You are on page 1of 15

ამერიკის ბიოლოგიური იარაღის პროგრამა

1969 წლის 25 ნოემბერს აშშ-ს პრეზიდენტმა რიჩარდ ნიქსონმა განაცხადა რომ ამერიკა უარს
ამბობდა ყველა სახის ბიოლოგიურ იარაღზე და სენატში შექონდა წინადადება 1925 წლის
ჟენევის ხელშეკრულების რატიფიცირების თაობაზე. 1970 წელს კი პრეზიდნეტმა აკრძალვის
კანონი გაავრცელა ქიმიურ იარაღზეც. ამის შედეგად 1972 წლის აპრილში ვაშინგტონში,
ლონდონსა და მოსკოვში ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას რომელიც კრძალავდა
ბაქტერიოლოგიური და ქიმიური იარაღის განვითარებას, წარმოებას და შენახვას ეს
ხელშეკრულება ძალაში შევიდა 1975 წლის მარტში. ეს გადაწყვეტილება მკაფიო გამოსახულება
იყო იმისა თუ რამდენად შეცვალა აშშ-მ თავისი პოლიტიკა ქიმიური და ბიოლოგიური ომის
მიმართ. მართალია ამერიკამ თავის დროზე მიიღო და ხელი მოაწერა 1925 წლის ჟენევის
ხელშეკრულებას მაგრამ სენატმა დაბლოკა და არ გაუკეთა რატიფიცირება ამ დოკუმენტს.
აქედან გამომდინარე მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ამერიკა არ იყო არანაირად შეზღუდული
ბიოლოგიური და ქიმიური იარაღის წარმოებაში. პირველ და მეორე მსოფლიო ომის შუალედში
ამერიკის საზოგადოება შეშფოთებული იყო ბიოლოგიური და ქიმიური იარაღის გამოყენების
შესაძლებლობით. რადგანაც ჟენევის ხელშეკრულებას ხელი მოაწერა ძლიერი სახელწიფოების
უმრავლესობამ იაპონიისა და აშშ-ს გამოკლებით დაწესდა საერთაშორისო ნორმები ქიმიური და
ბიოლოგიური იარაღისათვის და მათი წარმოება და გამოყენება ამრიკისა და აიპონიისათვის
დაშვებული იყო მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ რომელიმე ქვეყანა გამოიყენებდა ამ ტიპის
იარაღს მათ წინააღმდეგ. 1930-იან წლებში პრეზიდენტმა ფრანკლინ რუზველტმა მხარი
დაუჭირა ამ ხელშეკრულების პრინციპებს. მართალია პრეზიდენტის გამოსვლა ეხებოდა
მომწამვლელ გაზებს და არ იყო არაფერი ნახსენები ბიოლოგიური იარაღის შესახებ
პოლიტიკოსებისათვის ნათელი იყო რომ აკრძალვა ეხებოდა ორივე ტიპის იარაღს. ამერიკელები
მეორე მსოფლიო ომის დასაწყისისათვის მნიშვნელოვნად ჩამორჩებოდნენ იაპონიას და
გერმანიას ბიოლოგიური იარაღის საკითხებში რაც შეშფოთებას იწვევდა რიგ პოლიტიკოსებს
შორის. მიუხედავად იმისა რომ ამერიკულ პრესაში ხშირად იწერებოდა იმ საშიშროებებზე
რომელიც დაკავშირებული იყო ბიოლოგიური იარაღის გამოყენებასთან ამერიკის სამხედრო
მაღალჩინოსნები სკეპტიციზმით უყურებდნენ ამ საკითხს. რადგანაც მათი აზრით ჯერ არ იყო
ცნობილი არც ერთი ფაქტი რომელიც ამტკიცებდა საბრძოლო იარაღში ბიოლოგიური აგენტის
წარმატებულ ჩანერგვას. თუმცა ომმა აზიასა და ევროპაში შეცვალა ამირეკელი სამხედროების
დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ. 1939 წელს იაპონური არმიის ექიმმა თხოვნით მიმართა
ნიუ-იორკის სამედიცინო კვლევის როკფელერის ინსტიტუტს მიეცათ მისთვის ყვითელი
ცხელების ბაქტერიული შტამი, რაზედაც მან მტკიცე უარი მიიღო. ამის შემდეგ მან სცადა ამ
ინსტიტუტის ერთ-ერთი თანამშრომლის მოსყიდვა. რა თქმა უნდა ეს ინციდენტი ცნობილი
გახდა თავდაცვის სამინისტროსათვის. გარდა ამისა გამოაშკარავდა რომ იაპონელები
იყენებდნენ ბიოლოგიურ იარაღს ჩინელების წინააღმდეგ. 1941 წელს შვეიცარიის სადაზვერვო
სამსახურის ცნობით გერმანია პარიზის უნივერსიტეტში აწარმოებდა ექსპერიმენტებს
ბოტულინის ტოქსინზე. 1939 წლის 28 აგვისტოს პოლონეთში გერმანიის შეჭრის სამი დღით
ადრე, ამერიკის ქიმიური დეპარტამენტის თავმჯდომარემ ბარკერმა გამოაქვეყნა ცხრა
ბიოლოგიური აგენტის სახელწოდება რომელთა გავრცელება შესაძლებელი იყო გერმანელების
მიერ მწერების საშუალებით. თუმცა მან აქვე აღნიშნა რომ მათი ტრანსპორტირება ძალზედ
რთული იქნებოდა, მტერი შეძლებდა ამ ბაქტერიების ამერიკამდე მიტანას მხოლოდ იმ
შემთხვევაში თუ იგი წარმატებით განახორციელებდა ატლანტიკის ან წყნარი ოკეანის
გადაფრენას ორივე მიმართულებით. ამიტომ ამერიკის მხარემ ჩათვალა რომ მათზე
ბიოლოგიური შეტევის საშიშროების რისკი მინიმალური იყო თუმცა კონსულტაციები ამ
საკითხთან დაკავშირებით უნდა გაგრძელებულიყო. ევროპაში მძვინვარე ომმა და გერმანიისა
და იაპონიის მიერ ბიოლოგიური იარაღის წარმოების დამადასტურებელმა ფაქტებმა ხელი
შეუწყო ამერიკის თავდაცვის და ქიმიური იარაღის დეპარტამენტის შემდეგ გადაწყვეტილებას
შექმნილიყო ბიოლოგიური იარაღის ერთობლივი საბჭო. ჯანმრთელობის მართვის ოფისი
პასუხისმგებელი უნდა ყოფილიყო ამ პრობლემის მხოლოდ თავდაცვით ასპექტებზე ხოლო
ქიმიური იარაღის დეპარტამენტი კი თავდასხმით ასპექტებზე. საბრძოლო შტაბის უფროსი კი
გაუწევდა კოორდინირებას ამ ორივე დეპარტამენტს. აუცილებელი იყო ორი საზოგადოებრივი
კომიტეტის ჩამოყალიბება ამ პრობლემების განსახილველად. სანაოსნო ფლოტიც
ინფორმირებული უნდა ყოფილიყო ამ საკითხთან დაკავშირებით და მათი ჩართულობა
მიზანშეწონილი იქნებოდა.

