You are on page 1of 16

სამიზნე ცნება: „ისტორიული წყარო“, „ისტორიული მოვლენა“

საკითხი: 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულება რუსეთთან

კომპლექსური დავალების პირობა:

გაეცანით 1920 წლის 7 მაისის რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს დემოკრატიულ


რესპუბლიკას შორის დადებულ ხელშეკრულებას. წარმოიდგინეთ, რომ ხართ
საერთაშორისო სამართლის ექსპერტი, რომელსაც საქართველოს მთავრობამ
ხელშეკრულების პროექტი გადასცა და მისი SWOT ანალიზი სთხოვა. ერთმანეთს
შეადარეთ ყველა დადებითი და უარყოფითი არგუმენტი და შეეცადეთ, დაასკვნათ, ღირს
თუ არა ამ ხელშეკრულების დადება. დაწერეთ საექსპერტო დასკვნა ან მოხსენებითი
ბარათი, რომელსაც გაითვალისწინებს ხელისუფლება და საჭიროების შემთხვევაში
ცვლილებებს შეიტანს ხელშეკრულებაში ან უარს იტყვის მის გაფორმებაზე.
თქვენ მიერ წარმოდგენილ დასკვნაში ხაზგასმით უნდა წარმოაჩინოთ:
• რას შეცვლის ეს ხელშეკრულება საქართველოს საგარეო პოლიტიკურ ასპარეზზე; რა
ძლიერი და სუსტი მხარეები აქვს დოკუმენტს;
• რა დადებითი შესაძლებლობები გაუჩნდება საქართველოს საგარეო პოლიტიკაში ამ
ხელშეკრულების დადების შემთხვევაში;
• რა საფრთხეებს, შეიძლება, შეიცავდეს მისი დადება საქართველოს საშინაო და საგარეო
პოლიტიკის სფეროში.

პრაქტიკული რჩევები კომპლექსურ დავალებაზე მუშაობისთვის:

• დავალების შესრულებისას შეეცადეთ, არ გაითვალისწინოთ ის მოვლენები, რომლებიც


ამ ხელშეკრულების დადების შემდეგ განვითარდა;
• დავალების შესრულების დაწყებამდე გაეცანით მასალას SWOT ანალიზის შესახებ - „რა
არის SWOT ანალიზი?“
• საფუძვლიანად გაეცანით 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულების ტექსტს;
• დავალების შესრულებამდე გაეცანით საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკურ
მდგომარეობას 1918-1921 წლებში; ნახეთ ფილმი „დამოუკიდებლობის 1005 დღე“
• გაარკვიეთ საქართველოს მთავრობის დამოკიდებულება მეზობელ სომხეთთან,
აზერბაიჯანთან და ჩრდილო კავკასიასთან. ასევე, გაეცანით ჰიპერლინკში მოცემულ
მასალას ევროპაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების შესახებ, რათა გაარკვიოთ

1
ევროპის სახელმწიფოთა დამოკიდებულება საქართველოს დამოუკიდებლობის მიმართ;
გაეცანით ტექსტს „მდგომარეობა საქართველო-რუსეთის 1920 წ. 7 მაისის
ხელშეკრულებამდე” და დოკუმენტურ ფილმს: „სატელეგრაფო ოკუპაცია“ ;
• სურვილის შემთხვევაში, გაეცანით ქვემოთ მითითებულ დამატებით მასალებსაც:
1. გრიგოლ ურატაძის მოგონება 1920 წ. 7 მაისის ხელშეკრულებაზე
2. „1920 წლის 7 მაისის რუსეთ-საქართველოს ხელშეკრულება“, 4 ჩანაწერი ჯანრი კაშიას
აუდიოკოლექციიდან, „რადიო თავისუფლება“
3. ანარეკლები პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა - 100

1920 წლის 7 მაისის რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს


დემოკრატიულ რესპუბლიკას შორის დადებული ხელშეკრულება
(სრული ტექსტი)

რწმუნებულება

რუსეთის სოციალისტურ-ფედერაციული საბჭოთა რესპუბლიკის


მთავრობისა და საქართველოს დემოკრატიული მთავრობის
შეთანხმების შესაბამისად, რომ დაიდოს მეგობრობის ხელშეკრულება;
რუსეთის სოციალისტურ-ფედერაციული საბჭოთა რესპუბლიკის
მთავრობამ აღნიშნული ხელშეკრულების დადების თაობაზე
მოლაპარაკების წარმოების რწმუნებულებანი მიანიჭა საგარეო
საქმეთა სახალხო კომისრის მოადგილეს ლევ მიხეილის ძე კარახანს,
რომელიც უფლებამოსილია მათან, ვისაც საამისო რწმუნებებს
მიანიჭებს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა,
ხელი მოაწეროს ამ მოლაპარაკების შედეგად შემუშავებულ
ხელშეკრულებას, რომელიც რუსეთისათვის სავალდებულო იქნება უკვე
ხელმოწერის ძალით, საგანგებო რატიფიკაციის გარეშე.

ამის დასადასტურებლად რუსეთის სოციალისტურ-ფედერაციული საბჭოთა რესპუბლიკის


სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარემ ხელი მოაწერა ამ რწმუნებულებას და
ბრძანა, დამტკიცდეს იგი შესაბამისი ბეჭდით.

სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარე


ვ. ულიანოვი (ლენინი)

საგარეო საქმეთა სახალხო კომისარი

გიორგი ჩიჩერინი

2
ოქმი

ქვემორე ხელისმომწერებმა, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი


კრების წევრმა გრიგოლ ილარიონის ძე ურატაძემ და რუსეთის სოციალისტურ-
ფედერაციული საბჭოთა რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სახალხო კომისრის მოადგილემ
ლევ მიხეილის ძე კარახანმა, ხელი მოაწერეს რა აღნიშნულ დღეს თავიანთი მთავრობების
რწმუნებულებათა საფუძველზე ამა წლის 28 აპრილიდან 6 მაისამდე მათ შორის მიმდინარე
მოლაპარაკების შედეგედ შემუშავებულ საქართველოსა და რუსეთის ხელშეკრულებას,
თავიანთი მთავრობებისგან მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, თითეულმა
მიიღო აღნიშნული ხელშეკრულების თითო დედანი ოქმი თავისი მთავრობისათვის
გადასაცემად.

ამასთან, ორივე ხელშემკვრელი მხარე შეთანხმდა, რომ დღეს ხელმოწერილი


ხელშეკრულების ორივე ხელშემკვრელი მხარე დაუყოვნებლივ გამოაქვეყნებს მას
მთლიანად, გარდა V მუხლის მე-10 პუნქტისა, რომელიც ხელმოწერის დღიდან ორი
კვირის შემდეგ გამოქვეყნდება.

ამის დასადასტურებლად ქვემორე ხელისმომწერებმა შეადგინეს ეს ოქმი და დაამტკიცეს


თავიანთი ბეჭდებით.

