You are on page 1of 9

ნერვული სისტემის ინდივიდუალური და ისტორიული განვითარების ძირითადი

თავისებურებები.

ევოლუციის პროცესში ნერვული სისტემის სტრუქტურული ორგანიზაციის


სამ ძირითად ტიპს გამოყოფენ: დიფუზურს, კვანძოვანს და მილისებურს.
დიფუზური ნერვული სისტემა ყველაზე ძველია და გვხვდება ნაწლავღრუიანებში
(მაგ. ჰიდრაში). ასეთი ტიპისთვის დამახასიათებელია მეზობელ ნერვულ
ელემენტებს შრის მრავლობითი კავშირების არსებობა, რის შედეგადაც წარმოიქმნება
ნერვული ბადე. ნერვულ ბადეში აგზნებას შეუძლია თავისუფლად გავრცელდეს
ნებისმიერი მიმართულებით. მრავალმხრივი კავშირების არსებობა უზრუნველყოფს
დიფუზური სისტემის ფუნქციონირებაში საიმედოობის მაღალ ხარისხს (მაღალი
გარანტიის ფაქტორს), მაგრამ ნერვულ ბადეში აგზნება ვრცელდება ნელა და თანაც
ყველა მიმართულებით, რის გამოც ცხოველის რეაქციები შედარებით ნელია და
ნაკლებად ზუსტი.
ნაწლავღრუიანი ცხოველების ნერვულ სისტემაში შეიმჩნევა ნერვული
უჯრედების ერთგვარი ფუნქციური დიფერენცირება. ნეირონების ერთი ნაწილი
დაკავშირებულია შემკუმშავ ელემენტებთან - მიოეპითელურ უჯრედებთან. ასეთი
ნეირონების აგზნების დროს მოქმედებაში მოდის შემკუმშავი ელემენტები და
ხორციელდება მოტორული რეაქცია. ამიტომაც მათ მამოძრავებელ უჯრედებს ანუ
მოტონეირონებს უწოდებენ. ზოგიერთი უჯრედი უშალოდ მიმღებლობს გარემო
ფაქტორების (გამღიაზიანებლების) ზემოქმედებას. მათ მგრძნობიარე ანუ სენსორულ
უჯრედებს უწოდებენ. მგრძნობიარე უჯრედები მიღებულ ინფორმაციას გადასცემს
ნერვული ბადის შემქმნელ უჯრედებს ანუ შუამდებარე ნეირონებს. ნერვულ ბადეში
შემოსული ინფორმაცია გადამუშავდება შუამდებარე ნეირონების მიერ და შემდეგ
გადაეცემა მოტონეირონებს.
ევოლუციური განვითარების შემდგომ ეტაპზე
ნერვულ კვანძებში ხდება პერიფერიიდან მიღებული ინფორმაციის გადამუშავება და
ანალიზი. აგრეთვე საპასუხო ინფორმაციის გაგზავნა პერიფერიაზე. ამასთან ერთად
ჩამოყალიბდა სპეციალური გამტარი სისტემები, რომლებსაც ინფორმაცია შინაგანი
და გარეგანი გარემოს შესახებ მიაქვს პერიფერიიდან ნერვული კვანძებისკენ, ხოლო
საპასუხო ინფორმაცია - კვანძებიდან პერიფერიისკენ. პირველს უწოდეს
ცენტრისკენული ანუ აფერენტული სისტემა, მეორეს კი ცენტრიდანული ანუ
ეფერენტული. ნერვული სისტემის დიფერენცირება ცენტრალურ და პერიფერიულ
ნაწილებად აღინიშნა როგორც ცენტრალიზაციის პროცესი.
ნერვული სისტემის კვანძოვანი ტიპი აქვს: მწერებს, ჭიებს, მოლუსკებს,
კიბოსნაირებს. ეს ტიპი ხასიათდება იმით, რომ ნერვულ უჯრედთა კავშირები
ორგანიზებულია გარკვეული წესით: აგზნება ვრცელდება მკაცრად განსაზღვრული
გზით. ასეთი ნერვული სისტემის საშუალებით ხორციელდება სწრაფი და ზუსტი
რეაქციები, მაგრამ შედარებით დაბალია მისი საიმედოობის ხარისხი: ერთი
რომელიმე კვანძის დაზიანება ორგანიზმის გარკვეული ფუნქციის მთლიან მოშლას
განაპირობებს.
