You are on page 1of 15

საბჭოთა კავშირის სამხედრო ბიოლოგია 1920-1945 წლები

მიუხედავად იმისა რომ ცივი ომი დასრულდა და ზოგიერთი საარქივო მასალა გამოქვეყნდა
რუსეთის სამხედრო ბიოლოგიის ისტორია კვლავ საიდუმლოებით არის მოცული. ეს მასალები
იმდენად გასაიდუმლოებული იყო რომ დღესდღეობითაც კი ძნელია ამ პროგრამის შეფასება.
ცნობილია რომ რუსეთი აწარმოებდა ბიოლოგიური იარაღის კვლევებს და განვითარებას 1992
წლამდე, თითქმის ორი ათეული წლის განმავლობაში, მას მერე რაც რუსეთმა 1972 წელს ხელი
მოაწერა ბიოლოგიური და ტოქსიური იარაღის კონვენციას. ამ დროისათვის რუსეთის
ბიოლოგიური იარაღის პროგრამის შეფასება დასრულებული არ არის, მაგრამ რუსეთში და
უცხოეთში არსებული დოკუმენტური მასალის დეტალური შესწავლის საფუძველზე შეიქმნა
ზოგადი სურათი ამ პროგრამის შესახებ. ძირითად საინფორმაციო წყაროს წარმოადგენენ
საბჭოთა არმიის საარქივო მასალები, გერმანიის და იაპონიის სადაზვერვო სამსახურების მიერ
მოპოვებული დოკუმენტური მასალები, მეორე მსოფლიო ომის შემდგომ მიცემული ჩვენებები
და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დასავლეთში წასული რუსი მეცნიერების ჩვენებები.
მეორე მსოფლიო ომოს დროს გერმანელების მიერ მოპოვებული ინფორმაცია ძირითადად
ეყრდნობა რუსი ტყვეების და დეზერტირების ჩვენებებს. მნიშვნელოვანი ინფორმაცია რუსეთის
ბიოლოგიური პროგრამის შესახებ მოწოდებული იქნა რუსი ზოოლოგის აპენის მიერ, რომელიც
გერმანიში გაიქცა რუსეთიდან 1942 წელს. ასევე გერმანიის სადაზვერვო სამსახურებს
საინტერესო ინფორმაცია მიაწოდა ჰენრიხ ზაისმა, რომელიც პირადად იცნობდა რამოდენიმე
რუს ბაქტერიოლოგს და თავადაც მუშაობდა მოსკოვში მიკრობიოლოგიის დარგში 1920 -დან
-1932 წლებამდე.

1915 წელს რუსეთი სრულიად მოუმზადებელი იყო ქიმიური ომისათვის და გერმანელების


მოულოდნელმა შეტევამ დიდი დარტყმა მიაყენა მას. რუსეთმა დიდი დანაკარგი განიცადა ამ
შეტევის შედეგად აღმოსავლეთ ფრონტზე, პირველი მსოფლიო ომის დროს. ომში დამარცხების
შემდეგ რუსეთმა გადაწყვიტა შეექმნა ისეთი თანამედროვე სამხედრო საბრძოლო იარაღი,
რომელშიც გაერთიანებული იქნებოდა ყველა სახის საბრძოლო იარაღი, მათ რიცხვში ქიმიური
და ბიოლოგიურიც. იმ დროს ძალაუფლებაში მყოფმა ბოლშევიკურმა რეჟიმმა გადაწყვიტა
გაეფართოებინა ქიმიური ინდუსტრია რომელიც შემდგომში შეძლებდა ქიმიური იარაღის
წარმოებას. რადგან რუსეთში ეპიდემიოლოგიის და სანიტარიის სამსახური კარგად იყო
განვითარებული, ბიოლოგიური იარაღის წარმოება ნაკლებად რთული იყო ქიმიური იარაღის
წარმოებასთან შედარებით. რუსეთში ჯერ კიდევ 1917 წლის რევოლუციამდე არსებობდა
რამოდენიმე წამყვანი სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი რომელიც კარგ ბაზას წარმოადგენდა
ბაქტერიოლოგიური კვლევების გასაფართოებლად. თანამედროვე საბრძოლო საშუალებების
შექმნის პარალელურად, პირველ და მეორე მსოფლიო ომებს შორის პერიოდში, საბჭოთა
ხელისუფლება აქტიურად იყო ჩაბმული ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის აკრძალვის
პროპაგანდაში. 1928 წლის აპრილში რუსეთმა რატიფიცირება გაუკეთა ჟენევის ხელშეკრულებას
ორი შესწორებით: 1) საბჭოთა კავშირი ამ აკრძალვას დაიცავდა მხოლოდ ჟენევის
ხელშეკრულების მონაწილე ქვეყნების მიმართ; 2) იმ შემთხვევაში თუ რომელიმე მონაწილე
დაარღვევდა ხელშეკრულებას საბჭოთა კავშირი იხსნიდა ამ აკრძალვის ვალდებულებას,
როგორც დამრღვევი ქვეყნის ასევე ნებისმიერი მისი მოკავშირის მიმართ. რამდენადაც
ცნობილია როგორც მშვიდობიან პერიოდში ასევე მეორე მსოფლიო ომის დროს რუსეთს არ
დაურღვევია ჟენევის პროტოკოლი ანუ არასოდეს არ გამოუყენებია ბიოლოგიური იარაღი
ბრძოლის დროს.
ჟენევის ხელშეკრულება კრძალავდა ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის გამოყენებას, მაგრამ
არაფერი იყო ნათქვამი ამ იარაღის წარმოების შესახებ, რასაც დიდი წარმატებით
ანხორციელებდა საბჭოთა კავშირი ექვსი წლით ადრე სანამ იგი რატიფიცირებას გაუკეთებდა ამ
ხელშეკრულებას. 1921 წლის ზაფხულში გერმანიამ და საბჭოთა კავშირმა ხელი მოაწერა
საიდუმლო შეთანხმებას რის თანახმადაც მათ ერთობლივად უნდა ჩაეტარებინათ მომწამვლელი
გაზების ტესტირება ჯერ ორენბურგში და შემდეგ 1928 წელს სარატოვის მახლობლად. თავიდან
ეს შეთანხმება შეზღუდული იყო გერმანელების მხრიდან, რომელთა ინტერესებში შედიოდა
მხოლოდ მცირე ტექნიკური ინფორმაციის გაცვლა საბჭოთა კავშირთან. როგორც ცნობილია
გერმანელების ინფორმაცია ძალზედ მცირე იყო რის გამოც არანაირი კოლაბორაცია არ შედგა და
არანაირი ბიოლოგიური იარაღის ტესტირება არ შემდგარა ორენბურგსა და როსტოვში. 1933
წელს ადოლფ ჰიტლერმა საბოლოოდ წერტილი დაუსვა გერმანია-საბჭოთა კავშირის ამ ალიანსს.

კოლაბორაციის არ არსებობამ ეჭვები გააუჩინა ორივე მხარეს. 1930 წელს სანაოსნო ძალების
სამხედრო კომისარმა, ვოროშილოვმა მიიღო სადაზვერვო სამსახურის მიერ მოპოვებული
ინფორმაცია, რის თანახმადაც გერმანია აწარმოებდა ბაქტერიულ იარაღს: „გერმანიაში
მიმდინარეობს ბაქტერიული იარაღის ტესტირება. ჩვენი ინფორმაციის თანახმად შექმნილია
ავტომატური დანადგარი „მწვანე ბოთლი“-ის სახელწოდებით, რომლიდანაც ხდება
დაინფიცირებული ვირთაგვების ჩამოყრა მტრის ტერიტორიაზე. 23 ადამიანისაგან შემდგარი
ერთი ჯგუფი ოთხი საათის გამნავლობაში აწყობს 35 ასეთ ხელსაწყოს. მეორე მეთოდი რომლის
საშუალებითაც ხდება ბაქტერიების უტილიზაცია არის ჭურვების გამოყენება. ძირითად
პრობლემას შეადგენს ჭურვებში ბაქტერიების ვირულენტობის შენარჩუნება. ეს პრობლემა
გადაწყდა სპეციალური საკვები არის გამოყენებით, რამაც შესაძლებელი გახადა ჭურვებში
ბაქტერიების ცოცხლად შენარჩუნება ორი წლის განმავლობაში. ექსპერიმენტები ჩატარდა
ჯილეხის სპორების და ქოთაოს შემცველი ჭურვებით.“ რამდენად მართებული იყო ეს
ინფორმაცია არ იყო დაზუსტებული მაგრამ საბჭოთა კავშირმა ურეაქციოდ არ დატოვა ეს
გაფრთხილება. ამავდროულად გერმანიაც გამუდმებით გამოთქვამდა ვარაუდს რომ საბჭოთა
კავშირი აწარმოებდა ბიოლოგიურ იარაღს. ეს ორმხრივი დაძაბულობა კიდევ უფრო გამწვავდა
1930-იან წლებში.

