You are on page 1of 4

ნათა თხილავა

წმინდა საყდარი და ვატიკანის ქალაქ-სახელმწიფო

სახელმწიფო საერთაშორისო სამართლის ყველაზე მნიშვნელოვანი და


ცენტრალური სუბიექტია, ვინაიდან მხოლოდ სახელმწიფოს შეუძლია
სამართალშემოქმედება და შემდგომში მისი სრულფასოვნად აღსრულება.
თუმცა, საერთაშორისო სამართალში გვხვდება სხვა მსგავსი სუბიექტებიც,
რომლებსაც სახელმწიფოებად ვერ მოვიაზრებთ, აქედან გამომდინარე,
საჭიროა მათთვის გარკვეული სტატუსის მინიჭება და სახელის დარქმევა.
ამ წარმონაქმნებს sui generis სუბიექტები ეწოდებათ. დღეისათვის ჩვენთვის
ცნობილი ყველაზე მნიშვნელოვანი sui generis სუბიექტებია: წმინდა
საყდარი, მალტის ორდენი, ჰონგ-კონგი და ტაივანი.

ზემოხსენებული სუბიექტები ერთმანეთისგან განსხვავდება, ვინაიდან მათ


სხვადასხვაგვარი შექმნის ისტორია, განვითარება და დანიშნულება აქვთ.
მიმაჩნია, რომ ამ სუბიექტებს შორის ყველაზე გამორჩეული და
განსაკუთრებულია წმინდა საყდარი, რომლის სტატუსიც ლატერანის
შეთანხმებებით განისაზღვრა. ლატერანის შეთანხმება 1929 წელს იტალიის
სამეფოსა და წმინდა ეპარქიას შორის დაიდო და ის შემდეგი
დოკუმენტებისგან შედგებოდა: პოლიტიკური შეთანხმებისგან, რომელიც
ცნობდა წმინდა ეპარქიის სრულ სუვერენიტეტს ვატიკანში;
შეთანხმებისგან, რომელიც დაარეგულირებდა კათოლიკური ეკლესიის
პოზიციასა და კათოლიციზმს იტალიაში და ფინანსური კონვენციისგან,
რომელიც ითვალისწინებდა წმინდა ეპარქიის მოთხოვნის საბოლოო
მოგვარებას, რომელსაც მოჰყვებოდა ტერიტორიებისა და ქონების ზარალი.
ამ შეთანხმებებთან დაკავშირებით მოლაპარაკებები 1926 წლიდან
მიმდინარეობდა და საბოლოოდ 1929 წელს საბოლოო სახით მიღებულ
დოკუმენტს ხელი მოაწერეს პრემიერ-მინისტრმა ბენიტო მუსოლინიმ და
ვატიკანის სახელმწიფო მდივანმა პიეტრო გასპარიმ. ამ შეთანხმებით
იტალიის სამეფომ აღიარა, რომ ვატიკანი არის დამოუკიდებელი, sui generis
ერთეული და შეთანხმების პირველი მუხლით კათოლიციზმი სახელმწიფო
რელიგიად გამოაცხადა. სწორედ ამ შეთანხმებებით დაუშვებელია რაიმე
სახის ინტერვენცია და ვატიკანის საქმეებში ან საკუთრების საკითხებში
არჩევა. წმინდა საყდარი თავისუფალი და დამოუკიდებელია და მოქმედებს
საკუთარი წესებით და კანონებით. ერთი შეხედვით, შესაძლოა ის
სახელმწიფოს ჰგავდეს, თუმცა, როგორც მონტევიდეოს 1933 წლის
კონვენციიდან არის ცნობილი შემდეგი ოთხი ელემენტი უნდა ჰქონდეს
სუბიექტს, რომ მას სახელმწიფო ეწოდოს: მუდმივი მოსახლეობა,
განსაზღვრული ტერიტორია, ხელისუფლება და საერთაშორისო
ურთიერთობებში შესვლის უნარი. ვატიკანს აქვს განსაზღვრული
ტერიტორია და ბოლო პერიოდში საერთაშორისო ურთიერთობებშიც
მონაწილეობს. რაც შეეხება მოსახლეობას, მისი მოსახლეობა შედგება
კათოლიკური ეკლესიის მსახურებისგან და ხელისუფლება არ აქვს მას.

