You are on page 1of 12

გერმანელების ბიოლოგიური დივერსიის პროგრამა აშშ-ში

პირველი მსოფლიო ომის დაწყებისათვის მიკრობიოლოგია კარგად შესწავლილი დარგი იყო


სამედიცინო სფეროში. უჯრედული კულტურებიდან გამოყოფილი და კარგად შესწავლილი იქნა
მრავალი ბაქტერიული დაავადების გამომწვევი ეთიოლოგიური აგენტები. ვირუსული
დაავადებები გამოყოფილი იქნა ბაქტერიული და პარაზიტებით გამოწვეული
დაავადებებისაგან. ბაქტერიული დაავადებების გავრცელება კარგად იქნა შესწავლილი რის
საფუძველზეც მოსახლეობაში აქტიურად ტარდებოდა ამ დაავადებების თავიდან აცილების
პრევენციული ღონისძიებები. კერძოდ ტარდებოდა სხვადასხვა დაავადების საწინააღმდეგო
ვაქცინაციები. ამ სფეროში 1880 -იან წლებში წამყვანი მეცნიერები, ექიმები და ვეტერინარები
მოღვაწეობდნენ გერმანიასა და საფრანგეთში. შესაძლებელია ამან განაპირობა ის ფაქტი რომ
პირველად ბიოლოგიური იარაღის პოტენციალით დაინტერესდნენ გერმანიასა და საფრანგეთში.

გერმანიის მიერ 1915-18 წლებში პირველად განხორციელებული ბიოლოგიური დივერსია


მიმართული იყო როგორც ნეიტრალური ქვეყნების, აგრეთვე მოწინააღმდეგე ქვეყნების მიმართ.
ყველა დივერსია განხორციელდა სამხედრო დანიშნულების პირუტყვზე. ამ პერიოდში
ადამინების წინააღმდეგ ბიოლოგიური დივერსიის გამოყენების ფაქტები არ მოიპოვება. თუმცა
იმის რისკები რომ პირუტყვის დაინფიცირების შედეგად დაავადება შესაძლებელია
გადასულიყო ადამიანებზეც საკმაოდ მაღალი იყო. რა თქმა უნდა ასეთი ქმედებების
განხორციელებას წინ უძღოდა მოსამზადებელი პერიოდი, სხვადასვა ტიპის კვლევები, როგორც
სამხედრო სამსახურებში ასევე მიკრობიოლოგებსა და ვეტერინარებს შორის. ცნობილია რომ
პირველი მსოფლიო ომის დაწყების წინ ბიოლოგიური დივერსიის მომზადების ფართო
პროგრამა შემუშავებული იყო ამერიკის შეერთებულ შტატებში, არგენტინაში, რუმინეთში,
ნორვეგიაში და ესპანეთში. მაგრამ ყველაზე უფრო ამბიციური და მძლავრი პროგრამა გააჩნდა
გერმანიას. თუმცა ცნობილია, რომ საფრანგეთშიც შემუშავებული იყო ფარული ბიოლოგიური
დივერსიის პროგრამა, რომელიც გამიზნული იყო სამხედრო პირუტყვზე იერიშის მისატანად.

გერმანიის ბიოლოგიური დივერსიის პროგრამა შემუშავებული იყო სამხედრო


მაღალჩინოსნების მიერ, რომელიც მოიცავდა რამოდენიმე ათასს ოფიცერს, კარგად
შემუშავებულ სტრატეგიას, მომზადებულ საიერიშო გეგმას და სხვა სამხედრო ოპერაციებს. ეს
პროგრამა რა თქმა უნდა იყო გასაიდუმლოებული და მის შესახებ ცნობილი იყო მხოლოდ
სამხედრო საზოგადოების მაღალ ეშელონებში. ეს პროგრამა განხორციელდა მიუხედევად იმისა
რომ გენერალური შტაბი მას არალეგალურ ქმედებად მიიჩნევდა. 1902 წლის გენერალური
შტაბის პროტოკოლში ვკითხულობთ: „ ომის წარმოების ზოგიერთი საშუალება, რომელსაც
მივყევართ არასაჭირო მსხვერპლთან უნდა იქნეს აკრძალული. ასეთებს მიეკუთვნება: შხამების
გამოყენება, როგორც ინდივიდუალურად ასევე კოლექტიურად ანუ სასმელი წყლის და საკვების
მოწამვლა და აგრეთვე ინფექციური დაავადებების გამომწვევი აგენტების გამოყენება“. ეს
დებულება შემუშავებული იქნა 1899 -1907 წლების ჰააგის კონვენციით და ითვალისწინებდა
მკაცრ აკრძალვებს ნებისმიერი სახით რაიმე დაავადების გამიზნულ გავრცელებას
მოწინააღმდეგის ტერიტორიაზე და რაიმე სახის საწამლავების ან მოწამლული იარაღის
გამოყენებას. ანუ გენერალური შტაბი ხელმძღვანელობდა სწორედ ჰააგის კონვენციით როდესაც
აიკრძალა მომწამვლელი ნივთიერებების გამოყენება მხოლოდ ადამიანების წინააღმდეგ, მაშინ
როდესაც სამხედრო ოპერაციებში მონაწილე პირუტყვის წინააღმდეგ ეს იარაღი აქტიურად
გამოიყენებოდა.

1899 და 1907 წლების ჰააგის კონვენციები წარმოადგენენ პირველ მრავალმხრივ შეთანხმებას


სახვადასხვა სახელმწიფოებს შორის, რომელშიც გაწერილია საომარი მოქმედების წარმოების
კანონები, და რომელიც ეფუძნება აშშშ-ს პრეზიდენტის აბრაჰამ ლინკოლნის მიერ შემუშავებულ
საომარ ქმედებების ინსტრუქციებს. 1899 წლის ჰააგის კონვენციის მე-4 პარაგრაფის მე-2
ქვეთავში გაწერილია:

დეკლარაცია კრძალავას ასფიქსიური და მომწამვლელი გაზების გამავრცელებელი ჭურვების


გამოყენებას ბრძოლებში. ამ დებულებას უნდა დაემორჩილოს კონვენციის ხელმომწერი ყველა
მხარე.

