You are on page 1of 13

იაპონიის ბიოლოგიური იარაღის წარმოების პროგრამა

1931-1945 წლებში იაპონიას ჰქონდა ფართო მაშტაბიანი და განსაკუთრებული ბიოლოგიური


იარაღის წარმოების პროგრამა. მეცნიერები და ექიმები მუშაობდნენ ბიოლოგიური იარაღის
შექმნაზე და მიზნად ისახავდნენ ისეთი საბრძოლო იარაღის შექმნას რომელიც იაპონიას
გახდიდა ერთ-ერთ ყველაზე ძალაუფლებიან სამხედრო ძალად აზიაში. მეცნიერები უარს არ
ამბობდნენ ნებისმიერი აკრძალული მეთოდების გამოყენებაზე, მათ მხარს უჭერდნენ სამხედრო
პირები, რომლებითაც უმეტესად დაკომპლექტებული იყო იმდროინდელი იაპონიის მთავრობა.
ცდები ტარდებოდა როგორც საექსპერიმენტო ცხოველებზე ასევე ადამიანებზე. იაპონიამ
ბიოლოგიური იარაღი გამოიყენა სამხედრო ოპერაციებში საბჭოთა კავშირ - მანჯურიის,
მანჯურია-მონგოლეთის საზღვრებთან და ჩინეთში. გამოთვლებით იაპონელებმა დახოცეს
დაახლოებით 10000-მდე ადამიანი თავიანთი ექსპერიმენტებით და ასეულ ათასობით ადამიანი
სამხედრო შეტაკებების დროს.

მეორე მსოფლიო ომის დროს, იაპონიაში ბიოლოგიური იარაღის წარმოების შესწავლა დიდ
წინააღმდეგობებთან არის დაკავშიებული. პირველ რიგში ყველა საარქივო მასალა დახურულია
ნებისმიერი სამეცნიერო გამოძიებისათვის. მიუხედავად იმისა რომ ბიოლოგიური იარაღის
პროგრამაში მონაწილე მეცნიერები აცხადებენ რომ საარქივო მასალა განადგურებულია, მაინც
არსებობს მოსაზრება რომ ნაწილი ამ მასალისა გადაურჩა განადგურებას. მიუხედავად იმისა რომ
ომის შემდეგ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სულ ცოტა ხუთი სამხედრო, სამეცნიერო და
სამართლებრივი გამოძიება ჩაატარა, არც ერთი ოფიციალურ პირი არ აღმოჩნდა ბრალდებული.
1949 წლამდე არ შემდგარა არანაირი სასამართლო სადაც ბრალდებული იქნებოდა იაპონია და
ამიტომ წვდომა საარქოვო მასალებთან შეუძლებელი იყო. თუმცა 1949 წელს ხაბაროვსკში
ჩატარდა სასამართლო, სადაც განაჩენი პროცესის დაწყებამდე იყო ცნობილი. იაპონური
ბიოლოგიური პროგრამის წამყვან მეცნიერებს ინფორმაციის სანაცვლოდ იმუნიტეტი
შესთავაზეს. ამერიკელ გამომძიებლებს დიდი ძალისხმევა დაჭირდათ იმისათვის რომ
გამოევლინათ იაპონიის ბიოლოგიური იარაღის წარმოების პროგრამის უდიდესი ნაწილი,
რადგან გამოძიების პერიოდში ისინი აწყდებოდნენ დიდ წინააღმდეგობებს: ფაქტების და
დოკუმენტაციის დამალვა, მოწმეების ცრუ ჩვენებები. პროგრამის მონაწილეები ყოველთვის
ცდილობდნენ დაეცვათ ზემდგომი პირები, განსაკუთრებით იმპერატორი, რის გამოც
აიძულებდნენ მოწმეებს უგულებელყოთ ნებისმიერი ბრალდება. იაპონური პროგრამის შეფასება
კიდევ გაძნელებულია იმით რომ აქ უპირატესობა ენიჭება ერთ პიროვნებას, იში შიროს, რომლის
განსაკუთრებულმა როლმა დაჩრდილა ამ პროგრამის სხვა ყველა დანარჩენი მონაწილე და
რომელმაც სხვა მეცნიერებთან ერთად ომის შემდგომ იმუნიტეტი მიიღო.

იმისათვის რომ ზუსტი წარმოდგენა გვქონდეს იაპონიის ბიოლოგიური იარაღის წარმოების


პროგრამაზე და იში შიროს წვლილზე ამ პროგრამის განხორციელებაში თვალი გადავავლოთ
იაპონიის სამხედრო ქმედებებს მეორე მსოფლიო ომის დროს. პერლ-ჰარბორის შეტევის დროს (
1941 წლის 7დეკემბერი) იაპონიის ჯარში იყო დაახლოებით 1 700 000 ჯარისკაცი. ომის
მსვლელობაში ჯარისკაცების როცხვი 5 მილიონამდე გაიზარდა. ცნობილი პინგ ფანის დანაყოფი
- 731 ერთეული, რომელიც იყო ერთ-ერთი ძირითადი რგოლი ბიოლოგიური იარაღის
წარმოების პროგრამაში მოიცავდა დაახლოებით 5000 ადამიანს. ამ საკითხზე მუშაობდნენ სხვა
დანაყოფები რომელთა შემადგენლობაში დაახლოებით 4000 ადამიანი იყო. საერთო ჯამში
ბიოლოგიური იარაღის წარმოებაზე მუშაობდა 15 000 ადამიანი. ის თავისუფლება რაც
მინიჭებული ჰქონდა იში შიროს თავის კვლევებში განპირობებული იყო იმ ფაქტით რომ
იაპონიის მთავრობა ძირითადად სამხედრო პირებით იყო დაკომპლექტებული.

იაპონიაში, 1889 წელს მიღებული კონსტიტუციით, სახმელეთო და საზღვაო სამხედრო არმიას


უფლება ეძლეოდა ეკონტროლებინა მთავრობა, რასაც იგი დიდი წარმატებით ახორციელებდა.
სამხედრო მაღალჩინოსნებს ნებადართული ჰქონდათ იმპერატორთან უშუალო კავშირი და
აგრეთვე მათ შეეძლოთ გადაეყენებინათ ან თავიანთი მოსაზრების მიხედვით დაენიშნათ
მინისტრები. მიუხედავად იმისა რომ 1937 წელს დაარსდა იმპერატორული გენერალური
შტაბები, არმიის კოორდინირებისათვის, სახმელეთო ჯარი და საზღვაო ფლოტი მაინც
დამოუკიდებლად მოქმედებდა. სამხედრო დანაყოფების უფროსები ხშირად იძლეოდნენ
ბრძანებებს რომელიც არ იყო შეთანხმებული მთავრობასთან. სამხედრო და საზღვაო
მინისტრებს არ ჰქონდათ საკმარისი კონტროლი გენერალიტეტზე და ჯარზე, ისინი ძირითადად
ასრულებდნენ ადმინისტრაციულ და ჯარის მომარაგების საკითხებს. ისევე როგორც
ბიოლოგიური იარაღის პროგრამის გატარებაში, ასევე იაპონიის საგარეო და საშინაო
პოლიტიკაში წამყვან როლს თამაშობდნენ სამხედროები, იმპერატორის უფლებები კი ძალზედ
უმნიშვნელო იყო. ამიტომაც იმის განსაზღვრა თუ რამდენად იყო იმპერატორი
ინფორმირებული ამ პროგრამის შესახებ შედარებით რთულია. თვით არმიაშიც დარღვეული
იყო სუბორდინაციის პრინციპი. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები უმეტეს შემთხვევაში არ
იყო შეთანხმებული ზემდგომ ორგანოებთან.