1941 წლის 1 ოქტომბერს სამხედრო შტაბის უფროსმა თხოვნით მიმართა ნაციონალური


აკადემიიის პრეზიდენტს ჯევეტს: „რადგანაც არის იმის საფრთხე რომ მტერმა შეიძლება ჩვენი
ქვეყნის წინააღმდეგ გამოიყენოს ბიოლოგიური იარაღი მიზანშეწონილად ვთვლი დაიწყოს
კვლევები როგორც არსებული სიტუაციის შესასწავლად ასევე მომავალი შესაძლებლობების
გამოსავლენად. აქედან გამომდინარე გთხოვთ უხელმძღვანელოთ კომიტეტს რომელსაც
დაევალება ამ საკითხზე მუშაობა.“ პროფესიით ბაქტერიოლოგი, ვისკონსინის უნივერსიტეტის
პროფესორი ჯევეტი დაინიშნა კომიტეტის თავმჯდომარედ, რომლის შემადაგენლობაშიც
შედიოდნენ წამწყვანი მეცნიერები ჯონ ჰოპკინსის, იელის, კორნელის, ჩიკაგოს და როკფელერის
უნივერსიტეტებიდან. დამაკავშირებელ რგოლს წარმოადგენდნენ სოფლის მეურნეობის
დეპარტამენტის, ქიმიური იარაღის ოფისის, სამხედრო საბრძოლო იარაღების სამსახურის და
ჯანმრთელობის დაცვის სამსახურების წარმომaდგენლები. ამ გაერთიანებული კომიტეტის
პირველმა ყრილობამ რომელიც შედგა 1942 წელს გამოიტანა დადგენილება: „ ბიოლოგიური
იარაღის წარმოება სავსებით შესაძლებელია და აუცილებელია მუშაობის დაწყება როგორც
თავდაცვითი ასევე შეტევითი ხასიათის ბიოლოგიური იარაღის წარმოებისათვის. ბიოლოგიურ
იარაღად მივიჩნევთ ადამიანების, ცხოველების და მცენარეების ინფექციური დაავადების
გამომწვევ აგენტებს და აგრეთვე იმ საშუალებებს რომელთა გამოყენებით შესაძლებელია
საკვების და სასმელი წლის დაინფიცირება. უდაოა რომ თავდაცვითი ღონისძიებების
შესამუშავებლად აუცილებელია ამ აგენტების დეტალური კვლევა. ბიოლოგიური იარაღის
არსებობის აუცილებლობა მანამ იქნება კამათის საკითხი სანამ გამოცდილება არ გვიჩვენებს
ამას. ამიტომ ათვისებული უნდა იყოს ყველა მეთოდი რომელიც ხელს შეუწყობს თავდაცვითი
ღონისძიებების გატარებას სხვადასხვა ინფექციური დაავადებების პრევენციის მიზნით. რა თქმა
უნდა აუცლებელია ბიოლოგიური იარაღის შესწავლა დეტალურად, მრავალხმრივ და
ყოველნაირად უნდა ვეცადოთ მინიმუმამდე დავიყვანოთ ამ აიარაღის გამოყენების ალბათობა.“
კომიტეტის ანგარიშში აგრეთვე ნათქვამი იყო რომ ბიოლოგიური იარაღის საშიშროება შეიძლება
ყოფილიყო როგორც სამხედრო თავდასხმის დროს ასევე სხვადასხვა დივერსიის სახით, ამ
უკანასკნელის შემთხვევაში სამიზნე იქნებოდა მშვიდობიანი მოსახლეობა, საკვები, სასმელი
წყალი და სასოფლო სამეურნეო ნათესები. ყველაზე საშიშ აგენტებად კომისიამ მიიჩნია ჭირი,
ყვავილი, დენგეს და ყვითელი ციებ-ცხელება, მალარია და ენცეფალიტი. საინტერესოა რომ ამ
დასკვნაში არ იყო ნახსენები ჯილეხი და ბოტულინის ტოქსინი, რომლებიც ოდნავ მოგვიანებით
კომიტეტის მეორე სხდომაზე მიაკუთვნეს საკვლევი აგენტების სიას. კომიტეტის ანგარიში
წარედგინა ამერიკის პრეზიდენტს რომელმაც 1942 წლის 15 მაისს თანხმობა განაცხადა
ბიოლოგიური იარაღის კვლევების დაწყებაზე. ამავე წელს შეიქმნა საბრძოლო კვლევის სერვისის
ცენტრი რომელიც შედიოდა ფედერალური უსაფრთხოების სააგენტოში და მას განაგებდა
პრეზიდენტი. ცენტრის ხელმძღვანელი იყო სტიმსონი, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა
ბიოლოგიური იარაღის პროგრამას. ამ პროგრამის ძირითად მიზანს შეადგენდა თავდაცვის
უზრუნველყოფა, თუმცა შეტევისათვის მზადება არ იყო გამორიცხული. დაწყების დღიდანვე
ბიოლოგიური პროგრამა გასაიდუმლოებული იყო ამიტომაც არ მოიპოვება იმ დროინდელი
მთავრობის ოფიციალური დოკუმენტი ამ პროგრამის შესახებ.
მეორე მსოფლიო ომის დასასრულისათვის ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის ერთი
კატეგორია - ანტი მცენარეული აგენტები კარგად იქნა შესწავლილი. ეს აგენტები პირველად
გამიზნული იყო იაპონური გარნიზონის ბაღების გასანადგურებლად რომლებიც განთავსებული
იყვნენ წყნარი ოკეანის სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროზე. 1944-45 წლებში ამერიკის მხარე
სერიოზულად გეგმავდა ამ აგენტების გამოყენებას იპაონელების ბრინჯის და სხვა
მარცვლეულის დასაინფიცირებლად. ორი ბიოლოგიური აგენტი ერთი კოდური დასახელებით
აგენტი E და მეორე - აგენტი IR და ერთი ქიმიური აგენტი მცენარის ზრდის მარეგულირებელი
კომპონენტი კოდური დასახელებით LN შექმნილი იყო ბიოლოგიური იერიშის
განსახორციელებლად. LN იყო სარეველების საწინააღმდეგო საშუალება რომლის ერთ-ერთი
მოდიფიცირებული სახეობა LN-8 შემდგომში ფრთოდ იქნა გამოყენებული ვიეტნამის ომში. ამ
ნივთიერებების უპირატესობა სხვა აგენტებტან შედარებით მნიშვნელოვანი იყო რადგანაც: 1)
მათი მოქმედება ეფექტური იყო სხვადასხვა სახის მარცვლეულ კულტურაზე განვითარების
ნებისმიერ სტადიაზე; 2) კლიმატური პირობები მნიშვნელოვნად არ მოქმედებდნენ მათ
ეფექტურობაზე; 3) მათი შეყვანა მიწაში იწვევდა ხორბლეულის ზრდის შეჩერებას; 4)
მიუხედავად იმისა რომ LN-ის მცირე კონცენტრაციაც კი საკმარისი იყო მცენარის მოსაკლავად
იგი არავითარ ზიანს არ აყენებდა ცხოველს თუ იგი დიდი რაოდენობით შეჭამდა მოწამლულ
მცენარეს. 5) ამ აგენტების გავრცელების მრავალი საშუალება არსებობდა; 6) ამ აგენტების
მომზადება საკმაოდ ადვილი იყო უკვე ბუნებაში არსებული ნედლეულიდან.

ამ აგენტების შესაძლებელმა გამოყენებამ დიდი გაურკვევლობა გამოიწვია პოლიტიკოსთა


შორის. მათ არ სურდათ რომ ამერიკის მხარე მიჩნეული ყოფილიყო როგორც ქიმიური ან
ბიოლოგიური ომის დამწყები. ერთ-ერთი აგენტი ამონიუმის თიოციანატი უგულვებელყოფილი
იქნა შტაბის გენერალური უფროსის მიერ, თუმცა კომიტეტის სხდომაზე ითქვა რომ ეს აგენტი
არ შეიძლება განხილული ყოფილიყო როგორც ქიმიური იარაღი რადგან იგი არ წარმოქმნიდა
ტოქსიურ ან რაიმე ტიპის გამაღიზიანებელ ეფექტს ადამიენბზე და ცხოველებზე. გარდა ამისა
ამერიკა არ იყო 1925 წლის ჟენევის ხელშეკრულების მონაწილე და იგი ნაწილობრივ თავიდან
იხსნიდა იმ პასუხილმგებლობას რაც ამ ხელშეკრულებაში იყო გაწერილი. აგრეთვე არ
არსებობდა არანაირი კანონი რომელიც სრულიად კრძალავდა ნებისმიერი ქიმიური
ნივთიერების გამოყენებას ომში გარდა იმ ნივთიერებებისა რომლებსაც ტოქსიური და
მომწამვლელი ეფექტი ექნებოდა ადამიანებზე. მიუხედავად ამ მტკიცებულებებისა ამერიკამ
მაინც თავი შეიკავა ამ აგენტების გამოყენებისაგან უფრო პოლიტიკური ვიდრე ლეგალური
შეხედულებებიდან გამომდინარე. ომის მსვლელობის დროს ამერიკა გამუდმებით აგროვებდა
ინფორმაციას გერმანიასა და იაპონიაში ბიოლოგუირი იარაღის წარმოების შესაზებ. 1945 წლის
26 ივლისს, ჰიროსიმაში ატომური ბომბის ჩამოდგების ორი კვირით ადრე სამხედრო
სადაზვერვო სამსახურმა სამხედრო საბჭოს წარუდგინა რამდენიმე პუნქტიანი ანგარიში სადაც
განხილული იყო იაპონიის მხრიდან ბიოლოგიური შეტევის განხორციელების
შესაძლებლობები:

1. არანაირი ხელშეკრულება ბიოლოგიური იარაღის აკრძალვის თაობაზე არ შეაჩერებს


იაპონიას თუ იგი ჩათვლის რომ ამ ქმედებით იგი სამხედრო უპირატესობას მოიპოვებს
2. ბრალდებები იმის თაობაზე რომ მოკავშირეები იყენებენ ბიოლოგიურ იარაღს შეიძლება
გახდეს საბაბი იაპონიის მხრიდან ამ იარაღის გამოყენების
3. იაპონიაში ბიოლოგიური კვლევები მიმდინარეობს 1930 წლიდან
4. არ არსებობს ფაქტები რომ იაპონია მასიურად აწარმოებს ბიოლოგიურ იარაღს, მაგრამ
იგი ნამდვილად აწარმოებს ექსპერიმენტებს ამ ტიპის იარაღის შესაქმნელად
5. იაპონიას შესაძლებელია აქვს ექსპერიმენტულ სტადიაზე ბაქტერიების გამავრცელებელი
ბომბი, რომელიც წარმოადგენს საზღვაო ბომბის მოდიფიცირებულ ვარიანტს
6. სავარაუდოდ იაპონელები გამოიყენებენ შემდეგი დაავადებების გამომწვევ ბაქტერიებს:
ქოლერა, დიზინტერია, ტიფი, ჯილეხი, ჭირი და ქოთაო
7. შესაძლებელია შეიქმნას ქიმიურ იარაღთან კომბინირებული ბიოლოგიური იარაღი
8. არის მტკიცებულება რომ იაპონელებმა გამოიყენეს ბიოლოგური იარაღი (ჭირის
გამომწვევი) მანჯურიაში
9. არ არის ცნობები ბიოლოგური იარაღის გამოყენების თაობაზე ანგლო-ამერიკული
ჯარების მიმართ
10. იაპონიას შეუძლია განახორციელოს მცირემაშტაბიანი ბიოლოგიური შეტევა ან
ბიოლოგიური დივერსია
11. იაპონია სავარაუდოდ არ გეგმავს ფართომაშტაბიან ბიოლოგიურ შეტევას თუმცა არ არის
გამორიცხული რომ მან განახორციელოს ეპიზოდური შეტევები.

ომის პერიოდში ამერიკის მხარე მოელოდა რომ იაპონიას ან გერმანიას შეეძლო მოულოდნელად
მათ წინააღმდეგ გამოეყენებინა ბიოლოგიური იარაღი, რასაც ამერიკა საკმაოდ მოუმზადებლად
შეხვდებოდა. თუმცა არანაირი ამ ტიპის შეტევა მათ მიმართ არ განხორციელებულა.