შედგენილია მოსკოვში ორ ეგზემპლიარად ათას ცხრაას ოცი წლის 7 მაისს.


გ. ურატაძე
ლ. კარახანი

საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ ერთის მხრით და რუსეთის სოციალისტურ-


ფედერაციულმა საბჭოთა რესპუბლიკამ მეორე მხრით, ხელმძღვანელობდნენ რა საერთო
სურვილით, დაამყარონ ორივე ქვეყანას შორის მტკიცე და მშვიდობიანი ურთიერთობა
ხსენებული ქვეყნების მცხოვრებთა საკეთილდღეოდ, გადასწყვიტეს, შეკრან ამ მიზნით
განსაკუთრებული ხელშეკრულება და დანიშნეს თავის რწმუნებულად: საქართველოს
დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ დამფუძნებელი კრების წევრი გრიგოლ
ილარიონის ძე ურატაძე და რუსეთის სოციალისტურ-ფედერაციულმა საბჭოთა მთავრობამ
გარეშე (საგარეო, ა.ჯ.) საქმეთა სახალხო კომისრის მოადგილე ლევ მიხეილის ძე
კარახანი. ხსენებულმა რწმუნებულებმა აცნობეს ერთმანეთს თავისი რწმუნებულების
შესახებ, რომელიც აძლევდა მათ აღნიშნულ ხელშეკრულებაზე ხელის მოწერის უფლებას,
შეთანხმებულ ქვემომოყვანილ მუხლებში:

მუხლი I

გამოდის რა რუსეთის სოციალისტურ-ფედერაციული საბჭოთა რესპუბლიკის მიერ ყველა


ერთა თავისუფალი თვითგამორკვევის უფლების აღიარებიდან სრული გამოყოფის
უფლებამდე იმ სახელმწიფოდან, რომლის შემადგენლობაშიც ეს ერები შედიან, რუსეთი

3
ყოველი პირობის გარეშე სცნობს საქართველოს სახელმწიფო დამოუკიდებლობას და
თავისუფლებას, თავის ნებით იღებს ხელს ყოველგვარ სუვერენულ უფლებაზე, რომელიც
ეკუთვნოდა რუსეთს საქართველოს ხალხისა და ქვეყნის მიმართ.

მუხლი II

გამოდის რა ხსენებული ხელშეკრულების მუხლში აღიარებული პრინციპებიდან, რუსეთი


ვალდებულად ხდის თავს, ხელი აიღოს საქართველოს შინაურ საქმეებში ჩარევაზე.

მუხლი III

1.სახელმწიფო საზღვარი საქართველოსა და რუსეთს შორის გადის შავი ზღვიდან მდინარე


ფსოუს გასწვრივ ასახჩის მთამდე; გადადის ხსენებულ ასახჩისა და აგაპეტის მთაზე და
მიდის ყოფილ შავი ზღვის, ქუთაისისა და თფილისის გუბერნიების ჩრდილოეთის
საზღვრით ზაქათალის ოლქამდე და ხსენებული ოლქის აღმოსავლეთ საზღვრით მიდის
სომხეთის საზღვრამდე.

2.ყველა უღელტეხილი, მდებარე აღნიშნულ მოსაზღვრე ხაზზე 1922 წ. პირველ იანვრამდე


ნეიტრალურად არის აღიარებული. არც ერთ მხარეს აქვს უფლება, დაიკავოს ეს
უღელტეხილები თავის ჯარებით ან/და გაამაგროს ისინი.

3.დარიალის უღელტეხილებზე ამ მუხლის მეორე პუნქტში აღნიშნული ნეიტრელიზაცია


გავრცელდება ბალთიდან კობამდე, მამისონის უღელტეხილზე, ზარამაგიდან ონამდე და
ყველა სხვა უღელტეხილზე ხუთი ვერსის მანძილზე ორივე მხრით აღებული იმ პუნქტიდან,
სადაც საზღვარი გადის.

4.სახელმწიფო საზღვრის სწორ გაყვანას ორ ხელშემკვრელ მხარეს შორის მოახდენს


განსაკუთრებული მოსაზღვრე შერეული კომისია, რომელშიც შევა ერთნაირი რიცხვი
ორივე მხრიდან. ხსენებული კომისიის მუშაობის შედეგი დამტკიცდება ორივე
ხელშემკვრელ მხარეს შორის დადებული განსაკუთრებული ხელშეკრულებით.

მუხლი IV

1.რუსეთი ვალდებულია აღიაროს საქართველოს რესპუბლიკის უდავო შემადგენელ


ნაწილებად, გარდა შავი ზღვის გუბერნიის ნაწილებისა, რომელნიც საქართველოს
საზღვრებში გადადის ხსენებული ხელშეკრულების პირველი და მესამე მუხლების ძალით,
აგრეთვე, ქვემოთ ჩამოთვლილი გუბერნიები და რუსეთის სახელმწიფოს ყოფილი ოლქები:
თფილისის, ქუთაისის, და ბათომის ყველა მაზრებით და ოლქებით, რომლებიც შეადგენენ
ხსენებულ გუბერნიებს და, აგრეთვე, ზაქათალის და სოხუმის ოლქები.

2.შემდეგში, ურთიერთობის თანდათანობით გამორკვევის მიხედვით საქართველოსა და


რუსეთს გარდა სხვა სახელმწიფო ერთეულებს შორის, რომელნიც არსებობენ და

4
შესაძლებელია, შეიქმნენ საქართველოს სხვა საზღვრებთან, გარდა იმისა, რომელიც
აღწერილია ხსენებული ხელშეკრულების მესამე მუხლში, რუსეთი მზად იქნება, იცნოს
საქართველოს შემადგენელ ნაწილებად ყოფილ კავკასიის სანამესტნიკოს
(სამეფისნაცვლოს, ა.ჯ.) ესა თუ ის ნაწილი, რომელიც გადავა მის ხელში ამ სახელმწიფო
ერთეულებთან დადებული ხელშეკრულების ძალით.

მუხლი V

აღიარებს რა სამართლიანად რუსეთის მოთხოვნილებას, რომ არ იქნეს დაშვებული


შემდეგში საქართველოს ტერიტორიაზე რაიმე სამხედრო ოპერაცია, არსებობა სამხედრო
ძალთა და სხვა მოქმედებათა, რომლითაც შეუძლიათ საქართველოს ტერიტორიაზე
შექმნან პირობანი დამუქრებისა რუსეთის დამოუკიდებლობის წინააღმდეგ, ანდა
საქართველოს ტერიტორიას გახდის სამხედრო ოპერაციების ბაზად, რომელიც
მიმართული იქნება რუსეთის სოციალისტურ-ფედერაციული საბჭოთა რესპუბლიკის ან
მასთან კავშირში მყოფ სახელმწიფოს და მასში არსებულ სახელმწიფოებრივ
წესწყობილების წინააღმდეგ, საქართველო ვალდებულად ხდის თავს, მოახდინოს:

1.დაუყოვნებლივ განიარაღება და კონცენტრაციულ ბანაკებში მოთავსება ამ საზავო


ხელშეკრულების ხელის მოწერის დროს საქართველოს ტერიტორიაზე მყოფთა, თუ კი
ასეთები აღმოჩნდებიან, ან სამხედრო და საზღვაო სამხედრო ნაწილების, კომანდებისა და
ჯგუფების, რომელნიც მომავალში, შესაძლოა, მის საზღვრებში გადავიდნენ და რომელნიც
რუსეთის მთავრობის პრეტენდენტის როლში გამოვლენ, აგრეთვე, წარმომადგენლობისა
და თანამდებობის პირთა, ორგანიზაციებისა და ჯგუფებისა, რომელთაც მიზნად ექნებათ
რუსეთის ან მოკავშირე სახელმწიფოთა მთავრობის ჩამოგდება.

