You are on page 1of 5

საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა - 1920წ.

7 მაისის ხელშეკრულება

1918-1921 წლებში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობა მნიშვნელოვანი


პერიოდია ჩვენი ქვეყნის ისტორიისათვის. მიუხედავად მისი ხანმოკლე არსებობისა, ამ
პერიოდში მოხდა საქართველოს, როგორც რუსეთის გავლენის ქვეშ მყოფი ქვეყნის
გარდატეხა - მან რუსეთის იმპერიის ყოფილ პერიფერიაზე დაამყარა დემოკრატიული,
მრავალპარტიული მმართველობა, ჩაატარა საყოველთაო თანასწორუფლებიანი არჩევნები,
მიიღო კონსტიტუცია და საერთაშორისო ასპარეზზე გამოვიდა როგორც დამოუკიდებელი
სახელმწიფო. მისი არსებობის მანძილზე განვითარებული მოვლენები დღესაც დაკვირვების,
მსჯელობისა და კამათის საგანია. ამ მოვლენებს შორის, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია
1920 წლის 7 მაისის საზავო ხელშეკრულების გაფორმება რუსეთთან.

ნაშრომში განვიხილავ ხელშეკრულების მნიშვნელობას, რა მოვლენები უძღვის მას წინ და რა


გავლენა მოახდინა მან ისტორიის განვითარებაზე- შეასრულა თუ არა მისთვის განკუთვნილი
ფუნქცია?

პირველ რიგში, მნიშვნელოვანია ხელშეკრულების ისტორიული კონტექსტის გააზრება-რა


პოლიტიკურ ვითარებაშია საქართველო და რუსეთი და რამ განაპირობა საზავო
ხელშეკრულების საჭიროების გაჩენა. ამ თვალსაზრისით საგულსხმოა საქართველოს
ორმხრივი ურთიერთობა როგორც საბჭოთა რუსეთთან, ასევე ანტი-ბოლშევიკური იდეის
მატარებელ - გენერალ ანტონ დენიკინთან, რომელიც არ ცნობს საქართველოს
დამოუკიდებლობას და “მთლიანი და განუყოფელი რუსეთის” სამსახურში, აფხაზეთისა და
მესხეთ-ჯავახეთის ოკუპაციას ცდილობს.

ჩრდილოეთ და ჩრდილო-დასავლეთ საზღვრიდან სოჭის რაიონით საქართველოს დენიკინის


მმართველობაში მყოფი ყუბანის რესპუბლიკა ემიჯნება, ხოლო მისი ძალები გაგრის რაიონში
იჭრებიან, სადაც, გენერალი მაზნიაშვილის მეთაურობით, ქართველები მათ სოჭის იქით
დევნიან. 1918 წლის სექტემბერში დენიკინის სარდლობასა და საქართველოს მთავრობას
შორის მოლაპარაკებები იმართება. დენიკინი ითხოვს მთლიანი აფხაზეთის რუსეთისათვის
შეერთებას, რასაც საქართველოს მთავრობა არ თანხმდება. ბოლშევიკები ქართულ მთავრობას
დენიკინთან კავშირს დებენ ბრალად, თუმცა საქართველოს არ ჰყავს საკმარისი სამხედრო
ძალა რომ დენიკინის არმიას გაუმკლავდეს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ცდილობს
ამავდროულად ინგლისის დამპყრობლური მისწრაფებები ჩაახშოს.

რაც შეეხება სამხრეთს, 1919 წელს, მას შემდეგ რაც მუდროსის საზავო გადაწყვეტილებით
თურქეთმა სამხრეთის რაიონებიდან გაიყვანა სამხედრო ნაწილები, ბათუმს ინგლისის არმია
იკავებს და მის მართვას ანტონ დენიკინის თანამოაზრესა და მეგობარს - კადეტ მასლოვს
აბარებს. მიუხედავად იმისა, რომ გენერალი კვინიტაძის მეთაურობით ახალქალაქიდან და
ახალციხიდან ქართველებმა განდევნეს სერვერ ბეგ ათაბაგის ისლამური ძალები, ის ბათუმს
აფარებს თავს, სადაც იგი ინგლისის მფარველობაშია. ამ დროს, დენიკინის აგენტები
მესხეთში ანტი-ქართულ პროპაგანდას ეწევიან და ცდილობენ ეს მხარე ქვეყნისაგან
ჩამოშორებისათვის მოამზადონ. ამ ეტაპზე, ქვეყნის ხელში ჩაგდება სამი განსხვავებული
დამპყრობლის ინტერესებშია.

მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ევროპის სხვა ქვეყნების პოზიციაც საქართველოს


დამოუკიდებლად აღიარების საკითხში. პარიზის საზავო კონფერენციაზე საქართველოს
დელეგაცია წარადგენს მემორანდუმს, სადაც ის ევროპის ქვეყნებს რუსეთისაგან
დამოუკიდებლობის ოფიციალურ აღიარებას სთხოვს. თუმცა, ცხადი ხდება, რომ
ევროპისათვის რუსეთთან ურთიერთობის დაძაბვა არაა მიზანშეწონილი, განსაკუთრებით,
როცა საქმე მისი რიგითი განაპირა ერთეულის ინტერესების დაცვას ეხება. დენიკინისა და
საბჭოთა რუსეთის კავკასიისადმი ინტერესი საქართველოს “რუსეთის საშინაო პოლიტიკის”
საკითხად აქცევს, რაში ჩარევასაც არ რისკავს ევროპის ქვეყნების უმეტესობა.

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შესანარჩუნებლად და განაპირა კონფლიქტური


რეგიონების ოფიციალურად ქვეყნის ნაწილად დამტკიცებისათვის საჭირო იყო, რომ ეს
ევროპის წამყვან სახელმწიფოებსაც გაეკეთებინათ.

1920 წელს საგარეო პოლიტიკის მხრივ მოვლენები იძაბება. საბჭოთა წითელი არმია
დენიკინის სამხედრო ნაწილებს ამარცხებს და სამხრეთ რუსეთისა და ჩრდილოეთ კავკასიის
ტერიტორიებიდან დევნის. ამავე წლის აპრილში, წითელი არმია აზერბაიჯანში შედის, სადაც
საბჭოთა ხელისუფლება მყარდება. ამის შემდეგ, წითელი არმია აზერბაიჯანის სახელით
საქართველოსთან ომს იწყებს, რასაც მხოლოდ ეხმარება საქართველოში არსებული
კომუნისტური ორგანიზაციების საბჭოთა პროპაგანდისტული საქმიანობა. 1 მაისს,
აზერბაიჯანის ჯარი ქვეყნის საზღვრებს კვეთს და პირველ იერიშს წითელ ხიდთან ქართულ
მოსაზღვრე ძალებზე ანხორციელებს. ამის პარალელურად, თბილისში, იუნკერთა სკოლას
თავს ესხმიან ბოლშევიკები, სადაც იუნკერები მათ შეიარაღებულ წინააღმდეგობას უწევენ. 16
მაისისთვის, ქართული ჯარი წითელ არმიას ყველა სტრატეგიული პუნქტიდან დევნის და
ქვეყნის საზღვრებიდან აძევებს, საომარი მოქმედებები სრულდება. ქართული ჯარების
წარმატებული წინააღმდეგობის გაწევის შედეგად სრულდება საბჭოთა რუსეთის მიერ
ქვეყნის ოკუპაციის პირველი მცდელობა.

დაძაბული პოლიტიკური მოვლენების ფონზე, მთავრობა იღებს გადაწყვეტილებას


რუსეთთან აწარმოოს შეთანხმება, რომლის მთავარი მიზანი საქართველოს
დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებაა. 7 მაისს, მოსკოვში,
რუსეთისა და საქართველოს წარმომადგენლების ხელმოწერით, იდება და მყისვე ძალაში
შედის საზავო ხელშეკრულება. ხელშეკრულების შემადგენელი ძირითადი მუხლების
შინაარსით, რუსეთი უპირობოდ სცნობს საქართველოს სახელმწიფოს თავისუფლებასა და
დამოუკიდებლობას და თავისი ნებით ხელს იღებს ყველა პრეტენზიასა და მოთხოვნაზე
რომელიც უკავშირდება საქართველოსა და მის ტერიტორიებს; ის ხელს იღებს საქართველოს
საშინაო საქმეებში ყოველგვარ ჩარევაზე; საზღვრების საკითხი გადაწყვეტილია
საქართველოს სასარგებლოდ, ამასთან ერთად ის აღიარებს ყოფილი იმპერიის თბილისისა
და ქუთაისის გუბერნიებში შემავალ მაზრებს, ბათუმის, ზაქათალისა და სოხუმის ოლქებს;
საქართველო და რუსეთი პირობას დებენ დაიცვან ნეიტრალიტეტი, რაც მათ ავალდებულებს,
რომ მათი ქვეყნის ტერიტორიებიდან განდევნონ უცხო და მტრულად განწყობილი ძალები.

ხელშეკრულების გაფორმებიდან დღემდე გაყოფილია აზრი იმის შესახებ, თუ რამდენად


ხელსაყრელი იყო მისი პირობები, შეასრულა თუ არა მისთვის განკუთვნილი ფუნქცია და
როგორი გავლენა მოახდინა მან 1921 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვაზე.