მანჯურია გახდა ძირითადი სამიზნე, სადაც იაპონია სცდიდა თავის ბიოლოგიურ იარაღს მეორე
მსოფლიო ომის დროს. ეს პროგრამა ხორციელდებოდა სამხედროების მიერ სრულიად
დამოუკიდებლად, ისე რომ სამოქალაქო ძალაუფლება ვერ აკონტროლებდა მას. ამ სიტუაციიდან
გამომდინარე გაკვირვებას არ იწვევს ის ფაქტი რომ იაპონიამ რატიფიცირება არ გაუკეთა 1925
წლის ჟენევის ხელშეკრულებას მხუთავი, მომწამვლელი და სხვა გაზების გამოყენების და
ბაქტერიული ომის აკრძალვის შესახებ. მიუხედავად იმისა რომ იაპონიის მთავრობამ 1920 წელს
მხარი დაუჭირა ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის აკრძალვას ომის შემთხვევაში, მთავრობაში
სამხედრო ძალაუფლების გაძლიერების და იაპონიის მიერ ერთა ლიგიდან გამოსვლის შემდეგ
(1935) აშკარა იყო რომ იპონია ჟენევის პროტოკოლის რატიფიცირებაზე უარს იტყოდა. იაპონიის
ბიოლოგიური იარაღის პროგრამა ფოკუსირებული იყო შეტევითი ხასიათის იარაღის შექმნაზე,
რომლის გამოყენებასაც იგი გეგმავდა ჩინეთსა და საბჭოთა კავშირში. რა თქმა უნდა ამ
პროგრამის შექმნა მოტივირებული იყო იმითაც რომ სადაზვერვო სამსახურების ინფორმაციით
ჩინეთი და საბჭოთა კავშირი ამზადებდნენ ბიოლოგიურ დივერსიას იაპონიის წინააღმდეგ,
ციმბირის და მანჯურიის საზღვრებთან. იაპონიის სადაზვერვო სამსახურმა გაავრცელა
ინფორმაცია რომ საბჭოთა კავშირი აპირებდა ჯილეხის, ქოლერის და დიზინტერიის გამომწვევი
ბაქტერიების გავრცელებას მანჯურიაში. ომის შემდგომ, სასამართლოზე იში შირომ განაცხადა
რომ ჩინეთი გამუდმებით აბინძურებდა სასმელი წყლის რეზერვუარებს ქოლერის ბაქტერიებით,
ჩინეთ-იაპონიის ომის დროს. მან ეს განცხადება გამოიყენა იმისათვის რომ გაემართლებინა
ბიოლოგიური იარაღის პროგრამა და დაემტკიცებინდა რომ იაპონიამ ეს მხოლოდ თავდაცვის
მიზნებისათვის გააკეთა. იშის მიერ საბჭოთა კავშირის და ჩინეთის მიმართ წაყენებული
ბრალდება სიმართლეს არ შეესაბამებოდა, იშიმ ეს გამოგონილი საშიშროება გამოიყენა
მხოლოდ იმისათვის რომ დაერწმუნებინა იაპონიის მთავრობა ბიოლოგიური იარაღის შექმნის
აუცილებლობაში.

ომის შემდგომ პერიოდში, აშშ-ს საიდუმლო სადაზვერვო სამსახურების მიერ შეგროვებული


მასალების თანახმად, რომელიც ეფუძნებოდა 1920 წლებიდან მოყოლებული იაპონიის
ბიოლოგიური პროგრამის მონაწილეების ჩვენებებს, ამ პერიოდში იაპონია ჯერ კიდევ
მონაწილეობდა განიარაღების მოლაპარაკებებში, ამ პროგრამის ინიციატორი იყო მაშინდელი
ჯარის ახალგაზრდა ექიმი, ლეიტენანტი, იში შირო.

იში შირო დაიბადა 1892 წელს და ბავშვობიდან გამოირჩეოდა თავისი განსაკუთრებული


ნიჭიერებით. იგი ავლენდა განსხვავებულ პიროვნულ თვისებებს. იში შირო ზრუნავდა თავის
ქვეშევრდომებზე და ამავდროულად ყურმოჭრილი მონა იყო ზემდგომებისადმი, იგი ავლენდა
ფანატურ ლოიალობას მისი თანამოაზრეების მიმართ და დაუნდობლად უსწორდებოდა მათ
ვინც არ იზიარებდა მის შეხედულებებს. ერთის მხრივ იგი ბრწყინვალე ექიმი და მეცნიერი იყო,
ხოლო მეორეს მხრივ ისეთ ქმედებებს ჩადიოდა რომ ზოგჯერ მის მეგობრებსაც კი ეჭვი
ეპარებოდათ მის ფსიქიურ მდგომარეობაში. იში შირომ კიოტოს სამედიცინო ინსტიტუტი 4
წელიწადში წარჩინებით დაამთავრა. ერთი თვის შემდეგ მან ოფიცრის რანგში მუშოაბა დაიწყო
ჯარში, ხუთი თვის შემდეგ იგი დააწინაურეს ლეიტენანტ ქირურგად და გადაიყვანეს ყველაზე
პრესტიჟულ, იმპერატორის დაცვის ქვედანაყოფში. თავისი ნიჭის, შრომისმოყვარეობის და
მიზანსწრაფვის გამო მან მალე მიიპყრო უფროსების ყურადღება. 1924 წელს იშიმ კვალიფიკაცია
გაირა კიოტოს უნივერსიტეტში, სადაც შეისწავლა ბაქტერიოლოგია, ვირუსოლოგია,
პათოლოგია და ინფექციური დაავადებების პრევენცია, აგრეთვე იგი მუშაობდა წყლის
ფილტრირების საკითხებზე სწორედ ამ დარგში მიღებული ცოდნა მოგვიანებით გამოიყენა იშიმ
თავისი ძირითადი საქმიანობის შესანიღბად. მიღებულმა ცოდნამ შემდგომში განაპირობა მისი
კარიერული წინსვლა. 1927 წლიდან იშიმ მუშაობა დაიწყო კიოტოს სამხედრო ჰოსპიტალში.
სწორედ ამ პერიოდში იში დაინტერესდა ბიოლოგიური იარაღის შექმნის პრობლემით. 1925
წლის ჟენევის ხელშეკრულების გაცნობის შემდეგ იშიმ დაასკვნა რომ მსოფლიოს მოსახლეობის
უმეტესობას არ სურდა ამ პოტენციურად საშიში იარაღის განვითარება. რადგანაც ბიოლოგიური
იარაღი იყო აკრძალვების სიაში იშიმ გადაწყვიტა რომ იაპონიას აუცილებლად უნდა შეექმნა
იგი, რათა ჰქონოდა უპირატესობა თავისი ოპონენტების მიმართ, მომავალ ომებში. იშიმ აუხსნა
ბიოლოგიური და ტოქსიური იარაღის თვისებები თავის უფროსებს: ბიოლოგიური აგენტები და
ტოქსინები ხასიათდებიან თვით გამრავლების უნარით და შეუძლიათ ადამიანების
განადგურება ნაკლები მატერიალური და ძალების დახარჯვით, ვიდრე ეს შესაძლებელია
ჩვეულებრივი საბრძოლო იარაღით. ბიოლოგიურ და ტოქსიურ იარაღს არ ესაჭიროება ფოლადი,
რომელიც ძალზედ ძნელი პოსაპოვებელი იყო იაპონიაში, და ამიტომ იგი წარმოადგენდა
იაპონიის ჯარისათვის იდეალურ იარაღს. იშის მცდელობა დაერწმუნებინა კოლეგები ამ იდეის
განხორციელების აუცილებლობაში თავდაპირველად უშედეგო აღმოჩნდა, თუმცა 1930 წელს,
მას შემდეგ რაც იშის მიენიჭა პროფესორის წოდება იმუნოლოგიაში, მან გარკვეულ წარმატებას
მაინც მიაღწია. იგი ლობირებდა თავის იდეას სამხედრო მაღალ-ჩინოსნებს შორის და მათი
დახმარებით იშიმ ტოკიოს სამხედრო სამედიცინო სკოლაში დაარსა იმუნოლოგიის
განყოფილება. მოგვიანებით სამხედრო მაღალ-ჩინოსნების დახმარებით იშიმ ტოკიოში ააშენა
ახალი შენობა, რომელიც შემდგომში გახდა იაპონიაში ბიოლოგიური იარაღის წარმოების
ცენტრი.