2.დაუყოვნებლივ განიარაღება და დაკავება საქართველოს ნავსადგურებში მყოფი


გემებისა, რომლებიც შედის ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ორგანიზაციებისა და
ჯგუფების საზღვაო-სამხედრო ძალთა შემადგენლობაში და აგრეთვე, რომელიც ამა თუ იმ
მოსაზრებით ამ ორგანიზაციებისა და ჯგუფების განკარგულებაშია და საქართველოს
ნავსადგურებში იმყოფება. ამ გემების ეკიპაჟის მიმართ სავსებით უნდა განხორციელდეს
ამ მუხლის პირველი პუნქტის დადგენილება.

3.ყოველგვარი ჯილდოს მოუთხოვნელად და სრულებით უფასოდ გადაეცეს რუსეთს ყველა


სამხედრო და საზღვაო-სამხედრო ქონება, ღირებულებანი და ფულის თანხები, რომელნიც
ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ ორგანიზაციათა და ჯგუფების მფლობელობასა,
სარგებლობასა და განკარგულებაში იმყოფება. ამ მუხლის თანახმად, სამხედრო და
საზღვაო-სამხედრო ქონებით, იგულისხმება: გემები და სხვა სანაოსნო საშუალებანი და
არტილერიის, საინტენდანტო (მათ შორის სასურსათო და ნივთიერი დაკმაყოფილების),
საინჟინრო და საავიაციო მოწყობილობანი.

4.განიარაღების შემდეგ გადაეცეს რუსეთს ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული


ნაწილები, ორგანიზაციები, ჯგუფები და გემების ეკიპაჟი.

5
შენიშვნა: რუსეთი პირობას იძლევა, რომ იგი ამ მუხლის ძალით გადმოცემულ ყველა პირს
სიცოცხლეს შეუნარჩუნებს.

5.მიიღოს ზომები და განდევნოს საქართველოს ტერიტორიის საზღვრებიდან, რომელიც ამ


ხელშეკრულების მეოთხე მუხლით არის განსაზღვრული, ყოველგვარი ჯარი და სამხედრო
რაზმები, რომლებიც საქართველოს სახელმწიფო ჯარების შემადგენლობაში არ შედის.

6.მიღებული იქნას ზომები, რომ მომავალში არ დაუშვან საქართველოს ტერიტორიაზე იმ


ჯარებისა და სამხედრო რაზმების არსებობა, რომლებიც ამ მუხლის მეხუთე პუნქტში არიან
აღნიშნული.

7.იმ პირებს, რომელნიც ამ მუხლის პირველსა და მეხუთე პუნქტებში ჩამოთვლილ


ორგანიზაციებს, ჯგუფებსა და ნაწილებს ეკუთვნიან, რამდენადაც ეს პირები თავისი
ეროვნებით არ არიან ქართველები, აეკრძალოთ რა სახითაც არ უნდა იყოს, მათ შორის
მოხალისედ, საქართველოს სახელმწიფო ჯარში შესვლა.

8.ტერიტორიის იმ საზღვრებში, რომელიც დადგენილია ამ ხელშეკრულების მეოთხე


მუხლით, მომავალში არ მისცენ შედგენისა და არსებობის საშუალება რაიმე
ორგანიზაციებს და ჯგუფებს, რომელნიც თავის თავს აცხადებენ რუსეთის ან მისი ნაწილის
მთავრობის, ანდა რუსეთის მოკავშირე სახელმწიფოს როლში. აგრეთვე, არ მისცენ
შედგენისა და არსებობის საშუალება წარმომადგენლობებსა და თანამდებობის პირებს,
ორგანიზაციებსა და ჯგუფებს, რომელთაც მიზნად ექნებათ რუსეთის ან მასთან კავშირში
მყოფ სახელმწიფოთა მთავრობის ჩამოგდება. ამასთანავე, საქართველო ვალად იღებს,
არ დაუშვას ზემოთაღნიშნული ორგანიზაციების, ჯგუფების, წარმომადგენლობათა და
თანამდებობის პირთა მიერ საქართველოს ტერიტორიით გატანა ყველაფერი იმისა, რითაც
შეიძლება, ისარგებლონ რუსეთზე და მის მოკავშირე სახელმწიფოებზე თავდასასხმელად.
აგრეთვე, აეკრძალოს თავის ნავსადგურებსა და წყლებში ამგვარ ორგანიზაციათა გემების
და სხვა სანაოსნო საშუალებათა არსებობა, გარდა საერთაშორისო სამართლით
დადგენილი შემთხვევებისა იმ გემების მიმართ, რომლებიც იღუპებიან და სხვა.

9.იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მერვე პუნქტში აღნიშნული ორგანიზაციების, ჯგუფების,


წარმომადგენლობებისა და თანამდებობის პირთა მიერ მოხდება მერვე პუნქტში აღნიშნულ
აკრძალვათა დარღვევის ცდა, იმ პირებსა და ქონებას, რომელიც საქართველოს
მთავრობისაგან მის მიერ ამ მუხლის მერვე პუნქტით თავის თავზე მიღებული
ვალდებულების ძალით იქნება დაკავებული, ამ მუხლის მესამე და მეოთხე პუნქტებში
აღნიშნული პირობის თანახმად მოეპყრობიან.

10.ამ მუხლის მეხუთე პუნქტით დათქმული ღონისძიებების შესრულება უნდა დაიწყოს


დაუყოვნებლივ, ხელშეკრულების ხელმოწერისთანავე. საქართველო ვალდებულებას
იღებს, უმოკლეს ვადაში დაამთავროს ისინი, თუნდაც შეიარაღებული ძალების
გამოყენებით.

6
მუხლი VI

რუსეთი ვალდებულია, მის ტერიტორიაზე ყოფნისა და მოქმედების უფლება არ მისცეს


არავითარ ჯგუფსა და ორგანიზაციას, რომელიც საქართველოს მთავრობის, ანუ მისი
ნაწილის მთავრობის როლს მიითვისებენ და, აგრეთვე, იმ ჯგუფებსა და ორგანიზაციებს,
რომელთაც თავის მიზნით საქართველოს მთავრობის დამხობა ექნებათ განზრახული.
რუსეთი ვალდებულია, იქონიოს სავსებით თავისი გავლენა მის მოკავშირე
სახელმწიფოებზე, რათა მათ ტერიტორიაზე არ დაუშვან ამ მუხლში აღნიშნული ჯგუფებისა
და ორგანიზაციების არსებობა.