საბჭოთა კავშირის ეჭვის ქვეშ მხოლოდ გერმანია არ იმყოფებოდა. 1933 წელს რუსულ ჟურნალში
- “სამხედრო ენციკლოპედია”, გამოქვეყნდა სტატია სადაც დახასიათებული იყო ბიოლოგიური
იარაღი, როგორც ახალი ტიპის იარაღი, რომლის წარმოებაც მიმდინარეობდა ბურჟუაზიულ
სახელმწიფოებში. ყველაფერი ამის გათვალისწინებით საბჭოთა კავშირის მთავრობამ
გადაწყვიტა უფრო აქტიურად დაეწყო მუშაობა ბიოლოგიური იარაღის წარმოების საკითხზე.
ჯერ კიდევ 1920 წელს წითელმა არმიამ დაიწყო ქიმიური და ბაქტერიოლოგიური იარაღის
შექმნისათვის მზადება. 1925 წელს შეიქმნა სამხედრო ქიმიური სააგენტო, რომელსაც
ხელმძღვანელობდა იაკობ ფიშმანი 1937 წლამდე. მიუხედავად იმისა რომ ფიშმანი იყო წამყვანი
ფიგურა საბჭოთა კავშირის ბიოლოგიური იარაღის წარმოებაში, უცნაურია მაგრამ მისი როლი ამ
პროგრამაში არასოდეს არ იყო გამოვლენილი გერმანული სადაზვერვო სამსახურების მიერ,
თუმცა იგი ცნობილი იყო როგორც ქიმიური იარაღის ექსპერტი და მონაწილეობდა გერმანია-
საბჭოთა კავშირის ერთობლივ კვლევებში. 1928 წელს ფიშმანის მიერ გაგზავნილ ანგარიშში იგი
აღფრთოვანებით აღნიშნავდა რომ ჯილეხის და ბოტულინის ბაქტერიებზე ექსპერიმენტები
დიდი წარმატებით მიმდინარეობდა. გარდა ამისა მისი აზრით ბაქტერიული იარაღის
გამოყენება ძალზედ ხელსაყრელი იქნებოდა ომის შემთხვევაში ან კიდევ ბიოლოგიური
დივერსიის მოწყობისათვის. ფიშმანი თვლიდა რომ აუცილებელი იყო სამხედრო
ბაქტერიოლოგიური და აგრეთვე თავდაცვითი ღონისძიებების შემუშავების სამსახურების
ჩამოყალიბება. ეს ანგარიში ფიშმანმა გაუგზავნა საბჭოთა კავშირის იმ დროინდელ სახალხო
კომისარს კლიმენტი ვოროშილოვს. ფიშმანის აზრით ბაქტერიოლოგიურ კვლევებზე
პასუხისმგებლობა უნდა გადანაწილებულიყო სამ სხვადასვა ორგანიზაციაზე: სამხედრო
ქიმიური სააგენტო - რომელიც იმუშავებდა შეტევითი ხასიათის ბიოლოგიური იარაღის
შექმნაზე, ქიმიური თავდაცვის ინსტიტუტი - რომელიც პასუხისმგებელი იქნებოდა
თავდაცვით ღონსძიებებზე და ჯანდაცვის სამინისტრო - რომელიც უზრუნველყოფდა
პროფილაქტიკურ სამუშაოებს. ამ პროგრამაში ჯანმრთელობის სამინისტროს ჩართვა
ხელსაყრელი იყო კონსპირაციულობის თვალსაზრისითაც. სხვადასხვა ეპიდემიების თავიდან
აცილების მიზნით ჯანმრთელობის სამინისტროს შეეძლო ეწარმოებინა ბიოლოგიური იარაღის
შესაქმნელად კვლევები ისე რომე ეს არ გამოიწვევდა არავის ეჭვს. დასკვნაში ფიშმანმა გამოყო
ორი აუცილებელი პირობა ბიოლოგიური პროგრამის ეფექტურად განხორციელებისათვის:

1) ნდობით აღჭურვილი, მაღალკვალიფიციური კადრების მოზიდვა;

2)ჯანმრთელობის სამინისტროს თანხმობა იმის თაობაზე რომ უკვე არსებული


ბაქტერიოლოგიური ინსტიტუტები ჩართულიყვნენ ამ პროგრამაში.

ფიშმანის რეკომენდაციების და მისი დაუღალავი პროპაგანდის საფუძველზე ბიოლოგიური


იარაღის წარმოების და კვლევის პროგრამა წარმატებით დაიწყო საბჭოთა კავშირში.
ჯანმრთელობის სამინისტრო იყო ერთ-ერთი მთავარი რგოლი, რომლის მეშვეობითაც ხდებოდა
ამ საკითხთან დაკავშირებული ყველა სამხედრო მოთხოვნის კოორდინირება, აღსრულება და
კონტროლი. ამ სამინისტროს დაქვემდებარების ქვეშ იყო 35 ინსტიტუტი რომლებიც
მუშაობდნენ ეპიდემიოლოგიის, ვირუსოლოგიის, იმუნოლოგიის, მიკრობიოლოგიის,
სამედიცინო გენეტიკის დარგებში, აგრეთვე შრატების და ვაქცინების მომზადების საკითხებზე.

რუსეთში ჯერ კიდევ მეფის დროიდან არსებობდა მოსკოვის ეპიდემიოლოგიის და


მიკრობიოლოგიის და ჩარკოვის სახელობის კვლევითი ინსტიტუტები. სწორედ ამ
ინსტიტუტებში მიმდინარეობდა პირველი მსოფლიო ომის შემდეგ პერიოდში ბიოლოგიური
ომის პროგრამის განვითარება. შემდგომში ასეთი დაწესებულებების რიცხვი საგრძნობლად
გაიზარდა არა მხოლოდ მოსკოვში არამედ რუსეთის სხვა ქალაქებშიც. ერთ-ერთი ასეთი
ლაბორატორია შეიქმნა ლენინგრადში ვეტერინარულ და ზოოლოგიურ უნივერსიტეტში.
ბიოლოგიური იარაღის ექსპერტი, გერმანელი კლივი, აღნიშნავდა რომ ეს ლაბორატორია 1943
წელს წარმოადგენდა ერთ-ერთ წამყვან დაწესებულებას ბიოლოგიური იარაღის წარმოების
დარგში. კლივის ინფორმაციით აქ მიმდინარეობდა ჭირის, ტუბერკულოზის და ჯილეხის
გამომწვევ ბაქტერიებზე მუშაობა. გარდა ამისა აქ მიმდინარეობდა მუშაობა იმ ტექნოლოგიური
საშუალებების შესაქმნელად რომელთა საშულებითაც მოხერხდებოდა საარტილერიო ჭურვების
და ბომბების ბაქტერიული მასალით შევსება.

1933 წელს ჩამოყალიბდა წითელი არმიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი, რომლის


მოვალეობასაც შეადგენდა სამხედრო მოსამსახურე პირების ინფექციური დაავადებებისაგან და
სხვადასხვა ბიოაგენტებისაგან დაცვა. ამავე საკითხებზე მუშაობდა ჯანმრთელობის კვლევითი,
ქიმიურ-ფარმაცეპტული ინსტიტუტები მოსკოვში და მიკრობიოლოგიის და ეპიდემიოლოგიის
ინსტიტუტი სარატოვში. სამხედრო ქიმიურმა სააგენტომ გადაწყვიტა პრიორიტეტი მიენიჭებინა
ჯილეხის, ბრუცელოზის, ენცეფალიტის, ქოთაოს, ჭირის, ტუბერკულოზის და ტულარემიის
გამომწვევი აგენტების კვლევას. შესაბამისად ხდებოდა ამ აგენტების ღია ველში გამოცდა.
როგორც სამეცნიერო ჩანაწერებიდან ჩანს ამ ლაბორატორიაში შეძლეს ჯილეხის ბაქტერიის
ვირულენტობის და სტაბილურობის გაზრდა. ექსპერიმენტები მიმდინარეობდა საცდელ
ცხოველებზე. ბაქტერიების მოთავსება ხდებოდა ან ცხოველების კანზე ან კიდევ ექსპერიმნტულ
კამერაში ბაქტერიული აგენტების გამოფრქვევით. საექპერიმენტო პროტოკოლებიდან ჩანს რომ
ცხოველები იღუპებოდნენ ექსპერიმენტის ჩატარებიდან ორ სამ დღეში. ბაქტერიების
გამოფრქვევის ცდები აგრეთვე ხორციელდებოდა ამ აგენტების შემცველი კაფსულების
აფეთქებით, რომლებიც წარმოქმნიდნენ ბაქტერიების შემცველ ღრუბელს, რაც კიდევ უფრო
ზრდიდა ლეტალურ შედეგს.

1928 წლის მემორანდუმში ფიშმანი აღნიშნავდა რომ აუცილებელი იყო ექსპერიმენტების


მაშტაბების გაფართოება და ცდების გადატანა უფრო ფართო სივრცეში. მისი აზრით ეს ხელს
შეუწყობდა ჯილეხის ბაქტერიის ვირულენტობის განსაზღვრას, რაც თავის მხრივ
გააძლიერებდა ამ დაავადების წინააღმდეგ თავდაცვითი ტექნოლოგიების შემუშავების პროცესს.
საბჭოთა კავშირში არსებობდა რამოდენიმე წერტილი სადაც მიმდინარეობდა ღია სივრცეში
სხვადსხვა ტიპის ბიოლოგიური იარაღის გამოცდა. ერთ-ერთ ასეთ ადგილს წარმოადგენდა
ტომკა, გერმანია-საბჭოთა კავშირის ერთობლივი საცდელი პოლიგონი, რომელიც 1933 წელს
ჰიტლერის განკარგულების შემდეგ დაიხურა. ფიშმანის რეკომენდაციით საველე ცდებისათვის
არჩეული იქნა ორი კუნძული: გროდომილა - ტბა ზელიგერზე მოსკოვთან ახლოს და კუნძული
ვოზროჟდენიე არალის ზღვაში. გროდომილაზე მიმდინარეობდა ცდები ველიკანოვის
ხელმძღვანელობით. ამ ცდების მიზანს შეადგენდა გაერკვიათ თუ რამდენად შესაძლებელი იყო
ბიოლოგიური იარაღის აგენტების გავრცელება იმავე მეთოდით რა მეთოდითაც ხდებოდა
ქიმიური აგენტების გავრცელება. საჰაერო ხომალდებიდან ხდებოდა ბიოლოგიური აგენტების
შემცველი კაფსულების და კონტეინერების ჩამოყრა ხმელეთზე. ამ ექსპერიმენტებში
მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა ინსტიტუტებში მომუშავე მეცნიერები. ძირითადად
ექსპერიმენტებში გამოყენებული იყო ჯილეხის, ქოლერის, ქოთაოს და ტიფის ბაქტერიები.

1936-1937 წლებში კუნძული ვოზროჟდენიე იყო ბიოლოგიური იარაღის ტესტირების ცენტრი.


1937 წელს აქ ჩატარდა ფართო მაშტაბიანი ცდები ქოლერის, კეთრის, ჭირის და ტულარემიის
გამომწვევი ბაქტერიების წინააღმდეგ პრევენციული ზომების მიღების გამოსავლენად.
გერმანიის სადაზვერვო სამსახურის ინფორმაციით საექპერიმენტო მასალას წარმოადგენდნენ
ციყვები და ტკიპები.