იში თავის ლაბორატორიაში ადამიანებზე ატარებდა ცდებს, მან კარგად იცოდა თუ რა საფრთხე
ემუქრებოდა მას და ქვეყანას ამ ექსპერიმენტების გამოაშკარავების შემთხვევაში. მის ერთ-ერთ
საანგარიშო ბარათში ვკითხულობთ: „ არსებობს ორი ტიპის A და B ბაქტერიოლოგიური
იარაღის წარმოების კვლევები. პირველი A - თავდასხმისათვის და მეორე B -თავდაცვისათვის.
კვლევები მეორე ტიპის იარაღის შესაქმნელად ანუ ვაქცინების, შრატების წარმოება და სხვა
ტიპის პრევენციული ღონისძიებების შესამუშავებელი კვლევები უნდა მიმდინარეობს
იაპონიაში, ხოლო შეტევითი - A ტიპის - ბიოლოგიური იარაღის შესაქმნელი ცდები უნდა
ჩატარდეს საზღვარგარეთ.“ იშის საშუალება მიეცა ეწარმოებინა პირველი ტიპის ბიოლოგიური
იარაღის შექმნისათვის ექსპერიმენტები 1932 წელს იაპონიის ახალ კოლონიაში მანჩუკოში. აქ
იგი უშიშრად ატარებდა თავის ცდებს ადამიანებზე რადგანაც მას ჰქონდა როგორც სახმედრო
მაღალ-ჩინოსნების, აგრეთვე ადგილობრივი პოლიციის მხარდაჭერა და არანაირი საშიშროება
იმისა რომ ეს საშინელი ექსპერიმენტები გამოაშკარავდებოდა არ იყო. იშიმ პირველი
ლაბორატორია შექმნა ჰარბინში, მანჩუკოს მთავარ ინდუსტრიულ ცენტრში. მან დიდი ფულადი
დახმარება მიიღო სამხედრო საბჭოსაგან და შესაძლებლობა მიეცა თავისი საქმის
განვითარებისათვის დაექირავებინა 300-მდე თანამშრომელი. მიუხედავად პოლიციის და
სამხედრო მფარველობისა იში მალე მიხვდა იმას რომ ჰარბინი საკმაოდ დიდი და
კოსმოპოლიტური ქალაქი იყო, რის გამოც იგი ვერ შეძლებდა დიდი ხნის განმავლობაში თავისი
საქმიანობის დაფარვას. ამიტომ იშიმ ნაწილი თავისი ლაბორატორიისა დატოვა ჰარბინში
რომელსაც უნდა გაეგრძელებინა B ტიპის კვლევები, ხოლო უფრო დიდი ნაწილი გადავიდა
ჰარბინიდან 100 კმ მოცილებით სოფელ ბეინში. 1932 წლის გაზაფხულზე იში და რამოდენიმე
სამხედრო შეიჭრა სოფელში და უბრძანეს შეშინებულ მოსახლეობას სამი დღის განმავლობაში
დაეტოვებინათ სოფელი. სწორედ ამ ადგილას აშენდა იაპონიაში პირველი „სიკვდილის
ქარხანა“ - ზონგ-მას ციხე ბანაკი.

ზონგ-მას ციხე-ბანაკი იყო ყველა დანარჩენი მისი მსგავსი დაწესებულების პროტოტიპი


რომელსაც ხელმძღვანელობდა იში. იგი გარშემორტყმული იყო მაღალი აგურის კედლით
რომელსაც გარს ერტყა მაღალძაბვიანი მავთულხლართი. ამ კომპლექსის ცენტრში აღმართული
იყო შენობა, რომელიც ცნობილი იყო ზონგ-მას ციხე-სიმაგრის სახელწოდებით. ამ შენობაში
განთავსებული იყო ციხე, ადმინისტრაცია და ლაბორატორია სადაც მიმდინარეობდა
ექსპერიმენტები ადამიანებზე. საექსპერიმენტო კანდიდატებს წარმოადგენდნენ კომუნისტი
პარტიზანები, იაპონური პოლიტიკის ოპონენტები, შეზღუდული შესაძლებლობების და ღატაკი
ადამიანები. საექპერიმენტო კანდიდატების ნაკლებობას არასოდეს განიცდიდნენ, რადგან
მეცნიერებს უფლება ჰქონდათ ნებისმიერ მომენტში ჩვეულებრივი ციხეებიდან გამოეთხოვათ
პატიმრები ექსპერიმენტების ჩასატარებლად. ზონგ-მას ციხე გათვალისწინებული იყო 1000
ადამიანზე, მაგრამ მასში ერთდროულად იმყოფებოდა საშუალოდ 500-600-მდე პატიმარი.
ძირითადად ექსპერიმენტები იყო ძალზედ მარტივი და უხეში მაგრამ უმეტესად ლეტალური
დასასრულით. იში და მისი ჯგუფი მუშაობდა სხვადასხვა პათოგენებზე, თუმცა ძირითადი
ყურადღება გადატანილი იყო ჯილეხზე, ქოთაოზე და ჭირზე. მიუხედავად იმისა რომ
დოკუმენტირებული მასალა ამ ექსპერიმენტების თაობაზე განადგურდა 1945 წელს, მცირე
ნაწილი მაინც შემორჩა ანალიზისათვის. 1939 წლის იშის ერთ-ერთ ანგარიშში ვკითხულობთ
რომ მან გამოსცადა ჭირის და ქოლერის ბაქტერიები პატიმრებზე და დაასკვნა რომ ჭირის
ბაქტერია არის ძალზედ „ეფექტური“ პოტენციური ბიოლოგიური იარაღი. უმეტესობა
ექსპერიმენტებისა გამოირჩეოდა სისასტიკით და დაუნდობლობით. ეს საშინელება
გრძელდებოდა ორი წლის განმავლობაში, ზოგჯერ ციხეში პატიმრები აწყობდნენ აჯანყებებს,
ზოგჯერ ეწყობოდა ჯგუფური გაქცევები, თუმცა უმეტესობა წარუმატებლობით სრულდებოდა.
ზონგ-მას ციხის შიგნით მიმდინარე პროცესები აღარ წარმოადგენდა საიდუმლოებას. 1935 წელს
ციხეში მოხდა აფეთქება. იშიმ დაარწმუნა ზემდგომი ეშელონები რომ მან დიდ წარმატებას
მიაღწია თავის კვლევებში და რომ მას ჭირდებოდა უფრო დიდი მაშტაბების დაწესებულება
სადაც იგი უფრო ეფქტურად შეძლებდა ბიოლოგიური იარაღის შექმნაზე მუშაობას.

