Professional Documents
Culture Documents
ასდ
ასდ
- დამეხსენი, თუ გიჟი არა ხარ, ხოლო თუ გიჟი ხარ, ჭკუაზე მოდი! - ტირილით
შესჩივლა ქალმა. - მეტად ძნელი რამის გაგება ადვილად გწადია: მას რომ
გადახდომია, კალმით არ აიწერება, ტყუილუბრალოდ დროს ნუ ჰკარგავ და `ნუ
ელი მაგა ამბისა მბობასა!” რას გადამეკიდე, რა გინდა ჩემგან? სულერთია,
რამდენჯერაც მეტყვი, მითხარიო, ასი იმდენჯერ, ვერა-მეთქი, გიპასუხებ. ნირს
მაინც ვერ შემიცვლი: "ვითა სიცილი ტირილისა, ვაგლახი მიჯობს მღერასა”.
- შენ რა იცი, საიდან მოვსულვარ და რა ჭირი გამომივლია! - უთხრა ავთანდილმა,
- რა ხანია ვეძებ იმ მოყმის ამბავს და აქამდე ვერავინ ვნახე, რომ სცოდნოდა. ახლა
შენ მიპოვნიხარ და, რაგინდ განაწყენებულიც იყო ჩემზედ, ვერ დაგეხსნები,
მაინც უნდა მიამბო.
- ეს ვის გადავეყარე, - თქვა ქალმა, - სად მე და სად შენ?! ის რომ აქ არ არის,
ამდენს იმიტომ ბედავ: "მზე არ მახლავს, შეგეტყვების, თრთვილო, ასრე მით
მაწყენო!” გრძელი სიტყვა მოსაბეზრებელია და მეც მოკლედ მოგახსენებ:
ვერაფრის გულისთვის ვერ გიამბობ, რაც გინდა, ისა ქენი!
ავთანდილმა კვლავ აფიცა და მუხლმოყრილი ევედრა, მაგრამ ვერაფერი
ათქმევინა. ბოლოს, ხვეწნა-მუდარა მოეწყინა, სახე აელეწა, თვალებში სისხლი
მოაწვა, გაგულისებული ქალს მივარდა, თმებით დაითრია და ყელში დანა
დააბჯინა:
- ვერა, ამდენ ჯავრს ვერ შეგარჩენ! როგორ თუ მატირებ და ცრემლს ტყუილად
მადენ?! გირჩევნია მითხრა და ამის მეტს აღარას დაგიშავებ, თუარა, ღმერთმა ისე
მტერი მომიკლას, როგორც შენ მოგკლა!
- ეგ მეტად უმწეო ხერხი მოგიგონია, - მიუგო ქალმა: - თუ არ მომკლავ, ხომ
უვნებელი დავრჩები და, სანამ ჭირი მინახავს, რად უნდა გითხრა რამე? ხოლო
თუ მომკლავ, მაშინ ხომ `სასაუბროდ აღარ მედგას ზედან თავი”.
ვერ გიცნობ, ვინ ხარ, რას გადამეკიდე?! სანამ ცოცხალი ვარ, მისი ამბის
საამბობლად ენასაც ვერ დამაძვრევინებ, მირჩევნია, თავი ნებით შეგაკლა და
`ვითა უსტარი ბედითი ადვილად დაგახევინო”. ნუ გგონია,, რომ სიკვდილი
ტანჯვად მიმაჩნდეს და ამით შემაშინო. თუ მომკლავ, პირიქით, ტირილსა და
ვაებას მომაშორებ, `შემშრების ცრემლთა ფონია”. სიცოცხლეს ჩემთვის მაინც
ჩალის ფასიღა აქვს.
ვერა, ასე მართლაც ვერაფერს ვათქმევინებ, სხვა რამე უნდა მოვისაზროო,
გაიფიქრა ავთანდილმა. ასმათს ხელი უშვა, ცალკე დაჯდა და ცრემლთა ფრქვევა
დაიწყო. ქალს მოუბოდიშა: ვაი, რომ გაგარისხე, და ახლა, არ ვიცი, ცოცხლას
რაღა დამარჩენსო! ქალი პირდაპირ დაუჯდა და ჯერ ისევ მწყრალად
შესცქეროდა, არ მომტკბარიყო.
- შენი ნათქვამი, აი, რას მაგონებს, - მიუგო ავთანდილმა: - გზაზე თურმე ორი
კაცი მიდიოდა, ერთი წინ, მერე კი კარგა მოშორებით. უკანამ ნახა, რომ წინ
მიმავალი ჭაში ჩავარდნილიყო. ოხვრითა და ტირილით ჩასძახა: მეგობარო, მანდ
მომიცადე, თოკის მოსატანად წავალ, შენი ამოყვანა მწადიანო. ქვემოთას ამის
გაგონებაზე მწარედ გასცინებოდა და მეტად გაოცებულს ამოეძახა: - `არ გელოდე,
სად გაგექცე, სად წავიდე?”
- ახლა, დაო, ჩემი ყელის საბელი შენ ხელთაა, უშენოდ უმწეო ვარ, - დასძინა
ავთანდილმა. - შენ იცი, რასაც მიწამლებ გახელებულსა და გონებაარეულს. ამ
დღეში რომ ვარ, მიტომ გთხოვ შველას, თორემ აუტკივარი თავი ვის შეუხვევია!
- შენი ნაუბარი მომეწონა, - უთხრა ქალმა, - გეტყობა, უეჭველად კარგი ჭაბუკი
ხარ, ბრძენთაგან საქებარი. რახან აქამდე ამდენი ჭირი აგიტანია, გამიგონე და
ახლაც იქონიე ცოტაოდენი მოთმინება. რასაც ეძებდი, ეს-ესაა გიპოვნია კიდევაც,
ოღონდ ერთი რამ იცოდე: იმ მოყმის ამბავი ენით უთქმელი და დაუჯერებელი
რამეა, ვერასგზით რომ ვერ ეზიარები, თუ თვითონვე არ გიამბო. თვალთ ცრემლი
შეიშრე, დაწყნარდი და მოთმიებით დაელოდე: