You are on page 1of 3

2.

ოპერაცია ,,კონსერვები“ ,მეორე მსოფლიო იმის გაჩაღების საბაბი

ჰიტლერი სამხედროებს პოლონეთზე თავდასხმის საბაბის გამოძებნას დაპირდა. ნაცისტებმა


გაიხსენეს ჯერ კიდევ სუდეტის კრიზისის დროს შემუშავებული ოპერაცია ,,კონსერვები“,
რომელიც ჩეხოსლოვაკიაში შეჭრის საბაბად უნდა გამოეყენებინათ. მაშინ მისი
განხორციელების აუცილებლობა არ დამდგარა, ვინაიდან მიუნხენის შეთანხმების
ხელმოწერით ინგლისი და საფრანგეთი დათმობებზე წავიდნენ. 1939 წლის ივნისში კი -
რაინჰარდ ჰაიდრიხის იდეა კვლავ აქტუალური გახდა.

მისი გეგმის მიხედვით, პოლონურ სამხედრო ფორმაში გადაცმული SS-ელები თავს უნდა
დასხმოდნენ: ა) გლაივიცის რადიოსადგურს და ანტიგერმანული მოწოდება გაეკეთებინათ
პოლონურ ენაზე; ბ) კროიცბურგის ჩრდილოეთით მდებარე პინჩენის სატყეო მეურნეობას; გ)
დაეცხრილათ გლაივიცსა და რატიბორს შორის ჰოჰლინდენში საზღვართან განთავსებული
საბაჟო პუნქტი. ოპერაციის საერთო მეთაურობა ჰ. ჰიმლერს დაევალა, ხოლო დაგეგმვა და
ორგანიზება რ. ჰაიდრიხს. მასში მონაწილეობას მიიღებდა SS-ის ,,VI-F“ დივერსიული
ქვედანაყოფი შტურმბანფიურერ ალფრედ ნაუიოკსის მეთაურობით, ხოლო ,,თავდასხმის
დროს დაღუპულების“ როლი საკონცენტრაციო ბანაკების სიკვდილმისჯილ პატიმრებს უნდა
შეესრულებინათ, რომლებსაც სასიკვდილო ინექციებით წინასწარ დახოცავდნენ და შემდეგ,
ოპერაციის მსვლელობისას, ცეცხლსასროლ ჭრილობებს მიაყენებდნენ. SS-ელები
ჟარგონულად მათ ,,კონსერვებს“ უწოდებდნენ და სწორედ აქედან წარმოდგება ოპერაციის
სახელწოდებაც. SS-ის 23-ე და 45-ე შტანდარტის ხელმძღვანელობას, რომლებიც
განსახორციელებელი ოპერაციის რეგიონში იყვნენ დისლოცირებულნი, მიეცათ ბრძანება
პირადი შემადგენლობიდან SD-ს განკარგულებაში სასწრაფოდ გადაეცათ პოლონურის
მცოდნე 120 მებრძოლი. ისინი 3 ნაწილად გაყვეს. პირველს საბაჟო პუნქტზე თავდასხმა
დაევალა - პასუხისმგებელი SS-ის ობერფიურერი გეორგ ჰერბერტ მეელჰორნი (1903-1968);
მეორეს გლაივიცის რადიოსადგურზე თავდასხმა - პასუხისმგებელი SS-ის
შტურმბანფიურერი ალფრედ ნაუიოკსი; მესამეს სატყეო მეურნეობაზე თავდასხმა -
პასუხისმგებელი SS-ის ობერფიურერი ოტო ემილ რაში (1891-1948).

ოპერაციის ოპერატიული ხელმძღვანელობა ა. ნაუიოკსს დაევალა. მან ჰაიდრიხისგან ასეთი


ინსტრუქცია მიიღო: 1. ამ აქციის თაობაზე გლაივიცის არცერთ გერმანულ დაწესებულებას არ
უნდა ჰქონოდა წარმოდგენა; 2. ,,კონსერვების“ მონაწილეებს ეკრძალებოდათ პირადობისა და
SS-დმი კუთვნილების დამადასტურებელი დოკუმენტების ქონა; 3. ოპერაციის დაწყების
სიგნალი იქნებოდა ჰაიდრიხის მიერ წარმოთქმული ფრაზა - ,,ბებია გარდაიცვალა“.