მუხლი VII

შესაძლო გაუგებრობის ასაცილებლად, ორივე ხელშემკვრელი მხარე შეთანხმდა, რომ ამ


ხელშეკრულების მეხუთე მუხლის მეხუთე და მეექვსე პუნქტების განხორციელების დროს
საქართველოს ნაწილებში, რომლებიც მას უნდა შეუერთდნენ ამ ხელშეკრულების მეოთხე
მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, როდესაც მეზობელ სახელმწიფოსთან, რუსეთის გარდა,
საზღვრები საბოლოოდ დაიდება, საქართველოს მხრივ ამ შემთხვევაში საჭირო ზომების
მიღება უნდა გათავდეს უახლოეს დროში, მის მიერ ამა თუ იმ ტერიტორიაზე თავისი
სახელმწიფოებრივი მეპატრონეობის ფორმალური განხორციელების შემდეგ.

მუხლი VIII

1. ამ ხელშეკრულების მუხლების მეხუთეს და მეექვსეს სისწორით შესრულებისა და მეხუთე


მუხლის მესამე და მეოთხე პუნქტებში აღნიშნულ პირთა და ქონების გადასაცემად არსდება
შერეული კომისია ორი მხრიდან თანაბარი წევრების რიცხვით. კომისიის მუშაობის წესი
თვით კომისიის მიერ შემუშავდება. ამ ხელშეკრულების მეხუთე მუხლის მესამე და მეოთხე
პუნქტებში აღნიშნულ პირთა და ქონების გადაცემა უნდა დამთავრდეს ამ ხელშეკრულების
დადების დღიდან ორი თვის განმავლობაში.

მუხლი IX

1.საქართველოს ჩამომავლობის პირთ, რომელნიც რუსეთის ტერიტორიაზე ცხოვრობენ და


დაბადებიდან 18 წლის არიან, შეუძლიათ საქართველოს ქვეშევრდომობა მოითხოვონ.
აგრეთვე, საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრებ არაქართველთ, რომელნიც
ზემოაღნიშნულ წლოვანებას მიაღწევენ, უფლება აქვთ რუსეთის ქვეშევრდომობა
მოითხოვონ.
2.დაწვრილებითი მხარე ამ მუხლის აღსრულების შესახებ განსაკუთრებული შეთანხმებით
დამტკიცდება ორივე ხელშემკვრელ მხარეს შორის.
3.ორივე ხელშემკვრელი მხარის მოქალაქენი, რომელთაც სურთ, ისარგებლონ ამ მუხლით
მინიჭებული უფლებით, ვალდებულნი იქნებიან, აასრულონ სავალდებულო ფორმალობა

7
ერთი წლის განმავლობაში, ამ მუხლის მეორე პუნქტის თანახმად მომხდარი შეთანხმების
ძალაში შესვლის დღიდან.

მუხლი X

საქართველო ვალდებულია, გაათავისუფლოს სასჯელისგან და, აგრეთვე, შემდეგში


სასამართლო და ადმინისტრაციული წესით დევნისგან ყველა პირი, რომლებიც
იდევნებოდნენ საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის სოციალისტურ-ფედერაციული
საბჭოთა რესპუბლიკის ან კომუნისტური პარტიის სასარგებლო მოქმედებისთვის.

შენიშვნა: საქართველო ვალდებულია, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს საპყრობილედან


ყველა ის პირი, რომლებსაც ბრალად ედებათ ზემოთაღნიშნული მოქმედებები.

მუხლი XI

ყოველი შემკვრელი მხარე ვალდებულია, იცნოს და პატივით მოეპყრას მხარეთა დროშას,


გერბს, როგორც მეგობარ სახელმწიფოთა ემბლემებს. დროშის და გერბის ნიშნები ან
ცვლილებანი, რომლებიც შესაძლებელია მასში იყოს შეტანილი, უნდა აცნობონ ერთმანეთს
დიპლომატიური გზით.

მუხლი XII

ეკონომიკური დამოკიდებულებანი საქართველოსა და რუსეთს შორის განისაზღვრება


დროებით, ორ ხელშემკვრელ მხარეთა შორის განსაკუთრებული ხელშეკრულების
დადებამდე, რისთვისაც უახლოეს დროში უნდა იქნეს მიღებული აუცილებელი ზომები და
რომელსაც უნდა დაედოს საფუძვლად ქვემოთ მოყვანილი საერთო დებულებანი:
1.ორივე ხელშემკვრელი მხარე ურთიერთშორის სავაჭრო დამოკიდებულებას საფუძვლად
უდებს უდიდეს ხელის შეწყობის პრინცპს.
2.იმ საქონელს, რომელიც მიაქვთ ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარიდან
დანიშნულებისამებრ, მეორე მხარემ არავითარი სატრანზიტო ბაჟი და გადასახადი არ უნდა
დაადოს.

მუხლი XIII

ხსენებული ხელშეკრულების მე-12 მუხლში აღნიშნული 1 და 2 პუნქტები საფუძვლად უნდა


დაედოს სავაჭრო ხელშეკრულებას, რომელიც იმავე მე-12 მუხლის ძალით უნდა დაიდოს
ორ ხელშემკვრელ მხარეს შორის.

მუხლი XIV

8
დიპლომატიური და საკონსულო დამოკიდებულებანი საქართველოსა და რუსეთს შორის
უახლოეს დროში უნდა აღდგეს, ორ ხელშემკვრელ მხარეთა ურთიერთშორის კონსულების
დამოკიდებულებების შესახებ განსაკუთრებული შეთანხმების დადებამდე, რისთვისაც
მიღებული უნდა იყოს ყოველგვარი ზომა. მათი უფლებები და ვალდებულებები
განისაზღვრება ამავე საგანზე ორ ხელშემკვრელ მხარეს შორის არსებული
კანონმდებლობით.

მუხლი XV

საჯარო უფლებრივი და კერძო უფლებრივი ხასიათის იმ საკითხების გადაწყვეტა,


რომლებიც აღიძვრება ორი ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეთა შორის, და აგრეთვე,
ზოგიერთი ცალკე საკითხების მოწესრიგება ორ სახელმწიფოს შორის, დაევალება
განსაკუთრებულ შერეულ ქართულ-რუსულ კომისიას, რომელიც ამ ხელშეკრულების ხელის
მოწერის შემდეგ უახლოეს დროში დაარსდება.

შემადგენლობა, უფლება და ვალდებულებანი ამ კომისიისა განისაზღვრება


განსაკუთრებული ინსტრუქციით, რომელიც დამტკიცდება ცალკე კომისიისათვის ორი
ხელშემკვრელი მხარის შეთანხმებით.