ნერვული სისტემის მილისებური ტიპი ახასიათებს ქორდიანებს. მილისებურს მას
იმიტომ უწოდებენ, რომ ჩანასახის განვითარების სამფურცლოვან სტადიაზე გარეთა
ფურცლის (ექტოდერმის) ჩაზნექვის შედეგად ჯერ წარმოიშობა ღარისებრი, ხოლო
შედეგ მილისებრი სტრუქტურა - ე.წ. ნერვული მილი (იხ. ქვემოთ). ნერვული მილი
დასაწყისს აძლევს მთელ ნერვულ სისტემას და მისი უდიდესი ნაწილი ონტოგენეზის
მთელ მანძილზე მილისებრ ფორმას ინარჩუნებს. ნერვული სისტემის მილისებური
ტიპი ყველაზე უფრო სრულყოფილია. მას ახასიათებს საიმედოობის მაღალი ხარისხი
(როგორც დიფუზურ ტიპს) და რეაქციათა ლოკალურობა, სიზუსტე და დიდი
სისწრაფე (როგორც კვანძოვან ტიპს). გარდა ამისა, მილისებრ ტიპს ევოლუციის
პროცესში განუვითარდა თვისობრივად ახალი ნიშნების მთელი რიგი.
ცოცხალ ორგანიზმებზე გარე სამყაროს მუდმივმა მოქმედებამ განაპირობა
მილისებური ნერვული სისტემის შემდგომი განვითარება. პროგრესული
მიმართულებით (წინა მიმართულებით) ცხოველის აქტიური მოძრაობის გამო,
ორგანიზმის სასიცოცხლო რეაქციების მარეგულირებელმა სისტემებმა თავი მოიყარა
ძირითადად ნერვული მილის წინა ნაწილში, ანუ მოხდა ფუნქციათა ცეფალიზაცია.
ამან გამოიწვია ნერვული მილის წინა ნაწილის ზომაში გაზრდა და მისი
სტრუქტურის გართულება. საბოლოოდ იგი ჩამოყალიბდა როგორც თავის ტვინი,
ნერვული სისტემის დანარჩენი ნაწილიდან კი განვითარდა ზურგის ტვინი.
ემბრიონალური (ჩანასახოვანი) განვითარების დროს, ყველა ხერხემლიანში ნერვული
მილის წინა ნაწილში სამი, ორმხრივად სიმეტრიული გაფართოება იკვეთება, წინა
ტვინი, შუა ტვინი და უკანა ტვინი. ხერხემლიანების ევოლუციის პერიოდში, თავის
ტვინის შემდგომი ფუნქციური დაყოფა გრძელდება. ამ განაწილებამ ფრინველებსა და
ძუძუმწოვრებში ბევრად უფრო დიდი წინა ტვინის განვითარება განაპირობა, რითაც
გაზიარდა კომპლექსური ინტეგრაციის შესაძლებლობები.
ემბრიონალური განვითარების მეხუთე კვირაში სამი პირველადი გაფართოებიდან
ყალიბდება თავის ტვინის ხუთი განყოფილება. წინა ტვინიდან ვითარდება საბოლოო ტვინი
(telencephalon) და შუამდებარე ტვინი (diencephalon) ; შუა ტვინიდან ვითარდება
მეზენცეფალონი (ზრდასრულებში მას ისევ შუა ტვინს უწოდებენ); უკანა ტვინიდან
ვითარდება myelencephalon და უკანა ტვინი (metencephalon).
