You are on page 1of 7

პირველი შუალედური

სტუდენტი: ლინა ბადაშვილი

კურსი: ფილოსოფიის ისტორია 2

კურსის ხელმძღვანელი: ელენე ლადარია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

თბილისი,2022
1. განმარტეთ ,,მონადოლოგიის“ მე–6 პუნქტი

,,ამრიგად, შეიძლება ითქვას, რომ მონადებისთვის შესაძლებელია გაჩენა და დაღუპვა


მხოლოდ უცბად, ერთი დაკვრით, ე.ი. მონადებს შეეძლოთ ყოფნის დაწყება მხოლოდ
შექმნის საშუალებით და ყოფნის შეწყვეტა მხოლოდ არარაობად ქცევის საშუალებით;
ნაცვლად ამისა ის, რაც რთულია, იწყებს და შესწყვეტს ყოფნას ნაწილ–
ნაწილად.“(ლაიბნიცი. ,,მონადოლოგია“. მე–6 პუნქტი)

,,მონადოლოგიის“ მე–6 პუნქტი რომ განვმართოთ, ამისთვის საჭიროა წინამდებარე


პუნქტების ხსენება და განხილვაც, ვინაიდან, თუ ნაბიჯ–ნაბიჯ არ მივალთ მეექვსე
პუნქტამდე, გაგვიჭირდება ასე ამოგლეჯილად რაიმეს განმარტება. ,,მონადოლოგიის“
ანალიზისთვის საჭიროა ასევე იმის გარკვევა და ხაზგასმა, რომ
ლაიბნიცისთვის( როგორც სხვა ზოგიერთი ფილოსოფოსისა და ასევე
თეოლოგებისთვის) ერთადერთი განუყოფელი სუბსტანცია არის სული( როგორც ჩვენი
ცნობიერება), რადგან ის არ არის მატერიალური, ხოლო სხვა ყველაფერი, რაც
მატერიალურია, შეუძლებელია არ იყოს დაყოფვადი, ხოლო სული, ვინაიდან ის
არამატერიალურია– არც დაყოფვადია (ე.ი. არც ნაწილებისგან არ სდგება. ეს იმიტომ,
რომ შეუძლებელია ისეთი რამის დაყოფვა, რასაც ნაწილები არ გააჩნია).

საჭიროა განვსაზღვროთ რა არის მონადა– ლაიბნიცის ,,მონადოლოგიიდან“ ( რომ


შევაჯამოთ) ვიგებთ, რომ მონადა არის ,,მარტივი სუბსტანცია[...], ბუნების ნამდვილი
ატომები[...] საგნის ელემენტები.“ (ლაიბნიცი, 21). თევზაძის ანალიზში მონადების
შესახებ ვკითხულობთ, რომ მათი (მონადების) შექმნა, ღმერთის თავისუფალ ნებაზეა
დამოკიდებული და ისინი სამყაროს სულიერი ელემენტებია( თევზაძე, 129). ასევე– ,,
სამყარო[...] სხვადასხვა დონის ცნობიერებებისგან შედგება, რომელთაც ლაიბნიცი
მონადებს უწოდებს“(თევზაძე, 130). ეს ყველაფერი რომ გავაერთიანოთ, გამოდის, რომ
მონადა არის რაღაც მარტივი, უნაწილებო ელემენტი, რომლისგანაც შედგება
ცნობიერებები(გინდაც სულები). მონადები არიან მარტივი ელემენტები, რომელთა
დაყოფვა შეუძლებელია, რადგან რთული, ანუ რაც დაყოფვადია, რასაც ნაწილები
გააჩნია, შედგებიან მონადებისგან და ამ რთულის დანაწილება შეიძლება მარტივებად–
ანუ მონადებად, ხოლო მონადა, ვინაიდან ის აღარ არის რთული, ვეღარ დაიყოფა.
მონადა თავის თავში გულისხმობს დაუყოფელ, უნაწილო სუბსტანციას.