ხსენებულ კომისიებს დაევალება:

1.სავაჭრო და სხვა ეკონომიკური ხასიათის შეთანხმებების შედგენა;


2.მოწესრიგება საკითხებისა, რომელიც შეეხება ყოფილი ცენტრალური არქივების, საქმის
საწარმოებელ დაწესებულებათგან ან სასამართლო-ადმინისტრაციულ დეპოზიტების და
აგრეთვე, სამოქალაქო მდგომარეობის აქტების გამოყოფას.
3.გამორკვევა საკითხისა ბათუმი-ბაქოს ნავთსადენის იმ ნაწილის მფლობელობის,
განკარგვისა და მოხმარების წესის შესახებ, რომელიც ხსენებული ხელშეკრულების მე-4
მუხლის თანახმად, საქართველოს ტერიტორიაზე იარსებებს. ეს საკითხი დამტკიცებული
იქნება შემდეგ საბოლოოდ განსაკუთრებული შეთანხმებით ორ ხელშემკვრელ მხარეს
შორის.

მუხლი XVI

ხსენებული ხელშეკრულება ძალაში შევა თვით ფაქტის ძალით და ხელის მოწერის


მომენტიდან და საჭირო არ იქნება განსაკუთრებული რატიფიკაცია. ამის დასამტკიცებლად
ორივე მხარის რწმუნებულებმა მოაწერეს ხელი და თავისი ბეჭდები დაასვეს.

შედგენილია მოსკოვში, 1920 წელს, 5 მაისს ორ ეგზემპლიარად.

გ. ურატაძე, ლ. კარახანი

9
1920 წლის 7 მაისსვე გ. ურატაძემ და ლ. კარახანმა ხელი მოაწერეს
ხელშეკრულების საიდუმლო დამატებას, რომელიც ორი მუხლისაგან
შედგებოდა.

მუხლი I

საქართველო ვალად იღებს, აღიაროს საქართველოს ტერიტორიაზე არსებული


კომუნისტური ორგანიზაციების თავისუფალი არსებობისა და მოქმედების უფლება,
კერძოდ, შეკრებების თავისუფალი მოწყობისა და საგამომცემლო საქმიანობის
განხორციელებისა (მათ შორის საგამომცემლო ორგანოებისა). არანაირ შემთხვევაში არ
შეიძლება პირების ან ორგანიზაციების მხრიდან არანაირი რეპრესიების გამოყენება კერძო
პირთა მიმართ, როგორც სასამართლო, ისე ადმინისტრაციული, გამომდინარე საჯარო
პროპაგანდიდან და აგიტაციიდან კომუნისტური პროგრამის ან საქმიანობისა, რომელიც
დამყარებულია კომუნისტურ პროგრამაზე.

მუხლი II

აღნიშნული საიდუმლო დამატება ითვლება ქვემორე ხელშემკვრელ მხარეთა მიერ 1920


წლის 7 მაისს ხელმოწერილი შეთანხმების განუყოფელ ნაწილად, მაგრამ არ
ექვემდებარება გამოქვეყნებას და ხელშემკვრელი მხარეები შეინახავენ მას საიდუმლოდ.
ხსენებული ხელშეკრულება ძალაში შევა თვით ფაქტის ძალით და ხელის მოწერის
მომენტიდან და საჭირო არ იქნება განსაკუთრებული რატიფიკაცია.
ამის დასამტკიცებლად ორივე მხარის რწმუნებულებმა მოაწერეს ხელი და თავისი ბეჭდები
დაასვეს.
შედგენილია მოსკოვში, 1920 წელს, 5 მაისს ორ ეგზემპლიარად.
გ. ურატაძე, ლ. კარახანი

რუსეთ-საქართველოს 1920 წლის 7 მაისის მოსკოვის ხელშეკრულების


დამატებითი შეთანხმება (1920 წლის 12 მაისი)

ოქმი

ქვემორე ხელისმომწერები, რუსეთის სოციალისტურ-ფედერაციული საბჭოთა


რესპუბლიკის წარმომადგენელი, საგარეო საქმეთა სახალხო კომისრის მოადგილე ლევ
მიხეილის ძე კარახანი და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის
წარმომადგენელი, დამფუძნებელი კრების წევრი გრიგოლ ილარიონის ძე ურატაძე იღებენ

10
რა მხედველობაში, რომ რუსეთის მთავრობამ აზერბაიჯანის საბჭოთა სოციალისტური
რესპუბლიკის ხელისუფლებისგან თანხმობა მიიღო ქვემოთ მოტანილი მუხლების
შინაარსის შესახებ, თანხმდებიან შემდეგზე:

მუხლი I

საკითხი ზაქათალის ოლქში საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სადავო


ტერიტორიების შესახებ განსახილველად გადაეცემა რუსეთის საბჭოთა სოციალისტურ-
ფედერაციული რესპუბლიკის წარმომადგენლის თავმჯდომარეობით შექმნილ
საქართველოსა და აზერბაიჯანის ხელისუფლების თანაბარი რაოდენობის
წარმომადგენლებისგან შემდგარ შერეულ კომისიას. ამ კომისიის გადაწყვეტილებები
შესასრულებლად სავალდებულო იქნება საქართველოს და აზერბაიჯანის
მთავრობებისთვის.

მუხლი II

საქართველო და აზერბაიჯანი ზემოთაღნიშნული კომისიის მიერ ხელშეკრულების პირველ


მუხლში მოხსენიებულ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებამდე, ზაქათალის ოლქში არ
შეიყვანენ თავის ახალ საჯარისო ნაწილებს, გარდა იმისა, რაც ამჟამად, შეთანხმების
ხელის მოწერის დროს ჰყავთ.

მუხლი III

აღნიშნული ხელშეკრულება განიხილება როგორც 1920 წლის 7 მაისს მოსკოვში რუსეთსა


და საქართველოს შორის ხელმოწერილი ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილი და
აღნიშნულ ხელშეკრულებასთან ერთად შევა ძალაში თვით ფაქტის ძალით და ხელის
მოწერის მომენტიდან და საჭირო არ იქნება მისი განსაკუთრებული რატიფიკაცია.
ამის დასამტკიცებლად ორივე მხარის რწმუნებულებმა მოაწერეს ხელი და თავისი ბეჭდები
დაასვეს.
შედგენილია მოსკოვში, ათას ცხრაას ოცი წლის 12 მაისს ორ ეგზემპლიარად.
ბ.ა. ლ. კარახანი ბ.ა. გ. ურატაძე

მდგომარეობა საქართველო-რუსეთის 1920 წ. 7 მაისის


ხელშეკრულებამდე

(ამონარიდი ვახტანგ გურულის სტატიიდან)

11
1920 წლის 7 მაისს მოსკოვში საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და რუსეთის
სოციალისტურ ფედერაციულ საბჭოთა რესპუბლიკას შორის დაიდო ხელშეკრულება.
საქართველო-რუსეთის ხელშეკრულება მომზადდა და დაიდო ურთულეს სამხედრო-
პოლიტიკურ ვითარებაში.

