You are on page 1of 3

დავით აღმაშენებელი

მე-11 კლასი

იაკობ გაბადაძე

დავით IV აღმაშენებელი - საქართველოს მეფე 1089-1125 წლებში, გიორგი II-ის ძე, დიდი
სახელმწიფო მოღვაწე და ძლევამოსილი მხედართმთავარი, რომელსაც განსაკუთრებული
ადგილი უკავია საქართველოს ისტორიაში.

დავით IV ტახტზე 1089 წელს 16 წლის ასაკში ავიდა, მას შემდეგ, რაც მამამისი — გიორგი II,
შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, იძულებული გახდა შვილის სასარგებლოდ
ტახტზე უარი ეთქვა. დავითს ძალიან მძიმე მემკვიდრეობა ერგო: ქვეყანა დარბეული იყო
მტრის შემოსევებისაგან, თურქ-სელჩუკთამომთაბარე ტომები სახლდებოდნენ დაპყრობილ
ტერიტორიებზე და ქართველ ხალხს ფიზიკური განადგურების საფრთხეს უქმნიდნენ,
დიდგვაროვანი ფეოდალები მეფეს ხშირად არ ემორჩილებოდნენ, საქართველოს მეფის
ხელისუფლება ლიხის ქედის აღმოსავლეთით არ ვრცელდებოდა.

დავითმა თავისი ოცდათექვსმეტწლიანი მმართველობის განმავლობაში შეძლო საბოლოოდ


დაესრულებინა ფეოდალური საქართველოს გაერთიანების პროცესი, სელჩუკი
დამპყრობლები ქვეყნიდან განედევნა, საქართველო რეგიონის უძლიერეს სახელმწიფოდ
ექცია და მემკვიდრეებისათვის გადაებარებინა ქვეყანა, რომელიც გადაჭიმული იყო
„ნიკოფსითგან დარუბანდისა საზღურადმდე და ოვსეთიდგან სოერად და არეგაწადმდე“.
პიროვნული ღირსებებისა და ქვეყნისა და ერის წინაშე უდიდესი დამსახურებისათვის,
ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ დავით აღმაშენებელი წმინდანად შერაცხა და
მისი ხსენების დღედ 8 თებერვალი (ძველი სტილით 24 იანვარი) დააწესა.

დავითი, გიორგი II-სა და ელენე დედოფლის ერთადერთი ვაჟი, დაიბადა 1073 წელს
სატახტო ქალაქ ქუთაისში. მისი უფლისწულობა ხანმოკლე აღმოჩნდა, რადგან ქვეყანაში
შექმნილი პოლიტიკური ვითარების გამო, მამამისი იძულებული შეიქმნა ტახტიდან
გადამდგარიყო და თავისი 16 წლის ვაჟი გაემეფებინა. ეს ფაქტი დავითის კარგ განათლებასა
და სახელმწიფო საქმეებში გაცნობიერებაზე უნდა მეტყველებდეს.

დავითი წიგნის დიდი მოყვარული ყოფილა. სადაც უნდა წასულიყო, ომში, სანადიროდ
თუ სამოგზაუროდ, რჩეული წიგნები ყოველთვის თან დაჰქონდა. როგორც კი
დასასვენებლად მუხლს ჩახრიდა, მაშინვე წიგნს მოართმევდნენ. თვალი რომ
დაეღლებოდა, სხვას აკითხებდა ხმამაღლა. დავითი კითხულობდა ღვთისმეტყველთა
ნაშრომებს. ასევე ეცნობოდა ანტიკურ ავტორთა ნაწარმოებებს, როგორც საეკლესიო და
სამხედრო, ისე ეკონომიკურ, არქიტექტურულ, სამართლებრივ სფეროში. მისივე
ისტორიკოსის ცნობით, ერთხელ ისე გაერთო კითხვით, რომ ვერ გაიგო, მტერი თავს
როგორ წამოადგა. თუმცა წიგნი სწორედ იმისთვის სჭირდებოდა, რომ მომხდური და
მოძალადე დაემარცხებინა. ალბათ, წიგნიერების განუზომელმა სიყვარულმაც, რა თქმა
უნდა, სხვა ფაქტორებთან ერთად, განაპირობა მის მიერ იყალთოს, გელათის, გრემის
აკადემიების დაარსება, სადაც ისწავლებოდა ფილოსოფია, რიტორიკა, არითმეტიკა,
გეომეტრია, გრამატიკა, მუსიკა, ასტრონომია. ამ მონასტრებში სამოღვაწეოდ მან
საზღვარგარეთიდან ჩამოიყვანა ქართველი მწერლები, მეცნიერები, ფილოსოფოსები, მათ
შორის, იოანე პეტრიწი და არსენ იყალთოელი. აქტიურად ეხმარებოდა საზღვარგარეთ
არსებულ ქართული კულტურისა და განათლების ცენტრებს.

