You are on page 1of 12

ირინა ალექსეევა, შესავალი თარგმანმცოდნეობაში, 2011.

მთარგმნელია ის, ვინც წერილობით თარგმანს ასრულებს, ხოლო თარჯიმანი ის, ვინც
ზეპირ თარგმანს ახორციელებს.

თავი 2. თარგმანის სახეობები

2.1. ზეპირი თანმიმდევრული თარგმანი


ზეპირი თანმიმდევრული თარგმანი – თარგმანის ის ფორმაა, რომელიც
კაცობრიობას ყველაზე მეტად სჭირდება; სავარაუდოდ, ეს სიტუაცია შენარჩუნდება
მომავალშიც. თარჯიმანი სმენით თარგმნის ორატორის მიერ გამოთქმულ 1-2 ფრაზას
ან ზეპირი ტექსტის რამდენადმე დიდ ფრაგმენტს, თანაც ამ ფრაზების
გამოთქმისთანავე. ამ ტიპის თარგმანს ხშირად ფრაზებითა და აბზაცებით თარგმანს
უწოდებენ (ფრაზულ-აბზაცური). ამ დროს თარჯიმანი უშუალოდ მოსაუბრის
გვერდით იმყოფება, ამიტომ მის მიმიკასა და ჟესტიკულაციას კარგად ხედავს. ეს
ეხმარება მას ბოლომდე ჩაწვდეს ნათქვმის აზრს. მაგრამ ხანდახან თარჯიმანი
აუდიტორიის თვალთახედვის მიღმა იმყოფება, კაბინაში ან სცენიდან მოშორებით,
მაშინ ის საუბარს ყურსასმენებიდან აღიქვამს; ამ შემთხვევაშიც, თუნდაც შორიდან,
ორატორის ქცევაზე დაკვირვების მცირე შესაძლებლობაც მეტად მნიშვნელოვანია.
ზეპირად, თანმიმდევრულად თარგმნისას თარჯიმნის ამოცანაა,
დაიმახსოვროს ტექსტის მნიშვნელოვანი ფრაგმენტის შინაარსი და შემდეგ
აღადგინოს ის სხვა ენაზე, ამავდროულად მან უნდა შეინარჩუნოს არა მარტო
შემეცნებითი მუხტი, არამედ შეძლებისდაგვარად ორატორის სტილი და ემოციური
ინფორმაცია, ე.ი. ის ემოციები, რომლებიც ორატორმა ჩადო თავის სიტყვაში.
შესაბამისად, თარჯიმანს კარგად უნდა ჰქონდეს განვითარებული მეხსიერება,
სტილის ჩარჩოებში სწრაფად ორიენტირების უნარი და გარკვეული დოზით
არტისტული მონაცემიც.
ზეპირ თარგმანში აუცილებელი მოთხოვნაა თარჯიმნის სიჩქარე. საშუალოდ
ეს სიჩქარე უნდა უახლოვდებოდეს ზეპირი მეტყველების აღქმის სიჩქარის ზედა
ზღვარს. თუკი ორატორი საუბრობს სწრაფად, თარგმანის სიჩქარე უნდა
უტოლდებოდეს ორატორის მეტყველების სიჩქარეს. თუკი ის საუბრობს ნელა,