გადავიდეთ უშუალოდ მეექვსე პუნქტზე და მივყვეთ ნაბიჯ–ნაბიჯ:

,,ამრიგად, შეიძლება ითქვას, რომ მონადებისთვის შესაძლებელია გაჩენა და დაღუპვა


მხოლოდ უცბად, ერთი დაკვრით“– ე.ი. მონადები ნაბიჯ–ნაბიჯ კი არ იქმნება და მას კი
არ გააჩნია რაიმე საფუძველი, საძირკველი, რომელზეც რაიმე დაშენდება, არა, პირიქით–
ისინი ჩნდებიან ერთიანად, უცბათ( თითქოს ,,ჰოპ“ და გაჩნდა). ასევეა მათი დაღუპვა,
ისინი უცბათ უნდა დაიღუპონ– ,,ერთი დაკვრით“, რადგან ნაწილებად ვერ
დაიშლებიან, ერთიანად უნდა ,,გაქრნენ“.

,,მონადებს შეეძლოთ ყოფნის დაწყება მხოლოდ შექმნის საშუალებით და ყოფნის


შეწყვეტა მხოლოდ არარაობად ქცევის საშუალებით“– თევზაძის ანალიზში, იგივე
ნაწილში სქმნის ნაცვლად წერია შესაქმე. ჩემი აზრით, ეს უკავშირდება იმას, რომ
ლაიბნიცი თვლიდა, რომ მონადებს ქმნიდა ღმერთი( როგორც ზემოთ ვახსენე), მათ
შექმნას არ სჭირდება საფეხურები, ე.ი. ისინი ერთიანად შესაქმით, გინდაც შექმნით,
მთავარია რომ ერთიანად, ერთი ხელის დასმის იქმნება და მათი ყოფნის შეწყვეტა კი
არის უბრალოდ არარაობად ქცევა. არარობად ანუ არარად, არარსებულად. ვფიქრობ,
მონადების ყოფნის სეწყვეტა გულისხმობს მათ გაქრობას ( ისევ იმიტომ, რომ ისინი
უბრალოდ ვერ დაიშლებიან, შესაბამისად უნდა გაქრნენ, რომ აღარ არსებობდნენ).

,, ნაცვლად ამისა ის, რაც რთულია, იწყებს და შესწყვეტს ყოფნას ნაწილ–ნაწილად.“– ეს


კი ცხადია. თუკი მონადა არის მარტივი, მრავალი მონადისგან შემდგარი უკვე რთულია.
რაღაც მარტივის რთულად გადაქცევას სჭირდება ნაწილების დამატება, ანუ
მარტივიდან რთული ნაწილ–ნაწილ მიიღება. თუკი რთულია, ნიშნავს რომ მას გააჩნია
ნაწილები, ხოლო რასაც ნაწილები გააჩნია, მისი დაშლაც, ცხადია, ნაწილ–ნაწილ არის
შესაძლებელი.
2. რა განსხვავებაა შთაბეჭდილებებსა და იდეებს შორის? იდეების ასოციაციის რა
სამ პრინციპს იცნობს ჰიუმი? რით აიხსნება მიზეზშედეგობრიობის საკითხთან
დაკავშირებული მისი სკეპტიციზმი?

ჰიუმი თვლის, რომ ადამიანის გონების ყველა აღქმა შეგვიძლია გავყოთ ორ ჯგუფად,
ესენია: შთაბეჭდილებები და იდეები. ამ ორს შორის განსხვავება შემდეგი ციტატიდან
მკაფიოდ ჩანს – ,, შთაბეჭდილებებში“ მე ვგულისხმობ ყველა ჩვენს უცხოველეს
წარმოდგენას, როდესაც ვისმენთ, ვხედავთ, ვგრძნობთ, გვიყვარს, გვულს, გვწადს,
გვინდა.[...] იდეები წარმოადგენენ ნაკლებ ცხოველ აღქმებს, მათი ცნობიერება გვაქვს
მაშინ, როცა რეფლექსიას ვახდენთ რომელიმე ზემოხსენებულ შეგრძნებაზე ან
სულის ძვრაზე“( ჰიუმი,22). ეს ციტატა ცხადად გვეუბნება, რომ შთაბეჭდილებები
არის ის, რასაც უშუალოდ განვიცდით, ხოლო იდეა არის მასზე რეფლექსია ( სწორედ
ესაა ამ ორ ცნებას შორის განსხვავება). ასევე, ჰიუმთან ვკითხულობთ იმას, რომ
იდეები არის შთაბეჭდილებების ასლები, რადგან იდეა არის სუსტი, ხოლო
შთაბეჭდილება ძლიერი აღქმა( ჰიუმი,23). შთაბეჭდილება ჩნდება უშუალოდ
განცდისას, განცდები კი ჩვენში ჩვენდაუნებურად შემოდიან. მაგალითად, ტკივილის
შთაბეჭდილება( პირველადი განცდა) უფრო ძლიერია, ვიდრე შემდეგ მისი
გახსენება(იდეა). ჰიუმის აზრით, ყოველი იდეის საფუძველი არის შთაბეჭდილება,
ხოლო ის იდეები, რომლების საფუძველიც არ არის შთაბეჭდილება კარგავენ
ჭეშმარიტობაზე პრეტენზიის უფლებას ( თევზაძე,210).

