You are on page 1of 4

საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ (1919-1921) შეიმუშავა და 1921 წლის 21

თებერვალს მიიღო საქართველოს კონსტიტუცია, რომელსაც თავისი საპატიო ადგილი


უკავია მსოფლიო კონსტიტუციონალიზმის ისტორიაში. მას საფუძვლად დაედო ორი
უმთავრესი პრინციპი – ერისა და პიროვნების თავისუფლება

I.კონსტიტუციის შემუშავება

კონსტიტუციის შემუშავებისა და მიღების პროცესი საქართველოს დემოკრატიული


რესპუბლიკის არსებობის თითქმის მთელი პერიოდის მანძილზე გრძელდებოდა .
ქვეყნის ძირითად კანონზე მუშაობა ჯერ კიდევ დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე
დაიწყო. ამიერკავკასიის ფედერაციის არსებობის ხანმოკლე პერიოდში (1918 წლის 22
აპრილი – 26 მაისი) საქართველოს ეროვნულმა საბჭომ, ამიერკავკასიის კონსტიტუციის
შესამუშავებლად, საქართველოდან არჩეულ წევრებს დაავალა , მუშაობა დაეწყოთ
საქართველოს კონსტიტუცის შემუშავებაზეც, რადგანაც ცხადი გახდა – ფედერაციის
კონსტიტუცია ვერ დაიწერებოდა, სანამ არ იქნებოდა ჩამოყალიბებული მასში
შემავალი სუბიექტების კონსტიტუციები. ამიერკავკასიის ფედერაცია მალევე დაიშალა
და საქართველოს ეროვნულმა საბჭომ (შემდგომში საქართველოს პარლამენტმა )
აირჩია საკონსტიტუციო კომისია (1918 წლის 6 ივნისი – 1919 წლის 8 მარტი), რომლის
მასალებიც გადაეცა დამფუძნებელი კრების საკონსტიტუციო კომისიას (1919 წლის 18
მარტი – 1921 წლის 21 თებერვალი).1 თუმცა დამფუძნებელი კრების საკონსტიტუციო
კომისიამ გადაწყვიტა, მუშაობა თავიდან დაეწყო. საქართველოს სახელმწიფოს
ამოსავალი პრინციპები განსაზღვრული იყო 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის
აქტში. საკონსტიტუციო კომისიის გადაწყვეტილებით, დამოუკიდებლობის აქტში
ჩამოყალიბებული პრინციპები არა მარტო საფუძვლად დაედო კონსტიტუციის
შესაბამის მუხლებს, არამედ თვით დამოუკიდებლობის აქტიც, შესავალი ნაწილის
სახით, უნდა დაერთოთ კონსტიტუციისთვის. როგორც აღნიშნავდა გიორგი გვაზავა ,
დამოუკიდებლობის აქტი „არის დაბადება ჩვენი სახელმწიფოსი“, „... ეს არის ფაქტი ,
რომლის შემდეგაც მომდინარეობს, მოსჩქეფს ჩვენი უფლებანი...

საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის შესახებ საინტერესო ცნობას გვაწვდის მისი


პირველი თავმჯდომარე, შემდგომში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის
იუსტიციის მინისტრი რაჟდენ არსენიძე: „დავიწყეთ რა კონსტიტუციის პროექტის შექმნა ,
ჩვენ ხელთ გვქონდა მსოფლიოს ყოველი უფლებრივი, დემოკრატიული სახელმწიფოს
კონსტიტუცია. ვმუშაობდით თითქმის განუწყვეტლივ, მთელი დღე-ღამე. ყოველი
მუხლი, ყოველი დებულება, ყოველი აზრი იწვევდა ბევრ დავასა და შეჯახებასაც კი ,
მაგრამ, საბოლოო ჯამში, ხდებოდა შეთანხმება, ვინაიდან საკონსტიტუციო კომისიის
ყოველი წევრი მთელი თავისი შეგნებით და სერიოზულობით ეპყრობოდა ამ მეტად
საპასუხისმგებლო საქმეს. უნდა ითქვას, რომ ბევრი ძირითადი იდეა გადავიღეთ
შვეიცარიის კონსტიტუციიდან და შევუთავსეთ საქართველოს სინამდვილეს ; მაგრამ
სხვა უფლებრივი, დემოკრატიული სახელმწიფოს კონსტიტუციებიდანაც გამოვიყენეთ
ესა თუ ის პრინციპი“