საბჭოთა კავშირში 1930 წლები აღინიშნებოდა დიდი წინ სვლით სამეცნიერო სფეროში, კერძოდ
მნიშვნელოვანი მიღწევები იყო ბაქტერიოლოგიაში და ვირუსოლოგიაში, თუმცა მას მერე რაც
30-იანების დასასრულს განხორციელდა მასიური ტერორი, მთელს ქვეყანაში მრავალი მეცნიერი
გახდა ამ ტერორის მსხვერპლი. უამრავი გამოჩენილი მიკრობიოლოგი იყო სიკვდილით
დასჯილი ან დაპატიმრებული. ძირითადი ბრალდებები ეხებოდა სოციალიზმის წინააღმდეგ
გალაშქვრას, შპიონაჟს და დივერსიებს. საბჭოეთის უშიშროების სამსახური (ნკვდ) ბრალს დებდა
სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს ტერორისტული და ჯაშუშური ორგანიზაციების წევრობაში.
ერთ-ერთ ასეთ დაჯგუფებას მათი აზრით მიკრობიოლოგების და ბაქტერიოლოგების ჯგუფი
შეადგენდა. ეს დაჯგუფება ნკვდ-ს ინფორმაციით ფინანსდებოდა გერმანიის სადაზვერვო
სამსახურის მიერ. პროფესორ ჰენრიხ ზაისს, რომელიც რამოდენიმე ათეული წლის
განმავლობაში მუშაობდა მოსკოვში, ბრალი დაედო საიდუმლო ინფორმაციის გაცემაში, თითქოს
მან გერმანიას მიაწოდა ინფორმაცია ბიოლოგიური იარაღის წარმოებისათვის გამოყოფილი
ბაქტერიების თაობაზე და ამავდროულად მრავალი საბჭოთა მეცნიერი გადაიბირა გერმანიის
მხარეს ჯაშუშობისათვის. ამ ჯგუფის წევრებს ბრალი ედებოდათ ომის შემთხვევაში
ბიოლოგიური დივერსიის განხორციელებაში, თითქოსდა მათ შემუშავებული ჰქონდათ წყლის
და საკვების დაბინძურების და მოსახლეობაში ქოლერისა და ტიფის გავრცელების გეგმა. ამ
კონსპირაციული დაჯგუფების 48 წევრი დააპატიმრეს, ზაისი კი გააძევეს ქვეყნიდან. მისი
აზრით საბჭოთა მეცნიერების დაპატიმრებამ და კვლევების აკრძალვამ ბაქტერიოლოგიის
ზოგიერთი მიმართულებით უკან დასწია მეცნიერება ამ ქვეყანაში.
ნკვდ აგრეთვე ბრალს სდებდა იაპონიის სადაზვერვო სამსახურს, საბჭოთა კავშირში
ბიოლოგიური დივერსიის განხორციელების მცდელობაში. მათი განცხადებით იაპონიამ
გამოაგზავნა თეთრი არმიის 22 ოფიცერისაგან დაკომპლექტებული ჯგუფი, ოფიცერ მასლიაკოვ-
ერშოვის ხელმძღვანელობით. ამ ჯგუფს ევალებოდა დივერსიის და საბოტაჟის მოწყობა 1936
წელს. დაპატიმრების მომენტში ამ ჯგუფის ზოგიერთ წევრებს თან ჰქონდათ სხვადასხვა
ინფექციური დაავადებების გამომწვევი ბაქტერიების შემცველი შუშის კონტეინერები. ნკვდ
აგრეთვე ადანაშაულებდა იაპონიას იმაში, რომ მან განახორციელა დივერსიული აქტი კერძოდ
დიფტერიის გამომწვევი ბაქტერიები შეურია ფქვილში, რამაც გამოიწვია მოსახლეობაში
ინფექციური ანგინის გავრცელება. 1937 წელს ბლაგოვესჩინკში დააპატიმრეს ჩინეთის მოქალაქე,
რომელმაც აღიარა რომ მას იაპონელების დავალებით უნდა მოეწამლა საზღვრის ახლოს
სასმელი წყლის ჭები, დიარეის გამომწვევი ბაქტერიებით. ყველა ამ ბრალდებების განხილვები
ხდებოდა სახალხო სასამართლოებზე და ამ ჯგუფებს უწოდებდნენ „ანტი-საბჭოთა
ტროცკისტულ დაჯგუფებებს“. ხშირ შემთხვევებში დაკითხვევბი მიმდინარეობდა გაუსაძლისი
წნეხის და წამების ქვეშ. ათეულობით მთავრობის წარმომადგენელი იქნა იმ პერიოდში
გასამართლებული ბიოლოგიური იარაღის წარმოების ბრალდებით. მათ ბრალი ედებოდათ
სხვადასხვა დივერსიების დაგეგმვაში: სამხედრო ეშელონების, კვების ობიექტების და სამხედრო
ბაზების დაინფიცირება. 1938 წლის მარტში გაასამართლეს სოფლის მეურნეობის კომისარი
ჩერნოვი, რომელსაც ბრალი ედებოდა გერმანიის სადაზვერვო სამსახურის დავალებით წითელი
არმიისათვის განკუთვნილი ცხენების ინფიცირება. მან აღიარა რომ გინსბურგთან ერთად
(ვეტერინალური სამსახურის უფროსი) შეაჩერა აღმოსავლეთ ციმბირში ჯილეხის შრატის
გაგზავნა, რამაც 1936 წელს, ჯილეხის ეპიდემიის აფეთქების დროს, შრატის არ არსებობის გამო
იმსხვერპლა 25 000 ცხენი. ამავე სასამართლოზე ბელორუსიის კომუნისტური პარტიის მდივანმა
აღიარა რომ მან ხელი შეუწყო ღორის ქოლერის გავრცელებას, რადგან არ ჩაატარა სათანადო
ვაქცინაცია, აგრეთვე მან დაადასტურა რომ 25 000 ცხენის დახოცვა იყო ბიოლოგიური
დივერსიის შედეგი.

1937-38 წლებში მიმდინარეობდა ბიოლოგ მეცნიერთა მასიური დაპატიმრებები. მათ შორის


რომელთაც ბრალი ედებოდათ გერმანიის სადაზვერვო სამსახურთან კავშირი იყო სამი
მიკრობიოლოგი: ვლადიმირ ლუბარსკი - შრატების და ვაქცინების კონტროლის ინსტიტუტის
დირექტორის მოადგილე, პროფესორი კრაჩევსკი და ეპიდემიოლოგიის და მიკრობიოლოგიის
ინსტიტუტის სამეცნიერო დირექტორი ბარიკინი. ისინი სხვა თანამშრომლებთან ერთად
დამნაშავეებად სცნეს სხვადასვა ბიოლოგიური დივერსიების მოწყობაში, მათ შორის იყო საკვები
პროდუქტების მოწამვლა და მსხვილფეხა საქონლის დაინფიცირება. სხვა მეცნიერებთან ერთად
დაპატიმრებული იქნა თვით საბჭოთა კავშირის ბიოლოგიური იარაღის პროგრამის შემქმნელი
იაკობ ფიშმანი, რომელსაც ბრალი ედებოდა გერმანელებთან ალიანსში ყოფნა. ამდენი მეცნიერის
დაპატიმრებამ და სიკვდილით დასჯამ დიდი დარტყმა მიაყენა საბჭოთა კავშირში მეცნიერების
განვითარებას.

1941 წელს უცხოურ ჟურნალში დაიბეჭდა სტატია, რომელშიც დეტალურად იყო აღწერილი
ბიოლოგიური იარაღის შექმნის მცდელობები კაპიტალისტურ ქვეყნებში. ეს სტატია
გამოქვეყნდა საბჭოთა კავშირში გერმანიის შეჭრამდე ხუთი თვით ადრე, რამაც რა თქმა უნდა
დიდი შეშფოთება გამოიწვია. სტატიაში დასკვნის სახით ნათქვამი იყო რომ „ საბჭოთა კავშირმა
ყურადღება უნდა მიაქციოს ამ აქტივობებს და თვითონაც განახორციელოს ანალოგიური
ქმედებები როგორც თავდაცვის ასევე შეტევის განხორციელების მიზნით“. ამ პუბლიკაციამ
დააჩქარა ბიოლოგიური იარაღის წარმოების პროცესები საბჭოთა კავშირში. უცხოური
ინფორმაციით საბჭოთა კავშირში დაიწყო ექსპერიმენტები ადამიანებზე, კერძოდ მონღოლეთში
ულან-ბატორის ახლოს, სოლოვკის კუნძულზე და ლენინგრადის ციხეებში. ექსპერიმენტებში
გამოყენებული იყო ჯილეხის, ენცეფალიტის, ქოთაოს და ჭირის გამომწვევი ბაქტერიები.
სოლოვკის კუნძულზე სადაც მდებარეობდა საბჭოთა კავშირის პოლიტიკური და იაპონელი
ტყვეების ბანაკი, პატიმრებს ათავსებდნენ კარავში სადაც გაშვებული იყო ჭირით
დაინფიცირებული ვირთაგვები. ინფექციის მატარებელ ტკიპებს კი ინფექცია ვირთაგვებიდან
გადაჰქონდათ ტყვეებზე. ერთ-ერთი პატიმარის გაქცევის შემდეგ მონგოლეთში იფეთქა ჭირის
ეპიდემიამ რომელმაც იმსხვერპლა 5000 ადამიანის სიცოცხლე.

