახული .
ეს საოცარი ფიგურები მიქელანჯელოს საოცარ ნიჭს ქანდაკებაში - გამოესახა
სხეული ნებისმიერ პოზაში ისე, რომ ყველა მხრიდან სრულყოფილი ყოფილიყო,
ფერწერაშიც ამხელს. რთულია აღწერო სიქსტეს კაპელა ისე, რომ პათეტიკური არ
გამოგივიდეს. გნუსხავს არა მარტო ტალანტი და ოსტატობა, არამედ
წარმოუდგენელი ფიზიკური ძალისხმევა და ნებისყოფა ადამიანისა, რომელმაც ეს
ყველაფერი დახმარების გარეშე, მარტომ გააკეთა, მერე კი უბრალოდ ადგა და
თავის ქანდაკებებს მიუბრუნდა.
სიქსტეს კაპელის დასრულებიდან მალევე მიქელანჯელომ ,,მომაკვდავი მონა ’’
შექმნა, თუმცა 40 ქანდაკებიანი აკლდამა, რომელიც მისი ახალგაზრდობის ოცნება
იყო, ოცნებად დარჩა. იულიუს II გარდაიცვალა, თვითონ კი იმდენად გაითქვა
სახელი, ყველა პაპი მისით ცდილობდა უკვდავყოფას და მთელი ცხოვრების მათ
სამსახურში გაატარება მოუწია. საბოლოოდ, მისი მეტოქის - ბრამანტეს დაწყებულ
წმინდა პეტრეს ტაძარს სრულიად უსასყიდლოდ დაადგა გუმბათი, რომელიც
თავზე დაჰყურებს რომს და დღემდე მნახველთა გაოცებას იწვევს.
მაღალი რენესანსის ეპოქაში, ლეონარდოსა და მიქელანჯელოს ფონზე მხატვრად
თავის დამკვიდრება ადვილი არ იყო, მით უმეტეს ისეთ მხატვრად, რომელმაც
თავისი ორბიტა შექმნა და შემდგომი თაობისთვის სრულყოფილების სტანდარტად
იქცა. მხატვარი, რომელმაც ეს მოახერხა რაფაელი გახლდათ. მის მიერ შექმნილი
მადონები კლასიკად იქცა და ახლა, ჟურნალებიდან ამოჭრილს, შესაძლოა
სალოცავ ხატადაც შეხვდეთ სადმე. ვატიკანის ,,სტანცების“ ფრესკებს, რომლის
გამოსახულებებიც ადამიანების ზომის არიან, სულ სხვა სამყაროში გადაჰყავთ
მნახველი. მისი ნიმფა გალატეა, სადაც მან ფიგურების განლაგების ოსტატობითა
და სრულყოფილი კომპოზიციით თავისუფლად მოძრავი განსხვავებული
სხეულების ერთი ფიგურაში, ყველა ხაზის ერთ წერტილში, ზუსტად ცენტრში
მდებარე გალატეას სახეში თავმოყრა მოახერხა, გულგრილს ვერ ტოვებს
ხელოვნების ვერცერთ თაყვანისმცემელს. საინტერესოა ისიც, რომ რაფაელი არ
დაეძებდა რეალურ მოდელებს, საკუთარი წარმოსახვაში ნაშობი ფიგურებით
ქმნიდა სრულყოფილ სილამაზეს, თუმცა მათში არაფერი ,,ნაანგარიშები“ და
ხელოვნურად გაიდეალიზებული არ იყო.
ბრამანტეს გარდაცვალების შემდეგ რაფაელი არქიტექტორი გახდა, წმინდა
პეტრეს ტაძრის მშენებლობაში ჩაერთო და კარდინალობასაც
უწინასწარმეტყველებდნენ, თუმცა ძალიან ახალგაზრდა, 37 წლისა გარდაიცვალა.
მაღალი რენესანსის ბევრი ნიჭიერი მხატვარი ,,დაიკარგა“ ლეონარდოს,
მიქელანჯელოსა და რაფაელის გენიის ფონზე, თუმცა თავად ეპოქას მხოლოდ ეს
სამიც ეყოფოდა იმისთვის, რომ პირველქმნილ ხელოვანს - ბუნებას თამამად
გასჯიბრებოდა შემოქმედებაში.
დოდო გოგოხია

გამოყენებული ლიტერატურა: ე.ჰ. გომბრიხი, ხელოვნების ამბავი, მეთექვსმეტედ


გადამუშავებული გავრცობილი გამოცემა

You might also like