You are on page 1of 2

დავით IV აღმაშენებელი

საქართველოს მეფე 1089-1125 წლებში, გიორგი II-ის ძე, დიდი სახელმწიფო მოღვაწე და
ძლევამოსილი მხედართმთავარი, რომელსაც განსაკუთრებული ადგილი უკავია
საქართველოს ისტორიაში.
დავით IV ტახტზე 1089 წელს 16 წლის ასაკში ავიდა, მას შემდეგ, რაც მამამისი — გიორგი
II, შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, იძულებული გახდა შვილის სასარგებლოდ
ტახტზე უარი ეთქვა. დავითს ძალიან მძიმე მემკვიდრეობა ერგო: ქვეყანა დარბეული იყო
მტრის შემოსევებისაგან, თურქ-სელჩუკთამომთაბარე ტომები სახლდებოდნენ დაპყრობილ
ტერიტორიებზე და ქართველ ხალხს ფიზიკური განადგურების საფრთხეს უქმნიდნენ,
დიდგვაროვანი ფეოდალები მეფეს ხშირად არ ემორჩილებოდნენ, საქართველოს მეფის
ხელისუფლება ლიხის ქედის აღმოსავლეთით არ ვრცელდებოდა.
დავითმა თავისი ოცდათექვსმეტწლიანი მმართველობის განმავლობაში შეძლო
საბოლოოდ დაესრულებინა ფეოდალური საქართველოს გაერთიანების პროცესი, სელჩუკი
დამპყრობლები ქვეყნიდან განედევნა, საქართველო რეგიონის უძლიერეს სახელმწიფოდ
ექცია და მემკვიდრეებისათვის გადაებარებინა ქვეყანა. პიროვნული ღირსებებისა და
ქვეყნისა და ერის წინაშე უდიდესი დამსახურებისათვის, ქართულმა მართლმადიდებელმა
ეკლესიამ დავით აღმაშენებელი წმინდანად შერაცხა და მისი ხსენების დღედ 8 თებერვალი
(ძველი სტილით 24 იანვარი) დააწესა.
დავითი, გიორგი II-სა და ელენე დედოფლის ერთადერთი ვაჟი, დაიბადა 1073 წელს
სატახტო ქალაქ ქუთაისში. მისი უფლისწულობა ხანმოკლე აღმოჩნდა, რადგან ქვეყანაში
შექმნილი პოლიტიკური ვითარების გამო, მამამისი იძულებული შეიქმნა ტახტიდან
გადამდგარიყო და თავისი 16 წლის ვაჟი გაემეფებინა. დავით IV აღმაშენებლის ტახტზე
ასვლა აზრთა სხვადასხვაობას იწვევს ქართველ ისტორიკოსებში: ერთი ნაწილი მიიჩნევს,
რომ დავითი სახელმწიფო გადატრიალების გზით მოვიდა ხელისუფლებაში, ხოლო მეორე
ნაწილი თვლის, რომ არავითარი გადატრიალება 1089 წელს არ მომხდარა და გიორგი II-მ
ვაჟი გვერდით ამოიყენა, როგორც თანამეფე. ამ კამათს საფუძვლად დაედო ორი
სხვადასხვა წყაროს, „გალობანი სინანულისანი“-სა და შიომღვიმის მონასტრისადმი
დავითის ანდერძის თავისებური ინტერპრეტაცია.
თურქ-სელჩუკების შემოსევამ არსებითად შეცვალა პოლიტიკური ვითარება კავკასიასა და
მახლობელ აღმოსავლეთში. დამარცხებულმა ბიზანტიამ პოლიტიკური სარბიელი
სელჩუკებს დაუთმო და ისინიც მტკიცედ დამკვიდრდნენ სამხრეთ კავკასიაში.
მომთაბარე სელჩუკები სრულიად განსხვავდებოდნენ არაბებისა და ბიზანტიელებისაგან,
ისინი დაპყრობილ ტერიტორიაზე სახლდებოდნენ და მეურნეობისათვის საჭირო მიწებს
იკავებდნენ. თურქობა საქართველოს ფეოდალურ მეურნეობას მიწას აცლიდა და მას