იყო თუ არა საბჭოთა კავშირი მზად ბიოლოგიური ომის საწარმოებლად? გერმანული


დოკუმენტური მასალების თანახმად პოლონეთი და რუსეთი ეწეოდნენ ბიოლოგიურ დივერსიას
აღმოსავლეთი ევროპის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. 1942 წლის დეკემბერში რაიხს ფიურერი
ჰენრიხ ჰიმლერი ატყობინებდა ჰიტლერს, რომ ნკვდ-მ ბრძანება მისცა რუს პარტიზანებს
გამოეყენებინათ ბიოლოგიური და ქიმიური იარაღი გერმანელი ჯარისკაცების წინააღმდეგ.
დამატებითი ცნობები რუსი პარტიზანების მიერ ბრიანსკის მახლობლად ტიფის ეპიდემიის
განზრახ გავრცელების შესახებ გავრცელდა 1943 წელს. ამავე დროს ტიფის ეპიდემიამ იფეთქა
გერმანელების გარნიზონში, რომელსაც ოკუპირებული ჰქონდა კიევი. კლივმა, რომელიც
გაგზავნილი იყო ეპიდ-ცენტრში მიზეზების გამოსაკვლევად, დაადგინა რომ ტიფი გამოწვეული
იყო ბიოლოგიური დივერსიის შედეგად, რაც განახორციელა ჩეხმა დივერსანტმა, სასადილოებში
ყავაში ტიფის გამომწვევი ბაქტერიების შეტანით. თავის გამოძიებაში კლივმა აღმოაჩინა ყავით
დაინფიცირებული 60 შემთხვევა. ამ და სხვა ინფორმაციებზე დაყრდნობით გერმანიამ სასწრაფო
თავდაცვითი ზომები განახორციელა და გააძლიერა სამედიცინო ინსპექტირების ოპერაციები.
გერმანიის საიდუმლო სადაზვერვო სამსახური დარწმუნებული იყო რომ საბჭოთა კავშირი
კარგად იყო მომზადებული ბიოლოგიური და ქიმიური ომის საწარმოებლად. ეს მოსაზრება
კიდევ უფრო გამყარდა 1942 წელს როდესაც საბჭოთა კავშირიდან გამოქცეულმა აპენმა
გერმანელებს მიაწოდა სრული ინფორმაცია საბჭოთა კავშირის თავდასხმითი საშუალებების
შესახებ. მან თქვა რომ სტალინის ბრძანებით ჩკალოვის ბიოლოგიურ ინსტიტუტში
მიმდინარეობდა ბიოლოგიური იარაღის წარმოებასთან დაკავშირებული კვლევები და აგრეთვე,
ღია ველში, მონღოლეთ-საბჭოთა კავშირის საზღვართან ტარდებოდა ექსპერიმენტები
ჯილეხის, ჭირის და სხვა ინფექციური დაავადებების გამომწვევი აგენტების გამოყენებით.
აპენმა აგრეთვე აღწერა თუ როგორ გეგმავდნენ ამ ბაქტერიების გავრცელებას მტრის
ტერიტორიებზე. მან მაგალითად მოიყვანა ერთ-ერთი საბჭოთა სპეციალისტის ლექცია, რომლის
მიხედვითაც დარტყმის ცენტრი უნდა ყოფილიყო მტრის ტერიტორიის ყველაზე უფრო
დასახლებული და ინდუსტრიული წერტილი. ბიოლოგიური იარაღის საშუალებით იერიში
უნდა მიეტენათ მოსახლეობაზე, სარკინიგზო მაგისტრალსა და წყლით მომმარაგებელ
წერტილებზე. მიუხედავად იმისა რომ აპენი დეზერტირი იყო, გერმანიაში მისი აღიარებები
საკმაოდ სერიოზულად აღიქვეს.

1942 წელს საბჭოთა ტყვეებისაგან გერმანიამ მიიღო ინფორმაცია, რომ სტალინგრადთან


განლაგებული წითელი არმიის ჯარისკაცებს გაუკეთდა ჭირის საწინააღმდეგო აცრები, და რომ
ანტი-ეპიდემიოლოგიური განყოფილების უფროსი როგოზინი ჩასული იყო ასტრახანში.
გერმანელებმა იცოდნენ რომ რაგოზინი მუშაობდა ჭირის პროფილაქტიკის საკითხებზე.
რადგანაც ჭირი არ იყო ამ ქვეყნის ენდემური დაავადება, გერმანელებმა დაასკვნეს რომ რუსეთი
ამზადებდა ბიოლოგიურ დივერსიას, კერძოდ აპირებდა ჭირის გამომწვევი ბაქტერიის Yersinia
pestis გავრცელებას გერმანელ ჯარისკაცებს შორის. ეს ეჭვები კიდევ უფრო გამყარდა მას შემდეგ
რაც გერმანელებმა მიიღეს ინფორმაცია შვედებისაგან, რომ რუსები ინტენსიურად
ემზადებოდნენ ბიოლოგიური შეტევისათვის მოსკოვსა და სარატოვში. რადგანაც ეს შეტევა არ
განხორციელებულა და რადგან საბჭოთა კავშირს არასოდეს გაუმხელია თავისი ბიოლოგიური
დივერსიის პროგრამა, დაზუსტებით იმის მტკიცება რომ მას გააჩნდა შეტევითი ხასიათის
ბიოლოგიური იარაღი შეუძლებელია. ომის შემდგომ კლივი წერდა: „ მართალია არსებობს აზრი
რომ საბჭოთა კავშირი მზად იყო ბიოლოგიური იარაღის გამოყენებისათვის, არ არსებობს
არანაირი დოკუმენტური მტკიცებულება ამის თაობაზე“. ამავდროულად რუსეთი თავის მხრივ
დარწმუნებული იყო რომ გერმანია გამოიყენებდა ბიოლოგიურ იარაღს მათ წინააღმდეგ.
ამიტომაც რუსეთი მიმართავდა თავდაცვით ზომებს ანუ ხშირად ატარებდა პროფილაქტიკურ
ღონისძიებებს: ქუჩების, ქარხნების და სხვა შენობების დეზინფექცია, მოსახლეობის და
ჯარისკაცების ვაქცინაცია. ამავდროულად საბჭოთა კავშირში მართლაც მიმდინარეობდა დიდი
რაოდენობით ვაქცინების წარმოება. მაგალითად როდესაც 1940 წელს უკრაინაში იფეთქა
საქონლის ჯილეხის ეპიდემიამ 90 000 ჯარისკაცს გაუკეთდა იმუნიზაცია ამ დაავადების
წინააღმდეგ. ფრონტზე აგრეთვე გამუდმებით კეთდებოდა ბრუცელოზის, ჭირის და
ტულარემიის აცრები. ანუ საბჭოთა ჯარი კარგად იყო დაცული, იმ შემთხვევაში თუ მტერი
გამოიყენებდა ბიოლოგიურ იარაღს.

იმის გამო რომ დოკუმენტური მასალა საბჭოთა კავშირში ბიოლოგიური იარაღის წარმოების
შესახებ ჯერ კიდევ საიდუმლოდ არის დაცული არქივებში, ძნელია შეფასება თუ რამდენად
შესაძლებელი იყო საბჭოთა კავშირის მიერ ბიოლოგიური იარაღის გამოყენება მეორე მსოფლიო
ომის დროს. ფაქტია, რომ ცენტრალიზებულ საბჭოთა სისტემაში დიდი ყურადღება ექცეოდა
თავდასხმითი ბიოლოგიური იარაღის წარმოებას 1920-30 წლებში. სტალინის ტოტალიტარული
რეჟიმის მოთხოვნით ამ პროგრამაში ჩართული უნდა ყოფილიყვნენ მაღალ კვალიფიციური
კადრები, რომელთაც ხელთ ექნებოდათ თანამედროვე ტექნოლოგიები ამ იარაღის
საწარმოებლად, თუმცა არსებობდა ხელშემშლელი პირობებიც:

1) ზუსტად ამ პერიოდში საბჭოთა კავშირში მიმდინარეობდა მაშტაბური სამხედრო


მოდერნიზაციის პროცესი. ამიტომ პრიორიტეტი სწორედ ამ პროცესებს ენიჭებოდა;

2) მეორე ხელშემშლელ პირობას წარმოადგენდა ის რომ ბიოლოგიური იარაღის


გამოყენებისათვის საბჭოთა არმია არ იყო სათანადოდ გაწვრთნილი;

3) სამოქალაქო სექტორი არ იყო სათანადოდ დაცული ბიოლოგიური შეტევის შემთხვევაში,


მართალია ტარდებოდა სხვადასხვა პროფილაქტიკური ღონისძიებები, მაგრამ რეალური
საფრთხის შემთხვევაში ეს არა საკმარისი იქნებოდა. გარდა ამისა ქვეყანაში პერიოდულად თავს
იჩენდა სხვადასხვა ინფექციები, თუმცა ამ ხშირმა ეპიდემიებმა საბჭოთა ხალხს გამოუმუშავა
იმუნიტეტი ისეთი დაავადებების მიმართ როგორიც იყო ჯილეხი, ქოლერა და ტიფი;

4) მიუხედავად იმისა რომ 1920-30-იან წლებში საბჭოთა კავშირმა მნიშვნელოვან პროგრესს


მიაღწია ბიოლოგიური ომისათვის მზადების პროცესში, ეს წინსვლა საგრძნობლად შეჩერდა
სტალინის ტოტალიტარული მართველობის დროს, რამაც შეიწირა არა მხოლოდ
მიკრობიოლოგიის და ბაქტერიოლოგიის წამყვანი მეცნიერები, არამედ სამხედრო პირებიც,
რომლებიც დაკავშირებული იყვნენ ბიოლოგიური იარაღის პროგრამასთან.

რამდენადაც პარადოქსულად არ უნდა ჩანდეს ფაქტია რომ, მაშინ როდესაც საბჭოთა კავშირის
მოწინააღმდეგეები თვლიდნენ რომ იგი წარმოადგენს ყველაზე დიდ საშიშროებას ბიოლოგიური
იარაღის გამოყენების თვალსაზრისით, იმ შემთხვევაში თუ გერმანია მართლაც გამოიყენებდა ამ
იარაღს საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ ეს უკანასკნელი სათანადო წინააღმდეგობას ვერ
გაუწევდა გერმანიას. ფაქტია რომ საბჭოთა კავშირი, ისევე როგორც დიდი ბრიტანეთი და
ამერიკა თვლიდნენ, რომ გერმანია იყო ყველაზე უფრო კარგად მომზადებული ბიოლოგიური
ომისათვის, თუმცა ეხლა ცხადია რომ არც ეს არ შეესაბამებოდა სიმართლეს.
ბიოლოგიურ იარაღის წარმოება ცივი ომის დროს