პირველი მსოფლიო ომის (1914-1918 წწ.) შემდგომ საერთაშორისო ურთიერთობებს


უკიდურესად ძაბავდა რამდენიმე გარემოება: პირველი. წინააღმდეგობანი პირველ
მსოფლიო ომში გამარჯვებულ ანტანტის ქვეყნებსა (ინგლისი, საფრანგეთი, იტალია,
ამერიკის შეერთებული შტატები, იაპონია) და ომში დამარცხებულ ქვეყნებს (გერმანია,
თურქეთი) შორის; მეორე. წინააღმდეგობანი თვით ომში გამარჯვებულ ქვეყნებს შორის;
მესამე. წინააღმდეგობანი დასავლურ სამყაროსა და საბჭოთა რუსეთს შორის; მეოთხე.
ყოფილი რუსეთის იმპერიის უზარმაზარ სივრცეზე 1918-1920 წლებში მიმდინარე
უსასტიკესი სამოქალაქო ომი, რომელშიც აქტიურად მონაწილეობდნენ ანტანტის ქვეყნები;
მეხუთე. ამერიკის შეერთებული შტატების ბრძოლა ევროპაში ჰეგემონიისთვის, რაც
ევროპის დიდი ქვეყნების (ინგლისის, საფრანგეთის, იტალიის) სასტიკ წინააღმდეგობას
წააწყდა. ამ უმძიმეს ვითარებაში უნდა მოეპოვებინა საერთაშორისო აღიარება
საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას.

საქართველოს დამოუკიდებლობის საერთაშორისო აღიარებისთვის ბრძოლაში


გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭებოდა საბჭოთა რუსეთის პოზიციას. 1918 წლის 26 მაისს
საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას რუსეთი აშკარად
მტრულად შეხვდა. უმძიმეს სამოქალაქო ომში ჩაბმულ რუსეთს იმხანად არ შეეძლო
საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო ან დიპლომატიური სანქციები გამოეყენებინა. ამას,
გარკვეულწილად, უნდა გაეადვილებინა საქართველოს დამოუკიდებლობის
საერთაშორისო აღიარება. მიუხედავად ამისა, ქართული დიპლომატიის მცდელობას,
გაერღვია მოჯადოებული წრე, წარმატება არ მოჰყოლია. ეს გაპირობებული იყო ერთი
გარემოებით: საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გერმანიის
იმპერიის დიპლომატიური და სამხედრო მხარდაჭერით მოხდა, და ბუნებრივია,
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკაც გერმანოფილურ ორიენტაციას დაადგა.
გერმანოფილური საქართველო ანტანტას და, პირველ რიგში, ინგლისს სამომავლოდ
სერიოზულ სირთულეებს შეუქმნიდა სამხრეთ კავკასიაში. სწორედ ამან განაპირობა
ინგლისის საგარეო პოლიტიკაში ანტიქართული მიმდინარეობის ჩამოყალიბება. ინგლისის
დიპლომატიის ანტიქართული განწყობა განსაკუთრებით საშიში გახდა მას შემდეგ, რაც
1918 წლის 11 ნოემბერს გერმანია პირველ მსოფლიო ომში დამარცხდა და საქართველოს
დემოკრატიული რესპუბლიკა მოკავშირის გარეშე დარჩა. ამიერიდან საქართველოს
დამოუკიდებლობის აღიარება უკვე ომში გამარჯვებულ ანტანტაზე იყო დამოკიდებული.
ანტანტაში წამყვან როლს ინგლისი ასრულებდა, ინგლისის მხრიდან კეთილგანწყობის
იმედი კი საქართველოს არ უნდა ჰქონოდა.
პირველი მსოფლიო ომის შედეგები შეაჯამა პარიზის კონფერენციამ, რომელიც 1919 წლის
იანვარში გაიხსნა და იმავე წლის 28 ივნისს ვერსალის საზავო ხელშეკრულებით
დასრულდა. პარიზის საზავო კონფერენციაზე საქართველოს დემოკრატიული
რესპუბლიკის დელეგაციის მცდელობას, მიეღწიათ საქართველოს დამოუკიდებლობის

12
საერთაშორისო აღიარებისათვის, შედეგი არ მოჰყოლია. პირველ მსოფლიო ომში
გამარჯვებული მოკავშირე სახელმწიფოები (ინგლისი, ამერიკის შეერთებული შტატები და
სხვ.) საქართველოს დამოუკიდებლობის ცნობას რუსეთში მიმდინარე სამოქალაქო ომის
შედეგებს უკავშირებდნენ. კერძოდ, 1919 წლის გაზაფხულისათვის სამხრეთ რუსეთში
საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ საბრძოლველად გენერალ ანტონ დენიკინის
სარდლობით თავი მოიყარა მოხალისეთა არმიამ. ამერიკის შეერთებული შტატები,
ინგლისი, საფრანგეთი სერიოზულ დახმარებას უწევდნენ მოხალისეთა არმიას. 1919 წლის
მაის-ივნისში ა. დენიკინმა დაიკავა მთელი სამხრეთ უკრაინა და სამხრეთ რუსეთი, ხოლო
30 ივნისს ქ. ცარიცინიც აიღო. მოხალისეთა არმიამ მოსკოვზე ლაშქრობისათვის დაიწყო
მზადება. ასეთ ვითარებაში ანტანტის ქვეყნები არ ჩქარობდნენ საქართველოს
დემოკრატიული რესპუბლიკის ცნობას. მათ კარგად იცოდნენ, რომ თუ ა. დენიკინი
რუსეთში ხელისუფლების სათავეში მოვიდოდა, მაშინ რუსეთი საქართველოს
დამოუკიდებლობას არ აღიარებდა. ამიტომაც თუ ანტანტა საქართველოს
დამოუკიდებლობას ცნობდა, ა. დენიკინის გამარჯვების შემთხვევაში, ამას შეიძლებოდა
სერიოზული გართულებები მოჰყოლოდა. ა. დენიკინთან ურთიერთობის დაძაბვას კი
ანტანტა ვერ დაუშვებდა. 1919 წლის მიწურულიდან ვითარება ა. დენიკინის მოხალისეთა
არმიის საზიანოდ შეიცვალა. 1920 წლის დასაწყისისათვის მოხალისეთა არმია დამარცხდა
უკრაინასა და ჩრდილოეთ კავკასიაში. არმიის ნარჩენებმა ყირიმს შეაფარა თავი.