ჰიუმის აზრით, იდეები ერთმანეთს უკავშირდება რამდენიმე განსხვავებული გზით.


თუნდაც საუბრისას, გინდაც სიზმრის ნახვისას, ოცნებისას, ცხადად თუ არცისე
ცხადად იდეების კავშირი მაინც არსებობს და თუ კარგად გამოვიკვლევთ ამ კავშირს
დავინახავთ( ეს იქნება იდეების ასოციაცია). ჰიუმი თვლის, რომ არსებობს იდეების
ასოციაციის სამი ძირითადი პრინციპი. ესენია– მსგავსების, დროსა და სივრცეში
მოსაზღვრეობისა და მიზეზის შედეგისა( მიზეზშედეგობრიობის). მსგავსების
შესახებ ჰიუმი წერს, რომ ,. მის გარეშე არ სეიძლება რასებობდეს რაიმე სახის სხვა
ფილოსოფიური მიმართება.“ ( ბაქრაძე, 280). ბაქრაძის ანალიზში ჰიუმის შესახებ,
ვკითხულობთ, რომ ,,ჩვენ არ გვჭირდება გრძნობათა მონაცემს გარეთ გასვლა, რათა
ეს მიმართებანი დავადგინოთ, მხოლოდ მიზეზობრიობის მიმართება წარმოადგენს
ისეთ კავშირს, რომლის საფუძველზე ჩვენ რაიმე ობიექტის არსებობიდან ან
მოქმედებიდან დავასკვნით, რომ მას წინ უსწრებდა ან მის შემდეგ ჩნდებოდა რაღაც
სხვა არსებობა ან მოქმედება“.( ბაქრაძე, 283) ე.ი. მსგავსებისა და დროსა და სივრცეში
მოსაზღვრეობის მიმართებებისას, ჩვენ უბრალოდ გვაქვს მოცემული რაღაც ფაქტები
და ჩვენით, დამოუკიდებლად არ გვიწევს რაღაც დასკვნების გაკეთება, ხოლო
მიზეზშედეგობრიობის მიმართებისას, ჩვენ ჩვენით ვასკვნით, როგორც ბაქრაძესთან
ვკითხულობთ, კონკრეტული ობიექტისა ან მოვლენის წინ ან შემდეგ რა ობიექტი ან
მოვლენა იყო ან/და იქნება. მიზეზშედეგობრიობის მიმართებისას, ჩვენ აღქმის გარეთ
გავდივართ და მოვიაზრებთ ისეთ საგნებსა და მოვლენებს რასაც უშუალოდ ვერც
ვხედავთ და ვერც ვეხებით.