მეორე მსოფლიო ომის შემდგომ გერმანიამ საბჭოთა კავშირს შემატა ისეთი ტექნოლოგიები რაც
მათ საშუალებას მისცემდა ეწარმოებინა უფრო ფართო ბიოლოგიური რეაქტორები და სხვა
ინდუსტრიული საშუალებები. გარდა ამისა მიღებულ იქნა ინფორმაცია იაპონიის ბიოლოგიური
იარაღის პროგრამის შესახებ. ომის შემდგომ საბჭოთა კავშირმა გააგრძელა და გააფართოვა
თავისი პროგრამა. მრავალ ასპექტში მან გადაფარა კიდევაც ამერიკის ბიოლოგიური იარაღის
პროგრამა. მაშინ როდესაც ომამდე მხოლოდ მცირე რაოდენობის ბიოლოგიური აგენტების
შემცველი იარაღი იყო შექმნილი, ომის შემდგომ პერიოდში მათი რიცხვი საგრძნობლად
გაიზარდა. ამავე პერიოდში მიმდინარეობდა მუშაობა ბიოლოგიური აგენტების უფრო
ეფექტური კულტივირებისა და თანამედროვე იარაღებში მათი იმპლემენტაციისათვის. 1972
წლამდე სანამ საბჭოთა კავშირი ხელს მოაწერდა ბიოლოგიური და ტოქსიკური იარაღის
კონვენციას, მან შექმნა თავისი დოქტრინა ბიოლოგიური იარაღის წარმოებასა და გამოყენებაზე.
საბჭოთა კავშირის დეფინიციით არსებობდა 3 ტიპის იარაღი: სტრატეგიულ იარაღს
განეკუთვნებოდა ის რომელიც უნდა გამოყენებული ყოფილიყო შორეულ ქვეყნებში (მაგ.აშშ,
ინგლისი), ოპერირებადი იარაღი კი უფრო ახლო სამიზნეებისათვის საბრძოლო
მოქმედებებიდან 100-150 კმ-ის დაშორებით. ხოლო ტაქტიკური იარაღის გამოყენება კი
უშუალოდ ბრძოლის ველზე იყო გამიზნული. ბიოლოგიური იარაღის გამოყენება ტაქტიკურ
იარაღად აკრძალული იყო რადგან მას შესაძლებელია უკუეფექტი ჰქონოდა და ნებადართული
იყო სტრატეგიული და ოპერირებადი იარაღის შემთხვევაში. სტრატეგიული ბიოლოგიური
აგენტები უმეტეს შემთხვევაში ლეტალური ხასიათის იყო. მაგ: ყვავილი, ჯილეხი და ჭირი.
ოპერატიული აგენტები სამიზნეს ქმედით უუნაროს ხდიდა: ტულარემია, ქოთაო, ტიფი. ორივე
ტიპის იარაღის გამოყენება ფართო მაშტაბებით იყო დაგეგმილი, რათა დიდი რაოდენობის
მსხვერპლი ყოფილიყო როგორც სამოქალაქო ასევე სამხედრო სექტორში. საბჭოთა კავშირში
შეიქმნა აგრეთვე ე.წ. სამობილიზაციო დაწესებულებები, რომლებიც მშვიდობიანობის დროს არ
ეწეოდნენ ბიოლოგიური იარაღის წარმოებას, მაგრამ ომის შემთხვევაში სწრაფად შეეძლოთ
დაეწყოთ ამ იარაღის წარმოება. უნდა აღინიშნოს ის ფაქტი რომ საბჭოთა კავშირის აზრით
საუკეთესო ბიოლოგიურ იარაღს წარმოადგენდა ისეთი იარაღი რომლის წინააღმდეგაც არ
არსებობდა პროფილაქტიკური ღონისძიებები და მკურნალობა. იმ შემთხვევაში როდესაც
არსებობდა ვაქცინა დაავადების წინააღმდეგ მიმდინარეობდა კვლევა რომ შეექმნათ
რეზისტენტული, იმუნოდეფიციტური შტამი მის წინააღმდეგ. ეს სრულიად ეწინააღმდეგებოდა
ამერიკის შეერთებული შტატების მიდგომას ბიოლოგიური იარაღის მიმართ, რომლის ძირითად
მიზანს შეადგენდა ამ კვლევებში ჩართული მეცნიერების ჯამრთელობის დაცვა ანუ
ნებადართული იყო მხოლოდ ისეთ შტამებზე მუშაობა რომლებიც დაინფიცირების შემთხვევაში
ექვემდებარებოდა მკურნალობას. ცივი ომის პერიოდში საბჭოთა კავშირში ბიოლოგიური
იარაღის კვლევების შესახებ ინფორმაცია დასავლეთს მიაწოდა საბჭოთა კავშირიდან გაქცეულმა
მეცნიერებმა. მათ შორის ყველაზე ინფორმატიული იყო ვლადიმერ პასეჩნიკის (რომელმაც
ინგლისში დაიწყო მოღვაწეობა) და კენ ალიბეკის (ბიოქიმიური პრეპარატების ინსტიტუტის
დირექტორი და „ბიოპრეპარატი“ გაერთიანების თავმჯდომარე) ჩვენებები.

1972-1973 წლებში ცნობილმა რუსმა ბიოქიმიკოსმა იური ოვჩინიკოვმა დასავლური სამეცნიერო


ლიტერეტურის გაცნობის შემდეგ შეიტყო ბაქტერიების ახალი გენმოდიფიცირებული შტამების
შექმნის შესახებ. 1940 წლის შემდეგ საბჭოთა ბიოლოგიაში დომინირებდა ტროფიმ ლისენკოს
იდეოლოგიური კონცეფცია, რომელიც გენეტიკას როგორც მეცნიერებას არ აღიარებდა და
უწოდბდა უწოდებდა „ბურჟუაზიულ მავნე ხრიკებს“, ამიტომ გენეტიკა საბჭოთა კავშირში არ
იყო სათანადოდ განვითარებული. ოვჩინიკოვი დაინტერესებული იყო ამ მიმართულების
განვითარებით რადგან კარგად ხვდებოდა რომ თანამედროვე ბიოლოგია წინ ვერ წავიდოდა
გენეტიკის გარეშე. ამიტომ მან მიზნად დაისახა მთავრობის დარწმუნება ამ დარგის
განვითარების აუცილებლობაში. რასაც იგი წარმატებით მიაღწევდა მხოლოდ იმ შემთხვევაში
თუ დაარწმუნებდა მთავრობას იმაში რომ გენების შესწავლა, კერძოდ ახალი
გენმოდიფიცირებული ბაქტერიული შტამების შექმნა, დიდ როლს ითამაშებდა ბიოლოგიური
იარაღის განვითარებაში. ოვჩინიკოვი პირადად შეხვდა საბჭოთა კავშირის გენერალურ მდივანს
ლეონიდ ბრეჟნევს და გაუზიარა თავისი მოსაზრებები თუ რამდენად ძლიერი იარაღის შექმნას
შეძლებდა საბჭოთა კავშირი მიკრობული გენებისაგან და რაოდენ უპირატესობას მიღწევდა იგი
სამხედრო შეიარაღების კუთხით სხვა ქვეყნებთან შედარებით, განსაკუთრებით მას მერე რაც
ინგლისმა და აშშ 1972 წლის შემდეგ უარი თქვეს ბიოლოგიური იარაღის შექმნაზე.
კომუნისტური პარტიის ლიდერს მოეწონა იდეა „ებრძოლა იმპერიალისტებთან მათივე
გამოგონებული ხრიკების საშუალებით“. 1973 წელს ბრეჟნევმა ხელი მოაწერა ბრძანებას რის
თანახმადაც დიდი რაოდენობის თანხა სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა გამოყოფილიყო
ბიოლოგიური მეცნიერების განვითარებისათვის და ბიოლოგიური იარაღის კვლევების
გაფართოებისა და მოდერნიზაციისათვის. მართლაც გამოიყო ძალიან სოლიდური თანხა ეს
პროგრამა ცნობილი იყო „ენზიმ“-ის სახელწოდებით და მას სათავეში ჩაუდგა იური
ოვჩინიკოვი. მან აღადგინა ბიოორგანული ქიმიის ინსტიტუტი მოსკოვში, ულტრა-წმინდა
პრეპარატების ინსტიტუტი ლენინგრადში, გამოყენებითი მიკრობიოლოგიის ინსტიტუტი
ობოლენსკში და გამოყენებითი ვირუსოლოგიის ინსტიტუტი ნოვოსიბირსკში (ეხლანდელი
ვექტორის ცენტრი). უმეტესობა ლაბორატორიებისა ამ ინსტიტუტებში იყო მკაცრად
გასაიდუმლოებული ბიოუსაფრთხოების მიზეზით. გარდა ამისა ათობით ლაბორატორიამ
ჯანმრთელობის დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროებში და მეცნიერებათა
აკადემიაში დაიწყეს „დახურული“ (გასაიდუმლოებული) პროგრამების განხორციელება.
უშიშროების (კგბ) სამინისტროსაც გააჩნდა თავიანთი ლაბორატორიები სადაც მიმდინარეობდა
სპეციალურ ტოქსიურ ნივთიერებებზე და პათოგენებზე კვლევა ამ პროგრამის კოდური
სახელწოდება იყო „ფლეიტა“.

მას მერე რაც 1972 წელს საბჭოთა კავშირი გახდა ბიოლოგიური და ტოქსიური იარაღის
კონვენციის თანამონაწილე, ქვეყნის შიგნით მიმდინარეობდა მძაფრი დისკუსიები
ბიოლოგიური პროგრამის გაგრძელების თაობაზე. საბოლოოდ გადაწყდა რომ პროგრამა უნდა
გაგრძელებულიყო. 1972-1976 წლებში ამ პროგრამის განვითარების სპექტრი კიდევ უფრო
გაფართოვდა. გარდა იმისა რომ გაგრძელდა ის კვლევები რომელიც მანამდე ტარდებოდა,
შეიქმნა ინოვაციური მიმართულებები ამ პროგრამის გასაფართოვებლად: ახალი უფრო
დახვეწილი ტექნოლოგიების შექმნა, არსებული იარაღის გაუმჯობესება, ანტიბიოტიკებისადმი
რეზისტენტული აგენტების ძიება. ამ პროგრამაში კონკრეტულად იყო გაწერილი ის
ღონისძიებები რაც უნდა გატარებულიყო შედეგის გასაუმჯობესებლად:

● მოლეკულური ბიოლოგიის და გენეტიკური ინჟინერიის გაუმჯობესება ახალი,


ანიტიბიოტიკებისადმი რეზისტენტული და იმუნოდეფიციტური შტამების შექმნა, აგრეთვე
კომბინირებული გენმოდიფიცირებული შტამის წარმოება.

● ფსიქოგენეტიკური და ნეიროგენეტიკური ეფექტის მქონე პეპტიდების შესწავლა, რომელთა


გამოყენება შესაძლებელი იქნებოდა ბიოლოგიური იარაღის წარმოებაში

● არა პათოგენური მიკროორგანიზმების პათოგენურში გადაყვანა


● ყველა სამობილიზაციო დაწესებულების შემოწმება, თუ რამდენად მზად იყვნენ ისინი
საჭიროების შემთხვევაში.

