You are on page 1of 10

დავით IV აღმაშენებელი (დ. 1073,[3] ქუთაისი — გ.

24 იანვარი, 1125[4][5])
— საქართველოს მეფე 1089-1125 წლებში, გიორგი II-ის ძე, დიდი სახელმწიფო მოღვაწე და
ძლევამოსილი მხედართმთავარი, რომელსაც განსაკუთრებული ადგილი უკავია საქართველოს
ისტორიაში.
დავით IV ტახტზე 1089 წელს 16 წლის ასაკში ავიდა. მამამისი, გიორგი II, შექმნილი
პოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, იძულებული გახდა შვილის სასარგებლოდ
ტახტზე უარი ეთქვა. დავითს ძალიან მძიმე მემკვიდრეობა ერგო: ქვეყანა დარბეული იყო მტრის
შემოსევებისაგან, თურქ-სელჩუკთა მომთაბარე ტომები სახლდებოდნენ დაპყრობილ
ტერიტორიებზე და ქართველ ხალხს ფიზიკური განადგურების საფრთხეს უქმნიდნენ,
დიდგვაროვანი ფეოდალები მეფეს ხშირად არ ემორჩილებოდნენ, საქართველოს მეფის
ხელისუფლება ლიხის ქედის აღმოსავლეთით არ ვრცელდებოდა.[6]
დავით აღმაშენებელმა ოცდათექვსმეტწლიანი მმართველობის განმავლობაში ჩაატარა
სიღრმისეული რეფორმები, რომლებმაც საბოლოოდ დაასრულეს ფეოდალური საქართველოს
გაერთიანების პროცესი, მან ქვეყნიდან სელჩუკი დამპყრობლები განდევნა, საქართველო
რეგიონის უძლიერეს სახელმწიფოდ აქცია და მემკვიდრეებისათვის გადააბარა ქვეყანა, რომელიც
გადაჭიმული იყო „ნიკოფსითგან დარუბანდისა საზღურადმდე და ოვსეთიდგან სოერად და
არეგაწადმდე“. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო დავით აღმაშენებლის ეკონომიკური და
საეკლესიო რეფორმები, რომლებიც საქართველოს გაძლიერების მთავარი საყრდენი გახდა. მის
სახელს უკავშირდება რუის-ურბნისის საეკლესიო კრება, რომელმაც აღმოფხვრა ის დარღვევები,
რასაც ქართულ ეკლესიაში ჰქონდა ადგილი.
დავით IV-ის საგარეო პოლიტიკა უაღრესად აქტიური იყო და ფეოდალური საქართველოს
პროგრესის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული წინსვლის საქმეს ემსახურებოდა.
დავითის დროის საქართველოს ფართო მასშტაბის პოლიტიკური და კულტურული
ურთიერთობა ჰქონდა ჩრდილო კავკასიისა (ოსები, ყივჩაყები, დაღესტნის ხალხები) და სხვა
ხალხებთან, ძველ რუსეთთან, სომხეთთან, შირვანთან, ბიზანტიასა და ჯვაროსნებთან. დავითის
მეფობის დროს საქართველომ ჯვაროსანთათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა:
პირადად დავით აღმაშენებელი და მისი დროის საქართველო კასპიის კარის დამცველად და
თურქ-სელჩუკთა წინააღმდეგ ბრძოლაში ჯვაროსანთა „წინაბურჯად“
მოიხსენიებოდა. დიდგორის ბრძოლის დროს დავით აღმაშენებლის ლაშქარში ჯვაროსნების
(„ფრანგების“) ყოფნა ასევე მიგვანიშნებს საქართველოს აქტიურ კონტაქტებზე ევროპის
ქვეყნებთან და იმაზე, რომ საქართველო ევროპული სივრცის ნაწილი იყო.
პიროვნული ღირსებებისა და ქვეყნისა და ერის წინაშე უდიდესი
დამსახურებისათვის, ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ დავით აღმაშენებელი
წმინდანად შერაცხა და მისი ხსენების დღედ 26 იანვარი (ახ. სტ. 8 თებ.) დააწესა.[7]