ფართო მაშტაბიანი დაწესებულების შესაქმნელად იშიმ ამოირჩია ჰარბინიდან სამხრეთით 24 კმ-


ით დაშორებული 10 სოფელი (პინგ-ფანი). სოფლის მცხოვრებლებს დაატოვებინეს თვიანთი
სახლები და 1936 წელს პინგ-ფანში დაიწყო უდიდესი ბიოლოგიური იარაღის მწარმოებელი
დაწესებულების შენება. მილიონი იენი იყო გამოყოფილი ამ დაწესებულების ასაშენებლად და
იგივე თანხა მისი აღჭურვისათვის. გარდა ამისა იშიმ მიიღო 3 მილიონი იენი
მკვლევარებისათვის და 6 მილიონი იენი ექსპერიმენტებისათვის და კვლევებისათვის. იშის
კვლევებისათვის გამოყოფილი წლიური ბიუჯეტი შეადგენდა 10 მილიონ იენს ეს იმ პერიოდში
როდესაც სახელმწიფოს ბიუჯეტი ძირითადად განკუთვნილი იყო სამხედრო შეიარაღებაზე. ეს
ის პერიოდია როდესაც იაპონია წარმოადგენს სამხედრო სახელმწიფოს და მთავრობას არ
შესწევს უნარი წინააღმდეგობა გაუწიოს სამხედროების მოთხოვნებს. გარდა ამისა სამხედრო
მთავარსარდლობა მხარს უჭერდა იშის გეგმებს და ყოველმხრივ ხელს უწყობდა მას.
დადგენილია რომ 10000-15000 ჩინელი იძულებით მუშაობდა შიროს საექსპერიმენტო ბანაკის
მშენებლობაში 1936 დან 1939 წლამდე. მუშების ერთი მესამედი გარდაიცვალა მშენებლობის
დროს შიმშილისაგან და დამთრუნგველი შრომისაგან. დასრულებული სახით პინგ-ფანის
კომპლექსი მოიცავდა 76 კაპიტალურ შენობას და მრავალ ე.წ. დროებით კონსტრუქციას, ეს იყო
ლაბორატორიები, საცხოვრებელი შენობები იაპონელი და კორეელი მუშებისათვის, სამხედრო
იარაღის საწყობები, საცდელი ცხოველებისათვის ვივარიუმები, აუტოპსიის და პროზექტურის
შენობები. აქ იყო ორი ციხის შენობა ერთში მოთავსებული იყო კაცები, მეორეში - ქალები და
ბავშვები. ძირითად შენობას ამ ტერიტორიაზე წარმოადგენდა ადმინისტრაციული შენობა,
„ოთკუთხა შენობა“ რომელიც მიწისქვეშა გვირაბებით უკავშირდებოდა ყველა სხვა დანარჩენ
შენობას. მის ცენტრში იდგა ატრიუმის მსგავსი კონსტრუქცია, რომელიც წარმოადგენდა ციხეს
და იქ იყვნენ მოთავსებული საექსპერიმენტო კანდიდატები. ციხის ასეთი მდებარეობა
შეუძლებელს ხდიდა რომ იგი შემჩნეული ყოფილიყო ტერიტორიის ნებისმიერი სხვა
წერტილიდან. „ოთხკუთხა შენობა“ იმდენად კარგად და მყარად იყო აშენებული რომ იგი
ერთადერთია რაც დღემდე შემორჩა ამ კომპლექსიდან. პინგ-ფანის ახლობლად აგრეთვე აშენდა
აეროდრომი რომელსაც კონტროლირებას უწევდა სამხედრო საჰაერო ძალები. პინგ-ფანგს
სარკინიგზო კავშირიც ჰქონდა ჰარბინთან, საიდანაც ეშელონებით მოყავდათ პატიმრები,
ნაწილი ტყვეების კი დიდი სატვირთო კომუფლაჟირებული მანქანებით, რომ მოსახლეობის
ყურადღება არ მიეპყროთ. სინამდვილეში იაპონიის სამხედრო ხელისუფლებამ სრული
თვისუფლება მიანიჭა იში შიროს. მას ემსახურებოდა ათასობით იაპონელი და კორეელი
მეცნიერი, ხელოსანი და მუშა. მიუხედავად იმისა რომ იგი არ იყო ანგარიშვალდებული
სამოქალაქო სექტორის მიმართ მან მაინც გადაწყვიტა თავისი საქმიანობა დაფარულად
ეწარმოებინა. ადგილობრივმა მოსახლეობამ იცოდა რომ პიგ-ფანის ტერიტორიაზე შენდებოდა
ხის სახერხი, რის გამოც იში და მისი კოლეგები ექსპერიმენტებისთვის განკუთვნილ პატიმრებს
„ხის მორებს“ („მარუტა“ იაპონურად) უწოდებდნენ.

1941 წელს სამხედროებმა სახელი შეუცვალეს იშის ჯგუფს და ამის შემდგეგ იგი ცნობილი იყო
როგორც 731 ერთეული. ოფიციალურ დოკუმენტებში პინგ-ფას ციხე ბანაკი აღნიშნული იყო
წყლის გამწმენდ დაწესებულებად, ხოლო იში დაინიშნა წყლის დასუფთავების ბიუროს
ხელმძღვანელად როგორც დიდი გამოცდილების მქონე ექსპერტს წყლის ფილტრაციის
საკითხებში, ეს იყო კარგი კონსპირაციული სვლა მისი ნამდვილი ქმედებების დასამალავად და
უფრო ფართო ასპარეზს აძლევდა მას თავის საქმიანობაში. იში და მისი იდეის მიმდევრები
არანაირ სიძნელეს არ აწყდებოდნენ იაპონიის წამყვანი მეცნიერების თავის კვლევებში ჩართვის
დროს. თუმცა არსებობდნენ ისეთებიც რომლებიც იძულებით მუშაობდნენ პინგ-ფას
„სიკვდილის“ ბანაკში. იშის თანამოაზრეები თვლიდნენ რომ იაპონელი ხალხის
კეთილდღეობისათვის ყოველგვარი ეთიკური ნორმის დარღვევა გამართლებული იყო. ომის
დასრულების შემდეგ ამ პროგრამის ერთ-ერთი მონაწილე თავის ჩვენებებში აღნიშნავდა რომ
იგი იძულებით გახდა ბიოლოგიური იარაღის წარმოების თანამონაწილე, თუმცა თვლიდა რომ
შირო დიდი მეცნიერი იყო და თავისი ქვეყნის კეთილდღეობისათვის იღწვოდა. თუმცა
არსებობდა სხვა მოსაზრებებიც, მაგალითად აკიმოტო სუეო თავის ჩვენებებში ამბობს: „ მე
შევუერთდი 731 ერთეულს 1944 წელს, ერთი თვის შემდეგ მე სრულ ინფორმაციას ვფლობდი. იქ
მუშაობა დავიწყე იმ რწმენით რომ მონაწილეობას მივიღებდი პროფილაქტიკური მედიცინის
კვლევებში, თუმცა მალევე მივხვდი რასთანაც მქონდა საქმე. სამჯერ გამოვთქვი პროტესტი ჩემს
ხელმძღვანელობასთან, რაზედაც მივიღე პასუხი რომ აქ მე ჩემი ნებით ვიყავი მოსული და
არანაირი უფლება არ მქონდა მიმეტოვებინა ეს კვლევები.“

იმ მსხვერპლთა რიცხვი რომელიც იშის და მისი კოლეგების ექსპერიმენტებს შეეწირა ზუსტად