ვინაიდან ადმაიანის თავის ტვინი განაგრძობს განვითარებას, ძალიან მნიშვნელოვანი
ცვლილებები ვლინდება ტელენცეფალონში - წინა ტვინის იმ ზონაში, რომლიდანაც დიდი
ტვინი - ცერებრუმი წარმოიქმნება. ტელენცეფალონის სწრაფი და ინტენსიური ზრდა მეორე
და მესამე თვეებში ცერებრუმის გარეთა ნაწილის ე.წ. ცერებრალური კოტექსის ანუ ქერქის
განვითარებას იწვევს. ხერეხემლიანთა ისტორიული განვითარების ადრეულ პერიოდში
ჩამოყალიბებული წინა ტვინის ნაწილიდან - დიენცეფალონიდან, მთავარი ცენტრები
-თალამუსი, ჰიპოთალამუსი და ეპითალამუსი ვითარდება.
შუა და უკანა ტვინიდან წარმოქმნილი სამი ზონა დასაბამს აძლევს თავის ტვინის ღეროს -
სტრუქტურების კრებულს თავის ტვინის სიღრმეში. ზრდასრულების თავის ტვინის ღერო
შედგება შუა ტვინის (რომელიც ვითარდება მეზენცეფალონიდან), ხიდისა (რომელიც
ვითარდება მეტენცეფალონიდან) და მოგრძო ტვინისგან (რომელიც ვიტარდება
მიელენცეფალონიდან). მეტენცეფალონიდან წარმოიქმნება თავის ტვინის სხვა
მნიშვნელოვანი ცენტრი - ნათხემი, რომელიც თავის ტვინის ღეროს შემადგენლობაში არ
შედის.
ნერვულ სისტემაში, ისევე როგორც სხვა ორგანოებში, უჯრედების დიფერენცირება არის
კომპლექსური პროგრამის მოქმედების შედეგი, რომელიც სპეციფიკური გენების ექსპრესიას
უზრუნველყოფს. ფაქტორების ორი მთავარი ჯგუფი განსაზღვრავს იმას, თუ უჯრედში
რომელი კონკრეტული გენები ექსპრესირდება. 1. მაინდუცირებელი ფაქტორები,
წარმოადგენენ სასიგნალო მოლეკულებს რომლებიც სხვა უჯრედების მიერ წარმოიქმნება. ეს
ფაქტორები თავისუფლად დიფუნდირებადია და აქედან გამომდინარე თავიანთ
ზემოქმედებას დიდ დისტანციებზე ახორციელებენ. რამდენადაც ცნობილია ემბრიონის
სხვადასხვა უბანში განსხვავებული უჯრედები განსხვავებული მაინდუცირებელი
ფაქტორების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებიან და ის პოზიცია, რომელსაც უჯრედი
განვითარების ადრეულ სტადიებზე იკავებს მისი ბედის განსაზღვრისთვის კრიტიკულია. 2.
ჯგუფის მოლეკულები საკუთრივ უჯრედების შიგნით წარმოიქმნებიან და სხვა
უჯრედებიდან მოსული მაინდუცირებელი ფაქტორების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებიან. ეს
მოლეკულები მოიცავს ზედაპირის რეცეპტორებს რომლებიც მაინდუცირებელი ფაქტორების
ეფექტების მედიატორები არიან. აღნიშნული რეცეპტორების აქტივაცია იწვევს
ტრანქსკრიფციის ფაქტორების მოდულირებას და ამ გზით არეგულირებს იმ გენთა
ექსპრესიას, რომლებშიც უჯრედისთვის სპეციფიკური ფუნქციის მქონე ცილების შესახებ
ინფორმაციაა ჩაწერილი. უჯრედის უნარს უპასუხოს მაინდუცირებელ სიგნალებს
კომპეტენციას უწოდებენ და ის დამოკიდებულია რეცეპტორებზე, ტრანსდუქციის
მოლეკულებზე და ტრანსკრიფციის ფაქტორებზე რომლებიც უჯრედში სინთეზირდებიან.
ე.ი. გამოდის, რომ ნერვული სისტემის დიდი მრავალფეროვნების მქონე უჯრედული
ტიპების წარმოშობა დამოკიდებულია ექსტრაცელულარულ სიგნალებზე
(მაინდუცირებლებზე) რომლებიც რთავენ ნერვული ფირფიტის განვითარებას და
ინტრაცელულარულ მანქანაზე, რომელიც არეგულირებს მაინდუცირებლებზე პასუხს.
