You are on page 1of 3

ტოკ შოუ

ტოქშოუ ეს არის დისკუსია მოწვეული სტუმრის/სტუმრების მონაწილეობით


(Talk_ლაპარაკი; show_ჩვენება).
დასავლეთში XX საუკუნის 60-იანი წლებიდან დღემდე არაერთი ტოქშოუ შეიქმნა. მათი
დიდი ნაწილი, ქართული ტელესივრცის პროდუქციისგან განსხვავებით, პოლიტიკური არ
არის და უფრო შემეცნებით-გასართობი ხასიათისაა, თუმცა ხშირად ეს გადაცემები
სოციალურ თემებსაც ეძღვნება. უცხოური ტოქშოუს 50-წლიანი ისტორიის მანძილზე
უცვლელი დარჩა მისი ფორმატი (წამყვანი, სტუმარი და დარბაზი), მაგრამ შეიცვალა ხარისხი
და ტოქშოუმ საკაბელოდან ნაციონალურ არხებზე გადაინაცვლა. დღეისათვის
ელექტრონულ მედიაში მას ერთ-ერთი წამყვანი პოზიცია უკავია.
უცხოეთში სხვადასხვა ტოქშოუ ყოველდღიურად გადაიცემა. ყველა არხი, სადაც ტოქშოუ
გადის, ცდილობს თავისი აუდიტორიის მიზიდვას და ძირითადად შოუმენს წარმოაჩენს.
მნიშვნელობა არა აქვს, მისი იმიჯი თავისთავადია თუ შექმნილი. ყველა შემთხვევაში
წამყვანის როლი დიდია, რადგან გადაცემები აუცილებლად პერსონიფიცირებული უნდა
იყოს.
მაინც რა მოეთხოვება ტოქშოუს წამყვანს? მთავარი პირობაა კითხვის სწორად და სხარტად
დასმა, ყურადღებით მოსმენა, სასურველია, ჰქონდეს იუმორის გრძნობა, საკუთარი სტილი
და სახე.
ტოქშოუს, როგორც სატელევიზიო ფორმის ჩამოყალიბება დაკავშირებულია მისი წამყვანის
ფილ დონაჰიუს სახელთან. ფილ დონაჰიუს შოუ პირველად გადაიცა 1967 წელს ოჰაიოს
შტატის ქალაქ დეტროიტში. იგი ექსპერტებთან ინტერვიუს წარმართავდა, ხშირად
სტუდიაში მაყურებელსაც იწვევდა. ერთხელ ტელევიზიაში საესტრადო კონცერტის ჩაწერა
ჩაიშალა. მაყურებელს შესაქცევად დონაჰიუს გადაცემაზე დასწრების უფლება მისცეს.
სარეკლამო პაუზების დროს ხალხი აქტიურობდა და საინტერესო კითხვებს სვამდა. “მაშინ მე
დავტოვე სავარძელი, _ წერდა დონაჰიუ, _ და მიკროფონით ხელში დარბაზში აღმოვჩნდი,
ერთ-ერთი ქალბატონი ადგა და სტუდიიდან სტუმარს კითხვა დაუსვა. ეს ნამდვილი
აღმოჩენა იყო”.
გადაცემაში წამყვანისა და ექსპერტის გარდა, გაჩნდა მესამე კომპონენტი _ მოწვეული
აუდიტორია, ამერიკულ ტელევიზიაში აუდიტორია ტელეთამაშებში მანამდეც არსებობდა,
მაგრამ ტოქშოუში მას განსაკუთრებული როლი მიეკუთვნა. სანამ სტუდიაში ფილ დონაჰიუ
გამოჩნდება, დარბაზთან ე.წ. `გამნაღმველი” მუშაობს, ესაუბრება აუდიტორიას და სთხოვს,
რაც შეიძლება თავისუფლად დასვან კითხვები. მხოლოდ ამის შემდეგ შემოდის დარბაზში
დონაჰიუ და სტუმრებს მიმართავს: `თუ შეიძლება, გრძლად არ ილაპარაკოთ, ნუ
შეგეშინდებათ, დასვით კითხვები, თუნდაც სულელური, სულერთია, ამ დარგში ჩემს
რეკორდს მაინც ვერ მოხსნით”. დარბაზში მეგობრული ატმოსფერო ისადგურებს, რაც
მთელი შოუს მანძილზე არ იცვლება. გადაცემის დასრულების შემდეგ სტუმრებს
დისკუსიის გაგრძელებაც კი შეუძლიათ. გადაცემის მსვლელობისას დამხმარე პერსონალი
ტელეფონის ზარებს იღებს, დონაჰიუ ამბობს, რომ ანონიმურობა ქალბატონებს
გულახდილობის მეტ საშუალებას აძლევს. დარბაზში ხშირად სხედან ადამიანები,
რომლებიც გულიანად იცინიან და სტუდიაში მხიარულ გარემოს ქმნიან.
