ტოლერანტობა ნიშნავს სხვა ადამიანების მრწამსის, ინტერესებისა და
ღირებულებების პატივისცემასა და აღიარებას. გაიაზრეთ ამ ტერმინის არსი და ისე შეასრულეთ ქვემოთ მოცემული დავალება:
ტოლერანტობა არ ნიშნავს უპრინციპობას. იგი გულისხმობს
საზოგადოების წევრების მიერ ურთიერთდათმობების საფუძველზე მიღწეულ შეთანხმებას.
დასაწყისში შეგიძლიათ, ისაუბროთ სამყაროს მრავალფეროვნებაზე და მის
მნიშვნელობაზე: რაში გამოიხატება ეს მრავალფეროვნება და რას იწვევს ეს: დაასახელეთ როგორც კარგი, ისე ცუდი გამოვლინებები; რას ნიშნავს ტოლერანტობა; რას ნიშნავს, იყო ტოლერანტი (მსჯელობისას გაითვალისწინეთ აქ წარმოდგენილი თვალსაზრისი); შეგიძლიათ, დაასახელოთ ჩვენი ისტორიიდან მაგალითები, იყვნენ თუ არა ჩვენი წინაპრები ტოლერანტები და რაში გამოიხატებოდა ეს ( მაგალითად: ებრაელთა მშვიდობიანი თანაცხოვრება ქართველებთან, ქართველი ხალხის დამოკიდებულება აქ მცხოვრებ სხვა ეთნოსებთან და რელიგიურ ჯგუფებთან); განიხილეთ ქართული ლიტერატურიდან მაგალითები, რომლებშიც ჩანს ტოლერანტული აზროვნება, ტოლერანტი პერსონაჟები: ,,აბოს წამება“, ,,ვეფხისტყაოსანი“, ,,თორნიკე ერისთავი“, ვაჟა-ფშაველას პოემები. ისაუბრეთ თორნიკე ერისთავის, ალუდა ქეთელეურის, ჯოყოლა ალხასტაისძის ხიბლზე და მათ მნიშვნელობაზე ტოლერანტული შეგნების ჩამოყალიბებისათვის; დღეს რა ვითარებაა მსოფლიოში და საქართველოში: არის თუ არა ტოლერანტობის დეფიციტი და როგორ ვლინდება იგი ცხოვრების სახვადასხვა სფეროში; შეაჯამეთ მსჯელობა და გამოხატეთ თქვენი პოზიცია.