კონსტიტუციის პროექტის საბოლოო რედაქტირება საკონსტიტუციო კომისიის მიერ


საკონსტიტუციო კომისიის 1920 წლის 14 თებერვლის სხდომაზე იმსჯელეს
კონსტიტუციის დალაგების სისტემაზე. პავლე საყვარელიძის სიტყვით , კონსტიტუცია
უნდა დაეყოთ თავებად და შემდეგ მუხლებად. „ასეთი სისტემა საუკეთესოდ უნდა
ჩაითვალოს, რომ ბუნდოვანობა თავიდან ავიცილოთ.“

საკონსტიტუციო კომისიის 1920 წლის 6 მარტის სხდომაზე აირჩიეს ე.წ. „მცირე კომისია“.
მცირე კომისიის მოვალეობა იყო „კონსტიტუციის გადასინჯვა, კომენტარების განხილვა
და მისი სისტემაში მოყვანა“. მცირე კომისიას განხილული მასალები თანდათანობით
უნდა გადაეცა „დიდი“ კომისიისათვის, ამ უკანასკნელის მიერ საბოლოო დასკვნის
გამოსატანად. „გადასინჯვა“ გულისხმობდა კონსტიტუციის პროექტის უკვე
შემუშავებული ნაწილების ხელახლა განხილვას ცალკეულ შესწორებათა შეტანის
მიზნით. გადაწყდა, რომ ეს მოხდებოდა ცალკე თავების მიხედვით და განსახილველი
თავები წინასწარ უნდა ეცნობებინათ ავტორებისათვის.საკონსტიტუციო კომისიის 6
მარტის სხდომაზე, „მცირე კომისიასთან“ ერთად, შეიქმნა სარედაქციო კომისია ,
რომელსაც დაევალა „კონსტიტუციის რედაქციული გასწორება“

1920 წლის ივნისში გამოქვეყნებული საქართველოს კონსტიტუციის პროექტი შედგება


17 თავისა და 166 მუხლისაგან. საკონსტიტუციო კომისია დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა
პროექტის სტრუქტურას. როგორც პავლე საყვარელიძე აღნიშნავდა , საკონსტიტუციო
კომისიას სურდა, რომ „საქართველოს კონსტიტუციაში სათაურებს შეესაბამებოდეს
მათი შინაარსი, რომ ის ნათლად და მარტივად იყოს შედგენილი და ამავე დროს
ადვილი შესასწავლიც იქნეს“. კონსტიტუციის პროექტის სტრუქტურა შემდგომში
უცვლელად მიიღო დამფუძნებელმა კრებამ.

როდის დაამთავრებდა დამფუძნებელი კრება კონსტიტუციის განხილვას

1921 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოს დამფუძნებელი კრება აგრძელებდა


კონსტიტუციის პროექტის განხილვას. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის
მმართველ სოციალ-დემოკრატიულ პარტიას, რომელსაც დამფუძნებელ კრებაში
საკონსტიტუციო უმრავლესობა ჰყავდა, შეეძლო, შედარებით მოკლე ვადაში
დაემთავრებინა კონსტიტუციის პროექტის განხილვა და მიღება, მაგრამ კონსტიტუციის
საფუძვლიან და ხანგრძლივ განხილვას საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის
მესვეურები ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოვლენად მიიჩნევდნენ .

საბოლოოდ, 1921 წლის 21 თებერვალს თბილისში გამართულ სხდომაზე საქართველოს


დამფუძნებელმა კრებამ საქართველოს პირველი კონსტიტუცია მიიღო. სწორედ იმ დროს
ქართული შეიარაღებული ძალები რუსულ არმიას თბილისის მისადგომებთან ებრძოდა.