რიგითობა და ზედწოდება[რედაქტირება | წყაროს


რედაქტირება]
ზოგიერთ ავტორთან (თედო ჟორდანია, ივანე ჯავახიშვილი, ე. პახომოვი და სხვ.) აღმაშენებელი
დავით II-დაა მოხსენიებული. ეს რამდენადმე პირობითია. საერთოდ, ერთიანი საქართველოს
მეფე დავითებს შორის, აღმაშენებელი დავით I-ია. როცა ზოგი ისტორიკოსი მას დავით II-დ
მოიხსენიებს, ამ შემთხვევაში ათვლა დავით კურაპალატიდან იწყება ე. ი. დავით
კურაპალატი (978-1001 წწ.) დავით I-ა და შესაბამისად, დავით აღმაშენებელი — დავით II.[8]
ქართულ ისტორიოგრაფიაში დავით აღმაშენებლის რიგით ნომრად დავით IV-ა მიჩნეული და
დამკვიდრებული, ეს, როგორც ზემოთაც აღინიშნა, პირობითობაზეა დამყარებული, კერძოდ,
დავითის სახელის მატარებელ მეფეთა ნუმერაცია იწყება ტაო-კლარჯეთის ანუ ქართველთა
სამეფოს მეფეებიდან, რომლებიც ქართველთა მეფის ტიტულს ატარებდნენ.[8] სხვათა შორის,
ამგვარ პრინციპზეა დამყარებული ბაგრატების ათვლა-ნუმერაციაც.
დავით IV ისტორიაში „აღმაშენებლის“ სახელითაა ცნობილი. ეს ზედსახელი მას
გარდაცვალებიდან რამდენიმე საუკუნის შემდეგ უწოდეს. ყოველ შემთხვევაში, XV
საუკუნემდე ცნობა, სადაც დავით IV ამ სახელითაა მოხსენიებული, ჩვენამდე მოღწეული არ
არის. პირველად „აღმაშენებელი“ გვხვდება 1452 წლის ე. წ. ავშანდაძეების სასისხლო სიგელში,
სადაც ნათქვამია, რომ „როდეს აღმაშენებელი გელათს აშენებდა“, გადმოვარდნილა,
დამტვრეულა და ავშანდაძეებს უმკურნალიათ მისთვისო.[9][10] ნარატიულ ისტორიულ
ლიტერატურაში დავითი „აღმაშენებლის“ ზედწოდებით მოხსენიებულია XVII საუკუნის
ქართველი ისტორიკოსის ფარსადან გორგიჯანიძის „საქართველოს ისტორიაში“.[1]
ოფიციალურ ქართულ ისტორიოგრაფიაში დავით IV „აღმაშენებლად“ უფრო გვიან, „ახალი
ქართლის ცხოვრებასა“ და ვახუშტი ბატონიშვილის თხზულებაში („აღწერა სამეფოსა
საქართველოსა“) იწოდება.[9]
ვახუშტი ბატონიშვილი დავითისათვის ამ ზედსახელის დარქმევას ასე ხსნის:
„ხოლო მეფესა დავითს ამისთვის ეწოდა აღმაშენებელი, რამეთუ ოდეს იქმნა მეფედ, იყო
ქუეყანა ესე სრულიად ოხერ; ამან განავსნა და აღაშენნა, რომელ არღარა ეტეოდა ამით,
რამეთუ იყო მოშიში და მოყუარე ღვთისა, გლახაკთა, ქურივთა და ობოლთა მოწყალე,
სნეულთა თვითმსახური, ეკლესიათა ქსენონთა მაშენებელი...[11]“

უფლისწულობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]


დავითი, გიორგი II-სა და ელენე დედოფლის ერთადერთი ვაჟი, დაიბადა 1073 წელს სატახტო
ქალაქ ქუთაისში. მისი უფლისწულობა ხანმოკლე აღმოჩნდა, რადგან ქვეყანაში შექმნილი
პოლიტიკური ვითარების გამო, მამამისი იძულებული შეიქმნა ტახტიდან გადამდგარიყო და
თავისი 16 წლის ვაჟი გაემეფებინა. ეს ფაქტი დავითის კარგ განათლებასა და სახელმწიფო
საქმეებში გაცნობიერებაზე უნდა მეტყველებდეს.

კავკასია დავით IV-ის გამეფებისას.


დავით IV აღმაშენებლის ტახტზე ასვლა აზრთა სხვადასხვაობას იწვევს ქართველ
ისტორიკოსებში: ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ დავითი სახელმწიფო გადატრიალების გზით
მოვიდა ხელისუფლებაში, ხოლო მეორე ნაწილი თვლის, რომ არავითარი გადატრიალება 1089
წელს არ მომხდარა და გიორგი II-მ ვაჟი გვერდით ამოიყენა, როგორც თანამეფე. ამ კამათს
საფუძვლად დაედო ორი სხვადასხვა წყაროს, „გალობანი სინანულისანი“-სა
და შიომღვიმის მონასტრისადმი დავითის ანდერძის თავისებური ინტერპრეტაცია.[12]
დავით აღმაშენებლის მემატიანე ამ მოვლენას ძლიერ ხატოვნად აღწერს:
„...ბნელსა უკუნსა შინა იწყო აღმოცისკრებად მზემან ყოველთა მეფობათამან, დიდმან
სახელითა და უდიდესმან საქმითა, სახელმოდგამმან დავით ღმრთისა მამისამან, და
თჳთ სამეოცდამეათორმეტემან შვილმან ამის დავითისამან, დავით.“

მეფობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]


საქართველოს მდგომარეობა დავით აღმაშენებლის
გამეფებისას[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
თურქ-სელჩუკების შემოსევამ არსებითად შეცვალა პოლიტიკური ვითარება კავკასიასა და
მახლობელ აღმოსავლეთში. დამარცხებულმა ბიზანტიამ პოლიტიკური სარბიელი სელჩუკებს
დაუთმო და ისინიც მტკიცედ დამკვიდრდნენ სამხრეთ კავკასიაში.
მომთაბარე სელჩუკები სრულიად განსხვავდებოდნენ არაბებისა და ბიზანტიელებისაგან, ისინი
დაპყრობილ ტერიტორიაზე სახლდებოდნენ და მეურნეობისათვის საჭირო მიწებს იკავებდნენ.
სელჩუკების მეჯოგეურ-მომთაბარული მეურნეობა შეუთავსებელი იყო ქართული ფეოდალური
მეურნეობისათვის. პრიმიტიული მეურნეობა მკვიდრდებოდა მტკვრის, ალაზნის, ივრისა და
არეზის სანაპირო ჭალებზე. მაღალგანვითარებული კულტურები, ბაღ-ვენახები, პურეული და
სხვა კულტურები ადგილს უთმობდა საძოვრებს. თურქობა საქართველოს ფეოდალურ
მეურნეობას მიწას აცლიდა და მას გადაშენების საფრთხეს უქმნიდა და აფერხებდა საქართველოს
და საერთოდ, კავკასიის გაერთიანება-ცენტრალიზაციას.
საქართველო იმდენად დაკნინებული იყო, რომ მისი მეფის უფლებები მხოლოდ დასავლეთ
საქართველოზე ვრცელდებოდა, „საზღვარი სამეფოსა მთა მცირე ლიხთა, და სადგომი სამეფო
წაღულისთავი“. როცა მეფეს ქართლის ჭალაში ან ნაჭარმაგევს ნადირობა სურდა, წინასწარ
აგზავნიდა კაცებს ადგილების დასათვალიერებლად და შემდეგ გადმოდიოდა.[13] დავით IV–ს
მემკვიდრეობად ერგო თურქ-სელჩუკებისაგან დარბეული ქვეყანა, დაცარიელებული ქალაქები
და სოფლები, მთებში გახიზნული დამშეული მოსახლეობა.