ტოქშოუ დემოკრატიული სატელევიზიო ჟანრია. იგი მაყურებელს გადაცემის
მონაწილეების განსხვავებულ მოსაზრებებს სთავაზობს და არჩევანის შესაძლებლობასაც
აძლევს. საბჭოთა იდეოლოგიის პირობებში, ცხადია, ამგვარი ჟურნალისტური ჟანრი ვერ
იარსებებდა. Dდემოკრატიული ცენტრალიზმის პრინციპი, რომელიც მმართველობის
ვერტიკალურ მოდელს განახორციელებდა, მოსახლეობისაგან ზედა პოლიტიკურ
ეშელონებში მიღებული გადაწყვეტილების უაპელაციოდ შესრულებას მოითხოვდა.
კონკრეტულ მოვლენაზე, პიროვნებასა და საგანზე მხოლოდ მაღალ ინსტანციებში
შემუშავებული, შეთანხმებული აზრი ფიქსირდებოდა და მხოლოდ ის იყო მისაღები და
გასაზიარებელი. განსხვავებული იდეა იდევნებოდა.
საბჭოთა კავშირის დაშლამ საინფორმაციო საშუალებების წინაშე ახალი ამოცანა დასახა _
შინაარსობრივმა რეფორმებმა სატელევიზიო ფორმის ტრანსფორმაცია მოითხოვა. სწორედ ამ
პირობებში გახდა ტოქშოუ აქტუალური და გარკვეულწილად შეუცვლელიც. იგი
მოსახლეობას ერთდროულად ინფორმაციასაც აწვდიდა არსებული პრობლემებისა თუ
წამოჭრილი საკითხების შესახებ, პლურალიზმს აზიარებდა და საკუთარი შეხედულების
ჩამოყალიბებისკენ უბიძგებდა. ასე გაჩნდა ქართულ მედიასივრცეში ამერიკული ტოქშოუს
ანალოგები. ერთ-ერთი პირველი იყო “რეტრო(პერ)სპექტივა” საქართველოს I ტელევიზიის
არხზე (1996-1999). ორიგინალური იყო გადაცემის სათაური, შეთხზული სიტყვა _
რეტროსპექტივა და პერსპექტივა, ანუ წარსულის გააზრებით მომავლის განჭვრეტა.
გადაცემის თემატიკა ახალი აზროვნების ფორმატი იყო. დამოუკიდებელი საქართველოს
მოსახლეობისათვის ყველაფერი უცხო აღმოჩნდა: ცნებები, ტერმინები, პროცესები.
ტოქშოუს შემქმნელები მიზნად ისახავდნენ, მაყურებელს წარსულის გათვალისწინებით
სიახლეების აღქმა _ გაცნობიერებაში დახმარებოდნენ. კვირაში ერთხელ, ღამით პირდაპირ
ეთერში ჟურნალისტი ორ სტუმართან ერთად საუბრობდა აქტუალურ, მანამდე ნაცნობ თუ
უცნობ საკითხებზე (საპარლამენტო არჩევნები, ტერიტორიული მოწყობა, ბიუჯეტი,
ფისკალური პოლიტიკა, სასამართლო რეფორმა, აბრეშუმის გზა, `ახალი ქართველი” და
სხვ.). მოწვეული სტუმრების 50-კაციანი აუდიტორია აქტიურად ერთვებოდა დებატებში:
შეკითხვასაც სვამდა და თავის მოსაზრებასაც გამოხატავდა.
ქართულ სატელევიზიო სივრცეში ეს ჟანრი ორ ათეულამდე წელს ითვლის. სხვადასხვა
დროს თითქმის ყველა სატელევიზიო არხმა წარმოადგინა ტოქშოუ: “რას ფიქრობს ხალხი”,
“ცაიტნოტი”, “კედელი”, “აუდიტორია” (I არხი); “პრაიმტაიმი”, “უპასუხე ხალხს”
(ტელეკომპანია `რუსთავი-2”); “ტაბუ” (ტელეკომპანია `მზე”); “რეაქცია”, “100 გრადუსი C”
(ტელეკომპანია `იმედი”); “ბარიერი” (ტელეკომპანია “კავკასია”); და სხვ. ამ გადაცემებმა
სხვადასხვა ეტაპზე სასარგებლო შედეგები მოიტანა, თუმცა ცალკეულ შემთხვევებში
სამართლიანი კრიტიკული დამოკიდებულებაც დაიმსახურა. ტოქშოუ მაქსიმალურად
გამოხატავს საზოგადოების ფართო წარმომადგენლობის თვალსაზრისს, მაყურებელს აწვდის
სრულყოფილ ინფორმაციას, არკვევს მას პრობლემის არსში და გონივრული
გადაწყვეტილების მიიღებაში ეხმარება.

You might also like