ამერიკა ბიოლოგიური პროგრამის მსვლელობაში აქტიურად თანამშრომლობდა კანადასთან და


ინგლისთან. მიუხედავად მრავალი უთანხმოებებისა ეს თანამშრომლობა დაიწყო ომის
დაწყებისთანავე და გაგრძელდა მის დასასრულამდე. მიმდინარეობდა კვალიფიციური
კადრების, გამოცდილების, ინფორმაციის და საჭირო ლაბორატორიული აღჭურვილობის
გაცვლა-გამოცვლა. აგრეთვე ტესტირებები ღია ველში მიმდინარეობდა ერთობლივად და
სამუშაოები ამ მიმართულებით უფრო ადრე დაიწყეს ისინი თავიანთ გამოცდილებას
უზიარებდნენ ამერიკის მხარეს. თავის მხრივ კი ამერიკა ინგლისს და კანადას აწვდიდა
ლაბორატორიულ აღჭურვილობას და უზრუნველყოფდა მათ მაღალკვალიფიციური კადრებით.
პირველი კამათი ბიოლოგიური იარაღის წარმოების აუცილებლობასთან დაკავშირებით
ინგლისსა და ამერიკას შორის დაიწყო როდესაც 1940 წელს სერ ჰენრი ტისარდი, ინგლისის
ბიოლოგიური პროგრამის ხელმძღვანელი, ეწვია კანადას და აშშ-ს. გერმანიის მიერ
ბაქტერიული სპორების და მწერების როგორც ვექტორების გამოყენების ალბათობა ფართო
განხილვის საგნად იქცა ვაშინგტონში. ინგისელების მიერ გამოთქმული ვარაუდი რომ გერმანია
მზად იყო ბიოლოგიური იარაღის გამოყენებისათვის უგულვებელყო ამრიკის მხარემ რომელსაც
მიაჩნდა რომ იმ პერიოდისათვის ეს შეუძლებელი იყო. 1942 წლის მარტში ინგლისის ქიმიური
თავდაცვის საექსპერიმენტო სადგურს პორტონში ეწვია ამერიკის წარმომადგენელი, რომელიც
ახლოს გაეცნო იქ მიმდინარე სამუშაოებს. იმ დროისათვის ინგლისელები ექსპერიმენტებს
ატარებდნენ ორ ბიოლოგიურ აგენტზე ჯილეხზე და ბოტულინის ტოქსინზე. ამრიკელი
ოფიცრის მიერ აშშ-ს თავდაცვის სამინისტროში გაგზავნილ ანგარიშში იგი აღნიშნავდა რომ
ინგლისელებმა მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწიეს ამ სფეროში და რომ ისინი მზად იყვნენ
ბიოლოგიური თავდასხმის წინააღმდეგ საბრძოლველად თუ მტერი გამოიყენებდა მას. ამავე
ვიზიტის დროს ინგლისმა და ამერიკას მხარემ შეიმუშავა ერთობლივი მუშაობის სტრატეგია: 1.
ორივე მხარის წამყავნი სპეციალისტების ხშირი ვიზიტები; 2. ინფორმაციის და შედეგების
ურთიერთგაცვლა კორესპონდენციის საშუალებით; 3. ამერიკელი ბაქტერიოლოგების მივლინება
პორტონში 6-დან ერთ წლამდე. ცოტა ხანში თავი იჩინა უთანხმოებებმა რაც ძირითადად
დაკავშირებული იყო პირად ამბიციებთან. ამერიკელები ადანაშაულებდნენ ინგლისელებს რომ
მათ სურდათ ხელმძღვანელობის ერთპიროვნულად ხელში ჩაგდება და რომ ისინი ხშირ
შემთხვევაში იგნორირებას უკეთებდნენ ამერიკელების შემოთავაზებებს. სიტუაცია ოდნავ
განეიტრალდა მას მერე რაც შეიქმნა პარალელური კომიტეტები, ბიოლოგიური პროგრამის
ქვეკომიტეტი ლონდონში და ამერიკის ბიოლოგიური პროგრამის კომიტეტი ვაშინგტონში.
ინგლისის კომიტეტს სათავეში ედგა ჰემპრი ფაგეტი, ამერიკისას კი ჰიუჯ როვანი. ორივე
კომიტეტმა გადაწყვიტა თავის სხდომებზე მოეწვიათ კანადის ქიმიური იარაღის დეპარტამენტის
უფროსი ოტტო მაასი. ზოგიერთი უთანხმოება რომელიც წარმოიშვა ინგლისის და ამერიკის
ბიოლოგიურ პროგრამებს შორის გამოწვეული იყო იმით, რომ ამ ორი ქვეყნის პროგრამებს
განსხვავებული პრიორიტეტები ჰქონდათ. ინგლისის პროგრამა ძირითადად აქცენტს აკეთებდა
ჯილეხის და ბოტულინის ტოქსინზე და რადგანაც ინგლისს უფრო ემუქრებოდა ბიოლოგიური
შეტევის საფრთხე მათი პროგრამა ძირითადად აგებული იყო უსაფრთხოების სწრაფი ზომების
შემუშავების ტაქტიკაზე. მათ მთავარ მიზანს შეადგენდა თავდასხმის შემთხვევაში სწრაფი
რეაგირების ოპერაციების განხორციელება. თავიდან არჩეული იქნა ჯილეხის საწინაარმდეგო და
აგრეთვე ამ ბაქტერიის შემცველი ბიოლოგიური იარაღის შექმნა, მაგრამ რადგანაც ამ ტიპის
იარაღს ბევრი ნაკლოვანი მხარეები გააჩნდა ინგლისმა გადაწყვიტა ბოტულინის ტოქსინის
შესწავლაც. თუმცა ინგლისელი მეცნიერები თვლიდნენ რომ ბოტულინის ტოქსინის გავრცელება
ჰაერწვეთოვანი გზით არ იქნებოდა შედეგიანი. ინგლისელების გაღიზიანება გამოიწვია სწორედ
იმან რომ ამერიკელმა კოლეგებმა მოითხოვეს ინგლისელების კვლევების დუპლიცირება
ჯილეხის და ბოტულინის ტოქსინებზე. გარდა ამისა ამერიკელების პროგრამა უფრო
ფართომაშტაბიანი იყო ვიდრე ინგლისელი პარტნიორების, რადგან ისინი კონცენტრირებას არ
ახდენდნენ მხოლოდ რამოდენიმე ბიოლოგიურ აგენტზე არამედ იკვლევდნენ ტოქსინების
უფრო ფართო სპექტრს. მიუხედევად ამ განსხვავებებისა თანამშრომლობა მაინც ნაყოფიერი
აღმოჩნდა. ინგლისელმა მეცნიერებმა გაუზიარეს თავიანთი გამოცდილება ამერიკელ
პარტნიორებს და შექმნეს პირველი ჯილეხის ბაქტერიის გამავრცელებელი ბომბი. ანუ მათ
გადასცეს ამერიკის მხარეს მათ მიერ შექმნილი 1,8 კგ-იანი HE/ქიმიური F ბომბი და აგრეთვე
მიაწოდეს ღრუბლის წარმომქმნელი კამერის შექმნის იდეა, რომლის რეკონსტრუირება და
გაუმჯობესება ამერიკელებმა განახორციელეს ფორტ დეტრიკში. ამერიკის მხარეს გააჩნდა
თანამედროვე მაღალი ხარისხის ტექნოლოგიები რომელსაც აწვდიდა ინგლისელებს, გარდა
ამისა ბიოლოგიური იარაღის მასიური წარმოება შესაძლებელი იქნებოდა მხოლოდ ამერიკაში.
ერთადერთი ბიოლოგური იარაღი რისი შექმნაც ინგლისმა მასიურად შეძლო იყო მსხვილფეხა
რქოსანი პირუტყვის საკვები - სელის ქადები რომელშიც შერეული იყო ჯილეხის ბაქტერია,
თუმცა ეს იარაღი არც ამერიკის და არც ინგლისის მხარეს არ გამოუყენებია მეორე მსოფლიო
ომის მსვლელობის დროს. მთავარ ძირითად პრობლემად რჩებოდა „N“ აგენტის ჩანერგვა ბომბში
და შემდგომ მისი მასიური წარმოება. 1944 წელს ვინსტონ ჩერჩილმა ნება დართო
„დაუყოვნებლივ განეხორციელებინათ 500 000 „N“ ბომბის წარმოება“ და თხოვნით მიმართა
ამერიკას ჩაეშვა ეს ბომბები წარმოებაში. ეს გადაწყვეტილება მოტივირებული იყო იმით რომ
მოკავშირეებს ჭირდებოდათ იაპონიის ან გერმანიის მხრიდან ბიოლოგიური იარაღის
გამოყენების შემთხვევაში, საპასუხო იერიშის მიტანა მტერზე. თავდაპირველი გათვლებით 500
000 ცალი ბომბი საკმარისი იქნებოდა გერმანიის 6 დიდი ქალაქის დასაბომბად. შემდგომმა
გამოთვლებმა კი აჩვენა რომ ამ მიზნის მისაღწევად საჭირო იქნებოდა ექვსჯერ უფრო მეტი
ბომბის შექმნა თუმცა ინგლის თავისი მოთხოვნა არ შეუცვლია ომის ბოლომდე, მაგრამ ამ
ბომბების მასიურ წარმოებას ადგილი არ ქონია.

ამერიკაში ომის პერიოდში ოპერირებდა ოთხი ძირითადი ბიოლოგიური იარაღის კვლევის


ცენტრი: ფორტ დეტრიკი, ჰორნ აილენდი, გრანიტ პიკი და ვიგო პლანტი.