ღონისძიებები ხელისუფლების გაძლიერებისა და


ცენტრალიზაციისთვის[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
დავითმა შემოიკრიბა თავისი ერთგული ქვეშევრდომები, რათა მათი მხარდაჭერით წარმატებით
წარემართა ქვეყნის საქმეები. საქართველოს სამეფო კარი თავს უყრიდა ერთგულ მხედართა
რაზმებს. სწორედ ერთგული მოლაშქრეებით ესხმოდა თავს სელჩუკებს, ამარცხებდა მათ და
ამით მტრის შიშით მთაში გახიზნულ ქართველ მიწის მუშას ბარად ჩამოსვლის საფუძველს
უქმნიდა. დავითმა სელჩუკები ქართლიდან თანდათან აჰყარა. ეს წვრილი გამარჯვებები
ქართველ ხალხში მტრის გარდუვალი დამარცხების აუცილებლობასა და საკუთარი ძალის
რწმენას აღვივებდა. ქვეყანა თანდათან დაუბრუნდა სოფლის მეურნეობის ინტენსიურ წარმოებას,
ქალაქები კი აღორძინების გზას დაადგა.[13]
სელჩუკთა ძლიერება თანდათან შესუსტდა სულთან მალიქ-შაჰის სიკვდილის შემდეგ (1092
წლიდან). ეს, თავის მხრივ, საქართველოს პოლიტიკური ძლიერების წისქვილზე ასხამდა წყალს.
გარეშე მტრის დასუსტებასთან ერთად აღარც შინაური ურჩი ფეოდალები წარმოადგენდნენ დიდ
საფრთხეს.

ბრძოლა კლდეკარის საერისთავოს წინააღმდეგ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]