1
თარჯიმანი ვალდებულია თარგმნისას ისაუბროს ორატორზე გაცილებით სწრაფად,
ვიდრე – ორატორი. პაუზები ორატორის სიტყვასა და თარგმანს შორის მინიმუმამდე
უნდა იყოს დაყვანილი.
თანმიმდევრული თარგმანის ყველაზე მარტივი ფორმაა – ოფიციალური
მოხსენების, შეტყობინებისა და გამოსვლის თარგმნაა. ამ შემთხვევაში, როგორც წესი,
შესაძლებელია სათარგმნი ტექსტის სრული სახით გაცნობა. თარჯიმანს აქვს
შესაძლებლობა შეისწავლოს მოხსენების ტექსტი, გაეცნოს სპეციალურ
ლიტერატურას თემაზე, შექმნას “თეზაურუსი” – სიტყვებისა და შესატყვისების სია
თემის მიხედვით. მაგრამ თარჯიმანი ამ შემთხვევაშიც არ არის დაზღვეული
მოულოდნელობებისაგან, რადგან ორატორს უკვე გამოსვლის დროს შეუძლია
შეამოკლოს ან განავრცოს თავისი მოხსენების ტექსტი, გადაუხვიოს თემიდან ან
სრულიად შეცვალოს ის. ამიტომ ზეპირად მთარგმნელს აუცილებლად უნდა
ჰქონდეს გამომუშავებული თარგმნის დროს წარმოქმნილი ყველაზე მოულოდნელი
ცვლილებებისადმი ფსიქოლოგიური მზაობის ჩვევა.
ყველაზე არაპროგნოზირებადი ხასიათი აქვს დისკუსიას, რომლის თარგმნაც
თარჯიმანს პრაქტიკულად ნებისმიერ კონფერენციაზე უწევს. ნაკლებად
მნიშვნელოვანია, მიმდინარეობს ოფიციალურ თუ არაფორმალურ ვითარებაში,
მთავარია, რომ, გარდა ზოგადად გაცხადებული პრობლემისა, თარჯიმანისთვის
უცნობია როგორც კონკრეტულ მონაწილეთა გამოსვლების შინაარსი, ასევე იმ
პრობლემების არსიც, რომლებმაც შესაძლოა თავი იჩინონ დისკუსიის
მსვლელობისას. გარდა ამისა, მოლაპარაკებების დროს შესაძლოა კონფლიქტებიც.
ამიტომ თარჯიმანი ზედმიწევნით უნდა იცნობდეს პროფესიული ეთიკის ნორმებს,
ზუსტად უნდა იცოდეს, როგორ მოიქცეს, რა გააკეთოს და რა თარგმნოს
კონფლიქტურ სიტუაციაში.
ზეპირი თანმიმდევრული თარგმანი შესაძლოა იყოს ცალმხრივი ან ორმხრივი.
ცალმხრივი თარგმანი გულისხმობს, რომ თარჯიმანი თარგმნის მხოლოდ უცხო
ენიდან მშობლიურზე, ხოლო მშობლიური ენიდან უცხო ენაზე თარგმნის სხვა
მთარგმნელი (როგორც წესი, თარგმანის ენის მატარებელი). თანამედროვე
საერთაშორისო მთარგმნელობით პრაქტიკაში სწორედ ეს ვარიანტი ითვლება
პრიორიტეტულად. ორმხრივი თარგმანი მიესადაგება სიტუაციას, როდესაც ერთი

2
და იგივე მთარგმნელი თარგმნის ყველა გამოსვლას, უცხო ენიდან მშობლიურზე და
მშობლიური ენიდან უცხო ენაზეც.
აღსანიშნავია, რომ მშობლიური ენიდან უცხო ენაზე თარგმნისა და უცხო
ენიდან მშობლიურ ენაზე თარგმნის ხარისხი რამდენადმე განსხვავებულია. უცხო
ენიდან მშობლიურ ენაზე თარგმნის დროს თარგმნილი ტექსტი უფრო გამართული,
მთლიანი, ადეკვატური გამოდის, ვიდრე უცხო ენაზე თარგმნისას. სამაგიეროდ,
გამორიცხული არ არის შეცდომები და ტექსტის არასწორი გაგება საწყის, უცხო
ტექსტის აღქმის ეტაპზე, ვინაიდან უცხო ენის ცოდნის ყველაზე მაღალ საფეხურზეც
კი, ის მაინც არც ისე სრულად და საიმედოდ აღიქმება, როგორც – მშობლიური.
სამაგიეროდ, მშობლიური ენიდან უცხო ენაზე თარგმნის დროს აღქმის პრობლემები
არ წარმოიქმნება (ეს ხდება მხოლოდ ცუდი სმენადობის, ორატორის მეტყველების
დეფექტების ან ამგვარი სუბიექტური მიზეზების გამო). თუმცა ასეთ თარგმანში
შესაძლებელია განსხვავებული სახის შეცდომები: გრამატიკული, სტილისტური,
ლექსიკური. ბევრი თარჯიმანი, გამოცდილი და დამწყებიც, აღნიშნავს, რომ უცხო
ენაზე თარგმნა მათ უფრო უადვილდებათ (!), ვიდრე მშობლიურზე. ჩვეულებრივ
ითვლება, რომ მშობლიურ ენაზე თარგმნა უფრო ადვილია. პარადოქსი მარტივად
აიხსნება. პირველ რიგში, აღქმის სისრულე – მნიშვნელოვანი საფუძველია
სრულფასოვანი თარგანისათვის, ესე იგი, მშობლიურ ენაზე თარგმნისას ეს
საფუძველი უფრო სანდოა. აღქმის სანდოობა წარმოადგენს სერიოზულ
ფსიქოლოგიურ ფაქტორს: საწყისი ტექსტის კარგად გაგებისას, თარჯიმანი ნაკლებად
ნერვიულობს და მეტად არის დარწმუნებული საკუთარ ძალებში. ხოლო უცხო ენაზე
თარგმნისას ვარიანტების არჩევის შესაძლებლობა გაცილებით ნაკლებია,
წარმოდგენა უცხო ენის სისტემაზე უფრო გამარტივებულია, თარჯიმანმა, მარტივად
რომ ვთქვათ, იცის ნაკლები უცხო სიტყვა და ფრაზა, ვიდრე მშობლიურ ენაზე.
შესაბამისად, არჩევანი მარტივდება, ვარიანტების ძიებაში იხარჯება ნაკლები დრო,
თარგმანი ხორციელდება გაცილებით უფრო სწრაფად. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ის
უფრო ხარისხიანია.
ზეპირ, თანმიმდევრულ თარგმანში დამახსოვრების დამხმარე საშუალებად
შესაძლოა იმ ჩანაწერების გამოყენება, რომლებსაც თარჯიმანი ბლოკნოტში აკეთებს.

