You are on page 1of 3

ბოლო დამუშავება: 28 იანვარი, 2016

მუხლი 156. მფლობელობის შეწყვეტა


მფლობელობა ითვლება შეწყვეტილად, თუ მფლობელი სამუდამოდ თმობს ნივთს ან
სხვა გზით კარგავს ნივთზე ფაქტობრივ ბატონობას.

I. ზოგადი დებულებები ................................................................................................................................ 1


II. ნორმის წინაპირობები ................................................................................................................................ 1
1. მფლობელობის შეწყვეტის ნება ............................................................................................................ 1
2. მფლობელობის შეწყვეტის სახეები ..................................................................................................... 2
III. მტკიცების ტვირთი ..................................................................................................................................... 3

I. ზოგადი დებულებები

156-ე მუხლი წარმოადგენს 155-ე მუხლის ლოგიკურ შედეგს და იგი აწესრიგებს მოძრავ 1
და უძრავ ნივთებზე მხოლოდ პირდაპირი მფლობელობის შეწყვეტას. მფლობელობის
შეწყვეტის არსი მდგომარეობს, ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის ნებით დასრულებაში.
მუხლის დანაწესი ეხება როგორც ერთპიროვნულ მფლობელობას, ისე
თანამფლობელობას. როგორც წესი, მფლობელობის შეწყვეტისათვის საჭიროა
მფლობელის მიერ გარეგნულად შესაცნობი ქმედება ფაქტობრივი ბატონობის შეწყვეტის
თაობაზე. აღნიშნული განისაზღვრება საყოველთაო შეხედულების საფუძველზე.
მხოლოდ პირის სურვილი, შეწყვიტოს ნივთზე მფლობელობა, საკმარისი არ არის.

II. ნორმის წინაპირობები

1. მფლობელობის შეწყვეტის ნება

მფლობელობის შეწყვეტის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს პირის ნება 2


შეწყვიტოს მფლობელობა ნივთზე. მფლობელობის შეწყვეტის ნებაზე, ისევე როგორც
მფლობელობის მოპოვების ნებაზე, არ გამოიყენება სამოქალაქო კოდექსის წესები ნების
გამოვლენის შესახებ. ასეთი ნების გამოვლენისათვის პირს უნდა ჰქონდეს ნების
გამოვლენის ბუნებრივი უნარი და არა გარიგების ნამდვილობის აუცილებელი ნების
გამოვლენის უნარი. ასეთი უნარის მატარებელი არის ქმედუუნარო პირიც.
გამომდინარე აქედან, შეუძლებელია მფლობელობის შეწყვეტისათვის გამოვლენილი
ნების შეცილება, ვინაიდან ნივთზე მფლობელობის შეწყვეტა არის ფაქტობრივი
პროცესი და არა გარიგება.
3
სამართლებრივად მნიშვნელოვანია იმ შემთხვევების შეფასება, როდესაც მფლობელის
თავისუფალ ნებაზე ზეგავლენას ახდენს შეცდომა, მოტყუება, ძალადობა ან მუქარა.

1
ლევან თოთლაძე
ბოლო დამუშავება: 28 იანვარი, 2016

გავრცელებული შეხედულების თანახმად,1 მფლობელის თავისუფალი ნება არსებობს


შეცდომისა და მოტყუების შემთხვევაში. სადავო საკითხია მფლობელის თავისუფალი
ნების არსებობა მუქარის შემთხვევაში. მართალია, საკითხი კონკრეტული
შემთხვევისათვის დამახასიათებელი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად
უნდა გადაწყდეს, მაგრამ მფლობელის თავისუფალი ნების საწინააღმდეგოდ უნდა
ჩაითვალოს მუქარის ის შემთხვევები, როდესაც მუქარა მფლობელის მიმართ იწვევს
განსაკუთრებით ძლიერ სულიერ იძულებას, როგორც ეს მოცემულია დაუძლეველი
ფიზიკური ძალის შემთხვევაში.

2. მფლობელობის შეწყვეტის სახეები

4 სამოქალაქო კოდექსი მფლობელობის შეწყვეტის ორ ალტენატივას განსაზღვრავს.


კერძოდ, ნივთის მფლობელის მიერ ნების გამოვლენის საფუძველზე მფლობელობის
დათმობა სამუდამოდ და სხვა გზით ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის დაკარგვა.
მფლობელობის შეწყვეტის ამ ორ ალტერნატივას შორის გამიჯვნა მნიშვნელოვანია,
ვინაიდან მათ განსხვავებული სამართლებრივი შედეგების გამოწვევა შეუძლიათ. სხვა
გზით ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის დაკარგვა, როგორც მფლობელის ნების
საწინააღმდეგოდ განხორციელებული ქმედება, გამორიცხავს ნივთის კეთილსინდისიერ
შეძენას (187 II).

5 ა) ნივთის სამუდამოდ დათმობა შეიძლება განხორციელდეს მფლობელის მოქმედებით


ან უმოქმედობით. მაგალითად, ნივთის გასხვისების ან მფლობელის მიერ სხვა
პირისათვის ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის გადაცემის შედეგად (მაგალითად, 186 I ).
საკითხი იმის შესახებ, მფლობელმა ნივთი დათმო თუ სხვა პირს მხოლოდ ნივთზე
თანამფლობელობა მიანიჭა, უნდა გადაწყდეს კონკრეტული შემთხვევის გარემოებების
შეფასების საფუძველზე.

6 ბ) სხვა გზით ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის დაკარგვა ნიშნავს მფლობელის ნების


გარეშე ან მისი ნების საწინააღმდეგოდ განხორციელებულ ქმედებას. მაგალითად,
მფლობელის მიერ ნივთის დაკარგვა, მესამე პირის მიერ ჩარევა (ქურდობა, ყაჩაღობა) ან
ფაქტობრივი გარემოებების დადგომა, რომელსაც თან სდევს მფლობელობის შეწყვეტა,
მაგალითად გემის ჩაძირვა. მხოლოდ გარდამავალი ხასიათის წინააღმდეგობა ნივთზე
ფაქტობრივი ბატონობის განხორციელებისას არ იწვევს მფლობელობის შეწყვეტას.2
მნიშვნელოვანია, თუ რამდენად ხანგრძლივია ფაქტობრივი ბატონობის დაკარგვა და
რამდენად არის მოსალოდნელი მფლობელობის განხორციელების შესაძლებლობა.3
მფლობელობის შეწყვეტა არ არის მოცემული ისეთი დროებითი წინააღმდეგობის

1 Joost/MüKo. 6. Aufl. 2013. § 856 Rn. 7.


2 ზოიძე, სკ-ის კომენტარი, თბილისი, 1999, წიგნი II, მუხ. 156, გვ. 51.
3 Bassenge, in Palandt BGB Komm. 63. Aufl. § 856. Rn. 4.

2
ლევან თოთლაძე
ბოლო დამუშავება: 28 იანვარი, 2016

შემთხვევებში, როგორიცაა დროებით საცხოვრებელი სახლის მიტოვება ან ქარაფზე


გემის გაჩერება.

III. მტკიცების ტვირთი

მფლობელობის შეწყვეტის შესახებ მტკიცების ტვირთი ეკისრება იმ პირს, ვინც 7


მფლობელობის შეწყვეტის სამართლებრივ შედეგებზე მიუთითებს.

3
ლევან თოთლაძე

You might also like