არ არის დადგენილი. თუმცა მიახლოებითი ცნობებით მარტო პინგ-ფას ბანაკში დაღუპულთა
რაოდენობა 3000 აღემატება. მართალია პინგ-ფაში მომუშავე პერსონალი მათ მიერ ჩატარებული
სამუშაოს ზუსტ აღრიცხვას აწარმოებდა, მაგრამ მათ ჩანაწერებში არასოდეს არ იყო აღრიცხული
ექსპერიმენტებში გამოყენებული ადამიანების ვინაობა და წარმოშობა. თითოეულ პატიმარს
ეძლეოდა სამ ან ოთხ ციფრიანი ნომერი რომლის საშუალებითაც ხდებოდა მათი
იდენტიფიცირება, ეს ნომრები ამოტვიფრთული იყო სპეციალურ ფირფიტაზე და ნომრის
იდენტიფიცირება შესაძლებელი იყო მხოლოდ რენტგენის სხივების საშუალებით. ეს
ფირფიტები სხვა მაკომპრომანტირებელ მასალასთან ერთად გაქრა 1945 წელს. ციფრები
იწყებოდა 101-დან და ადიოდა 1500-მდე შემდეგ ისევ თავიდან იწყებოდა. სწორედ ამ
დოკუმენტაციის განადგურების შედეგია ის რომ იში შიროს სასტიკი ექსპერიმენტების
მსხვერპლის ზუსტი რაოდენობა დაუდგენელია. მრავალი წლის განმავლობაში პინგ-ფას ბანაკში
ათასობით ექსპერიმენტი ჩატარდა ადამიანებზე. მრავალი ასეთივე კვლევა მიმდინარეობდა სხვა
სატელიტურ ლაბორატორიაშიც. ტყვეებს უკეთებდნენ სხვადასხვა პათოგენური აგენტების
შემცველ ინექციებს რათა დაედგინათ თუ რომელი იყო უფრო ეფექტური ბიოლოგიური ომის
წარმოებისათვის. აგრეთვე მიმდინარეობდა ექპერიმენტები იმის დასადგენად თუ რა სახის
საკვები, ტანსაცმელი და სხვა საშუალებები იყო უფრო ხესაყრელი ბაქტერიული აგენტების
გავრცელებისათვის. პატიმრებს აძლევდნენ დასალევად სხვადასხვა პათოგენების შემცველ
სითხეს, რომ დაედგინათ ის ოპტიმალური დოზა რაც საჭირო იყო ბიოლოგიური ომის
საწარმოებლად. აგრეთვე ადმიანებზე და ცხოველებზე მიმდინარეობდა სხვადასხვა
ბიოლოგიური ბომბების და ჭურვების გამოცდა. ექსპერიმენტებში მონაწილე ტყვეები
ძირითადათ იღუპებოდნენ ორ ან ექვს კვირაში და მათ ადგილს მსხვერპლის ახალი ნაკადი
იკავებდა. გარდაცვლილებს უკეთდებოდა კრემაცია, ხოლო ექსპერიმენტებისათვის უკვე
გამოუსადეგარ პატიმრებს უკეთებდნენ სასიკვდილო დოზის საწამლავს ან ხვრეტდნენ. ყველა
პათოგენის წარმოება დიდი რაოდენობით მიმდინარეობდა პინ-ფანის ბანაკში. ბაქტერიების
მასიური წარმოებისათვის იშიმ შექმნა სპეციალური ბაქტერიული კულტურის გასაზრდელი
აპარატურა რომელიც 50-ჯერ აღემატებოდა მანამდე არსებულ სტანდარტულ ხელსაწყოს. გარდა
ამისა ბაქტერიული კულტურების გადათესვა ხდებოდა ავტომატიზირებული დანადგარის
საშუალებთ რაც საგრძნობლად ამცირებდა დაინფიცირების ალბათობას ტექნიკურ პერსონალს
შორის. ყოველ წელს პინ-ფანის ლაბორატორიებში აწარმოებდნენ ვაქცინებს რომლის
რაოდენობა 20 მილიონ დოზას აღემატებოდა. აქ აწაროებდნენ ტიფის, ჭირის, ჯილეხის,
ტეტანუსის და სხვა ვაქცინებს, რომელთა გამოცდაც ცოცხალ ადამიანებზე წარმოებდა.

მნიშვნელოვანი კველევები იქნა ჩატარებული იმის დასადგენად, თუ ბაქტერიების ან ვირუსების


რა მინიმალური დოზა იყო საჭირო 50% საექსპერიმენტო ობიექტების დასაინფიცირებლად, და
რა გზით იყო უფრო ხელსაყრელი ამა თუ იმ აგენტის გამოყენება. პინგ-ფას ციხის
საექსპერიმენტო ლაბორატორიის ერთ-ერთი სამუშაო ჯურნალის ჩანაწერებში ვკითხულობთ:

დაინფიცირების 50% გამოსავლინობის დოზები

აგენტი მინიმალური დაინფიცირების დოზა (50%)

ჯილეხი 10 მგ (კანქვეშ)
50.0 მგ (ორალურად)
ჭირი 10.6 მგ (კანქვეშ)
0.1 მგ (ორალურად)
ტიფი 0.4 მგ (ორალურად)
პარატიფი A და B 1.0მგ (ორალურად)
დიზინტერია 10.0 მგ (ორალურად)
ქოლერა 10.4 მგ (ორალურად)
ქოთაო 0.2 მგ (კანქვეშ)
სწორედ ასეთი ზუსტი გამოთვლების და ფარტომაშტაბიანი ექსპერიმენტების შედეგების
ამერიკისა და საბჭოთა კავშირის მხარისთვის გადაცემამ განაპირობა ის, რომ არც იში შირო და
არც სხვა იაპონიის ბიოლოგიურ პროგრამაში ჩართული პირი არ დასჯილა და მათ მიენიჭათ
ხელშეუხებლობის იმუნიტეტი.

იაპონიის ბიოლოგიური პროგრამის მსვლელობისას დიდი ყურადღება ექცეოდა აგრეთვე


მარცვლეული კულტურების გამანადგურებელი აგენტების შექმნას. შესწავლილი იყო
სხვადასხვა მარცვლეული და სხვა მცენარეული კულტურების დაავადებების გამომწვევი
სოკოები, ბაქტერიები და ნემატოდები რომლის გამოყენებას იაპონელები გეგმავდნენ
მანჯურიასა და ციმბირში. იშიმ და მისმა თანამზრახველებმა გამოყვეს და შეისწავლეს მრავალი
ბაქტერია და ვირუსი: ჯილეხის, ქოლერის, შავი ჭირის, ტეტანუსის, ტუბერკულოზის,
ტულარემიის და ტიფის. ბიოლოგიური იარაღისათვის ყველაზე ხელსაყრელ იარაღად აღიარეს
ჯილეხის და ჭირის გამომწვევი ბაქტერიები, რადგან სიკვდილიანობის პროცენტი ამ
დაავადებებში ყველაზე მაღალი იყო. იში მიიჩნევდა რომ ამ აგენტების გასავრცელებლად
ყველაზე ეფექტური იქნებოდა არტირელიური ჭურვები, ჰაერიდან ბაქტერიების გადმოფრქვევა
და ბომბები. ტომპსონის მონაცემების თანახმად 1940 წელს იაპონელებს ჰქონდათ ცხრა
სხვადასხვა სახის ბაქტერიული ბომბი. თუმცა იშიმ თავის ჩვენებაში აღნიშნა რომ ამ ცხრა
ბომბიდან მხოლოდ ერთი აკმაყოფილებდა ბიოლოგიური იარაღის ყველა პარამეტრს.
ბაქტერიული ბომბების გამოცდა მიმდინარეობდა მრავალ ადგილას, თუმცა შედეგები არც თუ
ისე წარმატებული იყო. როგორც ადრე ავღნიშნეთ იშიმ თავის ჩვენებაში განაცხადა რომ ყველა
ექსპერიმენტი ტარდებოდა მხოლოდ თავდაცვითი საშუალებების შესაქმნელად. იგი ჯიუტად
იმეორებდა რომ ყველა შეტევითი ხასიათის ბიოლოგიური იარაღის გამოცდა ტარდებოდა
მხოლოდ და მხოლოდ თავდაცვითი საშუალებების გამოსავლენად და სხვადასხვა
პრევენციული ზომების დასადგენად.