3
ჩანაწერების გასაკეთებლად ყველაზე პროდუქტიულია მთარგმნელობითი სიჩქარე
(ნახე პარაგრაფი “თარგმნის ტექნიკური უზრუნველყოფა” მე-3 თავში).
ბოლო დროს სულ უფრო მეტ პოპულარობას იძენს და მეტად ფასობს ზეპირი
გამოსვლის დიდი ფრაგმენტების (10-15 წუთი) ან მთელი გამოსვლის (ხანგრძლივობა
40 წუთამდე) თანმიმდევრულ რეჟიმში ზეპირად თარგმნის უნარი. თარჯიმანი
ისმენს ამ დიდ ფრაგმენტს ან მთელ გამოსვლას და იწერს შეტყობინების ძირითად
შინაარსს, შემდეგ, იცავს რა ყველა ზემოაღნიშნულ მოთხოვნას (მეტყველების მაღალი
სიჩქარე, ორატორისათვის დამახასიათებელი ემოციური სტილის დაცვით),
გადმოსცემს გამოსვლას თარგმანის ენაზე. ეგრეთ წოდებული კონფერენც-
მთარგმნელის/თარჯიმნის უნარებში ამ სახის თარგმანი აუცილებელი უნარების
ჩამონათვალში შედის. ხოლო თავად ცნება კონფერენც-თარგმანი, რომელიც
ოდესღაც გულისხმობდა გამოსვლების ფრაზებითა და აბზაცებით თარგმნას და
ორმხრივ რეჟიმში დისკუსიის თარგმნის უნარს, ამჟამად ემყარება მთელი ტექსტის
თარგმანს. ასეთ თარგმანს აუცილებლად ასწავლიან თარგმანის მოწინავე უმაღლეს
სასწავლებლებში, მაგალითად ჰაიდელბერგში, ხოლო ზეპირი თარგმანის სწავლების
მეთოდიკა ზოგიერთ მათგანში ემყარება მთელი ტექსტის აღქმასა და გადმოცემას. ამ
ტიპის ყველაზე ნათელი მაგალითია - თარგმანის უმაღლესი სკოლა სორბონაში.
ზეპირი თანმიმდევრული თარგმანის ამგვარ ნაირსახეობას აქვს თავისი
ძლიერი/დადებითი მხარეები: პირველი – ის საშუალებას იძლევა გაკეთდეს
მაქსიმალურად ეკვივალენტური თარგმანი, ვინაიდან თარჯიმანი გადმოსცემს
შინაარსს, ეყრდნობა რა მთელი ტექსტის ცოდნას, იმ დროს, როდესაც აბზაცებითა და
ფრაზებით თარგმნისას თარჯიმანმა, როგორც წესი, არ იცის მომდევნო კონტექსტი.
გარდა ამისა, თარჯიმანი არ არის მიჯაჭვული ცალკეულ სიტყვებსა და გამოთქმებს
და თარგმანი, ამგვარად, მოკლებულია ბუკვალურობას/სიტყვასიტყვითობას; მეორე
ძლიერი მხარე ის გახლავთ, რომ თარჯიმანი არ აწყვეტინებს ორატორს სიტყვას და
მას საშუალება ეძლევა სრული მოცულობით გადასცეს მსმენელებს ემოციური
ინფორმაცია (იძულებითი პაუზები არღვევენ სწორედ გამოსვლის ემოციურ ფონს).
მთელი ტექსტის თარგმანს აქვს არსებითი ნაკლიც: სანამ ორატორი არ დაასრულებს
თავის სიტყვას, აუდიტორია, რომელმაც არ იცის ორატორის ენა, თარგმანის
მოლოდინში მოწყენილია.

4
ზეპირად მთარგმნელის მნიშვნელოვანი პროფესიული თვისებაა ორიგინალის
ენისა და თარგმანის ენის ლიტერატურული ნორმის ცოდნა, რადგან ზეპირი
გამოსვლების ტექსტები, როგორც წესი, რჩება ენის ლიტერატურული ნორმების
ზეპირი ვარიანტის ჩარჩოებში. იშვიათია შემთხვევები, როდესაც საჭირო ხდება
ზეპირ მეტყველებაში რაღაც სხვა სტილის ფუნქციური დომინანტების გამოყენება.
ზეპირ ლიტერატურულ ნორმას, წერითისაგან განსხვავებით, ახასიათებს ზეპირი
სალაპარაკო ენის ზოგიერთი ნიშანი. მათ შორის ყველაზე ხშირია სიტყვების
ემოციური თანმიმდევრობა და ფრაზეოლოგიზმების სიუხვე.
ზეპირი თანმიმდევრული თარგმანის ტექსტი, როგორც წესი, არსად არ
ფიქსირდება, რადგან ის აუცილებელია მხოლოდ ზეპირი კონტაქტის დროს. მაგრამ
ხანდახან მას იწერენ მაგნიტოფონზე ან უფრო იშვიათად ახდენენ მის
სტენოგრაფირებას, ვთქვათ, კონფერენციის მასალის შესაქმნელად. წერითი
ტექსტების შექმნის საფუძვლად ან კონკრეტული ინფორმაციის მისაღებად შესაძლოა
ასევე გამოყენებულ იქნას მოკლე ჩანაწერები თარჯიმნის ბლოკნოტიდან.