1916 წლის სექტემბერში გერმანელმა სამხედრო ოფიცერმა - ვინტერმა შესთავაზა გენერალურ


შტაბს ჭირის გამომწვევი ბაქტერიების გამოყენება, ინგლისში ჰაერწვეთოვანი გზით. მისი გეგმის
თანახმად დაახლოებით 100 ლიტრამდე თხევად კულტურაში მოთავსებული ჭირის
ბაქტერიების დაცლა უნდა მომხდარიყო ინგლისის პორტებში, რაც გამოიწვევდა ვირთხების
დაინფიცირებას და შემდგომ ეპიდემიის აფეთქებას. თუმცა ეს გეგმა უგულველყოფილი იქნა,
ეთიკური და ტექნიკური ნორმების გათვალისწინებით, გენერალური შტაბის ექიმის მიერ. მის
პასუხში ჩვენ ვკითხულობთ: „ბატონო ვინტერ, მე დიდ პატივს ვცემ თქვენს სიმამაცეს და
პატრიოტიზმს, მაგრამ თუ ჩვენ სისრულეში მოვიყვანთ თქვენს მიერ შემოთავაზებულ გეგმას,
ჩვენ არ ვიქნებით არსებობის ღირსი ერი“. ბიოლოგიური იარაღის გამოყენების შემოთავაზებები
საკმაოდ ხშირი იყო გენერალურ შტაბში, თუმცა ასევე უნდა აღინიშნოს რომ არც ერთი ასეთი
შემოთავაზება რომელიც მიმართული იქნებოდა ადამიანების საწინააღმდეგოდ არ იქნა
გერმანიის გენერალური შტაბის მიერ დაკმაყოფილებული. ამ შემთხვევებში
ხელმძღვანელობდნენ როგორც ეთიკური ნორმებით, ასევე იხილავდნენ შესრულების
ტექნიკური მხარის სიძნელეებს. ანუ სავსებით დასაშვები იყო რომ ბიოლოგიური იარაღის
გამოყენებით გამოწვეული ესა-თუ ის ინფექციური დაავადება გავრცელებულიყო თვით
გერმანელების ჯარში და უფრო დიდი ზიანი მიეყენებინა მათთვის ვიდრე მტრისათვის.
მიუხედავად იმისა რომ გერმანიის გენერალური შტაბის მიერ არ ხორციელდებოდა
ბიოლოგიური იარაღის გამოყენება ადამიანების წინააღმდეგ, ბიოლოგიური ომი ნეიტრალური
და მოწინააღმდეგე ქვეყნების ტერიტორიებზე ცხოველების და ნათესების წინააღმდეგ
აქტიურად მიმდინარეობდა.

თუმცა აშშ წარმოადგენდა ნეიტრალურ მხარეს 1917 წლამდე, ინგლისელების მიერ გერმანული
პორტების ბლოკადამ ცხადყო რომ ამერიკის წარმოება მოკავშირეების მხარეზე იყო. გერმანიის
იმპერიამ თავიდანვე განსაზღვრა რომ ამერიკული მწარმოებლობა იქნებოდა კრიტიკული
ფაქტორი ომის მსვლელობაში ანუ გაახანგრძლივებდა კონფლიქტს და ამიტომ გადაწყვიტა
შეესუსტებინა მისი ძალები ამ სფეროში, დივერსიის სხვადასხვა სისტემატური პროგრამებით.
უმთავრეს გეგმას წარმოადგენდა ამერიკიდან შეეჩერებინათ სხადასხვა საბრძოლო იარაღის და
სურსათის მიწოდება მოკავშირეებისათვის, რაც შესაძლებელი იყო ტვირთებში სხადასხვა ტიპის
ასაფეთქებელი ნივთიერებების ჩანერგვით. რადგანაც ომის პერიოდში გერმანიიდან ამერიკაში
გამგზავრება დიდ სიძნელეებთან იყო დაკავშირებული, გერმანელები ამერიკული ინდუსტრიის
მოსარყევად უმეტეს შემთხვევებში იყენებდმნენ ადგილობრივ აგენტურას. ამ აგენტურას
ძირითადად წარმოადგენდნენ გერმანული საზღვაო ფლოტის ინდუსტრიის წარმომადგენლები.
დივერსიები იმართებოდა გერმანული დიპლომატიური კორპუსის მიერ, რომელსაც ევალებოდა
ინსტრუქციების, სხვადასხვა მასალების და მატერიალური სახსრების შემოტანა გერმანიიდან
აშშ-ში. ჩატარებული დივერსიები საკმაოდ ნაყოფიერი აღმოჩნდა, რადგანაც მათი საშუალებით
მოხერხდა ამერიკაში მრავალმილიონიანი საბრძოლო ინვენტარის და მოკავშირეებისათვის
გასაგზავნი დახმარების განადგურება. გარდა საბრძოლო იარაღისა ამერიკა აწარმოებდა
ცხენების და სხა მსხვილფეხა საქონლის, რასაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა კავალერიაში,
გადაზიდვას საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთში. სწორედ ცხენები და მსხვილფეხა საქონელი
გახდა იმ დივერსიის სამიზნე რომელიც დაიგეგმა ბერლინში. გერმანელების პირველმა
ბიოლოგიურმა დივერსიამ მარცხი განიცადა. Pseudomonas mallei-ის ბაქტერიული კულტურა (ეს
ბაქტერია იწვევს საქონლის მძიმე ინფექციურ დაავადებას) დავალებული ქონდა გერმანელ
ბანკირს, კონტრაბანდის გზით შეეტანა აშშ-ში. ამერიკაში შეტანის შემდეგ ეს ბაქტერიული
კულტურა გადაეცა პორტში მომუშავე გერმანელ მეზღვაურს რომელსაც დაევალა ამ
ბაქტერიების შეყვანა საქონლის ცხვირის ნესტოებში, რომლებიც ომში გასაგზავნად იყვნენ
გამზადებული ამერიკის პორტებში. თუმცა გერმანელ მეზღვაურს არ მოეწონა ეს იდეა და მან
დასაინფიცირებლად გამზადებული ბაქტერიული კულტურა ზღვაში გადაღვარა.