გარდა იმ ფაქტისა, რომ მონტევიდეოს კონვენციის მოთხოვნების


მიხედვით ვატიკანი არ არის სახელმწიფო, მას არც სურს ჩამოყალიბდეს
ამგვარ სუბიექტად. ეს სწორედ წმინდა საყდრის განსაკუთრებული
დანიშნულებიდან გამომდინარეობს. საუკუნეების მანძილზე რომის პაპს
და კათოლიკურ ეკლესიას დიდი როლი ჰქონდა და განსაკუთრებულ
პატივისცემას იმსახურებდა როგორც ამ ეკლესიის ისე სხვა სარწმუნეობის
მიმდევრებისგან. დღეისათვის, რომის პაპი სამ სუვერენულ სახებას
აერთიანებს: წმინდა საყდრის სუვერენი - მონარქი; რომის ეპისკოპოსი -
კათოლიკური ეკლესიის მეთაური და ქალაქი ვატიკანის სუვერენი.
როგორც ლატერანის შეთანხმების მეორე მუხლშია მოცემული, წმინდა
საყდარს განსაკუთრებული საერთაშორისო მისია აკისრია და სწორედ ამ
მისიას ახორციელებს ის დამოუკიდებლად, რაც არ ნიშნავს იმას, რომ
ვატიკანი სახელმწიფოა ან სურს რომ ასეთი იყოს.

იტალიის განსაკუთრებით იცავს წმინდა საყდარს და კონკრეტულად


ვატიკანის ქალაქ-სახელმწიფოს, რაც ლატერანის შეთანხმებებით
გამოიხატება. სწორედ ამ შეთანხმებით, აკრძალულია ნებისმიერი სახის
მშენებლობა ქალაქში და მასთან ახლოს, ასევე აკრძალულია ქალაქის თავზე
საჰაერო ხომალდების გადაფრენა. იტალია არ ერევა წმინდა საყდრის შიდა
პროცედურებში, მღვდელმსახურთა, პაპის არჩევის წესებში. ამასთან,
უმაღლესი პონტიფიკი ანუ პაპი განსაკუთრებული დაცვით სარგებლობს,
ლატერანის შეთანხმების მე-8 მუხლით, ის აღიარებულია როგორც წმინდა
და ხელშეუხებელი პირი და მის წინააღმდეგ განხორციელებული
ქმედებები უნდა განიხილებოდეს როგორც მეფის წინააღდეგ
განხორციელებული ქმედება და მსგავსად უნდა დასაჯოს.

ამ სუბიექტის აღწერისას გვხვდება ორგვარი სახელი: „წმინდა საყდარი“ და


„ვატიკანის ქალაქ-სახელმწიფო“. წმინდა საყდარი და ვატიკანი
განსხვავდება ერთმანეთისგან, ის დიპლომატიურ და პოლიტიკურ
მოლაპარაკებებში წარმოადგენს მთლიანად კათოლიკურ ეკლესიას და არა
ვატიკანის ქალაქ-სახელმწიფოს. წმინდა საყდარს ხშირად შეცდომით
იხსენიებენ როგორც "ვატიკანს," თუმცა ის ადრეული ქრისტიანობის
ხანიდან მოყოლებული არსებობდა მაშინ როდესაც ვატიკანი მხოლოდ 1929
წელს დადების შემდგომ დაარსდა. ელჩები ოფიციალურად იგზავნებიან
წმინდა საყდარში და არა ვატიკანში. აქედან გამომდინარე, წმინდა საყდარი
არის საერთაშორისო სამართლის ძირითადი სუბიექტი, ხოლო ვატიკანი
მხოლოდ მისგან გამომდინარეობს, როგორც სუვერენული ტერიტორია.
ვატიკანს სამართალშემოქმედება შეუძლია მხოლოდ ისეთ საკითხებზე რაც
მის ტერიტორიას ეხება, რაც განსხვავებულია წმინდა საყდრისგან,
რომელსაც შეუძლია სამართალშემოქმედება მისი სტატუსიდან
გამომდინარე. თუმცა მათ საერთო აქვთ ნეიტრალიტეტი და ის, რომ ორივე
მათგანს შეუძლია იყოს საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი და გააჩნდეს
ორგანიზაციებში გარკვეული სტატუსი.