2.2.სინქრონული თარგმანი
სინქრონული თარგმნის დროს ტექსტი ითარგმნება თითქმის ერთდროულად
მის წარმოთქმასთან ერთად (დასაშვებია მხოლოდ უმნიშვნელო ჩამორჩენა).
რამდენადაც ის მოითხოვს თარჯიმნისაგან ერთდროულად მოსმენის, გაგების,
თარგმნისა და საუბრის უნარს, თარგმანის ეს სახეობა საზოგადოდ მიჩნეულია
ყველაზე რთულად. ცნობილმა მთარგმნელმა გ.ე. მირიამმა მას უწოდა
“ფსიქოფიზიოლოგიური ანომალია პროფესიის სახით”. 1 მაგრამ ზეპირად
მთარგმნელი პროფესიონალები არ ეთანხმებიან ამ მოსაზრებას და სირთულისა და
მასზე დახარჯული ენერგიის გათვალისწინებით პირველ ადგილზე
თანმიმდევრულ თარგმანს აყენებენ. მართლაც, ერთდროულად მოსმენისა და
საუბრის აუცილებლობა მოითხოვს ადამიანისაგან განსაკუთრებულ გავარჯიშებას,
ვინაიდან ეს უნარი ბუნებრივი ენობრივი გამოცდილებიდან არ გამომდინარეობს.
მაგრამ ჩვენთვის ყველასათვის ნაცნობია ცხოვრებისეული სიტუაცია, როდესაც
დისკუსიის დროს, რაიმე პრობლემების განხილვისას, საუბრობს ერთდროულად

1
miriami g.e. profesia: mTargmneli. – kievi, 1999. – gv. 81.
5
რამდენიმე ადამიანი და თარჯიმანს თვითონაც უხდება საუბარი, მაშინ, როდესაც
ერთდროულად უნდა მოუსმინოს იმასაც, თუ რას ამბობენ სხვები. ხანდახან ეს
ცუდად არ გამოდის. შესაძლოა, თქვენმა სიტყვამ, თუკი თქვენ ერთდროულად
სხვებსაც უსმენთ, დაკარგოს გამომსახველობითი სიმკვეთრე და ორიგინალობა,
მაგრამ მისი განხორციელება შესაძლებელია. ამგვარად, მეტყველების ამგვარ
ვარიანტს ფსიქოფიზიოლოგიურ ანომალიებს ვერ მივაკუთვნებთ, მაგრამ ის, ცხადია,
მოითხოვს ძალების უკიდურეს დაძაბვას.
სინქრონული თარგმნის დროს თარჯიმანი იზოლირებულ კაბინაშია და
ორატორს ხედავს შორიდან, სპეციალური ფანჯრიდან, ან მონიტორის ეკრანზე,
ხოლო მისი ხმა ესმის ყურსასმენებიდან. ვინაიდან თარგმანის ტრანსლირება
დარბაზში ხდება ასევე ყურსასმენებით, რომლითაც აღჭურვილია თითოეული
სავარძელი საკონფერენციო დარბაზებში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეთერის
სისუფთავის შენარჩუნება (ხმაური, საუბრები, ჩახველება). კიდევ უფრო მეტ
მნიშვნელობას, ვიდრე თანმიმდევრული თარგმნის დროს, იძენს თარჯიმნის
მეტყველების სისუფთავე, მისი დიქცია, ზეპირი მეტყველების არტიკულაციური
სისწორე, “მ-მ-მ”, “ე-ე”, “ესე იგი”, „როგორღაც” ტიპის სიტყვებისა და ბგერების არ
არსებობა. ასეთივე სუფთა და სწორად დაყენებული უნდა ჰქონდეს ხმის ტემბრი.
სინქრონული თარგმანის დროს გარდაუვალი საფრთხეა – ხმის დაძაბვა, ვინაიდან
პაუზების არ არსებობის გამო, მეტყველების სიჩქარე, როგორც წესი, ჩვეულებრივზე
გაცილებით მაღალია. ყველა თარჯიმანს აქვს ხმის დაზოგვის საკუთარი მეთოდი:
ჭიქა წყალი, სპეციალური ხველების საწინააღმდეგო აბები, ყავა ნაღებით.
მნიშვნელოვანია აგრეთვე თარჯიმნის ინტონაციური კულტურა. მისი
თარგმანის ინტონაციები უნდა იყოს თანაბარი, არააგრესიული, დამაჯერებელი – ეს
ყველაზე „კომფორტული” სიტუაციაა მსმენელთათვის.
სინქრონული მთარგმნელები მუშაობენ წყვილში და ენაცვლებიან
ერთმანეთს ყოველ 10 – 20 წუთში. თარჯიმანი, ჩანაცვლების შემდეგ, აგრძელებს
ორატორის სიტყვაზე დაკვირვებას და იყენებს თავისუფალ დროს აუცილებელი
ცნობების მოსაძიებლად ლექსიკონებიდან, კონფერენციის მასალებიდან და, თუკი ეს
საჭიროა, ეხმარება კიდეც თავის მეწყვილეს.