10 აგვისტოს ნაუიოკსი ხუთ თანმხლებ პირთან ერთად გლაივიცში ჩავიდა. ისინი ორ


სხვადასხვა სასუმროში დაბინავდნენ. ვითარების შესწავლის საფუძველზე, ისინი მივიდნენ
იმ დასკვნამდე, რომ რადიოსადგურის ხელში ჩაგდება სირთულეს არ წარმოადგენდა.
აგვისტოს შუა რიცხვებში ჰიმლერმა და ჰაიდრიხმა ფიურერს უპატაკეს, რომ ოპერაციის
განხორციელებისთვის ყველაფერი მზად იყო. ჰიტლერმა სამხედრო დაზვერვისა და
კონტრდაზვერვის შეფს ადმირალ კანარისს SD-თვის პოლონური სამხედრო ფორმის
კომპლექტების გადაცემა უბრძანა. მართლაც, აბვერის კაპიტანმა დინგლერმა პოლონური
უნიფორმა SS-ის ბრიგადენფიურერ ჰაინც იოსტს გადასცა ბრესლაუს VIII სამხედრო ოლქის
შტაბში.

22 აგვისტოს ნაუიოკსმა ჰაიდრიხს სრული მზადყოფნის თაობაზე უპატაკა, 23 აგვისტოს კი -


ჰიტლერმა ,,კონსერვების“ განხორციელების თარიღად 26 აგვისტოს დილის 4 საათი და 30
წუთი დაასახელა.

აღსანიშნავია, რომ გერმანელ სამხედროთა შორის ბლომად იყვნენ ნაცისტური რეჟიმისადმი


მტრულად განწყობილი ადამიანები. მათ შორის აუცილებლად აბვერის შეფი ადმირალი
კანარისი უნდა დავასახელოთ. ზემოთ უკვე ითქვა, რომ სწორედ მან მოახდინა 22 აგვისტოს
ბერგჰოფში ჰიტლერის გამოსვლის სტენოგრაფირება. მისი უწყების თანამშრომლებმა
ხელოვნურად შეუწყვეს ხელი ინფორმაციის გაჟონვას და პროტოკოლი ხელთ ,,ჩაუვარდა“
ჰერმან მაასს, რომელმაც ის ,,ასოშეიტედ პრესის“ ბერლინის ბიუროს ხელმძღვანელ ლუის
ლოხნერს გადასცა. ამ უკანასკნელის ძალისხმევით ხსენებული დოკუმენტი ბრიტანეთის
საელჩოში მოხვდა. ასე, რომ 1939 წლის 25 აგვისტოს ინგლისელებმა ჰიტლერის ნამდვილი
ზრახვები იცოდნენ.

25 აგვისტოს ორი უაღრესად მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა. 1. იტალიის ელჩმა ბერლინში