როგორც აღვნიშნე, წმინდა საყდარს შეუძლია დიპლომატიური


ურთიერთობების დამყარება, თუმცა მის დიპლომატიურ
წარმომადგენლებს განსხვავებული სახელი აქვთ. როგორც
„დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ“ ვენის 1961 წლის კონვენციის
მე-14 მუხლი ადგენს, წარმომადგენლობათა მეთაურების კლასების
განაწილების ნაწილში, ელჩების კლასს ნუნციუსების კლასი შეესაბამება
წმინდა საყდრისთვის, ხოლო დესპანს - ინტერნუნციუსი. აღსანიშნავია,
რომ საქართველოს დამყარებული აქვს დიპლომატიური ურთიერთობა
წმინდა საყდართან. ~

რაც შეეხება პოლიტიკურ სისტემას, ვატიკანის პოლიტიკური სისტემა არის


არა-მემკვიდრეობითი მონარქია. პაპი არის თეოკრატიული მონარქი და
მისი ტიტული არა მემკვიდრეობით, არამედ კარდინალთა კოლეგიის
არჩევნის მიხედვით გადაეცემა მომდევნო პონტიფიკოსს. შესაბამისად,
ვატიკანის პოლიტიკური სისტემა არის ამომრჩევლობითი მონარქია.
ვატიკანის ქალაქ-სახელმწიფოს მთავრობის სტრუქტურა არის უნიკალური.
როგორც ზემოთ აღვნიშნე, პაპი არის სახელმწიფოს სუვერენი.
საკანონმდებლო ძალაუფლება გააჩნია პაპის სახელმწიფო საქმეების
ვატიკანის კომისიას — კარდინალთა ინსტიტუცია, რომელსაც პაპი ხუთი
წლით ნიშნავს. აღმასრულებელი ძალაუფლება პაპის კომისიის
პრეზიდენტს აქვს. კომისიის პრეზიდენტს ამ ძალაუფლების აღსრულებაში
ეხმარებიან გენერალური მდივანი და გენერალური მდივნის მოადგილე.
ვატიკანის სახელმწიფოს საგარეო ურთიერთობებზე პასუხისმგებელი
წმინდა საყდრის სახელმწიფო კანცელარია და დიპლომატიური
სამსახურია. ვატიკანს ასევე გააჩნია სპეციალური დეპარტამენტები
(სამინისტროები), რომლებიც ჯანმრთელობას, უსაფრთხოებას,
ტელეკომუნიკაციებსა და ა. შ. განაგებენ. ამის მიუხედავად, ვატიკანის
ტერიტორიაზე პაპს გააჩნია სრული და აბსოლუტური აღმასრულებელი,
საკანონმდებლო და სასამართლო ძალაუფლება. რომის პაპი ამჟამად
ევროპის ერთადერთი აბსოლუტური მონარქია. ამასთან, აღსანიშნავია, რომ
დღესდღეობით წმინდა საყდარს, რომელიც დამოუკიდებელია
ვატიკანისაგან, აქვს მუდმივი დამკვირვებლის სტატუსი გაეროში და
სარგებლობს სრული წევრის ყველა უფლებით, გენერალურ ასამბლეაში
ხმის უფლების გარდა.

გამომდინარე იქედან, რომ ვატიკანი არ არის სახელმწიფო, განსაკუთრებით


კი წმინდა საყდარს ვერ მივანიჭებთ ამ სტატუსს, იქ მცხოვრებ ადამიანებს,
სასულიერო პირებს არ აქვთ ვატიკანის მოქალაქეობა და არ არსებობს
მსგავსი ცნება. თუმცა, წმინდა საყდარი დიპლომატიურ და სამსახურებრივ
პასპორტებს გასცემს, რაც არ აისახება ამ პასპორტის მფლობელი პირების,
სასულიერო პირების მოქალაქეობაზე.

დასკვნის სახით შემიძლია ვთქვა, რომ წმინდა საყდარი, რომელსაც


ისტორიაში ყოველთვის დიდი როლი ჰქონდა, დღესაც განსაკუთრებული
სუბიექტია საერთაშორისო სამართლისთვის. მას განსაკუთრებული
ადგილი უჭირავს კათოლიკური ეკლესიის მიმდევარ სახელმწიფოებში და
ის განსაკუთრებული დაცვით სარგებლობს, ისევე როგორც ვატიკანის
ქალაქ-სახელმწიფოში მცხოვრები სასულიერო პირები. იგი განსხვავდება
არამარტო სახელმწიფოებისგან, არამედ სხვა sui generis სუბიექტებისგან,
რაც გამოიხატება სწორედ მის განსაკუთრებულ დანიშნულებაში და
საერთაშორისო მისიაში, რისგანაც გამომდინარეობს მისი განსხვავებული
სტატუსი.

You might also like