ფორტ დეტრიკის (მერილენდი) რეორგანიზაცია (ადრე იქ იყო ქიმიური იარაღის ცენტრი)


დაიწყო 1943 წელს. თავდაპირველად იგი შედგებოდა ორი დანაყოფისაგან - თავდაცვა და
შეტევა. მოგვიანებით 1944 წელს ეს ორი დანაყოფი გაიყო 7 ქვეგანყოფილებად: 1) ცხოველთა
კვლევა; 2) ბიოლოგიური კვლევა; 3)ხორბლეულის კვლევა; 4) საინჟინრო მომსახურეობა; 5)
საბრძოლო მასალები; 6)ფიზიკური და ქიმიური კვლევა 7) თავდაცვა. იგი მოიცავდა 219 ჰეკტარ
ტერიტორიას და მის აშენებაზე და სრულ აღჭურვაზე დაიხარჯა 12, 721 700 დოლარი. ფორტ
დეტრიკში რამოდენიმე მნიშვნელოვანი გეგმა განხორციელდა. ძირითადი ეს იყო
უსაფრთხოების და საინჟინრო პრობლემების გადაწყვეტა (დაბინძურებული მასალის შეგროვება
და შემდგომი დეკონტამინაცია). გეგმა N1 - ბოტულინის ტოქსინის შექმნა; გეგმა N2 - ჯილეხის
სპორების და ჯილეხის სიმულანტების მიღება, დაგროვება, გაშრობა და მათი მომზადება
ბომბებში ჩასანერგად; გეგმა N3 მცენარეების პათოგენების შექმნა; გეგმა N4 ბრუცელოზის და
Psittatosis (ფრინველის დაავადება) აგენტების გამოყოფა.

ჰორნ აილენდი (მისისიპის შტატი) ეს არც თუ ისე კარგად შერჩეული ადგილი იყო რადგანაც
გამუდმებული ქარების გამო საველე ტესტირებებებისთვის არახელსაყრელი პირობები შეიქმნა
და გარდა ამისა სანაპიროებთან ბევრი სამხედრო საზღვაო გემი იდგა. უსაფრთხოების მიზნით
ჰორნ აილენდზე მხოლოდ ორი აგენტის გამოცდა ჩატარდა - ბოტულიზმის და ჯილეხის. მეორე
მსოფლიო ომის დასასრულისთანავე ჰორნ აილენდი დეაქტივირებული იქნა.

ვიგო პლანტი განთავსებული იყო ინდიანას შტატში. აქ კვლევები ძირითადად ტარდებოდა


მცენარეების წინააღმდეგ ბიოლოგიური იარაღის შესაქმნელად და აგრეთვე ამ აგენტების
სხვადასხვა ტიპის იარაღში ჩასანერგად. ვიგო პლანტში აგრეთვე აიგო საბრძოლო იარაღის
საწარმო ცენტრი.

გრანიტ პიკი განთავსებული იყო იუტაში და ტერიტორიუილად უფრო ხელსაყრელი იყო ვიდრე
ჰორნ აილენდის მდებარეობა. თუმცა გრანიტ პიკი არასდროს ყოფილა ავტონომიურად
დამოუკიდებელი, აქ ძირითადად ტარდებოდა ქიმიური იარაღის საველე ტესტირებები.

ამ ოთხი ცენტრიდან ერთ-ერთი მთავარი იყო ფორტ დეტრიკი, კარგად აღჭურვილი


ლაბორატოერიებით, ქარხნებით და დამხმარე ნაგებობებით. აქ შესწავლილი იქნა თვრამეტი
დაავადება მათ შორის იყო ბოტულიზმი, ბრუცელოზი, კოქციდიოდალური გრანულომა,
ფრინველის ჭირი, ქოთაო, ნეიროტროფული ენცეფალიტი, ტულარემია და სხვა. ადრე
ინგლისელების მიერ შესწავლილ და გამოკვლეულ ჯილეხს და ბოტულიზმს დერიკში
პრიორიტეტი მიენიჭა. ჯილეხი გამოირჩეოდა მაღალვირულენტობით, სტაბილურობით და
ადვილი იყო მისი მასიური წარმოება და გავრცელება. ამ აგენტის შენახვა შესაძლებებლი იყო
ექვსი თვის განმავლობაში ისე რომ ბაქტერია არ კარგავდა თავის ვირულენტულობას.
წარმატებული ლაბორატორიული კვლევების შემდეგ გადაწყდა მისი მასიური წარმოება
დაწყებულიყო დერიკის ბიოლოგიურ საწარმოში. თუმცა გადაუჭრელ პრობლემად რჩებოდა
კონტამინაციის პრობლემა. მეორე მსოფლიო ომი ისე დასრულდა რომ დერიკის საწარმოში არ
განხორციელებულა ჯილეხის გამავრცელებელი ბიოლოგიური იარაღის მასიური წარმოება.
მეორე ტოქსინს წარმოადგენდა ბოტულინის ტოქსინი. დეტრიკში წარმატებულად
განხორციელდა ამ ტოქსინის შემცველი 227 კილოგრამიანი ბომბის შექმნა და მისი საველე
პირობებში ტესტირება, თუმცა არც მისი მასიური წარმოება მოხერხდა მეორე მსოფლიო ომის
პერიოდში. ბრუცელოზის და ქოთაოს ბაქტერიები, რომლებიც იწვევენ ადვილად გავრცელებად
ადამიანების და ცხოველების ინფექციური დაავადებებს, ადვილად კულტივირებადი იყო და
შეფასებული იყო როგორც ერთ-ერთი წარმოებადი მასიური ბიოლოგიური იარაღი, თუმცა აქ
გადასაჭრელი იყო მომსახურე პერსონალის უსაფრთხოების პრობლემა. ქოთაოს ბაქტერია
არალეგალურად იყო გამოყენებული პირველი მსოფლიო ომის დროს, მისი გამრავლება
სწრაფად და ადვილად იყო შესაძლებელი და მისი დიაგნოსტირება კი საკმაოდ რთული იყო. ამ
ბაქტერიის შესწავლაც მიმდინარეობდა დეტრიკში თუმცა ბიოლოგიური იარაღი ამ აგენტის
გამოყენებით არ განხორციელებულა. აქ მიმდინარეობდა კიდევ ექვსი აგენტის კვლევა რომელიც
იწვევდა ადამიანებში მძიმე დაავდებებს. ესენი იყო: Psittacosis-ი, რომლის საველე ტესტირება
ჩატარდა დეტრიკში. ტესტირებამ დაამტკიცა რომ ამ აგენტის წარმოება შესაძლებელი იყო თუ
გარანტირებული იქნებოდა მომუშავე პერსონალის უსაფრთხოება. მელიოდოზი იყო საშიში
დაავადება რომელიც გამიზნული იყო სასმელი წყლის დასაბინძურებლად. კვლევები
ტარდებოდა ამ აგენტის სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნებაზე. მესამე დაავდება -
ტულარემია -კარგად იყო შესწავლილი, დადგინდა რომ მისი მასიური წარმოება შესაძლებელი
იყო გადასაჭრელი რჩებოდა ამ აგენტის შენახვის პრობლემები. მეოთხე-კოქციდიომიკოზი,
რომელიც ვრცელდება სოკოებით მიჩნეული იყო როგორც ადვილად საწარმოებელი აგენტი,
თუმცა მასთან მუშაობა მოითხოვდა მკაცრი უსაფრთხოების ზომების დაცვას ამ აგენტის
ძლიერი ინფექციური ბუნების გამო, მეხუთე და მეექვსე დაავდებებიიყო ნეიროტროფული
ენცეფალიტი და მოლუსკების მიერ გამოყოფილი ტოქსინი რომელიც იწვევდა კუნთების
პარალიზებას. ყველა ეს აგენტი კარგად იქნა შესწავლილი და იგეგმებოდა მათი იარაღში
ჩანერგვა. ეს უნდა განხორციელებულიყო ვიგო პლანტის ბაზაზე რაც ომის პერიოდში არ
შესრულებულა.

როგორც ავღნიშნეთ ამერიკის ბიოლოგიური პროგრამის ფარგლებში სულ განხორციელდა


თვრამეტი დაავადების კვლევა, ეს დაავდებები აინფიცირებდნენ ადამიენბს და ცხოველებს,
გარდა ამისა ამ პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობდა მცენარეული სამყაროს დაავდებების
შესწავლაც. 1942 წელს ქიმიური იარაღის სამსახური დაინტერესდა რამოდენიმე ასეთი
დაავდებით: კარტოფილის ფიტოფთოროზი, მცენარეების ზრდის ინჰიბიტორი, ბრინჯის სოკო,
ხორბლის ჟანგი. ამერიკის სოფლის მეურნეობის და ნაციონალური სამეცნიერო საბჭოს
ერთობლივ სხდომაზე გადაწყდა რომ ბიოლოგიური იარაღის პროგრამის ფარგლებში უნდა
შესწავლილიყო ბრინჯის სოკო რომ შემდგომში შექმნილიყო ამ დაავადების გამომწვევი
ბიოლოგიური იარაღი. 1944 წელს დეტრიკში დაიწყო ამ საკითხე მუშაობა რომ შემდგომში
შესაძლებელი ყოფილიყო იაპონიის ბრინჯის პლანტაციების დაინფიცირება, თუმცა კვლევებმა
სასურველი შედეგები არ გამოიღო და ამ მიმართულებით ექსპერიმენტები შეწყდა. კვლევები
მიმდინარეობდა აგრეთვე ისეთ ბიოლოგიურ აგენტებზე რომელთა საშუალებითაც უნდა
მომხდარიყო იაპონიის ხორბლეულის, სოიოს და კარტოფილის დაინფიცირება, თუმცა მეორე
მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ აღმოჩნდა რომ იაპონური მცენარეული კულტურის
უმეტესი ნაწილი რეზისტენტული იყო ამ დაავადებების მიმართ.