6
სინქრონული თარგმანი ხორციელდება ტექსტის ძალიან მცირე
სეგმენტებზე, რომლებიც წარმოადგენენ თარგმანის მინიმალურ ერთეულებს, ამიტომ
წამყვან უნარს ამ ტიპის თარგმანის დროს, უნარს, რომელიც განსაზღვრავს მის
ეკვივალენტურობას, წარმოადგენს პროგნოზირების უნარი. თუმცა განვითარებული
პროგნოზირების უნარის ქონის შემთხვევაშიც (ე.ი. იმის წინასწარგანჭვრეტა, თუ რას
იტყვის ორატორი) შეცდომები გარდაუვალია. შეცდომების გამოსწორებას
თარჯიმანი ცდილობს თავის მომდევნო ტექსტში მაკორეგირებელი ინფორმაციის
შეტანით, ამაზე გარკვეული დრო იხარჯება. ამასთან ერთად, თარჯიმანი არავითარ
შემთხვავაში არ უნდა ჩამორჩეს ორატორს, სხვაგვარად ის დაკარგავს აზრს. ასეთი
დროის პრესინგი აიძულებს სინქრონულ მთარგმნელს შეამჭიდროვოს, შეკვეცოს
თავისი ტექსტი, აირჩიოს რაც შეიძლება მოკლე სიტყვები, კომპაქტური ფრაზები და
ასევე გამოტოვოს, მისი აზრით, მეორეხარისხოვანი უმნიშვნელო ინფორმაცია.
ამგვარად, სინქრონულად თარგმნის დროს, უპირველეს ყოვლისა, მოქმედებს
ანალიტიკური და ენობრივი უნარები და ნაკლებად მეხსიერება. როგორც
თანმიმდევრული თარგმნის დროს, თარჯიმანს აუცილებლად უნდა ჰქონდეს
მდიდარი ლექსიკა.
საშუალოდ ორატორის ტექსტი, რომელიც უნდა თარგმნოს სინქრონისტმა,
არის მშობლიურ ენაზე საკმაოდ სწრაფი ტემპით წარმოთქმული (ვინაიდან
ოფიციალურ ღონისძიებებზე თითქმის ყოველთვის არის რეგლამენტი) ორატორის
ზეპირი მონოლოგი წინასწარ გამზადებული ტექსტით (იშვიათად გამზადებული
ტექსტის გარეშე). მაგრამ არსებობს რთული სიტუაციებიც. მაგალითად,
საერთაშორისო ასპარეზზე იშვიათად გამოყენებადი ენებიდან: იაპონურიდან,
ჩინურიდან, არაბულიდან და ა.შ., თარგმნიან, როგორც წესი, ინგლისურის “გავლით”.
ამ შემთხვევაში მხოლოდ ერთი სინქრონისტი თარგმნის იაპონურიდან
ინგლისურად, დანარჩენები კი “ითვისებენ” მის თარგმნილ ტექსტს, ე.ი. თარგმნიან
უკვე ინგლისურიდან რუსულად, გერმანულად და ა.შ. ამ შემთხვევაში სხვა
თარჯიმნების მუშაობის ხარისხი დამოკიდებულია იმ ერთი წამყვანი თარჯიმნის
მუშაობაზე, სწორედ მას აწევს ორმაგი პასუხისმგებლობა. თარგმანს ართულებს
ასევე ორატორის აქცენტი და მისი მეტყველების დეფექტები, თუკი ის გადაწყვეტს
მოხსენება წაიკითხოს მისთვის არამშობლიურ, მაგალითად ინგლისურ ენაზე.