დავით აღმაშენებელმა XI საუკუნის ბოლოს მკაცრი ბრძოლა გამოუცხადა დიდგვაროვან
ფეოდალებს. დავითის ისტორიკოსი მელიქ-შაჰის სიკვდილსა და ლიპარიტის განდგომას
ერთმანეთთან აკავშირებს. მალიქ-შაჰი 1092 წელს გარდაიცვალა, ლიპარიტი კი 1093 წელს
განდგა.[13][14]
ბაღვაშები მსხვილი ფეოდალები იყვნენ IX-XIII საუკუნეების საქართველოში, მათი სამფლობელო
იყო არგვეთი (ზემო იმერეთში). IX საუკუნის 70-80-იან წლებში ამ გვარის
წარმომადგენელი ლიპარიტ I ბაღვაში ეყმო დავით I ქართველთა კურაპალატს, მიიღო მისგან
მიწა-წყალი თრიალეთში და შექმნა ძლიერი კლდეკარის საერისთავო. საერისთავოს
აღმოსავლეთით (ალგეთისა და სკორეთის ხეობებში) ესაზღვრებოდა თბილისის საამირო,
სამხრეთ-აღმოსავლეთითა და სამხრეთით — სამშვილდისა და ზორაკერტის რეგიონები,
სამხრეთ-დასავლეთით — ჯავახეთი, დასავლეთით — სამცხე, ხოლო ჩრდილოეთით —
ქართლის საერისთავო, რომელსაც კლდეკარის საერისთავოსაგან თრიალეთის ქედი
ჰყოფდა.[15][14]
დავითის ისტორიკოსი გადმოგვცემს, რომ ლიპარიტი, რომელსაც ეპყრა თრიალეთი, კლდეკარი
და მისი მიმდგომი ქვეყანა, ერთხანს ერთგულებდა დავითს. როგორც ჩანს, იმდენად დიდი იყო
მომხდური მტრის განდევნის სურვილი, რომ დიდგვაროვანი ფეოდალები ახალგაზრდა მეფეს
ამოუდგნენ მხარში. ლიპარიტთან ერთად ჩვენ ვხედავთ ნიანია კახაბერისძესა და აზნაურებს,
რომლებიც თანდათან შემოიკრიბნენ საქართველოს სამეფო კარის გარშემო, მაგრამ როგორც ჩანს
ეს მშვიდობიანობა და შეთანხმებული საქმიანობა დიდხანს არ გაგრძელებულა.[16][17]
ლიპარიტის განდგომა ბაღვაშებისა და საქართველოს მეფეთა შორის საუკუნოვანი ბრძოლის
გაგრძელებას მოასწავებდა. წინა პერიოდში ეს ბრძოლა გარდამავალი უპირატესობით
მიმდინარეობდა. ზოგჯერ საქართველოს მეფეები იძულებულნი იყვნენ დათმობაზე
წასულიყვნენ და გარკვეულ კონკრეტულ ვითარებაში კლდეკარის ერისთავების უპირატესობა
ნებით თუ უნებლიეთ ეღიარებინათ, მაგრამ დავითი ყველა წინამორბედისაგან არსებითად
განსხვავებული მეფე და პიროვნება იყო. იგი შორსმჭვრეტელი პოლიტიკოსი და დასახული
მიზნის თანამიმდევრული, ენერგიული გამტარებელი იყო. იგი ვერ დაუშვებდა გაორგულებული
ვასალის თავკერძობას. პროგრესის გზაზე დამდგარი სამეფო ხელისუფლების ცენტრალიზაციის
მოწინააღმდეგე ქვეყნის გაერთიანება-გაძლიერების მოწინააღმდეგეც იყო, ასეთად მიიჩნია
დავითმა ლიპარიტი.[17] მეფემ თავგასული ქვეშევრდომის „ინება გაწურთა“ და შეიპყრო იგი.
ლიპარიტმა მოინანია ცოდვა და მეფემაც ამ მონანიების შემდეგ „მომტკიცებული მრავალთა და
მტკიცეთა ფიცთა მიერ“ გაათავისუფლა და ყველა მისი უფლება შეუცვლელად ცნო. ლიპარიტის
განთავისუფლება 1093 წელსვე უნდა მომხდარიყო. როგორც ჩანს, ლიპარიტმა თავისი ფიცი და
პირობა არ შეასრულა და მეფეს კვლავ გაუორგულდა. დავითი დარწმუნდა, რომ ლიპარიტის
მორჯულება ისევე არ შეიძლებოდა „რამეთუ კუდი ძაღლისა არა განემართების, არცა კირჩხიბი
მართლად ვალს“ და კვლავ შეიპყრო 1094 წელს. 2 წლის განმავლობაში პატიმრობაში ჰყავდა,
შემდეგ კი საბერძნეთში გააძევა სადაც გარდაიცვალა კიდეც.[18][17][19]
კლდეკარის ციხესიმაგრის ნანგრევები
კლდეკარის საერისთავომ კიდევ რამდენიმე წელი იარსება. მას სათავეში ლიპარიტის
ძე რატი ედგა. ვერც რატი ლიპარიტის ძემ გამოიჩინა თავი სიკეთითა და საქართველოს
მეფისადმი ერთგულებით. ისიც, მისი წინაპრების მსგავსად, სამეფო ხელისუფლებისა და
ერთიანი ქვეყნის წინააღმდეგ იბრძოდა.[18][17] ბუნებრივია, როცა დავითმა კვლავ ორგულობა
იხილა ბაღვაშთა გვარიდან მომდინარე მას ისღა დარჩენოდა უკიდურესი ზომისათვის მიემართა.
ეს უკიდურესი ზომა საერისთავოს გაუქმება იყო. მართლაც, დავითმა გააუქმა კლდეკარის
საერისთავო და მისი მიწა-წყალი თავის სამეფოს შემოუერთა. კლდეკარის საერისთავოს გაუქმება
ემთხვევა საქართველოს მეფის მიერ ზედაზნის ციხის აღებას (1103 წ.).
დავითს ერისთავებთან ბრძოლა ბაღვაშთა დამარცხებითა და კლდეკარის საერისთაოს
გაუქმებით არ დაუმთავრებია. საქართველოს მეფე ყოველმხრივ ცდილობდა საქვეყნოდ გამრიგე
ხელისუფალი ერისთავები დაექვემდებარებინა ფეოდალური მონარქიის მიერ შექმნილი სამეფო
კარის ცენტრალური სამოხელეო აპარატისათვის. იგი საქვეყნოდ გამრიგე მოხელეებს დარბაზით
გამოსულ მოხელეებად აქცევდა და უპირატესობასაც ამ უკანასკნელებს ანიჭებდა. დავითის
დროს გაძლიერებულმა ვაზირის სამეფისკარო-სამოხელეო ინსტიტუტმა გასაქრობად შეუტია
ერისთავობის ძველ ინსტიტუტს. დავითი ერისთავობას ცენტრალიზებული, ფეოდალური
სახელმწიფოსათვის შეუფერებლად თვლიდა და ყოველმხრივ ავიწროებდა და ცდილობდა მის
გაუქმებას.

თურქებისათვის ხარკის შეწყვეტა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]


იმ ქმედითმა ღონისძიებებმა, რომლებიც დავით აღმაშენებელმა XI საუკუნის მიწურულს
გაატარა, ქვეყანა აღმავლობის გზით წაიყვანა. საქართველოს მეფე უკვე აღარ ეპუებოდა თურქ-
სელჩუკებს. საქართველოს სამეფო
კარმა ჯვაროსნების მიერ ანტიოქიისა და იერუსალიმის აღებით ლახვარჩაცემული თურქ-
სელჩუკების მდგომარეობის აწონ-დაწონვისა და პოლიტიკური შეფასების შემდეგ (ბუნებრივია,
შესაბამისად, საკუთარი ძლიერების გათვალისწინებითაც) შესაძლებლად ჩათვალა ხარკის
გადახდის შეწყვეტა 1099 წელს. საფიქრებელია, რომ 1097-98 წლები საქართველოს მოშენება-
მომძლავრების პროცესის დასრულების წლები იყო და უკვე მოძლიერებულ ქვეყანას შეეძლო
უარი ეთქვა მტრისთვის ხარკის გადახდაზე, რადგან მას უკვე ძალაც გააჩნდა და შესაძლებლობაც
იმისა, რომ თვითონ გადასულიყო შეტევაზე. ამ აქტით საქართველომ საბოლოოდ აღიდგინა
დაკარგული დამოუკიდებლობა.[18]