რადგანაც იმის შიში რომ ბიოლოგიური შეტევა მტრების მხრიდან მოულოდნელად


განხორციელდებოდა ამერიკის ბიოლოგიურ პროგრამაში ჩართულ პერსონალს დიდი დრო არ
ქონდა იმისათვის რომ კარგად გაეანალიზებინათ თითოეული ბიოლოგიური აგენტის
უპირატესი და ნაკლოვანი მხარეები. იარაღის წარმოება უფრო მიმდინარეობდა საპასუხო
შეტევის განხორციელების მიზნით და უმეტესად არ იყო კარგად გაანალიზებული. დეტრიკის
ტექნიკური დეპარტამენტის შეიარაღების ფილიალს ევალებოდა შეერჩია იარაღი რომლის
საშუალებითაც ყველაზე უფრო ეფექტურად მოხდებოდა ჯილეხის და ბოტულინის ტოქსნის
გავრცელება. მათ გადაწყვიტეს რომ ამ შემთხვევისათვის იდეალურ ვარიანტს წარმოადგენდნენ
ბომბები რომლებშიც იქნებოდა ჯილეხის და ბოტულინის ბაქტერიები. შესაშხურებელი
მოწყობილობა ამ შემთხვევაში არ იყო მიზანშეწონილი რადგანაც არ იქნებოდა კარგად დაცული
უსაფრთხოების ზომები და დიდი ალბათობა იყო იმისა რომ მოხდებოდა მფრინავების
დაინფიცირება. უკვე არსებობდა ინგლისში აპრობირებული 1,8 კგ-იანი მსუბუქი ბომბები.
დეტრიკში შეიქმნა ამ ბომბების გაუმჯობესებული ვარიანტი - მოდიფიცირებული კასეტური
ადაპტერით და დამცავი კონსტრუქციით აგრეთვე დამატებული დამცავი დაფარვით და
ჩამკეტით. ახალმა ჯილეხის და ბოტულინის ტოქსინის შემცველმა იარაღმა SPD ბომბი I
ტესტირება გაიარა ფორტ დეტრიკში. ბაქტერიული ღრუბელი გავრცელდა 1,6 კმ-ზე და
დადგინდა რომ დისპერსიის დიაპაზონი პირდაპირ პროპორციული იყო ფეთქებადი
ნივთიერების მუხტის. თუმცა რაც უფრო დიდი იყო ფეთქებადი ნივთიერების მუხტი მით
ნაკლები ადგილი რჩებოდა ბაქტერიული აგენტისათვის და ამ ბიოლოგიური აგენტის
დესტრუქციის ალბათობა იზრდებოდა აფეთქების დროს. ამავდროულად გასაუმჯობესებელი
იყო უსაფრთხოების ზომები. მაგრამ დეტრიკში მიიჩნიეს რომ ამ ბომბის გამოყენება
შესაძლებელი იქნებოდა საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში. ოდნავ მოგვიანებით კიდევ ორმა
ბომბმა გაიარა ტესტირება პირველი, კანადაში - საფილდში (SS ბომბი) და მეორე, გრანიტ პიკში
(SPD 2 ბომბი) ორივე ბომბის ტესტირებამ დამაკმაყოფილებელი შედეგი აჩვენა. მეორე მსოფლიო
ომის დასასრულისათვის დეტრიკში, ყოველ ერთ საათში, სამხედრო იარაღის საწარმოში
შესაძლებელი იყო 200 ასეთი ტიპის ბომბის შევსება ბაქტერიული აგენტით. ანუ ბიოლოგიური
ომის დაწყების შემთხვევაში ამერიკას საშუალება ქონდა არა მარტო თავდაცვითი ღონისძიებები
გაეტარებინდა არამედ საკმაოდ ძლიერი პასუხი გაეცა თავდამსხმელებისათვის.

ბიოლოგიური პროგრამის მსვლელობაში უპირატესობა ენიჭებოდა მშვიდობიანი მოსახლეობის


და ჯარის ბიოლოგიური შეტევისაგან თავდაცვითი ზომების შემუშავების საკითხს. ფიზიკური
თავდაცვა ძირითადად მიმართული იყო არსებული თავდაცვითი საშუალებების
მოდერნიზაციასა და გაუმჯობესებაზე. არსებული ქიმიური იარაღის საწინააღმდეგო აირწინაღი
არ წარმოადგენდა უსაფრთხოს ბიოლოგიური შეტევის შემთხვევაში. ბიოლოგიური აირწინაღი
დაახლოებით 100 000-ჯერ უფრო ეფექტური უნდა ყოფილიყო ვიდრე სტანდარტული
აირწინაღი. მრავალი ექპერიმენტის შემდეგ შეიქმნა ისეთი აირწინაღი რომელიც პრაქტიკულად
არ ატარებდა არანაირ ბიოლოგიურ აგენტს, თუმცა თუ როგორ მოხდებოდა ამ აირწინაღების
გამოყენება ბრძოლის მომენტში ჯერ კიდევ გაურკვეველი იყო. მიუხედავად იმისა რომ
ბიოლოგიური აგენტების შეღწევითობის უნარი კანის ქსოვილში საკმაოდ დაბალი იყო
სამხედროებისათვის შექმნეს სპეციალური გაუმტარი ლაბადები რომელიც დაიცავდა კანს
ბაქტერიული აგენტის ზემოქმედებისაგან. თავდაცვით ღონისძიებებში აგრეთვე შედიოდა
ვაქცინაციები ისეთი დაავადებების მიმართ როგორიც იყო: ქოლერა, ტიფი, დიფტერია,
პარატიფი, ჭირი, ყვავილი, ტეტანუსი და ყვითელი ციებ-ცხელება. ყველაზე ეფექტური ვაქცინა
იმუნიზაციისთვის შეიქმნა ბოტულინის ტოქსინის მიმართ. ვაქცინები შექმნილი იყო აგრეთვე
ბრუცელოზის და ტულარემიის წინააღმდეგაც. ცხოველებისათვის კი ყველაზე ეფექტური
აღმოჩნდა ფრინველის და მსხვილფეხა რქოსანი საქონლის ჭირის ვაქცინა. მიუხედავად იმ
დიდი პრევენციურლი სამუშაოებისა რაც განუწყვეტლივ ტარდებოდა ამერიკის ბიოლოგიური
პროგრამის მსვლელობის პერიოდში შედეგები არც თუ ისე დამაიმედებელი იყო, რადგანაც
გამუდმებით ხდებოდა ჯარისკაცების სხვადასხვა დაავადებებით დაინფიცირება,
სადინზიფექციო სამუშაოებს დიდი დრო ჭირდებოდა და არ იძლეოდა ადამიანის სიცოცხლის
უსაფრთხოების გარანტიებს. გარდა ამისა ბიოლოგიური ომის შემთხვევაში შეტევითი ხასიათის
ღონისძიებები დაფუძნებული იყო მხოლოდ ვარაუდზე და არა პრაქტიკულ გამოცდილებაზე.

ბიოლოგიური აგენტების საბრძოლო იარაღში ჩანერგვისათვის დეტრიკში მომუშავე ინჟინრებმა,


ინგლისელების გამოცდილებაზე დაყრდნობით, შექმნეს რამოდენიმე ხელსაწყო, რომლის
საშუალებითაც ისინი ადგენდნენ ბიოლოგიური აგენტების ვირულენტობას. პორტონის
ლაბორატორიაში არსებული ანალოგიური ხელსაწყო რომელიც გამოიყენებოდა ბიოლოგიური
აგენტების აეროზოლის სახით გავრცელებისათვის უსაფრთხო იყო ყველა ვირულენტული
შტამის მიმართ. დეტრიკში აიგო სამი ხელსაწყო, რომელიც წარმოქმნიდა ხელოვნურ ღრუბელს
და საშუალებას აძლევდა მკვლევარებს საცდელ ცხოველებზე ეწარმოებინათ დაკვირვება. გარდა
ამისა დეტრიკში შექმნეს ისეთი ხელსაწყო რომელიც საშუალებას იძლეოდა განსაზღვრულიყო
საექსპერიმენტო ცხოველის მიერ შესუნთქული ბიოლოგიური აგენტის რაოდენობა და აქედან
გამომდინარე დადგენილიყო ის ოპტიმალური დოზა რომელიც იწვევდა ლეტალურ ეფექტს.
ექსპერიმენტების საფუძველზე დადგინდა რომ ყველაზე ეფექტური იყო Bacillus anthacis -
ჯილეხის გამომწვევი ბაქტერია. დეტრიკში შექმნილი ეს ბაქტერია ხასიათდებოდა გაცილებით
უფრო მაღალი ვირულენტობით ვიდრე მისი ინგლისური ანალოგი. დეტრიკში ცდები
ტარდებოდა აგრეთვე სხვა მაღალვირულენტულ ბაქტერიებზეც: ფრინველის და მსხვილფეხა
საქონლის ჭირი, ტულარემია და ქოთაო. ყველა ამ აგენტებზე ცდები ტარდებოდა როგორც მათ
წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებების შესამუშავებლად, აგრეთვე შეტევის შემთხვევაში
მათი როგორც ბიოლოგიური იარაღის გამოყენებისათვის. რა თქმა უნდა ამერიკის ძირითადად
მოტივაციას ბიოლოგიური პროგრამის განხორციელების მსვლელობაში, წარმოადგენდა მათი
მზადყოფნა მტრის მხრიდან მოსალოდნელი ბიოლოგიური შეტევის განხორციელების
შემთხვევაში. თუმცა ომის დასრულებისათვისაც კი ამერიკა სრულად არ იყო მზად ასეთი ტიპის
შეტევისათვის. 1943 წელს მერკი თავის ანგარიშში წერდა რომ მათ არ გააჩნდათ საკმაო
რაოდენობის ჯილეხის ვაქცინა, რომ მეცნიერები ჯერ კიდევ იკვლევდნენ ანტი-ბოტულინურ
ტოქსინს და რომ მრვალი საშიში ინფექციური დაავადების მიმართ არ იყო შექმნილი ვაქცინები.
თავის მოხსენებაში იგი აგრეთვე გამოთქვამდა მოსაზრებას რომ თავდაცვითი ღონისძიებების
შემუშავების პარალელურად აუცილებელი იყოს ინტენსიური სამუშაოების გარგძელება
თავდასხმითი ბიოლოგიური იარაღის შესაქმნელად. რადგან მტრის მიერ ბიოლოგიური
იარაღის გამოყენების შემთხვევაში ამერიკის მხარეს შესაძლებლობა უნდა ქონოდა არა მხოლოდ
თავდაცვითი ღონისძიებების გატარებისა არამედ საპასუხო შეტევის განხორცილებაც.
მიუხედავად ასეთი შემაშფოთებელი მდგომარეობისა 1944 წლის ბოლოსათვის კვლავ უამრავი
პრობლემა იყო გადასაჭრელი. კერძოდ, ჯილეხის შემცველი ბომბების შექმნა გაძნელდა რადგან
ეს ბაქტერია კარგავდა თავის ვირულენტობას ბომბებში ჩანერგვის დროს. გამზადებული იყო 500
000 ბომბი მაგრამ მათი შევსება ჯილეხის ბაქტერიით ვერ ხერხდებოდა. 1945 წლის 6 ივლისს,
ხიროსიმაზე ატომური ბომბის ჩამოგდების ერთი თვით ადრე ნათელი გახდა რომ ამერიკა ვერ
შეძლებდა ბიოლოგიური ბომბის შექმნას წლის ბოლომდე, რადგანაც აუცილებელი იყო
ბომბების ბიოლოგიური აგენტით დასატენი აპარატის რეკონსტრუქცია. ომი რომ
გაგრძელებულიყო ამერიკის მხარე ნამდვილად არ იქნებოდა ბიოლოგიური იარაღის
გამოყენებისათვის მზად. რაც შეეხება თავდაცვით საშუალებებს ამ მხრივ ამერიკა გაცილებით
უფრო კარგად იყო მომზადებული, თუმცა არც ფიზიკურ და არც ბიოლოგიურ თავდაცვით
საშუალებებს არ შეეძლოთ ნებისმიერი ბიოლოგიური აგენტის სრული ნეიტრალიზაცია. მაგრამ
აუცილებლობა არ შექმნილა თავდაცვითი ღონისძიებების მასიურად განხორციელებისათვის,
რადგან არც გერმანიას და არც იაპონიას საბოლოოდ არ გამოუყენებია (და როგორც გაირკვა არც
ქონია) ბიოლოგიური იარაღი.