7
ცნობილია სირთულეები, რომლებსაც იწვევს იაპონელების, ინდოელებისა და
შვედების ინგლისური. მათი მშობლიური ენების სპეციფიკა ახდენს მათ
ინგლისურზე უარყოფით გავლენას. უპირველეს ყოვლისა, ეს აისახება გამოთქმაზე,
რაც ხელს უშლის თარჯიმანს მათი მეტყველების აღქმაში. რთულ პირობებში
შეიძლება ჩააყენოს თარჯიმანი ორატორის მიერ დაწერილი ციტატების სწრაფმა
ჩაკითხვამ (მაგალითად, კანონების ტექსტების) ან დოკუმენტების ხმამაღლა
წაკითხვამ. სპეციფიკური ამოცანების გადალახვაა საჭირო, თუ ორატორი საუბრობს
ძალიან ნელა, აკეთებს დიდ პაუზებს, მეორდება. ჩნდება იმის საშიშროება, რომ
თარჯიმნის ტექსტი აღმოჩნდეს “დაგლეჯილი”, დიდი პაუზებით გაჯერებული, ამ
შემთხვევაში მსმენელები დაკარგავენ მსჯელობის ლოგიკურ ხაზს, და მათ
მოეჩვენებათ, რომ თარჯიმანი ცუდად თარგმნის ან ბევრ ინფორმაციას ტოვებს. ამ
სიტუაციაში თარჯიმანს უხდება საკუთარ თავზე აიღოს ტექსტის რედაქტირება, ამას
გარდა, ის იძულებულია რაღაცით შეავსოს პაუზები. აქ მას შეიძლება გამოადგეს
(კომპრესირების) ტექსტის შემჭიდროვების საპირისპირო უნარი, უფრო ზუსტად
ტექსტის გაშლის, უფრო მოცულობითი ფრაზების შერჩევის უნარი.
სინქრონული თარგმანის ძირითადი, უკვე აღწერილი სახეობის გარდა
კიდევ არსებობს მისი ორი ნაირსახეობა. პირველი – ეს ეგრეთ წოდებული
ჩურჩულით სინქრონია. თარჯიმანი დგას უშუალოდ ადამიანისა ან ადამიანთა მცირე
ჯგუფის გვერდით, ვისთვისაც თარგმნის, და ხმადაბლა ან ჩურჩულით, ხელი რომ არ
შეეშალოთ შეხვედრის დანარჩენ მონაწილეებს (რის გამოც პროფესიონალებს შორის
მას დაერქვა “მოჩურჩულე”) თარგმნის მათთვის ორატორის ან დისკუსიის
მონაწილის სიტყვის შინაარსს. ასეთი პერსონალური მომსახურება საჭიროა მაშინ,
როდესაც იქ მყოფთა უმეტესობას თარგმანი არ სჭირდება. ის ხშირად გამოიყენება
არაოფიციალურ შეხვედრებზე: მაგალითად, თეატრში, ტელეგადაცემების უცხო
ენაზე ყურებისას და ა. შ. “მოჩურჩულე” მუშაობს მეტად რთულ პირობებში, ხშირად
დაუგეგმავი ხელისშემშლელი წინააღმდეგობების ფონზე (სხვების ხმამაღალი
საუბარი, მუსიკა, შეკითხვები და გამონათქვამები კლიენტების მხრიდან), მაგრამ
ამავდროულად მოთხოვნები მისი თარგმანისადმი გაცილებით მოკრძალებულია,
ვიდრე კონფერენც-სინქრონისტის თარგმანისადმი. როგორც წესი, მათ მოეთხოვებათ
მხოლოდ უცხოენოვანი გამოსვლის საერთო აზრის მოკლედ გადმოცემა.

8
მეორე ნაირსახეობაა - ”საკონტროლო სინქრონი”, რომელიც უფრო ხშირად
გვხვდება დიდი კონფერენციების ჩატარებისას. თარჯიმანი განსაკუთრებულ
კაბინაშია და ორატორის მეტყველება მას ყურსასმენებიდან ესმის. ის ან საერთოდ
ვერ ხედავს ორატორს, ან საშუალება აქვს იშვიათად შეავლოს თვალი მონიტორზე.
იშვიათად იმიტომ, რომ მისი ძირითადი ამოცანაა: გონებში თარგმნოს მოსმენილი
ტექსტი და იქვე აკრიფოს ის კომპიუტერზე. ამიტომ ის ძირითადად სხვა ეკრანს
უყურებს, სადაც მისი ტექსტი ფიქსირდება. მისი ძირითადი ამოცანა იგივეა, რაც აქვს
ჩვეულებრივ სინქრონისტს: არ ჩამორჩეს ორატორს და, შეძლებისდაგვარად,
ზუსტად გადმოსცეს სიტყვის შინაარსი. მაგრამ, ამასთან ერთად, მას უნდა ჰქონდეს
განვითარებული სწრაფი, სასურველია “ბრმად” (კლავიშების შეუხედავად), ბეჭდვის
უნარი. რასაკვირველია, ტექსტი გამოდის არასრული. ამიტომ სამუშაო დღის
დასრულების შემდეგ მთარგმნელს საკმოდ დიდი ხნის განმავლობაში უწევს ტექსტის
შევსება-დამუშავება. როგორც ვხედავთ, ზეპირი თარგმანის ეს ნაირსახეობა
ესაზღვრება წერით თარგმანს, ვინაიდან შედეგად წარმოიშვება დაწერილი ტექსტი.
სწორედ ის ედება საფუძვლად კონფერენციის მასალების პუბლიკაციას, აგრეთვე,
შეიძლება გამოყენებულ იქნას ზეპირად მთარგმნელი/სინქრონისტების მუშაობის
გასაკონტროლებლად.