ამ პერიოდში საბჭოთა კავშირის პროგრამა არა მხოლოდ დაეწია ამერიკის პროგრამას, არამედ
ყველაზე უფრო დახვეწილი პროგრამა იყო მთელს მსოფლიოში. საბჭოთა კავშირს კარგად
ჰქონდა გააზრებული რომ შეტევითი იარაღის წარმოება უნდა ყოფილიყო მკაცრად დაცული
საიდუმლოება, რადგანაც მას ხელი ჰქონდა მოწერილი 1972-წ კონვენციაზე. ფაქტიურად
საბჭოთა კავშირის ბიოლოგიური იარაღის წარმოების პროგრამა გაცილებით უფრო
გასაიდუმლოებული იყო ვიდრე ბირთვული იარაღის პროგრამა. ყოველნაირი კვლევები და
წარმოებები და აგრეთვე მასთან დაკავშირებული ნებისმიერი ღონისძიებები იმართებოდა
გრიფით „სრულიად საიდუმლო“ და „განსაკუთრებული მნიშვნელობის“. შეუძლებელი იყო იმის
დადგენა თუ რა სამუშაოები, სრულიად უმნიშვნელოც კი, ტარდებოდა ამ მიმართულებით.
ყველა სახის კვლევა მიმდინარეობდა სამოქალაქო და თავდაცვითი სამუშაოების დევიზით.
თითოეული დაწესებულებისათვის არსებობდა ორი ახსნა-განმარტებითი ბარათი, ერთი „ღია“
მეორე „დახურული“. ღია ისტორიები არსებობდა ჩვეულებრივ მოსახლეობაში ინფორმაციის
გასავრცელებლად. „დახურული“ კი შედარებით, სინამდვილეს მიახლოებული ინფორმაცია
ოფიციალური პირებისათვის, თუმცა სრულ რეალობას არც ეს ინფორმაცია არ შეესაბამებოდა.
მაგალითად ერთ-ერთი ღია ინფორმაცია ომუტნინსკის მცენარეთა დაცვის ინსტიტუტისათვის
შემდეგი შინაარსის იყო : ეს მცენარე შეიქმნა და მასზე კვლევები მიმდინარეობს
ბიოპესტიციდების და ფერტილიზატორების შესაქმნელად. ამავე თემასთან დაკავშირებული
„დახურული“ ინფორმაციით კი ეს მცენარე საჭირო იყო ვაქცინის, ანტიბიოტიკების და სხვა
სამედიცინო ფარმაკოლოგიური პრეპარატების შესაქმნელად, რომლებიც შემდგომში
გამოყენებული იქნებოდა ჯარის მიერ, ომიანობის შემთხვევაში. სინამდვილეში ეს ინსტიტუტი
წარმოადგენდა ბიოლოგიური იარაღის წარმოების ადგილს, სადაც შეიქმნა ტულარემიის, ჭირის
და ქოთაოს ბაქტერიების შემცველი ბიოლოგიური იარაღი. თითოეული მცენარის სახეობაზე
მუშობდა მკვლევარების ჯგუფი, რომელთა მოვალეობაშიც აგრეთვე შედიოდა დეზინფორმაციის
გავრცელება. მაგალითად მათ შემუშავებული ჰქონდათ სპეციალური ღონისძიებები, რომ მათი
საქმიანობა ცნობილი არ გამხდარიყო უცხოელი მეცნიერებისათვის და სადაზვერვო
სამსახურებისათვის. ექსპერიმენტების ჩატარების შემდეგ ყველა გამოყენებული მასალა
საიდუმლოდ ნადგურდებოდა, ხსნარებს რომლებიც შეიცავდნენ ბიოლოგიური იარაღისათვის
საჭირო ნივთიერებებს ურევდნენ ჩვეულებრივ სამოქალაქო სადრენაჟე სისტემას. სპეციალური
ფილტრები, რომლებიც აკავებდნენ ამაფეთქებელ ნივთიერებებს ბიოლოგიური ბომბების
წარმოებაში, დაყენებული იყო ყველა დაწესებულებაში, რომელიც ჩართული იყო ბიოლოგიური
იარაღის წარმოების პროგრამაში. მიუხედავად ყველა ზემოთ ხსენებული ზომებისა, ზოგ
შემთხვევაში მაინც ხდებოდა მოულოდნელი ინციდენტები.

ერთ-ერთ ასეთ შემთხვევას ადგილი ჰქონდა 1979 წელს, როდესაც სვერდლოვსკში სამხედრო
დაქვემდებარების ბიოლოგიური იარაღის მაწარმოებელი ლაბორატორიიდან გავრცელდა
ჯილეხის ბაქტერია. რა თქმა უნდა საბჭოთა კავშირმა ამ შემთხვევასთან დაკავშირებით
გაავრცელა მცდარი ინფორმაცია და მიიღო ყველა ზომები რომ სინამდვილე არავისათვის
გამხდარიყო ცნობილი. მაგალითად ყველა სამედიცინო მონაცემი დაზარალებულების შესახებ
გაქრა კარტოტეკებიდან. აგრეთვე დააპატიმრეს ფერმერი, რომელსაც დაბრალდა ჯილეხით
დაავადებული საქონლის ხორცის გაყიდვა. დასავლეთს მართალია ბოლომდე არ სჯეროდა
საბჭოთა კავშირის ამ ვერსიის მაგრამ სიმართლე მხოლოდ არქივების გახსნის მერე გახდა
ცნობილი. მხოლოდ 1990 წელს დაიბეჭდა სტატია რუსულ პრესაში ნატალია ზერნოვას
ავტორობით, სადაც იგი იუწყებოდა რომ ასეულობით ადამიანის დაინფიცირება ჯილეხით
სვერდლოვსკში მოხდა არა დაინფიცირებული ხორციდან არამედ ბიოგრადუირებული
ჯილეხის ბაქტერიების შეუსთქვით რომელიც გავრცელდა სამხედრო ლაბორატორიიდან. 1993
წელს ზერნოვამ მოითხოვა ოფიციალური გამოძიება და დაასახელა კიდევაც რამოდენიმე
მაღალჩინოსანის გვარი რომლებიც ადასტურებდნენ მის მიერ გაჟღერებულ ინფორმაციას. ამ
ინციდენტის შედეგად გარდაცვილი ადამიანების ტვინების ანალიზმა (პათოლოგოანატომ
აბრამოვას შენახული ქონდა დაზარეალებულების ტვინები 14 წლის განმავლობაში)
დაადასტურა რომ ეს ადამიანები დასნეულდნენ ჯილეხის ბაქტერიების შესუნქვით.
აღსანიშნავია რომ გამოკვლევებმა გამოავლინა იმ დროისათვის უცნობი ოთხო სხვადასხვა
ჯილეხის გამომწვევი ბაქტერიის შტამი ანუ სვერდლოვსკის ლაბორატორიაში მიმდინარეობდა
ახალი გენმოდიფიცირებული ჯილეხის ბაქტერიის შექმნა, რომელიც რეზისტენტული იქნებოდა
არსებული სამკურნალო საშუალეების მიმართ. ამერიკა და საბჭოთა კავშირი მივიდა იმ
დასკვნამდე რომ ეს იყო შემთხვევითი გავრცელება ბიოლოგიური იარაღისა. სვერდლოვსკის
სამხედრო მიკრობიოლოგიური ლაბორატორია დღემდე აგრძელებს მუშაობას თავდაცვის
სამინისტროს დაქვემდებარებით.

1992 წელს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, იმ დროინდელმა რუსეთის პრეზიდენტმა ხელი
მოაწერა დოკუმენტს რომელიც კრძალავდა ბიოლოგიური იარაღის წარმოებას. ამის შემდეგ
საგრძნობლად შენელდა ბიოლოგიური იარაღის წარმოება და აგრეთვე განადგურდა ბევრი
ბაქტერიული შტამი. თუმცა დასავლეთში მაინც არსებობს ეჭვი რომ რუსეთს ბოლომდე არ
შეუწყვიტავს ამ მიმართულებით კვლევები. ეს ეჭვები გამართლდა ზოგიერთი ფაქტით.
მაგალითად როდესაც 1980 წელს მსოფლიო ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზაციამ გამოაცხადა
ყვავილის, როგორც დაავადების აღმოფხვრის შესახებ და ივარაუდა რომ მხოლოდ რამოდენიმე
ლაბორატორიაში იყო შესაძლებელი ყვავილის ვირუსის არსებობა, აღმოჩნდა რომ ასეთ
ლაბორატორიებს წარმოადგენდნენ დაავადებების კონტროლის ცენტრი ატლანტაში და
ვაქცინების მწარმოებელი ივანოვსკის ცენტრი მოსკოვში. თუმცა 80-იანი წლების შემდგომ
პერიოდშიდაც საბჭოთა კავშირი აგრძელებდა 1972 წლის კონვენციის იგნორირებას. მეცნიერებს
რომლებიც აგრძელებდნენ კველევებს ამ მიმართულებით მიღებული ჰქონდათ შემდეგი
ინსტრუქციები:

● ყველა ღონე ეხმარათ რომ მომხდარიყო არსებული შტამების ტრანსპორტირება ივანოვსკის


ცენტრიდან ვირუსოლოგიის და ბიოტექნოლოგიის ცენტრში ნოვოსიბირსკში. ეს პროცესი უნდა
განხორციელებულიყო ვითომდა ამ ბაქტერიული შტამების შენახვის მიზნით.

● შეესწავლათ ყვავილის ვირუსის გენომი, რაც შეიძლება დეტალურად, რომ შემდგომ


გენეტიკური ინჟინერიის საფუძველზე შეედარებინათ სხვა ვირუსებისათვის. ამ სამუშაოს
ლეგიტიმიზაცია ძალიან ადვილი იყო, რადგან მსოფლიო ჯანმრთელობის ორგანიზაცია
გეგმავდა უკვე არსებული ყვავილის ვირუსის მარაგის განადგურებას, მნიშვნელოვანი
იქნებოდა მთლიანი გენომის სექვენირება მომავალი კვლევებისათვის.

● გენეტიკური ანალიზის გამოყენებით, იდენტიფიცირება უნდა მომხდარიყო იმ ვირუსების,


რომლებიც მსგავსი იყო ყვავილის ვირუსის და შემდგომ უნდა მომხდარიყო მათი ჩანაცვლება
ექსპერიმენტულ კვლევებში. ამ მეთოდის გამოყენებით შესაძლებელი ხდებოდა იმ
ექსპერიმენტების მინიმუმამდე დაყვანა რომელიც მოიცავდა ყვავილის ვირუსის გამოყენებას და
რაც თავის მხრივ არანაირ ეჭვს არ ბადებდა ამ ექსპერიმენტების არალეგალურობაზე.