იმ ქმედითმა ღონისძიებებმა, რომლებიც დავით აღმაშენებელმა XI საუკუნის მიწურულს


გაატარა, ქვეყანა აღმავლობის გზით წაიყვანა. საქართველოს მეფე უკვე აღარ ეპუებოდა
თურქ-სელჩუკებს. საქართველოს სამეფო კარმა ჯვაროსნების მიერ ანტიოქიისა და
იერუსალიმის აღებით ლახვარჩაცემული თურქ-სელჩუკების მდგომარეობის აწონ-
დაწონვისა და პოლიტიკური შეფასების შემდეგ (ბუნებრივია, შესაბამისად, საკუთარი
ძლიერების გათვალისწინებითაც) შესაძლებლად ჩათვალა ხარკის გადახდის შეწყვეტა 1099
წელს. საფიქრებელია, რომ 1097-98 წლები საქართველოს მოშენება-მომძლავრების პროცესის
დასრულების წლები იყო და უკვე მოძლიერებულ ქვეყანას შეეძლო უარი ეთქვა მტრისთვის
ხარკის გადახდაზე, რადგან მას უკვე ძალაც გააჩნდა და შესაძლებლობაც იმისა, რომ
თვითონ გადასულიყო შეტევაზე. ამ აქტით საქართველომ საბოლოოდ აღიდგინა
დაკარგული დამოუკიდებლობა.

დავით აღმაშენებელი დიდ ყურადღებას უთმობდა სამეფოს ადმინისტრაციულ მოწყობას.


XI საუკუნის უკანასკნელ მეოთხედში ქვეყანაში შექმნილმა კრიზისმა მოშალა როგორც
ცენტრალური, ასევე ადგილობრივი მმართველობა. დავითის მიერ გატარებული დიდი
გარდაქმნები, უპირველესად, სამეფო კარსა და იქ არსებულ უწყებებს შეეხო: შეიქმნა ახალი
თანამდებობები; მეფემ მოაწესრიგა მმართველობა — როგორც საერისთავოებში, ასევე
ქალაქებში. დაითხოვა ურჩი მოხელეები და მათ ადგილას თავისი ერთგულები დანიშნა.

XII საუკუნის დასაწყისში საქართველოს სახელმწიფოს პოლიტიკაში მნიშვნელოვანი


ადგილი დაიკავა ქვეყნის საბოლოო შემომტკიცების საკითხმა. მართალია, მტერი თითქმის
მთლიანად განდევნილი იყო, მაგრამ ვიდრე ამიერკავკასიის აღმოსავლეთი (შირვანი, რანი)
და სამხრეთი (სომხეთი) სელჩუკთა ხელში იყო და საქართველოსთან მიმდებარე ყაბალა-
განჯა-ანისში სელჩუკები ბატონობდნენ, საფრთხე მაინც მოსალოდნელი იყო. საქართველოს
უშიშროების დაცვის საქმე მოითხოვდა ომის გატანას ქვეყნის საზღვრებს გარეთ. კავკასიის
ხალხები თავადაც ებრძოდნენ სელჩუკებს და ყოველთვის მზად იყვნენ მხარში
ამოდგომოდნენ მებრძოლ ქართველებს საერთო მტრის წინააღმდეგ გასალაშქრებლად.
ამიერკავკასიის ხალხებს ერთი მოსაზრება ამოძრავებდათ — განედევნათ სელჩუკი
დამპყრობლები მათი მიწა-წყლიდან, რასაც ამიერკავკასიის პოლიტიკური გაერთიანება
მოჰყვებოდა. გამაერთიანებლის როლში საქართველო გამოდიოდა. ამდენად საქართველოს
სახელმწიფომ, მისმა სამეფო კარმა იკისრა მეტად დიდი და რთული ისტორიული ამოცანა,
რომლის განხორციელებაც საგანგებო ღონისძიებების გატარებას მოითხოვდა.