გერმანელების შემდგომი მცდელობა უფრო ორგანიზებული იყო. ამ ოპერაციის ჩატარება


დაევალა გერმანელ ექიმს, ანტონ დილგერს. იგი დაიბადა ვირჯინიის შტატში გერმანულ
ოჯახში. ანტონ დილგერი დიდ დროს გერმანიაში ატარებდა, მას დამთავრებული ჰქონდა
ჰაიდელბერგის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი და ამავე უნივერსიტეტში იგი
ატარებდა ცდებს მიკრობიოლოგიაში. 1915 წელს იგი დაბრუნდა აშშ-ში და დაბრუნების
მიზეზად მან დაასახელა ნერვული სტრესიდან გამოსვლის აუცილებლობა, რომელიც
თითქოსდა მიიღო ფრანგების მიერ დაჭრილი ბავშვების მკურნალობისას. სინამდვილეში იგი
გამოგზავნილი იქნა გერმანიიდან ამერიკაში გენერალური შტაბის მიერ. გენერალურმა შტაბმა
მას დაავალა ციმბირული წყლულის და სხვა ინფექციური დაავადებების გავრცელება ამერიკაში
მსხვილფეხა საქონელს შორის. დილგერმა ამ ბაქტერიული აგენტების წარმოება მოახერხა
მალულად ამერიკაში ჩამოსვლის შემდეგ. ეს ოპერაცია ცნობილია „ტონის ლაბორატორიის“
სახელწოდებით. მასალის მომზადება მიმდინარეობდა ვაშინგტონში ერთ-ერთი სახლის
სარდაფში დილგერის მიერ. თავდაპირველად ბაქტერიების კულტივირება ხდებოდა მყარ
ზედაპირზე, შემდეგ კი ბაქტერიული მასალა გადაჰქონდათ თხევად გარემოში. ამერიკაში,
დილგერის ჩამოსვლიდან რამოდენიმე თვეში, დაიწყო ბაქტერიული დივერსიის
განხოლციელების ოპერაცია. კერძოდ დილგერის მიერ გამოყოფილ იქნა ქოთაოს (ინფექციური
დაავადება რომელიც იწვევს მსხვილფეხა საქონელში ფილტვებსა და სასუნთქ გზებში
გართულებებს და სრულდება ფატალურად) და ციმბირის წყლულის ბაქტერიები რომლებიც
შემდეგ დაურიგდა ბალტიმორის, ნიუ-პორტის, ნიუ-იორკის და ნორფოკლის პორტში მომუშავე
გერმანელ აგენტურას, რომლებსაც ეს ბაქტერიები უნდა გაევრცელებინათ ამ პორტებში
განლაგებულ, მოკავშირე ჯარებში გასაგზავნ მსხვილფეხა საქონელს შორის. ამავდროულად ამ
პორტებში აგენტების მიერ ხორციელდებოდა სხვა დივერსიული აქტები, კერძოდ სხავადსხვა
ასაფეთქებელი ნივთიერებების ჩანერგვა საბრძოლო იარაღებში. აგენტურის ბაქტერიებით
მომარაგებას და მათთვის ინსტრუქციების მიცემას ანხორციელებდა კაპიტანი ჰინჩი. ყველა
ზემოთხსენებული ფაქტი დადასტურებულია არა ერთი მოწმის მიერ, ანუ ამას მოწმბენ ამ
ოპერაციაში მონაწილე პირები. ანტონ დილგერი 1916 წელს იძულებული შეიქნა დაეტოვებინა
ამერიკა რადგან მისი ქმედებები გამოაშკარავდა. ჯერ მან თავი შეაფარა მექსიკას საიდანაც იგი
გაიქცა ესპანეთში და ცხოვრობდა ალბერტო დონდეს სახელით. დილგერი გარდაიცვალა
ესპანეთში 1918 წელს.

დილგერის და კაპიტან ჰინჩის ქმედებები დაადასტურეს თავიანთ აღიარებით ჩვენებებში ამ


დივერსიაში მონაწილე რამოდენიმე პირმა. ასე რომ ბიოლოგიური დივერსიის სისტემური
პროგრამის არსებობა, რომელიც განხორციელდა გერმანელების მიერ ამერიკაში უტყუარ ფაქტს
წარმოადგენს. ეს დივერსია დაიწყო 1915 წლის გაზაფხულზე და გაგრძელდა 1916 წლის
შემოდგომამდე. დოკუმენტურად დადასტურებულია რომ ციმბირის წყლულის და ქოთაოს
ბაქტერიები გამოყო დილგერმა, შემდეგ სუსპენზიის სახით ეს ბაქტერიები გადასცა კაპიტან
ჰინჩს, რომელმაც გაავრცელა ისინი ამერიკის პორტებში მომუშავე გერმანელ აგენტებს შორის. რა
თქმა უნდა ეს ოპერაცია იმართებოდა გერმანიის გენერალური შტაბის მიერ. რისი
დამადასტურებელი დოკუმენტაციაც არსებობს.

რამდენად ეფექტური იყო ეს დივერსია ძნელი სათქმელია, თუმცა გერმანელი აგენტების და


დიპლომატიური კორპუსის განცხადებების თანახმად ამ დივერსიამ თავის შედეგები გამოიღო.
ანუ ცხოველებში გავრცელდა ზემოთხსენებული ბაქტერიების მიერ გამოწვეული ინფექციური
დაავადებები. თუმცა ზუსტი მონაცემები ამ ფაქტებთან დაკავშირებით არ არსებობს.
დოკუმენტებში ნახსენებია რომ ბასრაში 1916 წელს და ბაგდადში 1917 წელს, ეს სწორედ ის
პერიოდია როდესაც აშშ-ში მიმდინარეობდა ინტენსიური ბიოლოგიური დივერსია, ინგლისური
გემებით შემოსულ ცხენებს შორის იყო რამოდენიმე ქოთაოს შემთხვევა. შესაძლებებლია ეს
სწორედ ის ცხენები იყო, რომლებიც ინგლისელებმა შეიძინეს ამერიკელებისაგან, მაგრამ ეს
მხოლოდ ვარაუდია ანუ დოკუმენტირებული ფაქტები ამის თაობაზე არ გაგვაჩნია.
ამავდროულად გაკვირვებას იწვევს ის რომ არსად არ არის ნახსენები ამ ინფექციების
გავრცელება ადამიანთა შორის. ციმბირის წყლული და ქოთაო ადვილად გადამდებია სისხლით.
როგორც ცნობილია კაპიტან ჰინჩის მიერ დაქირავებულ აგენტებს პორტებში ეს ხსნარში
მოთავსებული ბაქტერიები უნდა შეებკურებინათ ცხენების ნესტოებში ნემსის საშუალებით,
დიდია ალბათობა იმისა რომ სიჩქარეში მომუშავე აგენტებს, რაც არ უნდა მკაცრად დაეცვათ
თავი, ინფიცირებული ნემსი მოხვედროდათ მათაც, რაც გამოიწვევდა მათ დაინფიცირებას.
არცერთი შემთხვევა ქოთაოს ან ციმბირის წყლულით დასნეულების იმ პერიოდში მომუშავე
პორტის მუშაკებს შორის არ დაფიქსირებულა. ამის საფუძველზე შესაძლებელია ვივარაუდოთ
რომ ბაქტერიები არასიცოცხლისუნარიანი ან ავირულენტურები იყვნენ. მართლაც თუ
გავითვალისწინებთ პირობებს და ხანგრძლივობას დილგერის მიერ ბაქტერიების გამოყოფის და
შემდგომ მათი აგენტებისათვის გადაცემის სავსებით დასაშვებია რომ ან დილგერის მიერ
გამოყოფილმა ბაქტერიებმა დაკარგა სიცოცხლისუნარიანობა ან კიდევ თავიდანვე კულტურაში
გაზრდილი ორგანიზმები არა-პათოგენურები იყვნენ. ხოლო ინფექციის ის რამოდენიმე
შემთხვევა რომელსაც ადგილი ჰქონდა ცხენებს შორის სავსებით შესაძლებელია რომ სხვა რაიმე
პირობით იყო გამოწვეული. ამრიგად შეიძლება დავასკვნათ რომ გერმანელების მიერ 1915-1916
წლებში ნამდვილად შემუშავდა ბიოლოგიური დივერსიის პროგრამა მოკავშირე ძალების
მიმართ და ეს პროექტი განხორციელდა ამერიკაში თუმცა როგორც ჩანს ბიოლოგიური
დივერსია წარუმატებლად დამთავრდა.