მეორე მსოფლიო ომში მასიური ბიოლოგიური პროგრამების განხორციელება მრავალ კითხვას


ბადებს რომელზეც პასუხის გაცემა სხვადასხვა მიზეზების გამო შეუძლებელია. ამ პროგრამების
დაწყება ეფუძნებოდა ჰიპოთეზურ საშიშროებას მტრის მხრიდან. ის ინფორმაცია რომ გერმანია
ემზადებოდა ბიოლოგიური შეტევისათვის, ან რომ იაპონია ამზადებდა ბიოლოგიურ
თავდასხმას ამერიკაზე საბოლოოდ არ გამართლდა, მაგრამ ალბათ ეს იყო ამერიკის
მხარისათვის აუცილებელი რომ ახსნილიყო და გამართლებულად მიჩნეულიყო მათი
ბიოლოგიური პროგრამის შექმნის აუცილებლობა. თეორიულად მცდელობის მაშტაბი
საშიშროების არაპროპორციული იყო. თუმცა ომი უმეტეს შემთხვევაში არჩევანს არ
გაკეთებინებს, თუ არსებობს თეორიული საშიშროება საპასუხო რეაქცია უდაოდ აუცილებელია.
მეორე მსოფლიო ომის დროს არ ჩატარებულა არანაირი საზოგადოებრივი დებატები
ბიოლოგიური ომის პოლიტიკის თაობაზე. არავის საჯაროდ არ განუხილავს თუ რა უნდა
მოემოქმედა ამერიკას ბიოლოგიური შეტევის შემთხვევაში - საპასუხო შეტევა
განეხორციელებინა თუ თავი შეეკავებინა. ძირითადი გადაწყვეტილება იყო რომ საპასუხო
შეტევის განხორციელების შესაძლებლობა უნდა ჰქონოდა. იმ დროს იარაღის გამოყენების
ეთიკური ნორმები განსხვავდებოდა ეხლანდელი ბირთვული ხანის ნორმებისაგან. საპასუხო
თავდასხმის განხორციელება ნორმის დარღვევად არ მიიჩნეოდა, ანუ აკრძალული იარაღის
გამოყენების შემთხვევაში მოპასუხე თავისუფლად იყენებდა იგივე იარაღს. პოლიტიკა იყო -
თავდაცვა და საპასუხო შეტევა. სხვაობა ძალზედ უმნიშვნელო იყო. თუ ოპონენტმა იცის რომ
ასეთი იარაღი გაქვს მისთვის ეს უკვე პოტენციური საფრთხეა და მან საპასუხო ზომები უნდა
მიიღოს. როცა იარაღს ფლობ შესაძლებლობები ფართოვდება. როგორც ავღნიშნეთ აიპონიის
ნათესების მიმართ სხვადასხვა მცენარეული ინჰიბიტორების და დეფოლიანტების გამოყენების
სხვადასხვა ვარიანტები ფართოდ განიხილებოდა ამერიკის ბიოლოგიური პროგრამის
ფარგლებში და შესაძლებელია რომ მასიური ბიოლოგიური იარაღის წარმოება დაწყებულიყო
1946 წელს. ანუ არსებობს თუ არა იმის ალბათობა რომ ამერიკა ბიოლოგიურ იარაღს
გამოიყენებდა თუნდაც იაპონიის ნათესების მიმართ? ჯილეხის ბომბების გამოყენება იაპონიის
წინააღმდეგ ნაკლებ რეალურია თუნდაც იმიტომ რომ ამ ტიპის ბომბების მასიური წარმოება
საკმაოდ რთული იყო. თუმცა ზოგიერთის აზრით ქვეყანა რომელმაც გამოიყენა ატომური ბომბი
არ დაიხევს უკან არც ბიოლოგიური იარაღის გამოყენებაზე. მაგრამ ეს ორი აბსოლუტურად
განსხვავებული ტიპის იარაღია, განსხვავებული წარმოშობის და მიზნის. ბიოლოგიური
პროგრამა თავიდან შეიქმნა თავდაცვის და შესაძლებელი შურისძიების (საპასუხო რექციის)
მიზნით. მართალია პირველი ატომური ბომბი შეიქმნა გერმანიის მხრიდან გამომდინარე
საფრთხიდან მაგრამ ეს იდეა არ ეფუძნებოდა შურისძიებას. უფრო მეტიც ეს ბომბი გამოიყენა
ამერიკის მხარემ ისმისათვის რომ დაესრულებინა იაპონიასთან ომი რაც შეიძლება სწრაფად,
უპირობო კაპიტულაციით. ცოტა საეჭვოა რომ ომი იაპონიასთან დასრულდებოდა თუ მის
წინააღმდეგ ამერიკა გამოიყენებდა ჯილეხის ბომბებს. გარდა ამისა კონფიდენციალურ
წყაროებზე დაყრდნობით ცნობილი იყო რომ ამერიკის საზოგადოება დიდ წინააღმდეგობას და
შეშფოთებას გამოთქვამდა ბიოლოგიური იარაღის მიმართ. შესაძლებელია ამირიკას
გამოეყენებინა მცენარეული ინჰიბიტორები და დეფოლიანტები. ეს აგენტები შექმნილი იყო და
მათი პოტენციალი შესწავლილი. გარდა ამისა ამერიკის მხარე არ იყო შეზღუდული 1925 წლის
ჟენევის ხელშეკრულებით და ეს აგენტები არ მოქმედებდნენ ადამიანებზე და ცხოველებზე,
მაგრამ ამერიკის ოფიციალური პირები თვლიდნენ რომ მათი გამოყენება მაინც საშიში იყო
საერთაშორისო პოლიტიკის თვალსაზრისით. ეს შესაძლებლობას მისცემდა იაპონიას
გაეცხადებინა რომ ამერიკამ გამოიყენა ქიმიური და ბიოლოგიური იარაღი მის წინააღმდეგ.
საბოლოოდ უნდა აღინიშნოს რომ ამერიკის მოუმზადებლობამ წერტილი დაუსვა ბიოლოგიური
იარაღის გამოყენების ალბათობას. ომის დასასრულისათვისაც კი ამერიკა ვერ ინარჩუნებდა
ერთიან ბალანსს თავდაცვით და შეტევით შესაძლებლობებში. არმიის გენერალმა სომერველმა
ომის დასასრულისათვის დასვა შეკითხვა: ამერიკას უნდა გაეგრძელებინა ბიოლოგიური
პროგრამა თუ უნდა დაეხურა იგი. გენერალი პორტერიც კი რომელიც მხარს უჭერდა იპონიის
წინაარმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენებას, დიდი ენთუზიაზმით არ უყურებდა ბიოლოგიურ
იარაღს. ომის დასასრულისათვის ერთადერთი სრულყოფილი ბიოლოგიური იარაღი იყო
ჯილეხის ბომბი რომელიც ელოდებოდა მის მასიურ წარმოებაში ჩაშვებას. ამ ბომბების
ჩამოგდება შესაძლებელი იქნებოდა მოწინააღმდეგეების ქალაქებში თუმცა ამ იარაღს ბევრი
ნაკლოვანი მხარეც გააჩნდა. ჯილეხის ბომბების, როგორც მტრის მხრიდან შესაძლებელი
შეტევის, საპასუხო მიზნით გამოყენება უფრო პოლიტიკური ვიდრე სამხედრო გადაწყვეტილება
იყო. ეფექტურ საპასუხო რეაქციას სამი მოთხოვნა გააჩნია: იგი უნდა იყოს მყისიერი,
ფართომაშტაბიანი და უწყვეტი. არსებული ბომბის გამოყენება არ დააკმაყოფილებდა არცერთ ამ
მოთხოვნას. გარდა ამისა შექმნილ იარაღს გააჩნდა სხვა ნაკლოვანებებიც, რადგანაც
ბიოლოგიური იარაღის ერთ-ერთ თვისებას წარმოადგენს მისი მდგრადობა და
ხანგრძლივმოქმედი ეფექტი ასეთი ბობმბების მოწინააღმდეგის ტერიტორიებზე ჩამოგდების
შემდეგ გაართულებდა მოოიერიშე ჯარების შემდგომ გადაადგილებას.

