You are on page 1of 5

კალიუმის როლი მცენარის ზრდა-განვითარებაზე, კალიუმის სასუქები, კალიუმის წრებრუნვა

მიწათმოქმედებაში, ნიადაგთან ურთიერთმოქმედება, გამოყენების თავისებურებანი

კალიუმი წარმოადგენს მცენარის კვების ერთერთ მთავარ ელემენტს. მცენარეულ


ორგანიზმში ის იმყოფება იონების სახით და არ შედის ორგანული ნაერთების
შემადგენლობაში. ის ძირითადად შედის მცენარეული უჯრედის ციტოპლაზმაში და
ვაკუოლებში, ბირთვში კი არ იმყოფება. კალიუმის 20% -მდე იმყოფება ციტოპლაზმის
გაცვლით კომპლექსში, 1% შთანთქმულია მიტოქონდრიების მიერ და 80%-მდე კი იმყოფება
უჯრედის წვენში და ადვილად გამოირეცხება უჯრედიდან. ამიტომ ძველ უჯრედებიდან
წვიმის გავლენით ხდება კალიუმის გამორეცხვა.

მცენარეში კალიუმს გააჩნია მრავალი ფიზიოლოგიური ფუნქციები: ქლოროპლასტებში და


მიტოქონდრიებში კალიუმი ხელს უწყობს სტრუქტურის სტაბილიზაციას და ატფ-ის
წარმოქმნას; კალიუმი დადებითად მოქმედებს მცენარის უჯრედის კოლოიდების ფიზიკურ
მდგომარეობაზე - ზრდის მათ გაწყლიანებას, გაჯირჯვლებას და სიბლანტეს, რაც თავის
მხრივ აუმჯობესებს უჯრედში ნივთიერებათა ცვლას; ზრდის მცენარის გვალვაგამძლეობას.

კალიუმი დადებითად მოქმედებს ფოტოსინთეზის და ჟანგვის პროცესების აქტივობაზე,


ხელს უწობს ორგანული მჟავეების წარმოქმნას, ნახშირწყლების და აზოტის ცვლას.

მცენარეში კალიუმი ზრდის ნახშირწყლების სინთეზში მონაწილე ფერმენტების აქტივობას


და ამით ხელს უწყობს ბოლქვებში და ტუბერებში სახამებლის და შაქრების დაგროვებას.

კალიუმი ზრდის მცენარის ყინვაგამძლეობას, მდგრადობას დაავადებების მიმართ.

აგრეთვე დადგენილია, რომ კალიუმი დადებითად მოქმედებს მოსავლის ხარისხზე.

კალიუმის შემცველობა ახალგაზრდა, მზარდ ორგანოებში მეტია, ვიდრე დაბერებულ


ორგანოებში. კალიუმის ნაკლებობისას ხდება მისი გადადინება დაბერებულ ორგანოებიდან
ახალგაზრდა ორგანოებში. ნიადაგში კალიუმის ნაკლებობისას ფოთლების კიდეები
ღებულობენ „დამწვრის“ შეფერილობას, მათ უჩნდებათ ჟანგისფერი ლაქები. განსაკუთრებით
ზიანდება ძველი ფოთლები. კალიუმის მიმართ უფრო დიდ მოთხოვნას იჩენენ კარტოფილი
და ძირხვებიანი მცენარეები.
კალიუმის შემცველობა ნიადაგში. თითქმის ყველა ნიადაგი, გარდა ტორფიანი ნიადაგებისა,
კალიუმს შეიცავს 5-10 ჯერ მეტს ვიდრე აზოტს და ფოსფორს. მათი შემცველობა ნიადაგში
მერყეობს 0,5-3% ფარგლებში. მეტი რაოდენობით კალიუმს შეიცავენ თიხა და თიხნარი
ნიადაგები 1-2,5%, ქვიშა და ქვიშნარ ნიადაგებში 1-2% და ტორფიან ნიადაგებში - 0,03-1%.

მაგრამ ნიადაგში კალიუმი იმყოფება ძირითადად მცენარისთვის მიუწვდომელ ფორმაში.

