You are on page 1of 3

მოდული: ნერვული სისტემა 1

ინტეგრირებული კურსი: ნერვული სისტემის ანატომია 1

სოფიო ცინცაძე
ასისტენტ-პროფესორი,
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

სალექციო მასალა #4

ცენტრალური ნერვული სისტემა, ნათხემი

ნათხემი , The cerebellum

ნათხემი წააგავს ყვავილოვან კომბოსტოს . დიდი ტვინის შემდეგ სიდიდით მეორეა და შეადგენს
თავის ტვინის მასის 11%-ს. მდებარეობს ტვინის ღეროს უკან, ხიდისგან და მოგრძო ტვინის ზედა
ნახევრისგან გამოყოფილია მე-4 პარკუჭით.
ნათხემის ფუნქციას წარმოადგენს მოძრაობების დახვეწა და კოორდინაცია, ასევე სხეულის პოზის და
წონასწორობის შენარჩუნება.
ნათხემი შედგება ორი ჰემისფეროსგან, რომლებიც ერთმანეთთან ნათხემის ჭიით [vermis cerebelli] არის
დაკავშირებული.
ნათხემის ზედაპირი ქმნის ერთმანეთისგან ჰორიზონტალური ღარებით გამოყოფილ ხვეულებს [folia].
ნათხემის თითოეული ჰემისფერო იყოფა სამ წილად: დიდი ზომის წინა და უკანა წილები, და პატარა
ფლოკულონოდულური [flocculonodular] წილი. წინა და უკანა წილები ახდენს ტანის და კიდურების
მოძრაობის კოორდინაციას. ფლოკულონოდულური წილი დამალულია უკანა წილის ვენტრალურად.
ფლოკულონოდულური წილი არეგულირებს წონასწორობის შემანარჩუნებელ პოზას, და ახდენს თავის და
თვალების მოძრაობის კოორდინაციას.
ნათხემს გააჩნია სამი უბანი:
 ქერქი - რუხი ნივთიერების გარეთა შრე
 შიგნითა თეთრი ნივთიერება -„ცხოვრების ხე“ [arbor vitae]
 ნათხემის ღრმა ბირთვები - შიგნითა რუხი ნივთიერება

ნათხემის ქერქი არის ნეირონებით მდიდარი უბანი, სადაც ხდება სხეულის მოძრაობის კოორდინაცია.
„ცხოვრების ხე“ შეიცავს აქსონებს, რომლებიც ატარებს ნათხემის ქერქისკენ მიმავალ, ასევე გამომავალ
იმპულსებს. ნათხემის ღრმა ბირთვებიდან გამომავალი აქსონები ნათხემის ქერქიდან გადასცემს
ინსტრუქციებს თავის ტვინის სხვა უბნებს.
ნათხემის მიერ ინფორმაციის დამუშავება ხდება შემდეგი თანმიმდევრობით:
1. ნათხემი დიდი ტვინიდან იღებს ინფორმაციას დაგეგმილი მოძრაობების შესახებ. დიდ ტვინის
პირველად მოტორულ ქერქში ხდება ნებითი მოძრაობების ინიცირება, ინფორმაცია ხიდის
ბირთვების გავლით გადაეცემა ნათხემის წინა და უკანა წილების გვერდით უბნებს.
2. ნათხემი ადარებს დიდი ტვინის მიერ დაგეგმილ მოძრაობებს სხეულის მიმდინარე
მოძრაობებთან. ინფორმაცია წონასწორობის და თავის სივრცეში მდებარეობის შესახებ
რეცეპტორიდან (შიგნითა ყურში მდებარე) ვესტიბულური ბირთვების (მოგრძო ტვინში მდებარე)
გავლით გადაეცემა ფლოკულონოდულურ წილს. ინფორმაცია ტანის, კისრის და კიდურების
მიმდინარე მოძრაობების შესახებ პროპრიოცეპტორებიდან ზურგის ტვინის გავლით გადაეცემა
ნათხემის ჭიას და ჰემისფეროების წინა და უკანა წილის მედიალურ უბნებს.
3. ნათხემი აგზავნის ინსტრუქციებს უკან დიდი ტვინის ქერქში, თუ როგორ აღმოიფხვრას სხვაობა
დაგეგმილ და მიმდინარე მოძრაობებს შორის. ნათხემიდან მიღებული უკუკავშირის საპასუხოდ,

1
პირველადი მოტორული ქერქი უწყვეტად ცვლის, ასწორებს მოტორულ ბრძანებებს ზურგის ტვინის
მიმართულებით და ამ გზით ახდენს მოძრაობების დახვეწას და უკეთ კოორდინაციას.

ნათხემი ასევე მონაწილეობს უმაღლეს კოგნიტიურ ფუნქციებში. მაგ. ახალი მოტორული უნარის
გამომუშავება (შესწავლა). ნათხემი შეცდომების გასწორების გზით ახდენს მოძრაობების
თანდათანობით დახვეწას. პრაქტიკის შედეგად ხდება გარკვეულ უნარში დახელოვნება და მისი
ავტომატურად შესრულება. მაგ. ველოსიპედის ტარება, მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრა,
კლავიატურაზე ბეჭდვა. დასწავლილი მოტორული უნარების შენახვას მოტორული მეხსიერება
ეწოდება. ნათხემი ასევე მონაწილეობს მეტყველების, პრობლემების გადაჭრის, დაგეგმვის
ფუნქციებში.

2
ნათხემის ფეხები

ნათხემის ზედა, შუა და ქვედა ფეხები არის ბოჭკოების ტრაქტები, რომლებიც აკავშირებს ნათხემს
ტვინის ღეროსთან. ეს ტრაქტები ატარებს როგორც ნათხემისკენ მიმავალ, ასევე გამომავალ ინფორმაციას.
 ნათხემის ზედა ფეხები - [The superior cerebellar peduncles]
ნათხემს აკავშირებს შუა ტვინთან, ატარებს ინფორმაციას ნათხემიდან დიდი ტვინისკენ.
 ნათხემის შუა ფეხები - [The middle cerebellar peduncles]
ხიდს აკავშირებს ნათხემთან, ატარებს ინფორმაციას დიდი ტვინის ქერქიდან ხიდის ბირთვების
გავლით ნათხემისკენ.
 ნათხემის ქვედა ფეხები - [The inferior cerebellar peduncles]
მოგრძო ტვინს აკავშირებს ნათხემთან, ატარებს ინფორმაციას ვესტიბულური ბირთვებიდან და
ზურგის ტვინიდან ნათხემისკენ.
ყველა ბოჭკო რომელიც შედის ან გამოდის ნათხემიდან არის იფსილატერალური (არ კვეთს
შუახაზს)

You might also like