აბულეთისძეების გამოსვლა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]


ამ პერიოდის მნიშვნელოვანი მოვლენაა დიდგვაროვანი
ფეოდალების, ძაგან და მოდისტოს აბულეთისძეების ბრძოლა საქართველოს სამეფო კარის
წინააღმდეგ.
ნიშანდობლივია, რომ ძაგანის (აბულეთისძეთა) საგვარეულო ტრადიციულად მტრობას უწევდა
საქართველოს სამეფო კარს და ისტორიის მთელ მანძილზე მეფისადმი ერთგულებით არ
გამოირჩეოდა.
დავით აღმაშენებელი შიომღვიმისადმი ბოძებულ ანდერძში ერთგვარი სინანულით აღნიშნავს,
რომ მიუხედავად გარკვეული შეღავათებისა, რაც საქართველოს მეფეების მხრიდან ძაგანის
წინაპრების მიმართ იყო განხორციელებული, არავის (ძაგანის გვარის წარმომადგენლებს)
ერთგულებით არ დაუფასებია. ამდენად, საქმე გვაქვს მეტად სერიოზულ, პრინციპულ
ბრძოლასთან, რომელშიც ერთ მხარეს საქართველოს მეფე დგას, ხოლო მეორე მხარეს —
დიდგვაროვანი ფეოდალი ძაგანი.
აბულეთისძეთა საგვარეულოს წარმომადგენელთა ერთ-ერთ გამოსვლას საქართველოს სამეფო
კარის წინააღმდეგ ადგილი უნდა ჰქონოდა 1085-1089 წლებს შორის. როგორც ჩანს, ეს გამოსვლა
მარცხით დამთავრდა. მოღალატეები დაუსჯიათ, მაგრამ უკიდურესი ზომები არ
გაუტარებიათ.[20]

აბულეთისძეთა გამოსვლის ისტორიულ წყაროს დავით


აღმაშენებლის მიერ შიომღვიმის მონასტრისადმი გაცემული ანდერძი წარმოადგენს.
რაც შეეხება დავით აღმაშენებლის მიერ შიომღვიმისადმი მიცემულ ანდერძში
მოხსენიებულ ძაგანისა და მოდისტოსის მეფის საწინააღმდეგო მოქმედების ფაქტს, მას ადგილი
უნდა ჰქონოდა დავითის მიერ ზედაზნის აღების (1103 წ.) შემდეგ. ამჯერად ძაგანმა დაინახა
თავისი უიმედო მდგომარეობა, საქართველოსა და მისი მეფის აღმავლობა და უკანასკნელად
სცადა გაბრძოლება.[20] ძაგანმა „მძლავრობით“ ხელთ იგდო მცხეთის, წილკნისა და შიომღვიმის
საეკლესიო მამულები. შიომღვიმე სიმაგრედ გადააქცია და თავის შეფარებაც იქ სცადა. რაც
შეეხება მოდისტოსს, ძაგანმა იგი წილკნის ეპარქიის ეპისკოპოსის რანგში აიყვანა და მისი
მეოხებითაც არაერთი მიწა მიიტაცა.[20]
დავით აღმაშენებელმა ძაგანის, ისევე, როგორც ბევრი სხვა მოწინააღმდეგე ფეოდალის
აღვირახსნილი მოქმედება სამეფო ხელისუფლების წინააღმდეგ ალაგმა. საქართველოს მეფისაგან
დევნილი ძაგანი იძულებული გახდა შიომღვიმის მონასტრისათვის შეეფარებინა თავი, თუმცა აქ
უკვე აღარ გაუმართლა. საეკლესიო მსახურებმა, როგორც ჩანს, აწონ-დაწონეს საქართველოს
სამეფო ხელისუფლების ძლიერება (გამორიცხული არაა მათი პატიოსნება და მეფის სამსახურში
ერთგულებაც) და ყოველგვარი ყოყმანის გარეშე, შეპყრობილი ძაგანი მეფეს გადასცეს. თავად
დავითი ამ ფაქტს საეკლესიო მსახურების მხრიდან მის მიმართ ერთგულების გამოხატულებად
აფასებს.[20][21]
ამგვარად, დავითმა ძაგანი და მისი მომხრეები შეიპყრო. მეფემ ძაგანი სიკვდილით არ დასაჯა,
მაგრამ ყველა პატივი და ღირსება აჰყარა. მისი მიწების ნაწილი მასვე დაუტოვა სიკვდილამდე,
მისი გარდაცვალების შემდეგ კი ძაგანის შთამომავლობა კარგავს ყოველგავრ უფლებას ამ
ქონებაზე.[20]
ამავე პერიოდში ჩანს დავით აღმაშენებლის ბრძანებით შიომღვიმის მონასტრის მშენებლობის
დაწყება, რაც იმ ერთგულების ერთგვარი საზღაური იყო, რაც ბერებმა ძაგანის შეპყრობითა და
მისი მეფისათვის გადაცემით გამოიჩინეს.[20][21] 1124 წელს მონასტრის მშენებლობა
დამთავრებული ჩანს.