1939 წელს იში კმაყოფილი იყო თავისი ლაბორატორიული კვლევების შედეგებით და ნებართვა
ითხოვა პრაქტიკაში გამოეცადა თავისი მიღწევები. ამ დროს გავრცელდა ინფორმაცია, რომ
ჩინეთი და საბჭოთა კავშირი აწარმოებდა ბიოლოგიურ დივერსიას იაპონური ჯარების
წინააღმდეგ მანჯურიაში. კვანტუნგის არმიამ მძიმე დანაკარგები განიცადა საბჭოთა არმიასთან
შეტაკების დროს მონგოლეთისა და მანჯურიის საზღვრებთან. კვანტუნგის არმიის მთავარ
სარდალმა ნება დართო იშის გამოეცადა ბიოლოგიური იარაღი. 12 ივლისს იშიმ ჩამოაყალიბა
„თვითმკვლელების“ ორი 24 კაციანი რაზმი, რომელთაც ნავით გადაკვეთეს საზღვარი და
საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე მდინარე ჰალჰას ნაპირის გასწვრივ გაავრცელეს 122.5 კგ
სალმონელოზის და ტიფის ბაქტერიები. აქვე გამოყენებული იქნა ბაქტერიული ჭურვები.
შედეგები არც თუ ისე დამაჯერებელი აღმოჩნდა. ისევე როგორც საბჭოთა არმიის რიგებში ასევე
იაპონურ ჯარშიც იყო ქოლერის, დიზინტერიის და ტიფის შემთხვევები, თუმცა იმის დადგენა ეს
დაავადებები გამოიწვია იშის მიერ გავრცელებულმა პათოგენებმა თუ ანტისანიტარულმა
პირობებმა საკმაოდ რთულია. თუმცა ამის შემდეგ იშიმ მაინც შეძლო დაერწმუნებინა სამხედო
მაღალჩინოსნები რომ ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და მას სრული თავისუფლება მიეცა
გაეგრძელებინა მის მიერ შექმნილი ბიოლოგიური იარაღის გამოცდა ჩინეთის და მანჩუკოს
ტერიტორიებზე. 1939-დან 1942 წლებში მოსახლეობა ამ რეგიონებში ტერორიზებული იყო
გამუდმებული ბიოლოგიური ბომბების აფეთქებებით. ამ პერიოდში ჰარბინის მახლობლად
იფეთქა ტიფის ეპიდემიამ და 1000-მდე სასმელი წყლის ჭა დაბინძურდა ტიფის პათოგენით. 1940
წელს კი მანჩუკოს დედაქალაქში იფეთქა ქოლერის ეპიდემიამ. ორი წლის შემდეგ კი იშიმ და
მისმა თანამზრახველებმა ცენტრალურ ჩინეთში გაავრცელეს 130 კგ პარატიფის და ჯილეხის
ბაქტერია, რასაც ეპიდემია მოყვა. 1940 წელის 27 ოქტომბერს ქალაქ ნინგბოზე განხორციელდა
ფართომაშტაბიანი ბიოლოგიური თავდასხმა. შეტევა დაიწყო დილის 7 საათზე, 2000 მეტრი
სიმაღლიდან სამხედრო თვითმფრინავიდან ქალაქზე გადმოყარეს ჭირის გადამტანი მწერები,
ხორბალთან და ბამბასთან ერთად. „ჭირის მწერების“ გამოყენება უფრო მიზანშეწონილად
ჩაითვალა რადგან იმის ალბათობა რომ ჭირის ბაქტერია გადამტანი მწერის საშუალებით უფრო
ადვილად მიაღწევდა სამიზნე ობიექტამდე უფრო დიდი იყო, ხოლო მარცვლეული და ბამბა კი
უზრუნველყოფდა მწერების მიწაზე დაშვებას. პირველი ლეტალური შემთხვევა აღირიცხა 4
დღის შემდეგ, ნოემბრის დასაწყისისათვის უკვე ცნობილი გახდა რომ დაავადებამ ეპიდემიის
სახე მიიღო, ის მიდამოები კონტამინირებული იყო და ამიტომ დახურულ ზონად გამოცხადდა.
ჭირის ეპიდემია დასრულდა 2 დეკემბერს და სულ აღირიცხა 106 ლეტალური შემთვევა. ეს
შეტევა იყო ერთ-ერთი ყველაზე უფრო ლეტალური იმ შეტევებიდან რომელიც განხორციელდა
ჩინეთის ამ პროვინციაში, თუმცა ბიოლოგიური ომის წარმატებულობის კუთხით არც თუ ისე
ეფექტური იყო. პირველ რიგში იმიტომ რომ ამ ტიპის ბაქტერიის გამოყენებამ მყისიერად
გამოიწვია ინფექცია და შესაბამისად საპასუხო რეაქცია დაზარალებული მოსახლებოის
მხრიდან, ხოლო რაც შეეხება თვითონ მოიერეშე მხარეს მან სათანადოდ ვერ გათვალა თუ რა
მაშტაბებს მიიღებდა ეპიდემია და ამიტომ უფრო დიდი მოლოდინი ქონდა. ერთ-ერთ თავის
ანგარიშში 1941 წელს იში შირო წერდა: „ ეს არც ისე ადვილია როგორც ზოგიერთებს
წარმოუდგენიათ და ფიქრობენ - ინფექციური დაავადების გეგმიური გავრცელება. მაშინ
როდესაც ინფექციური დაავადება ბუნებრივად ადვილად ვრცელდება, ხელოვნურად მისი
გავრცელება მრავალ გაუთვალისწინებელ და მოულოდნელ წინააღმდეგობას აწყდება და დიდი
შრომა, ძალისხმევა და მონდომებაა საჭირო ამ წინააღმდეგობების დასაძლევად. “
ნინგბოზე შეტევიდან ერთი თვის გასვლის შემდეგ ჩინელებმა დაიწყეს ბიოლოგიური ომის
საწინააღმდეგო პრევენციული ზომების გატარება. 28 ნოემბერს ჩინეთის ქალაქ ჩანჰუას
მშვიდობიან მოსახლეობაზე იაპონელების მხრიდან განხორციელდა ბიოლოგიური შეტევა.
როგორც თვითმხილველები აღწერდნენ სამმა თვითმფრინავმა გადაიფრინა ქალაქის თავზე და
გადმოყარა მცირე ზომის გრანულები. ამ საეჭვო გრანულებს ჩაუტარდა ექსპერტიზა და
დადგინდა რომ ისინი შეიცავდნენ ჭირის ბაქტერიებს. მოსახლეობა გაფრთხილებული იყო და
მიეცათ მითითება შეძლებისდაგვარად არ გამოსულიყვნენ გარეთ. იაპონელების ეს მცდელობა
წარუმატებლად დასრულდა ჩანჰუანში არ დაფიქსირდა არცერთი შემთხვევა ჭირით
დაინფიცირებისა. რადაგანაც მშვიდობიან მოსახლეობაზე ჭირის გამომწვევი ბაქტერიების
გამოყენება უმეტეს შემთხვევაში წარუმატებლობით დასრულდა 1942 წლიდან იაპონელებმა
გადაწყვიტეს ბიოლოგიური შეტევები განეხორციელებინათ სამხედრო ჯარებზე. აპრილში იში
შიროს მეთაურობით ჩზეჟანის მიდამოებზე განხორციელდა მასიური ბიოლოგიური შეტევა. ამ
შეტევის დროს გამოყენებული იქნა უმეტესად ქოლერის და ჭირის გამომწვევი ბაქტერიები.
ოპერაციის შედეგად ქოლერით დაინფიცირდა 10.000 ადამიანი, ხოლო ჭირით
დაინფიცირებულთა შემთხვევა არ დაფიქსირდა. ეს ბიოლოგიური შეტევა ჩაითვალა