● ახალი ქიმერული ვირუსის შესაქმნელად, გენეტიკური ინჟინერიის საშუალებით უნდა


მომხდარიყო ყვავილის ვირულენტობის მანიპულირება და სხვა ვირუსული გენომის ჩანერგვა
ყვავილის ვირუსში. ქიმერული ვირუსის შექმნის მიზანს წარმოადგენდა ისეთი ახალი
ორგანიზმის შექმნა, რომელსაც ექნებოდა სინერგული ეფექტი და რეზისტენტული იქნებოდა
უკვე არსებული ვაქცინების და ანტიბიოტიკების მიმართ. ერთ-ერთი ასეთი პირველი
ქიმერული ვირუსის შექმნა მიზნად ისახავდა ვენესუელური ცხენის ენცეფალიტის გენის ჩასმას
ყვავილის ვირუსის გენომში. 1980 წლის ბოლოს შეიქმნა ასეთი ვირუსი, რომლის ტესტირებამაც
ცხოველებზე აჩვენა, რომ ეს ვირუსი იყო ორივე მახასიათებლების მატარებელი.

საბჭოთა კავშირში არსებული 5 გასამხედროებული ინსტიტუტიდან სადაც მიმდინარეობდა


ბიოლოგიური იარაღის შექმნასთან დაკავშირებული კვლევები დიდი ხნის მანძილზე რჩებოდა
მიუწვდომელი საერთაშორისო მონიტორინგის ჯგუფისათვის. მხოლოდ 1996 წელს ბიტიკ-ის
მონიტორინგის ჯგუფს მიეცა საშუალება დაეთვალიერებინა რამოდენიმე ლაბორატორია. თუმცა
როგორც კენ ალიბეკი აღწერს თავის წიგნში მონიტორინგის ჯგუფს აჩვენეს დაცლილი
ლაბორატორიები ანუ ხელსწყოები და დანადგარები გადამალული იყო. თავისივე წიგნში
ალიბეკს მოყავს ის მითითებები რომელიც მიეცათ ბიოლოგიურ იარაღზე მომუშავე
ინსტიტუტების დირექტორებს: 1) შენარჩუნებული ყოფილიყო ყველა ბი მომუშავე ინსტიტუტი;
2) ხელი შეეშალათ უცხოური მონიტორინგისათვის; 3) თუ საჭირო გახდებოდა ადგილობრივი
მთავრობისათვის მცდარი ინფორმაციის მიწოდება.

 საბჭოთა კავშირის ბი პროგრამის ფარგლებში, ამერიკის სადაზვერვო სამსახურების ცნობით,


არსებობდა 5 მკაცრად გასაიდუმლოებული მთავარი პროგრამა:

“კოცონი” რომლის ფარგლებშიც შეიქმნა მრავალ ანტიბიოტიკისადმი რეზისტენტული ბაქტერია


და მოდიფიცირებული ანტიგენური სტრუქტურის მქონე ვირუსები.

“ფაქტორი” - შეიქმნა მაღალვირულენტური და ზედმიწევნით მდგრადი ბაქტერიული შტამები,


სადაც გამოყენებული იყო მოლეკულური გენეტიკის მეთოდები.

”მონადირე” - ამ პროგრამის ფარგლებში იყო მცდელობა შეექმნათ ჰიბრიდული ბაქტერიები და


ვირუსები. უმეტესად ბაქტერიები, რომლებზეც მათი განეიტრალების მიზნით ანტიბიოტიკების
მოქმედების შედეგად გამოუშვებდნენ უფრო ძლიერმოქმედ ვირუსებს

”ქიმერა” - ეს პროგრამა მუშაობდა “ეგზოტიკურ ვირუსულ გენებზე” (მაგ. ებოლა)

“ფლეიტა” რომელიც მიზნად ისახავდა ნეიროპეპტიდების რეგულატორებზე მოქმედებას, ისეთი


ბიოიარაღის შექმნა რომელიც იმოქმედებდა ნერვულ სისტემაზე.

მიმდინარეობს თუ არა ბიოლოგიური იარაღის წარმოება რუსეთში? ამ კითხვაზე ამომწურავი


პასუხის გაცემა ძნელია. რა თქმა უნდა რუსეთი ამ ფაქტს უარყოფს, თუმცა აღიარებს რომ
საბჭოთა კავშირის დროს ამ მიმართულებით მიმდინარეობდა კვლევები, რომელსაც მრავალი
მეცნიერი და სამეცნიერო დაწესებულება აწარმოებდა. რა ბედი ეწია ამ დაწესებულებებს და
გრძელდება თუ არა იქ ბიოლოგიური იარაღის წარმოება კვლავ პასუხ გაუცემელი რჩება.
რუსეთი კვლავ ჯიუტად უარყოფს საერთოდ რაიმე ბიოლოგიური იარაღის არსებობას მის
ქვეყანაში. 1986 წლის ბიტიკ-ის (ბიოლოგიური და ტოქსიური იარაღის კონვენცია) მეორე
კონფერენციაზე საბჭოთა კავშირმა განაცხადა რომ იგი არ ფლობდა არანაირ ბიოლოგიურ ან
ტოქსიურ აგენტებს, ბი იარაღს, ტექნიკურ აღჭურვილობას და რაიმე სანტრანსპორტო
საშუალებებს, ამავდროულად იგი არ აწარმოებდა არანაირ კვლევით სამუშაოებს ბიოლოგიური
იარაღის წარმოების და მისი სრულყოფის მიზნით. თუმცა როგორც აღმოჩნდა ეს არ
შეესაბამებოდა სიმართლეს, რასაც მოწმობდა რუსეთის ზოგიერთი მაღალჩინოსანის
გამონათქვამები. 1987 წლეს ფაგვოშის კონფერენციაზე საბჭოთა კავშირის ერთ-ერთმა
დელეგატმა განაცხადა: „ჩვენ გამოვიყენებთ ჩვენთვის ხელმისაწვდომ ყველა სამეცნიერო
საშუალებას და გენური ინჟინერიით შესაძლებელია ისეთი საშიში შედეგების მიღება რომელთა
მართვა და კონტროლი შეუძლებელი გახდება“. 1992 წელს ბორის ელცინმა, რომელიც იმ
პერიოდში ასრულებდა აგრეთვე ბიოლოგიური და ქიმიური იარაღის კომისიის თავმჯდომარის
მოვალეობას, განაცხადა: „ ვაღიარებთ, რომ 1972 წლის კონვენციის მიღების შემდეგ, ჩვენ მაშინვე
არ შეგვიწყვიტავს ბიოლოგიური იარაღის კვლევის პროგრამა, კვლევები, ტესტირებები და
წარმოება კვლავ გრძელდებოდა“. რას გულისხმობდა ბორის ელცინი „წარმოების“ ქვეშ
გაუგებარი იყო დასავლეთის ექსპერტებისათვის. საერთოდ რუსეთის მაღალ ჩინოსნების
გამონათქვამები ბიოლოგიურ იარაღთან დაკავშირებით ხშირ შემთხვევაში ურთიერთ
საწინააღმდეგოა. მაგალითად 2001 წელს ამერიკის „ჯილეხის წერილების“ ინციდენტთან
დაკავშირებით, ქიმიური და ბიოლოგიური თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, გენერალმა
ჰოლოსტოვმა განაცხადა რომ : „ რუსეთს არასოდეს არ უწარმოებია და შეუნახავს ბიოლოგიური
იარაღი“. ეს განცხადება რა თქმა უნდა საერთოდ გამორიცხავს იმასაც რომ საბჭოთა კავშირს
ოდესმე ჰქონია ბიოლოგიური იარაღი. ამავე წელს გამოქვეყნდა გენერალ პეტრე ბურგასოვის
განცხადება, რომელიც წარმოადგენდა საბჭოთა არმიის მთავარ სანიტარულ ექიმს და ერთ-ერთ
წამყვან სპეციალისტს ბიოლოგიური იარაღის კვლევის დარგში. მან აღიარა რომ ბიოლოგიური
იარაღის წარმოება და ტესტირება მიმდინარეობდა საბჭოთა კავშირში და აღწერა „ყვავილის
ინციდენტი“ რომელსაც ადგილი ჰქონდა 1970 წელს: „არალის ზღვაში, ვოზროჟდენიეს
კუნძულზე, მიმდინარეობდა ყვავილის ბაქტერიის ღია ველში ტესტირება. მე მომივიდა
ინფორმაცია რომ არალსკში დაფიქსირდა რამოდენიმე შემთხვევა გაურკვეველი მიზეზით
მოსახლეობის სიკვდილიანობის. გემი რომელიც ატარებდა ტესტირებას დაშორებული იყო
ნაპირიდან 15 კმ-ით (მაშინ როდესაც ადადგენილი ნორმა 40კმ-ი იყო). ლაბორანტი დღეში
ორჯერ იღებდა პლანქტონის სინჯს ზღვის წყლიდან სადაც შეყვანილი იყო ყვავილის
გამომწვევი ვირუსი. ეს ლაბორანტი დაინფიცირდა ყვავილით, სახლში დაბრუნების შემდეგ მან
დააინფიცირა თავისი შვილები და რამოდენიმე ადამიანი, ყველა გარდაიცვალა. მე
დაუკავშირდი თავდაცვის სამინისტროს და მოვითხოვე ალმა-ატის ჩაკეტვა. ამის შემდეგ გაიცა
ბრძანება რომ ალმა-ატა-მოსკოვის მატარებელი არ გაჩერებულიყო არალსკში, რამაც ხელი
შეუშალა დაავადების გავრცელებას მთელ ქვეყანაში. იმ დროინდელ უშიშროების მინისტრსრს
ადრეი ანდროპოვს კი გაუგზავნე სრული ინფორმაცია ვოზროჯდენიეს კუნძულზე მიღებული
ყვავილის ბაქტერიის ახალი შტამის შესახებ.“ ამ ინციდენტიდან ნათლად ჩანს რომ არალის
ზღვაში მიმდინარეობდა ახალი ვირულენტური შტამის გამოცდა რამაც შეიწირა ადამანების
სიცოცხლე.

ფაქტია რომ სხვადასხვა ტიპის პათოგენების შესწავლა ინტენსიურად მიმდინარეობს რუსეთში.


ამ კვლევების მოტივაცია სამხედრო თვალსაზრისით ემსახურება როგორც თავდაცვით ასევე
შეტევით მიზნებს. საბჭოთა კავშირმა შეძლო 11 ბიოლოგიური აგენტის შემცველი იარაღის
შექმნა: Bacillus anthracis (anthrax); Yersinia pestis (plague); Francisella tularensis (tularemia);
Burkholderia mallei (glanders); Brucella spp (brucellosis); Coxiella burnetii (Q-fever); Venezuelan equine
encephalitis virus (VEE); Botulinum toxin (botulism); Staphylococcal enterotoxin B; Smallpox; Marburg
virus.