ჩრდილოეთ კავკასიაში საბჭოთა ხელისუფლების აღდგენამ და საქართველოს


საზღვრებთან წითელი არმიის მოახლოებამ კარდინალურად შეცვალა ანტანტის
პოლიტიკა. ანტანტის ქვეყნები ა. დენიკინის მოხალისეთა არმიის საბოლოო დამარცხებას
აღარც კი დაელოდნენ და 1920 წლის 12 იანვარს დე-ფაქტო ცნეს საქართველოს
დემოკრატიული რესპუბლიკა. ინგლისი სასწრაფოდ შეუდგა ბაქო-ბათუმის
ნავთობსადენის დაცვის შესაძლო ვარიანტების დამუშავებას იმ შემთხვევისათვის, თუ
სამხრეთ კავკასიაში საბჭოთა რუსეთი შეიჭრებოდა. ანტანტის პოლიტიკის შეცვლა
წინასწარვე იგრძნო საბჭოთა რუსეთის დიპლომატიამ. რუსეთმაც დიპლომატიურ მანევრს
მიმართა. ჯერ კიდევ ანტანტის მიერ საქართველოს დე-ფაქტო ცნობამდე, 1920 წლის 6
იანვარს, საბჭოთა რუსეთმა საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას ა. დენიკინის
წინააღმდეგ სამხედრო ხელშეკრულების დადება შესთავაზა. საქართველოს
დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ, ნეიტრალიტეტის მომიზეზებით, სამხედრო
ხელშეკრულების დადებაზე უარი განაცხადა, თუმცა რუსეთთან პოლიტიკური
ურთიერთობის მოგვარების მიზნით მოლაპარაკების დაწყება მიზანშეწონილად მიიჩნია.
ინგლისის მზადებას ბაქო-ბათუმის ნავთობსადენის დასაცავად პრაქტიკული შედეგები არ
მოჰყოლია. საბჭოთა რუსეთმა კი არ დააყოვნა და თურქეთთან წინასწარი შეთანხმების
შემდეგ 1920 წლის 28 აპრილს წითელმა არმიამ ბაქო დაიკავა. აზერბაიჯანის
დამოუკიდებელმა სახელმწიფომ არსებობა შეწყვიტა. ეს ანტანტის პოლიტიკის სერიოზულ
მარცხს მოასწავებდა. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა
დარწმუნდა, რომ ანტანტის დაპირების იმედად დარჩენა სახიფათო იყო. აუცილებელი
გახდა საბჭოთა რუსეთთან პოლიტიკური ურთიერთობის მოგვარება, რასაც, პირველ
რიგში, რუსეთის მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარება უნდა მოჰყოლოდა.

13
ამრიგად, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა, საბჭოთა რუსეთთან
მოლაპარაკებას რომ იწყებდა, ორი მიზნის მიღწევას ცდილობდა: პირველი. თუ სამხრეთ
კავკასიაში (ამიერკავკასიაში) ანტანტის პოზიციები შესუსტდებოდა, საქართველოს
პროდასავლური ორიენტაციით გაღიზიანებულ რუსეთთან ჩვენს ქვეყანას ურთიერთობის
მოგვარება აღარ გაუჭირდებოდა და სამხედრო დაპირისპირების (ომის) თავიდან
აცილებასაც შეძლებდა; მეორე. თუ ამ ხელშეკრულებით საბჭოთა რუსეთი საქართველოს
დამოუკიდებლობას ცნობდა, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნებოდა მსოფლიოს
ქვეყნების მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დე-იურე აღიარებისათვის.
საბჭოთა რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობის ნაწილი მხარს უჭერდა აზერბაიჯანის
შემდეგ საქართველოს დაპყრობას. მიუხედავად ამისა, ვ. ლენინმა ჩათვალა, რომ შექმნილ
ვითარებაში ომი საქართველოსთან სახიფათო იქნებოდა. არც საგარეო და არც საშინაო
ვითარება ომისათვის ხელსაყრელი არ იყო. ომს საქართველოს წინააღმდეგ შეიძლებოდა
ანტანტასთან და, კერძოდ, ინგლისთან ურთიერთობის გამწვავება მოჰყოლოდა.
გამორიცხული არც ომის დაწყება იყო. ანტონ დენიკინის მოხალისეთა არმიის დამარცხების
მიუხედავად, სამოქალაქო ომი რუსეთში კვლავ გრძელდებოდა. 1920 წლის მარტში
სამხრეთ რუსეთში დარჩენილ მოხალისეთა არმიას სათავეში ჩაუდგა გენერალი პეტრე
ვრანგელი. წითელმა არმიამ პ. ვრანგელის არმიის ყირიმის ნახევარკუნძულზე შეკავება
ვერ შეძლო. პ. ვრანგელის პირველმა წარმატებებმა სამხრეთ რუსეთში კვლავ სერიოზული
საფრთხე შეუქმნა საბჭოთა წყობილებას. დაძაბული ვითარებით ისარგებლა პოლონეთმა.
1920 წლის 17 აპრილს პოლონეთის არმიამ კიევზე შეტევა წამოიწყო. პოლონელებთან
ერთად საბჭოთა რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩაება უკრაინის დირექტორიის არმია სიმონ
პეტლურას სარდლობით. უკრაინაში განლაგებული წითელი არმიის ნაწილები მდ.
დნეპრისაკენ იხევდნენ. 6 მაისს პოლონელებმა კიევი დაიკავეს და ბრძოლები დნეპრის
მარცხენა ნაპირზე გადაიტანეს. ასეთ ვითარებაში საბჭოთა რუსეთი იძულებული გახდა
საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკასთან მოლაპარაკებას დასთანხმებოდა და
დროებით უარი ეთქვა სამხრეთ კავკასიაში დაპყრობითი ომის გაგრძელებაზე.

საქართველოსა და რუსეთს შორის მიღწეული შეთანხმების საფუძველზე ორ ქვეყანას


შორის მოლაპარაკებები მოსკოვში დაიწყო. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის
სახელით მოლაპარაკებას აწარმოებდა დამფუძნებელი კრების წევრი გრიგოლ ურატაძე,
ხოლო რუსეთის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკის სახელით –
საგარეო საქმეთა სახალხო კომისრის, გიორგი ჩიჩერინის, მოადგილე ლევ კარახანი
(კარახანიანი). გრიგოლ ურატაძე მოსკოვში 1920 წლის აპრილის ბოლოს ჩავიდა და
წინასწარი კონსულტაციების შემდეგ 1920 წლის 28 აპრილს ოფიციალური
მოლაპარაკებაც დაიწყო. 6 მაისს მოლაპარაკება დამთავრდა, ხოლო 7 მაისს გრიგოლ
ურატაძემ და ლევ კარახანმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას. საქართველო-რუსეთის
მოლაპარაკება მოსკოვში დაიწყო იმ დროს, როცა სამხრეთ კავკასიაში (ამიერკავკასიაში)
დიდი ქვეყნების (ინგლისის, თურქეთის, რუსეთის) ინტერესები გამიჯნული არ იყო.
ანტანტასა და პირველ მსოფლიო ომში დამარცხებულ თურქეთს შორის დადებული
მუდროსის ზავით (1918 წლის ოქტომბერი) სამხრეთ კავკასია (ამიერკავკასია) ინგლისის
საოკუპაციო ზონად გამოცხადდა. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის
ტერიტორიაზე ინგლისის ჯარები 1918 წლის დეკემბრიდან განლაგდნენ და იმთავითვე