1924 წელს სპემანისა და ჰილდის მიერ ნაჩვენები იქნა, რომ ექტოდერმიდან ნერვული
ფირფიტის დიფერენციაცია იმ სიგნალებზეა დამოკიდებული, რომლებიც უჯრედების
სპეციალიზებული ჯგუფის მიერ სეკრეტირდება. უჯრედების აღნიშნულ ჯგუფს
მაორგანიზებელი უბანი ეწოდა და ის მეზოდერმის ნაწილია. აღნიშნული მიუთითებს, რომ
ნერვული სისტემის განვითარების გამომწვევი არანეირონული უჯრედებიდან მოსული
სიგნალებია.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მიუხედავად იმისა რომ არსებობს მნიშვნელოვანი
განსხვავებები ხერხემლიანებისა და უხერხემლოების ნერვულ სისტემებს შორის, სასიგნალო
მოლეკულები რომლებიც პასუხისმგებლები არიან განვითარებადი ნეირონების
დიფერენცირებაზე ცხოველთა ევოლუციის განმავლობაში მაღალი ხარისხით
შენარჩუნებულია და გენეტიკური ინფორმაციის ეკონომიური გამოყენების პრინციპს
ექვემდებარება. განსხვავებულ ორგანიზმებში არა მარტო ერთი და იგივე სასიგნალო
მოლეკულები გამოიყენება, არამედ ამ სიგნალების რეცეპტორებიც ასევე მსგავსია. გარდა
ამისა ერთი ორგანიზმის შიგნით განვითარების სხვადასხვა სტადიებზე ერთი და იგივე
პროცესები გამოიყენება.
ბოლო რამდენიმე დეკადის მანძილზე ცხადი გახდა რომ გამრავლების ანუ
რეპროდუქციული სისტემა ტვინზეა დამოკიდებული. აქედან გამომდინარე ტვინის ის
უბნები, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართულნი გამრავლებაში შესაძლოა ასევე განიცდიდეს
ჰორმონზე დამოკიდებულ სქესობრივ დიფერენციაციას.
ტვინის განსაკუთრებული უბნები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ რეპროდუქციული
ქცევის, გონადური ფუნქციისა და ოვულაციის ჩამოყალიბებაში.
სასქესო ჰორმონების ზემოქმედებით შეიძლება გენეტიკურად მდედრში მოხდეს მამრისთვის
დამახასიათებელი ქცევის ჩამოყალიბება და პირიქით. ექსპერიმენტულად ნაჩვენები იყო,
რომ მდედრი ვირთაგვები, რომლებსაც შეყვანილი ჰქონდათ ტესტოსტერონი (მამრობითი
სასქესო ჰორმონი) პერმანენტულად თრგუნავდნენ მდედრ სქესობრივ ქცევას და იძნედნენ
მამრისთვის დამახასიათებელ თვისებებს.
სასქესო ჰორმონებს როგორ შეუძლიათ გავლენა მოახდინონ ტვინზე? სტეროიდები
ნეირონებზე სულ მცირე ორი გზით შეიძლება მოქმედებდნენ. ერთი არის კლასიკური გზა,
რომელიც მოიცავს სტეროიდების რეცეპტორებს, რომლებიც სტეროიდებით აქტივაციისას ამა
თუ იმ გენების დათრგუნვას ან აქტივაციას იწვევენ. ეს უნდა იყოს ის გზა, რომლითაც
ჰორმონები ე.წ. ორგანიზაციულ ეფექტებს უნდა იწვევდნენ და რაც მდგომარეობს ნერვული
სისტემის განვითარების ადრეულ სტადიებზე, ჰორმონის პერმანენტული ეფექტების
ჩამოყალიბებაში. მეორე გზა კი არის სტეროიდების მოქმედება უშუალოდ უჯრედის
მემბრანაზე და ამ გზით ნეირონებზე გავლენის მოხდენა. ეს გზა დეტალურად შესწავლილი
და გამოკვლეული არ არის.
ტვინის სქესობრივი განსხვავებები ნაწილობრივ მაინც დაკავშირებული უნდა იყოს ნერვული
სისტემის სტრუქტურის სქესობრივ განსხვავებებთან. ჰიპოთალამუსის მედიალური
პრეოპტიკური უბნის შემთხვევაში კარგად გამოხატულია სქესობრივი განსხვავებები.