2.3. ფურცლიდან თარგმანი


თარგმნა ფურცლიდან ბევრს ეჩვენება ზეპირი თარგმანის ერთ-ერთ
მარტივ სახეობად. მაგრამ ეს მხოლოდ ზედაპირული წარმოდგენაა. ფურცლიდან
თარგმნას ასწავლიან ყველა დიდ მთარგმნელობით სასწავლებელში, და სწავლების ეს
პროცესი გრძელდება საკმაოდ დიდხანს. მაშ, რაშია მისი სირთულე? მთარგმნელმა
მომზადების გარეშე (ან უმნიშვნელო მომზადებით, სულ რაღაც რამდენიმე წუთში)
უნდა ხმამაღლა თარგმნოს დაწერილი ტექსტი ისე, თითქოს ”კითხულობდეს”
ფურცლიდან. შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ყველაფერი საკმაოდ მარტივია.
მეხსიერების დაძაბვა საჭირო არაა, დაწერილი ტექსტი თარჯიმანს მუდამ ხელთ აქვს.
მაგრამ წერითი მთარგმნელისაგან განსხვავებით, ფურცლიდან მთარგმნელს
საშუალება არ ეძლევა სრულფასოვნად დაეყრდნოს ორიგინალის მთელ ტექსტს. მას

9
უნდა ჰქონდეს უნარი სწრაფად განსაზღვროს ტექსტის ტიპი, მისი სტილისტური
სპეციფიკა, იმ პრობლემის არსი, რომელიც განიხილება ტექსტში, თემატიკა და
ცოდნის სფერო. ყველაზე მარტივ შემთხვევაშიც კი, ტექსტი შესაძლოა
გართულებული იყოს ტერმინოლოგიით, სპეციფიკური ფრაზებით.
ფურცლიდან თარგმნიან რეზოლუციებს, დეკლარაციებს, მანიფესტებს, ე.ი.
დოკუმენტებს, რომლებსაც გააჩნიათ სამართლებრივი სტატუსი და მოითხოვს
განსაკუთრებულ სიზუსტეს თარგმნის დროს.

2.4. წერითი თარგმანი


წერით თარგმანს, ე.ი. დაწერილი ტექსტის ხელახალ გადმოცემას იმ
ენიდან, რომელზეც არის შექმნილი დედანი, თარგმანის ენაზე, მიუხედავად
წერილობითი ტექსტების მრავალფეროვნებისა, ყოველთვის ერთნაირი სქემა აქვს და
ჩვეულებრივ გულისხმობს ქმედებათა შემდეგ თანმიმდევრობას: უპირველეს
ყოვლისა, მთარგმნელი ეცნობა ორიგინალის ტექსტს; შემდეგ, ჩაატარებს რა თარგმნის
წინარე ანალიზს, ე.ი. გამოავლენს ტექსტის ტიპს, ჟანრობრივ და სტილისტურ
ნიშნებს, თემასა და ცოდნის სფეროს, რომელთანაც არის ტექსტი დაკავშირებული, ის
შეუდგება თარგმანის ტექსტის შექმნას. აუცილებლობის შემთხვევაში წერილობით
მთარგმნელი მოიძიებს ინფორმაციას განსხვავებულ დამხმარე წყაროებში, რომლებიც
უზრუნველყოფენ მის ფონურ ცოდნას: ესაა ლექსიკონები, ცნობარები,
კონსულტაციები სპეციალისტებთან. თარგმანის დასრულებისას, მთარგმნელი
უდარებს, ასწორებს, არედაქტირებს საკუთარ ტექსტს, შემდეგ აფორმებს და
გადასცემს დამკვეთს. თუკი ტექსტი განკუთვნილია პუბლიკაციისათვის, მაშინ
მთარგმნელის შემდეგ (და არა მასთან კონტაქტში) ტექსტზე მუშაობენ რედაქტორი
და კორექტორები.
ზეპირი თარგმანისაგან წერილობითი თარგმანი არსობრივად განსხვავდება
დროის დეფიციტის არ არსებობით. წერილობითი თარგმანი არ უწესებს
მთარგმნელს დროში მკაცრ შეზღუდვებს და უზრუნველყოფს ეკვივალენტურობის
ყველაზე მაღალ დონეს ორიგინალთან მიმართებაში. თუმცა დროის დეფიციტის არ
არსებობა შეიძლება იყოს მეტად პირობითი. ჩვენს „დაჩქარებულ“ საუკუნეში