გერმანელების ბიოლოგიური დივერსიის პროგრამა რუმინეთში

რუმინეთი ინარჩუნებდა ნეიტრალიტეტს 1915 წლამდე. იგი სტრატეგიულად განლაგებული იყო


ავსტრია-უნგრეთს, ბულგარეთს და თურქეთს შორის. ყველა ეს ქვეყანა იყო გერმანიის
მოკავშირე მხარე. გარდა ამ ქვეყნებისა რუმინეთი ესაზღვრებოდა სერბიას და რუსეთს,
რომლებიც იყვნენ ინგლისის და საფრანგეთის მოკავშირეები. უნგრეთზე გადიოდა
მნიშვნელოვანი სატრანსპორტო გზა სადაც ხდებოდა საწვავის, ხორბლეულის და საქონლის
გადაზიდვა.

გერმანიამ რუმინეთში ბიოლოგიური დივერსია დაიწყო როგორც ჩანს 1915 წლის ივნისში.
გერმანიის გენერალური შტაბის წევრის ნადოლნის მიერ ბუქარესტში გერმანიის ატაშესადმი
მიწერილ წერილში ვკითხულობთ: “იმ შემთხვევაში თუ რუმინეთი ჩაერთვება ჩვენს წინააღმდეგ
ომში, სასურველია დავიწყოთ რკინიგზის, სამხედრო სტრატეგიული ობიექტების,
განსაკუთრებით იარაღის მწარმოებელი ქარხნების დივერსიული ქმედებები და აგრეთვე
კავალერიისათვის განკუთვნილი ცხენების ინფიცირება. ასაფეთქებელი ნივთიერებები და
ქოთაოს ბაქტერიული კულტურა მზად არის რუმინეთში გამოსაგზავნად. თუ შეიძლება
უმოკლეს ვადაში შეგვატყობინოთ რომელი დივერსიული აქტის განხორცილება არის
მიზანშეწონილი რუმინეთში და სად იქნას გამოგზავნილი ამ ოპერაციისათვის საჭირო მასალა.“
ბუქარესტიდან მიღებულ პასუხში ნათქვამი იყო რომ, რომ ასეთი სტრატეგიული ობიექტი
მრავლად იყო რუმინეთში და ასევე ისინი მზად იყვნენ დაეწყოთ სამხედრო ოპერაციისათვის
განკუთვნილი ცხენების ინფიცირება შესაბამისი ბაქტერიების და ინსტრუქციების
მიღებისთანავე. ანუ ნადოლნის მიერ გაკეთებული შემოთავაზება დადებითად იქნა აღქმული.

როგორც სამხედრო დოკუმენტებიდან არის ცნობილი რუმინეთში გაიგზავნა ციმბირის


წყლულის და ქოთაოს ბაქტერიული აგენტები, ოღონდ მკაცრი ინსტრუქციით რომ მათი
გამოყენება უნდა მომხდარიყო მხოლოდ ცხოველების წინააღმდეგ და არავითარ შემთხევევაში
ადამიანების დასაინფიცირებლად. რუმინეთიდან სექტემბერში მოითხოვეს დამატებითი
ბაქტერიული კულტურა რადგან ის რაც იყო გამოგზავნილი ივნისში უკვე ათვისებული იქნა.
დაახლოებით ერთი წლის შემდეგ ნადოლნის მიერ შემუშავებული დივერსიული პროგრამის
მეორე ნაწილის განხორციელება დაიწყო. ასაფეთქებელი ნივთიერებები და ბაქტერიული
კულტურები გაგზავნილ იქნა ბუქარესტის საკონსულოში. ამასობაში 1916 წლის 27 აგვისტოს
რუმინეთმა ავსტრია-უნგრეთს გამოუცხადა ომი. რასაც გერმანიამ მყისვე უპასუხა ომის
გამოცხადებით რუმინეთის წინააღმდეგ. თუმცა დივერსიისათვის განკუთვნილი მასალა
დიპლომატიური კორპუსის ხელში იყო და ამიტომ კარგად იყო დაცული, რუმინეთის
მთავრობამ ეჭვი აიღო, რის შედეგადაც გერმანელ დიპლომატებს და საკონსულოს წევრებს
ფარულად უთვალთვალებდნენ. რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ოფიციალურ
მიმართვაში ვკითხულობთ: “ადგილობრივი მთავრობის ყურადღება ამ ბოლო დროს მიიპყრო
ბუქარესტში გერმანელი საკონსულოს საეჭვო ქმედებებმა. დიდი რაოდენობით ყუთები და
ამანათები მიიღეს ბუქარესტის გერმანიის საკონსულოში, რომელთა გადმოტანა და გადაზიდვა
მოხდა გერმანიის საელჩოს უფრო შორს განლაგებულ შენობაში 27 აგვისტოს, სწორედ იმ დღეს
როდესაც ჩვენ ომი გამოუცხადეთ ავსტრია-უნგრეთს“. მას მერე რაც გერმანელების
დიპლომატიურმა კორპუსმა დატოვა ბუქარესტი, რუმინეთის სადაზვერვო დეპარტამენტმა
ამერიკელ კოლეგებთან ერთად გადაწყვიტეს ჩხრეკა ჩაეტარებინათ საელჩოს შენობებში. იქ
მყოფმა რამოდენიმე საკონსულოს გერმანელმა თანამშრომელმა აღიარა, რომ როდესაც
გერმანიის კონსული, თანაშემწე და სხვა მაღალჩინოსნები ტოვებდნენ საკონსულოს, მათ
რამოდენიმე ყუთი დაუტოვეს თანამშრომლებს რათა მათ ჩაემარხათ ისინი საკონსულოს ბაღში,
რაც თანამშრომლებმა შეასრულეს. რუმინელი და ამერიკელი სადაზვერვო სამსახურების მიერ
აღმოჩენილი იყო ყუთები ასაფეთქებელი ნივთიერებებით. გარდა ამისა ბაღში აღმოჩნდა
ამანათი რომელსაც ზედ ერტყა კრონდშტატის (უნგრეთი) იმპერატორული გერმანიის
საკონსულოს ბეჭედი და ეწერა: „ მხოლოდ კურიერის საშუალებით! მკაცრად საიდუმლო!
ფრთხილად!“. ამანათში იყო შემდეგი შინაარსის წერილი : გიგზავნით 4 მცირე ზომის ბოთლს
ცხენებისათვის და 4 ბოთლს მსხვილფეხა საქონელისათვის. თითოეული ბოთლი საკმარისია
200-მდე ცხოველისათვის. თუ შესაძლებელია მოახდინეთ ამ სითხის ადმინისტრირება
პირდაპირ ცხოველში, თუ არადა შეურიეთ საკვებს. თქვენგან მოვითხოვთ მყისიერ
შეტყობინებას წარმატების შემთხვევაში.“ ამანათში იდო დაბეჭდილი და საგულდაგულოდ
შეფუთული ბოთლები ყვითელი ფერის ხსნარით.