წარმატებულად რადგან დაინფიცირებულთა რიცხვი საკმაოდ დიდი იყო. თუმცა სამხედრო
თვალსაზრისით ეს იაპონელებისათვის არც თუ ისე სახარბიელო შედეგი იყო რადგან ქოლერით
დაინფიცირებულთა შორის 1 700 იაპონელი ჯარისკაცი იყო.
ამდენი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ იაპონიის არმიის გენერალიტეტმა დაკარგა რწმენა
მასიური მოქმედების ბიოლოგიური იარაღის შექმნის შესაძლებლობაზე. გადაწყდა რომ
აუცილებელი იყო ახალი ტიპის იარაღის შექმნა რომელიც უზრუნველყოფდა იაპონელი
ჯარისკაცების უსაფრთხოებას. იში შირომ გადაწყვიტა შეექმნა ისეთი ბომბი ან ჭურვი
რომელშიც შესაძლებელი იქნებოდა ბაქტრეიების ჩანერგვა და ამ ბომბის ან ჭურვის აფეთქების
შედეგად ბაქტერია არ დაკარგავდა თავის ვირულენტობას და გამანადგურებელ ზიანს
მიაყენებდა მტერს. ამ ამოცანის გადასაჭრელად საჭირო იყო ორი პირობის დაკმაყოფილება: 1.
აუცილებელი იყო პათოგენების სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნება ხანგრძლივი პერიოდის
მანძილზე; 2. საჭირო იყო ისეთი ჭურვის ან ბომბის შექმნა რომელის ასაფეთქებლად ნაკლები
ძალა იქნებოდა საჭირო რაც უძრუნველყოფდა პათოგენების სითბური შოკიდან დაზიანების
თავიდან აცილებას. გარდა ამისა იმ შემთხვევაში თუ შესაძლებელი გახდებოდა
„ადვილადმსხვრევადი“ ბომბის შექმნა აუცილებელი იყო სწორად შერჩეულიყო ის პათოგენი
რომლითაც მოხდებოდა ამ ტიპის ბომბების შევსება. რადგანაც ბაქტერიული ჭურვის ან ბომბის
ჩამოგდების შემთხვევაში დაინფიცირდებოდა მხოლოდ ის პიროვნებები რომლებიც აფეთქების
ზონაში მოხვდებოდნენ, ეს არ იქნებოდა სასურველი შედეგის მომტანი აუცილებელი იყო რომ
მომხდარიყო ბაქტერიების გავრცელება. ყველაფერი ამის გათვალისწინებით გადაწყდა რომ
ყველაზე ეფექტური მეთოდი იქნებოდა „ადვილადმსხვრევადი ბომების“ ჭირის გადამტანი
მწერებით შევსება. შეიქმნა კერამიკული თიხის ბომბი რომელიც გაკეთებული იყო
დიატომიზირებული მიწისაგან (მთის ნალექი ქანები რომლებიც შეიცავენ მიკროსკოპულ
წყალმცენარეებს). ამ ბომბის შექმნაში იშის ძალიან გამოადგა მისი გამოცდილება წლის
ფილტრაციის საკითში. რადგან წყლის გამწმენდ დაწესებულებებში იყენებდნენ ფილტრებს
რომელიც დამზადებული დიატომიზირებული ქანებიდან. ამ ბომბების ასაფეთქებლად ძალზედ
მცირე მუხტი იყო საჭირო და ამიტომ „ჭირის მწერები“ არ დაზიანდებოდნენ აფეთქების
შედეგად. ბომბები ცნობილი იყო „იშის ბაქტერიული ბომბების სახელწოდებით“ რომელთა
მასიური წარმოება დაიწყო 1944 წლის დასასრულისათვის და 1945 წლის დასაწყისისათვის
ათასობით ასეთი ბომბი იყო დამზადებული.
იში შირო უდაოდ წარმოადგენდა ძირითად ფიგურას იპონიის ბიოლოგიური იარაღის
წარმოების პროგრამაში, მაგრამ იგი მარტო არ მოქმედებდა. ამ პროგრამას ხელმძვანელობდა და
მფარველობდა ტოკიოს სამხედრო ძალების და კვანტუნგის არმიის მთავარსარდლობა. იშის
პარალელურად ამ პროგრამაზე სხვებიც მუშაობდნენ. ერთ-ერთი წამყვანი როლი ამ ოპერაციის
განხორციელებაში ეკისრებოდა გენერალ კიტანო მასაჯის რომელიც ხელმძღვანელობდა
ქვეჯგუფ 100. 1942-45 წლებში მისი უშუალო მონაწილობით ან ბრძანებით სიცოცხლეს
გამოასალმეს ათასობით ჩინელი და კორეელი, ბიოლოგიური იარაღის ტესტირების დროს. ომის
შემდგომ პერიოდში კიტანომ, მას შემდეგ რაც მას აშშ-მ ხელშეუხებლობის იმუნიტეტი მიანიჭა,
ამერიკელ მეცნიერებს გადასცა თავისი კვლევების ტექნოლოგიები. მართალია ჩანაწერების
უმეტესი ნაწილი განადგურებული იყო ომის შემდგომ, კიტანომ თავისი ექსპერიმენტების
დეტალური აღწერა მიაწოდა ამერიკელ მეცნიერებს. იგი ძირითადად მუშაობდა ყვითელი ციებ-
ცხელების გამომწვევ პათოგენებზე რაშიც მისი თქმით მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რგოლი, ბიოლოგიური იარაღის წარმოების პროგრამაში, მუშაობდა
მცენარეებისა და ცხოველების ინფიცირების საკითხებზე. თუმცა ისინიც თავიანთ
ექსპერიმენტებში ცოცხალ ადამიანებს იყენებდნენ. ეს ჯგუფი მუშაობდა იმ მეთოდებზე რისი
საშუალებითაც შესაძლებელი გახდებოდა ბაქტერიების და ვირულენტური შხამების
გავრცელება ცხოველებში მათი მასიური განადგურების მიზნით. საცდელ მასალას მათი
კვლევებისათვის ადამიანები და ცხოველები შეადგენდნენ. ამ ჯგუფის მიერ 1941 -1942 წლებში
შეიქმნა 1000 კგ ჯილეხის, 500 კგ ცხვრის წყლულის და 100 კგ ქოთაოს ბაქტერია, აგრეთვე დიდი
რაოდენობით ჰერბიციდები და პესტიციდები.
ათასობით ჩინელი და სხვა ეროვნების წარმომადგენელი გამოასალმა სიცოცხლეს 731 და 100
ქვეჯგუფის ექსპერიმენტებმა. დივერსანტები წამლავდნენ სასმელ წყალს, ექიმები სხვადასხვა
პათოგენურ ინექციებს უკეთებდნენ პაციენტებს და იწვევდნენ ქოლერის, შავი ჭირის და სხვა
ინფექციური დაავადებების ეპიდემიურ აფეთქებებს. მცენარეები, ცხოველები და ადამიანები
სერიოზულად იყვნენ დაინფიცირებულები. მოსახლეობა აგრეთვე ავადდებოდა საკვებიდან,
რადგან მარცვლეული მოწამლული იყო სხვადასხვა ტიპის პესტიციდებით. იაპონიის სამხედრო
სამსახური აფინანსებდა კიდევ მრავალ სხვა ქვეჯგუფებს რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ
ბიოლოგიური იარაღის წარმოებაში. ასეთი ქვეჯგუფები იყო კანტონში, ბეიჟინში, სინგაპურსა და
შანხაიში.