ნიადაგში კალიუმის შემცველი ნაერთები შეიძლება დავყოთ 5 ჯგუფად :

1. მთის ქანები და მინერალები შეიცავენ მთლიანი კალიუმის 90-98% . შედიან


ალუმოსილიკატების შემადგენლობაში. მცენარისთვის კალიუმის ეს ფორმა
მისაწვდომი ხდება მხოლოდ ქანების და მინერალების დაშლის შემდეგ და ამიტომ
მათი როლი მცენარის კვებაში ძალიან უმნიშვნელოა.
2. კალიუმის წყალხსნადი ნაერთები - იმყოფებიან ნიადაგის ხსნარში ესენია-
ქლორიდები, სულფატები, ნიტრატები, კარბონატები , ფოსფატები. კალიუმის ეს
ფორმა მისაწვდომია მცენარისთვის, მაგრამ მათი შემცველობა ნიადაგში ძალიან
მცირეა და ჰექტარზე შეიძლება შეადგინოს 3- 20კგ.
3. გაცვლითი კალიუმი - იმყოფება ნიადაგის გაცვლით კომპლექსში.

მცენარის კალიუმით უზრუნველყოფა ხდება ბოლო ორ ჯგუფის ნაერთების მეშვეობით.


4. ორგანულ ნარჩენებში შემავალი კალიუმი. მცენარეული და ცხოველურ ნარჩენებში
შემავალი კალიუმი მცენარისთვის მიუწვდომელია, მაგრამ მათი მინერალიზაციის
შემდეგ ისინი გადადიან ხსნად - მცენარისთვის მისაწვდომ ფორმაში.
5. ფიქსირებული კალიუმი. ამ ფორმის კალიუმი წარმოადგენს მინერალების
კრისტალური მესერის მიერ შებოჭილ კალიუმს და მცენარისთვის მიუწვდომელია.

ნიადაგებში ჩამოთვლილი კალიუმის ფორმების შემცველობის თანაფარდობა


დამოკიდებულია ნიადაგის ტიპზე და გრანულომეტრულ შედგენილო ბაზე.

კალიუმის ფორმების შორის არსებობს დინამიური წონასწორობა: მცენარის მიერ ხსნადი


კალიუმის ათვისებისას, შთანთქმის კომპლექსში არსებული გაცვლითი კალიუმი გადადის
ხსნად ფორმაში. გარკვეული დროის შემდეგ კი ფიქსირებულ ფორმაში მყოფი კალიუმი
გადადის გაცვლით კომპლექსში. მაშასადამე მცენარის მიერ მოხმარებული ხსნადი
კალიუმის სანაცვლოდ ხდება ფიქსირებული კალიუმის გამოთავისუფლება. ამავ დროულად
ნიადაგში მიმდინარეობს საპირისპირო პროცესებიც. ამ პროცესებს ხელს უწყობს ნიადაგის
პერიოდული გამოშრობა-დატენიანება.

როგორც ჩვენ უკვე ვიცით, ნიადაგიდან მოსავალთან ერთად ხდება აზოტის და ფოსფორის
გატანა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის სახით. რაც შეეხება კალიუმს, მისი ძირითადი
რაოდენობა არასასაქონლო ნაწილებშია - ფოთოლში, ღეროში და ფესვებში, ამიტომ ნაკელის
და მცენარეული ნარჩენების ნიადაგში შეტანისას, კალიუმის დიდი ნაწილი კვლავ ბრუნება
ნიადაგში. თუმცა, მცენარეულ ნარჩენებში არსებული კალიუმის რაოდენობა, მთლიანად
მაინც ვერ უზრუნველყოფს მცენარის მოთხოვნილებას. კალიუმის ნაწილი გამოირეცხება
ნიადაგიდან, ნაწილი კი იკარგება ეროზიის გამო. ნიადაგის განოყიერების სიტემა
ითვალისწინებს როგორც აზოტიანი და ფოსფორიანი სასუქების, ასევე კალიუმიანი
მინერალური სასუქების გამოყენებას. განსაკუთრებულად ღარიბია კალიუმით მსუბუქი
მექანიკური შედგენილობის და ტორფიანი ნიადაგები.