1121 წლის მიწურულს დავითმა თბილისს ალყა შემოარტყა. ქალაქმა წინააღმდეგობა სცადა,
მაგრამ ქართველთა სამხედრო დარტყმები იმდენად ძლიერი იყო, რომ ბრძოლის
გაგრძელებას აზრი არ ჰქონდა. ალყამ მოსახლეობაც მძიმე დღეში ჩააგდო. თბილისის
მმართველებმა მეფესთან მოლაპარაკების გამართვა გადაწყვიტეს — მათ ელჩები
მიუგზავნეს დავითს და ზავი ითხოვეს, მაგრამ მეფის გადაწყვეტილება ურყევი იყო —
თბილისი ცენტრალურ ხელისუფლებას უნდა დამორჩილებოდა და ამიტომაც, დავითმა
ელჩებთან მოლაპარაკებაზე უარი განაცხადა.1122 წლის თებერვლის შუა რიცხვებში
ქართულმა ჯარმა გადამწყვეტი იერიში მიიტანა და აიღო ქალაქი. დავით აღმაშენებელმა
მოსახლეობის მიმართ დიდი სიმკაცრე გამოიჩინა — ბევრი დახოცა, ხუთასი კაცი წვეტიან
სარზე წამოაცვა და წამებით მოკლა.

დიდგორის ბრძოლის დამთავრებისა და თბილისის აღების შემდეგ, ფაქტობრივად,


დასრულდა საქართველოს სამეფოს მიერ წარმოებული ქვეყნის შემომტკიცების პროცესი,
ამიერიდან თბილისი სამეფო ქალაქი გახდა. მიუხედავად იმისა, რომ თბილისმა
დამოუკიდებლობა დაკარგა, ერთხანს თვითმმართველობა ისევ შეინარჩუნა. ფრიად
საგულისხმო ცნობა მოეპოვება დავითის ისტორიკოსს ახლადშემოერთებული თბილისის
შესახებ: „ქალაქი ტფილისი იყო, ოდეს ჯერეთ არა სრულიად შემოყენებულ იყო უღელსა
ქუეშე მორჩილებისასა, ვითარცა აწ“.
დავითის ისტორიკოსის ცნობით თბილისის აღების მეორე წელს ე. ი. 1123 წელს თურქთა
სულთანი მაჰმუდი მოვიდა შირვანს, რომელიც საქართველოს მეფის ყმადნაფიცი ქვეყანა
იყო. სულთანმა აიღო ქალაქი შამახია, შირვანშაჰი კი შეიპყრო, თანაც საგანგებო ელჩის
ხელით დავითს წერილი გაუგზავნა: „შენ ტყეთა მეფე ხარ და ვერა ოდეს გამოხვალ ველთა;
ხოლო მე ესე-რა შარვანშა შევიპყარ ჴელთა და ხარაჯასა ვითხოვ; შენ თუ გენებოს, ძღუენი
ჯეროვანი გამოგზავნე და თუ გინდა სამალავად გამოვედ და მნახე“.

1125 წლის 8 თებერვალს (ძველი სტილით 24 იანვარს), ორმოცდაცამეტი წლის ასაკში,


გარდაიცვალა საქართველოს მეფე დავით IV აღმაშენებელი. მემატიანის გადმოცემით,
მეფეს დიდხანს არ უავადმყოფია. 1124 წლის შემოდგომაზე მან შირვანი შემოიმტკიცა და
იქაური საქმეები განაგო. ზამთარი საქართველოში გაატარა, სადაც უეცრად შეუძლოდ
შეიქნა და გარდაიცვალა. მეფემ გარდაცვალების წინ მიიღო საოცარი გადაწყვეტილება —
მან ანდერძად დატოვა, რომ გელათის მონასტრის მთავარ კარიბჭეში დაეკრძალათ, რათა
ყველა მომლოცველს მის საფლავზე დაედგა ფეხი.

You might also like