ბოთლების შემცველი სითხის ანალიზი ჩატარდა ბუქარესტის პათოლოგიისა და


ბაქტერიოლოგიის ინსტიტუტში და დადგინდა რომ ეს იყო ციმბირის წყლულის და ქოთაოს
ბაქტერიული კულტურა. ანუ გერმანელების მიერ განხორციელდა იგივე დივერსიული აქტი რაც
ამერიკაში. ცნობილია რომ რუმინეთში გერმანიიდან გამოგზავნილი იყო ბიოლოგიური
აგენტების 3 პარტია. აქედან როგორც ჩანს ორი გამოყენებული იქნა ხოლო მესამე რუმინელების
მიერ აღმოჩენილი იყო გერმანიის საელჩოს ბაღში. თუ რა შედეგები გამოიწვია ამ დივერსიამ და
მოხდა თუ არა ცხოველების ინფიცირება არ არის დოკუმენტირებული.

გერმანელების ბიოლოგიური დივერსიის პროგრამა ესპანეთში

სავარაუდოდ გერმანიამ აგრეთვე შეიმუშავა ბიოლოგიური დივერსიის პროგრამა


ესპანეთისათვის. მიმოწერა რომელიც მიმდინარებდა ბერლინსა და მადრიდს შორის მოწმობს
რომ ასეთი დივერსიების განხორციელება იგეგმებოდა ესპანეთში, პორტუგალიასა და
საფრანგეთის პირინეებში. 1915 წლის 13 ოქტომბერს ნადოლნის მიერ ესპანეთში მყოფ გერმანელ
სამხედრო ატაშესადმი გაგზავნილ დეპეშაში იგი აუწყებს რომ აგენტების გადმოგზავნა
შეწყვეტილია, შემდგომ შეტყობინებამდე, რადგანაც ცხენების ექსპორტი საფრანგეთში
შეჩერებულია. ანუ ამ დროისათვის ბიოლოგიური დივერსიის პროგრამა ესპანეთში უკვე
დაწყებული იყო. შემდეგი მიმოწერა ამ საკითხზე მიმდინარეობდა 1915 წლის დეკემბერში
ბერლინს, მადრიდს და ციურიხს შორის, სადაც საუბარია წარუმატებელ მცდელობაზე ჯილეხის
და ქოთაოს ბაქტერიების გადაგზავნაზე.

ამ აგენტების ჰოლანდიიდან ესპანეთში გადმოგზავნა საფრანგეთის გავლით სარისკო იყო,


რადგანაც ტრანსპორტირებადი ტვირთი აქ მკაცრ შემოწმებას გადიოდა. ივნისის თვეში
გერმანელი საიდუმლო აგენტი „არნოლდი“ მივლინებული იყო მადრიდში „რათა ორგანიზება
მოეხდინა E და B აგენტების“. E და B აგენტები იყო ქოთაოს და ჯილეხის ბაქტერიების კოდური
დასახელება. რა იყო ნაგულისხმევი „წარმოების“ ქვეშ არ არის ცნობილი, ალბათ აგენტ
არნოლდს უნდა გაევრცელებინა ის ბაქტერიები ესპანეთში რომელსაც ნადოლნი ჩამოიტანდა
ბერლინიდან. ცოტა ხანში გერმანიის ელჩმა ესპანეთში შეატყობინა ბერლინს რომ არნოლდი
წარმატებით ჩამოვიდა მადრიდში, რაც რა თქმა უნდა ნიშნავდა იმას რომ ინფექციის
გამავარცელებელი ბაქტერიები უკვე ესპანეთში იყო. თუმცა არაფერია ცნობილი იმის შესახებ
თუ რამდენად წარმატებული იყო ეს დივერსია ესპანეთში და როდის დასრულდა. თუმცა
არსებობს იმის ცნობა რომ ბაქტერიული კულტურა კონტრაბანდული გზით ესპანეთში შეიტანეს
ნავით 1918 წელს ანუ ამ დროისათვის ეს ოპერაცია კიდევ გრძელდებოდა.

გერმანელების ბიოლოგიური დივერსია ნორვეგიაში

ნორვეგიაში ირმების დასაინფიცირებლად, რომლებიც გამოიყენებოდნენ როგორც


სატრანსპორტო საშუალება, ზამთრის პერიოდში, სამხედრო ამუნიციის გადასაზიდად
ინგლისიდან რუსეთში, გაგზავნილი იყო ინფექციური დაავადების გამომწვევი ბაქტერიები.
მაგრამ ნორვეგიის პოლიციამ, ინგლისელების სადაზვერვო სამსახურის მითითებით, დააკავა
გერმანიის დიპლომატიური კორპუსისათვის განკუთვნილი ტვირთი, რომელშიც მოთავსებული
იყო ეს ბაქტერიული კულტურები. პოლიციის ჩანაწერები მოწმობენ რომ 1917 წლის იანვარში
ნორვეგიის ჩრდილოეთით რუსეთის საზღვართან დააპატიმრეს ბარონ ოტტო კარლ რობერტ
ფონ როსსენი და მისი თანმხლები პირები. არცერთ ამ პირთაგანს არ გააჩნდათ პასპორტი, მათ
აღმოუჩინეს დიდი რაოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერება, რომელიც ბარონის თქმით
განკუთვნილი იყო ფინელი ნაციონალისტებისათვის, რომელთაც უნდა აეფეთქებინათ რუსეთის
სარკინიგზო მაგისტრალი. ბარონს და მის თანმხლებ პირებს გაუკეთეს დეპორტაცია შვედეთში,
მათ ბარგში აღმოაჩინეს 19 შაქრის კუბი, რომელშიც მოთავსებული იყო ამპულები. ეს ამპულები
შეიცავდნენ ციმბირის წყლულის ბაქტერიებს, შაქრის კუბები კი განკუთვნილი იყო
ცხენებისათვის და ირმებისათვის. ეს იყო პირველი შემთხვევა როდესაც ბიოლოგიური
დივერსიისათვის განკუთვნილი მასალა ასე კარგად, კონსპირატიულად იყო შეფუთული. ესეთი
სახით ბაქტერიების გავრცელება გაცილებით უფრო ადვილი იქნებოდა ვიდრე მათი შეყვანა
თითოეულ ცხოველში ინოკულაციის გზით, რასაც ადრე იყენებდნენ გერმანელები აშშ-ში.
სავარაუდოდ ამ ახალი მეთოდის შემუშავებაში მონაწილეობას იღებდა დილგერი, რომელსაც
გააჩნდა სათანადო სამედიცინო და მიკრობიოლოგიური გამოცდილება და იგი იყო სწორედ
ძირითადი წარმართველი ძალა ბიოლოგიური დივერსიის განხორციელების პროცესში
ამერიკაში.
გერმანიის ბიოლოგიური დივერსიის პროგრამა სამხრეთ ამერიკაში