კახეთ-ჰერეთის შემოერთება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]


ფეოდალური საქართველოს პოლიტიკური გაერთიანების ისტორიაში მნიშვნელოვანი ადგილი
უჭირავს კახეთ-ჰერეთის საკითხს. კახეთის სამთავრო ქართლის საერისმთავროს ჯერ კიდევ VIII
საუკუნის 80-იან წლებში გამოეყო. კახეთის სამთავრო IX საუკუნისათვის მსხვილი ფეოდალური
ერთეული ჩანს, რომლის დასავლეთი საზღვარი ქსანზე გადიოდა, აღმოსავლეთით — ყვარელ-
გურჯაანის ხაზზე, ალაზნის ველსა და ივრის ზეგანზე, ჩრდილოეთით კავკასიონის ქედი
ესაზღვრებოდა, ზოგან საზღვარი მის გადაღმაც გადიოდა.
ბაგრატ III-მ ორწლიანი ბრძოლის შემდეგ მთლიანად დაიპყრო კახეთ-ჰერეთი და 1011 წელს
დაატყვევა კვირიკე III. სწორედ ამ კვირიკემ, ტყვეობიდან გათავისუფლებულმა,
ისარგებლა გიორგი I-ის დროს საქართველოს პოლიტიკური ურთიერთობის
გართულებით ბიზანტიასთან, დაიპყრო ჰერეთი და კახეთი და მეფედ იწოდა. ამიერიდან მთელი
XI საუკუნის განმავლობაში კახეთის სამეფო ერთიანი საქართველოდან ცალკე სახელმწიფოდ
გამოეყო.
დავითის მოღვაწეობის პერიოდში კახეთის მეფეები იყვნენ კვირიკე IV და აღსართან II. ცხოვრება
მეფეთ მეფისა დავითისი დიდი პატივისცემით მოიხსენიებს კვირიკე IV კახთა მეფეს „კაცი
მეფობისავე თანა მეფე-ქმნილი ვნებათა ზედა და ჭეშმარიტი ქრისტიანე“. ცხადია, ამგვარი
დამოკიდებულების საფუძველი ჰქონდა დავითის ისტორიკოსს. სწორედ კვირიკე IV-ს წაართვა
დავითმა 1103 წელს უაღრესად დიდი მნიშვნელობის სტრატეგიული პუნქტი ზედაზნის ციხე-
სიმაგრე („მოსცა ჟამი ღმერთმა მეფესა დავითს და წარუღო კვირიკეს ციხე ზედაზენი“).
წყაროებში („ცხოვრება მეფეთ მეფისა დავითისი“, დავით აღმაშენებლის ანდერძი
შიომღვიმისადმი) გადმოცემული მოვლენათა განვითარება ადასტურებს, რომ 1103 წლისათვის
მომძლავრებულ საქართველოს კახეთის სამეფოს საკითხი გადაწყვეტილად მიაჩნდა. როგორც
ჩანს, ამ ბედს შეგუებული იყო კვირიკე IV-ც. ამაზე ნათლად მეტყველებს ის ფაქტი, რომ
ზედაზენი წინააღმდეგობის გარეშე დათმეს. ამ აქტით პრაქტიკულადაც წყდებოდა კახეთის
საკითხი.[22] ამას ისიც დაერთო, რომ მალე გარდაიცვალა კახეთის მეფე კვირიკე „და შემდგომად
წელიწადისა ერთისა მიიცვალა მეფე კჳრიკე“ ე. ი. იგი გარდაიცვალა 1103 წლიდან 1 წლის
გადსვლის შემდეგ 1104 წელს. კვირიკე IV-ის ტახტი მისმა ძმისწულმა აღსართან II-მ დაიკავა.
თავისი წინამორბედისაგან სრულიად განსხვავებით, მას მეფობისათვის არავითარი მონაცემი არ
ჰქონდა. მემატიანის სიტყვებით, იგი ქარაფშუტა, ცუნდრუკი და უმეცრად უსამართლო
ყოფილა.[22] ასეთი მმართველის ხელქვეშ მყოფი კახეთის შემოერთება, ცხადია, საქართველოს
მეფისათვის აღარავითარ სიძნელეს არ წარმოადგენდა, მით უმეტეს, რომ დავითს ამ
მიმართულებით გატარებული ჰქონდა მნიშვნელოვანი ღონისძიებები. ჰერეთ-კახეთში
საქართველოს მეფე დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა და ბევრი დიდებული მის პოლიტიკას
მხარს უჭერდა, მით უმეტეს ეს პოლიტიკა მთელი საქართველოს გაერთიანებას ისახავდა
მიზნად. 1104 წელს დიდმა აზნაურებმა არიშიანმა, ბარამმა და მათმა ბიძამ (დედის ძმა) ქავთარ
ბარამის ძემ შეიპყრეს და საქართველოს მეფეს გადასცეს კახთა მეფე აღსართანი. დავითმა ჰერეთი
და კახეთი დაიკავა („და აღიხუნა მეფემან ჰერეთი და კახეთი“).[23][24][25][26]
ერწუხის ბრძოლა და კახეთ-ჰერეთის საბოლოო შემომტკიცება[რედაქტირება | წყაროს
რედაქტირება]