მიუხედავად ამერიკის ბიოლოგიური პროგრამის ნაკლოვანებისა შექმნილიყო ახალი


საბრძოლო სტრატეგიული იარაღი, მას უმნიშვნელო წარმატება მაინც მოყვა. კერძოდ ამ
პროგრამამ აჩვენა რომ ბიოლოგიური იარაღის შექმნა შესაძლებელი იყო. ამიტომაც ამერიკამ
გადაწყვიტა გაეგრძელებინა ამ მიმართულებით კვლევები. ეს გადაწყვეტილება უფრო გამყარდა
ცივი ომის პერიოდში. მიუხედავად იმისა რომ მეორე მსოფლიო ომის დასასრულს დამტკიცდა
ბიოლოგიური ომის წარმოების უსაფუძვლობა ყველა ქვეყანამ რომლებიც აწარმოებდნენ ამ
მიმართულებით გარკვეულ სამუშაოებს საფუძვლიანი გამოცდილება მიიღო ბიოლოგიური
იარაღის წარმოების სფეროში.

ამერიკის ბიოლოგიური იარაღის პროგრამამეორე მსოფლიო ომის შემდეგ

ამერიკის ბიოლოგიური პროგრამა კიდევ უფრო გაფართოვდა კორეის ომის დროს (1950-53).
ახალი, კარგად აღჭურვილი ლაბორატორიები გაძლიერებული უსაფრთხოების პირობებით
შეიქმნა პაინ ბლაფში, არკანზასის შტატში. უახლესი ტექნოლოგიები საშუალებას იძლეოდა
მიკროორგანიზმების დიდი რაოდენობით ფერმენტალიზაციას, კონცენტრაციას, მათ ბიო
იარაღად გადაქცევას და მარაგის სახით შენახვას. ფართომაშტაბიანი ბიოიარაღის წარმოება ფაინ
ბლაფში დაიწყო 1954 წელს. ამავდროულად აქ მიმდინარეობდა უსაფრთხოების საშუალებების:
ვაქცინების, შრატების და თერაპიული აგენტების კვლევა და წარმოება. ამავდროულად ფორტ
დეტრიკში მიმდინარეობდა ცდები მოხალისეებზე. კერძოდ შეიქმნა სფერული დანადგარი “რვა
ბურთის“ სახელწოდებით ცნობილი რომელიც იტევდა 1 მილიონ ლიტრ ბაქტერიულ
სუსპენზიას. მოხალისეებზე ტარდებოდა ცდები Francisella tularensis და Coxiella burnetti
(ტულარემიის და Q-ცხელების გამომწვევი) ბაქტერიებზე, კერძოდ ამ დანადგარის საშულებით
დგინდებოდა ბაქტერიების გავრცელების ოპტიმალური პირობები და დასაინფიცირებელი
ოპტიმალური დოზები, შემდეგ კი დგინდებოდა მკურნალობის ეფექტური საშუალებები და
პროფილაქტიკური ღონისძიებები. ეს ოპერაცია ცნობილი იყო „თეთრხალათიანები“
სახელწოდებით. ზოგ შემთხვევებში ქალაქები ასრულებნენ საცდელი ლაბორატორიების როლს
რათა დაედგინათ აეროზოლის სახით ბაქტერიების გავრცელების ეფექტურობა. ნიუ-იორკში,
სან-ფრანცისკოსა და სხვა ქალაქებში ჩატარდა სხვადასხვა არაპათოგენური ბაქტერიების
გავრცელება. თუმცა საზოგადოების ჯანმრთელობის უსაფრთხოების პრობლემა წამოიჭრა სან-
ფრანცისკოში სადაც საავადმყოფოში მოხვდა რამოდენიმე მოქალაქე გაურკვეველი ინფექციით.

საველე ტესტირებები ბიოლოგიური ლაბორატორიების ხელმძღვანელობით ტარდებოდა 1943-


60 წლებში:

 ერთ-ერთი ასეტი ექპერიმენტის დროს ვაშინგტონის აეროპორტში გაუშვეს


არაპათოგენური ბაქტერია. გასაზომი ხელსაწყოები განლაგებული იყო მთელს
აეროპორტში რათა გაეზომათ ჰაერით გავრცელებული ბაქტერიების რაოდენობა.
ლაბორატორიის წევრები სპეციალური სამგზავრო ჩანთებიდან მგზავრების
შეუმჩნევლად აწარმოებდნენ ბაქტერიების გავრცელებას.
 ნიუ-იორკის მეტროში სინათლის ნათურაში მოთავსებული იყო აგრეთვე
არაპათოგენური ბაქტერიები. ბაქტერიების გამოშვება წარმოებდა 20 წუთის
განმავლობაში. აღმრიცხველი ხელსაწყოების საშუალებით ხდებოდა ბაქტერიების
რაოდენობის დადგენა რომლის გავრცელებაც მოხდა აღნიშნულ ტერიტორიაზე. ამ
ექსპერიმენტების შედეგად არავინ არ დაზიანებულა.
 სან-ფრანცისკოში სამხედრო გემიდან რომელსაც ოპერირებდა ფორტ-დეტრიკის
პერსონალი ქალაქის მიმართულებით გაშვებულ იქნა serratia marcescens -
არაპათოგენური ბაქტერია. თუმცა ამ ცდის შემდეგ რამოდენიმე პაციენტმა მიაკითხა
საავადმყოფოს გაურკვეველი წარმოშობის შარდ-საწვეთო სისტემის ინფექციით, ხოლო
ერთი ადამინი გარდაიცვალა შარდ სასქესო სისტემის გართულებული ინფექციის გამო.
1969 წლამდე, როდესაც პრეზიდენტმა ნიქსონმა დახურა ამრიკის თავდასხმითი ბიოლოგიური
პროგრამა, ბიოიარაღისათვის ბიოლოგიური მასალა იქმნებოდა აშშ-ს სამხედრო ბიოლოგიურ
ლაბორატოერიებში ფორტ-დეტრიკში. ფხვნილად გადამუშავებული ბაქტერიული სპორების და
ვირუსების ჩანერგვა საბრძოლო იარაღში და მათი მარაგის სახით შენახვა წარმოებდა ფაინ-
ბლაფში. 1969 წლის ბიუჯეტით ქიმიური და ბიოლოგიური საბრძოლო იარაღის კვლევებზე
გამოყოფილი იყო $300 მილიონი აქედან $5 მილიონი განკუთვნილი იყო ჰერბიციდებზე
სხვადსხვა მარცვლეულის და ფოთლოვანი ხეების გასანადგურებლად. 1960 წლისათვის
ამერიკის ბიოლოგიურ არსენალში იყო უამრავი ბაქტერიული პათოგენი, ტოქსინი და სოკოვანი
პათოგენები რომლებიც მიმართული იქნებოდა მარცვლოვანი ნათესების წინააღმდეგ. აშშ-ს
ბიოლოგიური იარაღის პროგრამის ერთ-ერთ ანგარიშში ვკითხულობთ: „ ფორტ დეტრიკში
ტარდება ბიოლოგიური და ქიმიური იარაღის კვლევები მარცვლეული კულტურების
წინააღმდეგ, ამ კვლევებში გამოიყენება სხვადასხვა ტიპის ჰერბიციდები და დეფოლიანტები...
ფართომაშტაბიანი საველე ცდები ჩატარდა ამ აგენტების ეფექტურობის დასადგენად.
გამოყოფილი იქნა 5 აგენტი რომლის გამოყენებაც ბიოლოგიური იარაღის თვალსაზრისით
მიზანშეწონილი იქნება“. 1951 – 1969 წლებში შესწავლილი და ტესტირებული იქნა 31 აგენტი
რომლის გამოცდაც ჩატარდა 23 სხვადასხვა სალოკაციო ადგილას. 1951-1957 ხორბლის
დამაზიანებელი ბაქტერიული სპორები შეიქმნა და გადაიგზავნა ეჯვუდის არსენალში, სადაც
მოხდა მათი კლასიფიცირება, გაშრობა და მარაგის სახით შენახვა. 1962-1969 წლებში შექმნილი
იგივე დანიშნულებით გამოყოფილი სპორები გადაიგზავნა დენვერში, კოლორადოს შტატი.
მთლიანი არსენალი განადგურებული იქნა 1973 წლისათვის.

საბჭოთა კავშირი, ჩინეთი და ჩრდილოეთ კორეა ბრალს სდებდა აშშ-ს ბიოლოგიური იარაღის
გამოყენებაში კორეის ომის დროს. თუმცა ამ ფაქტის დამამტკიცებელი ფაქტების
დოკუმენტირება ამ მომხდარა. აშშ უარყოფდა ამ ბრალდებებს და მოითხოვა სამართლიანი
გამოძიება. საერთაშორისო წითელი ჯვრის ორგანიზაციამ წამოაყენა წინადადება შექმნილიყო
სპეციალური კომისია რომელიც გამოიკვლევდა ამ საკითხს, საერთაშორისო ჯანმრთელობის
დაცვის ორგანიზაციამ გამოთქვა სურვილი ამ კომისიაში მონაწილეობაზე. თუმცა არც ჩინეთმა
და არც ჩრდილოეთ კორეამ არ უპასუხეს ამ ორგანიზაციებს გამოძიების დასაწყებად. ამ
დაუსაბუთებელმა ბრალდებებმა საგრძნობლად შეარყია აშშ-ს ავტორიტეტი მთელს
მსოფლიოში. გარდა ამ ბრალდებებისა ცივი ომის პერიოდში საბჭოთა კავშირმა განაცხადა რომ
ამერიკელები აწარმოებდნენ ბიოლოგიური იარაღის ტესტირებას კანადელ ესკიმოსებზე, რის
შედეგადაც ესკიმოსებში გავრცელდა ჭირი. კიდევ ერთი ბრალდება საბჭოთა კავშირის მხრიდან
ეხებოდა სამხრეთ-აღმოსავლეთ ჩინეთში ქოლერის გავრცელებას.