გერმანელების მიერ აქტიურად ხორციელდებოდა ბიოლოგიური დივერსიის პროგრამა სამხრეთ


ამერიკაში. ინგლისელების საზღვაო ფლოტის სადაზვერვო სამსახურის მიერ გამოვლენილი და
დეკოდირებული იქნა დაახლოებით 2000-მდე საიდუმლო მიმოწერა გერმანიის გენერალური
შტაბის თანამშრომლებსა და სამხრეთ ამერიკაში მყოფ მათ აგენტურას შორის. ამ 2000
დოკუმენტიდან დაახლოებით 40 ეხებოდა ბიოლოგიური დივერსიის პროგრამის
განხორციელებას. არგენტინაში ამ ოპერაციის ჩატარება ევალებოდა აგენტს კოდური სახელით
„არნოლდი“, ის პიროვნება რომელიც იგივე პროგრამას ანხორციელებდა ესპანეთში. „არნოლდი“
1917 წელს ჩავიდა ამერიკაში სადაც სავარაუდოდ მას უნდა მოეპოვებინა თანხები არგენტინაში
ბიოლოგიური ომის განხორციელებისათვის.

1917 წლის შემოდგომაზე გერმანიის სამხედრო ატაშემ ესპანეთიდან ბერლინში გააგზავნა


არგენტინაში განხორციელებული ბიოლოგიური დივერსიის განხორციელების ანგარიში. ამ
ანგარიშში ნახსენები იყო ის ფაქტი რომ გერმანელი აგენტი, რომელსაც ბაქტერიების კულტურა
მიჰქონდა არნოლდისათვის, ეჭვმიტანილი იყო და ამიტომ მიზანშეწონილი იქნებოდა ამ
ოპერაციის დროებით შეწყვეტა. ამ გეგმის განხორციელება გაგრძელდა თებერვალში, რასაც
მოწმობს არნოლდის მიერ გაგზავნილი ანგარიში, სადაც იგი ამბობს რომ მესოპოტამიაში
გაგზავნილ 5400 თავი მსხვილფეხა საქონელი დამუშავდა ბაქტერიული კულტურით.
ბაქტერიული კულტურა არგენტინაში შეიტანეს ავსტრიიდან, ამპულებით, რომლებიც
მოთავსებული იყო გერმანელების დიპლომატიური კორპუსისათვის განკუთვნილ შაქრის
ტომრებში. თუმცა ამ შაქრის ნაწილი კართაგენში ამოღებული იქნა პოლიციის მიერ.

ამავდროულად არგენტინაში გერმანელები გეგმავდნენ საქონლისათვის განკუთვნილი საკვები


მარცვლეულის მოწამვლის ოპერაციას. ამ შემთხვევაში გამოყენებული იყო ქიმიური
ნივთიერებები და არა ბაქტერიული აგენტები. თუმცა განხორციელდა თუ არა ეს ჩანაფიქრი არ
არის ცნობილი.

არგენტინული ბიოლოგიური დივერსიის პროგრამა, ისევე როგორც ყველა დანარჩენი არ იყო


დიდად წარმატებული. მართალია აგენტი არნოლდი თავის ანაგარიშებში წერდა რომ მან ეს
ოპერაცია ძალზედ წარმატებით ჩაატარა და რომ მოკავშირეებისათვის გაგზავნილი ათასობით
მსხვილფეხა საქონელი ინფიცირებული იყო ქოთაოთი და ციმბირის წყლულით. არგენტინული
სპეცსამსახურების თანახმად კი ამერიკაში გაგზავნილი საქონლიდან მხოლოდ 200 აღმოჩნდა
დაინფიცირებული. ისევე როგორც დილგერის შემთხვევაში ადვილი დასაშვებია ის რომ
არნოლდის მიერ გამოყენებული ბაქტერიული კულტურა არ იყო ვირულენტური. გარდა ამისა
ის პერიოდი რაც ამ ბაქტერიებმა გაიარა მას მერე რაც მომზადდა გერმანიაში, შემდეგ გაიგზვნა
კართაგენში და იქიდან გემების საშუალებით გადაიზიდა ბუენოს-აირესში საკმაოდ ხანგრძლივი
იყო, რაც გამოიწვევდა მათ სიცოცხლისუნარიანობის ანუ ეფექტურობის დაქვეითებას. ასეთი
ბაქტერიების შეყვანა საქონელში არ გამოიწვევდა სასურველ შედეგს ანუ ბიოლოგიური
დივერსია ვერ შესრულდებოდა.

სხვა ქვეყნების მიერ ბიოლოგიური დივერსიის განხორციელების მცდელობები


როგორც აღმოჩნდა საფრანგეთსაც ქონდა ბიოლოგიური დივერსიის პროგრამა. გერმანელები
თავის მხრივ თვლიდნენ რომ თვითონ აღმოჩნდნენ საფრანგეთის ამ პროგრამის მსხვერპლი.
მასალების თანახმად 1916 წელს გერმანიამ შეიტყო რომ საფრანგეთის საიდუმლო სამსახურმა
განახორციელა გერმანიაში გასაგზავნი ცხენების ინფიცირება ქოთაოს ბაქტერიებით. ფრანგი
ტყვეებიც აგრეთვე ჩართულები იყვნენ ამ პროგრამაში. მათ აღმოუჩინეს ამ მიკრობების
შემცველი კულტურა. 1917 წლის მაისში, პუჩჰაიმის ბანაკში, სამხედრო ტყვეებისადმი
გაგზავნილ ამანათებში თუნუქის ყუთებში იპოვეს ამპულები. რომლებიც შეიცავდნენ
ბაქტერიულ კულტურას და ინსტრუქციები მათი გამოყენებისათვის. მეორე შემთხვევას ადგილი
ქონდა 1917 წლის შემოდგომაზე როდესაც დააკავეს ფრანგი გაქცეული სამხედრო ტყვე და მას
აღმოუჩინეს კბილის საცხი რომელიც შეიცავდა ციმბირის წყლულის ბაქტერიებს.

ფრანგული პროგრამის არსებობა დადასტურებულია 1923 წლის სახელმწიფოს


ბაქტერიოლოგიური კომისიის ყრილობის პროტოკოლში, სადაც ვეტერინარული ინსპექციის
ხელმძღვანელმა აღიარა რომ პირველი მსოფლიო ომის დროს იგი დროდადრო იყენებდა
ვირუსებს რომლებიც იყო უვნებელი ადამიანებისათვის, მაგრამ მათი საშუალებით ადვილი იყო
ცხოველების დაინფიცირება. ბაქტერიული კულტურა გამოიყენებოდა მტრის სახმელეთო
ჯარების ცხენების დასაინფიცირებლად, კერძოდ ამ ბაქტერიების შემცველი ადვილად
მტვრევადი ამპულები თავსდებოდა საქონლის საკვებში რაც ზრდიდა ინფექციის გავრცელების
ალბათობას. ეს მონაცემები კიდევ ერთხელ ადასურებს იმ ფაქტს რომ საფრანგეთს გააჩნდა
ბიოლოგიური დივერსიის პროგრამა გერმანიის წინააღმდეგ, თუ რამდენად ეფექტური იყო ეს
ოპერაცია საჭიროებს უფრო დეტალურ გამოკლევებს.