მთავარი სტატია: ერწუხის ბრძოლა.
სეპარატიზმის მოსურნენი და მეფის მოწინააღმდეგენი აშკარად თუ ფარულად იბრძოდნენ.
როგორც კი ნახეს, რომ კახეთი და ჰერეთი საქართველოს მეფის ხელდებული და ერთიანი
ქვეყნის შემადგენელი ნაწილი გახდა, ისინი მრავალი კახელითურთ გაეცალნენ მის საზღვრებს
და დახმარება სთხოვეს განძის ათაბაგს, რომელიც თურქეთის სულთნის მოხელე იყო.[23] განძის
ათაბაგმა შეკრიბა დიდი ლაშქარი. მასთან იყო მრავალი კახელი და „ქუეყნისა ერი“ „მტერთავე
თანა გარემოდგომილი ჩვენდა“. ეს დიდი ძალა დაუპირისპირდა საქართველოს მეფეს. დავით
აღმაშენებელმა მცირე ლაშქარი შეკრიბა და მტერს ერწუხთან გაუმართა ბრძოლა. ქართული
ლაშქარი კარგად იყო გაწვრთნილი, საქართველოს მეფეს სამხედრო არსენალში ჰქონდა
სტრატეგიული და ტაქტიკური სიახლენი. თავგანწირულ ქართველ მოლაშქრეებს გონიერი
ხელმძღვანელი ჰყავდათ დავითის სახით, რომელიც პირადი მაგალითით აღაფრთოვანებდა და
გამარჯვების რწმენას უნერგავდა თანამებრძოლთ.[23]
ერწუხის ბრძოლის მსვლელობის სრულად წარმოდგენა წყაროების სიმცირის გამო მეტად
ძნელია. ნათელია, რომ მტერი გარემოადგა თუ არა ქვეყანას, დავითმა „ქმნა წყობანი დიდნი“ ე. ი.
მტკიცედ განაწყო თავისი ჯარი და ისე მედგრად შეუტია მტერს (აქ ბუნებრივია იგი ყველა
წინასწარ მოფიქრებულ სამხედრო სიახლეებს გამოიყენებდა), რომ მემატიანე განცვიფრებულია
მისი სწრაფი წარმატებებით.[27]
ერწუხის ბრძოლაში დავითმა ძლევამოსილად გაიმარჯვა. ბრძოლის შედეგი მეტად მძიმე იყო
მოწინააღმდეგისათვის, მან სრული განადგურება იგემა. სელჩუკები გაიქცნენ, კახელებს
გასაქცევი არსად ჰქონდათ და იძულებული იყვნენ დანებებულიყვნენ. კახეთის დიდებულები
მორჩილების გუნებაზე დადგნენ. დავითი ლმობიერების გზას დაადგა. როგორც ჩანს, კახელი
ფეოდალები მკაცრად არ დასაჯა, პირიქით, „მზეებრ მოჰფინა წყალობა ყოველთა ზედა მკჳდართა
ქუეყანისათა“. მეფემ ფეოდალებს ციხე-სიმაგრეები ჩამოართვა და შიგ სამეფო რაზმები ჩააყენა.
ნიშანდობლივია, რომ ციხეთა აღებისას დავითისათვის წინააღმდეგობა არ გაუწევიათ. დავით
აღმაშენებლის ისტორიკოსი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ „თჳთმპყრობელობით დაიპყრა ჰერეთი
და კახეთი და ნებიერად აღიხუნა ციხენი და სიმაგრენი მათნი“.[28][26]
1104 წელს ერწუხის ბრძოლაში გამარჯვების შემდეგ ჰერეთ-კახეთი საბოლოოდ იქნა
შემოერთებული, რასაც უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოსათვის, ამ უკანასკნელის
ეკონომიკური და სამხედრო ძალების გაზრდის თვალსაზრისით. ამიერიდან უკვე აშკარად
ძლიერ ერთიან საქართველოს შეეძლო ფართო მასშტაბის ეკონომიკური თუ პოლიტიკური
ღონისძიებების ქმედითად გატარება. მართლაც, აქედან მოყოლებული საქართველოს სამეფომ
ბევრი ისეთი გრანდიოზული ნაბიჯი გადადგა, რომელმაც ქვეყანა იმდროინდელ წინა
აზიასა და კავკასიაში ერთ-ერთ გავლენიან და მოწინავე სახელმწიფოდ აქცია, ამ საქმეში,
რასაკვირველია, მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღოდა საქართველოს სამეფო ხელისუფლებას,
დავით აღმაშენებელს. საერთოდ, დავითის მოღვაწეობა წარმოადგენს თანამიმდევრულად
აღმავალ ერთ მთლიან ხაზს.[28]
1089-1104 წლები საქართველოს ისტორიაში მეტად მნიშვნელოვანი დროა, როცა
სელჩუკებისაგან დათრგუნვილი ქვეყანა და მისი მოსახლეობა, ფაქტობრივად გათავისუფლდა
დამპყრობთა უღლისაგან და მისი განვითარება აღმავლობის გზით წავიდა.