14
აქტიურად დაიწყეს ჩარევა როგორც საქართველოს, ისე სომხეთისა და აზერბაიჯანის
საშინაო საქმეებში. ანტონ დენიკინის მოხალისეთა არმიის დამარცხების შემდეგ რუსეთმა
არად ჩააგდო მუდროსის ზავის პირობები და 1920 წლის აპრილის ბოლოს აზერბაიჯანი
დაიპყრო. რუსეთის შეჭრას აზერბაიჯანში წინ არ აღუდგა მუდროსის ზავით უკმაყოფილო
თურქეთი. აზერბაიჯანის დათმობის სანაცვლოდ თურქეთმა რუსეთისაგან ანტანტის
წინააღმდეგ მოსალოდნელ ომში თანადგომის გარანტია მიიღო. გამორიცხული არ იყო,
რომ ანტანტის წინააღმდეგ მხარდაჭერის სანაცვლოდ თურქეთს რუსეთისათვის
საქართველოც დაეთმო. გასარკვევი იყო მხოლოდ ინგლისის პოზიცია. ინგლისის პოზიცია
კი მანამდე არ გაირკვეოდა, სანამ არ დამთავრდებოდა ომი გენერალ პეტრე ვრანგელის
არმიასა და წითელ არმიას შორის, სანამ არ გამოიკვეთებოდა გამარჯვებული რუსეთ-
პოლონეთის ომში.
საქართველო-რუსეთის 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულება შედგება პრეამბულისა და
თექვსმეტი მუხლისაგან. ხელშეკრულებაზე ხელმოწერის დღესვე, 1920 წლის 7 მაისს, გ.
ურატაძემ და ლ. კარახანმა ხელი მოაწერეს დოკუმენტს – „Особое секретное дополнение
к договору между Россией и Грузией“, რომელიც ორი მუხლისაგან შედგებოდა. რამდენიმე
დღის შემდეგ, 1920 წლის 12 მაისს, ხელმოწერილი იქნა კიდევ ერთი დოკუმენტი – „Допо
лнительное соглашение к мирному договору между Россией и Грузией от 7 мая 1920 года
“, რომელიც პრეამბულისა და სამი მუხლისაგან შედგებოდა. ორივე დოკუმენტი 1920 წლის
7 მაისის ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილად იქნა გამოცხადებული. ამრიგად, 1920
წლის 7 მაისის ხელშეკრულება ორივე დამატებასთან ერთად შედგება ოცდაერთი
მუხლისაგან. სამივე დოკუმენტს გ. ურატაძემ და ლ. კარახანმა ხელი ცალ-ცალკე
მოაწერეს.

რა არის SWOT ანალიზი

SWOT- ანალიზი კომპლექსური ანალიზის ერთ ერთი ყველაზე გავრცელებული მეთოდია.


მაღალი ეფექტურობიდან და მოხმარების სიმარტივიდან გამომდინარე, მისი გამოყენება
თითქმის ყველა სფეროში შეიძლება, სადაც საჭიროა კომპლექსური ანალიზის
განხორციელება. მეთოდის სახელი ოთხი ანალიზური მაჩვენებლის აბრევიატურიდან
შედგება:

S - Strengths - ძლიერ მხარეები;


W -Weaknesses - სისუსტეები;
O - Opportunities - შესაძლებლობები;
T - Threats - საფრთხეები.

15
SWOT-ანალიზი აქტიურად გამოიყენება ეკონომიკის, ბიზნესის, პოლიტიკის, სოციალური
პროექტირებისა და პერსონალური განვითარების გეგმების შედგენის სფეროში.
კარიერული დაგეგმარებისა და ქოუჩინგის ანალიზისთვის. მცირეოდენი დაფიქრების
შედეგად შესაძლებელია, მივიღოთ ნათელი სურათი საკვლევი ობიექტის სიძლიერის,
სისუსტის, შესაძლებლობებისა და საფრთხეების შესახებ. რაც მთავარია, სისუსტეების
გაანალიზება საშუალებას გვაძლევს შევამციროთ ისინი, შესაძლებლობების ანალიზი
გვეხმარება მათ მაქსიმალურად გამოყენებაში, საფრთხეების შეფასება კი საშუალებას
გვაძლევს აღმოფხვრათ ან შევამციროთ მათი გავლენა.

ჩვენს კონკრეტულ შემთხვევაში, დოკუმენტის SWOT-ანალიზის განხორციელებისას


გასათვალისწინებელია, რომ სიძლიერე და სისუსტე, როგორც წესი, გამოწვეულია
დოკუმენტის შინაარსით და მასზე გავლენა გარემოს ნაკლებად აქვს; ხოლო
შესაძლებლობები და საფრთხეები გარემოში არსებობს. მათზე პირდაპირი გავლენა,
შეიძლება, არ გვქონდეს, მაგრამ მათი გააზრებით ჩვენს სასარგებლოდ გამოყენებას ან
თავიდან არიდებას შევძლებთ.

ანალიზის შედეგად მიღებული ინფორმაცია, რა თქმა უნდა, მუდმივი არ არის და გარემო


პოლიტიკური ფაქტორების ზეგავლენით პერიოდულად იცვლება. შესაბამისად,
სასურველია, საერთო პოლიტიკური გარემოცვის შესწავლისას ამ მეთოდის განმეორებით
გამოყენება. ჩვენი მიზანია, გაცნობიერებული გვქონდეს რეალობა და შევიმუშაოთ
ქმედების ოპტიმალური გეგმა.

ანალიზის კეთებისას:

•მკაფიოდ გამიჯნეთ შიდა და გარე პოლიტიკური ფაქტორები – შიდა ფაქტორებზე თქვენ


შეგიძლიათ გავლენის მოხდენა, გარე ფაქტორებზე კი პირდაპირ და სწრაფად ვერ
მოახდენთ გავლენას;
•შეფასებები შეძლებისდაგვარად რეალური უნდა იყოს, რომ სუბიექტურობა გამორიცხოთ.
გაითვალისწინეთ, როგორ შეაფასებდნენ თქვენს სისუსტეებსა და ძლიერ მხარეებს,
შესაძლებლობებსა და საფრთხეებს მეზობელი სახელმწიფოები, პარტნიორები,
კონკურენტები, ექსპერტები…
•გასათვალისწინებელ ფაქტორებში ჩართეთ მხოლოდ მნიშვნელოვანი ფაქტორები,
რომლებიც რეალურად ახდენენ ან მოახდენენ გავლენას თქვენს სახელმწიფოზე;
•რაც უფრო კონკრეტული იქნება ფორმულირებები, მით უფრო ნათელ სურათს დაგანახებთ
ანალიზი.

SWOT-ანალიზი უნივერსალური ინსტრუმენტია – ის შეგიძლიათ, გამოიყენოთ ნებისმიერი


გადაწყვეტილების მიღების წინ, ამ გადაწყვეტილების ეფექტურობის შესაფასებლად.

16

You might also like