გადაშენების საფრთხეს უქმნიდა და აფერხებდა საქართველოს და საერთოდ, კავკასიის
გაერთიანება-ცენტრალიზაციას.საქართველო იმდენად დაკნინებული იყო, რომ მისი მეფის
უფლებები მხოლოდ დასავლეთ საქართველოზე ვრცელდებოდა.
იმ ქმედითმა ღონისძიებებმა, რომლებიც დავით აღმაშენებელმა XI საუკუნის მიწურულს
გაატარა, ქვეყანა აღმავლობის გზით წაიყვანა. საქართველოს მეფე უკვე აღარ ეპუებოდა
თურქ-სელჩუკებს. საქართველოს სამეფო კარმა ჯვაროსნების მიერ ანტიოქიისა და
იერუსალიმის აღებით ლახვარჩაცემული თურქ-სელჩუკების მდგომარეობის აწონ-
დაწონვისა და პოლიტიკური შეფასების შემდეგ შესაძლებლად ჩათვალა ხარკის გადახდის
შეწყვეტა 1099 წელს. ამ აქტით საქართველომ საბოლოოდ აღიდგინა დაკარგული
დამოუკიდებლობა.
დავით აღმაშენებელი დიდ ყურადღებას უთმობდა სამეფოს ადმინისტრაციულ მოწყობას.
XI საუკუნის უკანასკნელ მეოთხედში ქვეყანაში შექმნილმა კრიზისმა მოშალა როგორც
ცენტრალური, ასევე ადგილობრივი მმართველობა. დავითის მიერ გატარებული დიდი
გარდაქმნები, უპირველესად, სამეფო კარსა და იქ არსებულ უწყებებს შეეხო: შეიქმნა ახალი
თანამდებობები; მეფემ მოაწესრიგა მმართველობა — როგორც საერისთავოებში, ასევე
ქალაქებში. დაითხოვა ურჩი მოხელეები და მათ ადგილას თავისი ერთგულები დანიშნა.
XII საუკუნის დასაწყისში საქართველოს სახელმწიფოს პოლიტიკაში მნიშვნელოვანი
ადგილი დაიკავა ქვეყნის საბოლოო შემომტკიცების საკითხმა. მართალია, მტერი თითქმის
მთლიანად განდევნილი იყო, მაგრამ ვიდრე ამიერკავკასიის აღმოსავლეთი (შირვანი, რანი)
და სამხრეთი (სომხეთი) სელჩუკთა ხელში იყო და საქართველოსთან მიმდებარე ყაბალა-
განჯა-ანისში სელჩუკები ბატონობდნენ, საფრთხე მაინც მოსალოდნელი იყო.
1121 წლის მიწურულს დავითმა თბილისს ალყა შემოარტყა. ქალაქმა წინააღმდეგობა
სცადა, მაგრამ ქართველთა სამხედრო დარტყმები იმდენად ძლიერი იყო, რომ ბრძოლის
გაგრძელებას აზრი არ ჰქონდა. 1122 წლის თებერვლის შუა რიცხვებში ქართულმა ჯარმა
გადამწყვეტი იერიში მიიტანა და აიღო ქალაქი. დიდგორის ბრძოლის დამთავრებისა და
თბილისის აღების შემდეგ, ფაქტობრივად, დასრულდა საქართველოს სამეფოს მიერ
წარმოებული ქვეყნის შემომტკიცების პროცესი, ამიერიდან თბილისი სამეფო ქალაქი
გახდა.
1125 წლის 8 თებერვალს, ორმოცდაცამეტი წლის ასაკში, გარდაიცვალა საქართველოს მეფე
დავით IV აღმაშენებელი. მემატიანის გადმოცემით, მეფეს დიდხანს არ უავადმყოფია. 1124
წლის შემოდგომაზე მან შირვანი შემოიმტკიცა და იქაური საქმეები განაგო. ზამთარი
საქართველოში გაატარა, სადაც უეცრად შეუძლოდ შეიქნა და გარდაიცვალა. მან ანდერძად
დატოვა, რომ გელათის მონასტრის მთავარ კარიბჭეში დაეკრძალათ, რათა ყველა
მომლოცველს მის საფლავზე დაედგა ფეხი.

You might also like