1944 წლის ნოემბერში იაპონელები ვარაუდობდნენ დიდი საჰაერო ბუშტების საშუალებით


გაყინული მშრალი ბაქტერიების შემცველი ბომბების გადატანას ჩრდილოეთ ამერიკაში. მათი
გადატანა მოსახერხებელი იყო ზამთარში, რადგან ქარის დახმარებით მათი გადაადგილება
გაადვილებული იქნებოდა. მაგრამ ეს პროექტი არ განხორციელდა რადგანაც იაპონიის პრემიერ
მინისტრმა, რომლისთვისაც უკვე ცნობილი იყო რომ იაპონიამ ომი წააგო, აკრძალა ამ გეგმის
სისრულეში მოყვანა. ამრიგად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბიოლოგიური დივერსია შეჩერებული
იქნა თავიდანვე.

მეორე განუხორციელებელი მცდელობა ცნობილია „ალუბლების ყვავილები ღამით“ ოპერაციის


სახელწოდებით. ეს იყო საკუთრივ იში შიროს მოფიქრებული ოპერციის გეგემა და კოდური
დასახელებაც მისი შერჩეული იყო. ამ გეგმის თანახმად ღამის განმავლობაში თვითმფრინავების
საშუალებით უნდა გაევრცელებინათ ჭირი კალიფორნიის სანაპიროზე. I-400 კლასის ხუთი
ახალი წყალქვეშა გემი უნდა გასულიყო წყნარ ოკეანეში რომლის თითოეულ ბორტზეც
განთავსებული იქნებოდა სამი M6A Seiran ტიპის საჰაერო ბომბდამშენი, ჭირის გადამტანი
მწერებით დატვირთული. წყალქვეშა გემები სან-დიეგოს სანაპიროსთან უნდა ამოსულიყვნენ
წყლის ზედაპირზე და აქედან სამხედრო თვითმფრინავები გაფრენილიყვნენ სამიზნე
ადგილებისაკენ. ამ ოპერაციის განხორციელების შედეგად დაინფიცირდებოდა და
დაიღუპებოდა ათასობით ადამიანი. ეს მისია აგრეთვე საკმაოდ სარისკო იქნებოდა თვით
პილოტებისათვის. ერთ-ერთი პილოტი იხსენებდა ამ გეგმას 1998 წელს: „ ალუბლების
ყვავილები ღამით“ კამიკაძის მისიის შესახებ მე თვით იში შირომ შემატყობინა. მე გავიგე რომ
უნდა გამევრცელებინა დაინფიცირებული მწერები მტრის ტერიტორიაზე რათა მომხდარიყო
მოსახლეობის ჭირით დასნეულება“ამ გეგმის განხორციელება უნდა დაწყებულიყო 1945 წლის
22 სექტემბერს, მაგრამ ამ გეგმას ვეტო დაადო მთავარსარდალმა , ხოლო 1945 წლის 15 აგვისტოს
იაპონია ჩაბარდა. ამ დროისათვის I-400 კლასის მხოლოდ 3 წყალქვეშა გემი არსებობდა , მაგრამ
სავარაუდოდ სექტემრისათვის დასრულდებოდა კიდევ 2-ის აგება.

ნამდვილად უდაოა რომ იაპონიის ბიოლოიური იარაღის წარმოების პროგრამა


განსაცვიფრებელი და შემაძრწუნებელია თავისი მაშტაბებით და სისასტიკით. 2002 წელს
ჩატარებულ საერთაშორისო სიმპოზიუმზე, რომელიც ეძღვნებოდა „ბაქტერიული ომის
მსხვერპლებს“, გამოითქვა მოსაზრება, რომ იაპონიიის იმპერიული ჯარის მიერ
განხორციელებული ბაქტერიული ომის შედეგად დაღუპული ადამიანების რიცხვი
დაახლოებით 580,000 აღწევდა. ალტერნატიულ წყაროებზე დაყრდნობით, ასი ათასობით და
შესლებელია დაახლოებით 400, 000 მხოლოდ ჩინელი დაიღუპა წყლულოვანი ჭირით, ქოლერით
და სხვა ინფექციური დაავადებებით რომელთაც იაპონელები იყენებდნენ ბიო-ომის წარმოების
დროს. ძალიან ძნელია იმის ახსნა თუ როგორ მოახერხა იაპონიის მთავრობამ ამდენი
უდანაშაულო ადამიანის განადგურება ისე რომ არანაირ პასუხისმგებლობას არ გრძნობდნენ
საერთაშორისო კანონების მიმართ. თუმცა იმის გათვალისწინებით რომ იაპონიის მთავრობა
1930-1945 წლებში ძირითადად წარმოდგენილი იყო სამხედროებით და იაპონელი ფანატიკოსი
მეომრები უსიტყვოდ ემორჩილებოდნენ უფროსების ბრძანებას ასეთი ქმედება არც თუ ისე
გასაკვირი ხდება. მანჯურიის დაპყრობის შემდეგ, იაპონიის მთვრობაში დომინირებდნენ
სამხედროები, რომლებმაც უარყვეს 1920 -იანების შიდეჰარას პოლიტიკა. შიდეჰარა ცდილობდა
დაახლოებას დასავლეთთან და მხარს უჭერდა განიარაღების პოლიტიკას. შესუსტდა აგრეთვე
იმპერატორის ძალაუფლება. ბუშიდოს კოდის თანახმად არანაირი თანაგრძნობის გამოხატვა არ
შეიძლებოდა დაჭრილი ან ტყვედ აყვანილი მეომრების მიმართ. ამიტომაც პინგ-ფას ბანაკში
ტყვეებს განსაკუთრებული სისასტიკით ეპყრობოდნენ. იაპონიის ბიოლოგიური პროგრამის
ლიდერები კმაყოფილები იყვნენ ამ სფეროში მიღწეული შედეგებით. მიუხედავად იმისა რომ ამ
პროგრამის განხორციელებაზე დაიხარჯა დიდი რაოდენობით თანხა, კვლევები მიმდინარეობდა
ინტენსიურად სხვადასხვა წერტილებში, მრავალი წამყვანი მეცნიერების და ექიმების
მონაწილეობით, მაინც ვერ მოხერხდა ამ გაწეული ძალისხმევის ადექვატური ბიოლოგიური
იარაღის შექმნა. ეს წარუმატებლობა პირველ რიგში განპირობებული იყო ორგანიზაციული
სისუსტით. პროგრამას აკლდა კოორდინაცია, ძალზედ იყო დაქსაქსული და სხვადასხვა
რგოლებს შორის არ ხდებოდა ინფორმაციის გაცვლა. დოკუმენტური მასალის არ არსებობის
გამო რთულია იაპონური გენერალიტეტის როლის შეფასება ამ პროგრამის განხორციელებაში.
ცნობილია რომ სამხედრო მაღალ-ჩინოსნებს შორის იყვნენ პირები რომლებიც
ეწინააღმდეგებოდნენ ამ პროექტს, თუმცა რამდენად ხელისშემშლელი იყო ეს ფაქტორი
დაუდგენელია. მრავალი კითხვა ჯერ კიდევ პასუხის გარეშეა დარჩენილი. იაპონიის მთავრობა
უარს აცხადებს საარქივო მასალების გახსნაზე. 1966 წელს საყოველთაოდ აღიარებული,
ინფორმაციის თავისუფლების კანონის მიუხედავად, ზოგიერთი სახელმწიფო კვლავ უარს
ამბობს ინფორმაციის გაცემაზე სახელმწიფოებრივი უსაფრთხოების შენარჩუნების მიზნით.
საბჭოთა კავშირის საარქივო მასალებიც შეიცავენ ინფორმაციას იაპონიის ბიოლოგიური
იარაღის პროგრამის შესახებ, მაგრამ 1990 წელს გამოქვეყნდა ამ დოკუმენტების მხოლოდ მცირე
ნაწილი. იაპონიის ბიოლოგიური იარაღის წარმოების პროგრამის სრული შეფასება
შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მთავრობა სააშკარაოზე გამოიტანს საარქივო
მასალებს.

You might also like