სინაფსების რაოდენობის და ქაცვების თვალსაზრისით ვირთაგვები, რომლებიც
პოსტნატალურად ჰორმონებით მუშავდებოდნენ, ამ სქესობრივ დიმორფიზმს აღარ
ამჟღავნებდნენ.
ასევე მნიშვნელოვანი განსხვავებებია ნანახი ნეირონების ჯგუფში, რომელთან პრეოპტიკური
უბნის სქესობრივად დიმორფულ ბირთვს უწოდებენ. ამ ბირთვის მოცულობა დაახლოებით
5-ჯერ უფრო დიდია მამრებში, ვიდრე მდედრებში. ასევე არსებობს განსხვავებები
ცერებრალური კორტექსის სისქის თვალსაზრისითაც, კერძოდ მამრ ვირთაგვებში მარცხენა
მხრის კორტექსის სისქე უფრო დიდია ვიდრე მარჯვენასი, ანუ ადგილი აქვს დიდ
ასიმეტრიას. კორძიანი სხეულის უკანა ნაწილში ნეირონთა რიცხვი უფრო მეტია მდედრ
ვირთაგვებში. სქესობრივი განსხვავებები ტვინის სხვადასხვა უბანში ნეიროტრანსმიტერების,
ნეიროპეპტიდებისა და ნეირომოდულატორების თვალსაზრისითაც შეიმჩნევა.
დღეისთვის იდენტიფიცირებული ტვინის სტრუქტურების სქესსპეციფიკური განსხვავებები
შემდეგია: მამრებში უფრო დიდი ზომით გამოირჩევა, დამატებითი ოლფაქტორული
ბოლქვი, ამიგდალას მედიალური ბირთვი, მედიალური პრეოპტიკური ბირთვი,
პრეოპტიკური უბნის სქესობრივად დიმორფული ბირთვი, სუპრაოპტიკური ბირთვი,
ვიზუალური ქერქი, ვომერონაზალური ორგანო. მდედრებში კი უფრო დიდი ზომა აქვს წინა
პერივენტრიკულურ ბირთვს, მკრთალ ბირთვს, პარასტრიალურ ბირთვს.
საინტერესოა ერთი ფაქტის აღნიშვნა, რომ ესტროგენი იწვევს ტვინის ფუნქციების
მასკულინიზაციას (მამრობითი თვისებების ჩამოყალიბებას) უფრო ნაკლები დოზითაც კი
ვიდრე ტესტოსტერონი.
ახალდაბადებულ ვირთაგვებში პლაზმაში ესტროგენის დონე მაღალია. აქედან გამომდინარე
ცხადია საინტერესოა რატომ ხდება, რომ მდედრების ტვინის მასკულინიზაცია არ
მიმდინარეობს? ამის მიზეზი არის ის, რომ პოსტნატალური განვითარების პირველი
რამდენიმე კვირის მანძილზე ვირთაგვას ღვიძლი გამოიმუშავებს ცილას α-ფეტოპროტეინს
რომელიც უკავშირდება პლაზმაში მყოფ ესტროგენს და ახდენს მის სეკვესტრირებას,
შესაბამისად იცავს ტვინს მასკულინიზაციის განმაპირობებელი ჰორმონისგან. მამრებში
ტესტოსტერონი არ უკავშირდება ამ α-ფეტოპროტეინს ამიტომაც შეუძლია შევიდეს
ნეირონებში, სადაც გარდაიქმნება ესტროგენად და ამჟღავნებს მასკულინიზაციის ეფექტს.
გონადური ჰორმონები ტვინის სტრუქტურულ ცვლილებებს იწვევენ არა მარტო
განვითარების პროცესში, არამედ ზრდასრულ ორგანიზმებშიც. ამის საუკეთესო მაგალითია
მამრი მომღერალი ჩიტების ქცევაში სეზონური ცვლილებები, რომლებშიც ადგილი აქვს
გამრავლების სეზონის პერიოდში დენდრიტების სიგრძის ზრდას და ახალი სინაფსების
ფორმირებას. მდედრ ვირთაგვებში 4 დღიანი მენსტრუაციული ციკლის დროს ადგილი აქვს
ჰიპოკამპის სინაფსების რაოდენობის ცვლილებას. სავარაუდოდ, ადამიანებშიც სქესობრივი
მომწიფების პერიოდში ადგილი უნდა ჰქონდეს სტრუქტურულ ცვლილებებს.
ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც არის ის ფაქტი, რომ ანატომიურ სტრუქტურაში სქეს
სპეციფიკური განსხვავებები პირველ რიგში ფუნქციაში აისახება. იგივე მომღერალ ჩიტებში,
მდედრები გალობას არ იწყებენ, თუ ისინი გონადების იმ ჰორმონებით არ დამუშავდებიან,
რომლებიც ტვინის სპეციფიკური ბირთვების მასკულინიზაციას იწვევენ. ადამიანის თავის
ტვინშიც არის აღწერილი სქესსპეციფიკური სტრუქტურული განსხვავებები, მაგრამ მათი
ფუნქციური მნიშვნელობა გაცილებით უფრო ნაკლებად არის გამოხატული ვიდრე
მღრღნელებში. ადამიანებში პრეოპტიკური უბნის სქესობრივად დიმორფული ბირთვი
გაცილებით უფრო დიდია და მეტ ნეირონს შეიცავს მამრებში, ვიდრე მდედრებში. თუმცა
განსხვავება მხოლოდ დაახლოებით 5 წლის ასაკის შემდეგ ჩნდება. ასევე ერთ-ერთი
ჰიპოთალამური ბირთვი, როგორიც არის წინა ჰიპოთალამუსის ინტერსტიციალური ბირთვი
გაცილებით უფრო დიდია მამაკაცებში, ვიდრე ქალებში. კოგნიტური ფუნქციების
თვალსაზრისით რამდენიმე განსაზღვრული განსხვავებაა აღწერილი. კერძოდ, მამაკაცები
ვიზუალურ სივრცით ამოცანებს უფრო უკეთ ასრულებენ ვიდრე ქალები, მაგრამ ქალები
ვერბალური ამოცანების შესრულების თვალსაზრისით უფრო უკეთეს მაჩვენებლებს
ამჟღავნებენ. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ სქესთაშორისი გადაფარვა ამ შემთხვევებში
ძალიან დიდია. ერთი ფაქტია რომ ბიჭები გოგონებს გაცილებით უსწრებენ მათემატიკურ
აზროვნებაში (13:1). ამას გარდა ითვლება რომ თავის ტვინის ფუნქციონირება მამაკაცებში
უფრო ლატერალიზებულია, ვიდრე ქალებში. ეს კლინიკური დაკვირვებებით დაასკვნეს,
რომლის მიხედვითაც ინსულტების შემდეგ, რომელიც მეტყველების უბნებს აზიანებდა,
ქალები უფრო სწრაფად ახერხებდნენ მეტყველების აღდგენას ვიდრე მამაკაცები.
ზემოთ აღწერილი ფაქტები ხაზს უსვამს იმას რომ ნერვული სისტემის განვითარება მთელი
ონტოგენეზის მანძილზე მრავალი ფაქტორის კონტროლის ქვეშ იმყოფება და მათ შორის
არის სასქესო ჰორმონებიც.

დაბერების მოლეკულური მექანიზმების რამდენიმე ჰიპოთეზა იქნა შემოთავაზებული.


მთელი რიგი მონაცემებისა მიუთითებს, რომ ასაკის მატებასთან ერთად იზრდება
ქრომოსომული ანომალიების რიცხვი, ასევე იმატებს დნმ-ის გაორმაგების შეცდომები,
როდესაც ადგილი აქვს გენეტიკური ანომალიების დაგროვებას, ამას შედეგად მოჰყვება
არანორმალური მრნმ-ებისა და ცილების აკუმულირება რასაც მივყავართ დაბერებამდე.
არსებობს სხვა შეხედულებაც, რომლის მიხედვითაც დაბერების პროცესი გენეტიკურად არის
პროგრამირებული.