ბერნარდო ატოლიკომ ჰიტლერს აცნობა, რომ მუსოლინი მოუმზადებლობის გამო ომში ვერ
ჩაებმებოდა; 2. ინგლისმა ურთიერთდახმარების ხელშეკრულება გააფორმა პოლონეთთან. ამ
ფაქტორების ზეგავლენით, როგორც ზემოთ ვნახეთ, ჰიტლერმა გადადო პოლონეთზე
თავდასხმა - შესაბამისად, ოპერაცია ,,კონსევებიც“. ამ დროისთვის ჰელვიგის ჯგუფი უკვე
მტრის ტერიტორიაზე იმყოფებოდა და მათთან დაკავშირება ვერ მოხერხდა. ამის გამო, ისინი
თავს დაესხნენ საბაჟო პუნქტს, სადაც მეელჰორნის დაჯგუფება იყო დაბანაკებული.
პაროლთა აღრევის გამო, ვითარება სისხლისღვრაში გადაიზრდებოდა, მაგრამ იგი ჰაინრიხ
მიულერის დროულმა ჩარევამ განმუხტა. ჰაიდრიხი მიხვდა, რომ ვიღაცას შეგნებულად
სურდა აქციის ჩაშლა. ამიტომ, მან SD-დან საერთოდ დაითხოვა მეელჰორნი და ჰელვიგი. მათ
ადგილებზე კი - შესაბამისად მიულერი და ტრუმლერი დანიშნა. 31 აგვისტოს ჰიტლერმა
პოლონეთზე თავდასხმის ახალი თარიღი და დრო გამოაცხადა: 1939 წლის 1 სექტემბერი,
დილის 4 საათი და 45 წუთი. 31 აგვისტოს 16 საათზე ნაუიოკსის სასტუმრო ნომერში
ტელეფონის ზარის ხმა გაისმა. მან ყურმილი აიღო და იქედან უბრძანეს ,,სასწრაფოდ
გადმორეკეთ!“. ნაუიოკსმა დაუყოვნებლივ დარეკა SD-ს მთავარ განყოფილებაში და
ჰაიდრიხის ადიუტანტთან გასაუბრება ითხოვა. პასუხად მას აუწყეს - ,,ბებია გარდაიცვალა“.
მან სასწრაფოდ შეკრიბა ქვეშევრდომები და გლაივიცის რადიოსადგურზე თავდასხმა 19
საათზე და 30 წუთზე დანიშნა. მიულერმაც მიიღო ნაუიოკსის მსგავსი შეტყობინება და
გადაწყვიტა ,,კონსერვები“ არა უგვიანეს 20 საათისა და 20 წუთისა მიეტანა დანიშნულების
ადგილზე.

20:00-ზე ნაუიოკსი თანამებრძოლებთან ერთად გლაივიცის რადიოსადგურში შეიჭრა.


მოულოდნელად მას ადგილობრივი მუშა - გვარად ფოიტციკი - შეეფეთა. SS-ის
შტურმბანფიურერმა მას რევოლვერი დაუმიზნა და პოლონურად დაუყვირა - ,,ხელები
მაღლა“! იმავდროულად, თავისიანებს სიგნალი მისცა და მათაც უმისამართო სროლა ატეხეს.
მათ დააპატიმრეს რადიოსადგურის თანამშრომლები, შეუკრეს ხელ-ფეხი და სარდაფში
გამოკეტეს. ამის შემდეგ დიდი დრო დასჭირდა მიკროფონის მოძებნას, რომლითაც
ადგილობრივი დიქტორი თავის დროზე მოსახლეობას ჭექა-ქუხილის მოახლობას
ატყობინებდა. მისი ნახვის შემდეგ, პოლონურის მცოდნე SS-ელმა სროლის ხმის
თანხლებით ,,მგზნებარე“ 4 წუთიანი სიტყვა წარმოთქვა პირდაპირ ეთერში. წასვლისას
ნაუიოკსმა შენიშნა, რომ მიულერის ხალხს პოლონურ ფორმაში გამოწყობილი ,,კონსერვები“
აკურატულად დაელაგებინათ ,,თავიანთ ადგილებზე“. ასეთივე ფარსი გათამაშდა დანარჩენ
ორ ლოკაციაზეც.

მეორე დღეს გერმანელ ხალხს რადიოთი ჰიტლერმა მიმართა. მან განაცხადა, რომ პოლონეთი
თავს დაესხა გერმანიის ტერიტორიას და ამ მომენტიდან გერმანია საომარ მდგომარეობაში
იმყოფებოდა პოლონეთთან. იგივე ცნობები დაიბეჭდა ყველა გერმანულ გაზეთშიც.
რაიხსტაგსი გამოსვლისას ჰიტლერმა განაცხადა, რომ 31 დეკემბერს გერმანია-პოლონეთის
საზღვარზე ადგილი ჰქონდა 14 სასაზღვრო შეტაკებას, მათ შორის 3 მსხვილმასშტაბიანს.
ასე ,,გამოძებნა“ ნაცისტთა ფიურერმა პოლონეთზე თავდასხმის საბაბი.

You might also like