ზოგიერთი მეცნიერი ხელშეკრულებას განიხილავს როგორც რუსეთისათვის საშუალების


მიცემას, რომ საქართველოში საბჭოთა მმართველობა დაემყარებინა. ეს აზრი რამდენიმე
ფაქტორს უკავშირდება.

საზავო შეთანხმების ერთ-ერთი მუხლის თანახმად, რომელიც უკავშირდებოდა ქვეყანაში


მკაცრი ნეიტრალიტეტის დაცვას, საქართველო ვალდებული იყო ინგლისისათვის ბათუმის
დაუყოვნებლივ დაცლა მოეთხოვა, თუმცა მთავრობის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით
ცხადი ხდება, როდესაც საგარეო საქმეთა მინისტრი - ევგენი გეგეჭკორი ინგლისს თხოვნით
მიმართავს, რომ არ დაეტოვოს ბათუმი. ამის მიუხედავად ინგლისი, რომლის გავლენაც
აღმოსავლეთში, ამ დროისათვის, დასუსტებულია, 1920 წლის 4 ივლისს ბათუმის ოლქს
ტოვებს. ისტორიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ამ მოვლენის შედეგად საქართველო
“უპატრონოდ დარჩა” და რუსეთს ოკუპაციისათვის გზა გაეხსნა. ამასთან ერთად,
მნიშნელოვანია განვიხილოთ ხელშეკრულების საიდუმლო დამატება, რის თანახმადაც
საქართველოში ხდება კომუნისტური ორგანიზაციების თავისუფალი არსებობის და
მოღვაწეობის, კერძოდ, თავისუფლად კრებების მოწვევის და თავისუფალი გამომცემლობის
ლეგალიზაცია. ხელშეკრულების გაფორმებისთანავე პატიმრობიდან გაათავისუფლეს 1200
ბოლშევიკი. მალევე დაიწყო გაზეთ “კომუნისტის” გამოცემა, ფილიპე მახარაძის
რედაქტორობით. ამის გათვალისწინებით, ზოგიერთი მეცნიერი ფიქრობს, რომ ამ საიდუმლო
დამატებებმა ხელი შეუწყო საქართველოში კომუნისტურ პროპაგანდას.

საწინააღმდეგო პოზიციის თანახმად, ზემოთ ხსენებული საიდუმლო დამატება


მნიშვნელოვნად არ უწყობდა ხელს კომუნიზმის გავრცელებას, რადგან ამ იდეოლოგიას არ
ჰქონდა საზოგადოებაში რეალური დასაყრდენი, რომელიც ხელს შეუწყობდა მის სახალხო
აღიარებას. ამასთან ერთად, თანამედროვე არქივებში შენახულია “საგანგებო რაზმის” მიერ
პატიმრობიდან გამოსული ბოლშევიკების კვლავ დაპატიმრების მტკიცებულებები, რაც
გამომდინარეობს იქიდან, რომ კომუნისტური პარტიების ლეგალური საქმიანობის
არაეფექტურობა მათ კვლავ არალეგალური საქმიანობისაკენ უბიძგებდა.

ერთი შეხედვით, შესაძლებელია დაიბადოს აზრი, რომ საზავო ხელშეკრულების მთავარი


მისია რუსეთის აგრესიისაგან თავდაცვა იყო. ამის გამო ბუნებრივია ვიფიქროთ, რომ მისი
სარგებელი უმნიშვნელოა მომავალში წარმართული მოვლენების გათვალისწინებით. თუმცა,
მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ მისი დადებითი გავლენა საერთაშორისო და საშინაო
პოლიტიკური თვალსაზრისით.
პარიზის საზავო კონფერენციაზე ევროპის წამყვანი ქვეყნების მიერ გამოხატული აზრის
მიხედვით, საქართველოს დამოუკიდებლობის დე იურედ აღიარება დამოკიდებული იყო
რუსეთის პოზიციაზე ამ საკითხის მიმართ. როდესაც 7 მაისს, რუსეთმა ხელი მოაწერა
ხელშეკრულებას, რომლის პირველივე პუნქტის მიხედვით ის ცნობდა საქართველოს
სუვერენიტეტს, ინგლისმა, საფრანგეთმა და ევროპის სხვა წამყვანმა სახელმწიფოებმა
ოფიციალურად აღიარეს და საერთაშორისო მასშტაბით განამტკიცეს საქართველოს
დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებელი სტატუსი. ეს ფაქტი, ცხადი მიზეზების
გარდა, მნიშვნელოვანი იყო საქართველოს მთავრობის დასავლური ორიენტაციის
გათვალისწინებით (რასაც მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანია საჯაროდ გამოხატავდა,
მაგ. 1920 წლის 30 აპრილს-დამფუძნებელი კრების სხდომაზე) ამასთან ერთად,
ხელშეკრულების IV მუხლით გადაიჭრა საქართველოს საზღვართა საკითხი. რუსეთმა დე
იურედ აღიარა საქართველოს რესპუბლიკა შავი ზღვის, თბილისისა და ქუთაისის
გუბერნიების, ბათუმის, ზაქათალისა და სოხუმის ოლქების ტერიტორიებზე.