ფორტ დეტრიკში ცივი ომის პერიოდში საიდუმლო სადაზვერვო სამსახურების მიერ (CIA)
ხორციელდებოდა პროექტები სხვადასხვა კოდური დასახლებებით, რომლის მიზანს შეადგენდა
იმ მეთოდების შემუშავება რომლის საშუალებითაც შესაძლებელი გახდებოდა ადამიანის
გონების მართვა, რაც სპეციალურ უწყებებს საშუალებას მისცემდა დაკითხვის დროს საჭირო
ინფორმაციის მიღებაში ან დაეხმარებოდა სპეცსამსახურების თანამშრომლებს დავალებების
შესრულებაში. ერთ-ერთი ასეთი პროექტის სახელწოდება იყო -MKULTRA. 1955 წლის
პროტოკოლში მოცემულია იმ ნივთიერებების ნუსხა რომელიც უნდა შექმნილიყო MKULTRA -ს
პროექტის ფარგლებში:

 ნივთიერება რომელიც იწვევს ალოგიკურ აზროვნებას და იმპულსურობას - პიროვნების


საზოგადოებაში დისკრედიტაციისათვის
 ნივთიერება რომელიც აძლიერებს პიროვნების აზროვნებას და სიტუაციის აღქმის და
შეფასების უნარს
 ნივთირება, რომელიც იწვევს პიროვნების ადრეულ მომწიფებას როგორც ფიზიკურად
ასევე გონებრივად ან პირიქით.
 ნივთიერება, რომელსაც შეუძლია ალკოჰოლით ინტოქსიკაციის სიმულირება
 ნივთიერება რომელიც იწვევს რაიმე დაავადების სიმპტომს, სიმულაციისათვის
 ნივთიერება, რომელიც იწვევს დროებით ან მუდმივ ტვინის დაზიანებას და მეხსიერების
დაკარგვას
 ნივთიერება, რომელიც ადამიანს გამძლეობას მატებს, ძალადობის, დაკითხვის მძიმე
პირობების და ჰიპნოზის დროს.
 ნივთიერება რომელიც იწვევს ამნეზიას წინამობერდი და მიმდინარე მოვლენებისა ამ
ნივთიერების მიღების პერიოდში
 ნივთიერებები რომლებიც იწვევნ ფიზიკურ უუნარობას მაგ: ქვედა კიდურების
პარალიზი, მწვავე ანემია და აშ.
 ნივთიერება რისი მოქმედებითაც ჩნდება წყლულები
 ნივთიერება რომელიც ისე მოქმედებს პიროვნებაზე რომ იგი აბსოლუტურად
დამოკიდებული ხდება სხვა პიროვნებაზე
 ნივთიერება რომელიც იწვევს პიროვნების ისეთ მენტალურ მდგომარეობას რომ მას
დაკითხვის დროს არ შეუძლია მისცეს არასწორი ჩვენება
 ნივთიერება რომელიც უკარგავს პიროვნებას წარმატების სურვილს და ანალებს მის
შრომით უნარიანობას.
 ნივთიერება რომელიც იწვევს სისუსტეს ან მხედველობის ან სმენის არამუდმივ
დაქვეითებას.
 გმთიშველი აბი რომლის შერევა შეუმჩნევლად შეიძლება საჭმელში ან სასმელში და
გამოიწვევს სრულ ამნეზიას
 ნივთიერება რომლის მცირე დოზით ადმინისტრირება (აეროზოლი ან საჭმელში შერევა)
ფიზიკურად უუნაროს გახდის პიროვნებას..

1969 წლის ივლისში დიდმა ბრიტანეთმა შესთავაზა ამერიკის განიარაღების კომიტეტს რომ
აეკრძალათ ბიოლოგიური იარაღის განვითარება, წარმოება და მარაგის სახით დაგროვება და
აგრეთვე შესაძლებელი ყოფილიყო ბიოლოგიური იარაღის წარმოებით დაკავებული
ინსტიტუციების შემოწმება უსაფუძვლო ბრალდებების საპასუხოდ. ამავე წლის სექტემბერში
ვარშავის ხელშეკრულების წევრმა ქვეყნებმა წამოაყენეს იგივე მოთხოვნა მხოლოდ
ინსპექტირების გარეშე. საბოლოოდ 1972 წელს შემუშავდა ახალი კონვენცია რომელიც
ითვალისწინებდა ბიოლოგიური და ტოქსიური იარაღის განვითარების, წარმოების და
დაგროვების აკრძალვას (ბიტიკ), გარდა ამისა ამ კონვენცის თანახმად იმ დროისათვის მარაგის
სახით დაგროვილი ბიოლოგიური იარაღი უნდა განადგურებულიყო. ამ ხელშეკრულების
რატიფიცირება განხორციელდა 1972 წელს, ხოლო ძალაში შევიდა 1975 წელს. ამ კონვენციის
ძალაში შესვლამდე პრეზიდენტ ნიქსონის ბრძანებით აშშ-ში შეწყვეტილი იყო თავდასხმითი
ბიოლოგიური იარაღის კვლევა და წარმოება. 1969 წლის ამერიკის ეროვნული უშიშროების
გადაწყვეტილებით ამრიკაში იკრძალებოდა თავდასხმითი ბიოლოგიური და ტოქსიური
იარაღის კვლევა, განვითარება და წარმოება და აგრეთვე უნდა განადგურებულიყო არსენალის
მთლიანი მარაგი. კვლევა შესაძლებელი იყო მხოლოდ თავდაცვითი საშუალებების
საწარმოებლად: დიაგნოსტიკური ტესტები, ვაქცინები და თერაპიული საშუალებები
შესაძლებელი ბიოლოგიური თავდასხმის პრევენციის შემთხვევაში. ბიოლოგიური პათოგენების
არსენალის განადგურება მიმდინარეობდა 1971-1973 წლებში აშშ- სოფლის მეურნეობის,
ჯანმრთელობის, განათლების და სხვა კომიტეტების ზედამხედველობის ქვეშ. მცირე
რაოდენობით პათოგენები დატოვებულ იქნა ფორტ დეტრიკში სხვადასხვა პრევენციული
ზომების შემუშავებისათის საჭირო გამოკვლევების ჩასატარებლად. თავდასხმითი
ბიოლოგიური იარაღის კვლევის და განვითარების შეწყვეტა აშშ-ში განაპირობა როგორც
პრაგმატულმა ასევე მორალურმა და ეთიკურმა ფაქტორებმა. უკვე არსებული კონვენციური,
ქიმიური და ბირთვული იარაღის შემთხვევაში ამერიკამ გადაწყვიტა რომ ბიოლოგიური
იარაღის ქონა აღარ იყო საჭირო სახელმწიფო უსაფრთხოებისათვის. სამხედრო და მშვიდობიან
მოსახლეობაზე ბიოლოგიური იარაღის გავლენა კვლავ რჩებოდა ჰიპოთეზურ საკითხად ამიტომ
მისი შემდგომი განვითარება ეთიკური და მორალური ნორმებიდან გამომდინარე არ იყო
მიზანშეწონილი. ბიოლოგიური იარაღი არ იყო პრაქტიკაში კარგად გამოცდილი, მისი
შედეგების პროგნოზირება შეუძლებელია, იგი პოტენციურად საზიანოა როგორც
გამომყენებლისათვის ასევე მისთვის ვის წინააღმდეგაც არის მიმართული. სამხედრო
მხედართმთავრები და ჯარი არ იყო გაწვრთნილი ამ იარაღის გამოყენებისათვის. გარდა ამისა
აშშ-ს და მის მოკავშირეებს გააჩნდათ სტრატეგიული ინტერესი ბიოლოგიური იარაღის
პროგრამების აკრძალვის რათა თავიდან აეცილებინათ შედარებით იაფასიანი მასიური
განადგურების იარაღის განვითარება და წარმოება მთელს მსოფლიოში.

თავდასხმითი ბიოლოგიური იარაღის პროგრამის დასრულების შემდეგ აშშ-ი დაარსდა


სამხედრო სამედიცინო ინფექციური დაავადებების კვლევითი ინსტიტუტი (USAMRIID)
რომლის მიზანს შეადგენდა თავდაცვითი საშუალებების კვლევა შესაძლებელი ბიოლოგიური
თავდასხმის შემთხვევაში. ამ ინსტიტუტში მიმდინარეობს კვლევები სტრატეგიების,
თავდაცვითი საშუალებების, ინფორმაციის და სხვადასხვა თავდაცვითი პროგრამების
განსავითარებლად. აგრეთვე მიმდინარეობს კვლევები ენდემური ან ეპიდემიური
დაავადებებისა და იმ უსაფრთხოების დაცვის ზომების შემუშავებაზე რაც აუცილებელია
მაღალი რისკის ფაქტორიან ბიოლოგიურ აგენტებთან მუშაობის დროს. USAMRIID წარმოედგენს
ღია კვლევით დაწესებულებას რომელსაც მჭიდრო კავშირი აქვს მრავალ აშშ-ს უნივერსიტეტთან.

You might also like