კალიუმის სასუქების კლასიფიკაცია. შედგენილობის მიხედვით ასხვავებენ ქლორიდულ და


სულფატურ სასუქებს. შემცველობის მიხედვით კი - კონცენტრირებულ (ქლორიდები და
სულფატები) და ბუნებრივი მარილები - სილვინიტი და კაინიტი. აგრეთვე კალიუმის
წყაროდ იყენებენ ცემენტის მტვერს და ხის ნაცარს.

კალიუმის ქლორიდი KCl კალიუმიანი სასუქების წარმოებაში მისი წილი შეადგენს 95%.
კალიუმის შემცველობა 57-60% K2O . წარმოადგენს თეთრ ან მოვარდისფერო კრისტალურ
ნივთიერებას. კარგად იხსნება წყალში.

კალიუმის სულფატი K2SO4 წარმოადგენს თეთრი ან ნაცრისფერ კრისტალურ ნივთიერებას,


წყალში კარგად იხსნება. კალიუმის შემცველობა 46-52% K2O .

ხის ნაცარი. წარმოადგენს ძვირფას სასუქს, რომელიც შეიცავს ფოსფორს 7% P2O5; კალიუმს -
15% K2O და კირს -40% CaO. არ შეიცავს ქლორს და ამიტომ ეფექტურად გამოიყენება
ქლორის მიმართ მგრძნობიარე მცენარეების განოყიერებაში (მაგ. კარტოფილში). მას იყენებენ
კომპოსტის თვისებების გასაუმჯობესებლად.

კალიუმიანი სასუქების ნიადაგთან ურთიერთქმედება

ყველა კალიუმიანი სასუქები კარგად იხსნება წყალში. ნიადაგში მოხვედრისას ისინი უცბად
იხსნებიან და შედიან ურთიერთქმედებაში ნიადაგის შთანთქმის კომპლექსთან. კალიუმის
ნაწილი შეუქცევადად ფიქსირდება ნიადაგში, ნაწილი კი შედის გაცვლით კომპლექსში,
ამავდროულად ქლორის იონები რჩება ნიადაგის ხსნარში და იქიდან ადვილად ირეცხება.
გამონაკლის წარმოადგენს ქვიშა და ქვიშნარი ნიადაგები, რომელშიც შთანთქმითი
მოცულობა მცირეა, ამიტომ შესაძლებელია კალიუმის დიდი დანაკარგები.

საშუალო და მძიმე მექანიკური შედგენილობის ნიადაგებში კალიუმიანი სასუქები შეაქვთ


საშემოდგომო ხვნის დროს. ამ პერიოდში, როგორც წესი ნიადაგი კარგად არის
უზრუნველყოფილი წყლით, სასუქების კალიუმი, ხსნარში გახსნისთანავე,
ურთიერთქმედებს გაცლით კომპლექსთან და იბოჭება მის მიერ. ამიტომ კალიუმის
გამორეცხვა ამ ტიპის ნიადაგებში არ მიმდინარეობს. მსუბუქ ნიადაგებში კი კალიუმიანი
სასუქები უნდა შეტანილ იქნას გაზაფხულზე კულტივაციისას.

ყველა კალიუმიანი სასუქი ფიზიოლოგიურად მჟავე სასუქებია, მაგრამ მათი მჟავიანობა


ნაკლებია ვიდრე ამონიუამიანი სასუქების. კალიუმიანი სასუქების მჟავე თვისებები
ვლინდება მათი სისტემატიური გამოყენებისას ისეთ კულტურებში, სადაც საჭიროა მათი
დიდი დოზებით შეტანა მაგ. კარტოფილის, კომბოსტოს და სხვა ძირხვებიან კულტურებში.
ასეთ შემთხვევებში, ნიადაგის დამჟავების ასაცილებლად უნდა ჩატარდეს მათი მოკირიანება.

შეუქცევადი ფიქსირებული კალიუმის რაოდენობა შეიძლება შეადგენდეს 14-82%-მდე.