კონსტიტუცია 1921 წლის მარტში ბათუმში, ნესტორ ხვინგიას სტამბაში, დაიბეჭდა.

ამ კონსტიტუციამ,სამწუხაროდ,თავისი ფუნქცია ვერ შეასრულა და მხოლოდ ოთხი დღე


იმოქმედა[8]. ამის შემდეგ საქართველოში მიიღეს ოთხი საბჭოთა
კონსტიტუცია 1922, 1927, 1937 და 1978 წლებში, რომლებიც წარმოადგენდნენ ტიპურ
საბჭოთა კონსტიტუციებს და არაფრით განსხვავდებოდნენ რუსეთის საბჭოთა
ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკის კონსტიტუციებისგან

1990 წლის 28 ოქტომბერს საქართველოში ჩატარდა საქართველოს სსრ-ის უმაღლესი


საბჭოს პირველი მრავალპარტიული არჩევნები. არჩევნებიდან სულ რაღაც 16 დღეში
უზენაესმა საბჭომ უამრავი ცვლილება შეიტანა 1978 წლის ჯერ კიდევ მოქმედ საბჭოურ
კონსტიტუციაში. ქვეყნის სახელწოდებიდან ამოიღეს სიტყვები „საბჭოთა სოციალისტური“
და სახელმწიფოს ეწოდა „საქართველოს რესპუბლიკა“, შეიცვალა სახელწმიფო სიმბოლიკა,
გაუქმდა კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელი როლი და დასაბამი მიეცა
პოლიტიკურ პლურალიზმს, გაუქმდა ისეთი ცნებები, როგორიცაა „სოციალისტური
საკუთრება“, „სოციალისტური კანონიერება“, „სოციალისტური დემოკრატია“[1993 წლის 16
თებერვალს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ — სახელმწიფოს
მეთაურმა, ედუარდ შევარდნაძემ პარლამენტს წარუდგინა წინადადება საქართველოს
სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შექმნის შესახებ, რომელსაც უნდა შეემუშავებინა არა
ახალი კონსტიტუცია, არამედ 1921 წლის კონსტიტუციის ახალი რედაქციის პროექტი[

1993 წლის 25 მარტს საქართველოს პარლამენტმა მიიღო დადგენილება საქართველოს


სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შექმნისა და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის
დებულების დამტკიცების თაობაზე. ამ დებულების საფუძველზე სახელმწიფო
საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარედ აირჩიეს საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე — სახელმწიფოს მეთაური ედუარდ შევარდნაძე, მოადგილეებად
— თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი, სამართლის
თეორიისა და სახელმწიფო სამართლის კათედრის გამგე, პროფესორი გივი
ინწკირველი და ვახტანგ ხმალაძე, მდივნად — თსუ-ის პროფესორი ავთანდილ
დემეტრაშვილი. საკონსტიტუციო კომისიის შემადგენლობაში
შევიდნენ პარლამენტარები, იურისტები, ეკონომისტები, ისტორიკოსები, საქართველოს
მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი და აკადემიკოსები, თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტის პროფესორები, სულ, 118 წევრი.

1995 წლის მაისში საკონსტიტუციო კომისიის პლენარულ სხდომებზე საბოლოო განხილვები


დაიწყო. განხილვას საფუძლად დაედო ედუარდ შევარდნაძის მიერ წარმოდგენილი
პროექტი.1995 წლის 24 აგვისტოს, 17 საათსა და 50 წუთზე, საქართველოს რესპუბლიკის
პარლამენტმა ე.წ. „იმელის“ შენობაში 159 ხმით 8-ის წინააღმდეგ მიიღო საქართველოს
კონსტიტუცია. 1995 წლის 17 სექტემბერს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიისა და
საქართველოს პარლამენტის წევრებმა ხელი მოაწერეს კონსტიტუციის ოფიციალურ ტექსტს
მთავრობის იმ სასახლეში, სადაც საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ გამოაცხადა
საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი.

You might also like