არსებობს ასეთი სინდრომი, რომელსაც ვერნერის სინდრომს უწოდებენ, და რომლის დროსაც
ადგილი აქვს ნაადრევ დაბერებას. ამ შემთხვევაში მუტაცია ხდება დნმ-ის ჰელიკაზას გენში
რომელიც თრგუნავს პატარა რიბოსომული დნმ-ის (რდნმ) რეკომბინაციას რის შედეგადაც
ადგილი აქვს ექსტრაქრომოსომული პატარა რდნმ-ის პროგრესულ წარმოქმნას ეს კი
უჯრედის სიცოცხლის ხანგრძლივობას ამცირებს.
ბევრი ხანდაზმული ადამიანი ინტელექტუალურად ხელშეუხებელი რჩება. ის კი არა, ზოგ
შემთხვევაში სწორედ ასაკში იქმნება მთავარი შედევრები. მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ
სოფოკლე, ვერდი, პიკასო, შტრაუსი, ტიციანი და სხვა. თუმცა ხანდაზმული ადამიანების
უმეტეს ნაწილს ახასიათებს კოგნიტური უნარების შესუსტება და ზოგს დემენციაც კი
უვითარდება. ასაკთან დამოკიდებული ცვლილებების შესწავლის ყველაზე საუკეთესო
მიდგომა არის მეხსიერებისა და კოგნიტური უნარების შესწავლა ერთი და იგივე ადამიანებში
სხვადასხვა ასაკში. ბალტიმორის დაბერების ეროვნულ ინსტიტუტში სამედიცინო,
ნევროლოგიური და ნეიროფიზიოლოგიური ტესტებით თითქმის 40 წლის განმავლობაში
შეისწავლეს 2000 ადამიანი. ამ კვლევამ აჩვენა, რომ ასაკთან დაკავშირებული კოგნიტური
პროცესების და დასწავლის რღვევა შედარებით მსუბუქია ღრმა სიბერის ასაკამდე. ზოგ
ადამიანში ბევრი ინფორმაციის დამახსოვრების უნარი, ასევე ვიზუალურ-სივრცითი და
ვერბალური უნარები მცირდება. IQ ასევე ხშირად იწყებს შემცრებას 60 წლის ასაკისკენ და
ღმავდება უფრო მოხუცებულობაში.
ხანგრძლივი კვლევები მიუთითებს რომ დაბერებასთან ასოცირებული ცვლილებების
თვალსაზრისით ძალიან დიდი მრავალფეროვნება აღინიშნება. და მეხსიერებისა და
კოგნიტური ფუნქციების უმნიშვნელო ცვლილებები ბევრი ადამიანის ცხოვრებაზე
მნშვნელოვან დამაზიანებელ გავლენას არ ახდენს.
დაბერებასთან ერთად ქცევის ცვლილებებსაც აქვს ხოლმე ადგილი, მაგალითად, სუსტდება
მოტორული აქტივობა, იცვლება ძილის მიმდინარეობა. მოტორული ანომალიები შესაძლოა
დაკავშირებული იყოს პერიფერიულ ან ცენტრალურ ნერვულ სისტემაში მიმდინარე
პროცესებთან. რაც შეეხება ძილს, მოხუცები უფრო ხშირად იძინებენ და სწრაფად იღვიძებენ,
ძილის რემ ფაზაც შემცირებულია.
ასაკთან ერთად ტვინის მასა შეიძლება შემცირდეს და ნეირონთა განსაზღვრული
პოპულაციების რიცხვმა დაიკლოს. ამას გარდა მთელი რიგი ფერმენტებისა, რომლებიც ამა
თუ იმ ნეიროტრანსმიტერს (დოფამინს, ნორეპინეფრინს, და უფრო მცირედ აცეტილქოლინს)
ასინთეზირებენ მცირდება.
ტვინის მიკროსკოპული კვლევა აჩვენებს, რომ ხანდაზმულებში ადგილი აქვს ე.წ.
მოხუცებულობის ფოლაქების გაჩენას და ნეიროფიბრილების გადახლართვას, ეს კარგად
არის გამოხატული ალცჰაიმერის დაავადების დროსაც.

You might also like