შეუქცევადი კალიუმი ნაკლებად მისაწვდომია მცენარისთვის. ფიქსირებული კალიუმის
რაოდენობა დამოკიდებულია ნიადაგს მინერალურ შედგენილობაზე - რაც უფრო მეტია
მონტმორილონიტის ჯგუფის მინერალების შემცველობა ნიადაგში, მით უფრო მეტია
შეუქცევადად ფიქსირებული კალიუმი. ქვიშა და ქვიშნარი ნიადაგები ნაკლებად
აფიქსირებენ კალიუმს, ვიდრე თიხა და თიხნარი ნიადაგები.

აღსანიშნავია, რომ ფიქსირებული კალიუმის რაოდენობა მცირდება სასუქის გრანულების


ზომის ზრდასთან ერთად 20-30%-ით. რაც გამოწვეულია შეხების ზედაპირის შემცირებით.

კალიუმის ფიქსაცია ფაქტიურად არარის დამოკიდებული კალიუმიანი სასუქის სახეზე.


კალიუმის იონების მიგრაცია ნიადაგის პროფილში მცირეა. გამონაკლის წარმოადგენს
მსუბუქი მექანიკური შედგენილობის ნიადაგები - ქვიშა და ქვიშნარი. საშუალო და მძიმე
ნიადაგებში კალიუმის გამორეცხვის ზონა არ აღემატება 40-60სმ., მაშასადამე კალიუმი რჩება
ფესვების განლაგების ჰორიზონტებში. ამით აიხსნება ის ფაქტი, რომ კალიუმის სასუქების
მცენარის დამატებით გამოკვებაში ნაკლებად გამოიყენება. უფრო ეფექტურია კალიუმიანი
სასუქის მთლიანი დოზის შეტანა თესვის წინ.

კალიუმიანი სასუქების გამოყენების თავისებურება.

კალიუმიანი სასუქების გამოყენება მსუბუქ, კალიუმით ღარიბ ნიადაგებში იძლევა დიდ


დადებით ეფექტს ყველა სასოფლო-სამეურნეო კულტურებში.

კალიუმიანი სასუქების ეფექტურობის მთავარი პირობაა მცენარის სხვა საკვები


ელემენტებით უზრუნველყოფის ხარისხი.

უმეტესი სასოფლო-სამეურნეო კულტურებისთვის კალიუმიანი სასუქების დოზა შეადგენს:


60-90 კგ/ჰა-ზე, კალიუმის მომთხოვნ კულტურებისთვის კი ის იზრდება 90-120კგ-მდე
(კარტოფილი, ბოსტნეული კულტურები, ხეხილი).

როგორც ზევით იყო ნათქვამი ძირითადად კალიუმიანი სასუქები შეაქვთ შემოდგომით.


ზამთრის განმავლობაში ნალექებით ხდება ქლორის იონების გამორეცხვა ფესვების ზონიდან
და გაზაფხულისთვის ნიადაგში მათი კონცენტრაცია შემცირებულია და მცენარეზე
უარყოფითი გავლენა არ ხდება. თუ სასუქების შეტანა შემოდგომაზე ვერ მოხერხდა, მაშინ
კალიუმიანი სასუქები შეაქვთ ადრე გაზაფხულზე ღრმა კულტივაციის ან ხვნის ჩატარების
დროს, მაგრამ გასათვალისწინებელია სასოფლო-სამეურნეო კულტურის დამოკიდებულება
ქლორის მიმართ. თუ მცენარე უარყოფითად რეაგირებს ქლორზე ( მაგ. კიტრი ), მაშინ
სასურველია გამოყენებული იყოს კალიუმის სულფატი.

მოკირიანებულ ნიადაგებში კალიუმიანი სასუქების დოზები უნდა იყოს გაზრდილი 20%-თ,


რადგან მცენარეში კალიუმის და კალციუმის იონებს შორის არსებობს ანტაგონიზმი და
მომატებული კალციუმის იონების პირობებში კალიუმის იონები ძნელად ითვისება მცენარის
მიერ.

ნიადაგში შეტანილი კალიუმიან სასუქებს მცენარე პირველ წელს ითვისებს მხოლოდ 12-50%.

You might also like