გარდაქმნები ეკლესიაში, რუის-ურბნისის საეკლესიო კრება[რედაქტირება | წყაროს


რედაქტირება]
მთავარი სტატია: რუის-ურბნისის საეკლესიო კრება.
XII საუკუნის საქართველოს ეკლესიაში წოდებრიობა მთელი სიგრძე-სიგანით იყო
გაბატონებული. მრავალ საეკლესიო თანამდებობებზე როგორც საერთოდ ყველა ფეოდალურ
ქვეყანაში მხოლოდ დიდგვაროვნებს ნიშნავდნენ. რაკი ღირსებას ყურადღება არ ექცეოდა მაღალ
საეკლესიო თანამდებობებზე ხშირად არაკეთილსინდისიერი შემთხვვევითი პირები
ხვდებოდნენ, უფრო მეტიც, ბევრჯერ ეკლესია ყოველგვარი უმსგავსობის წამომწყები ხდებოდა.
ეს შეუმჩნეველი არ დარჩენიათ თანამედროვეებსაც. დავითის ისტორიკოსი საგანგებოდ
აღნიშნავს, რომ
„წმინდანი ეკლესიანი, სახლნი ღმრთისანი, ქუაბ ავაზაკთა ქმნილ იყვნეს; და უღირსთა
და უწესოთა მამულობით უფროჲს, ვიდრე ღირსებით, დაეპყრნეს უფროჲსნი
საეპისკოპოსნი, – არა კარით მწყემსებრ შესრულ[თა], არამედ ავაზაკებრ ერდოჲთ; და
მათნივე მსგავსნი ხუცესნი და ქორეპისკოპოსნი დაედგინნეს, რომელნი, ნაცვლად
სჯულთა საღმრთოთა პყრობისა, უსჯულოებასა აწურთიდეს მათქუეშეთა; და თჳთ
სახლით უფლისაჲთ და მღვდელთაგან გამოვიდიოდა უსჯულოებაჲ და ცოდვაჲ.[29]“

დავითის ისტორიკოსი ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ „მამულობით უფროს ვიდრე ღირსებით“
იყვნენ დაწინაურებულნი სასულიერო თანამდებობებზე. იგივეს ადასტურებს დავითის
თაოსნობით მოწვეული დიდი საეკლესიო კრება, რომელიც ისტორიოგრაფიაში რუის-ურბნისის
კრების სახელწოდებითაა ცნობილი. უფრო ზუსტად, კრების დადგენილება ე. წ.
„ძეგლისწერაჲ“.[30]
საქართველოს საბოლოო გაერთიანება ეკლესიის, ამ დიდი ფეოდალური ძალის, მონარქიისადმი
დაუქვემდებარებლად წარმოუდგენელი იყო. საქმე კი არსებითად სხვაგვარად გამოიყურებოდა:
ეკლესიის ცალკეული დაწესებულებები სამეფო ხელისუფლების წინააღმდეგ გამოსული
ერისთავების დაცვასა და შეფარებას კისრულობდნენ. ამით ეკლესია ხაზს უსვამდა თავის
პრიორიტეტს სახელმწიფო ხელისუფლების წინაშე, ამასთანავე ეს მეფის ცენტრალურ
ხელისუფლებას დაპირისპირებული ფეოდალები მათივე ნათესავები იყვნენ დიდგვაროვნობის
ნიშნით დაწინაურებულნი.
სამღვდელოები გადაგვარების გზაზე მხოლოდ XII საუკუნის I მეოთხედში არ დამდგარან, ეს
პროცესი გაერთიანებული საქართველოს არსებობის მთელ მანძილზე მიმდინარეობდა.
საეკლესიო თანამდებობის ყიდვა-გაყიდვა იმდენად ძლიერი იყო XI საუკუნის შუა წლების
საქართველოში, რომ მან პროგრესულ საეკლესიო მოღვაწეთა განსაკუთრებული ყურადღება
მიიქცია.
საქართველოს სამეფოს წინაშე დასახული იყო ამოცანა ცენტრალიზებული სახელმწიფოს კიდევ
უფრო გაძლიერებისა და განმტკიცების მიზნით შებრძოლებოდა რეაქციულ სასულიერო
არისტოკრატიას. სამეფო კარმა ამ მიზნით გარს შემოიკრიბა გიორგი მთაწმინდელის იდეურ
მემკვიდრეთა ძლიერი დასი. პირველი ქმედითი ნაბიჯი რომელიც საქართველოს
ხელისუფლებამ ამ მიმართულებით გადადგა დიდი საეკლესიო კრების მოწვევა იყო, კრებისა
რომელიც რუის-ურბნისის საეკლესიო კრების სახელითაა ცნობილი.[31]
კრებამ, რომელსაც უძღვებოდა დავითის აღმზრდელი ერთგული ბერი, გიორგი
მწიგნობართუხუცესი, დავითის ინიციატივით მიიღო ის პრინციპები, რომელთაც ორმოციოდე
წლის წინ ბაგრატ IV-ის მიერ მოწვეული, ათონის ქართველთა მონასტრის წინამძღვარი, გიორგი
მთაწმიდელი ქადაგებდა, თუმცა მაშინ მათი პრაქტიკული განხორციელება, პოლიტიკური
სიტუაციის გამო, ვერ მოხერხდა. რეფორმის ძირითადი პრინციპი მდგომარეობდა იმაში, რომ
დიდი საეკლესიო თანამდებობები, კერძოდ საეპისკოპოსო კათედრები მემკვიდრეობით კი არ
უნდა დაეჩემებინათ დიდგვაროვან აზნაურებს, საეკლესიო წრეებში გავრცელებული სიმონიის
შედეგად, არამედ კანდიდატურები ადამიანის ღირსების მიხედვით უნდა შერჩეულიყო.[32]
მრავალდღიანი საეკლესიო კრება, როგორც ჩანს, მწვავე ვითარებაში მიმდინარეობდა, მაგრამ
დავითისა და გიორგი მწიგნობართუხუცესის მომხრეებმა მძიმე დებატების შედეგად, როგორც
მემატიანე გადმოგვცემს,

You might also like