პირველი მსოფლიო ომის დასასრული

ბიოლოგიური დივერსიის პროგრამა გერმანელებმა ომის დასრულებამდე შეწყვიტეს. ერთ-ერთი


გერმანელი მაღალჩინოსანი თავის ჩვენებაში წერდა: „ციმბირის წყლულის ბაქტერიები დიდი
წარმატებით გამოვიყენეთ რუმინეთსა და აშშ-ში. მეზღვაურები იძულებული იყვნენ ცხენები,
რომლითაც დატვირთული იყო ამერიკიდან ინგლისში მიმავალი გემი, გადაეყარათ ზღვაში
რადგანაც ცხენების უმეტესობას გზაში არმოაჩნდა ქოთაო. მაგრამ ომის მეორე ნახევარში ჩვენ
იძულებულები გავხდით უარი გვეთქვა ამ პროგრამის განხორციელებაზე, რადგანაც ჩვენი
აგენტების დიდი რაოდენობა დაპატიმრებული იყო მოკავშირეთა სპეცსამსახურების მიერ“.

გერმანელების მიერ დივერსიული პროგრამის შეჩერება განპირობებული იყო როგორც მათი


აგენტების გამოაშკარავებით, აგრეთვე იმ წარუმატებლობით რაც თან ერთვოდა ბაქტერიული
კულტურების ტრანსპორტირებას დასავლეთის ქვენებში 1918 წელს. ანუ ომის
დასასრულისთვის ეს დივერსიული ქმედებები თითქმის ნულამდე იყო დაყვანილი,
მიუხედავათ დილგერის მცდელობებისა არ შეეწყვიტათ ბიოლოგიური დივერსია.

ბრძოლები დასრულდა 1918 წლის ნოემბერში და მხარეებს შორის დაიდო საზავო


ხელშეკრულება. ძირითადი მშვიდობიანი ხელშეკრულება დაიდო 1919 წლის ივნისში
მოკავშირეებს და გაერთიანებულ სახელმწიფოებს და გერმანიას შორის. ეს ხელშეკრულება
ცნობილია ვერსალის ხელშეკრულების სახელწოდებით. ამ ხელშეკრულების V თავი ეხება
გერმანულ სამხედრო სამსახურს, სადაც აღნიშნულია რომ მათ ეკრძალებათ ყველა მახრჩობელა,
მომწამლავი ან სხვა გაზების და ანალოგიურად ყველა თხევადი ან მყარი მომწამვლელი
ნივთიერებების გამოყენება, წარმოება და იმპორტირება. გარდა ამისა საჭირო იყო ასეთი
მასალების არსებობის შემთხვევაში მათი სრული განადგურება. თუმცა ამ თავში არაფერი იყო
ნახსენები ბიოლოგიური იარაღის შესახებ. ეს კი მიანიშნებს იმაზე რომ ვერსალის
ხელშეკრულების შემქმნელებმა და აგრეთვე მათმა მრჩეველებმა არაფერი იცოდნენ
ბიოლოგიური დივერსიის არსებობის შესახებ. სინამდვილეში ეს პროგრამა ცნობილი იყო
მხოლოდ გერმანიის სამხედრო ძალების მაღალი ეშელონებისათვის. მართალია რუმინეთში
გერმანიის საელჩოს ბაღში აღმოჩენილი დივერსიული მასალის ფაქტი საკმაოდ გახმაურდა,
თუმცა არავის ჩაუთვლია რომ ეს იყო კარგად დაგეგმილი ოპერაციის ნაწილი, რომელიც უკვე
დიდი ხნის მანძილზე ხორციელდებოდა ერთდროულად მრავალ ქვეყანაში. ინგლისელებმა
იცოდნენ რომ არგენტინაში ხორციელდებოდა დივერსიული პროგრამა, თუმცა მათ
გერმანელების ეს ქმედებები არაეფექტურად მიიჩნიეს. რაც შეეხება აშშ-ში დაგეგმილ და
განხორციელებულ დივერსიას ამის შესახებ არავინ იცოდა, რადგან იგი იმართებოდა
გერმანელების გენერალური შტაბის წარმომადგენელის დილგერის მიერ, რომელიც უშუალოდ
აწარმოებდა ბაქტერიულ კულტურებს ამერიკაში და ხელმძღვანელობდა ამ ოპერაციას.
რადგანაც ფაქტები ცხოველებში ინფექციური დაავადებების მასიურად გავრცელებისა პირველი
მსოფლიო ომის დროს არ მოიპოვებოდა, მოკავშირე ძალები ბიოლოგიური დივერსიის
არსებობას არ მიიჩნევდნენ სერიოზულ პრობლემად.

ვერსალის ხელშეკრულებაში გაწერილი მკაცრად განსაზღვრული შეზღუდვების მიუხედავად


გერმანიამ შეძლო თავიდან აეცილებინა მასზე დაკისრებული ვალდებულებების დიდი ნაწილი.
კერძოდ ოფიცრების ჯგუფი რომლებიც მონაწილეობდნენ ბიოლოგიური დივერსიული
პროგრამის შექმნაში აგრძელებდა თავის მოღვაწეობას გენერალური შტაბის წევრის რუდოლფ
ნადოლნის ხელმძღვანელობით. ვერსალის ხელშეკრულების დადების შემდეგ გერმანელებმა
გაანადგურეს საიდუმლო დოკუმენტების უმეტესი ნაწილი, რომელიც ეხებოდა ბიოლოგიური
დივერსიის პროგრამას ამერიკაში, რუმინეთში და სამხრეთ ამერიკაში. თუმცა ყველა ზემოთ
მოხსენიებული ფაქტი ეყრდნობა დოკუმენტირებულ მასალას რაც ან გადაურჩა განადგურებას
ან თავის დროზე აღმოჩენილი იყო მოკავშირე ძალების სპეცსამსახურების მიერ.