კიდევ ერთ საფრთხეს რუსეთის მხრიდან წარმოადგენს ის რომ იგი აწვდის ბიოლოგიური
იარაღის შექმნისათვის აუცილებელ ტექნოლოგიებს და სავარაუდოდ თვით ბი ისეთ ქვეყნებს
როგორიცაა კუბა, ჩრდილოეთ კორეა, ერაყი, ირანი და სირია. თუმცა ამ ფაქტების დადასტურება
ხშირ შემთვევაში შეუძლებელი ხდება. 2002 წელს ნიუ-იორკ ტაიმსში გამოქვეყნდა სტატია სადაც
აღნიშნული იყო რომ ერაყს გააჩნია განსაკუთრებულად ვირულენტული ყვავილის შტამი და
რომე ეს ბაქტერიული შტამი ერაყს გადასცა რუსმა მიკრობიოლოგმა მოსკოვის ვირუსული
პრეპარატების საკვლევი ინსტიტუტის თანამშრომელმა ვინმე ნ.მალცევამ როდესავ იგი
იმყოფებოდა ერაყში სამსახურეობრივი ვიზიტით. თუმცა მალცევას თანამშრომლებმა
განაცხადეს რომ ყველა ყვავილის შტამი (დაახლოებით 120) მათი ინსტიტუტიდან
გადაგზავნილი იყო ნოვოსიბირსკის ვირუსოლოგიის და ბიოტექნოლოგიის ცენტრში აქედან
გამომდინარე მალცევა ვერანაირად ვერ შეძლებდა გადაეცა ეს ბაქტერიული შტამები ერაყელი
მეცნიერებისათვის. აგრეთვე ცნობილია რომ რუსეთი მოლაპარაკებას აწარმოებდა ერაყთან 5 000
ლიტრიანი ფერმენტალიზატორის შესყიდვის თაობაზე. ეს ხელსაწყო 10-ჯერ უფრო დიდი
მოცულობის იყო ვიდრე მანამდე არსებული ბაქტერიული კულტურის საწარმოებელი
დანადგარი. საბედნიეროდ ეს შესყიდვა არ განხორციელდა.

ის დიდი ცოდნა, გამოცდილება და პრაქტიკული მნიშვნელობა, რომელიც დაგროვილია


სამედიცინო მიკრობიოლოგიის მიმართულებით უნიკალურს ხდის რუსეთს ყველა სხვა
დანარჩენ ქვეყნებთან შედარებით. ბიოლოგიური იარაღის წარმოება - მარაგის შექმნა და
ოპერირებადი იარაღის სისტემების შექმნა - წარმოადგენს მთავარ საკითხს საბჭოთა/რუსეთის
ბიოლოგიური იარაღის კომპლექსურობაში. ანუ თუ ასეთი იარაღი არასოდეს შექმნილა მაშინ
მოთხოვნა მათი გამოაშკარავების ან განადგურების თაობაზე აბსოლუტურად უაზროა.
თანამედროვე ანალიზის საფუძველზე კი არსებობს ვარაუდი, რომ ასეთი იარაღი იყო შექმნილი
საბჭოთა კავშირში, რომელიც შემდგომ შთამომავლობით გადაეცა რუსეთს. ამ უკანასკნელმა კი
მოახერხა ამ იარაღის შენახვა, მოდიფიცირება და კარგად შეფუთვა. რუსეთის მთავრობამ
შეინარჩუნა ძირითადი დაწესებულებები რომლებიც მონაწილეობდნენ ბიოლოგიური იარაღის
კვლევებში, თუმცა აქ მომსახურე პერსონალის რაოდენობა 50%-ით შემცირებულია. 1992
წლიდან მოყოლებული რუსეთი ხშირად იგნორირებას უწევს საერთაშორისო საზოგადოებების
მოთხოვნებს გაანადგუროს ბიოლოგიური იარაღის წარმოებისათვის შექმნილი ინსტიტუციები.
კიდევ ერთ საშიშროებას წარმოადგენენ კვალიფიციური, დიდი ინფორმაციის მქონე კადრები,
რომლებიც მართალია ეხლა არ მოღვაწეობენ ამ სფეროში მაგრამ რომელთა ცოდნა და
ინფორმაცია ძალზედ მნიშვნელოვანია იმ ქვეყნებისათვის რომელბსაც უნდათ რომ ფლობდნენ
ბიოლოგიურ იარაღს. ახალმა საერთაშორისო მიდგომებმა ბიოტერორიზმის საფრთხისადმი,
რუსეთის ბიოლოგიური იარაღის ცენტრებს მეორე შანსი მისცა თავიანთი მუშაობის
გასაგრძელებლად. „საერთაშორისო საფრთხის შემცირების პროგრამა“ საშუალებას აძლევს
თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ მრავალ ლაბორატორიას გააგრძელოს
კვლევები ბიოლოგიური იარაღის მიმართულებით. ასეთ ინსტიტუტებს წარმოადგენენ
ვირუსოლოგიის ინსტიტუტი „ვექტორი“ ნოვოსიბირსკში და გამოყენებითი მიკრობიოლოგიის
ცენტრი ობოლენსკში. მეორე მხრივ ახალი სამსახურებით უზრუნველყოფა ამცირებს იმ რისკებს
რომ რუსი მეცნიერების გადინება მოხდება საზღვარგარეთ. ამავე დროს რუსეთის ოფიციალური
და არა ოფიციალური პირები სულ უფრო აქტიურად გამოდიან ამერიკის შეერთებული
შტატების პოლიტიკის წინააღმდეგ. ისინი ბრალს სდებენ აშშ-ს რომ იგი აწარმოებს
ბიოლოგიური და ქიმიური იარაღის კვლევებს ახალი არალეტალური შედეგის მქონე იარაღის
შესაქმნელად. რუსეთის თანახმად აშშ მოქმედებს როგორც ერთადერთი სახელმწიფო, რომელიც
ერთპიროვნულად იღებს გადაწყვეტილებებს და პასუხისმგებლობას ბიოლოგიური იარაღის
პროლიფერირებაში. მართალია რუსეთს ჰქონდა და ეხლაც აქვს საშიში შტამების სამხედრო
მარაგი და გასაიდუმლოებული დაწესებულებები, რომლებიც კვლავ აგრძელებენ ბიოლოგიურ
იარაღზე მუშაობას იგი არანაირ პასუხისმგებლობას არ იზიარებს საერთაშორისო
თანამეგობრობის წინაშე. ამრიგად ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე რუსეთი კვლავ
წარმოადგენს მთავარ საშიშროებას, როგორც უკვე არსებული ბიოლოგიური იარაღის მარაგის
ასევე გასაიდუმლოებული ინსტიტუტების არსებობის თვალსაზრისით.

საერთაშორისო საზოგადოების ეჭვი იარსებებს მანამ სანამ რუსეთის მთავრობა არ წარმოადგენს


დამატებით მტკიცებულებებს რომ მისი სამხედრო ბიოლოგიური უწყებები აღარ აწარმოებენ
არავითარ საქმიანობას რაც აკრძალულია ბიტიკის ხელშეკრულებით. გამჭვირვალობა რაც
მოიცავს როგორც ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ანგარიშებს საქმიანობის შესახებ ასევე
ბიოლოგიური საკვლევი ინსტიტუტების მონიტორინგს, ხელს შეუწყობს ბიტიკის წევრ სხვა
ქვეყნებს ეჭვი აღარ შეიტანონ რუსეთის მიერ ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა
მოთხოვნის აღსრულებაში. ეს ეჭვები კიდევ ერთხელ გაძლიერდა როდესაც 2012 წელს იმ
დროინდელმა რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა „როსიისკაია გაზეთისთვის“
მიცემულ ინტერვიუში განაცხადა რომ არსებობს პოტენციალი რომ შეიქმნას „ახალ ფიზიკურ
პრინციპებზე“ დაფუძნებული იარაღი რაც სხვა მახასიათებლებთან ერთად მოიცავს „გენეტიკურ
პრინციპებს“. ზოგიერთი მეცნიერის აზრით ეს წარმოადგენს ბიტიკის ხელშეკრულების
საწინააღმდეგო ქმედებას. თუმცა პრემიერ-მინისტრს არ დაუკონკრეტებია რომ ასეთი ტიპის
იარაღი შეიქმნება რუსეთში, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა ანატოლი სერდიუკოვმა აღნიშნა
რომ მისი უწყება განიხილავს ასეთი იარაღის შექმნი პერსპექტივას. პრესაში გამოქვეყნებული
ცნობების თანახმად რუსეთის არმიის თანამედროვე შეიარაღებისათვის გამოყოფილია სამი
ტრილიონი რუბლი.

2014 წელს „ვაშინგტონ პოსტში“ გამოქვეყნებულ წერილში შეიარაღებული ძალების ექპერტები


აღნიშნავდნენ რომ ებოლას ვირუსის აფეთქება დასავლეთ აფრიკაში ხაზს უსვამს რუსეთში
მიმდინარე კვლევების არაგამჭვირვალობას და გასაიდმლოებას. განსაკუთრებულ ყურადღებას
იმსახურებს იმ პათოგენების შტამები რომელთა მოდიფიცირება და ბიოიარაღად ჩანერგვა
წარმოებდა საბჭოთა კავშირში, მათ რიცხვში იყო ებოლას ვირუსის შტამიც. ნაწილი
ექსპერტებისა გამოთქვამენ შეშფოთებას იმის თაობაზე თუ რამდენად დაცულია ეს შტამები
რადგანაც ის ოთხი სამხედრო დაწესებულება რომლის მფლობელობაშიც არის ებოლას შტამები
დახურულია საერთაშორისო მონიტორინგისათვის. 2014 წლის ოქტომბერში რუსეთის
ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს რომ ამ ლაბორატორიებში წარმატებით დასრულდა ებოლას
ექპერიმენტული ვაქცინის შექმნა რაც მრვალი წლის კვლევის შედეგი იყო. სავარაუდოდ
რუსეთი აღარ აწარმოებს ისე ინტენსიურად ბიოლოგიური იარაღის წარმოებას როგორც ეს ცივი
ომის პერიოდში იყო მაგრამ რადგან იქ ჯერ კიდევ რჩება საერთაშორისო მონიტორინგისათვის
რამოდენიმე დახურული ბიოლოგიური იარაღის კვლევის დაწესებულება მრავალი შეკითხვა
პასუხგაუცემელი რჩება.

You might also like