ჰიუმს სკეპტიკოსად მოიხსენიებენ(აგნჯოსტიკოსთან ერთად..) მისი სკეპტიციზმი


ვრცელდება მიზეზშედეგობრიობის საკითხთან დაკავშირებითაც. ეს, ჩემი აზრით,
შეიძლება აიხსნას იმით, რომ ჰიუმი თვლის, რომ ადამიანები არასდროს გააკეთებენ
დასკვნას მოვლენათა შორის მიზეზშედეგობრიობის კავშირის შესახებ მხოლოდ ერთ
შემთხვევაზე დაყრდნობით (თევზაძე, 212). ადამიანებს, სჭირდებათ ცდაში
მოცემული რაღაც მოვლენა, რომელთან დაკავშირებითაც გვექნება მოლოდინი,
რადგან შეჩვეულები ვართ, რომ რაღაც კონკრეტულ მოვლენას უნდა მოჰყვეს რაღაც
სხვა კონკრეტული მოვლენა. ჩვენ ეს შედეგი აპრიორულად კი არ ვიცოდით
თავიდანვე, არამედ ერთიდაიგივე მიზეზით ერთიდაიგივე შედეგამდე მისვლის
გამოცდილებამ გვაჩვენა კონკრეტული მიზეზშედეგობრიობა. ე.ი. ადამიანს
ნებისმიერ შემთხვევაში სჭირდება რაღაც გამოცდილება ჰქონდეს, რომ კონკრეტულ
მიზეზს კონკრეტული შედეგი შეუსაბამოს, ამასთან, ჩვენ ვერასდროს გვეცოდინება
დარწმუნებით, რომ რაღაც შედეგი, რომელიც კონკრეტულ მიზეზს მოჰყვა ერთ
შემთხვევაში, აუცილებლად მოჰყვება სხვა შემთხვევებშიც, ამიტომაც უყურებს ამ
საკითხს სკეპტიკურად. გურამ თევზაძესთან ვკითხულობთ–,,სკეპტიკოსი,
კატეგორიულად უარყოფს ჩვენი ცოდნის ჭეშმარიტების დასაბუთების
შესაძლებლობას“ (თევზაძე, 203). ცხადია, ვერ გვექნება ჩვენი ცოდნის დასაბუთების
შესაძლებლობა მიზეზშედეგობრიობის მიმართებისას ზუსტად იმის გამო, რაც
ზემოთაც ვახსენე. ბილიარდის ბურთის მაგალითზე, ჰიუმი გვაჩვენებს, რომ ჩვენ, თუ
რაღაც ცდაში არ მოგვეცემა, მხოლოდ გონებით, მხოლოდ მსჯელობით, ვერ
დავასკვნით, რომელი შედეგი შეიძლება მოჰყვეს კონკრეტულ მიზეზს. თუმცა, უნდა
ვთქვათ ისიც, რომ მიუხედავად იმისა, ცდით რამდენად დამაჯერებლად
დასაბუთდება მიზეზშედეგობრიობის კავშირი, ჩვენ არ გავქვს არანაირი გარანტია
იმისა, რომ ყოველთვის, ყველა შემთხვევაში რაღაც კონკრეტულ მოვლენას იგივე
კონკრეტული შედეგი მოჰყვება, რაც ერთ შემთხვევაში. სწორედ ამ გარანტიის
უქონდლობის გამოა ჰიუმის დამოკიდებულება მიზეზშედეგობრიობის კავშირთან
მიმართებით სკეპტიკური. ჰიუმი წერს–,, არც იმის დასკვნა იქნება გონივრული, რომ
მხოლოდ იმის გამო, რომ ერთი მოვლენა წინ უძღვის მეორეს, ერთი მიზეზია და
მეორე შედეგი. მათი შეერთება შეიძლება ნებისმიერი და შემთხვევითი იყოს. არ
არსებობს რაიმე საბუთი, რომ ერთის არსებობა გამოვიყვანოთ იქიდან, რომ მეორეს
ვხედავთ.“(ჰიუმი,48). ამ ციტატიდანაც მყარდება ის არგუმენტი, რომელიც ზემოთ
გავაჟღერე.
გამოყენებული ლიტერატურა

ბაქრაძე, კოტე. ,,ახალი დროის ფილოსოფიის ისტორია“. თბილისის უნივერსიტეტის


გამომცემლობა. თბილისი, 1972წ.

თევზაძე, გურამ. ,,ახალი ფილოსოფიის ისტორია“. გამომცემლობა ,,ნეკერი“.


თბილისი,2012წ.

ლეიბნიცი. ,,მონადოლოგია“. სტალინის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის


გამომცემლობა. თბილისი, 1940წ.

ჰიუმი,დევიდ. ,,გამოკვლევა ადამიანის გონების შესახებ“. გამომცემლობა ,,carpe


diem”. თბილისი,2014წ.

You might also like