გერმანელების დივერსიული პროგრამა საინტერესოა რამოდენიმე ასპექტით. იგი იყო: 1)


პირველი ნაციონალური პროგრამა ბიოლოგიური შეტევის წარმოებისათვის; 2) პირველი
ბიოლოგიური ომის წარმოების პროგრამა, რომელსაც გააჩნდა მეცნიერული საფუძველი 3) ერთ-
ერთი ორი დადასტურებული შემთხვევიდან, ომებში ბიოლოგიური აგენტების გამოყენების
ფაქტებიდან (მეორე შემთხვევა დაფიქსირდა მეორე მსოფლიო ომის დროს იაპონელების მიერ
ჩინელების წინააღმდეგ) 4) პირველი და ალბათ ერთადერთი მცდელობა საიდუმლო
ფართომაშტაბიანი ბიოლოგიური დივერსიის განხორცილებისა, რაშიც მრავალრიცხოვანი
აგენტურა იღებდა მონაწილეობას. აღსანიშნავია ის რომ ეს პროგრამა ხორციელდებოდა
ნეიტრალური და არა ომში ჩართული მხარეების მიმართ და აგრეთვე გამიზნული იყო მხოლოდ
ცხოველების და არა ადამიანების დასაინფიცირებლად. სამწუხაროა ის რომ არანაირი მონაცემი
არ არსებობს ამ პროგრამის წარმოშობის წინაპირობისა. თუმცა გასათვალისწინებელია ის ფაქტი
რომ მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში გერმანიაში ბიოლოგიურმა, კერძოდ მიკრობიოლოგიამ
და ვეტერინარულმა, მეცნიერებებმა დიდ განვითარებას მაღწია. ერთადერთი პროფესიონალი
მიკრობიოლოგი რომელიც ცნობილია როგორც ამ პროგრამის მთავარი მონაწილე გახლდათ
ანტონ დილგერი განათლებით ექიმი. ეს იყო ის პიროვნება რომელიც იმყოფებოდა გერმანიაში
პროგრამის შემუშავების დროს, მან განახორციელა დაგეგმილი ოპერაცია აშშ-ში და მას მერე რაც
მასზე ეჭვი აიღეს ინგლისურმა სპეცსამსახურებმა იგი დაბრუნდა გერმანიაში, სადაც
აგრძელებდა ბაქტერიული კულტურის წარმოებას, არგენტინაში, ნორვეგიაში და ესპანეთში
ბიოლოგიური დივერსიების ჩასატარებლად. ანუ ეჭვგარეშეა რომ ანტონ დილგერი
წარმოადგენდა ცენტრალურ ფიგურას გერმანელების ბიოლოგიური დივერსიის პროგრამაში. რა
თქმა უნდა ბაქტერიული აგენტების შექმნისათვის საჭირო იყო მათი შესწავლა, გამოყოფა და
შემდეგ უჯრედული კულტურის შექმნა. სამწუხაროდ არ მოიპოვება ცნობები იმის შესახებ
ყველაფერს ამას უძღვებოდა დილგერი თუ ამაზე მუშაობდა სპეციალური სამეცნიერო
ლაბორატორიები. გარდა ამისა აუცილებელი იყო ამ მიკრობული კულტურების შეფუთვა და
მათი ტრანსპორტირება ნეიტრალურ ქვეყნებში საიდანაც შემდეგ მოკავშირეების ჯარებს
ეგზავნებოდათ საბრძოლო იარაღები და ცხენები. ამას ჭირდებოდა გარკვეული დრო, ასევე
საჭირო იყო ამ პროგრამაში ჩართული პირების ინსტრუქტირება. ანუ მთლიანობაში პროგრამის
დაწყებას რამოდენიმე თვიანი მოსამზადებელი პერიოდი უძღოდა წინ, ყველაფერის
განხორციელება ევალებოდა დილგერს თუ კიდევ სხვა სამხედრო პირები ან მეცნიერები იყვნენ
ამ ოპერაციაში ჩართული არ არის ცნობილი. რადგანაც ფრონტზე გასაგზავნი ცხოველების
ინფიცირება უნდა მომხდარიყო ნეიტრალურ ქვეყნებში ეს სისრულეში მოყავდა სპეციალურ
აგენტურას რომელიც რაც არ უნდა საოცარი იყოს, უმეტეს შემთხვევაში ვერ იქნა გამოვლენილი
სპეცსამსახურების მიერ. ის რომ ეს ოპერაცია განხორციელდა გერმანიაში გენერალური შტაბის
ხელმძღვანელობით დადასტურებულია მრავალი დოკუმენტით. მიკრობული კულტურები
რომლებიც ძირითადად შეიქმნა გერმანიაში მრავალჯერ გაიგზავნა არგენტინაში, ნორვეგიაში,
რუმინეთსა და ამერიკაში. უმეტეს შემთხვევაში ამ ბაქტერიული აგენტების გადაზიდვა
წარმოებდა საზღვაო ტრანსპორტით. ამას მოწმობს დილგერსა და ნადოლს შორის არსებული
ფარული მიმოწერა. არ არსებობს რაიმე დოკუმენტი რომელიც მიუთითებდა მთავარსარდლის ან
თვით კაიზერის ჩართულობას ამ პროგრამაში, თუმცა იმის დაშვება რომ ბიოლოგიური
დივერსიის ასეთი ფართომაშტაბიანი პროგრამა იმართებოდა მხოლოდ ოფიცრების დონეზე
ძნელი დასაჯერებელია.

შეუძლებელია ამ პროგრამის ეფექტურობის სრული გამოვლენა. მართალია გერმანია მიიჩნევდა


რომ ბიოლოგიური დივერსიის ოპერაცია პირველ მსოფლიო ომში მან წარმატებულად
წარმართა, მაგრამ ამის დამამტკიცებელი დოკუმენტური მასალა სრულად არ მოიპოვება.
აგრეთვე კითხვებს ბადებს ის ფაქტი, რომ თუ გერმანიამ წარმატებას მიაღწია ბიოლოგიური
ომის ოპერაციაში რატომ არ მიეცა მას შემდგომი განვითარების ხასიათი. 1920-1930 წლების
გერმანიის დოკუმენტებში არაფერია ნახსენები ბიოლოგიური პროგრამის განვითარების
შესახებ. სავარაუდოა რომ ომის შემდგომ წლებში გერმანიის სამხედრო პირები უფრო მეტად
დაკავებულები იყვნენ სტრატეგიული და თავდაცვითი ღონისძიებების შემუშავებით და
აგრეთვე ისეთი ბიოლოგიური აგენტების შექმნით, რომელთა სამიზნე ადამიანი გახდებოდა.
ვერსალის ხელშეკრულებაში და ჟენევის 1925 წლის პირველ ხელშეკრულებაში არაფერი იყო
ნახსენები ბიოლოგიური იარაღის აკრძალვის შესახებ. ეს შეიძლება განპირობებული იყო: 1) ამ
საკითხზე ძალზედ ფრაგმენტული მონაცემების არსებობით ან 2) იმ ფაქტით რომ ბიოლოგიური
იარაღი არ იქნა გამოყენებული ადამიანების წინააღმდეგ. მაგრამ რადგანაც მაინც არსებობდა
მონაცემები, რომ გერმანია პირველ მსოფლიო ომში იყენებდა ბაქტერიულ აგენტებს ცხენების
დასაინფიცირებლად პოლონეთმა გადაწყვიტა შესწორება შეეტანა ჟენევის ხელშეკრულებაში.
სწორედ ეს შესწორება გახდა პირველი ოფიციალური დოკუმენტი ბიოლოგიური იარაღის
აკრძალვის შესახებ.

You might also like