10
თარგმანების უმეტესობა სრულდება სწრაფ რეჟიმში. გამონაკლისს, როგორც წესი,
წარმოადგენს მხატვრული (ლიტერატურული) თარგმანი, ე.ი. მხატვრული
ნაწარმოებების თარგმნა. თუკი არამხატვრული ტექსტის მოცულობა, რომელიც
საშუალოდ შეუძლია თარგმნოს პროფესიონალმა სამუშაო დღის განმავლობაში,
შეადგენს 7-დან 10 გვერდამდე დაახლოებით 1800 ნიშანი,2 მხატვრული ტექსტის
გვერდების რაოდენობა, რომლის თარგმნაც შესაძლებელია დღის განმავლობაში,
შეუძლებელია წინასწარ განისაზღვროს. ტექსტის ესთეტიკური სისავსე და ავტორის
ინდივიდუალური სტილის სპეციფიკა შეიძლება უმზადებდეს მთარგმნელს
მრავალფეროვან სიურპრიზებს. ამგვარი ტექსტის მხატვრული ღირებულება
აიძულებს მთარგმნელს რამდენჯერმე დაუბრუნდეს მის გაფორმებას, შექმნას
რამდენიმე ვერსია, შეიმუშაოს თარგმნის განსაკუთრებული ხერხები, რომლებიც
გამოსადეგია მხოლოდ მოცემული ტექსტისა და მოცემული ავტორისათვის.
მთარგმნელები ხანდახან სპეციალიზირდებიან გარკვეული ტიპის
ტექსტებზე. პირველ რიგში ეს ეხება ტექსტებს, რომლებსაც აქვთ სამართლებრივი
სტატუსი, ამიტომ ნოტარიალურ და სასამართლო მთარგმნელებს აქვთ
განსაკუთრებული სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს მათ უფლებამოსილებას,
და საკუთარი სახელობითი ბეჭდები. შტატიანი მთარგმნელები ფირმებში,
საწარმოებში, კონსტრუქტორულ ბიუროებში სპეციალიზირდებიან ტექნიკისა და
წარმოების სწორედ იმ სფეროებში, რომლითაც დაკავებულია მათი ფირმები. ცალკე
უნდა გამოვყოთ მხატვრული ლიტერატურის მთარგმნელები. ესენი ჩვეულებრივ
არიან ადამიანები მაღალი შემოქმედებითი პოტენციალით, მწერლობისაკენ
მიდრეკილებითა და ღრმა ფილოლოგიური განსწავლულობით. ამასთან ერთად,
უნდა აღვნიშნოთ, რომ წერილობით თარგმნილ ტექსტებზე მოთხოვნა თანამედროვე
მსოფლიოში იმდენად დიდი და მრავალფეროვანია, რომ მთარგმნელების
უმრავლესობას ფართო პროფილის სპეციალისტად უხდებათ ყოფნა და იძულებული
არიან თარგმნონ განსხვავებული ტიპისა და განსხვავებული თემატიკის ტექსტები.
მოქნილობა, სწრაფი გადართვის უნარი, ახლის მუდმივი ძიებისა და მიღების ჩვევა
ეხმარება თანამედროვე მთარგმნელებს სწრაფად აითვისოს ნებისმიერი ტექსტი.

2
praqtikaSi es 1-dan 2 gverdamdea saaTsi. ix.: Handbuch Translation. – 1999. – S. 11.
11
2.5. მანქანური თარგმანი
მანქანური, ან უფრო სწორად, კომპიუტერული თარგმანი – იგივე წერითი
თარგმანია, ვინაიდან შედეგად ჩვენ ვიღებთ დაწერილ ტექსტს. მაგრამ ახორციელებს
მას არა მთარგმნელი, არამედ კომპიუტერული პროგრამა. თარგმანის თანამედროვე
კომპიუტერული პროგრამები საკმაოდ სრულყოფილია, მარგამ მათ დღემდე არ
შეუძლიათ გადაჭრან თარგმნის პროცესის ყველაზე რთული ამოცანა:
კონტექსტუალურად საჭირო ვარიანტის შერჩევა, რომელიც ყოველ ტექსტში მრავალი
მიზეზითაა განპირობებული. დღესდღეობით ამ ტიპის თარგმანის შედეგი შეიძლება
გამოვიყენოთ როგორც მომავალი ტექსტის “შავი” ვარიანტი, რომელსაც მთარგმნელი
დაარედაქტირებს, ასევე როგორც საშუალება, უკიდურეს შემთხვევაში შევქმნათ
საერთო წარმოდგენა ტექსტის თემასა და შინაარსზე.
კიდევ უფრო რთულ ამოცანას წარმოადგენს ზეპირი ტექსტის თარგმნა
კომპიუტერული პროგრამის დახმარებით, რადგან ზეპირი მეტყველების ამომცნობი
პროგრამა ჯერ კიდევ დამუშავების პირველ ეტაპზეა.

12

You might also like