ამ საკითხების გათვალისწინებით, შეიძლება ვთქვათ, რომ ხელშეკრულებამ მისთვის


განკუთვნილი მისია შეასრულა, იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს მთავრობას კარგად
ესმოდა და იაზრებდა, რომ ხელშეკრულება ვერ მისცემდა ქვეყანას რუსეთის აგრესიისაგან
უსაფრთხოების გარანტიას. ამას მოწმობს მთავრობის მოამბე, გაზეთ “საქართველოს
რესპუბლიკაში” გამოცემული წერილი, სადაც კარგად ჩანს რუსეთისადმი მტრული
დამოკიდებულება: „ჩვენ კარგად ვიცით საბჭოთა რუსეთის სიტყვასა და საქმეს შორის
განსხვავება. ჩვენ კარგად ვიცით, რომ სიტყვით, მხოლოდ „პრინციპიალურად“ მათ აღიარეს
პატარა ერთა უფლებანი, მათი თვითგამორკვევის პრინციპები, მაგრამ საქმით კი, სადაც
ხელი მიუწვდებათ, მზად არიან გადაყლაპონ პატარა ერები, გაანადგურონ მათი
დამოუკიდებლობა, სისხლით მოპოვებული თავისუფლება...” სწორედ ამაზე დაყრდნობით
შეიძლება ვივარაუდოთ, რომ საქართველოსთვის ხელშეკრულება არ ყოფილა რუსეთ-
საქართველოს ჰარმონიული ურთიერთობის დასაწყისის გარანტია. აქვე მნიშვნელოვანია
გავითვალისწინოთ რუსეთისა და საქართველოს საუკუნოვან ისტორიაში სხვადასხვა
მოვლენები, რომელთა არსებობაც ბუნებრივად, რუსეთის არაღირსეული პოლიტიკის
დაუვიწყარ პრეცედენტს ქმნის, რაც ნებისმიერ ქართველში რუსეთისადმი უნდობლობას
გამოიწვევდა, რის გამოც სავარაუდოა, რომ 1921 წელს მოვლენების განვითარება,
მიუხედავად მათი სიმძიმისა, არ უნდა ყოფილიყო სრულიად არაპროგნოზირებადი. (მაგ.-
1783წ-გეორგიევსკის ტრაქტატი)

საბოლოოდ, ჩემი აზრით, 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულებას არ ჰქონია მნიშვნელოვანი


უარყოფითი მხარე და არ მოუხდენია გავლენა მომავალში საქართველოს დამოუკიდებელი
რესპუბლიკის მარცხზე, რადგან მისი მთავარი მისია, შეიძლება ითქვას, იყო
საქართველოსთვის დამოუკიდებელი სახელმწიფოს საერთაშორისო სტატუსის მოპოვება. ეს
მოვლენა მნიშვნელოვანი იყო საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის
ისტორიაში, რადგან სწორედ მისი საშუალებით შეეწყო ხელი რესპუბლიკის საერთაშორისო
ასპარეზზე გამოსვლას. 1918 წლის 26 მაისს დამოუკიდებლობის მიღებიდან 1921 წლის
ანექსიამდე რესპუბლიკა ახერხებს შეინარჩუნოს დამოუკიდებლობა, მოიგერიოს არაერთი
დამპყრობელი და სახელმწიფოს ისტორიის მანძილზე შექმნას საერთაშორისო პრეცედენტი,
რომ შესაძლებელია მან მისი უზურპატორი მეზობლების მიუხედავად იყვავოს როგორც
დამოუკიდებელი სახელმწიფო. მნიშვნელოვანია არ დავივიწყოთ რუსეთი-საქართველოს
საუკუნოვანი ისტორიის ეს ნაწილი, რადგან თანამედროვეობაშიც კი, იმ პრობლემების წინაშე
ვდგავართ რომელთან გამკლავებაც უწევდათ პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის
ხელისუფლებასა და მოსახლეობას.

You might also like